ბობ დილანი - 60-იანების ტრუბადური ვარ, ფოლკ-როკის რელიკვია...

ნაწყვეტი ბობ დილანის წიგნიდან - „ქრონიკები“

1987 წელი იყო, ხელი, რომელიც სულელურად, მაგრამ უღმერთოდ დავისახიჩრე, ნელ-ნელა მიშუშდებოდა. ძვალი გადამიტყდა, ჯერ კიდევ მწვავე პერიოდი იყო – საერთოდ ვერ ვგრძნობდი, ხელი თუ მქონდა. არ ვიცი, ეს რა დამატყდა თავს, ბედის ერთი უცნაური შემობზრიალება იყო. სულმთლად დავუძლურდი. გაზაფხულზე ასობით შოუს გამართვას ვაპირებდი, მაგრამ ახლა მეეჭვებოდა, შევძლებდი თუ არა საერთოდ მონაწილეობას. ჯერ იანვარი იყო, მაგრამ ჩემს ხელს ალბათ დიდი დრო დასჭირდებოდა რეაბილიტაციისთვის. 

მინის კარს მიღმა ბაღს გავყურებდი, სარეველა მომრავლებულიყო. თაბაშირი თითქმის იდაყვამდე მწვდებოდა. თავში ისეთი აზრებიც მიტრიალებდა, იქნებ საერთოდ ვეღარ დავუკრა-მეთქი. ერთი მხრივ, შეიძლება ასეც ყოფილიყო საჭირო, რადგანაც მგონი მანამდე სულ თავს ვისულელებდი, ჩემს ნიჭს, რაც გამაჩნდა, უსარგებლოდ ვხარჯავდი. ბოლო დროს კი სურათი შეიცვალა და ახლა მხოლოდ ის მადარდებდა, სიტუაციიდან რა ისტორიულ დასკვნებს გამოიტანდნენ.

საზოგადოებას არ ვაშიმშილებდი, ყოველწლიურად ვაწვდიდი ჩემს დისკებს. მაგრამ რაც შეეხება ცოცხალ პერფორმანსებს, მგონი იქ მსმენელს სიმღერის სულის დაჭერა უძნელდება – მეც მიჭირდა, მთავარი სათქმელი გადმომეცა. იქ ინტიმურობა, ბევრ სხვა რამესთან ერთად, იკარგება. მსმენელს ისეთივე გრძნობა დარჩებოდა, რაც მიტოვებულ ბაღში, გამხმარ ბალახში სეირნობისას შეიძლება დაგეუფლოს. ჩემი მსმენელი ან მომავალი მსმენელი, ვერასოდეს გაიგებდა, როგორია შეხვიდე ახლად მოხნულ მინდორში, მე რომ ის-ის იყო ვაპირებდი შესვლას.

ბევრი მიზეზი შეიძლება დაასახელო – ვისკისაც სჭირდება მიზეზი, ბოთლიდან რომ გადმოვიდეს. მე დაკანონებულ წესებს მივყვებოდი, რაც არ ამართლებდა. რამდენიმე წლით ფანჯრები შევფიცრე, მათ კი ობობის ქსელი მოედო და მე ეს ყველაფრი ვიცოდი. ბევრჯერ ყოფილა, შოუს დაწყების წინ მივსულვარ სცენასთან ახლოს და ჩემი თავი დამიჭერია, როგორ ვფიქრობდი, თითქოს პირობას ვარღვევდი, რაღაცას, რაც ჩემს თავს აღვუთქვი. ოღონდ რა აღვუთქვი, ის არ მახსოვდა. ჩემი პერფორმანსის დღეები გადატვირთული მოძრაობის მერე ჭრიალით გაჩერდა დროებით, ლამის სამუდამოდ.

ბევრჯერ, სხვების დაუხმარებლად გამიფუჭებია ჩემი საქმე. კარგია, როცა გიცნობენ, როგორც ლეგენდას, ხალხი ფულს იხდის ლეგენდების სანახავად, მაგრამ ბევრი მის ერთხელ ნახვასაც დასჯერდება. შენ მათ იმედი არ უნდა გაუცრუო, არც შენი დრო უნდა დაკარგო და არც მათ უნდა დააკარგვინო დრო. პრინციპში სცენიდან არც გავმქრალვარ, ოღონდ გზა შევიწროვდა, თითქმის ჩაიკეტა, არადა, ფართოდ გახსნილს ველოდებოდი. ჯერ არსად ვიყავი წასული, ფეხს ვითრევდი ტროტუარზე.

ჩემ შიგნით პიროვნება დაიკარგა და ის მყავდა მოსაძებნი. ბუნებაში ყველაფრის წამალი შეიძლება იპოვო და ამიტომ მეც უფრო ბუნებაში ვეძებდი. წყალზე მოტივტივე სახლში მივაგენი ჩემს თავს – ძალიან ნელა მოძრაობდა – დათვებით, ირმებითა და ხარ-ირმებით ვიყავი გარშემორტყმული – მოუხელთებელი, ნაცრისფერი მგელიც იქვე იყო, შორიახლოს და ამ მშვიდი ზაფხულის საღამოს, ვიჯექი და ვუსმენდი ღორიხვას ძახილს.

ვინც არ უნდა ვიყო, მე 60-იანების ტრუბადური ვარ, ფოლკ-როკის რელიკვია, გარდასულ დღეთა სიტყვის ოსტატი, არარეალური მმართველი ყველასთვის უცნობი მიწისა. ვიმყოფები მივიწყებული კულტურის უძირო ორმოში.

უსასრულოდ შეიძლება ამის გაგრძელება.

ხალხი მხედავდა, როგორ გამოვედი ტყიდან.

ვიცოდი, რასაც ფიქრობდნენ.

მე ყველაფერი ისე უნდა მივიღო, როგორც არის.


ბობ დილანი - ქრონიკები 
ინგლისურიდან თარგმნა თაკო ჭილაძემ

Vangogen • ვანგოგენი

Instagram