შეგონებები წარსულიდან #5 - გოეთე

მსოფლიო გამოჩენილ ადამიანთა აზრები და გამონათქვამები, აფორიზმები, ანდაზები და ხალხური თქმები, რომლებიც წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ „დამაკვირდის“ რუბრიკით.

***

შექსპირმა თავის თხზულებათა ვერცხლის თასში ჩააწყო ოქროს ვაშლები თავისი იდეების; როცა ჩვენ, გერმანელები, ვიკვლევთ მისს თხზულებათ, მალე ხელთ ვიგდებთ ხოლმე ვერცხლის თასს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ოქროს ვაშლების მაგიერ თასში ჩავაწყოთ ჩვენი გერმანული კარტოფილი.

***

უვარგისი სიცოცხლე ადრეული სიკვდილია.

***

ყველაზე დიდი დაბრკოლება იქ დაგვხვდება ხოლმე, სადაც ყველაზე ნაკლებ მოველოდით.

***

მხოლოდ ჭეშმარიტებაშია სიბრძნე.

***

ვინც პირველ ღილს ცუდად შეიკრავს, იმას მთელი შესაკრავი ღილები აერევ-დაერევა.

***

ადამიანი თავის თავს ცნობს არა გონების თვალით, არამედ გამოცდილებით, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა შეუდგება მოვალეობის აღსრულებას.

***

დაფნის გვირგვინი უფრო ნიშანია წამების, ვიდრე ბედნიერების.

***

თუ დილა არ გვაღვიძებდეს ახალი სიამოვნებისთვის და საღამო არა-რა იმედს გულში არ გვიტოვებდეს, - ტანისამოსის ჩაცმა და გახდა შრომადაც არ ეღირებოდა.

***

სრული ბედნიერების დროს თითოეული დღე მთლი სიცოცხლეა.

***

ვისაც პოეტის ხმა გულს არ აუძგერებს, ბარბაროსია. 

***

ვისაც აქვს რაიმე ქონება, ხმალიც ხელთ უნდა ეპყრას.

***

ახალგაზრდობას უფრო წაქეზება უყვარს, ვიდრე სწავლა და დარიგება.

***

თუ ადამიანმა კარგად შეიგნო თავისი ნაკლნი, იგი უნაკლო ადამიანთ ძალიან დაახლოებია.

***

ადამიანს უნდა სწამდეს, რომ მიუწვდომელიც კი შეიძლება გამოკვლელ იქნას; უამისოდ იგი კვლევა-ძიებას სრულიად თავს დაანებებს.

***

თუ იცი ვის ენდო და ერწმუნო, ცხოვრებას მიენდე: იგი ყველა ბრძენსა და წიგნზე უკეთესად გასწავლის.

***

ვინც არეულ დროს თვითონვე გულით ყოყმანობს, იგი ბოროტს ამრავლებს და შეძლებას აძლევს გაძლიერებისა, ხოლო ვინც სულით მტკიცეა და შეურყეველი, იგი საკუთარ ქვეყანას იშენებს.

***

დიდის ამბით და დღესასწაულით არც ერთ საქმეს არ უნდა შეუდგეთ; დღესასწაულით უნდა საქმის დამთავრება იუქმოთ.

***

საშიშია ის, ვისაც დასაკარგი არა აქვს-რა.

***

სალამურში მარტო ჩაბერვა კი არ კმარა - საჭიროა თითების ხმარებაც იცოდეს დამკვრელმა.

***

საუკეთესო დედა ის არის, რომელიც შვილებს მამის მაგივრობას გაუწევს, როდესაც ისინი დაობლდებიან.

***

გულს შეუძლია მწუხარება ხმაამოუღებლად ატაროს, სიხარულს კი ხმაამოუღებლად ვერ აიტანს.

***

სადაც უნდა მოგვისწროს სიყვარულმა, იგი სხვა არა არის რა, თუ არა გაბედული ნაბიჯი, და შემთხვევასაც დიდი ადგილი უჭირავს ამ საქმეში.

***

სიცოცხლემ ხოლდო მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.

***

პირველი სიყვარულისთანა მშვენიერ გრძნობას გული ვერასოდეს გამოცდის.

***

მხდალიც იმუქრება, როდესაც შიში არაფრისა აქვს.

***

ადამიანი, რომელიც წვრილმანებისათვის ზრუნავს, სთესს ცუდმედიდურებას და მკის სასოწარკვეთილებას.

***

ადამიანი იმას აქებს, ვისიც სწორ და ტოლად თავისი თავი მიაჩნია.

***

ჯერ არც ერთი ცოდვა არ შემხვედრია, რომ სესაფერ გარემოებაში მეც არ ჩავიდინო.

***

ძლიერია კანონი, ხოლო გაჭირვება კანონზედ უძლიერესია.

***

ახალი ჭეშმარიტებისათვის საშიში ისე არა არის რა, როგორც დაძველებული.

***

პირველი ნიშანი გენიოსობისა ის არის, რომ იგი ჭეშმარიტებას არ გადასცდეს.

***

ვინც ეძებს ჭეშმარიტებას - ჭკვიანია, ვისაც ჰგონია ვიპოვეო - სულელია.

***

სულელები და ჭკვიანები ერთნაირად უვნებელნი არიან; ძნელად ასატანი არიან მხოლოდ ნახევრად სულელნი და ნახევრად ჭკვიანნი.

***

ადამიანის თვისებაა ჰკიცხოს ყოველივე ის, რისი უნარიც თვითონ არა აქვს.

***

მხოლოდ კანონი ანიჭებს ადამიანს თავისუფლებას.

***

მყუდროებაში ყოველი ნიჭი მწიფდება, ხასიათი კი ცხოვრების ზღვის ბობოქრობაში განმტკიცდება.

***

რომელი ბატონობაა ყველაზე უკეთესი? იგი, რომელიც გვასწავლის საკუთარ ფეხზე დგომას.

***

კაცი, რომელმაც თავისი თავის იმედი დაჰკარგა, აუცილებლად ბოლოს თავის ღონესაც დაჰკარგავს.

***

პატიოსან მოქალაქეს, რომელცი საზრდოობს თავისი პატიოსანი შრომისა და მეცადინეობის ნაყოფით, ყველგან იმდენი თავისუფლება ექნება, რამდენიც მისთვის არის საჭირო.

***

რაც უნდა ბევრი ნაკლოვანება ჰქონდეს, ადამიანი მაინც ყველაფრით ღირსეული არსებაა ამ ქვეყნად.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram