ნაპლეონის ორმაგი სტანდარტი...

ის, რასაც საზღვარი არ გააჩნია 

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, ბარბე-მარბუას არაკომპეტენტურობის შესახებ ხმებმა იმპერატორ ნაპოლეონის ყურამდე მიაღწია.

- ხელმწიფევ, იმედია, თქვენ მე ქურდად არ მთვლით, არა? - ჰკითხა ანგარიშისათვის გამოძახებულმა ბარბე-მარბუამ იმპერატორს.

- მე ამას ასჯერ უფრო ვამჯობინებდი, - უპასუხა ნაპოლეონმა, - თაღლითობას მაინც აქვს ასე თუ ისე გარკვეული საზღვრები, სისულელეს კი საზღვარი არ გააჩნია.


ნაპოლეონი და მისი მომავალი მარშალი ოჟერო 

როდესაც 27 წლის გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტი ავსტრიის წინააღმდეგ მოქმედი არმიის მთავარსარდლად დაინიშნა, ბევრი ოფიცერი ხალისით როდი ემორჩილებოდა ახალგაზრდა მხედართმთავარს. განსაკუთრებით ძველი თაობის გენერლები თაკილობდნენ „ახალბედა და ტანითაც მომცრო ბონაპარტის“ უფროსობას. 

ამგვართა რიცხვს მიეკუტვნებოდა დივიზიის მეთაური, გენერალი პიერ ფრანსუა შარლ ოჟერო.

იგი პირველივე დღეებში მწვავედ წაეკამათა მასზე ასაკით ბევრად უმცროს ბონაპარტეს. ოჟერო ამ დროს 40 წლისა იყო და აღნაგობითაც ბევრად მაღალი, ზემოდან დაჰყურებდა ჯარისკაცთა მიერ „პატარა კაპრალად“ ზეწოდებულ ახალ მხედართმთავარს.

- გენერალო, - შეუტია მაშინ ბონაპარტმა, - თქვენი ერთი თვით მაღალი ხართ ჩემზე, მაგრამ, თუ უკმეხად მელაპარაკეთ, მე დაუყოვნებლივ მოვსპობ ამ განსხვავებას.

როგორც ჩანს, ოჟერო შემდგომ აღარ ეკამათებოდა თავის მხედართმთავარს და იმპერატორს. ალბათ ესეც დაეხმარა, რომ იგი მარშალი გახდა, თუმცა მას არც მხედრული სიმამაცე აკლდა. იტალიური კამპანიის დროს თავი არაერთხელ გამოიჩინა.

სტენდალი წერდა მასზე: პიერ ოჟერო კასტილიონესთან ბრძოლაში დიდ სარდლად მოგვევლინა, რაც მას ამის შემდეგ აღარასოდეს დამართნიაო.


წინასწარმეტყველება 

როდესაც ნაპოლეონი კუნძულ ელბაზე გადაასახლეს, თურმე მისი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ჟოზეფ ფუშე ამბობდა:

„ნაპოლეონი კუნძულ ელბაზე - იტალიისთვის, საფრანგეთისთვის და მთელი ევროპისთვის იგივე იქნება, რაც ვეზუვი პომპეის გვერდით“.


მკურნალის დასკვნა 

რას არ ამბობდნენ და გადმოგვცემდნენ ნაპოლეონისა და გენერალ ბოჰარნეს ქვრივის, მომხიბლავი ჟოზეფინას სიყვარულზე, იმასაც, რომ, თითქოს, ამ ქალის სიყვარული არ იყო მუდმივი; ან, მას შემდეგ, რაც ნაპოლეონი მას გადაეყარა და ცოლად შეირთო ავსტრიის იმპერატორის ასული მარია-ლუიზა, ჟოზეფინასაც გაუცივდა გული საფრანგეთის იმეპრატორის მიმართ.

მაგრამ ხმებსა და ჭორებზე მეტად ერთი ეპიზოდი მეტყველებს: ნაპოლეონთან განშორების შემდეგ ჟოზეფინა მალმეზონის სასახლეში ცხოვრობდა. იგი 1814 წელის 29 მაისს გარდაიცვალა. როდესაც იმპერატორმა მკურნალ ექიმს ჰკითხა თავისი ყოფილი მეუღლისა და ბოლომდე მოყვარული ქალის გარდაცვალების მიზეზი, ექიმმა უპასუხა:

„დარდი, წუხილი თქვენ გამო“.


მხოლოდ ერთი ნაბიჯი 

1812 წელს მოსკოვიდან უკანდახეულმა და რუსული ყინვების მიერ სასტიკად დამარცხებულმა ნაპოლეონმა სარდლობა მარშალ მიურატს გადაულოცა და სასწრაფოდ საფრანგეთისკენ აიღო გეზი. გზად საფრანგეთის იმპერატორი ვარშავაში შეჩერდა და იქ კრახით დამთავრებული სამხედრო კამპანიის შესახებ თავისებური დასკვნა გააკეთა:

„შეიძლება მე შევცდი, რომ მოსკოვამდე მივედი, შეიძლება ცუდი გავაკეთე, რომ იქ მეტისმეტად დიდხანს დავრჩი, მაგრამ დიდიდან სასაცილომდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. დაე, შთამომავლობამ განსაჯოს“.

