სახალისო ამბები რონალდ რეიგანის ცხოვრებიდან...

თავდასხმა პრეზიდენტზე 

1981 წლის 20 მარტს განხორციელდა თავდასხმა აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე. ვინმე ჯონ ჰინკლიმ ექვსჯერ გაისროლა პრეზიდენტის მიმართულებით, სამი კაცი დაჭრა, მაგრამ მიზნამდე მხოლოდ ერთმა ტყვიამ მიაღწია და საბედნიეროდ, მხოლოდ დაჭრა პრეზიდნეტი. ამის შესახებაც ხუმრობდა რონალდ რეიგანი, რომელმაც მსუბუქი ოპერაციის შემდეგ უინსტონ ჩერჩილსი ფრაზა გაიხსენა:

„არ არსებობს იმაზე კარგი გრძნობა, ვიდრე ის, როცა გააცნობიერებ, რომ გესროლეს, მაგრამ უშედეგოდ“.

საერთოდ, ამერიკელები აღფრთოვანებულები იყვნენ იმ მძიმე დღეებში 70 წლის რონის აუღელვებლობითა და ჩვეული იუმორით, რომელიც მას არცერთი წუთით არ ტოვებდა. როდესაც საოპერაციოდ შეიყვანეს, მან ქირურგებს ჰკითხა, ხომ ყველანი რესპუბლიკელები ხართო, რაზედაც მათ სრულიად სერიოზულად უპასუხეს: დღეს ყველანი რესპუბლიკელები ვართო.

როცა ოპერაციის წინ ტანსაცმელს იხდიდა მედდას თანდასწრებით, რეიგანმა ჩაილაპარაკა:

„რა იქნება, ეს რომ ნენსიმ გაიგოს?“

ხოლო, როდესაც მის საწოლთან ბლომად გარშემოკრებილი თანაშემწეები და ადმინისტრაციის აპარატის თანამშრომლები დაინახა, მიმართა:

კი მაგრამ, კანტორაში დარჩა ვინმე?“

***

რეიგანის გაფრთხილება 

წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეერთებულ შტატებში მდიდრული სადილები ეწყობოდა. ერთ-ერთი ასეთი სადილის დროს, რომელიც თითოეულ დამსწრეზე ასი დოლარით იანგარიშებოდა, რონალდ რეიგანმა შეხვედრის მონაწილეები დაამშვიდა:

- მეგობრებო, მე ვიცი, რა დაგიჯდათ თითოეულ თქვენგანს ეს შეხვედრა. მხოლოდ ერთი გარემოებით შემიძლია დაგამშვიდოთ: თუ ამ არჩევნებში რესპუბლიკელები (ე.ი. თავად რეიგანი) არ გაიმარჯვებენ, მაშინ ჩვეულებრივ სადილებშიც ამდენივე თანხის გადახდა მოგიწევთ.

***

წინაპრების პატივისცემა 

როდესაც რონალდ რეიგანი ამერიკის პრეზიდენტი გახდა და თეთრ სახლში შევიდა თავის ოჯახთან ერთად, ისინი შეუდგნენ საცხოვრებელი და სამუშაო ოთახებში ავეჯის გადაადგილებას, დიზაინის შეცვლას და თავის გემოზე მოწყობას. პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში რეიგანმა ჩამოაღებინა ადრინდელი პრეზიდენტების, თომას ჯეფერსონისა და ჰარი ტრუმენის პორტრეტები, რომლებიც წინა პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის რჩეულები იყვნენ. მათ მაგიერ რეიგანმა ჩამოაკიდებინა დუაიტ ეიზენჰაუერის და კალვინ კულიჯის პორტრეტები.

რეიგანის სიმპათია კულიჯმა თურმე იმით დაიმსახურა, რომ მას ამერიკის ვალები შეუმცირებია, ხოლო ეიზენჰაუერმა იმის გამო, რომ, თურმე, ახალგაზრდობის დროს, რონიმ მას გოლფში თამაშის დროს 10 დოლარი მოუგო.

***

რონის პარადოქსი 

რონალდ რეიგანის სრულფასოვანი დებიუტი, როგორც პოლიტიკური მოღვაწისა, 1964 წლის 27 ოქტომბერს შედგა.

ამ დღეს იგი გამოვიდა ტელევიზიით, საპრეზიდენტო არჩვნებში ბარი გოლდუოტერის კანდიდატურის მხარდასაჭერად. როგორც მაშინ აღნიშნავდნენ, ამერიკელები მიხვდნენ, რომ „რეიგანი გოლდოურტის პოზიციას უფრო კარგად გადმოსცემდა, ვიდრე თვით გოლდოუტერი. რაც მთავარია, მართალია, გოლდუოტერი არჩევნებში დამარცხდა, მაგრამ ამერიკელმა კონსერვატორებმა იგრძნეს, რომ მათ იდეოლოგიას გამოუჩნდა ახალი ვარსკვლავი და ლიდერი.

