გენერალი გიორგი მაზნიაშვილი - მოგონებანი

სამხედრო განათლების მიღების შემდეგ, გიორგი მაზნიაშვილი რუსეთის არმიაში გენერლის წოდებამდე აღზევდა. გენერალ მაზნიაშვილს მეტად ტრაგიკული ბედი დაჰყვა. იგი მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, სადაც დაიჭრა და ლაზარეთში პირადად ნიკოლოზ II-ის ქალიშვილები უვლიდნენ. იბრძოდა პირველ მსოფლიო ომშიც. 1937 წლის რეპრესიებს ვერც გენერალი მაზნიაშვილი გადაურჩა, იგი დახვრიტეს. მისი საფლავი დღემდე უცნობია.

***

ტფილისში 1917 წლის სექტემბრის 20-ს ჩამოვედი. დასავლეთის ფრონტზე, სადაც მე ვიყავი, გამოვიდა ბრძანება, რომ ვისაც სურს, შეუძლია დაბრუნდეს სამშობლოში ეროვნული სამხედრო ნაწილების შედგენის მიზნით. ჩემთან ერთად ჩამოვიდა 60-მდე ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი. ჩვენ თავს მხნედ და იმედიანად ვგრძნობდით, ეროვნული სამხედრო ნაწილების შედგენაზე ვამყარებდით იმედებს. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ნაწილების შედგენას უკვე შეუდგნენ ჩვენში და ველოდი, რომ დღე-დღეზე მიმიწვევდნენ სამსახურში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქმე ისე არ იყო, როგორც მოველოდი.

***

მთავრობის წევრები მოდიოდნენ ბათუმში პოზიციების დასათვალიერებლად, მაგრამ, იმის მაგივრად, რომ აეხსნათ ჯარისკაცებისთვის რა ხიფათი მოელოდა საქართველოს, შეიარაღებული მტრის თვალწინ მართავდნენ განუწყვეტელ მიტინგებს და რევოლუციის მონაპოვარზე ელაპარაკებოდნენ. ეს თემა კარისკაცებს უკვე მობეზრებული ჰქონდათ. მთავრობის წევრთა გაუთავებელი სიტყვები მათზე აღარავითარ შთაბეჭდილებას არ ახდენდა.

[...]

ბრძოლა სერიოზულ ხასიათს იღებდა. დაიწყო ჭრილობებიდან სისხლის დენა, მაგრამ ჯარებში აღტყინება იმდენად ძლიერი გახლდათ, რომ გამარჯვება იოლი შესაძლებელი იყო.

მაგრამ... დილის 10 საათი იქნებოდა, რომ ჩემთან შტაბში მთავრობის მიერ გამოგზავნილი შიკრიკი მოვიდა და შემდეგი ბრძანება მომიტანა: „გენერალ მაზნიაშვილს. ჩვენს მთავრობასა და ოსმალეთის მთავრობას შორის დაიდო დროებითი ზავი. ამ ბრძანების მიღებისთანავე თქვენი პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროთ სამხედრო მოქმედება. ააფრიალეთ თეთრი დროშა, გაგზავნეთ პარლამენტიორები და აცნობეთ ეს ოსმალეთის სამხედრო უფრსოებს. აცნობეთ, რომ თუ ეს მათ ჯერ არ იციან, მათი მთავრობა მოკლე ხანში გამოუგზავნის ამგვარივე ბრძანებას. ჩხენკელი“.

შიკრიკმა ხელწერილი ჩამომართვა არა თუ იმის შესახებ, რომ ბრძანება ჩავიბარე, არამედ, რომელ საათზე და რომელ წუთზე გამომეცხადა იგი.

მეტი ჯანი არ იყო, ბრძანებას უნდა დავმორჩილებოდი.

[...]

დროებითი ზავის ჩამოგდების შემდეგ, როგორც ჩვენი, ისე მტრის ჯარები შეჩერდნენ დაჭერილ პოზიციებზე ომის განახლების მოლოდინში. ორივე მხარე პოზიციების გაუმჯობესებასა და გამაგრებას შეუდგა. ღამის სამ საათზე ჩემთან რონოდაში მოვიდა შიკრიკი მთავრობისგან და გადმომცა დეპეშა, რომელშიც მატყობინებდნენ, რომ ჩვენმა მთავრობამ პირობა შეკრა გერმანიასთან, რისი ძალითაც გერმანია არ მისცემს ნებას ოსმალეთს წინ წამოიწიოს. ამ დეპეშასთან ერთად ჩემს განკარგულებაში იგზავნებოდა გერმანიის ქვეითი ჯარის გუნდი ოფიცრის უფროსობით.

მე უნდა მიმეცა ნებართვა გერმანელი ოფიცრისათვის, გამოეკიდა მას გერმანიის ბაირაღი ჩოლოქის ხიდზე, აგრეთვე მისთვის საშუალება უნდა მიმეცა გადასულიყო ოსმალებთან და მათთვის გამოეცხადებინა, რომ ამ დღიდან საქართველოს ტერიტორია გერმანეთის ჯარების მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.

გამოგზავნილი გუნდი ნატანებში უნდა დარჩენილიყო. გერმანიის ბაირაღი უნდა აღმართულიყო აგრეთვე ნატანების სადგურზეც.

ამასთან, მატყობინებდნენ, რომ გერმანელების მეორე გუნდი იგზავნებოდა სადგურ სამტრედიაში წესის დასაცავად, როდესაც ფოთიდან ტფილისში გამოივლიდნენ გერმანიის სამხედრო ნაწილები.

ჩემს შეკითხვაზე - საიდან გაჩნდა ტფილისში გერმანეთის სამხედრო ნაწილები, შიკრიკმა მიპასუხა, რომ გერმანეთის რეგულარული ჯარების ჩამოსვლამდე ტფილისში შედგა ათასეული ადგილობრივად მცხოვრები და ტყვე გერმანელებისაგან. ამ ათასეულიდან ჩემს განკარგულებაში გამოიგზავნა თითო გუნდი ნატანებში და სამტრედიაში.

ბრძანების თანახმად, გერმანელ ოფიცერს ხელი შევუწყვე, რომ სისრულეში მოეყვანა დაკისრებული მოვალეობა და აგრეთვე მივეცი სადგომი სადგურში, სადაც მისი გუნდიც უნდა ყოფილიყო.

მეორე დღეს, დილით, ჩვენს პიზიციებზე ხიდთან და თვით ნატანების სადგურზეც გერმანეთის ბაირაღი ფრიალებდა. ჯარისკაცებმა რომ გამოიღვიძეს ფრიად განცვიფრდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: საიდან გაჩნდნენ ჩვენთან გერმანელი ჯარისკაცები და რად ფრიალებს სადგურზე მტრის ბაირაღიო?

***

1919 – 1920 წლებში ჯარში გაუქმდა „ჩინები“ დამსახურების მიხედვით. ახალი სისტემით უფროსს „ჩინი“ ეძლეოდა თანამდებობის მიხედვით, მაგრამ „პორუჩიკს“ თუ დანიშნავდნენ ლეგიონის უფროსად, მას ეწოდებოდა პოლკოვნიკი, მაგრამ თუ რაიმე მიზეზით ამ თანამდებობიდან გადააყენებდნენ, ის კარგავდა ამ წოდებას და იღებდა იმ წოდებას, რომელიც შეეფერებოდა მის ახალ თანამდებობას.


ამრიგად, ერთი და იგივე პირი, სულ მოკლე ხნის განმავლობაში, შესაძლოა გამხდარიყო პორუჩიკი, პოლკოვნიკი, გენერალი, ანდა უკუღმა დატრიალებულიყო. დღეს ის უფროსობდა ლეგიონს და ეწოდებოდა პოლკოვნიკი, ხვალ გადააყენებდნენ ლეგიონის უფროსობიდან, დანიშნავდნენ ასეულის ან ათასეულის უფროსად და უწოდებდნენ კაპიტანს ან მაიორს.

***

მთავრობა თავის შველაზე ფიქრობდა.

ყოველი მათგანი ცდილობდა მალე ჩაესხა გემში თავისი ოჯახი, შემდეგ შიგ თვითონაც კარგად მოწყობილიყო და უამრავი სიმდიდრით, რომელიც ქართველი ხალხის კუთვნილებას შეადგენდა, - წასულიყო საზღვარგარეთისაკენ.

საგულისხმო ის არის, რომ მთავრობის წევრნი თავისი ბატონობის ხანაში ყველა მიტინგზე და კრებაზე, ხალხს მუდამ არწმუნებდნენ, რომ ისინი რევოლუციის მონაპოვართა დასაცავად და ამ რევოლუციიდან გამომდინარე ლოზუნგების განსახორციელებლად, მუდამ ხალხთან იქნებიან, ხალხთან ერთად დაიხოცებიან და არასდროს მათ თავს არ დაანებებენ. მაგრამ არამც თუ თავი დაანებეს, თავიანთ ჯარსაც კი არ შეატყობინეს წასვლის შესახებ, მაგ. ლაშქარს, რომელიც იდგა საჯავახოს პოზიციაზე და რომელიც შედგებოდა ათი ათასი მებრძოლისაგან.

ეს ათი ათასი მებრძოლი მენშევიკურ ხელისუფლებას ხომ ბრმად იცავდა?

ამ ათი ათას მებრძოლს, მთავრობის წევრნი ხომ ეფიცებოდნენ, ან გავიმარჯვებთ, ან თქვენთან ერთად დავიხოცებითო. და ნუთუ არ იყვნენ ისინი ღირსი გაეგებინებინათ მათთვის წასვლის შესახებ?

რა მოხდა ბათუმში? რა შიშმა მოიცვა მთავრობა? მათ ხომ იმ ხანებში ისეთი ძლიერი ლაშქარი ჰყავდათ, რომელიც სამი წლის განმავლობაში არასოდეს ჰყოლიათ? გარდა იმ 10 000 ჯარისკაცისა, რომლებიც საჯავახოს ფრონტზე იდგა, ბათუმში კიდევ იყო 3000 მებრძოლი.

რატომ არ გაიგზავნა რაზმი მტრის დასახვედრად ხულოში ან აჭარისწყალზე? რად შეუშინდნენ ერთ მუჭა ოსმალებს და რად მისცეს ნება გადმოელახათ ჩვენი საზღვრები?

აი, კითხვები, რომელნიც თავში გვიტრიალებდა ყველას, მთავრობის გაქცევის მეორე დღეს.

გული სიმწრით გვეკუმშებოდა. ვხედავდით, რომ მოტყუებულნი დავრჩით ჩვენ.

ყველაზე მეტად ერთი კითხვა გვაწუხებდა: თუ მთავრობის წევრნი მართალნი იყვნენ, რატომ არ უნდა დარჩენილიყვნენ ჩვენთან და რატომ არ უნდა გაეზიარებინათ ჩვენთან ერთად დამარცხებულთა ბედი?!

მაგრამ, როგორც ჩანს, საკუთარი ტყავის გადარჩენის სურვილმა დასძლია მთავრობის წევრთა ყველა კეთილშობილი გრძნობა!

***

ბათუმის საბარგო სადგურში საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. ბოლოს, ვიღაცა მოვიდა და მითხრა, რომ მე მეძახიან ბათუმის სადგურთან ტელეფონით.

ვიფიქრე, ალბათ, ნავსადგურში ყველა გზა დაკავებულია მთავრობის მატარებლებით და სადგურის უფროსს უნდა ეს გარემოება მაცნობოს მეთქი, ამიტომ ტელეფონისკენ გავეშურე. შევეკითხე: ვინ მელაპარაკება? პასუხი: თქვენ გელაპარაკებათ სადგურიდან თენგიზ ჟღენტი, ბათუმის რევკომის წევრი.

მე საშინლად გავკვირდი. ვუპასუხე, რომ არამც თუ არ ვიცნობ იმას, ვინც მელაპარაკება, ისიც კი არ ვიცი, რა სიტყვაა რევკომი, რომ მე მსურს ველაპარაკო ჩემი მთავრობის ერთ-ერთ წევრს, ანდა მთავარსარდალს.

ამაზე მივიღე პასუხი: გენერალო, მე უნდა აგიხსნათ შემდეგი; თქვენი მთავრობა გაიქცა ბათუმიდან გემებით, ხოლო სანამ გაიქცეოდნენ, ციხიდან გაგვათავისუფლეს ჩვენ, ე.ი. ბოლშევიკები და წინადადება მოგვცეს შევადგინოთ დროებითი მთავრობა. აი, სწორედ ამ დროებით მთავრობას ეწოდება რევკომი, ე.ი. რევოლუციური კომიტეტი.

მე კვლავ გაკვირვებული ვიდექი და ვუთხარი: „მე თქვენი არა მჯერა! გთხოვთ, დაუყოვნებლივ შემაერთოთ მთავარსარდალთან. მანვე მომიგო: „მთავარსარდალი გაიქცა მთავრობასთან ერთად, თუ ესეც არ გჯერათ, ჰკითხეთ თქვენს გენერლებს, რომლებიც ამ წუთში აქ, ჩემთან არიან“. მე ვუთხარი: მოიხმეთ ტელეფონთან გენერალი ვარდენ წულუკიძე, თ. ჟღენტმა მიპასუხა, რომ ტელეფონი გადასცა ვარდენ წულუკიძეს.

- ვარდენ, შენა ხარ?
- მე ვარ.
- მართალია, რომ მთავრობა და მთავარსარდალი ბათუმიდან წავიდნენ?
- მართალია.
- რა განკარგულება გასცეს წასვლის დროს და მთავარსარდალმა ვინ დატოვა თავის მაგივრად?
- არავითარი განკარგულება მთავრობას არ გაუცია და მთავარსარდალს თავის მაგივრად არავინ დაუტოვებია. ჩვენ ყველა, ვინც არ მოვისურვეთ მთავრობასთან ერთად წასვლა, აქა ვართ სადგურზე და გთხოვთ, საჩქაროდ მოხვიდეთ.

გენ. ვარდენ წულუკიძესთან ლაპარაკის შემდეგ კიდევ ველაპარაკე ორ-სამ გენერალს, და, რადგანაც ყველანი ხმაზე ვიცანი და დავრწმუნდი, რომ გულწრფელად ლაპარაკობდნენ, ისევ თ.ჟღენტს მივმართე და ვუთხარი, რომ გადავწყვიტე მასთან მოსალაპარაკებლად მივიდე, მაგრამ ორთქლმავალი წამართვეს და ამიტომ არ შემიძლია მისვლა. თ.ჟღენტმა მიპასუხა, რომ სათანადო განკარგულებას გასცემს და მთხოვა, არ დავიგვიანო, რადგან ყველანი მელიან.

რამდენიმე წუთის შემდეგ, მე უკვე სადგურში ვიყავი. იქ თ.ჟღენტი შემხვდა და წამიყვანა ოთახში, სადაც თავმოყრილნი იყვნენ რევკომის თითქმის ყველა წევრი და ოცამდე ჩვენი გენერალი და ოფიცერი.

[...]

რევკომს ბჭობა უკვე გაემართა, ბათუმიდან ოსმალების განდევნის შესახებ იქ დამსწრე გენერლებთან და დაედგინათ ეს საქმე ჩემთვის დაეკისრებინათ. ე.ი. მეკისრნა ქართული ჯარების სარდლობა. ვიფიქრე: ცხადი იყო, ოსმალები თუ გამაგრდებოდნენ ბათუმში, შემდეგში ბათუმის უკან დასაბრუნებლად დაგვჭირდებოდა დიდი ომი, რასაც პატარა საქართველო ვეღარ შეძლებდა.

ვიცოდი, რომ ოსმალეთს რუსეთთან ჰქონდა კავშირი და რუსეთი ვერ ჩაებმებოდა საქართველოსა და ოსმალეთს შორის ატეხილ ომში.

