სვეტლანა ალექსიევიჩი: „სოციალიზმი დასრულდა. ხოლო ჩვენ დავრჩით“

დიდი უტოპიისა და მისი პირმშოს შესახებ ციკლი სვეტლანა ალექსიევიჩმა თითქმის ოცდაათი წლის წინ ჩაიფიქრა. როგორც მეგობრები იხსენებენ, ხუთი ათასი მანეთი (იმ დროის დიდი ფული) ისესხა ვასილი ბიკოვისგან, იანკა ბრილიასგან და ალესია ადამოვიჩისგან, ჟურნალში, სადაც მუშაობდა, შვებულება აიღო, ბაბინებიანი მაგნიტოფონი იყიდა (სხვანაირი მაშინ არ არსებობდა) და საბჭოთა კავშირის ქალაქებში ნაფრონტალი ქალების ინტერვიუების ჩასაწერად გაემგზავრა. ასე დაიბადა წიგნი, რომლის სათაურიც იდიომად იქცა: „ომს არა აქვს ქალის სახე“. მას შემდეგ დაიწერა „უკანასკნელი მოწმეები“, „ცინკის ბიჭები“, „ჩერნობილის ლოცვა“, „სექენდ ჰენდის დრო“.

სვეტლანა ალექსიევიჩი ცნობილი მწერალია, პრესტიჟული რუსული, ევროპული, ამერიკული ლიტერატურული და ნობელის პრემიის ლაურეატი. ხოლო ქვეყანა, რომელმაც უტოპიიის განხორციელება ცხოვრებაში სცადა, აღარ არსებობს. „ხუთწიგნეულის“ უკანასკნელი ნაწილი - „სექენდ ჰენდის დრო“ ეპოქასთან დამშვიდობებაა.

უკვე ოცი წელია, მე და სვეტლანა მის წიგნებზე და კიდევ იმაზე ვსაუბრობთ, როგორ იცვლება სამყარო და როგორ ვიცვლებით ჩვენც.

(ნატალია იგრუნოვა) ნ.ი.: შენი წიგნით დღევანდელი მსოფლმხედველობრივი პოლემიკის ცენტრში ექცევი. სსრკ-ს დაშლიდან უკვე ოც წელზე მეტი გავიდა, რუსული საზოგადოება კი ისევ ამ ნგრევის მიხედვით იყოფა - მის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. პოლიტიკურ თოქ-შოუებში და ზოგადად, მედიაში, ყველაზე მძაფრი დისკუსიები ეხება დუმის დეპუტატების ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს იმის შესახებ, უნდა გამოიტანონ თუ არა ლენინი მავზოლეუმიდან, აგრეთვე სტალინს, დიდი სამამულო ომის მოვლენების გადაფასებას, გორბაჩოვის და ელცინის როლს, და იმასაც, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში ახალი და უახლესი ისტორია.

(სვეტლანა ალექსიევიჩი) ს.ა.: ეს შიშის ბრალია, შიშისა, ახალი რეალობა რომ აჩენს, რეალობა, რომლის პირისპირაც აღმოვჩნდით და რომლის წინაშეც უძლურები ვართ. ამიტომ ერთგვარი თავდაცვის მიზნით საკუთარი წარსულიდან კი არ ამოვდივართ, არამედ, ჩვენივე მითებიდან ვაწყობთ რაღაც ფიგურებს. საკუთარი ისტორიიდან უცებ რაღაც საერთო დროში გადაგვისროლეს. თავიდან გვეჩვენებოდა, რომ ამ სამყაროში იოლად ჩავეწერებოდით. მასობრივი ცნობიერი ელოდა, რომ ჩვენთან ისეთივე ვიტრინები და ისეთივე მაღაზიები იქნებოდა. ინტელექტუალებს კი ეგონათ, რომ პირდაპირ მსოფლიო ელიტის დონეს მიაღწევდნენ. არადა, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ასეთი იოლი არ არის, რომ ესაა უზარმაზარი სამუშაო, რომელიც მოითხოვს თავისუფალ ადამიანებს, ისეთებს, როგორებიც ჩვენ არ ვყოფილვართ და თავისუფალ აზროვნებას, რაც არ გვცოდნია. ჩვენ ახალ სამყაროში კი არ შევდივარტ, არამედ თავს ვარიდებთ მას.

ნ.ი.: ამას წინათ გამოქვეყნდა ლავადას ცენტრის სოციოლოგიური გამოკითხვა ქვეყნის ლიდერების შესახებ. ყველაზე კარგი დამოკიდებულება აქვთ ბრეჟნევის (56%), ლენინის (55%), სტალინის (50%) მიმართ. გორბაჩოვისა და ელცინის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა (66 და 64%).

ს.ა.: მომხდარმა დიდი გულაცრუება გამოიწვია. ეს იმის მანიშნებელია, რომ ელიტებმა ვერ იმუშავეს.

ნ.ი.: შენთან ერთ-ერთი გმირი წუხს: „ჯერ არაფერი გაგვიგია იმ სამყაროს შესახებ, რომელიც ახლახან დასრულდა და უკვე ახალ სამყაროში ვცხოვრობთ. მთელი ცივილიზაცია აღმოჩნდა სანაგვეზე“. იქნებ ისაა პრობლემა, რომ არ ვცდილობთ გავარკვიოთ, რა მოხდა და მხოლოდ ვაფასებთ - კარგია ეს თუ ცუდი? შენი წიგნები, სადაც სრულიად განსხვავებული ადამიანების ხმა ისმის, დროს აღწერს.

ს.ა.: იდეას კი არ აღვწერ, როგორც ასეთს, არამედ წნეხში მოყოლილი ადამიანური ცხოვრების მეტაფიზიკურ ტრაგედიას. მე არავის განვსჯი. ეს უტოპიური იდეა ყველაზე კარგ, ლამაზ ადამიანებს ნთქავდა, რომლებიც ახალ ცხოვრებაში იმ რწმენით გადაეშვნენ, რომ კაცობრიობისთვის ბედნიერება მოჰქონდათ და ცხოვრებას კარგად, სწორად მოაწყობდნენ. შევხვედრივარ ასეთ ხალხს. თუმცა, ათასწლეულების მანძილზე ნანგრევებზე არასოდეს კარგი არაფერი ამოზრდილა და ამიტომ, ყოველთვის გრძელ და ნელ სამუშაოზე უნდა გვქონდეს გათვლა.

ნ.ი.: პრობლემა იდეაშია თუ მის განხორციელებასა და „განმახორციელებლებში“?

ს.ა.: იდეის პასუხისმგებლობაზეც უნდა ვილაპარაკოთ. დარწმუნებული ვარ, ადამიანები კი არ უნდა დავხოცოთ, იდეებს უნდა დავუპირისპირდეთ. ევროპაში დიდხანს ვიცხოვრე - მწერლები, თეატრალები, მხატვრები არსად არ არიან ჩაკეტილები გლამურულ თამაშებში. დაუსრულებელი დისკუსია მიდისი მის შესახებ, რაც საზოგადოებაში ხდება. განსაკუთრებით, გერმანიაში, რომელიც ახლა, ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად გვგავს. იქ კარგად გაიგეს, რომ ადამიანის ბუნებისა უნდა ეშინოდეთ: უზარმაზარი ცხოველი მკვდარია, მაგრამ პატარა მონსტრები, რომლებიც ეუფლებიან ადამიანს, გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ის დიდი ურჩხული. ამ პატარა მონსტრებთან ბრძოლის პრაქტიკა კი არც ლიტერატურასა აქვს და არც ინტელექტუალებს.

ნ.ი.: როგორ აფასებ ჩვენი ისტორიის ამ სამოცდაათ წელს - რა გამოცდილებაა ეს? რა არის კომუნიზმი? სოციალიზმი? შენს წიგნში „ვირუსზე“, „გადამდებ სენზე“ ლაპარაკობ. ეს მასობრივი „დაავადება“ იყო თუ ნათელი, მიუწვდომელი იდეალი, ან შეიძლება, სულაც რაიმე მესამე?

ს.ა.: დღევანდელ დღეს, ეს, რა თქმა უნდა, მიუწვდომელ იდეალად მოჩანს. მართალია, კაცობრიობა სამართლიანი საზოგადოების გზას ადგას, მაგრამ ეს პერსპექტივა ჯერ ძალიან შორსაა.

ნ.ი: „უბრალო“ ადამიანების უმეტესობა იმას, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგმ ოხდა, აფასებს, როგორც ძალიან დიდ უსამართლობას...

ს.ა.: ის, რაც რუსეთში მოხდა, სწორედ რომ დიდი უსამართლობაა. ბოლო დროს რუსეთის ათობით ქალაქი მოვიარე, ასობით ადამიანი გამოვკითხე. ისინი არ უარყოფენ სტალინის სისასტიკეს, რეპრესიებს, მაგრამ ამბობენ, რომ საბჭოთა ხელისუფლება სამართლიანი იყო უბრალო ადამიანებთან, რომ მაშინდელი ფულიანი ადამიანი არ იყო ისეთი სასტიკი, როგორიც დღევანდელი პირველი თაობის „კაპიტალისტები“ არიან, რომ არ იყო ამხელა კორუფცია. უფროსი თაობისთვის მთავარი ტრაგედია კეთილი ადამიანის და რაღაც საერთო, თანასწორი ცხოვრების გაქრობაა, რომელსაც სახელმწიფო მფარველობდა. ჩემი თაობის ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით, ინტელიგენცია, ისევ ამოვარდნილია ცხოვრებიდან, ისევ ღატაკია. ახალგაზრდები შედარებით ძლიერები არიან, ბევრმა მოიწყო ცხოვრება. მაგრამ ეს მხოლოდ დიდ ქალაქებშია ასე, პროვინციაში ახალგაზრდების პრობლემაც არ არის გადაწყვეტილი, ყველაზე მეტად მათ ის აწუხებთ, რომ განათლება თითქმის ყველგან ფასიანი გახდა. ამის გამოა, რომ ისევ ყველაფრის თავიდან დაწყება უნდათ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს.