სხვა ინფორმაციით, ამგვარი სიტყვები მან ეტლში, ჯერ კიდევ რუსეთის გზებზე ჯაყჯაყის დროს უთხრა კოლენკურს.


რას იფიქრებდნენ ინგლისელები, რომ ... 

ინგლისელთა საპატრულო გემები ფხიზლად დარაჯობდნენ კუნძულ ელბას, რომელზეც 1815 წელს საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონი იყო გადასახლებული. როდესაც ნაპოლეონი კუნძულიდან გამოიქცა, მისი ხომალდი ინგლისულ სამხედრო გემ „ზეფირს“ წააწყდა. ინგლისელებმა ფრანგებს გადასძახეს, იმპერატორი როგორ ბრძანდებაო. ეს რომ გაიგონა ნაპოლეონმა, თავის მოდარაჯეებს სიცილით გადასძახა:

- იმპერატორის კარგად ბრძანდება.

ინგლისელებს ფიქრად არ მოსვლიათ, რომ მათ თვითონ ნაპოლეონი ელაპარაკებოდა და ფრანგული ხომალდი მშვიდობიანად გაატარეს. როგორც იტყვიან, „ფორტეს ფორტუნა ადიუვატ“ - მამაცთ ბედი სწყალობთ.


ბრძანება ყველასათვის 

ეგვიპტეში ლაშქრობის დროს, აუტანელი სიცხის პირობებში, ნაპოლეონმა ბრძანა, ყველას ფეხით ევლო, ცხენები კი მხოლოდ დაჭრილებისთვის, ავადმყოფობისთვის და ტვირთისთვის გამო ეყოთ. ბრძანება ახალი დაგზავნილი იყო, რომ ნაპოლეონთან მისი მეჯინიბე ვალონი შევიდა და ჰკითხა:

- გენერალო, რომელი ცხენის დატოვებას ინებებთ თქვენთვის?

- ყველამ ფეხით უნდა იაროს! - დაუყვირა ნაპოლეონმა, - მათ შორის მე - პირველმა, შენ რა, არ იცი ბრძანების შესახებ?


ორი მხედართმთავრის გასაჭირი 

ვატერლოოს ბრძოლის დროს რომ შესაღამოვდა, ორივე მებრძოლ მხარეს გაუჭირდა. მარცხენა ფრთამ დახმარება სთხოვა ინგლისელთა ჯარის მთავარსარდალ ველინგტონს.

- აღარავინ მყავს, - უპასუხა ველინგტონმა, - დაიხოცნენ და ფეხს ნუ მოიცვლიან!

იმავდროულად მარშალმა ნეიმ სთხოვა ფრანგთა იმპერატორს მაშველი ჯარით დახმარება.

- საიდან გავაჩინო, - შეჰყვირა ნაპოლეონმა, - ჯარისკაცებს მე ხომ ვერ გამოვჩეკავ?!


მამელუქები და ფრანგები 

ფრიდრიხ ენგელსი თვის „ანტიდიურინგში“ არჩევს რა რაოდენობრივი კატეგორიის თვისობრივში გადაზრდის პრობლემას, მოჰყავს ნაპოლეონის აზრი სახელგანთქმული მამლუქების ინდივიდუალურ სამხედრო მამაცობაზე და მასთან შედარებით ევროპული სამხედრო ორგანიზაციის უპირატესობაზე.

გავიხსენოთ, რას წერდა ნაპოლეონი: ორი მამლუქი აუცილებლად სჯობს სამ ფრანგს; ასი მამლუქი 100 ფრანგს უდრის; სამასი ფრანგი ჩვეულებრივად სჯობს სამას მამლუქს, ხოლო 1000 ფრანგი ყოველთვის ამარცხებს 1500 მამლუქს.


ნაპოლეონის ბრძანებებიდან 

ეგვიპტეში ლაშქრობისას, მამლუქთა მორიგი თავდასხმის დროს, ფრანგთა მთავარსარდალმა გენერალმა ბონაპარტმა სასწრაფო ბრძანება გასცა:

- გვარდიელები წინ, ვირები და მეცნიერები უკან!


ინსპექტორის წინასწარმეტყველება 

ბრენის სკოლის დამთავრებისას პარიზის უმაღლეს სასწავლებელში რომ გადაჰყავდათ, ახალგაზრდა ნაპოლეონ ბონაპარტს სკოლის ინსპექტორმა დახასიათებაში ჩაუწერა:

„წარმოშობით და ხასიათით კორსიკელია. ეს ახალგაზრდა შორს წავა, თუ გარემოებანი მის სასიკეთოდ წარმართავდნენ ცხოვრებას“.