ყველა ამ ფიქრმა ელვასავით გამირბინეს თვში, მე გადავწყვიტე, რადაც უნდა დაგვჯდომოდა, საბჭოთა ჯარების მოსვლამდე ოსმალები ბათუმის ოლქიდან უნდა გაგვედევნა.

მე მივმართე თ. ჟღენტს და ამხანაგებს მოკლე სიტყვით, სხვათა შორის ვთქვი, რომ ქართველი ოფიცრები წარსულში არ ეკედლებოდნენ პოლიტიკურ პარტიებს და არ ერეოდნენ მათ შორის ატეხილ უთახნმოებებში, ისინი ემსაურებოდნენ მხოლოდ სამშობლოს ინტერესებს და თუ საქართველოს ახალი ხელისუფლება ბოროტებად არ ჩაგვითვლის და სამშობლოსადმი სამსახურს მენშევიკების ბატონობის დროს და მოგვცემს გარანტიას, რომ არცერთი ჯარისკაცი, გენერლიდან მოყოლებული უბრალო მეომრამდე, უწინდელი სამსახურისათვის არ იქნება დასჯილი, მე მზადა ვარ განვაგრძო სამხედრო სამსახური და დღეიდან შევუდგები სამხედრო მოქმედებას ოსმალების წინააღმდეგ. ამასთან, გამოვთქვი იმედი, რომ ყველა იქ დამსწრე ჩემი თანამოსამსახურენი იზიარებენ ჩემს აზრს.

ყველა იქ დამსწრე ოფიცერმა დაადასტურა ჩემი აზრი.

თენგიზ ჟღენტმა რევკომის სახელით მიპასუხა, რომ არც ერთი ჯარისკაცი მენშევიკებთან სამსახურისთვის არავითრ სასჯელს არ მიიღებს, და რომ ამის შესახებ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უკვე გამოსცა მანიფესტი. დასასრულ, მოგვმართა ყველას შემდეგი სიტყვებით: „ამხანაგებო, ჩვენ, ბოლშევიკები, დაგიმტკიცებთ, რომ ჩვენ უფრო მეტად გვიყვარს საქართველო და მისი არმია, ვიდრე მენშევიკებს“.

[...]

20 მარტს, ბათუმში სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი, ამხ. შალვა ელიავა მოვიდა, რომელსაც დაწვრილებით მოხსენება წარვუდგინე სიტყვიერად ოსმალებთან ახლადდამთავრებული სამი დღის ბრძოლის შესახებ. შემდეგ მოვახსენე საჯავახოში და ბათუმში მყოფი ქართული ჯარის მდგომარეობა, მისი რიცხვი, შემადგენლობა, მოკაზმულობა, შეიარაღება და სხვა. სახალხო კომისარმა მოიმსინა ჩემი მოხსენება და მიბრძანა, მაშინვე გამეცა განკარგულება საქართველოს ჯარების დაშლის შესახებ.

სამსახურში უნდა დარჩენილიყვნენ მხოლოდ სავალდებული ვადის ჯარისკაცნი, ე.ი. ისინი, რომელთაც მიაღწიეს 21 და 22 წლის ხნოვანება. ამგვარი ჯარისკაცებისგან უნდა შემდგარიყო კადრები საქართველოს ცალკე წითელი დივიზიის შესადგენად, რუსეთსი წითელი არმიის მაგალითისა და შტატების მიხედვით.

ამასთან, სახალხო კომისარმა მითხრა, რომ ტფილისში უკვე შეუდგნენ ქართული წითელი ჯარების შექმნას და რომ ამ საქმეს ხელმძღვანელობს სამხედრო-საზღვაო კომისარიტის შტაბის უფროსი, ამხ. გაბაშვილი.

[...]

გავიდა კიდევ რამდენიმე დღე და ბათუმში ამხ. ს. ორჯონიკიძე ჩამოვიდა. პირველად მას სამხედრო კომისრის რონოდაში შევხვდი, როდესაც ამ უკანასკნელს მოხსენებას ვუკეთებდი, ამხ. ელიავამ წარმადგინა და უთხრა ჩემი ვინაობა, ამხ. ორჯონიკიძემ შემდეგი სიტყვებით მომმართა: „თქვენ იცით, რომ თქვენ კანონგარეშე იყავით გამოცხადებული და თქვენთან შეხვედრის დროს ყველა კომუნისტს ჰქონდა უფლება მოეკალით იქვე, ალაგობრივ, მაგრამ მხედველობაში ვიღებ თქვენს მოქმედებას ბათუმში გადატრიალების კრიტიკულ მომენტში და გეპატიებათ ყველა ბოროტმოქმედება, რომელიც თქვენ ჩაიდინეთ მენშევიკების ბატონობის დროს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.

უნდა გამოვტყდე, რომ ჩემს სიცოცხლეში, პირველად დავიბენი და ხმის ამოღება ვერ მოვახერხე. ვერ წარმომედგინა, როდის და რა ბოროტმოქმედების ჩადენა შემეძლო ვისიმე წინააღმდეგ. მე ხომ, როგორც ჯარისკაცი პატიოსნად და გულმოდგინედ ვემსახურებოდი ჩემს მთავრობას.

***

ციხეში ორ წელიწადნახევარი ტუსაღობის შემდეგ, 1923 წლის 20 მაისს, სამხედრო ცენტრის წევრებთან ერთად, სიკვდილით დასჯა მომისაჯეს, მაგრამ ეს განაჩენი საქართველოდან 5 წლის ვადით გაძევებით შემიცვალეს.

[...]

აი, ამონაწერი ამ განაჩენიდან:

„საქართველოს ს.ს.რ. საგანგებო კომისიამ განიხილა რა საქმე იმ პირებისა, რომელნიც დატუსაღებული არიან სამხედრო ცენტრის საქმისა და ბანდიტიზმის მოწყობის გამო და დაადგინა:

1. მაზნიაშვილს, გიორგი ივანეს ძეს, 51 წლის, ყოფილი აზნაური, ყოფილი გენერალი, 1921 წელს საქართველოს საგანგებო კომისიის მიერ გადაწყვეტილი ჰქონდა გამოსასწორებელ სახლში 5 წლის დატუსაღება კონტრრევოლუციონერობისათვის და შემდეგ გათავისუფლებული იყო ამნისტიის ძალით. გამოძიების დროს გამოირკვა, რომ მაზნიაშვილმა, სანამ საქართველოს საგანგებო კომისია მას დაატუსაღებდა, საქართველოს წითელი არმიის დივიზიის უფროსობის თანამდებობაზე ყოფნის დროს, მისცა თავისი თანხმობა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარ კომიტეტს, მიეღო თავის თავზე სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და როდესაც ციხიდან გათავისუფლდა, კავშირი ეჭირა სამხედრო ორგანიზაციასთან. დადგენლია. დაისაჯოს უმაღლესი სასჯელით. მაგრამ, რადგანაც მას დამსახურება მიუძღვის საქართველოში საბჭოთა გადატრიალების დროს, უმაღლესი სასჯელი შეეცვალოს საქართველოს საზღვრებიდან 5 წლით გაძევებით“ (გაზ. „ზარია ვოსტოკა“, 1923 წ. 25 მაისი).

[...]

თეირანში იმ დროს უცხოელისათვის სახელმწიფო სამსახურში ყოფნა შეუძლებელი იყო.

ოთხი თვის განმავლობაში ბევრი ვეცადე, ვის არ მივმართე, მაგრამ ჩემმა ცდამ უნაყოფოდ ჩაიარა.

ბევრი ფიქრისა და მწუხარების შემდეგ დეპეშით ა. ჩხენკელს მივმართე, რადგან სხვა ემიგრანტების მისამართები არ ვიცოდი. ჩხენკელს ვწერდი, რომ სპარსეთში ვიმყოფებოდი, სამსახური ვერ ვიშოვნე და გაჭირვებულ ყოფაში ვარ. ამასთან, ვთხოვდი, თუ შესაძლებელი იქნებოდა პარიზში გავეწვიე.

ბედმა გამიღიმა. 6 დღის შემდეგ პარიზიდან ვიზა და გზის ხარჯი, 322 ფრანკი მივიღე.

1923 წლის დეკემბრის დასაწყისში გავემგზავრე პარიზში ბაღდად-ბეირუთ-მარსელის ხაზით.

პარიზში მისვლისთანავე საქართველოს ყოფილ მთავრობასთან გამოვცხადდი.

როგორც ყოფილი მთავრობის წევრებმა, ისე მთლიანად ქართველების ემიგრაციამ საუკეთესოდ მიმიღო. დამინიშნეს პენსია 500 ფრანკი თვეში და ტანსაცმლისთვის 1200 ფრანკი მომცეს.

***

საფრანგეთში მოხსენება წავიკითხე საქართველოს მდგომარეობის შესახებ. ყოფილი მთავრობის წევრებმა მადლობა გამომიცხადეს ცნობებისათვის და რწმუნება დამიწყეს, რომ ახალ აჯანყებაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელიაო.

1924 წლის დასაწყისამდე პარიზის ემიგრანტების წრეებში საქართველოს აჯანყებაზე არავინ ფიქრობდა, ამიტომ არც ყოფილა არავითარი სხდომები, არც არავითარი გეგმების შედგენა-შემუშავება, როგორც ამას გაიძახოდნენ 1924 წლის აჯანყების ზოგიერთი მეთაური და რუსთაველის პროსპექტზე უსაქმოდ მოსიარულენი. ყოველ შემთხვევაში, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ არც მე და არც პარიზში მყოფი თვალსაჩინო მხედარი-ემიგრანტი ამგვარ კრებებს და აჯანყებებს რაიმე გეგმის შემუშავებას არ დავსწრებივართ.

ემიგრანტების უმეტესი ნაწილი ჩემი აზრისა იყო, რომ ყოველგვარი სეპარატისტული აჯანყება მარცხით დამთავრდებოდა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ საფრანგეთის სამხედრო სამინისტროც წინააღმდეგი იყო და ინგლისის მთავრობის მეთაური მაკდონალდიც, რომელმაც, სხვათა შორის, პარლამენტის წევრების შეკითხვაზე განაცხადა, რომ ის ცნობს დამოუკიდებელ საქართველოს და მის ამჟამად არსებულ მთავრობას, მაგრამ როგორც რუსეთის მოკავშირეს.

გერმანეთი იმჟამად ისეთ გაჭირვებულ პირობებში იყო, რომ მას არ შეეძლო რაიმე დახმარება გაწეია ჩვენთვის, ხოლო რაც შეეხება რუსეთის მონარქიულ ორგანიზაციებს, რომელთაც ვხვდებოდი საქართველოს ყოფილი მთავრობის დავალებით, ისინი სავსებით იზიარებდნენ ჩემს აზრს, რომ საქართველოს სეპარატისტულად გამოსვლა უაზრო და უნაყოფოა, და მეგობრულად მირჩევდნენ, დამერწმუნებინა ყოფილი მთავრობის წევრები, არამც და არამც არ გადაედგათ ამგვარი ნაბიჯი.

მაგალითისათვის ერთ-ერთ ფაქტს მოვიყვან.

რუსეთის ერთ-ერთ მონარქიულ ორგანიზაციასაც ივლისის დასაწყისში მიეღო ცნობა, რომ ხოფიდან საქართველოს ნავსადგურების მიმართულებით გაიგზავნა ორი ნავი იარაღით. ერთი ნავი გზაში დაიჭირეს, ხოლო მეორემ მიაღწია დანიშნულ ალაგს და იარაღი გადაიტვირთა.

დამიბარა ამ ორგანიზაციამ, მიამბეს ეს ამბავი, გამაფრთხილეს, რომ მათი ცნობებით „ქართველები ამოძრავდნენ“ და მთხოვეს გადამეცა ეს ცნობები ჩვენი მთავრობისათვის და აგრეთვე მათი გულწრფელი თხოვნა, არ ჩაგვედინა ასეთი საქმე და არ ამოგვეჟლიტა ერი.