ჩვენ რომ მაშინ სოციალ-დემოკრატიის გზა აგვერჩია, შეიძლება, ყველაფერი სხვაგვარად წასულიყო. მაგრამ ახლა რა უნდა ვიმარჩიელოთ? 90-იანებში ძალიან დიდი დარტყმა მივიღეთ, ისეთი, როგორსაც არ ველოდით. ინტელიგენციას ეჩვენებოდა: ვიცით, რაც გვინდა, ახალ დროს ვეგებებით. ჩვენ მართლა გვინდოდა ცვლილებები. ხალხს კი, უბრალოდ, უკეთესი ცხოვრება სურდა.

სხვათა შორის, ჩემი გმირები ბევრად უფრო საინტერესოდ პასუხობენ ამ კითხვებს, ვიდრე მე.

არ ვარ მზად ვიმსჯელო, როგორც პოლიტიკოსმა და ეკონომისტმა. უბრალოდ, მთელი ამ ქაოსის ორგანიზება მსურდა. საზოგადოება დაიქსაქსა, დანაწევრდა, მრავალი განსხვავებული იდეა მუშაობს ამ სივრცეში. ჩემი ამოცანა იყო ცხოვრებისეული ენერგეტიკული დინებების გამორჩევა და მათი სიტყვებში გადმოტანა, თანაც ამ ყველაფრის ხელოვნებად ქცევა. მინდოდა, რომ ყველას ეყვირა საკუთარი სიმართლე. ჩემთან ყველანი ლაპარაკობენ - ჯალათებიც და მსხვერპლიც. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ მსხვერპლების საზოგადოებად ვიქეცით. სულ მაინტერესებდა, რატომ არიან ჩუმად ჯალათები? რატომ გათანაბრდა ბოროტება და სიკეთე?

ნ.ი.: თვლი, რომ ჩვენი საზოგადოება სწორედ ასეა დაყოფილი: ჯალათებად და მსხვერპლებად?

ს.ა.: რა თქმა უნდა, დაყოფა გაცილებით უფრო მრავალფეროვანია. „ქოროში“ არის სიუჟეტი იმის შესახებაც, რომ ჩვენ ჯალათებსა და მსხვერპლებს შორის ვიზრდებოდით და ვხედავდით, რომ ყველაფერი ერთმანეთში იყო გადაზელილი და ეს გვაშინებდა. ცვლილებებს სისუფთავე და სხვანაირი მსოფლმხედველობა სჭირდებოდა, რაც, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, არ აღმოგვაჩნდა. ყველაფერი გაიდღაბნა, ყველაფერი ჩანასახში, ჩანახატში, მშვენიერ ოცნებებში დარჩა, ოღონდ ადრე სამზარეულოებში ოცნებობდნენ, ახლა კი მოედნებზე გადიან. მერე ვიღაც კონკრეტული ბიჭები გამოჩნდნენ, რომლებმაც ამ უზარმაზარი ქვეყნის დანაწილება დაიწყეს. დანაწილება, დახლეჩა, გატანა.

ნ.ი.: ერთ-ერთი შენი გმირი ამბობს: „სოციალიზმი ჩვენს თვალწინ კვდებოდა. მერე ეს რკინის ბიჭები მოვიდნენ“. ნახე, რა საოცრად დაემთხვა ორი ხატება: ავღანეთში საბჭოთა ხელისუფლების მიერ გაგზავნილი და იქ დაღუპული შენი „ცინკის ბიჭები“ და „რკინის“ დაუნდობელი „ძმები“ პოსტსაბჭოთა 90-იანებიდან, რომლებიც მზად იყვნენ ფულის გამო ეხოცათ ხალხი... შენივე წიგნიდან ვიღებ ციტატას და გეკითხები: „ნუთუ საჭიროა, ვინმეს ვუამბოთ სოციალიზმზე? ვის? ჯერ კიდევ ყველა მოწმეა“...

ს.ა.: ვიღაცამ იმ ქვეყანაში საკუთარი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა, ვიღაცამ ბავშვობაში ნახა და სწავლობდა იმათგან, ვინც სოციალიზმის დროს ცხოვრობდა, ან იმ წიგნებიდან, სოციალიზმის ადამიანებმა რომ დაწერეს. სოციალიზმი ჩვენში ჯერაც ცოცხალია, ჯერაც ყველაფერი სოციალიზმითაა აღბეჭდილი.

ნ.ი.: სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ახალგაზრდობის დიდ ნაწილს, მათ შორის, მათაც, ვინც სსრკ-ს შემდეგ დაიბადა, გული სწყდება მის დაშლაზე. შეიძლება ვცდები, მაგრამ მარიეტა ჩუდაკოვამ ძალიან მკაცრად ჩამოაყალიბა: ასევე იქნება მანამ, სანამ არ დაიხოცებიან საბჭოთა ბებიები, რომლებიც შვილიშვილებს საკუთარი ცხოვრების შესახებ უყვებიან.

ს.ა.: მე არ განვსჯიდი ბებიებს ასე მკაცრად, მთლად არ ტყუიან. ბევრი რამ, რაც დაიკარგა, დასანანია. უპირველეს ყოვლისა კი - ღირსება. პატარა ადამიანის ღირსება. მე არ ვთვლი, რომ საჭიროა ყველაფერი ისევე აღდგეს, როგორც იყო, მაგრამ ის, რაც საბოლოოდ გამოვიდა, ჩემი ბევრი გმირის მსგავსად, მეც არ მომწონს. ოცნებები არ ახდა.

ნ.ი.: რა მიზანს ისახავდით, როცა უტოპიის შესახებ წიგნების ციკლი ჩაიფიქრეტ? როგორ არჩევდით მტკივნეულ საყრდენ წერტილებს? ზოგადად, როგორ შეიმუშავეთ ეს ჟანრი და ეს შინაგანი კონსტრუქცია - აღსარება-მონოლოგები, მრავალხმიანობიდან რომ იკვეთებიან, ქოროს ხმას რომ ფარავენ?

ს.ა.: ამ „წითელ“ ენციკლოპედიას ოცდაათ წელზე მეტხანს ვწერდი. ყველაფერი ალესია ადამოვიჩნთა შეხვედრით დაიწყო. დიდხანს ვეძებე ჩემი ჟანრი - მინდოდა ისე მეწერა, როგორც ჩემს ყურს ესმის. როცა წავიკითხე მისი წიგნი „ცეცხლმოკიდებული სოფლიდან“, მივხვდი, რომ ეს შესაძლებელია.

სულ მაწვალებდა ის, რომ სიმართლე ვერ თავსდება ერთ გულსა და ერთ გონებაში. რომ ის რაღაცნაირად დანაწილებულია, ბევრია და მთელ სამყაროშია მიმოფანტული. 

როგორ უნდა შეკრიბო? და აი, მივხვდი, რომ შეიძლებოდა შემეკრიბა. ასე დაიბადა „ომს არა აქვს ქალის სახე“. ომი რატომღაც სულ ჩვენი ცხოვრების ცენტრშია. მაშინ, 80-იანებში წიგნს არ ბეჭდავდნენ - ამ თემას ტაბუ ედო: ამ ადამიანების და მათი საქციელებისა, გენერალს-სიმუსიდან დაწყებული ჯარისკაცებით დამთავრებული, მხოლოდ ქება შეიძლებოდა, სხვანაირად ვერ იტყოდი, მხოლოდ ევფემიზმები იყო დაშვებული. სამხედრო ლიტერატურა, შენ ეს ჩემზე უკეთ იცი, ცდილობდა ომზე სხვანაირი ენით ელაპარაკა. მაგრამ ნახე, რა გამოვიდა: ჩვენ რაღაცას კი მივაღწიეთ, მაგრამ დღესაც დარჩათ ის სტერეოტიპები და შიშები და - არა მხოლოდ პოლიტიკოსებს. მთელი ეს ბრალდებები ომის სიმართლის დამახინჯების შესახებ იმიტომ ჩნდება, რომ საზოგადოებას ეშინია გაიგოს სიმართლე საკუთარ თავზ, ეშინია გასწიოს შინაგანი სამუშაო. ჩვენ რომ მომავალი გააზრებული გვქონოდა, კარგად რომ გვცოდნოდა, რა გვინდა, მართლაც რომ გვეშენებინა საზოგადოება და ღია მსოფლიოს შევერტებოდით, ასე აღარ შეგვეშინდებოდა ჩვენი წარსულისა.

ნ.ი.: ვინმე გველის ამ ღია სამყაროში? როგორც ჩანს, ევროპა აპირებს „კონსულტაციების გამართვას ამ საკითხზე“...

ს.ა.: არავინ არსად არავის ელის. მაგრამ არსებობს რაღაც საერთო ინტელექტუალური და პოლიტიკური სივრცე, განვითარების ლოგიკა, საერთო მიმართულება, ისლამური სამყაროს გარდა, რომელზეც ძნელია საუბარი და ჩვენც იქით უნდა წავსულიყავით, გამოგვევლინა პოტენციალი და შესაძლებლობები. ახალგაზრდები გაიზარდნენ, დადიან და ნახულობენ მსოფლიოს, ბევრ ენაზე ლაპარაკობენ, უფრო ღიები, უფრო მობილურები არიან და შეძლებდნენ, ეს ახალი დრო ეშენებინათ. მაგრამ ისინი არავის სჭირდება. სოციალური კავშირები არ მუშაობს. რამდენს ნიშნავს ათი-თხუთმეტი წელი ადამიანისთვის, როცა უსაქმურადაა, არავის სჭირდება, თავისი სპეციალობით არ მუშაობს... ათი წლის შემდეგ მინსკში რომ დავბრუნდი, გავოგნდი, იმდენი მეგობარი დამხვდა გარდაცვლილი. იმიტომ დაიხოცნენ, რომ მათ დრო მოჰპარეს, წარსულში დააკონსერვეს. ჯერ ზოგადად, დრო მოიპარეს, ხოლო შემდეგ - მათი პირადი დრო.

ნ.ი.: გახსოვს, ერთი მოხუცი ქალი ამბობს შენთან: „სოციალიზმი დასრულდა, ხოლო ჩვენ დავრჩით“. თანაც სამსახურების გარეშე ისინი დარჩნენ, ვინც ყოველთვის აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა.

ს.ა.: რა თქმა უნდა. ეს რაღაც ენერგიას კვებავდა. ასე კი ადამიანები სიციარიელეში ჩაიძირდნენ. ჩემი წიგნის მეორე ნაწილს სწორედ ასე ჰქვია „სიცარიელის ხიბლი“. შეეცადნენ დავერწმუნებინეთ, რომ ცხოვრებაში ფლობა და გლამურია ყველაზე მთავარი. მაგრამ, მადლობა ღმერთს, ბევრმა ძალიან მალე გაიგო, რომ ეს სისულელეა და ამის უკან არაფერია.

ნ.ი.: სიცარიელე რაღაცით უნდა შეივსოს.

ს.ა.: ყველანი ყვირიან, რომ ეროვნული იდეაა საჭირო, სინამდივლეში კი სიცარიელეს ხარახურით ავსებენ. უბრალო ადამიანს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა. ერტი ჩემი გმირი აღიარებს: როცა რკინის ფარდა დაეშვა, ვფიქრობდით, რომ ყველანი სოლჟენიცინის კითხვას დაიწყებდნენ, ადამიანები კი ეცნენ და დაიწყეს ისეთი საჭმლის ჭამა, რაც მანამდე არ გაესინჯათ, გაეშურნენ იმ ადგილებისკენ, რომლებიც ადრე მხოლოდ ტელევიზორში ჰქონდათ ნანახი...

ნ.ი.: მთელ ქვეყანაში მოგზაურობის დროს ალბათ ხვდები გაუტეხელ, მოქმედ, წარმატებულ, პოზიტიურად განწყობილ ადამიანებს, ასეთები ცოტანი არ არიან, არც შუა ხნის ხალხსა და არც ახალგაზრდებს შორის. არ გიფიქრია, რომ მათი ისტორიებიც შესულიყო წიგნში?

ს.ა.: მაშინ სუფთა ჟურნალისტიკა გამოვიდოდა, ერთგვარი „დადებითი მაგალითი“. ამ წიგნში ყველაზე მტკივნეული რაღაცეები ვაჩვენე, ვაჩვენე ისიც, რაც დგას ამის უკან.

ნ.ი.: არაერთხელ გითქვამს, რომ ჩვენ უბედურებისა და ტანჯვის ხალხი ვართ. იქნებ, არც არაფერი შეიცვალოს მანამ, სანამ არ შევწყვეტთ საკუთარ თავზე ასე ფიქრს?

ს.ა.: რა იქნება, არ ვიცი. ის, რომ ჩვენ უბედურებისა და ტანჯვის ხალხი ვართ, ღრმა და ძველი რუსული ამბავია. წადი სოფელში და ნებისმიერ ქოხში დაელაპარაკე ადამიანებს: რაზე ილაპარაკებენ? მარტო უბედურებაზე.

