შეგონებები წარსულიდან #18 - ფრიდრიხ შილერი

მსოფლიო გამოჩენილ ადამიანთა აზრები და გამონათქვამები, აფორიზმები, ანდაზები და ხალხური თქმები, რომლებიც წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ „დამაკვირდის“ რუბრიკით.

***

მუზავ, რა ვიქნებოდი მე უშენოდ, არ ვიცი, მე მხოლოდ გული მტკივა, რომ ვხედავ - რანიც არიან უსენოდ ასნი და ათასნი.

***

გულსა გტკენს არა ხმამაღლი საყვედური, არამედ სამართლიანი.

***

ვაჟკაცობა იმისათვის გვაქვს, რომ ჩვენსას ვუპატრონოთ და სხვისას მოვერიდოთ.

***

რამდენჯერმე განმეორებული ცოდვა სირცხვილის გრძნობას აქვავებს.

***

ხშირად, ვითომდა სირცხვილის გამო, ადამიანი სამარცხვინო საქმეს სჩადის.

***

ცხოვრებამ და წარმატებამ უნდა შეიძინონ საუნჯენი კაცობრიობის გამოცდილებისა და გონებისა, ხოლო პოეზიის შემოქმედება ხალხმა უნდა მორთოს, შემოსოს მშვენიერებით და სიტურფით.

***

ძვირად მიღირს მეგობარი, მაგრამ მტერიც გამოსადეგია. მეგობრის თვალი ჩემს ნამოქმედარს დასდებს საფასურს. მტერი კი ჩემს მოვალეობას მიჩვენებს.

***

თუ შენ თავის დღეში არ გინახავს მშვენიერი ქალი სევდიანი და დაღონებული, ნუ იტყვი, მშვენიერება მინახავსო. თუ ქალის მშვენიერს სახეზე არ წაგიკითხავს სიხარული, ნუ იტყვი, სიხარული მინახავსო.

***

თუ შენ გაქვს რამე, გამიზიარე, ფასს მოგცემ, და თუ თვითონ შენ ხარ რამე, ჩემს სულსა და გულს გაგიზიარებ უსასყიდლოდ.

***

ამქვეყნად ორი გზა გაქვს გახსნილი - გზა იდეალის და სამარისაკენ. მაშ თავისუფლად და დროზე გადი პირველ გზაზე, ვიდრე ბედს მეორისაკენ არ წაუყვანიხარ.

***

ვაი იმას, ვინც დამპალს ლერწამს დაეყრდნობა.

***

კარგი სახელი - დიდი განძია.

***

დაკარგულ წუთს მთელი საუკუნეებიც ვეღარ დაგიბრუნებს.

***

თუ იმ კარგთან, რომელიც მე მინდა გავაკეთო, ახლოა ავი და ცუდი, სჯობს იგი კარგი არა ვქმნა.

***

სიტყვა ყოველთვის უფრო გამბედავია, ვიდრე საქმე.

***

მოსული მწუხარება უფრო ასატანია, ვიდრე მოსალოდნელი.

***

შუათანა ბუნებიანი კაცი თავის არსებობას იმით აღნიშნავს ხოლმე, რასაც იქმს, დიდბუნებიანი კი იმათ, რაც თვითონ არის თავისთავად.

***

საშინელი დასასრული სჯობს დაუსრულებელ შიშსა.

***

თუ შენი ცნობა გინდა, სხვის საქციელს დააკვირდი, თუ სხვისი - შენს გულში ჩაიხედე.

***

მალე დაიწყებს განვითარებას ის, ვინც დიდი ოსტატი უნდა გახდეს.

***

გაანაწილე ქუხილი მარცვლებად და იგი ბავშვთაც კი ნანინად მოესმის; ხოლო შეაერთე ეს მარცვლები ერთად და იმისი გრგვინვა ცის სამყაროსაც კი შეარყევს.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram