ორჰან ფამუქი - ჩემი უცნაური ფიქრები

რომანში „ჩემი უცნაური ფიქრები“ ორჰან ფამუქი კვლავ საყვარელი ქალაქის - სტამბოლის თემას უბრუნდება და მთავარი გმირის თავგადასავლის აღწერის ფონზე აცოცხლებს ქალაქის ცხოვრების თითქმის 40 წლის (1969-დან 2012-მდე) ისტორიას. მთავარი გმირი, მევლუდი, ანატოლიის უღარიბესი სოფლიდან 12 წლის ასაკში ჩამოდის სტამბოლში, რათა ამ ქალაქში ადგილი დაიმკვიდროს. მევლუდი ტრადიციულ თურქულ სასმელს, ბოზას ჰყიდის და სტამბოლის ქუჩების მესაიდუმლე ხდება...

***

„სამოქალაქო საზოგადოების ჭეშმარიტი ფუძემდებელი იყო ის პირველი ადამიანი, ვინც შემოღობა მიწა, თქვა, „აქაურობა ჩემია“ და მოძებნა საკმარისად გულუბრყვილო ადამიანები, რომლებმაც ეს დაიჯერეს“, - ჟან-ჟაკ რუსო, „მსჯელობანი ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმოშობისა და საფუძვლების შესახებ“

***

„ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების დასტურს მის ოფიციალურ პოზიციასა და ჩვენი მოქალქეების პირად შეხედულებას შორის არსებული განსხვავების სიღრმე წარმოადგენს“, - ჯელალ სალიქი, მწერალი

***

„წესი არ არის, გაათხოვო უმცროსი ქალიშვილი, უფროსი თუ შინ გიზის“, - შინასი, „პოეტის ქორწინება“

***

„გასაპარად მომზადებულ ქალს სახლში ისე ვერ დააკავებ, როგორც ტყუილს ენაზე და სისხლს - ძარღვებში“, - ჰეიშეჰირული ხალხური გამოთქმა

***

მევლუდს არასოდეს შეუწყვეტია საღამოობით სტამბოლის ქუჩებში ბოზას გაყიდვა. ეს საქმე განსაკუთრებით მოსწონდა, რადგანაც სწორედ ამ დროს მოსდიოდა თვეში ყველაზე უცნაური ფიქრები.

***

წინათ ქალის მოტაცების შემდეგ ოჯახები სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკიდებოდნენ ერთმანეთს, ზოგჯერ გაპარულებს კლავდნენ კიდეც, რასაც სისხლის აღება მოჰყვებოდა ხოლმე; ხანდახან გაქცეულებს ღამით გზა ებნეოდათ და პირდაპირ ხელში უვარდებოდნენ მდევარს.

***

„აი, თუნდაც ჩერქეზები ავიღოთ... დალევენ თუ არა ბოზას ქორწილში, ან დასაფლავებაზე, მაშინვე ერთმანეთის ჩეხას იწყებენ“, - მ.ლერმონტოვი, „ჩვენი დროის გმირი“

***

რა არის ბოზა... ეს გახლავთ სასიამოვნო სუნის, სქელი კონსისტენციის, მუქი ფერის, მცირე რაოდენობით ალკოჰოლის შემცველი ტრადიციული აზიური სასმელი, რომელიც ფეტვის საფუარით დამუშავების შედეგად მიიღება. სიცხეში ბოზა მალე მჟავდება და ფუჭდება, ამიტომ ოსმალეთის პერიოდის სტამბოლის სამიკიტნოებსა და მაღაზიებში მას მხოლოდ ზამთრობით ყიდდნენ. რესპუბლიკის დაარსების შემდეგ (1923 წლიდან) გერმანული ლუდხანების გავლენით სტამბოლში ბოზას მაღაზიები მალევე დაიხურა, თუმცა მევლუდისნაირი ქუჩის გამყიდველების წყალობით, ეს ტრადიციული სასმელი სტამბოლელებს მაინც არ მოჰკლებიათ. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ისინი, „ბოოოზაააას“ ძახილით, ზამთრის ცივ საღამოებში გამუდმებით დაიარებიან სტამბოლის მოკირწყლულ, ღარიბულ და მოუვლელ ქუჩებში და გარდასული საუკუნეების ლამაზ დღეებს გვახსენებენ.

***

კალათით ვაჭრობა სტამბოლისთვის ძველად იყო დამახასიათებელი, მაშინ, როდესაც საცხოვრებელ სახლებში ლიფტები არ იყო და ზარის დარეკვით კარის ავტომატურად გაღებაც შეუძლებელი გახლდათ. იმ დროს იშვიათად შენდებოდა ხუთ-ექვსსაერთულიანზე მაღალი შენობები. 1969 წელს, როდესაც მევლუდი მამასთან ერთად ქუჩა-ქუჩა მაწონს დაატარებდა, დიასახლისებს, ქვემოთ რომ არ ჩამოსულიყვნენ, ტროტუარებთან მუდმივად ჰქონდათ ჩამოშვებული ზანზალაკიანი კალათები, რითაც არა მარტო ბოზასა და მაწონს, არამედ ახლო-მახლო მაღაზიებიდან პროდუქტებსაც კი ეზიდებოდნენ. ზანზალაკის დანიშნულება უტელეფონო სახლებში ის გახლდათ, რომ გამყიდველისთვის ენიშნებინა, ზემოთ მყიდველი გელოდებაო. გამყიდველი კალათაში მაწონს ან ბოზას რომ ჩადებდა, მსუბუქად შეარხევდა მას და ზანზალაკიც აწკარუნდებოდა.

***

„გახსოვდეს, სტამბოლში სამი სახის სახლებია: 1. მორწმუნეების სახლები, რომლებიც კართან ფეხსაცმელებს იხდიან და ლოცულობენ კიდეც; 2. მდიდრების ევროპული ყაიდის სახლები, სადაც ფეხზე გაუხდელად შეგიძლია შესვლა; 3. ახალი მრავალსართულიანი კორპუსები, სადაც ორივე ტიპის ოჯახებს შეხვდები“.

***

ბოზა ოსმალების სასმელია და მაშინ მოიგონეს, როცა ალკოჰოიანი სასმელი აკრძალული იყო.

***

რესპუბლიკის დაარსების შედეგ - სამოცდაათი წლის წინ - ათათურქმა არყისა და ღვინის თავისუფალი გაყიდვა რომ შემოიღო, ბოზას წარმოებამ და გაყიდვამ აზრი დაკარგა.

***

ანკარაში რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ ათათურქი სტამბოლში ჩამოსულა და ტაქსიმზე, სასტუმრო „პარკ ოტელში“ გაჩერებულა... ერთ დღეს ფანჯარაში გაუხედავს და უგრძნია, რომ სტამბოლს მისთვის დამახასიათებელი ხმაური და მხიარულება აკლდა. თავისი ადიუტანტისთვის უკითხავს, რაშია საქმეო და ადიუტანტს ასე უპასუხია:

„თქვენო აღმატებულებავ, რადგან ევროპაში არ არის, თქვენ რომ არ გაბრაზებულიყავით, ქუჩის ვაჭრობა ავკრძალეთო“.

აი, ამაზე კი მართლა აღშფოთებულა ათათურქი და უბრძანებია:

„ქუჩის გამყიდველები ქუჩის ბულბულები არიან, რომლებიც სტამბოლს მხიარულებასა და ხიბლს ანიჭებენ. იცოდეთ, არ გაბედოთ და მათი საქმიანობა არ აკრძალოთ!“

მას შემდეგ სტამბოლში თავისუფლად შეიძლება ქუჩაში ვაჭრობა.

***

„მამაჩემი აკვნიდან მტრობით მკვებავდა“, - სტენდალი, „წითელი და შავი“

***

სამყაროს რომ ენა ჰქონდეს, ნეტავ რას გვეტყოდა?

***

რესპუბლიკა რომ დაარსდა, ათათურქის ბრძანების თანახმად, ყველას რაიმე გვარი უნდა აეღო.

***

კარგი განათლება მდიდარსა და ღარიბს შორის განსხვავებას სპობს.

***

მათ, ვინც ყველას დასცინის, არც ნამდვილი სიყვარული შეუძლიათ და არც ღმერთის სწამთ, რადგანაც პატივმოყვარეები არიან.

***

ყველაზე ძლიერ ის გვიყვარდება ადამიანებს, ვისაც არა თუ არ ვიცნობთ, არამედ საერთოდ არ გვინახავს.

***

„...გაოგნებული იყო ცხოვრებაში იმის კვალის აღმოჩენით, რაც დღემდე საკუთარი სულის სიბილწედ მიაჩნდა“, - ჯეიმს ჯოისი, „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“

***

სიყვარული ავადმყოფობაა, მისი წამალი კი, ქორწინებაა. მაგრამ ეს წამალი ქინაქინივით მწარეა, შენ კი მთელი ცხოვრება მისი მიღება, მაშინაც კი, როცა სიცხე დაგიწევს. შეიძლება ინანო კიდეც, მაგ წამალს თუ დალევ.

***

ჩემი უცნაური ფიქრები - რაც არ უნდა გავაკეთო, ამ სამყაროში თავს მაინც მარტოდ ვგრძნობ.

***

სტამბოლს ხომ დასასრული არა აქვს.

***

- მართლა ბედნიერი ხარ?.. ზოგჯერ ადამიანი რაღაც ილუზიებში ცხოვრობს, მაგრამ ისე არ ხდება, როგორც უნდა და ყველაფერი სხვანაირად მიდის... ის კი მაინც ჯიუტად გაიძახის, ბედნიერი ვარო.

- თუ კაცი ბედნიერი არ არის, რატომ იტყვის, ბედნიერი ვარო...

- იმიტომ, რომ რცხვენია... ან იმიტომ, რომ ამის აღიარება კდიევ უფრო უბედურს გახდის... თუმცა ეს შენ არ გეხება. რაიჰასთან ბედნიერი ხარ... მაგრამ ახლა შენ უნდა დამეხმარო, რომ მეც ბედნიერი ვიყო.

***

როცა ოჯახს ქალიშვილის გათხოვება ან ვაჟის დაქორწინება უნდა, შესაფერისი კანდიდატის ძებნას, პირველ რიგში, საკუთარ სოფელში, ნათესავებში, ქუჩასა და უბანში იწყებს. მაგრამ უბანში ყველამ ყველას ნაკლი იცის, ამიტომ თუ ქალიშვილი ახლომახლო საქმროს ვერ პოულობს, მეტი რაღა დარჩენია - ამბობს, იმას გავყვები, ვისაც არ ვიცნობო. ზოგიერთები ამას ისე წარმოადგენენ, ვითომც ეს მისწრაფება თავისუფლებისმოყვარე სულის კარნახი იყოს. ამიტომ, თუ გოგონა თავისუფლებაზე იწყებდა ლაპარაკს, ყურადღებით ვაკვირდებოდი, ნეტავ რა ნაკლი აქვს-მეთქი. ცხადია, გოგონების ოჯახებიც, ზუსტად იმავე მიზეზით, ცდილობდნენ, რამეში გამოვეტეხეთ და დაედგინათ, ჩვენ რა ნაკლი გვქონდა. სულეიმანს ვაფრთხილებდი, რომ ქალიშვილს, რომელმაც ნაცნობების წრეში ქმარი ვერ იშოვა, ან რამე ნაკლი აქვს, ან ძალიან ამბიციურია მეთქი.

***

არ შეიძლება კაცმა ისეთი ქალი შეირთოს, რომელიც საერთოდ ვერ შენიშნა.

***

თურქეთში წყვილების უმეტესობა ამ გზით ქორწინდება, მაგრამ რატომღაც ყველანი ისე იქცევიან, თითქოს მაჭანკლობით გათხოვება ძალიან სათაკილო რამ იყოს.

***

რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, არამუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული პირველი ქმედება 1942 წელს „ქონების გადასახადის“ დაწესება იყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობის მიერ შემოღებული უზარმაზარი გადასახადის გადახდა თარლაბაშის ღარიბ ქრისტიან მოსახლეობას, ცხადია, არ შეეძლო. გადაუხდელობის გამო სომეხი, ბერძენი, ასირიელი და ებრაელი მამაკაცები დააკავეს და აშქალეს შრომით ბანაკში გადაიყვანეს.

არაერთმა ბერძენმა, რომელთა წინაპრებიც საუკუნეების განმავლობაში აქ ცხოვრობდნენ, გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, მაღაზია თურქ შეგირდებს გადასცეს. ბევრი ფარმაცევტი, ავეჯის ხელოსანი და სხვა მოხვდა ბანაკებში, ხოლო ვინც ამას გადაურჩა, შიშით სახლიდან ვერ გამოდიოდა, რადგან ხალხს პირდაპირ ქუჩებში იჭერდნენ.

1955 წლის 6-7 სექტემბერს, საბერძნეთთან კვიპროსის კონფლიქტის დროს, როდესაც ხელკეტებით შეიარაღებული ბრბო დროშების ქნევით ეკლესიებსა და მაღაზიებს არბევდა, მღვდლებს დასდევდა და ქალებს აუპატიურებდა, ბერძნების დიდი ნაწილი საბერძნეთში გაიქცა, ისინი კი, ვინც მაშინ დარჩა, 1964 წელს, მთავრობის ახალი განკარგულების თანახმად, იძულებულნი გახდნენ, ოცდაოთხი საათის განმავლობაში დაეტოვებინათ საკუთარი სახლი და ქვეყანა.

***

ქალი ისევე ვერ აკონტროლებს საკუთარ ფიქრებს, როგორც სიზმრებს.

***

ისთიქლალის პროსპექტი მსუბუქი მანქანებისთვის დაიკეტა, მოძრაობდა მხოლოდ „ნოსტალგიად“ წოდებული ტრამვაი, გაიხსნა უცხოური მაღაზიები, რამაც აქაურობა ქუჩის გამყიდველებისთვის გამოუყენებელი გახადა.

***

ღამღამობით ქუჩებში ხანგრძლივი ხეტილია, უბრალოდ, მევლუდის სამუშაოს ნაწილი კი არა, მისი სულიერი მოთხოვნილება იყო, რომელიც მის გონებას, ფიქრებს და ოცნებებს განაგებდა.

***

მევლუდი ხვდებოდა, რომ ქალაქის ქუჩები, სადაც ბოზას ყიდდა, და სამყარო მის გონებაში - ერთი და იგივეა.

***

ქუჩაში ყოფნამ მიახვედრა, რომ ოცდაათი წლის ასაკის შემდეგ მამაკაცი მარტოხელა მგელი ხდება. თუ გაუმართლებს, ცხოვრების თანამგზავრად ღირსეული ძუ მგელი შეხვდება.

***

ქუჩაში მყოფის მარტოობის წამალი ისევ ქუჩაა.

***

„სამოთხეში არა აქვს მნიშვნელობა, განზრახვა გულიდან მოდის, თუ მას მხოლოდ ენა ამოთქვამს“, - იბნ ზერჰანი, „დაკარგული საიდუმლოების ფილოსოფია“

***

ისე, სიყვარული მაშინ არ არის ყველაზე ძლიერი, როცა უიმედოა?!

***

შეხედეთ ამ ადამიანებს, ათი მილიონი კაცი სტამბოლში იცით, რამ შეჰყარა? ლუკმა პურის ფულმა, ქვითრებმა და პროცენტებმა... მაგრამ თითოეული ეს ადამიანი ფეხზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის წყალობით დგას.

***

ყველა შავიზღვისპირელი მაფიასთან არის შეკრული.

***

ბევრ ქალს ნახავ, რომელიც ჩემსავით ნანობს, მუცელს რომ იშლიდა, მაგრამ მსოფლიოში ერთ დედასაც ვერ იპოვი, რომელსაც ენანოს, შვილი რატომ გავაჩინეო.

***

დაკრძალვაზე ქალების წასვლა აკრძალულია.

***

ხელზე ხუთი თითი გვაქვს და არც ერთი მათგანი ერთმანეთის ტოლი არ არის. ასეა ცხოვრებაშიც - ზოგი მდიდარია, ზოგი მეცნიერი, ზოგიერთი სამოთხეში ხვდება, ზოგიც - ჯოჯოხეთში.

***

ქალაქის ფარულ ცხოვრებას ჩვენი საიდუმლოებები უდევს საფუძვლად.

***

„სამწუხაროდ, ქალაქის იერსახე ადამიანის გულზე უფრო სწრაფად იცვლება“, - შარლ ბოდლერი, „გედი“

***

„მხოლოდ მაშინ შემიძლია ფიქრი, როცა დავდივარ. ვჩერდები თუ არა, ჩემი ფიქრებიც ჩერდებიან, ჩემი გონება ფეხებთან ერთად მუშაობს“, - ჟან-ჟაკ რუსო, „აღსარება“


მთარგმნელი - ეკა ახვლედიანი
გამომცემლობა „დიოგენე“, 2017წ.

ორჰან ფამუქი - "ჩემი უცნაური ფიქრების" შესახებ...

Vangogen • ვანგოგენი

Instagram