ლევან ბერძენიშვილი - წმინდა წყვდიადი

წმინდა ნათელში, ამბობს ჰეგელი,
წმინდა სინათლის დიად ბადეში
ისე ცოტაა გასაგებელი,
როგორც რომ წმინდა სიწყვდიადეში.
გალაკტიონი

***

ძველი ბერძენი რეფორმატორისა და პოეტის, სოლონის ერთი ელეგიის მიხედვით, ადამიანის ცხოვრება შვიდწლიანი პერიოდებისგან შედგება (პირველ შვიდ წელიწადში ბავშვი კბილებს მოიცვლის, მეორეში სიმწიფეს აღწევს, მესამეში წვერი ამოუვა, მეოთხეში აყვავდება, მეხუთეშიოჯახს ქმნის, მეექვსეში საქმეს სერიოზულად ეკიდება, მეშვიდესა და მერვეში სრულყოფილია, მეცხრეში დასუსტება იწყება, მეათეში კი უდროო აღარ იქნება მისი სიკვდილი). 

საკმაოდ ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე მეხუთე შვიდწლეულს – დაპატიმრების ოთხწლიან მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან აღკვეთას მოუხდენია. ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ საკმარისია, ვინმე ახალი ადამიანი გავიცნო, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, რამდენიმე სიტყვის შემდეგ აუცილებლად ავუხსნი, რომ ოდესღაც პოლიტიკური პატიმარი ვიყავი. ახალგაცნობილ კაცთან ჩემი ნებისმიერი საუბარი გარდაუვალი აუცილებლობით შეუხვევს ამ თემისკენ.

***

ვეუბნები საკუთარ თავს, არ არის საჭირო ამდენი ლაპარაკი კაგებეზე, გულაგზე, ციხესა და უბედურებაზე, ილაპარაკე ძველ საბერძნეთზე, ჰომეროსზე, არისტოფანეზე, რუსთაველზე, ვაჟაზე, ბარათაშვილზე, გალაკტიონზე, ფეხბურთზე, პელეზე, გარინჩაზე, ელ ფენომენო რონალდოზე, კომპიუტერზე, ვინდოუსზე, ეფლზე, მაკინტოშზე, აიფონზე, დიეტაზე, ცილებზე, ატკინსზე, ნახშირწყლებზე, არასამთავრობო სექტორზე, ფონდებზე, განათლებაზე, ისტორიაზე, პოლიტიკაზე, ილიას მკვლელობაზე, ქართველობაზე, მოგზაურობაზე, ბრაზილიაზე, რაზეც გინდა ილაპარაკე, ლაპარაკი კი იცი, რას გადაეკიდე ამ ციხეს, ამ ბარაშევოს, ამ დუბრავლაგს, ოცდაათი წლის წინანდელ პატიმრობას?!

ამიტომაც არასოდეს არ ვწერდი არც რესპუბლიკური პარტიის ჩამოყალიბებაზე, არც გამოძიებაზე, არც თავისუფლების დაკარგვის მოლოდინზე, არც ვეძინის ქუჩაზე დაპატიმრებაზე, არც ჩემი სახლიდან ას ნაბიჯში მდებარე სუკის იზოლატორზე, სადაც ექვსი თვე ვიჯექი, არც როსტოვის, რიაზანისა და პოტმის ციხეებზე, არც სტოლიპინად წოდებულ ეტაპზე და არც ბარაშევოზე, სადაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო სამი წელი გამიტარებია. საუკეთესო წლებს რომ ვამბობ, ორივე გაგებას ვგულისხმობ, ცხოვრების საუკეთესო წლებიც იყო (ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდა ვიყავი და რა სჯობია ამ ასაკს) და, საერთოდაც, საუკეთესო წლები იყო (ამაზე უკეთესი პერიოდი არ მქონია, კაგებეს მიერ დიდი რუდუნებით შერჩეულ ასეთ ხალხს შემდგომში ვინღა მომიგროვებდა).

***

ვიცი, რომ პირველი არ ვარ, ვისაც განსაკუთრებულმა გარემოებებმა ხელში კალამი ააღებინა; ჩვენს რიგებში გრაფომანებიც ბლომად იყვნენ და გენიოსებიც (მარტო მარსელ პრუსტის ხსენება რად ღირს!), მაგრამ მე “კალამი ავიღე” ანუ კლავიატურა მოვირგე არა მხატვრული წიგნის დასაწერად, არა დაკარგული დროის დასაბრუნებლად, არამედ დაკარგვადი პერსონაჟის გადასარჩენად, მე ვიბრძვი არარიგითი არკადი დუდკინის გადასარჩენად. მე რომ არ ვიყო, არკადი დაიკარგება, ვერავინ გაიგებს, რომ ის იყო ამქვეყნად, რომ მის ყოფნას აზრი ჰქონდა. სხვებმა დიდი ხანია, დაივიწყეს და ზოგს არც დავიწყებია, რადგან არც ზონაში დაუნახავთ და არც არასდროს ხსომებიათ. არკადი რომ არ აღვწერო, იგი ჰადესში ისევე დამადგება თავს, როგორც ოდისევსი დაადგა აქილევსს, და პასუხს მომთხოვს. არკადი რომ დაიკარგება, მეც დავიკარგები და ვიღაცა შეცდომით იფიქრებს, რომ მართლა მიცნობდა, რაკი ჩემს რომელიმე ლექციას დასწრებია, ტელევიზიით ჩემი რომელიმე გამოსვლა უნახავს ან ინტერვიუ წაუკითხავს. ფლობერივით წერა არ შემიძლია, მაგრამ ამ დიდმა კაცმა თუ თქვა, მადამ ბოვარი მე ვარო, მეც შემიძლია ვთქვა, რომ არკადი დუდკინი მე ვარ.

***

დავით წინასწარმეტყველი ორმოცდამეერთე ფსალმუნში ამბობს, რომ “უფსკრული უფსკრულსა ხადის”, ანუ მოუხმობს და არკადი დუდკინმაც უხმო გრიშა ფელდმანს, გრიშამ – ჟორა ხომიზურს, ჟორამ – ჯონი ლაშქარაშვილს, ჯონიმ – რაფიკა პაპაიანს, რაფიკამ – გენრიხ ალთუნიანს, გენრიხამ – მიშა პოლიაკოვს, მიშამ – ბორია მანილოვიჩს, ბორიამ – ვადიმ იანკოვს, ვადიმმა – ფრედ ანადენკოს, ფრედმა – იური ბაძიოს, ბაძიომ – ალექსეი რაზლაცკის, რაზლაცკიმ – პეტრე ბუტოვს, ბუტოვმა – დაინის ლისმანისს და ყველა ერთად იყო თოთხმეტი და თოთხმეტივემ ერთად უხმო დათოს და ჩემი მეხსიერება ისე განათდა, რომ სინათლე სიბნელედ იქცა, წყვდიადი დაიწმინდა და წმინდა წყვდიადი ალაპარაკდა.

***

მოძრაობა იყო სინათლე. გაჩერება არის სიბნელე. დადგა სრული წყვდიადი. სრულიად სრული წყვდიადი, “წმინდა წყვდიადი”.

***

არკადი დუდკინი დაწესებულებაში (ეს სიტყვა საბჭოთა კავშირის შემდეგ არც უნდა იხმარებოდეს, იმდენად მკვიდრად საბჭოურია და აღიარებს სახელმწიფოს მიერ ადამიანისთვის დადგენილი წესის უზენაესობას), და-წეს-ებ-ულ-ებ-ა-ში ЖХ 385/3 5 იმყოფებოდა. მან იცოდა, რომ ის არის არკადი დუდკინი, სამამულო ომის ვეტერანი, ამ ომის გმირი, კაცი, რომელმაც ეკლესიის თავზე (რა თქმა უნდა, კინოში ნანახ რაიხსტაგს გულისხმობდა, ეტყობა, მისი წარმოდგენით, გუმბათი მხოლოდ ეკლესიას შეიძლება ჰქონდეს) ქანთარიასთან ერთად წითელი დროშა დაამაგრა, ხოლო გოროხოვი (ამ გვარში არკადი მელიტონ ქანთარიას თანამედროშეს, სახელგანთქმულ მიხაილ ეგოროვს გულისხმობდა) იქ არც ყოფილა.

[...]

ისედაც სუსტი გონება, რომლითაც იგი სამყაროს ბავშვურად აღიქვამდა, კიდევ უფრო აერია, თავს დაღუპულ ძმად ასაღებდა, ომის ეპიზოდებს თხზავდა და თავის როლს პოულობდა ყველა ეპიზოდში; ამიტომ იგი ერთდროულად ლენინგრადის ბლოკადასაც არღვევდა, სტალინგრადშიც იბრძოდა, კურსკის რკალშიც გააღწია და ბერლინი ხომ აიღო და აიღო.