ყველაზე მეტად მაყურებელზე, მსმენელზე და, საერთოდ, ელექტორატზე ზემოქმედებდა რეიგანის გახსნილი, ოპტიმისტური და ერთაზროვანი პოზიცია, რომელსაც ის თავის გამოსვლებში მოკლე გამონათქვამების სახით აფიქსირებდა:

„არ მისცე საშუალება ნაძირლებს, რომ გამოგფიტონ“.

„დაიცავით წესები, ან აქედან მიბრძანდით“.

და, რა თქმა უნდა, კეთილგანწყობილი ღიმილით თანდართული პირდაპირობა, რაც განსაკუთრებით მოქმედებდა.

ერთხელ ჟურნალისტმა კითხვა კანონმდებლობის სფეროს შესახებ დაუსვა. რონიმ ჯერ თავის თანაშემწე ექსპერტებს მიმოავლო თვალი, მერე თავი ანება მათ და უპასუხა:

„ისე, რომ ვთქვათ, უარს სულაც არ ვიტყოდი კარნახზე, თუ რომელიმეს შეუძლია გაიხსენოს ჩემი პროგრამა კანონმდებლობის სფეროში“.

***

ისევ პრეზიდენტის წლოვანების შესახებ 

საარჩევნო კამპანიის დროს, ტელევიზიით გამოსვლისას რეიგანმა თავდაჯერებულად განაცხადა, რომ ის თითქმის ყველაზე უმცროსი იყო ევროპელ ლიდერებს შორის, რომლებთანაც მას მოუხდებოდა ურთიერთობა. მაგრამ ჟურნალისტები ასეთ ტყუილს ხომ არ შეარჩენდნენ და მაშინვე ჰკითხეს:

- კი მაგრამ, ჟისკარ დესტენი ხომ თქვენზე ახალგაზრდაა?

- ვინა? - ვერ გაიგო თუ არ იცოდა საფრანგეთის პრეზიდენტის გვარი რონიმ. ასეთი უცოდინრობა მისგან არცთუ გასაკვირი იყო. ჟურნალისტმა გაუმეორა და განმარტა კიდეც:

- ჟისკარ დესტენი, საფრანგეთის პრეზიდენტი.

- არც ისე, - არ გატყდა რეიგანი და ალბათ ზუსტად არც იცოდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მასზე მთელი 15 წლით უმცროსი გახლდათ.

მოკლედ, ინციდენტი გახმაურდა და რეიგანის მომხრეებმა გადაწყვიტეს, პრესმდივნს განმარტებითი პრესკონფერენცია გაემართა. მან განმარტა, რომ რონალდ რეიგანი ჟურნალისტისაგან მოშორებით იჯდა და ვერ გაიგო დესტენის გვარი. ამ განმარტებამ ჟურნალისტებში უფრო მეტი აჟიოტაჟი გამოიწვია. ახლა ისინი უცოდინრობაში კი არა, პრეზიდნეტობის კანდიდატს სმენის სისუსტეში სდებდნენ ბრალს: რომ მას არ ესმის, რომ ბერდება და ა.შ.

- ჩვენ შეგვიძლია „ვაშინგტონ პოსტში“ გამოვაქვეყნოთ შესწორება, - მიმართა ჟურნალისტმა პრესმდივანს, - რომ რეიგანმა იცის ჟისკარ დესტენის ვინაობა და თანამდებობა, მაგრამ არ ესმის.

მაშინ პრესმდივანმა პირველი ვარიანტი შესთავაზა ჟურნალისტებს:

- ჯობს, გააგრძელოთ იმაზე ლაპარაკი, რომ მან ბევრი რამე არ იცის, ვიდრე ილაპარაკოთ, რომ ის მეტად ასაკოვანია.

***

საშუალო ამერიკელი 

ამერიკელებს მოსწონდათ რონალდ რეიგანის დაუჯერებელი შეცდომებისა და უვიცობის მოსმენა, მხიარულობდნენ და მიიჩნევნენ, რომ მათი პრეზიდენტი მათსავით უბრალო, ბევრის არმცოდნე საშუალო ამერიკელი იყო. ამიტომ მათ არ აშფოთებდათ, როცა რონის ინდონეზია და ინდოჩინეთი ერთმანეთში ერეოდა, ან თავს არ იწუხებდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ განესხვავებინა ერთმანეთისგან ავღანეთი და პაკისტანი.