ვის სწყალობს ფორტუნა 

ნაპოლეონის პირველ გამარჯვებათა გამო ავსტრიის ჯარებთან, იტალიის ცნობილი კამპანიის დროს, ფრანგებმა ექვს დღეში ექვსი გამარჯვება მოიპოვეს. პარიზში კამათობდნენ, რა უფრო სწყალობდა გენერალ ბონაპარტს: ჭკუა თუ ბედი? ერთ ამგვარ კამათს, რომელზეც მხედართმთავართა წარმატებებს ფორტუნას წყალობას უფრო მიაწერდნენ, ფონტენელი შეესწრო.

„დავუშვათ ეს ასეა, - მიმართა მან მოსაუბრეებს, - მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბედი უმეტესად სწორედ ჭკვიან ადამიანებს სწყალობთ“.


ორმაგი სტანდარტი 

ნაპოლეონი რევოლუციების წინააღმდეგი იყო, დამღუპველადაც კი მიაჩნდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, დიდ ფრანგულ რევოლუციას მიმხრობოდა ახალგაზრდობის დროს. ერთხელ კი, უკვე გვიანდელ წლებში, მან განმარტა:

„მე რომ ფელდმარშალი ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა, მეფეს მივემხრობოდი, მაგრამ, რამდენადაც რევოლუციის დასაწყისში მხოლოდ პოდპორუჩიკი ვიყავი და არავითარი ქონება არ გამაჩნდა, იძულებულიგავხდი, რევოლუციას მივმხრობოდი“.


მამაცი მარშალი ლანი 

1809 წლის 22 მაისს ესლინგენის ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრეს ნაპოლეონის უსაყვარლესი გენერალი და მარშალი ჟან ლანი. იმპერატორი სასწრაფოდ გაეშურა ლანის სანახავად, რომლისთვისაც ყუმბარას ერთი ფეხი მოეგლიჯა, ხოლო მეორე მძიმედ დაეშავებინა.

„ლან! მცნობთ მე?“ - ჩასძახა სულთმობრძავს ცრემლმორეულმა იმპერატორმა.

„დიახ, თქვენო უდიდებულესობავ, გხედავთ, მაგრამ ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენს ერთ-ერთ უერთგულეს მეგობარს უნდა გამოეთხოვოთ - მე ვკვდები“.

როგორც ევგენი ტარლე წერს, ნაპოლეონმა ლანის სიკვდილის დროს მეორედ და უკანასკნელად იტირა თავის სიცოცხლეში.


გამარჯვებაში დარწმუნებული 

სხვათა შორის, ვატერლოოს ბრძოლის წინ ნაპოლეონი დარწმუნებული იყო, რომ გაიმარჯვებდა. როცა ტყვეებმა მოახსენეს ფრანგთა იმპერატორს, ინგლისელები ბრძოლას ელიანო, ნაპოლეონმა უპასუხა:

- მით უკეთესი - გაპარსულებს დამარცხებულები მირჩევნია.


კაპიტან ბონაპარტის არჩევანი

როდესაც კორსიკელი სეპარატისტებისაგან გამოქცეული კაპიტანი ბონაპარტი კუნძულიდან გაღწევას ცდილობდა, მან ბასტიიდან აიაჩოში მყოფ დედამისს პატარა ბარათი გაუგზავნა, რომელშიც სწერდა:

„მოემზადე! ეს ქვეყანა საჩვენო არ არის“.

ბონაპარტების მრავალრიცხოვანმა ოჯახმა თავს უშველა და სამუდამოდ დატოვა სამშობლო.


შეფასებები 

როცა ნაპოლეონი იმპერატორი გახდა, ფრანგულ საზოგადოებაში მისი მომხრეებიც აღმოჩნდნენ და მოწინააღმდეგეებიც.. 

„მარსელიეზას“ ავტორმა რუჟე დე ლილიმ ბონაპარტს აღშფოთებით მისწერა:

„თქვენ დაიღუპებით და, რაც უფრო უარესია, თქვენთან ერთად დაღუპავთ საფრანგეთსაც“.

მაშინდელი გამოხმაურებებიდან კიდევ ერთი პოლ-ლუი კურიეს ეკუთვნის:

„იყო ბონაპარტი და გახდე იმპერატორი! რა დაცემაა!“.


საკადრისი პასუხი 

ერთხელ ტიულრის სასახლეში გამართულ წვეულებაზე თუ მიღებაზე იმპერატორმა ნაპოლენმა არცთუ ტაქტიანად ჰკითხა ჰერცოგინია დე ლინს:

„მითხარით, თქვენ ისევ ისე გიყვართ მამაკაცები?“

პასუხიც საკადრისი მიიღო:

„დიახ ხელმწიფევ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი კარგად არიან აღზრდილები“.


დიმიტრი შველიძე - თავშესაქცევი ისტორიული ამბები

Vangogen • ვანგოგენი

Instagram