როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს ძველ თბილისში

XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ზველი თბილისი, თავისი განუყრელი პერსონაჟებით, სხვადასხვა რჯულისა თუ ეროვნების მოსახლეობით, ადათებითა და წეს-ჩვეულებებით, ღია ცის ქვეშ გაშლილ დიდ თეატრს მოგაგნებდათ.

ძველი თბილისის ქუჩაბანდებში შეგეძლოთ გენახათ ყოჩების ჭიდილი, მამლების ძიძგილაობა, ყეენობა, მზითვის ჩვენება, ამქართა სადღესასწაულო სვლა, ყარაჩოხელთა ქეიფი, ლოყებდაბერილი მედუდუკეები, არღანზე მოქეიფე კინტოები, მექელეხეები, კრივი, ქართული ჭიდაობა, წრე-ლახტი, ჩილიკა-ჯოხი და კიდევ მრავალგვარი სანახაობა.

გარდა ამისა, ქალაქელთა ყოფაში დიდი ადგილი ეკავა საეკლესიო დღესასწაულებს: „წყალკურთხევას“, „კვირაცხოვლობას“, „მამადავითობას“, „ბარბარობას“, „თელეთობას“, „სიონობას“, „ანჩისხატობას“ და მრავალ სხვას.

წლის პირველი დიდი დღესასწაული, რომელსაც ერთნაირად სცემდა პატივს ყველა, ახალი წელი იყო, ვინაიდან ახალი წელი იყო სიკეთის, ბარაქის, იმედის მომცემი წელი.

ახალი წლის დადგომამდე, რამდენიმე დღით ადრე, ოჯახის დიასახლისი იწყებდა სახლის საგულდაგულოდ დალაგება-დასუფთავებას - იხვეტებოდა ოთახები, იბერტყებოდა ფერად-ფერადი ნოხები და ფარდაგები; მზადდებოდა ნაირ-ნაირი პირის ჩასაკოკლოზინებელი ტკბილეული და ნამცხვარი, და რაც მთავარია, გოზინაყი.

ახალი წლის წინადღეს, 31 დეკემბერს, არ იყო ოჯახი, რომელიც გოზინაყისთვის წვრილად არ ჭრიდა ნიგოზს, ანდა ნუშს. დაჭრილ ნიგოზს ჯერ ცეცხლზე მოხალავდნენ, შემდეგ კი ადუღებულ თაფლთან ერთად მოხარშავდნენ. ცხელი ნიგვზის ფაფას ცივი წყლით დასველებულ, საგანგებოდ დამზადებულ ფიცარზე, ანდა სინზე მოასხამდნენ და გააბრტყელებდნენ. გაციების შემდეგ გოზინაყს ჭრიდნენ სამკუთხედის ანდა რომბის ფორმის პატარ-პატარა ნაჭრებად.

ქართველები, გოზინაყთან ერთად, ამზადებდნენ ანთროპომორზული ფორმის ადამიანის გამოსახულების მქონე ნამცხვარს - ბასილას, რომელიც ქრისტიანულმა რელიგიამ წმინდა ვასილ დიდს დაუკავშირა. ცხვებოდა აგრეთვე სხვადასხვა ფორმის ნამცხვარი, რომელთაც ბედნიერების მოტანის ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული.

ბედნიერების მომტან ნამცხვარს აყრიდნენ ქიშმიშს. ცხობის პროცესში ცომი კარგად უნდა გაფუებულიყო და აწეულიყო. ცომის დაცემა ცუდის მომასწავებელი იყო.

ახალი წლის დადგომის წინ ძველ თბილისში ისეთი თოფების სროლა და ყიჟინა ატყდებოდა ხოლმე, რომ, თუ არა სადღესასწაულოდ განათებული ქალაქი, კაცს მტრის შემოსევა ეგონებოდა.

ახალი წლის დადგომისას ოჯახის დიასახლისი ტაბლაზე დადგამდა მურაბით, გოზინაყით, ნამცხვრებითა ხილით სავსე სინს და ტაბლას გარშემო წმინდა სანთლებს დაუნთებდა.

გათენებისას ოჯახის უფროსი გარეთ გადიოდა და ნაკოდალი (შეშის ნაჭერი), ანდა მუგუზალი შემოჰქონდა. შემდეგ მუგუზალს ბუხართან ან კერიასთან მიიტანდა და ძირს დარტყმით უამრავ ნაპერწკალს გააყრევინებდა, თან გაიძახოდა: ამდენი ოქრო, ხორბალი, პურიო და ა.შ. იღებდა ჯიბიდან ხორბალს და ოთახის ყოველ კუთხეში აბნევდა, რათა ოჯახს ბარაქა და ხორაგი არ მოკლებოდა. თაფლში ამოვლებულ პურს აჭმევდა ოჯახის თითოეულ წევრს, ასე ტკბილად დამიბერდითო.

ახალი წლის ცერემონიალში დიდი ადგილი ეკავა ოჯახის მეკვლეს, რომლის „ფეხზეც“ იყო დამოკიდებული ოჯახის ბედნიერება თუ უბედურება. როგორც წესი, ოჯახი წინასწარ ირჩევდა სასურველ მეკვლეს. მეკვლე არჩეულ ოჯახში ადრე უნდა მისულიყო, რომ მისთვის სხვას არ დაესწრო. ზღურბლზე გადააბიჯებდა თუ არა, უნდა წარმოეთქვა:

შემოვდგი ფეხი.
გწყალობდეთ ღმერთი,
ფეხი ჩემი
კვალი ანგელოზისა.

შემდეგ გადაკოცნიდა ოჯახის თითოეულ წევრს, ტკბილის მიწოდებით „დააბერებდა“ და ა.შ.

მთელი დღე ქალაქში დუდუკის, ზურნის და არღნის ხმა ისმოდა.

აი, როგორ ილოცებოდა მეკვლე ერთი ხალხური ლექსის მიხედვით:

ხელში ორ ჭიქას ავიღებ,
ვილოცებოდე ღვინითა,
ყველა კარგად დაესწარით
მრავალ ახალ წელს დილითა.
ნათლიმამა თან მოგდევდეს,
თაფლი მოჰქონდეს ქილითა,
ხურჯინი სავსე მოჰქონდეს
ჩურჩხელითა და ხილითა.
დილითვე არაყს მიირთმევთ,
ხილსაც მოგართმევთ სინითა,
ეს ჭიქა დიდი ყოფილა,
მეც ხომ ვითვრები ღვინითა,
როცა ძაან დავითვრები,
გვიან ავდგები დილითა.
თქვენი კოდები ყოფილა
სავსე წმინდა ფქვილითა;
თქვენი ქვევრები ყოფილა
სავსე წითელი ღვინითა...

ახალ წელს ქალების ოჯახიდან გასვლა აკრძალული იყო. ისინი შინ უნდა მსხდარიყვნენ და სტუმრები მიეღოთ.

თეიმურაზ ბერიძე - „ძველი თბილისის სურათები“

Vangogen • ვანგოგენი

Instagram