ერთხელ კი, როცა ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოში განიხილებოდა საბჭოთ კავშირ - ირანის საზღვართან შექმნილი დაძაბული ვითარება, რეიგანი სერიოზულად დაინტერესდა და იკითხა:

- საბჭოთა კავშირ-ირანის საზღვარი? რა, ნუთუ ისინი მეზობლები არიან?

***

ხუთ წუთში 

1984 წლის აგვისტოში ყოველკვირეული რადიოგამოსვლის წინ, რადიოხმის ჩაწერის შემოწმების დროს რეიგანს სთხოვეს ეთერში რამდენიმე ციფრი დაესახელებინა. ციფრების მაგიერ რეიგანმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

„ძვირფასო თანამემამულე ამერიკელებო! მოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ ახლახან მოვაწერე ხელი დადგენილებას რუსეთის სამუდამოდ კანონგარეშედ გამოცხადების შესახებ. დაბომბვა დაიწყება ხუთი წუთის შემდეგ“.

***

ღირს გარისკვად? 

ამერიკის პრეზიდენტებიდან ალბათ იმდენ დროს არავინ უთმობდა დასვენებას, როგორც რონალდ რეიგანი. სამუშაო დღის მეორე ნახევარში იგი ხშირად სეირნობდა სუფთა ჰაერზე, განსაკუთრებით უყვარდა სანტა-ბარბარაში, თავის რანჩოზე განმარტოება ახლობლებთან.

„გამიგია, რომ მუშაობისგან ჯერ არავინ მომკვდარა, - ამბობდა რონი, - მაგრამ, ღირს კი გარისკვა?“

***

იყო თუ არა წარმატებული პასუხი?

საბჭოთა კავშირ-ამერიკის ოფიციალური მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ პროტოკოლურ შეხვედრაზე, საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი გრომიკო მოულოდნელად პრეზიდენტ რეიგანის მეუღლეს, ნენსი რეიგანს მიუბრუნდა და ჰკითხა:

- რისი სწამს თქვენს მეუღლეს, ომის თუ მშვიდობის?

- მშვიდობის, - ჩვეული სწრაფი რეაქციით გამოეპასუხა პრეზიდენტის მეუღლე.

- თქვენ დარწმუნებული ხართ ამაში?

- დიახ, - იყო თვითდაჯერებული პასუხი.

- კეთილი, ყოველღამ უჩურჩულეთ ხოლმე მას ყურებთან სიტყვა „მშვიდობა“.

- კარგით, - მიუგო ნენსი რეიგანმა, - მე ამ სიტყვას თქვენს ყურებსაც ვუჩურჩულებ.

***

თამაში საბჭოთა პროპაგანტისტების ნერვებზე 

ჟენევაში აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ბირთვული შეიარაღების მწვავე პრობლემებზე.

ჟურნალისტი ეკითხება რეიგანს:

- ხომ არაფერი ცნობაა ჟენევიდან?

- ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მივიღე, - უპასუხა პრეზიდენტმა და მცირე პაუზის შემდეგ დაუამატა, - ჩემი ცოლისთვის საათი უკვე დაუმზადებიათ.

***

კრედო

აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, სკოლა რომ დაამთავრა, სასწავლებლის დაფაზე მისი ფოტოც გამოიფინა. ბიჭუნას ფოტოს ქვემოთ მოყვანილი იყო მისი მაშინდელი ცხოვრებისეული კრედოც:

„ცხოვრება - ეს ერთი მთლიანი მომხიბვლელი სიმღერაა, ასე რომ, დაუკარით!“

***

პრეზიდენტის  დილის ძილი 

რონალდ რეიგანი კოლექტიური მმართველობის მომხრე და პრაქტიკოსი იყო, განსხვავებით ავტორიტარებისაგან, და ეს ხელს უწყობდა, თავისი ყოველდღიური ცხოვრების სტილი გარკვეულწილად შეენარჩუნებინა მაშინაც კი, როცა ის პრეზიდენტი გახდა. პრეზიდენტობის პირველსავე ხანებში, ერთ დღეს, ადმინისტრაციის თანამშრომელმა გაღვიძება დაუპირა დილის 7 საათსა და 30 წუთზე, როცა ტრადიციულად, პრეზიდენტისთვის ყოველდღიური მოხსენება უნდა გაეკეთებინა ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურს.

„მე არ ვაპირებ პრეზიდენტობის რეჟიმში გადაკეთებას“, - უთხრა რეიგანმა თანამშრომელს და დილის ძილი გააგრძელა.

მართლაც, ლ. კენონის ცნობით, რეიგანმა შეცვალა ადრინდელი წესი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოველდღიური ანგარიშის დრო 9 საათსა და 30 წუთზე გადაატანინა.


დიმიტრი შველიძე - თავშესაქცევი ისტორიული ამბები

Vangogen • ვანგოგენი

Instagram