მნიშვნელვოანია ის, რისკენ მოუწოდებენ ხალხს. ჩვენ ახლო წარსულში მოგვიწოდებდნენ, რომ რაღაცისთვის გაგვეწირა თავი, ახლა კი გვეუბნებიან - დღევანდელი დღით იცხოვრე, როგორც გინდა, ისე გადარჩიო. მოწოდება კი, მე ასე მგონია, უბრალოდ, ადამიანური უნდა იყოს: უნდა გაიაზრო, რატომ მოდიხარ... ეს გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე უარყოფითად ან დადებითად განწყობა. ჩვენ არა გვაქვს სიცოცხლით ტკბობის და ბედნიერების კულტურა, შემდეგი წიგნი, რომელსაც ვწერ, სიყვარულზეა: ასობით ადამიანის ნაამბობია სიყვარულზე. რუს მწერლებთან ვერ ვპოულობ ბედნიერი სიყვარულის ამბებს - ყველაფერი სიკვდილით, არაფრით, ან ძალიან იშვიათად, ქორწილით სრულდება. ჩვენთან არ ყოფილა ასეთი ცხოვრება და საიდან უნდა მოეტანა ის ლიტერატურას? ტანჯვა, ბრძოლა და ომი - ესაა ჩვენი ცხოვრებისა და ჩვენი ხელოვნების გამოცდილება.

შენს კითხვებზე მარტივი პასუხები არა მაქვს. მე თვითონ ცხოვრების ამ მრავალშრიანობის, მრავალხმიანობის წინაშე გავქვავდი და მაქვს განცდა, რომ ამ დინებას ჩვენ არ ვმართავთ. ნეტავ საით წაგვიღებს? მგონი, ეს კარგად აქვს აღწერილი ავერინცევს, როცა ამბობს, რომ ჩვენ უმეცრების მდინარეებზე ვაგებდით ხიდებს, მდინარეებმა კი კალაპოტი შეიცვალეს. მომავალი სრულიად არაპროგნოზირებადია, ამაზე მე და შენ ერთ ადრინდელ ინტერვიუშიც ვილაპარაკეთ. ჩვენ აქ საკუთარ პრობლემებში ვიქექებით, კაცობრიობა და სამყარო კი იმდენად შეიცვალა, რომ გავოგნდით ჩვენ წინაშე უცბად გადაშლილი მრავალფეროვნების პირისპირ.

ჩემი ამოცანა კითხვების დასმა იყო.

ნ.ი.: ამ წიგნით იმასაც ხვდები, რომ დღეს ადამიანები სხვანაირად და სხვა რაღაცეებზე ჰყვებიან, ისე არა, როგორც ოცდაათი, ოცი წლის წინ...

ს.ა.: დღეს უფრო ღიად ლაპარაკობენ საკუთარ გრძნობებზე, სამყაროს აღქმაზე, უფრო ფართოდ აღიქვამენ მოვლენებს. გაქრა კანონი, რომლის მიხედვითაც უნდა გელაპარაკა. მაშინ, როცა ვწერდი წიგნს - „ომს არა აქვს ქალის სახე“, ომის კანონი მოქმედებდა. ჩერნობილის შესახებ რომ ვწერდი, უკვე სხვა ვითარება იყო, კანონი აღარ არსებობდა და ადამიანს თავად უნდა განესაზღვრა, რა და როგორ ეთქვა. ასე იყო ახლაც, როცა ვმუშაობდი წიგნზე - „სექენდ ჰენდის დრო“.

ნ.ი.: და მაინც, საიდან გაჩნდა უკვე გამოყენებული „დრო“ სათაურში?

ს.ა.: იმიტომ, რომ იდეები, სიტყვები - ყველაფერი თითქოს სხვისია, გუშინდელია, ნახმარია. ვერავინ ხვდება, როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა გადავრჩეთ და ამიტომ, ყველა იმას მიამრთავს, რაც ოდესღაც იცოდა, რაც სხვისი ცხოვრებაა, რაც წინა გამოცდილებაა. ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ, სექენდ ჰენდის დრო დგას. თუმცა, ნელ-ნელა ვიწყებთ გონზე მოსვლას და საკუთარი თავის გააზრებას სამყაროში. არავის უნდა სულ ნანგრევებში ცხოვრება, სურთ რაღაც ააშენონ ამ ნამსხვრევებიდან.

ნ.ი: ისიც საკითხავია, რა უნდა აშენდეს და რატომ? არ მეგონა, მაგრამ წიგნში დაახლოებით ათი ადამიანი აუგად მოიხსენიებს ამ საცოდავს ძეხვს, კაპიტალისტური კეთილდღეობის სიმბოლოს, რომლის გამოც დაემშვიდობნენ იდეას და, შესაბამისად, ქვეყანასაც. ძლიერი სახეა და, უპირველეს ყოვლისა, მიჯაჭვულობის უაზრობას ასახავს.

ს.ა.: იმ ქვეყანაში სხვა გამოცდილება არსებობდა. ოდესღაც შალამოვი ამბობდა, რომ ბანაკის გამოცდილება მხოლოდ ბანაკშია საჭიროო. ჩვენც სწორედ ამ სიტუაციაში ვართ ახლა.

ნ.ი.: თაობებისთვის იყო საყრდენი ლიტერატურა, რუსული კლასიკა. ახლა ეს გამოცდილებაც აღარ არსებობს, მიდის, კითხვა აღარ არის ადამიანის კულტურის განმსაზღვრელი მთავარი პარამეტრი, ეს უმნიშვნელოვანესი ცვლილებაა. როგორ ფიქრობ, შეიძლება კულტურულ ადამიანად მივიჩნიოთ ის, ვინც არ კითხულობს?

ს.ა.: ჩვენი წრის ადამიანები გიპასუხებტ, რომ არა. მაგრამ მაღალი კულტურა შეიძლება სხვადასხვანაირად განისაზღვროს. ერთხელ ასეთი სცენის მონაწილე გავხდი: ჩვენი მასპინძელი, მოსკოველი მეცნიერი, ძალიან ცნობილი კაცი, რომელიც კოსმოსს იკვლევს, კამპანიის სული და გული, მთელი საღამო რუსული კლასიკიდან იშველიებდა ციტატებს და ლექსებს კითხულობდა ზეპირად. ერთ-ერთმა სტუმარმა, დასავლელმა კოლეგამ ჰკითხა: სპეციალურად ისწავლეთ ლექსები ზეპირად? აი, რა მიკვირდა დასავლეთში ყველაზე მეტად - არ არის აუცილებელი ჰუმანიტარული დიაპაზონი, ძლიერი პროფესიონალები არიან, მაგრამ ფართო განათლება არა აქვთ.

ნ.ი.: იქნებ თვითონ მწერლები არიან დამნაშავენი, რომლებიც 90-იანებში გაექცნენ იმ პრობლემებს, ადამიანებს რომ აწუხებდათ? წაგიკითხავს რამე ამ ბოლო დროს ისეთი, რაზედაც იტყოდი: „ოჰ, ამის გამოტოვება არ შეიძლება!“

ს.ა.: სულ ვკითხულობ ოლგა სედაკოვას. ისეთ ბნელ დროს, როგორიც ჩვენია, აუცილებლად გვჭირდება მქადაგებლები და მისი არსებობა თანამედროვე ყოფაში ჩემთვის ლამპარივითაა.

ნ.ი.: ამბობ, ბნელი დროაო. 80-იან წლებში ლიხაჩოვი წინასწარმეტყველებდა: მეოცე საუკუნემ ტოტალიტარიზმის გამოცდილება და დიდი სამეცნიერო წინსვლა მოიტანა, შემდეგი კი კულტურის საუკუნე იქნებაო.

ს.ა.: მგონია, რომ ეს არ გამოგვივა, როგორც მეოცე საუკუნეში არ გამოგვივიდა მეცხრამეტე საუკუნის კანონებით ცხოვრება. რაღაც სრულიად განსხვავებული იქნება.

ნ.ი.: დოკუმენტური და მხატვრული ლიტერატურის სინთეზი, რომელიც ოდესღაც შენი გამოცდილება იყო, დღეს ტრენდად იქცა. ვითარდება დოკუმენტური რომანის ჟანრი, ჩნდება ავტობიოგრაფიული წიგნები გამოგონილი სახელებით, ან პირიქით, ვიღაცები საკუთარი სახელით თითქოს მემუარებს წერენ, მაგრამ ეს „ნიღაბია“, იქ რეალური ადამიანები და გამოგონილი პერსონაჟები ხვდებიან ერთმანეთს, ან ლიტერატურული პერსონაჟები განიხილავენ რეალურად არსებული ადამიანების პრობლემებს.

ს.ა.: ეს რეალობასთან მიახლოების მცდელობებია.

ნ.ი.: რა თქმა უნდა, თანაც, სიტუაციაში, როცა ადამიანს სჯერა სწორედ დოკუმენტისა და ფაქტის, და არა მათი ინტერპრეტაციისა.

ს.ა.: დოკუმენტებსა და ფაქტებში გაცილებით მეტი მოულოდნელობა აღმოვაჩინეთ, ვიდრე ველოდით. გვეგონა, რომ დოკუმენტი უბრალო, სწორხაზოვანი, შიშველი რამე იყო. ის კი ზუსტად დროით და ადამიანითაა საინტერესო. დღეს გაფართოვდა მიდგომა დოკუმენტებისადმი. ადრე გიშლიდნენ - არ შეიძლება ხელის შეხებაო, იქ არ შეიხედოო... სულ მიკვირდა, რატომ არ შეიძლება ჩემი გმირების ძალიან პირად და იდუმალ ამბებზე წერა?.. უბრალოდ, საჭიროა მერე კარგად დაიცვა ისინი.

ნ.ი.: სვეტლანა, განსხვავდება შენი წიგნების აღქმა ჩვენთან და დასავლეთში? როგორია ის?

ს.ა.: უკვე 125 წიგნი გამოვეცი სხვადასხვა ენაზე. ამ ქვეყნის, ამ იდეის მიმართ ინტერესი დიდია და როგორც ჩანს, მე შევძელი მენახა ის ფორმა, რომელიც საშუალებას მაძლევს უფრო კარგად მოვახერხო სათქმელის და ადამიანის გახსნა. უკვე თქვეს, რომ საშინელებებს ვაგროვებ, მაგრამ ეს ასე არ არის. წაიკითხეთ წიგნები იმის შესახებ, რაც რუანდაში მოხდა, დასავლეთის ბაზარზე იმდენი წიგნია თანამედროვე ცხოვრების საშინელებებზე, რომ ჩემები მათთან შედარებით საბავშვო ზღაპრებია. კიდევ ერთი მიზეზი არსებობს, რომლის გამოც ჩემი წიგნები ეგრევე მიიღეს. მაგალითად, ავღანეთის შესახებ დაწერილი „ცინკის ბიჭების“ შემდეგ საფრანგეთში დაიწყეს ლაპარაკი ალჟირის ომზე. „ჩერნობილის ლოცვა“ საფრანგეთში სამას თუ ოთხას ათასიანი ტირაჟით გამოიცა, ბევრი სპექტაკლი დაიდგა. ეს მხოლოდ იმას არ უკავშირდება, რომ მათ ტერიტორიაზე ბევრი ატომური სადგურია - ჩვენი მსოფლმხედველობა, სიყვარულის ჩვენეული გაგება, სიყვარულის სახელით ექსტრემალურ სიტუაციაში გაღებული მსხვერპლი მათთვისაც ახლობელი და გასაგები აღმოჩნდა.

ნ.ი.: იაპონიაში ფუკუშიმას შემდეგ?

ს.ა.: ფუკუშიმას შემდეგ თავიდან გამოსცეს „ჩერნობილის ლოცვა“. იქ კუნძულ ჰოკაიდოზე ატომური ელექტროსადგურია, „თამარა“ ჰქვია. მახსოვს, წიგნი პირველად რომ გამოვიდა, ჩავედი იქ. ფანჯრიდან რომ გავიხედე - წარმოუდგენლად ლამაზი ბუნება და ეს არამიწიერი, კოსმოსური ობიექტი დავინახე. შეხვედრაზე მოსული სადგურის თანამშრომლები სრულიად დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათთან წარმოუდგენელია მომხდარიყო ის, რაც მოუწესრიგებელ რუსებს მოუვიდათ, მათ ყველაფერი გათვლილი აქვთ და ამგვარი არაფერი მოხდება. და რა? სეისმომედეგობაზე ერთი ბალით მეტი მიწისძვრა მთელი ამ პროგრესიდან მხოლოდ ნაგავს დატოვებდა...

11 სექტემბრის შემდეგ „ჩერნობილის ლოცვას“ და „ცინკის ბიჭებს“ ინტერესით კითხულობდნენ ამერიკელები.

სულ უფრო და უფრო ხშირად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მართალია, ადრე ასე გვეგონა, მაგრამ მარტონი არ ვართ ამ სამყაროში, არსებობს რაღც სხვა კანონებიც, რაღაც სხვა ძალებიც...

ნ.ი.: რატომ ვერ დაასრულე წიგნი სიყვარულზე, რომელზეც ამდენი წელია მუშაობ? მგონია, რომ მის გარეშე ციკლი საბჭოთა ადამიანის შესახებ არასრულია. ეს ხომ რომანტიკული აღტკინების, წმინდა სიყვარულის დროც იყო...

ს.ა.: არა, ეს ციკლი დღეს უკვე დასრულებულია და მასში ხუთი წიგნი შედის: „ომს არა აქვს ქალის სახე“, „უკანასკნელი მოწმეები“, „ცინკის ბიჭები“, „ჩერნობილის ლოცვა“ და „სექენდ ჰენდის დრო“. სულ ესაა „წითელი“ ციკლი. წიგნები სიყვარულზე, სიბერეზე და სიკვდილზე - სრულიად განსხვავებული იქნება. მათ უკვე სხვა ადამიანი დაწერს.

ნ.ი.: როგორი?

ს.ა.: ჯერ არ ვიცი, მაგრამ სხვა. ადამიანი, რომელსაც დღეს ბევრად უფრო მეტად აოცებს ცხოვრება, ვიდრე ადრე. ადრე უფრო მეტად მაინტერესებდა ზოგადი იდეები და ადამიანზე თავსდატეხილი სტიქიები: ომი, ჩერნობილი... დღეს, უპირველეს ყოვლისა, მაინტერესებს ის, თუ რა ხდება ეული ადამიანის სულსი სივრცეში. ასე მგონია, რომ იქ მთელი სამყარო იყრის თავს.

რუსულიდან თარგმნა ნინო ბექიშვილმა

Vangogen • ვანგოგენი

Instagram