ალენ გინზბერგი - ყმუილი

კარლ სოლომონს

I

მე ვიხილე ჩემი თაობის ყველაზე ჭკვიანი ხალხი, მისული სიგიჟის პირას,
მოშიმშილე, შიშველი და ისტერიული,
დილაბნელზე მოლასლასე ზანგთა კვარტლებში, წამლის დოზის საძებნელად
გამოსული,
ანგელოზისთავიანი ჰიპსტერები, ვარსკვლავოვან დინამოსთან ზეციური
ანტიკური შეუღლებისთვის რომ იწვიან ღამეების მექანიზმებში,
ვინც ღატაკი და დაძონძილი ჩაცვენილი უპეებით ფხიზლობდა და ეწეოდა
ზებუნებრივ კუნაპეტში იმ ცივწყლიანი ოთახებისა, ჯაზის ჭვრეტით რომ
მიცურავს ქალაქის თავზე,
ვინც რელსების ქვეშ სამოთხისთვის მოიშვლიპა თავისი ტვინი და იხილა
ნაქირავები ოთახების სახურავებზე მობორძიკე მუჰამედის მოლიცლიცე
ანგელოზები,
ვინც ჩაუარა უნივერსიტეტს გამყინავი, გამჭოლი მზერით და ომისაგან გაწაფულთ
შორის ელანდებოდა არკანზასის და ბლეიკის ტრაგედიები,
ვინც გააძევეს უმაღლესი სასწავლებლიდან სიგიჟისთვის თუ ურცხვი ოდების
თავის ქალის ფანჯრის რაფებზე მიბღაჯნისათვის,
ვინც ქვედა საცვლის ანაბარა იბუზებოდა მოუწყობელ ოთახებში, ნაგვის ყუთში
წვავდა ფულს და კედლის მიღმა საშინელებას აყურადებდა,
ვინც ლარედოდან მარიხუანით აღგზნებული ბრუნდებოდა ნიუიორკში
და
საკუთარი ფანჩრის ტყეში დააპატიმრეს,
ვინც ცეცხლს ჭამდა უგემოვნოდ გადაღებილ სასტუმროებში ან პარადისელეიში
სვამდა სკიპიდარს, სიკვდილი, ანდა სხეულის განწმენდა არა ერთი და არა ორი
ღამის წყვდიადში
სიზმრებით და ნარკოტიკით, კოშმარებით, ასოთი და უსასრულო სათესლეებით,
შეუდარები ბრმა ქუჩები მოცახცახე ღრუბლების და ჭექაქუხილის,
კანადის და
პეტერსონის პოლუსებისკენ რომ მიხტიან გონებაში და შუქს ჰფენენ მათ შუაში
გაჩერებულ დროის სამყაროს,
პეიოტისგან მოგვრილი სიმყარე დარბაზების და ალიონი სასაფლაოს მარადმწვანე
ხეთა ფონზე, ღვინით თრობა სახურავებზე უფრო მაღლა, გაბრუებულთა
გარეუბნების ვიტრინები, ნეონური მოციმციმე სინათლეები, მზე, მთვარე და
ხეების რხევა ზამთრის ბრუკლინის ხმაურიან ბინდბუნდებში, სანაგვე ურნის
მაღალი სტილი და მსუბუქი აღქმადობა მეფური გონის,
ვინც ბეტერიდან წმინდა ბრონქსამდე უსასრულო გზის გულისათვის
ამფეტამინით მეტროს სიღრმეებს მიეჯაჭვა, სანამ ბორბლების და ბავშვების
ხმაურმა არ დასცა ისინი, პირგახეულნი, ათრთოლებულნი, ზოოპარკის პირქუშ
ნათელში ბრწყინვალებით გამომშრალი უღიმღამო ტვინის ამარა,
ვინც ყვინთავდა მთელი ღამე ბიკფორდის წყალქვეშა ნათებაში, ხოლო მერე კი
გამოყვინთა, ნაშუადღევს ფუგაზის ბარში ფსელივით ლუდს შემოუჯდა და
ატომური მუსიკალური ავტომატიდან მეორედ მოსვლის ხმებს აყურადებდა,
ვინც სამი დღეღამის
განმავლობაში შეუჩერებლივ ლაპარაკობდა პარკიდან
სახლამდე, ბელვიუმდე, ბრუკლინის ხიდამდე, ბარამდე და მუზეუმამდე,
დაღუპული ბატალიონი პლატონურად მოქაქანეთა, ვერანდებიდან რომ ხტება
დაბლა, ხტება სახანძრო კიბეებიდან, ხტება ფანჯრის რაფებიდან, ემპაია
სტეიტიდან, ხტება მთვარიდან,
რომ ლაყბობს, ყვირის, არწყევს, ჩურჩულებს ფაქტებსა და მოგონებებს,
ანეგდოტებს, თვალში დარტყმებს, შოკებს ომების, ციხეების და ჰოსპიტლების,
მბრწყინავთვალება შვიდდღიანმა ტოტალურმა გახსენებამ მთელი გონება
ამოანთხია, ხორცი სინაგოგისათვის ქვაფენილზე არის დაყრილი,
ვინც გაქრა ძენში, არაფერში, ნიუჯერსიში,
და ბუნდოვანი კვალი დატოვა
ატლანტიკსიტი
ჰოლის ღია ბარათებისა,
დაიტანჯა ჩინური შაკიკით, აღმოსავლური ოფლისღვრით და ტანჟერული
ძვლების ტეხვით და უწამლობით ნიუარკის მოუწყობელ ოთახებში,
ვინც ღამღამობით სარკინიგზო სადგურებში წრიალებდა წასასვლელის ძებნაში და
ისე წავიდა, არავის არ დაწყვიტა გული,
ვინც სიგარეტს სიგარეტზე უკიდებდა მამაპაპურ თოვლიან ღამით მიყრუებული
ფერმებისკენ მორახრახე ვაგონებში ვაგონებში ვაგონებში,
ვინც სწავლობდა პლოტინს, სან ხუანს, პოს, ბოპ კაბალას, ტელეპათიას, რადგან
კანზასში მათ ფეხთა ქვეშ ინსტინქტურად ზანზარებდა მთელი კოსმოსი,
ვინც ინდიელთა წარმოსახვით ანგელოზებს დაეძებდა აიდაჰოს ქუჩებში და ვინც
გადაიქცა ინდიელთა წარმოსახვით ანგელოზად,
ვინც ფიქრობდა, რომ შეირყა მხოლოდ, მაშინ, როცა ბალტიმორი ციმციმებდა
ზებუნებრივ აღტყინებაში,
ვინც ხტებოდა ოკლაჰომელ ჩინელთან ერთად ლიმუზინებში, ატაცებული
პროვინციული შუაღამის ზამთრის ქუჩების განათების წვიმის იმპულსით,
ვინც დამშეული და მარტოსული ეხეტებოდა ჰიუსტონში, მათლაფა წვნიანს, ჯაზს
ანდა სექსს დაეძებდა და ესპანელ ბრწყინვალე გვამს ადევნებული, ამერიკის და
მარადისობის საკითხებზე ბჭობდა მასთან, აი, ასეთი უპერსპექტივო საქმიანობა,
ხოლო შემდეგ აფრიკისაკენ გეზმიმართულ გემზე ჯდებოდა,
ვინც მექსიკის ვულკანებში ქრებოდა და თავის შემდეგ არაფერს არ ტოვებდა,
გარდა ჩიკაგოს ბუხარზე მიმოპნეული პოეზიის ფერფლის და ლავის და სამუშაო
კომბინიზონის წახრილი ჩრდილის,
ვინც კვლავ ჩნდებოდა დასავლეთის სანაპიროზე და ცენტრალურ სადაზვერვო
სამმართველოს უთვალთვალებდა წვერიანი, შორტებიანი, სექსუალური
გარუჯული ტანითა და მშვიდობისმოყვარედ მომზირალი ფართო თვალებით
ავრცელებდა გაურკვეველი სახის ბროშურებს,
ვინც ანთებულ სიგარეტებს იწვავდა მკლავზე კაპიტალიზმის ნარკოტიკული
ბინდისადმი პროტესტის ნიშნად,
ვინც ცრემლის ფრქვევით და საჯარო გაშიშვლებით ავრცელებდა უნიონ სკვერზე
ზეკომუნისტურ მწვავე პამფლეტებს, მაშინ როცა ლოსალამოსის
სირენები
ქვითინებდა, უოლ სტრიტი ქვითინებდა და ქვითინებდა ბორანი სტეიტენ
აილენდისაც,
ვინც ქათქათა სპორტდარბაზებში ტიტველი ტირილით ეცემოდა მუხლებზე და
სხვა ჩონჩხების მექანიზმების წინაშე თრთოდა,
ვინც დეტექტივებს კბილებით ყელში აფრინდებოდა და პოლიციის მანქანაში მის
შესახებ შეთითხნილი კრიმინალის: მამათმავლობის ანდა ტოქსიკომანიის გამო
ყვიროდა აღტკინებული,
ვინც მუხლებზე დაცემული გაღმუოდა მიწისქვეშა გასასვლელში და როდესაც
ჩამოათრიეს, მანუსკრიპტებს და გენიტალიებს აქეთიქით
აფრიალებდა,
ვინც უცოდველ მოტოციკლისტებს ტრაკს აძლევდა და ყვიროდა ნეტარებისგან,
ვინც მინეტით მეზღვაურებთან და ადამიანსერაფიმებთან
თავს ირთობდა,
ატლანტიკური და კარიბული ალერსი ტკბილი,
ვინც დილიდან საღამომდე ყვავილნარში ანძრევდა და სასაფლაოს თუ ბულვარის
ბალახბულახში
თავისი სპერმით აჯილდოვებდა ყველას, ვინც გზად მიდიოდა,
ვისაც შეეძლო,
ვინც ცდილობდა ეხითხითა და სანაცვლოდ წამდაუწუმ ასლოკინებდა, ხოლო
თურქულ აბანოში შირმის უკან უჯდებოდა ქვითინისგან გული, როცა ქერათმიანი,
ტიტლიკანა ანგელოზი თავს ადგებოდა ხანჯლის წვერით განსაგმირავად,
ვინც დაკარგა საყვარლები ბედისწერის კუდიანი სამი დედაბრის გამოისობით,
ცალთვალა ჰეტეროსექსუალი დოლარი იყო მათგან ერთი, მეორეს საშო
უციმციმებდა, მესამე კი, ისიც ცალთვალა, სულ არაფერს აკეთებდა, იჯდა ტრაკის
აუწევლად და ცნობიერების ოქროს ძაფებს საქსოვ დაზგაზე მაკრატლით ჭრიდა,
ვინც ერწყმოდა გზნებითა და დაუცხრომლად ლუდის ქილას, შეყვარებულს,
სიგარეტის კოლოფს, სანთელს, ვარდებოდა ლოგინიდან, განაგრძობდა იატაკზე,
მთელ ოთახში, დასუსტებამდე, იგივეს, სანამ გაუმაძღარი ფუჩური არ
ელანდებოდა ბოლო ხილვად კედელზე და გონება არ ებინდებოდა, ცნობიერების
უკანასკნელ ცდუნებას რომ გარიდებოდა,
ვინც აფრქვევდა მილიონობით მოცახცახე ქალიშვილის ხვევნაკოცნას
სურნელებას და თვალები დილით უკვე წითელი ჰქონდა, თუმც მზად იყო, რომ
შეეტკბო მზის ამოსვლა, გომურში გამკრთალი თეძოები, სიშიშვლე ტბაში,
ვინც მრუშობდა ნაქურდალი ავტომობილით კოლორადოში, ნ. კ., ამ ლექსების
საიდუმლო გმირი, კაციასო
და დენვერელი ადონისი სასიამოვნო
გახსენება
უთვალავი გოგონასი, რომელთანაც დაწოლილა მანქანის ცარიელ სადგომებზე თუ
საკუჭნაოში, კინოდარბაზის მორყეულ რიგში, მთის წვერზე თუ გამოქვაბულში,
ანდა სულაც სადღაც, გზისპირას, გაკნაჭული მიმტანებისთვის ქვედაკაბის აწევა
და განსაკუთრებით ბენზინის წერტის ტუალეტების საიდუმლო სოლიპსიზმები
და აგრეთვე ხეივნები მშობლიური ქალაქისა,
ვინც ბინძურ და გრძელ ფილმებში თანდათანობით განქარდა და ოცნებებში
გადაინაცვლა, და უეცრად მანჰეტენში გამოიღვიძა, ამოვიდა სარდაფიდან, ტოკაის
სასტიკი ღვინისაგან ნაბახუსევი, და მესამე ავენიუს რკინის სიზმრებით
შეძრწუნებული წაბორძიკდა უმუშევართა ბირჟებისაკენ,
ვინც მთელი ღამე დათოვლილ დოკებში სისხლით სავსე ფეხსაცმელებით იარა და
ისტ რივერის კარიბჭის გახსნას და ცხელი ორთქლით და ოპიუმით სავსე ოთახში
შესვლას ელოდა,
ვინც დიადი თვითმკვლელური დრამები შექმნა ჰადსონის წახრილ
ცათამბჯენებში მთვარის ლურჯ შუქზე ომის წლებში და ვისი შუბლიც შეიმოსება
მივიწყების დაფნის გვირგვინით,
ვინც გატკვირა წარმოსახვითი მოშუშული ბატკნის ხორცი ან მოინელა
კიბორჩხალა ბაუერის მდინარეების შლამიან ფსკერზე,
ვინც ქუჩების რომანტიკას დასტიროდა ხახვითა და ცუდი მუსიკით გადავსებული
ოთხთვალებიდან,
ვინც ხიდის ქვეშ ყუთში იჯდა და სიბნელეში მძიმედ სუნთქავდა, ხოლო მერე
წამოიმართა, კლავესინები რომ აეგო საკუთარ სხვენზე,
ვინც ახველებდა ჭლექიანი ცის ქვეშ, ჰარლემის მეექვსე სართულზე, ვნების
ალმურში, თეოლოგიის ციტრუსის ყუთებით გარშემორტყმული,
ვინც ჯღაბნიდა მთელი ღამე ჯადოსნობაზე და მაგიურ ფორმულებზე აცეკვებული
და ყველაფერი ეს გარიჟრაჟის სიყვითლეში აბდაუბდა სტანსებად ექცა,
ვინც ამზადებდა ცხოველების დამპალი ფილტვის, გულის, კუდის, ფეხებისაგან
ბორშჩს და კვერებს, ვისაც ვეგეტარიანელების წმიდა საუფლო ელანდებოდა,
ვინც ხორცით სავსე სატვირთოებს ბორბლების ქვეშ უვარდებოდა,
ვინც აგდებდა სახურავიდან საკუთარ საათს, მარადისისთვის დროის მიღმა ხმა
რომ მიეცა და მას მერე მათ მთელი ათი წლის განმავლობაში მაღვიძარები
ყოველდღიურად ეცემოდათ თავში ზრიალით,
ვინც ვენები გადაიჭრა ზედიზედ სამჯერ წარუმატებლად, დაანება მერე თავი ამ
საქმეს და ანტიკვარული სალონი გახსნა, სადაც საკუთარ სიბერეზე ფიქრობდა და
თან ცრემლებს ღვრიდა,
ვინც დაიბუგა ცოცხლად მედისონ ავენიუზე ფლანელის უცოდველ კოსტიუმში
ტყვიის ლექსების აფეთქებებს, რკინისებურ მოდის პოლკთა ფეხის ბრაგაბრუგს,
ფერიათა ნიტროგლიცერინულ სარეკლამო შეყვირებებს და ავბედითი
ინტელიგენტი რედაქტორების იპრიტს შორის, ანდა სულაც აბსოლუტური
რეალობის მთვრალმა ტაქსმა გადაუარა,
ვინც ბრუკლინის ხიდიდან ძირს გადაეშვა და ეს მართლა მოხდა და იგი, უცნობი
და მივიწყებული, შევიდა ჩინურ რესტორანთა დანისლული ხეივნების
მოჩვენებით განცვიფრებაში და სახანძრო მანქანები, და არცერთი კათხა ლუდი
სადმე, მუქთაზე,
ვინც მწუხარედ მღეროდა თავის ფანჯარაში, მეტროში ვაგონის ფანჯრიდან კი
გადმოვარდა, ვინც ისკუპა ამყრალებულ პასაიკში, დაახტა ზანგებს, გააყრუა
ღრიალით ქუჩა, ვინც აცეკვდა ღვინის ბოთლის ნამტვრევებზე ფეხშიშველი,
დაამსხვრია გრამფირფიტები ევროპელთათვის ნოსტალგიური, 30იან
წლებში
მეტად პოპულარული, გერმანული ჯაზის ძველი ჩანაწერებით, ვინც გამოცალა
ვისკის ბოთლი და სისხლიან ტუალეტში მძიმედ არწყევდა, მათ ჩივილები და
უზარმაზარ ორთქლის საყვირთა ხმაურები ესმოდათ ყურში,
ვინც მიქროდა წარსულის გზებზე ერთმანეთისკენ, ჯაბახანა მანქანების გოლგოთა
და ხილვა ციხის მარტოოობის, ბირმინჰემის ცხელი ჯაზის ინკარნაცია,
ვინც ამ ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორემდე სამ დღეღამეში
აღწევდა, რათა გაეგო,
ვინმეს, მე, შენ ან მას მარადისობის განსაჭვრეტად თუ ჰქონდა ხილვა,
ვინც გასწია დენვერისაკენ, ვინც იქ მოკვდა, ვინც დაბრუნდა დენვერში ამაო
ლოდინისათვის, ვინც იცავდა დენვერს და თან მისცემოდა სევდიან ფიქრებს, ვინც
მარტო იყო დენვერში და ბოლოს ისიც წავიდა, რათა შეემეცნა დროის არსი, და
დენვერი მივარდნილი ქალაქია ახლა უგმიროდ,
ვინც მუხლებზე ეცემოდა უსასოო ეკლესიებში და მოყვასის სულის ხსნისთვის,
სინათლისთვის და მკერდისთვის ლოცულობდა, სანამდე არ განათდებოდა
წამიერად მისი თმა სულით,
ვინც თავისი ცნობიერების სატუსაღო შეამსხვრია და ელოდა წარმოუდგენელ
ოქროსთმიან დამნაშავეებს რეალობის ხიბლით გულებში, რომ მღეროდნენ
უტკბილეს ბლუზებს ალკატრაზისთვის,
ვინც მიდიოდა მექსიკაში, კულტურული ჩვევები რომ დაენერგა ან როკი მაუნთში,
რომ ბუდასთვის თაყვანი ეცა ან ტანჟერში ბიჭებისთვის, ანდა სამხრეთ
პასიფიკში, ძველ, გამჭვარტლულ ლოკომოტივთან ან ჰარვარდში ნარცისისთვის,
ან ვუდლონში ზიზილებისთვის, ანდა საფლავთან,
ვინც სწორ განაჩენს საჭიროებდა, ბრალი დასდო ჰიპნოტიზმში რადიოს და ვინც
საკუთარ სიგიჟესთან, ხელებთან და ჩამომხრჩვალ ნაფიც მსაჯულებთან დატოვეს
მარტო,
ვინც კარტოფილის სალათს უშენდა დადაიზმის ნიუიორკელ
ლექტორებს და ამის
შემდეგ გადაპარსული კინკრიხოთი და თვითმკვლელის არლეკინური
მეტყველებით საგიჟეთის მარმარილოს კიბეებზე აღმოჩნდა და ლობოტომიას
მოითხოვდა დაუყოვნებლივ,
და ვინც ამის ნაცვლად მიიღო ინსულინის, მეტრაზოლის, ელექტრობის, ჰიდრო,
ფსიქო და შრომითი თერაპიის, პინგპონგის
ან ამნეზიის გაქვავებული ვაკუუმი,
ვინც ანთებულმა პროტესტის ჟინით ერთადერთი სიმბოლური პინგპონგის
მაგიდა ააყირავა და მცირეხნით ნერვულმა სპაზმამ მოჰგვარა შვება,
წლების შემდეგ კი ქაჩალი, სისხლის, ცრემლების და თითების პარიკიღა რომ
შერჩენოდა, შეშლილთა ხილულ ბედისწერას დაუბრუნდა აღმოსავლეთის
გადარეული ქალაქების ბნელ ციხეებში,
პილიგრიმების შტატის, როკლენდის, გრეისთოუნის მყრალი ჰოლები, კამათი
სულთა ექოებთან, სიყვარულის გაქვავებულ სამეფოებში მიტოვებულ
ძელსკამებზე შუაღამის მძიმე როკვა და კოშმარი სიცოცხლის სიზმრის,
ქვადქცეული სხეულები, მთვარესავით დამძიმებულნი,
და ბოლომდე ****** დედა, ფანტასტიკური ბოლო წიგნი, ნაქირავები ოთახის
ფანჯრიდან მოსროლილი და ბოლო კარი, დაკეტილი ოთხ საათზე გამთენიისას, და
ტელეფონი უკანასკნელი, პასუხის ნიშნად მინარცხებული კედელზე და ბოლო
ოთახი, პირწმინდად დაცლილი მენტალური ავეჯისაგან, ხელოვნური ყვითელი
ვარდი, დახვეული სახრჩობელას მავთულზე კლოზეტში და ისიც მხოლოდ
წარმოსახვაში, სულ არაფერი, ერთი ბეწო იმედისმომცემი მირაჟის გარდა ო,
კარლ, სანამ დაუცველი ხარ, დაუცველი ვარ მეც შენსავით და შენ ახლა დროის
ცხოველურ და ტოტალურ ბულიონში იმყოფები
და ვინც ამის გამო გარბოდა ყინულოვანი ქუჩებით და უკან სდევდა ალქიმიური
მოულოდნელი გასხივოსნება იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ელიფსის, საზომის,
კატალოგის და თვითმფრინავის ვიბრაციის გამოყენება,
ვინც ოცნებობდა და სურათხატთა
ზედდებით დროსა და სივრცეში ინკარნაციულ
რღვევებს ახდენდა, ვინც ჩაიჭირა ორ ხილვას შორის არქანგელოზი, შეაერთა
მარტივი ზმნები, არსებითი სახელები და ცნობიერების მისწრაფებები, ვინც
ხტუნავდა Pater Omnipotens Aeterna Deus შეგრძნებით,
რომ აღედგინა ადამიანის უბადრუკი ცხოვრების პროზის სინტაქსი და ზომა და
უტყვი, ინტელიგენტი დამდგარიყო შენს წინაშე სირცხვილისგან ათრთოლებული,
უარყოფილი, უსაშველო და შიშველ ჯოგში ეღიარა, რომ სული ფიქრის რიტმს
ემორჩილება,
შეშლილი ლოთი და ბიტნიკი ანგელოზი, დროში, უცნობნი, რომ ტოვებენ იმას, რაც
უნდა ითქვას მათი სიკვდილის შემდეგ
გარდასხეულდნენ და აღდგნენ ჯაზის მოჩვენებით სამოსელში და ბუკის
ჩრდილში, და ჩაჰბერეს ამერიკის შიშველი გონების სატანჯველისთვის,
სიყვარულისთვის საქსოფონის ტირილი eli eli lamma lamma sabacthani რაც
ქალაქებს უკანასკნელი რადიოს წინაშე აცახცახებს,
ამ ცხოვრების პოეზიის გადავსებულ გულთან ერთად, საკუთარი სხეულებიდან
რომ იჭრება და მისი ჭამა შეიძლება ათასი წელი.

II
ცემენტის და ალუმინის რომელმა სფინქსმა გააპო მათი თავის ქალა და ამოჭამა
მათი ტვინი და წარმოსახვები?
მოლოქი! მარტოობა! ჭუჭყი! სიმახინჯე! სანაგვე ურნები და მიუწვდომელი
დოლარები! ბავშვების წივილი კიბეების ქვეშ! ბიჭების ქვითინი სამხედრო
ნაწილებში! ბერიკაცების ტირილი პარკებში!
მოლოქი! მოლოქი! მოლოქის კოშმარი! მოლოქი უსიყვარულობის! ცნობიერების
მოლოქი! მოლოქი, სასტიკი მსაჯული კაცობრიობის!
მოლოქი, ამოუცნობი საპატიმრო! მოლოქი, გადაჯვარედინებული ძვლების
უსულგულო ჯურღმული და მწუხარების კონგრესი! მოლოქი, რომლის შენობები
განაჩენია! მოლოქი, ომის უშველებელი დოლაბი! მოლოქი, შეძრწუნებული
მთავრობები!
მოლოქი, რომლის გონება წმინდა მექანიზმია! მოლოქი, რომლის სისხლი ფულის
მიმოქცევაა! მოლოქი, რომლის თითები ათი არმიაა! მოლოქი, რომლის მკერდი
კაციჭამია დინამოა! მოლოქი, რომლის ყური მხრჩოლავი სამარეა!
მოლოქი, რომლის თვალები ათასი ბნელი ფანჯარაა! მოლოქი, რომლის
ცათამბჯენები გრძელ ქუჩებში დგანან მსგავსად მარადი იეღოვების! მოლოქი,
რომლის ფაბრიკები ოცნებობენ და ჩხავიან ნისლში! მოლოქი, რომლის
საკვამურები და ანტენები თავზე გვირგვინად ადგანან ქალაქს!
მოლოქი, რომლის სიყვარული ულევი ნავთობი და საშენი ქვაა! მოლოქი, რომლის
სული ელექტრობა და ბანკებია! მოლოქი, რომლის სიღატაკე გენიის აჩრდილია!
მოლოქი, რომლის ბედისწერა წყალბადის უსქესო ღრუბელია! მოლოქი, რომლის
სახელი გონებაა!
მოლოქი, რომელშიც მარტო ვარ! მოლოქი, რომელშიც ანგელოზები მელანდება!
შეშლილი მოლოქში! ყლისმწოველი მოლოქში! სიყვარულს და კაცს მოკლებული
მოლოქში!
მოლოქი, რომელმაც ადრევე შემოაღწია ჩემს სულში! მოლოქი, რომელშიც
ცნობიერება ვარ სხეულის გარეშე! მოლოქი, რომლის შიშით დამეკარგა ბუნებრივი
ექსტაზი! მოლოქი, რომელსაც ვტოვებ! გაიღვიძე მოლოქში! სინათლე იღვრება
ციდან!
მოლოქი! მოლოქი! Uუსულგულო ბინები! უხილავი გარეუბნები! ნეშტთა
საგანძურები! ბრმა დედაქალაქები! დემონური ინდუსტრია! მირაჟული ნაციები!
უძლეველი საგიჟეთები! გრანიტის ასოები! შემზარავი ბომბები!
მათ ზურგები გადაიტყავეს, რათა მოლოქი ცამდე აეყვანათ! ქვაფენილები, ხეები,
რადიოები, ბრბოები! ქალაქი, აყვანილი სამოთხემდე, რომელიც ყველგანაა ჩვენს
ირგვლივ!
ხილვები! წინათგრძნობები! ჰალუცინაციები! ამერიკულმა მდინარემ წაიღო!
ოცნებები! თაყვანისცემები! გასხივოსნებები! რელიგიები! სენტიმენტალური
მონაჩმახით დატვირთული ნავი!
გარღვევები! მდინარის გაღმა! დარტყმები და ჯვარზე გაკვრები! წყალმა წაიღო!
სიმაღლეები! ნათლისღებები! სასოწარკვეთილებები! ცხოველური ღრიალისა და
თვითმკვლელობების ათწლეულები! უჭკვიანესნი! ახალი სიყვარულები! ჭკუაზე
გადასული თაობა! დროის კლდეებზე დაილეწა!
ჭეშმარიტად წმინდა სიცილი მდინარიდან! მათ ყველაფერი ნახეს! ველური
თვალები! წმინდა წამოყვირებანი! ისინი დაემშვიდობნენ! მათ ისკუპეს
სახურავიდან! მარტოობისკენ! ხელის ქნევით! ყვავილებით! ქვემოთ,
მდინარისკენ! ქუჩაში!

III
კარლ სოლომონ! მე ვარ შენთან ერთად როკლენდში
იქ სადაც შენ შეშლილი ხარ ჩემზე უფრო მეტად
მე ვარ შენთან ერთად როკლენდში
იქ სადაც შენ თავს ძალიან უცხოდ გრძნობ
მე ვარ შენთან ერთად როკლენდში
იქ სადაც შენ ბაძავ დედაჩემის აჩრდილს
მე ვარ შენთან ერთად როკლენდში
იქ სადაც შენ საკუთარ თორმეტ მდივანს გამოღადრე ყელი
მე ვარ შენთან ერთად როკლენდში
იქ სადაც უხილავ ხუმრობებზე იცინი
მე ვარ შენთან ერთად როკლენდში
იქ სადაც მე და შენ ვართ ორი დიდი მწერალი ერთი შემზარავი საბეჭდი მანქანით
მე ვარ შენთან ერთად როკლენდში
იქ სადაც შენი ჯანმრთელობის შესახებ და რადიოთი იუწყებიან
მე ვარ შენთან ერთად როკლენდში
იქ სადაც თავის ქალა ვეღარ იტევს მგრძნობელობის ჭიებს
მე ვარ შენთან ერთად როკლენდში
იქ სადაც შენ სვამ რძიან ჩაის უტიკელი შინაბერების ძუძუებიდან
მე ვარ შენთან ერთად როკლენდში
იქ სადაც ერთობი შენი მომვლელების ბრონქსელი
ჰარპიების სხეულებზე
მე ვარ შენთან ერთად როკლენდში
იქ სადაც გიჟის ხალათმოცმული გაყვირი პინგპონგში
დამარცხების შემდეგ
უფსკრულის თავზე
მე ვარ შენთან ერთად როკლენდში
იქ სადაც ურახუნებ ნერვებაშლილ პიანინოს სული წმიდა და უკვდავია ის არ
უნდა დაიღუპოს ასე უღმერთოდ საიმედოდ გამაგრებულ საგიჟეთში
მე ვარ შენთან ერთად როკლენდში
იქ სადაც ხუთ ათეულზე მეტი შოკიც ვერასოდეს დააბრუნებს უდაბნოში
ჯვრისკენგზას დამდგარ შენს სულს სხეულში
მე ვარ შენთან ერთად როკლენდში
იქ სადაც ბრალს სდებ შენს ფსიქიატრებს სიგიჟეში და ფაშისტურნაცისტურ
გოლგოთას რომ შეებრძოლო სოციალისტური ებრაული რევოლუციის გეგმას აწყობ
მე ვარ შენთან ერთად როკლენდში
იქ სადაც უნდა გააპო ზეცა ლონგ აილენდის და ზეკაცის სამარიდან აღადგინო
მკვდრეთით იესო
მე ვარ შენთან ერთად როკლენდში
იქ სადაც ინტერნაციონალის ბოლო კუპლეტს ერთად მღერის შეშლილი
ოცდახუთიათასი ამხანაგი
მე ვარ შენთან ერთად როკლენდში
იქ სადაც მე და შენ ვეხვევით და ვკოცნით ზეწარქვეშ ამერიკის შეერთებულ
შტატებს რომელიც მთელი ღამე ახველებს და არ გვაძინებს
მე ვარ შენთან ერთად როკლენდში
იქ სადაც კომისგან გამოვყავართ ჩვენი სულების აეროპლანების გუგუნს ისინი
სახურავის თავზე ფრინავენ რათა ანგელოზური ბომბები ჩამოყარონ ჰოსპიტალი
ასხივებს მისი წარმოსახვითი კედლების ნგრევა ო გაძვალტყავებულთა
ლეგიონებო გაიქეცით სწრაფად გარეთ ო მოწყალების ვარსკვლავურად
მბრჭყვინავი შოკი აქ მარადიული ომია ო გამარჯვება შემოიძარცვეთ ტანისამოსი
ვართ ყველანი თავისუფლები
მე ვარ შენთან ერთად როკლენდში
ჩემს სიზმრებში სისხლი მდის წვეთწვეთ
კრუიზის შემდეგ ზღვიდან ბრუნდები
ავტოსტრადებით კვეთ ამერიკას ცრემლები გდის ჩემი ქოხის კარს უახლოვდები
დასავლეთის კუნაპეტ ღამით

სანფრანცისკო
1955 – 1956

თარგმნა შოთა იათაშვილმა

Vangogen • ვანგოგენი

Instagram