***

მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 2 მილიმეტრზე მეტი სიგრძის თმის მოშვებისთვის 15-დღიანი შიზო (ШИЗО, т.е. Штрафной ИЗОлятор, სადამსჯელო იზოლატორი) იყო გარანტირებული.

***

ფარდულშუ ანუ “ლარიოკში” თვეში ერთხელ თითოეულ პატიმარს ხუთი მანეთის ღირებულების ნივთების შეძენის უფლება ჰქონდა, ოღონდ საკუთრივ ფულის ერთეულები საქმეში არ მონაწილეობდა.

***

ზონაში ყველაფერი დათვლილია.

***

სიამოვნების ის წუთები, რომელიც წეკოს მოჰქონდა, თავისუფლებასთან იყო ასოცირებული (პატიმრის გამარტივებული წარმოდგენით, თავისუფლება ის ადგილია, სადაც უთვალავი სიამოვნება არსებობს), სწორედ ამიტომ ზონაში თამბაქოსთვის თავი არავის დაუნებებია, ხოლო არამწეველების მწეველებად მოქცევა კი მომხდარა.

***

ადმინისტრაციული კორპუსის სააგიტაციო ნაწილს, რომელიც სავსე იყო ბრძნული წარწერებით, მათ შორის – ასეთებითაც: “პური ყველაფრის თავი და თავია” (Хлеб всему голова, რა შუაში იყო სახელმწიფო დამნაშავეებთან ეს სიბრძნე, კარგად ვერ იქნა დადგენილი) და “ჯობს იფიქრო მანამდე, ვიდრე შემდეგ – დემოკრიტე” (Лучше думать до, чем после – Демокрит). როგორც ანტიკური ლიტერატურის სპეციალისტი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დემოკრიტეს მსგავსი არასდროს არსად არაფერი უთქვამს, თუმცა ზონის ადმინისტრაციას და, კერძოდ, იდეოლოგიის მამას, პოლკოვნიკ განიჩენკოს თავისი ჩანაფიქრი ჰქონდა, მას მოსწონდა სახელი დემოკრიტე.

***

დემოკრატებთან, ეს კი ჩვენი დასაცინი სახელი იყო ზონაში – ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისათვის გასამართლებულებს ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაცინვით სწორედ “დემოკრატებად” მოგვიხსენიებდნენ.

***

მარკა და კონვერტი პოლიტიკურ ზონაში უსასტიკესი დეფიციტის საგნებს წარმოადგენდა.

***

ქართველები კარგი პატიმრები არიან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქართველები პატიმრობაში არ წუწუნებენ და, რაც მთავარია, ფიზიკურად სამაგალითო გამძლეობის ნიმუშებს წარმოადგენდნენ.

***

დიეტა ზონაში ძალიან კარგი სიტყვაა, იგი აღნიშნავს კარაქს, თეთრ პურს და არა იმას, რასაც საერთოდ.

***

თითო ჭიქა ნამდვილი ჩაით (ერთი ასანთის კოლოფი შავი ბაიხის ჩაი ერთ ლიტრ წყალზე ყენდება თერმოსში თხუთმეტი წუთის განმავლობაში, შემდეგ ხდება მისი “დაქორწინება”, ანუ თერმოსიდან ჭიქაში გადმოსხმა და ისევ თერმოსში ჩასხმა ზუსტად სამჯერ და დანაკარგების გარეშე, სწორედ ამ დროს იძენს ჩაი ნამდვილ გემოს).

***

როგორც ცნობილია, პატიმრებს ჩვევად აქვთ სიგარეტის ორად გატეხვა.

***

შაბათი საერთოდ სამოთხე იყო, მუშაობა (ცალ, ანუ ცერათითა და რეზინის სახელისგულე “ნალადონნიკიანი” ხელთათმანების კერვა) თორმეტამდე, შემდეგ აბანო (ტაშტებით, გოვზებით, ანუ აბანოს კუტალებით და გამოზოგილი სარეცხი საპნით, აბა, შხაპი, შამპუნი და მისთანები ხომ არ იქნებოდა ევროატლანტიკურ ციხესავით?!), შემდეგ კინო (ძირითადად, სტალინზე, პიონერებზე, კომკავშირელებსა და კომუნისტებზე, თუმცა ერთხელ შეცდომით ბერგმანის “შემოდგომის სონატა” შემოეპარათ), შემდეგ სტარეიშინას ჩაი და ბოლოს სავალდებულო საინფორმაციო გადაცემა “ვრემია“ პოლიტბიუროს დადგენილებით, უთვალავი ტრაქტორით, კომბაინით, მუდმივი მიწისძვრით იაპონიაში და უსაშველო ტორნადოებით ამერიკაში.