იმ წუთშივე მივედი მთავრობის წევრებთან. ჩხენკელსა და რამიშვილს, რომლებიც იმ დროს იქ იყვნენ, ვაცნობე ეს ამბავი და ვკითხე, მართალი იყო ეს თუ არა? ორივემ ერთხმად მიპასუხეს, რომ ამის შესახებ მათ არაფერი იციან, რომ არავითარი იარაღი მათ არ გაუგზავნიათ და ამასთან დამარწმუნეს, რომ ეს ცნობები ძველია და ისინი 1922 და 1923 წლებს ეკუთვნოდა.

რის აჯანყება, რა იარაღის გაგზავნაო - მითხრეს ერთხმად, - სად არის ამისთვის ფული? ჩვენ ისე ვართ გაჭირვებუნი, რომ აღარ ვიცით, შემდეგ თვეში ჯამაგირები როგორ დავარიგოთო.

***

ჩემთვის ახლა უკვე ცხადი იყო, რომ ჩვენ, უპარტიო ხალხი, რომელთაც ხშირად გვიხდება სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულება, მმართველი პარტიის ხელში ვემსგავსებით სათამაშოს, რომელსაც პარტიის რომელიმე წევრი თავის სურვილისამებრ ათამაშებს, ყოველგვარ ექსპერიმენტებს აკეთებინებს და არაფერს ანგარიშს არ უწევს, რადგან არსაიდან დასჯას არ მოელის.

***

ორი წლის განმავლობაში თვალ-ყურს ვადევნებდი მენშევიკების პოლიტიკურ მუშაობას, ბევრს წვალობდნენ და ჩალიჩობდნენ, მაგრამ ცხადი იყო, რომ ევროპის არც ერთი სახლემწიფო ხელსაც არ გაანძრევდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი მთავრობის ინტერესების დასაცავად.

მაგალითად, ინლისი და საფრანგეთი ჩვენ აშკარად გვაგრძნობინებდნენ, რომ საქართველოს საკითხი შეადგენს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის შინაურ საქმეს, რადგან საქართველო შედის ამ კავშირში, როგორც სრულუფლებიანი სახელმწიფო.

მენშევიკები მაინც არ ცხრებოდნენ.

მე კი სრულიად დავკარგე იმედი და რწმენა მენშევიკური პარტიის ლიდერებისა, სამხედრო კაცის მთელი ძალა კი ამ ორ ფაქტორშია.

ამ პირობებში ემიგრაციაში ცხოვრება ჩემთვის დღითიდღე უფრო მძიმდებოდა. ჩემი ფიზიკური არსებობის ერთადერთი სახსარი ხუთას ფრანკიანი რენტა იყო, რომელსაც ყოფილი მთავრობისაგან ვიღებდი.

ამ ფულზე უარის თქმა ჩემთვის, უხელო ადამიანისათვის, შიმშილით სიკვდილს ნიშნავდა.

მეორე მხრივ, ამ რენტის მიღება იმის შემდეგ, რაც იმედი დავკარგე მთავრობის წევრების ნაყოფიერი მუშაობისა, ჩემთვის უხერხული გახლდათ.

აი, ამ გაჭირვებამ და ჩემი პიროვნებისა და პატიოსნების აბუჩად აგდებამ მაიძულა საბჭოთა მთავრობისათვის მიმემართა, შეემოკლებინათ ჩემი გაძევების ვადა, და, როდესაც ნებართვა მივიღე, გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი სამშობლოში, შევერთებოდი ჩემს ორ მილიონ მოძმეს და მათთან ერთად გამეზიარებინა ბედნეირებაცა და უბედურებაც, და აგრეთვე, ხმამაღლა მეთქვა ყველა ქართველის გასაგონად, რომ რამიშვილისა და მისი დამქაშების ავანტიურასა და დონკიხოტობაში არავითარი წილი არ მიდევს.

გამომცელობა „ოჩოპინტრე“, 2014წ.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram