ელიფ შაფაქი - სტამბოლელი ნაბიჭვარი

„რომანის თურქული გამოცემის გამოსვლის შემდეგ, იქამდე, ვიდრე 2006 წელს მისი ინგლისური გამოცემა გამოვიდოდა, თურქეთის სისხლის სამართლსი კოდექსის 301-ე მუხლით „ნაციისათვის ჩირქის მიცხების გამო“ გამასამართლეს. ბრალდებები რომანის სომეი პერსონაჟების სიტყვებს ეყრდნობოდა. შეიძლებოდა სამწლიანი პატიმრობა მოესაჯათ, მაგრამ საბოლოოდ ბრალდებები მომიხსნეს“, - ელიფ შაფაქი.

***

სტამბოლელი ქალის წინდახედულობის ოქროს წესი: არასოდეს გასცე პასუხი ქუჩაში შეხვედრილ აბეზარს, რადგან ქალი, რომელიც ხურდას აბრუნებს, რომ არაფერი ვთქვათ ქალზე, რომელიც იგინება, თავისი საქციელით მხოლოდ და მხოლოდ კიდევ მეტად აღიზიანებს მას, ვინც თავს აბეზრებს!

***

სტამბოლელი ქალის წინდახედულობის ვერცხლის წესი: არასოდეს დაკარგო მოთმინება ქუჩაში ხედვედრილი აბეზრის გამო, რადგნა ქალი, რომელიც შეურაცხყოფას სიანჩხლით პასუხობს, კიდევ უფრო ცუდ დღეში იგდებს თავს!

***

სტამბოლელი ქალის წინდახედულობის სპილენძის წესი: ქუჩაში აბეზარს თუ გადაეყრები, აჯობებს ეს ამბავი გზაშივე დაივიწყო, რადგან მთელი დღის განმავლობაში მისი გახსენება კიდევ უფრო აგიშლის ნერვებს!

***

წვიმის მოსვლა სტამბოლში ნამდვილი წამებაა. სხვაგან ციდან წამოსული თქეში საჩუქარია, ღვთის წყალობა, რომელსაც ყველა და ყველაფერი ელოდება. კარგია წვიმა მოსავლისთვის, ცხოველებისთვის, მცენარეებისთვის და თუ საკითხს რომანტიკულად მივუდგებით, შეყვარებულებისთვისაც.

სტამბოლში საქმე სულ სხვაგვარადაა. იმიტომ, კი არა, რომ დავსველდებით ან დავისვრებით, არამედ იმიტომ, რომ წვიმის მოსვლასთან ერთად ბრაზი გვერევა. ისე გვაშფოთებს ჭენჭყო და აურზაური, თითქოს გაწვიმებამდე არც ერთი გვენახოს, არც მეორე. ძიძგილაობაც ხომ უნდა ვახსენოთ? მოვა თუ არა წვიმა, ათი მილიონი სტამბოლელი წყლით სავსე სათლში ჩაყრილი კნუტებივით ამაოდ ეძიძგილავებიან ციდან ჩამოვარდნილ წვეთებს.

ადამიანებს კი არა, ქუჩებსაც რაღაც ემართება. აქაური ქუჩების წარღვნამდელ სახელწოდებებს თუნუქის ტრაფარეტები გვამცნობს. თითქმის ყველა კუთხეში წააწყდებით ნაგვის გროვას. აქვეა ვეებერთელა ორმოებიც, რომლებიც სულ მალე ლაპლაპა თანამედროვე შენობებით ამოივსება.

თოლიები.

სტამბოლში ყველა ვბრაზობთ, როდესაც ცა იხსნება და პირდაპირ თავზე გვაჟინჟლავს.

დედამიწას წვიმის უკანასკნელი წვეთებიც აღწევს, წყლის უთვალავი წვეთი თავს ძლივს იმაგრებს ჩამორეცხილ ფოთლებზე და დგება მომენტი, როდესაც არც ადამიანმა, არც თავად წვიმამ დანამდვილებით არ იციან, ბოლოს და ბოლოს, გადაიღო თუ არა.

მერე ყველაფერი ნათდება. უსასრულოდ გრძელდება წუთი, როდესაც ცა თითქოს ბოდიშს იხდის ლაფისთვის, შიგ რომ ჩაგვტოვა. ადამიანები, რომლებსაც ჯერაც არ შეგვშრობია თმაში ჩაცვენილი წვიმის წვეთები და ტანსაცმლის ნაკეცებში მოხვედრილი ტალახი, მოღუშული შევცქერით ლაჟვარდისფრად მოწმენდილ ზეცას, ზემოთ ვიხედებით და ღიმილს ვერ ვიკავებთ.

ყოველ ჯერზე ვპატიობთ ცას მასზე გაბრაზებული.

***

სწორედ ამით ჰგავს ერთმანეთს წვიმა და სევდა: ცდილობ, არ დასველდე, არაფერი შეგეხოს, დაცული იყო, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ ამაოდ ირჯები, ერთი ბეწო პრობლემა უსასრულო ნიაღვრად გეჩვენება და ფიქრობ, დიდი ამბავი, შენც თუ დასველდებოდი.

***

სტამბოლელი ქალის წინდახედულობის რკინის წესი: თუ ჩაის ჭიქასავით ადვილად ტყდები, ეცადე, როგორმე ქაფქაფა წყალს არ გადაეყარო და იმედი იქონიე, რომ იდეალურ კაცს გაჰყვები ცოლად, ანდა იჟიმავე და რაც შეიძლება ადრე გატყდი. ალტერნატივად შეგიძლია ჩაის ჭიქობას თავი დაანებო!

***

დაღონებულ ზელიჰას ისე სათუთად ეჭირა ხელში ფეხსაცმლის მოტეხილი ქუსლი, თითქოს მკვდარი ჩიტი ყოფილიყო.

***

სტამბოლში სიარული ბრბოსთან ერთად სიარულს ნიშნავს.

***

მცირედის მიღწევით ბევრის მიღწევა მართლაც გასაოცარი უნარია. გასაოცარია იმ ადამიანების კმაყოფილება, როლებიც დღის ბოლოს შინ ხელცარიელი, მაგრამ მაინც კმაყოფილები ბრუნდებიან.

***

ზელიჰას ეჭვი ჰქონდა, რომ ჩვენს სამყაროში სიმშვიდე იღბალი იყო, ხოლო იღბალი - ბედნიერება.

***

ქალს, რომელიც ქუჩაში ეწეოდა, სტამბოლში დიდად არ აფასებდნენ.

***

...მათი შემხედვარე თავს ისე ცუდად იგრძნობდით, თითქოს ლატარიის მოსაგებად სულ რაღაც ერთი ციფრი დაგკლებოდათ.

***

ყურადღებას ნუ მიაქცევ სხვების აზრს, რადგან დღის ბოლოსათვის მას მნიშვნელობა აღარ ექნება.

***

სტამბოლში უკანონოდ შობილი ბავშვი კიდევ ერთი ნაბიჭვარი იყო, ნაბიჭვარი კი - კიდევ ერთი მორყეული კბილი, რომელიც ქალაქს ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გადმოვარდნოდა პირიდან.

***

ვერ იტანდა, როდესაც ლოცვა, რომელიც თავიდან იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანის შეურყვნელი ხმით წაეკითხათ, ადამიანურ სითბოს კარგავდა და მიკროფონებისა და კაბინეტებში დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლების წყალობით ქალაქის თავზე გამოკიდებულ ელექტრონულ ხმაურად იქცეოდა.

***

წვიმას გადაეღო და ცხოვრება მშვენიერი, თითქმის ასატანი ჩანდა.

***

შეიძლება ქორწინება დროებითი ახირებაა და ადამიანს მხოლოდ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი სამუდამოდ გაგრძელდება, მაგრამ ამ იუმორის გაგება შედარებით ძნელია, როდესაც ურთიერთობაში წერტილს შენ კი არა, სხვა სვამს. ვარაუდს, რომ ქორწინება იქამდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე სამუდამოდ არ წახდება, ადამიანები, შეცდომაში შეჰყავს. იქამდე აქვთ იმედი, ვიდრე არ მიხვდებიან, რომ საუკეთესო მომავლის იემდით კი არ ცხოვრობენ, არამედ იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს ტანჯვას ბოლო მოეღება და ცოლიცა და ქმარიც თავ-თავიანთ გზას ეწევიან.

***

იმისათვის, რომ მკითხავი ლეგენდად ქცეულიყო, სტამბოლში თვალის ერთი დახამხამებაც კმაროდა. თუ იღბალი თქვენს მხარეზე იყო, საკმარისი იყო, ვისიმე მომავალი დაგენახათ და ეს ადამიანი უმალ თქვენი მთავარი კლიენტი ხდებოდა. მერე ქარი, თოლიები და კლიენტებს შორის გამორჩეული რომელიმე ქალი მთელ ქალაქში ხმას ისე სწრაფად დაარხევდნენ, რომ ერთ კვირაში კართან მომლოდინე კლიენტების რიგი დაგიდგებოდათ.

***

შეგვიძლია თავდავიწყებით შეიყვაროთ ვინმე, მაგრამ იშვიათად თუ ვახერხებთ თავდავიწყებით შეყვარებული ადამიანის გრძნობის გაზიარებას.

***

სტამბოლი გულგატეხილთა ქალაქია.

***

მოწყენილობა ჩვენი ცხოვრების არსია. დღითი დღე ვეშვებით შინაგან სიცარიელეში. რატომ? იმიტომ, რომ საკუთარ კულტურასთან მტკივნეული შეხების შიშით კურდღლის სოროდან ვერ გამოვდივართ.

***

- ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი თავისებურად არის უბედური.

- ტოლსტოისთვის ძალიან ადვილი იყო ასეთი სისულელის დაჩხაპვნა, - მხრები აიჩეჩა ალკოჰოლიკი კარიკატურისტის ცოლმა, - მას ცოლი ჰყავდა, რომელიც ყველა წვრილმანზე ზრუნავდა, ზრდიდა უამრავ შვილს და მუხლჩაუხრელად შრომობდა იმისთვის, რომ მის უდიდებულესობა დიდ ტოლსტოის ყურადღების მოკრება და რომანების წერა შესძლებოდა!

- ჰო, მაგრამ რა გინდა? - იკითხა ალკოჰოლიკმა კარიკატურისტმა.

- აღიარება! აი, რა მინდა. მინდა, მთელმა სამყარომ აღიაროს, ტოლსტოის ცოლს შესაძლებლობა რომ მისცემოდა, ქმარზე უკეთესი მწერალი იქნებოდა.

- რატომ? მარტო იმიტომ, რომ ქალი იყო?

- იმიტომ, რომ ძალიან ნიჭიერი კაცისგან გათელილი ძალიან ნიჭიერი ქალი იყო, - კბილები გააღრჭიალა მხატვრის მეუღლემ.

***

თურქეთს სხვა მუსლიმანური ქვეყნებისგან აი, ეს ბოთლი განასხვავებს. ეს ლუდი, - კარიკატურისტმა ბოთლი ჰაერში ისე ასწია, თითქოს სადღეგრძელო უნდა ეთქვა, - თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების სიმბოლოა.

***

თუ უცნაურობის შესახებ არავის ეტყვი, ყველა ჩათვლის, რომ შენი უცნაურობა ნორმაა.

***

ფილმებისგან განსხვავებით, წიგნის ბოლოს წარწერა „დასასრული“ არ გაიელვებს ხოლმე. როცა რომელიმე წიგნს წავიკითხავ, არა მგონია, რომ რაღაც დავამთავრე და უბრალოდ ახალი წიგნის კითხვას ვიწყებ.

***

მწერლები, პოეტები, მხატვრები, ინტელექტუალები პირველები იყვნენ სომეხთა შორის, ვისაც ოტომანთა მთავრობა ანადგურებდა. ჯერ „თავიანთებს“ იშორებდნენ თავიდან და მხოლოდ ამის შემდეგ გადადიოდნენ დანარჩენების, უბრალო ადამიანების ექსტრადიციაზე.

***

წარმოსახვა სახიფათოდ წარმტაცი ჯადოქრობა გახლდათ მათთვის, ვინც იძულებული იყო, რეალისტი ყოფილიყო ცხოვრებაში - შეიძლებოდა სიტყვებს ისინი მოეწამლა, ვისაც განგებამ დუმილი არგუნა წილად.

***

ახლა მხოლოდ ის უნდოდა, რომ სასოწარკვეთილებას მიცემული ლოგინში წოლილიყო და ნაყიდი რომანები ეკითხა და ეკითხა იქამდე, ვიდრე ცხვირიდან სისხლი არ წამოუვიდოდა და თვალები არ დაეხუჭებოდა. მხოლოდ ეს უნდოდა.

***

ისე სწრაფად და მტკიცედ, თანაც ცოტა ხნით და არასაიმედოდ, არაფერი აერთიანებს ადამიანებს, როგორც საერთო მტერი.

***

თვალებში ოდნავ უბრწყინავდა თვითგანადგურების ტკბილი საცდური, რომელიც მხოლოდ დახვეწილ ანდა პირქუშ ადამიანს შეიძლება აწვალებდეს.

***

ერთმა კაცმა სიკვდილისაგან თავის დასახსნელად მთელი მსოფლიოს კიდით კიდემდე შემოვლა გადაწყვიტა. დაეეტებოდა ყველა გზაზე, რომელზეც კი შეეძლო - ჩრდილოეთსა და სამხრეთში, აღმოსავლეთსა და დასავლეთში. ერთხელ, ურიცხვ მოგზაურობათაგან ერთ-ერთის დროს, სწორედ მაშინ, კაიროში რომ იყო, მოულოდნელად სიკვდილის ანგელოზს, აზრაელს გადაეყარა.

აზრაელს იდუმალი გამომეტყველება ჰქონდა და გამჭოლი მზერა მიეპყრო კაცისთვის. მას არც არაფერი უთქვამს და არც უკან გაჰყოლია კაცს. კაცი მაშინვე წავიდა კაიროდან და არსად გაჩერებულა, ვიდრე ჩინეთის ერთ პატარა და წყნარ ქალაქში არ ჩავიდა. მშიერ-მწყურვალმა პირველივე დუქანს მიაშურა, რომელიც გზაზე შეხვდა.

იჯდა აზრაელი იმ მაგიდის გვერდით, რომელზეც სტუმარს მიუთითეს, და მშვიდად ელოდა მას. ამჯერად აზრაელს მშვიდი სახე ჰქონდა.

- ძალიან გამიკვირდა, კაიროში რომ შეგხვდი, - კბილების ღრჭიალით უხრა აზრაელმა მოგზაურს, - იმიტომ, რომ შენი ბედისწერის თანახმად, ერთმანეთი აქ, ჩინეთში უნდა გვენახა.

***

„ახლა ითამაშეთ! იმეგობრეთ!“ ერთსა და იმავე ასაკობრივ ჯგუფში ყოფნა ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ ადამიანები ერთმანეთს უნდა შეთვისებოდნენ. ოჯახში რატომღაც ფიქრობდნენ, რომ თანატოლები ერთი და იმავე დამსხვრეული მოზაიკის ნაწილებს წარმოადგენდნენ და მოელოდნენ, რომ ერთად შეყრის შემთხვევაში ისინი უეცრად გამთლიანდებოდნენ.

***

ჩვენი,  თურქების პრობლემა ის არის, რომ ჩვენს ნათქვამს გამუდმებით არასწორად ხსნიან და ვერ გვიგებენ. დასავლელებმა უნდა დაინახონ, რომ ჩვენ სულაც არ ვგავართ არაბებს. ჩვენ თანამედროვე, საერო სახელმწიფო ვართ.

***

სხვა რომ არაფერი, ქალებს მოსწონთ, როცა იმას უვლიან, რაც ერთიმეორის შემდეგ რჩებათ.

***

კარგ ჟიმაობასა და კარგ მარიხუანაზე უკეთესი წამალი არ არსებობს.

***

საერთაშორისო პოლიტიკა ორაზროვნებას არ ცნობს.

***

წარსული არაფერია ბორკილების გარდა, რომლებისგანაც თავი უნდა დავიხსნათ.

***

როგორც სომეხი, თავისი ხალხის თაობების ხორცშესხმული სული გახლდათ, მაშინ, როდესაც საშუალოსტატისტიკურ თურქს ფიქრადაც არ მოსდიოდა, რომ წინაპრებთან ერთად ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. სომხები და თურქები სხვადასხვა დროში ცხოვრობდნენ. სომხებისათვის დრო იყო წრე, რომელშიც წარსული აწმყოში განსახიერდებოდა, ხოლო აწმყო წარმოშობდა მომავალს. თურქებისთვის დრო წყვეტილი ხაზი იყო, წარსული რომელიღაც განსაზღვრულ წერტილში მთავრდებოდა, ხოლო აწმყო ახალი ნიშნულიდან ხელახლა იწყებოდა და მათ შორის არაფერი იყო, ნაპრალის გარდა.

***

ცხოვრება ისედაც საზიზღრობა იყო. წარსული და მომავალი, აქაც და იქაც... ყველაფერი სულერთი იყო. ერთი და იგივე ჭირ-ვარამი ტრიალებდა ყველგან. ღმერთი ან არსებობდა, ანდა უბრალოდ ძალიან შორს იყო იმისათვის, რომ დაენახა უბადრუკი ყოფა, რომელშიც ყველანი ჩავეგდეთ.

***

სტამბოლი ქალაქი არ არის, ქალაქს ჰგავს, მაგრამ ქალაქი არ არის. სტამბოლი ქალაქი-გემია. ჩვენ ხომალდში ვცხოვრობთ. აქ ყველა მგზავრია, დასტა-დასტა მოვდივართ და მივდივართ.

***

ეს იყო ერთადერთი დადებითი რამ, რაც ყავაზე მკითხაობას ახასიათებდა: ალაჰის მიერ დაწერილი ბედისწერისაგან განსხვავებით, იღბალი, რომელსაც ყავა წერდა, ყოველთვის შეგეძლოთ გამოგერეცხათ.

***

არ შეიძლება ჭეშმარიტად ცოცხალ ადამიანად ჩათვალოთ მავანი ვისაც აჯანყება და დაუმორჩილებლობა არ შეუძლია, მავანი, ვისაც შედავების უანრი არ გააჩნია. სიცოცხლის გასაღები წინააღმდეგობაშია. სხვა ადამიანები ორ ბანაკად იყოფიან: მცენარეები, ანუ ისინი, ვინც ყველაფერში სრულყოფილი არიან, და ჩაის ჭიქები, ანუ ისინი, ვინც, მართალია, ბევრ რამეში სრულყოფილი არ არიან, მაგრამ დაპირისპირებისათვის საკმარისი ძალა არ შესწევთ. ისინი, ვინც ორი ბანაკიდან უკანასკნელს ეკუთვნიან, უარესი არიან.

***

ბროწეული როგორც კი გასკდება და ყველა მისი მარცვალი სხვადასხვა მხარეს დაიბნევა, ვეღარ შეაკოწიწებ.

***

სტამბოლი ათი მილიონი ადამიანისგან შემდგარი დომხალია, ათი მილიონი ნავაივაგლახარი ამბავია. იღვიძებს სტამბოლი მოუსვენარი ძილის შემდგომ და უკვე მზად არის პიკის საათის სრული აურზაურისათვის. ძალიან ბევრ მლოცველს უნდა გაეცეს პასუხი, ძალიან ბევრი ღვთის გმობა უნდა მოინიშნოს, ძალიან ბევრ ცოდვილსა და უცოდველს უნდა მიედევნოს თვალი. სტამბოლში უკვე დილაა.

***

ზოგჯერ ტატუ დამღუპველი ჩვევაა. მეტი და მეტი გინდა. ყოველი ახალი ტატუს გაკეთებისას ხვდები, რამდენად ძლიერად გინდა, რომ კიდევ ერთი გქონდეს.

***

ადამიანების განსჯას თუ დაიწყებ, სულერთია, წავლენ და თავისას მაინც გააკეთებენ.

***

თუ კარგ მეგობარს იპოვი, იზრუნე, იმდენად არ მიეჩვიო, რომ დაგავიწყდეს: საბოლოოდ, თითოეული ჩვენგანი სინამდვილეში მარტოა და, ადრე თუ გვიან, მარადიული მარტოობა წამოეწევა შემთხვევით მეგობრობას.

***

არსებობს ისეთი რამეები, რომლებსაც ვერასდროს იტყვი, მიუხედავად იმისა, რამდენად ხშირად და რამდენად გულწრფელად იხსენებ წარსულს.

***

როგორი საზარელიც უნდა ყოფილიყო ნოეს წარღვნა, ის წვიმის რამდენიმე წვეთით, ნელა და უხმაუროდ დაიწყო. მოახლოებული უბედურების მაუწყებელი თითო-ოროლა წვეთი ვერავინ შენიშნა. ცაში მუქი, პირქუში ღრუბლები შექუჩებულიყვნენ. ისეთი ნაცრისფერი და სქელი ღრუბლები იყო, იფიქრებდით, ავი თვალებით გაძეძგილი გამდნარი ტყვიით არიანო სავსე. ყველა ღრუბელში სათითაოდ ყველა ხვრელი ციური თვალი იყო. ეს თვალები არ ხამხამებდნენ და დედამიწაზე ჩადენილი თითოეული ცოდვისთვის თითო ცრემლს ღვრიდნენ.

***

საყოველთაო მწუხარებაში ყოველთვის არის ვიღაც, ვისაც არ შეუძლია სხვებთან ერთად გლოვა.

***

ისლამი ამბობს, რომ თავიდან, ყველანაირ არსებაზე ადრე, იყო სიტყვა.

***

ოჯახური ისტორიები ერთმანეთთან ისეა გადახლართული, რომ თაობების წინ მომხდარ ამბავს შეიძლება აწმყოს ერთი შეხედვით უადგილო ამბებზე ჰქონდეს გავლენა. წარსული ყველაფერია, გარდა იმისა, რაც იყო.

***

ცხოვრება დამთხვევაა, თუმცა ზოგჯერ ამის მისახვედრად ჯინია საჭირო.


ინგლისურიდან თარგმნა - ეკატერინე მაჩიტიძემ

Vangogen • ვანგოგენი

Instagram