***

ჩვენს პატიმრობას ერთი დიდი თავისებურება ახასიათებდა. ჩვენ არა საშინელ ოცდაათიან წლებში, არა ომის დროს, არა დისიდენტური მოძრაობის გარიჟრაჟზე, არა ბრეჟნევის “ზასტოის” ეპოქაში, არამედ საბჭოთა დემოკრატიის, საჯაროობისა და გარდაქმნების ეპოქაში ვისხედით.

***

ერთ დღეს რომ ტელევიზიით საბჭოთა საინფორმაციო ბალანდას მოგვართმევდნენ, მეორე დღეს იმავე ეკრანიდან რონალდ რეიგანი ახალ წელს გვილოცავდა. გამოცდილი ხალხი ამბობდა, ასეთ დროში ჯდომა ყველაზე აუტანელიაო – მე ვერაფერს ვიტყვი, სხვა დროში არ ვმჯდარვარ, მაგრამ ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილებს დაეჯერებოდათ.

***

ზონაში რომ შევედით, პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ ეს არ არის ზონა, ეს რაღაც სტოლიპინისეული რეფორმის შემადგენელი საშუალედო ნაწილია. ასე იმიტომ ვიფიქრე, რომ ეზოში დავინახე რამდენიმე ხე და, რაც მთავარია, პატარა ბაღი, რომელშიც ვარდები ხარობდა. ვარდები ჩემს წარმოდგენაში ვერაფრით უკავშირდებოდა პოლიტიკურ ბანაკს, ან, საერთოდ, ბანაკს, თუ იგი პიონერთა ბანაკი არ იყო.

***

ჩვენი მძიმე შრომისთვის კაპიკებს გვიხდიდნენ, თანაც ამ ფულს არ გვაძლევდნენ, ვირტუალურად არსებობდა მხოლოდ ქაღალდზე, მაგრამ სრულიად არავირტუალურად წიგნების გამოწერა შეიძლებოდა. [...] ამ უზარმაზარი ქვეყნისთვის შესანიშნავი სისტემა იყო აწყობილი “წიგნი ფოსტით” და ჩვენისთანა დაწესებულებაშიც კი ჩამოდიოდა წიგნები.

***

პოლიტიკურ ბანაკში კვალიფიციური ცენზორის საქმიანობა კეთილად ვერავის განაწყობს, ამავე დროს თავის შავ საქმეს ქალბატონი ცენზორი აკეთებდა იმ განწყობით, რომელსაც რუსულად злорадство ჰქვია და რომლის ქართული სალექსიკონო შესატყვისები “ნიშნის მოგება” და “ღვარძლიანობა” ოდნავაც ვერ აღწერენ იმ სიხარულს, რომლითაც ლამაზი ქალბატონი ცენზორი წერილის გაგზავნის უკანასკნელ დღეს პატიმარს წერილს მომხიბვლელი და გარკვეული ინტიმის შემცველი ღიმილით უბრუნებდა, ცენზურის თვალსაზრისით მიუღებელიაო.

***

პირადი შეხვედრა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმარს ეკუთვნოდა წელიწადში ერთხელ, ერთიდან სამ დღემდე; ჩვენ, როგორც წესი, გვაძლევდნენ ორს, ჯაშუშებს, სამშობლოს მოღალატეებს, ტერორისტებს და სამხედრო დამნაშავეებს – სამს.

***

“დიეტა“ თავისუფლებაზეა ცუდი სიტყვა, თორემ ციხეებსა და ბანაკებში ეს ბერძნული, კეთილშობილი სიტყვა დატვირთული იყო უაღრესად პოზიტიური შინაარსით: დიეტა, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავდა 1 ც მოხარშულ კვერცხს, 100 გ თეთრ პურს, 200 მლ რძეს, 5 გ კარაქს, 30 გ ყველს და 120 გ მოხარშულ საქონლის ხორცს.

***

ბანაკის მაღაზიაში, რომელსაც ზონური ტრადიცია “ლარიოკად“ მოიხსენიებს (აქედანაა, სხვათა შორის, ცნობილი გამოთქმა, “კარაქია ლარიოკში”, რაც ჩემთვის” შეუძლებელ სიტუაციას” აღნიშნავს – კარაქი არ შედიოდა “ლარიოკის” უაღრესად ღარიბ ასორტიმენტში; ისე კი, ეს გამონათქვამი “თავი დამანებეს“ მნიშნელობით გამოიყენება), იყო მაღალი და დაბალი მოთხოვნის პროდუქტები. მაღალი მოთხოვნით სარგებლობდა ზეთი (ბოთლიანად ღირდა მანეთი და 2 კაპიკი, 20 კაპიკად ღირებული ბოთლი შემდეგ თვეში “ლარიოკობაზე” ჩაბარებას ექვემდებარებოდა), შავი ჩაი (90 კაპიკი), წეკო (1 კოლოფი – 15 კაპიკი; მე, მაგალითად, თვეში 20 კოლოფი მჭირდებოდა), ასანთი (1 კაპიკი; უნდა გქონოდა, არავინ არ მოგცემდა), მრგვალი კანფეტი, რომელსაც შაქრის ფუნქციის შესრულება შეეძლო (კილო 3 მანეთი ღირდა, ორას გრამზე მეტს ვერ ვყიდულობდით), საწერი რვეული (კლასიკური საბჭოთა თორმეტფურცლიანი ვერსია 2 კაპიკი ღირდა) და საწერი კალამი – პასტა (ძვირი იყო, 30 კაპიკი). შედარებით დაბალი მოთხოვნით სარგებლობდა სხვადასხვა ჯურის ჯემი ანუ “პავიდლო” (ზუსტად მანეთი ღირდა, ქილა 10 კაპიკად ჩაბარებას ექვემდებარებოდა), თევზის პაშტეტი “ვოლნა” (76 კაპიკი), დაუვიწყარი საბჭოთა კონსერვი Завтрак туриста “ტურისტის საუზმე” – თევზის, ტომატისა და ბრინჯის განუმეორებელი კომბინაცია (80 კაპიკი), თამბაქოს ძვირიანი ნაწარმი, მაგალითად, უფილტრო სიგარეტი “პრიმა“ (15 კაპიკი) და რამდენიმე პროდუქტი ფანტასტიკის ან პატიმრების დაცინვის სფეროდან, მაგალითად, მანეთ-ნახევრად ღირებული კიშინიოვის თამბაქოს ფაბრიკის პროდუქცია, ფილტრიანი სიგარეტი “მალბორო”, რომელიც საერთოდ არ სარგებლობდა არანაირი მოთხოვნით და ამიტომ “ლარიოკიდან” “ლარიოკამდე” იყო და იყო.

***

პოლიტიკურ ბანაკში ფორმალურად ყველა თანასწორი იყო, მაგრამ შინაგანი, ფარული იერარქია მაინც არსებობდა. იერარქიას პატიმრების სულიერი სამყარო და ღირსება განაპირობებდა, მაგრამ იყო სხვა კრიტერიუმებიც, მათ შორის პირველი ადგილი კი სასჯელის სიდიდეს ეკავა. რა თქმა უნდა, პატიმარი, რომელსაც სამოცდამეათე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი, სახელგანთქმული “შვიდს პლუს ხუთი” ჰქონდა მისჯილი, განსაკუთრებული პატივისცემითა და მოწიწებით სარგებლობდა. და თუკი ამ შვიდიდან ვინმეს ნაწილი საპყრობილეში ჰქონდა გატარებული, მისი ავტორიტეტი კიდევ უფრო იზრდებოდა.

***

საბჭოთა კავშირის აკრძალვათა და ნების დართვათა ლაბირინთებში გარკვევა იოლი საქმე არ იყო. მაგალითად, პოლიტიკურ ზონაში აკრძალული იყო წითელი ფერის პასტის კალამი, ნებისმიერი ფერის მელნის ავტოკალამი, კბილის პასტა (ნებადართული იყო მხოლოდ კბილის ფხვნილი, რომელსაც ჩვენი ოჯახის წევრები ვერ შოულობდნენ), დეზოდორი, ოდეკოლონი, ხელთათმანი და ა.შ. თამაშებიდან აკრძალული იყო ბანქო და ფეხბურთი, მაგრამ ნებადართული იყო ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, შაში, ჭადრაკი და ნარდი. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ჩეკისტები რომ კამათელს (ამ, ყოვლისმცოდნე ვადიმ ანატოლის ძე იანკოვის განმარტებით, “შემთხვევით რიცხვთა გენერატორს”) არ აკრძალავდნენ, ამას ვერ წარმოვიდგენდი და ეს ამბავი, სხვათა შორის, დღემდე მაკვირვებს – რაღაცას ბოლომდე დღემდე ვერ ვწვდები ჩეკისტურ ლოგიკაში.

***

...მეუღლის ტელეგრამა გადასცა კლასიკური ტექსტით – მაპატიე, ძვირფასო, სხვა ადამიანი ვიპოვეო. საბჭოთა კანონმდებლობით, როგორც კი პატიმარ მეუღლეზე უარს იტყოდა ადამიანი, იმ წუთიდან მათი ქორწინება გაუქმებულად ითვლებოდა.

***

საბრალდებო დასკვნა პოლიტიკურ ზონაში, ფაქტობრივად, საჯარო დოკუმენტია, რადგან მოთხოვნისთანავე უნდა მიაწოდო მომთხოვნ პატიმარს.

***

დახვეწილი მეთოდები უცნობია კაგებესთვის, რუსი კაცის იარაღი იყო, არის და იქნება топор, ნაჯახიო.

***

პოლიაკოვი გამოვიდა, ჟურნალს აფრიალებდა და დისიდენტური ფოლკლორის ცნობილ სტრიქონებს იმეორებდა:

Кто стучится в дверь опять?
Семь плюс пять,
Семь плюс пять.

შვიდს პლუს ხუთი (შვიდი წელი მკაცრი რეჟიმის კოლონია პლუს ხუთი წლით გადასახლება) რსფსრ სამოცდამეათე სტატიის (შეესატყვისებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე სტატიას: “ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა”) პირველი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი იყო.

***

...როგორც ყველა ნამდვილი საბჭოთა დისიდენტი და ინტელიგენტი რუსეთში, ფლობდა მეორე, უფრო “სახალხო” პროფესიასაც: ელექტრომონტიორადაც იყო ნამუშევარი.

***

პატიმართა უმეტესობა ადმინისტრაციასთან კონტაქტს ერიდებოდა, რადგან ეს თავისი ღირსებისთვის შეუფერებლად მიაჩნდა.

***

პოლიტიკურ პატიმარ მოსკოველებს, ქართველებისა არ იყოს, ერთიანი ლიდერი არც ერთ პოლიტიკურ ბანაკში არასოდეს ჰყოლიათ.

***

დიდი და პატარა ზონები, ანუ გარე და შიდა ზონები (თავისუფლებასა და პატიმრობაში).

***

პოლიტიკურ ზონას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საბჭოთა ზონას, თავისი არისტოკრატია ჰყავდა: მზარეული, მეკუჭნავე, ბიბლიოთეკარი, ცეცხლფარეში, მეაბანოე, პარიკმახერი, ბარაკის მორიგე, კინომექანიკოსი, კურიერი და ა.შ. ამაზე წერდნენ სოლჟენიცინი, გინზბურგი, შალამოვი და სხვა ავტორები, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ გულაგს.

თუკი ძველ დროში, ბრეჟნევის ეპოქამდე, როდესაც გულაგის მოსახლეობის ნახევარზე მეტს 58-ე მუხლით გასამართლებულები შეადგენდნენ, ამ არისტოკრატიულ თანამდებობაზე მხოლოდ ჩვეულებრივი კრიმინალები, მარქსისტულ-ლენინისტური თეორიის საყოველთაოდ აღიარებული ტერმინი რომ ვიხმაროთ, “სოციალურად ახლობლები” (социально близкие – მკვლელები, ქურდები, მძარცველები და ა.შ.) ხვდებოდნენ, ახალ დროში, როდესაც მსოფლიო ზეწოლით პოლიტიკური პატიმრები სანახევროდ აღიარეს და მათ ცალკე ბანაკები გაუხსნეს (სულ 4 მთელ საბჭოთა კავშირში, 3 პერმში და ერთიც მორდოვეთში, სახელგანთქმული “დუბროვლაგი”), ახალ არისტოკრატიას ჯაშუშები, სამხედრო დამნაშავეები და სამშობლოს მოღალატეები შეადგენდნენ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სისხლის სამართლის კოდექსის ძველი 58-ე მუხლის მემკვიდრე ახალი 70-ე (საქართველოს სსკ 71-ე) მუხლით იყავი გასამართლებული, პარიკმახერობა ან ბიბლიოთეკარობა არ შეგეძლო, თუნდაც მანამდე სსრკ საუკეთესო პარიკმახერი ან დიდი ბიბლიოთეკის დირექტორი ყოფილიყავი.


Vangogen • ვანგოგენი

Instagram