ილია ორბელიანი - რვა თვე შამილის ტყვეობაში

ილია ორბელიანის სათავგადასავლო თხზულების სრული ხელნაწერი აღმოჩნდა ქალაქ ლენინგრადში, მ.ს. ვორონცოვის არქივში. მანამდე კი ცნობილი იყო ამ ნაწარმოების მხოლოდ ერთი თავი, რომელიც 1849 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „კავკაზში“. ნაწარმოების ეს ფრაგმენტი ჯერ ე. ვერდერევსკიმ შეიტანა თავის 1857 წელს გამოცემულ წიგნში „Плен у Шамиля“, ხოლო იქიდან ქართულად თარგმნა გიორგი ლეონიძემ („ლიტ. მატიანე“, 1940 წ. წიგნი 1-2).

***

ილია ორბელიანის დატყვევების შესახებ იმდროინდელ პრესაში, განსაკუთრებით კი გაზეთ „კავკაზში“ არაერთი ცნობაა გამოქვეყნებული. საინტერესო ცნობებს შეიცავს ამაზე ილია ორბელიანის დისწულის, ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი, რომელიც 1842 წლის 2 მაისით თარიღდება:

„საყვარელო ძმაო გრიგოლ! - წერს ნ. ბარათაშვილი, - ილია მართლა ტყვეთ არის შამილთან! ეს ამბავი ადრევე მინდოდა მომეწერა შენთვის, მაგრამ ჯერ კიდევ ყველას იმედი გვქონდა, რომ ან ეს ხმა ტყუილი იქნებოდა, ან ყაზიყუმუხელები შეინახავდნენ დამშვიდებამდე. ფეზეს ოფიციალური მოხსენებიდან ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი ადიუტანტი, თავადი ორბელიანი, 20 მარტს გაგზავნილი იყო მინდობილობით ანდალალში და რომ ის იქ ტყვედ წაიყვანეს“.

„ილიკოს თან ჰყოლია ოცი, სულ დაწკეპილი ყმაწვილი ბიჭები, ავარიელები, ახმეტ ხანისგან გამოტანებულები; შამილს ოცისავესთვის ილიას თვალწინ თავები დაუყრევინებია“.

ილია ორბელიანის და შამილის დიალოგის შესახებ ნიკოლოზ ბარათაშვილი წერს:

„შამილ, როგორ ეკადრება შენს სახელს მაგისთანა უწყალოება! თუ გინდა მაგით შეაშინო ვინმე, ვინ უნდა შეაშინო? ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ჭეშმარიტად ახლა მეც სიკვდილი მირჩევნია შენს ხელში ყოფნასო“.

გრიგოლ ორბელიანისადმი გაგზავნილ ამ წერილში ნიკოლოზ ბარათაშვილი „მერანის“ შექმნის შესახებაც საუბრობს. „აი, რას ფიქრობს პოეტი ილიკოს შესახებო“ და უგზავნის რა გრიგოლ ორბელიანს თავისი „მერანის“ ხელნაწერს, დასძენს:

„არ ვიცი, ეს ლექსები როგორ მოგეწონება. აქ კი ბევრი ცრემლი, ტყუილი და მართალი, დაინთხა ამის წაკითხვაზე, იმიტომ, რომ ამას ამბობს ილია ტყვეობაში და არა მე. ილიას დაჭერა რომ შევიტყვე, სწორე გითხრა, ძალიან შევწუხდი, ისე, რომ სამი დღე გაბრუებული ვიყავ ათასის სხვადასხვა უცნაურის ფიქრებით და სურვილით და რომ ეკითხათ კი ჩემთვის, მეც არ ვიცოდი, რა მინდოდა. ბოლოს, მესამე დღეს, ეს ლექსები დავწერე და თითქოს ამან რაღაც შვება მომცა. ვცდილობ, რომ ილიკოს როგორმე მივაწვდინო; ვიცი, გულში ჩაიცინებს და არ იქნება, მით არა ენუგეშოს რა“.

***

1845 წელს ილია ორბელიანი ელიზავეტპოლის მაზრაში გადაიყვანეს განსაკუთრებულ დავალებატა შესასრულებლად. ელიზავეტპოლში (განჯა) მაზრის უფროსად ყოფნის დროს, ილია ორბელიანს საშუალება მიეცა ერთი წლის წინათ (1845 წ. 9 ოქტომბერი) გარდაცვლილი და განჯის ციხის რუსული ეკლესიის გალავანში დაკრძალული თავისი დისწულის, პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ქვა დაედო.

***

რვა თვე შამილის ტვეობაში

ხარო, რომელიც ბნელ დილეგად გადაგვეშალა, სიღრმით ერთი საჟენი იქნებოდა და ნახევარი საჟენი სიგანე, ასე რომ, დასაძინებლად რომ ვწვებოდით, იძულებული ვიყავით ერთმანეთზე ფეხები დაგვეწყო. ჰაერი მხოლოდ მაღლიდან ჩამოდიოდა, საიდანაც ჩვენ ჩამოგვიშვეს. საღამოობით ჩვენს დილეგს სახურავით ჰკეტავდნენ. თვითონ ხაროს თავი გადახურული იყო საყარაულო ფარდულით, რის გამოც ჰაერი უფრო გვეხუთებოდა. მალე შემოგვიმატეს ერთი ჭაბუკი ჩეჩენი, რომელსაც მკვლელობას აბრალებდნენ. ბოლოს სულ 15 კაცი მოვემწყვდიეთ, რომელთაც არსად არ გვიშვებდნენ, თვით ფეხისადგილისთვისაც კი.

ადვილი წარმოსადგენია, როგორ გავწამდებოდით ამ ბნელ ხაროში, როგორ სული მოგვეხუთებოდა ასეთი აყროლებული ჰაერიდან. ამ ყოფაში გავატარეთ სრული სამი კვირა. დღე და ღამეში ჩვენ გვაძლევდნენ სამ-სამ ხინკალს. ეს იყო მოხარშული სიმინდის ცომი, ყოვლად უგემური, უმაწივრო.

ჩვენთვის არც დილა იყო და არც საღამო, მხოლოდ, მოლას ხმაზე ვიგებდით, რომ გათენდა და ახალი დღე იწყებოდა. ამაოდ ვევედრებოდით შამილს, რომ რომელიმე ფარდულში გადავეყვანეთ, ან სახლში, მაგრამ არაფერმა გვიშველა.

***

შამილი და მიურიდები იდრისზე ნაკლებად როდი მომექცნენ: ჩემი ბარგი-ბარხანა, ტანისამოსი, ოქროს საათი, ორლულიანი თოფი, ორი დამბაჩა, მოვერცხლილი ხმალი, ხალიჩები, სპარსული შალი, სამასორმოცი მანეთი და ოთხი ცხენი დავლად დაიტოვეს. ასეთი ბედი ეწიათ სხვებსაც.

***

ლეკები სილამაზით ვერ შეიქებენ თავს, წერს ილია ორბელიანი, - ვერც გარეგნული მოყვანილობით. ველური, მკაცრი სახის მეტყველება ოდნავაც არ შენელებიათ. რამდენადაც მხეცური შესახედაობისანი იყვნენ ისინი, იმდენად უფრო გამომეტყველი და წარმოსადეგი იყო მათი წინამძღოლი, თვითონ შამილი. 

მეტად მშვენიერი, თეთრი და მასთან ნორჩი სახე, ოდნავ ნაყვავილარი, ცისფრად მოელვარე, ჭროღა თვალები, საიდანაც გამოკრთოდა შორსმჭვრეტელობა, ჭკუა-გონება და იმისი სულიერი სიძლიერე. ტუჩებზე მუდამ ღიმილი დასთამაშებდა, ოდნავ გაპობილი ბაგედან ორი მწკრივი თეთრი კბილი მოუკრთოდა, რაც მოწმობდა მის ცბიერებასაც და გულკეთილობასაც. ინით შეღებილი წითური წვერიც ძალიან ამშვენებდა მის სახეს.

ტანად საშუალო იყო, ჩამკვრივებული, ლამაზად ჩასხმული, იყურებოდა მეტად ბრგედ, ვაჟკაცურად. ამ წარმოსადეგ ადამიანს ისე ეჭირა თავი, თითქოს 35 წლის ვაჟკაციაო, მაშინ, როცა ბევრად ხნიერი უნდა ყოფილიყო.

როდესაც პირველად თვალი შევავლე შამილს, მეტად მომეწონა თვითონაც, მისი მდიდარი ჩაცმულობაც და შეიარაღებაც, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა მის ვაჟკაცურ სილამაზეს და სიკისკასეს. თავზე ჩალმიანი წითელი ჩერქეზული ქუდი ეხურა, ტანთ ეცვა ახალუხი, ზემოდან წითელი მაუდის ჩოხა, სულ მოსირმული და ვერცხლის პატარა მასრებით მოქარგული. მხარზე ეკიდა ხმალი, წელთ ეკრა ქამარი, რომელშიც გარჭობილი ჰქონდა ორი დამბაჩა. წინ კიდევ ხანჯალი ეკიდა. ასეთი იყო შამილი.

[...]

„უბრალო გიმრელი მოქალაქე, - წერს ილია ორბელიანი, - მაგრამ დაჯილდოებული შორსმჭვრეტელი ჭკუით, მტკიცე ნებისყოფით, სიმამაცითა და სხვა პირადი ღირსებებით. ამასთან ერთად ის ჯერ კიდევ ყაზი-მოლასა და ჰამზით-ბეგის დროს გახდა მთელ დაღესტანში ცნობილი, როგორც ყურანისა და არაბული ენის ღრმად მცოდნე. შამილმა - მისი წინამობედი ორივე იმამის: ყაზი-მოლასა და ჰამზათ-ბეგის თანამოაზრემ - დაიმკვიდრა მათი ცოდნა. ამ ფრთხილმა და ფანატიკურად აღგზნებულმა კაცმა მრავალი ბედნიერი გარემოების გამო ხელისუფლება არნახულ საფეხურზე აიყვანა“.

ილია ორბელია მიმოიხილავს გიმრის ცნობილ ბრძოლებს 1832 წელს, სადაც დაიღუპა დაღესტნის პირველი იმამი ყაზი-მოლა და თითქმის ყველა მისი მოწაფე. „შამილმა მტერს არ დაანება მოკლულის გვამი; მკერდში ხიშტით დაჭრილს - ერთი წუთითაც არ დაუკარგავს იმედი - ეხსნა ცხედარი თავისი იმამისა; სისხლით მოსვრილმა იძრო ხმალი ქარქაშიდან, რამდენიმე მიურიდის თანხლებით გაარღვია რკალი იმის ირგვლივ თავმოყრილი სალდათებისა და ცოცხალ-მკვდარმა ონსოქოლოს მიაღწია“.

***

შამილი მდიდრულად ჩაცმული აღარ იყო, როგორც წინა დღეს. ახლა გაქონილი პერანგი ეცვა, უეჭველია, ისიც, როგორც ყველა მთიელი, საცვალს არ იცვლის, ვიდრე პერანგის ერთი ძაფი მანიც მთელია, ანდა სანამ ზედ არ შემოალპება და მხრებიდან არ დასცვივა. ირგვლივ მცველები ეხვია, გამზადებული იარაღი ხელთ ეჭირა, მრისხანედ მოგვმართა:

- თუ რუსები ჩემს შვილს დამიბრუნებენ, თბილისში გაგიშვებთ, არადა აქვე აგჩეხავთ ყველას და ჯოჯოხეთში გიკრავთ თავს.

- შამილ, - მივუგე მე, - აქ ორჯერ და სამჯერ მეტი ტყვეებიც რომ გყოლოდით, ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები მაინც არ დასთანხმდებოდნენ შენს წინადადებას. ხელმწიფე ჩვენი დიდად აფასებს ჩვენს სიცოცხლეს, თუმცა მას ერთ საათში შეუძლიან თითოეული ჩვენგანი სხვა ასეულებით შეავსოს, მაგრამ სახელმწიფოს კეთილდღეობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი სიცოცხლე, ამიტომ აზრადაც ნუ მოგივა, რომ ჩვენზე შენი შვიილი გადასცვალო. უმჯობესია, ის მოგვთხოვო, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვეძლება, ან უფროსებს. გენერალმა ფეზემ ონსოქოლოში შენი ორასამდე კაცი ტყვედ წაასხა და აი იქიდან შეიძლება რამდენიმე მათგანი გადასცვალოს ჩვენზე. ახლა, რაც გენებოს, ის გვიყავი, გინდა აგვჩეხე, გინდა ცოცხლები გაგვიშვი, მაგრამ იმის იმედი ნუ გექნება, რომ შენი შვილი დაგიბრუნონ.

მან გაიღიმა და თქვა:

- კეთილი, არ დაგხოცავთ, წადით დორღოში, იქ მოვილაპარაკოთ.

***

შამილი ავრცელებდა ხმას, ვითომ მას ჰქონდა ფარული კავშირი წინასწარმეტყველთან. ასეთი ხერხებით მან დიდი ნდობა მოიხვეჭა ხალხში.

თუნდაც ერთი მაგალითი: სექტემბრის პირველ რიცხვებში შამილმა ყველა სოფელში გაგზავნა ცნობა, თითქოს იღბლის წიგნში ნათქვამი იყოს: რამაზანის დღეებში, ესე იგი 15 სექტემბერს, უნდა გაისმას ციური ხმა. ის ვინც ჯიუტობს და შარიათს მტკიცედ არ ასრულებს, ამ ხმის გაგონებისთანავე სულს განუტევებს და თავს ამოჰყოფს ჯოჯოხეთში. იმისთვის, რომ თავი დააღწიონ ამ გარდაუვალ სიკვდილს და არ გაიგონონ საშინელი ხმა, იმამმა უბრძანა ყველას - ხუთი ნამაზის შემდეგ, დაახლოებით საღამოს რვა საათზე და მთელი ღამე ევედრონ ღმერთს და ერთხმად თქვან ღვთის სადიდებელი გალობა „ლა-ილაჰ, ილ-ალაჰ“. მთელი ღამე ამ ველური ძახილით ხალხს არაქათი გამოეცალა.

მე მაშინ ვიყავი გუმბეთის სოფელ კუდაარში, ხოლო ჩემი მეგობრები დარღოში იმყოფებოდნენ. და ყველა ჩვენგანი ხედავდა და ესმოდა, მთელი ღამე როგორ ლოცულობდა ხალხი იმის შიშით, რომ არ გაეგონა ციდან მომაკვდინებელი ხმა. მორწმუნენი მთელი ტანით თრთოდნენ, კანკალებდნენ და ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვიროდნენ. შიშისა და დაღლილობისგან ზოგიერთი მათგანი გაგუდული ეცემოდა, ხოლო ლოცვას მაინც არ წყვეტდა, რომ ციური ხმა არ გაეგონა. ეს იყო საშინელი სანახაობა. ასე ღრიალებდა ხალხი მთელს დაღესტანში განთიადამდე.

გამთენიის ხანს ყველაფერი მიწყნარდა, ხალხის ასეთ გაბრუებას და ცოდვებისგან „განწმენდას“ ჯემს ან ტარიკატს უწოდებენ.

***

შარიათი

მტკიცედ დაკანონებულმა შარიათმა ანუ წიგნმა, როგორც მას მთიელები ეძახიან, აღვირი ამოსდო ბევრ მხეცურ ადათ-წესს. ქურდობას და სისხლის აღებას ახლა აღარა აქვს ისეთი გაქანება, როგორც უწინ. იშვიათია მუშტი-კრივი და მკვლელობა. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი ჩხუბი, შეთქმულება და ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებანი, შმილი კრძალავს ღია ცისქვეშ სამზე მეტი კაცის ერთად თავმოყრას და საუბარს.

ჩემი ტყვეობის რვა თვის განმავლობაში მოხდა მხოლოდ ერთი ჩხუბი. ერთმა ჩეჩენმა ხანჯლით დაუსახიჩრა მეორეს ცხვირი. ორივე დარღოში ჩამოიყვანეს. დივან-ხანამ გადაწყვიტა დამნაშავე ისევე დასახიჩრებულიყო, როგორც დაზარალებული. გადაწყვეტილება მაშინვე სისრულეში მოიყვანა ჯალათმა. ამ ოპერაციაში ჯალათმა ვერცხლის მანეთიანი მიიღო.

შარიათის კანონით ნაბრძანებია: თვალის დათხრისთვის დამნაშავეს დაეთხაროს თვალი, კბილის დაძრობისთვის, დაეძროს კბილი - სისხლი სისხლის წილ. თუ მოწინააღმდეგენი ნებაყოფლობით არ შერიგდებიან, მათ საქმეს განსჯის სასამართლო. სასამართლო ხშირად ხელმძღვანელობდა პრინციპით, მკვლელობისათვის გამოეტანა დახვრეტის განაჩენი, თუ დაზარალებულის ახლო ნათესავები არ მიუტევებდნენ დამნაშავეს ან არ შეთანხმდებოდნენ ფულადი საზღაურის გადახდაზე.

თუკი მოკლულს დარჩება მცირეწლოვანი ბავშვი, მკვლელს ჩააგდებენ ორმოში, სადაც ის იმყოფება დაზარალებულის შვილის სრულწლოვანებამდე - 18 წლამდე. ამის შემდეგ დაზარალებულის შვილს უფლება აქვს მოჰკლას იგი ან მისგან მიიღოს გამოსასყიდი.

დარღოში ჩემი ყოფნისას ერთი ახალგაზრდა ჩეჩენი დასაჯეს იმის გამო, რომ თურმე მან შეაცდინა გოგონა. ჩეჩენი გაიქცა, მაგრამ შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს - ხალხმა ფეხით გათელა იგი, ხოლო დედამისი ტბაში ჩაახრჩო.

ასევე მკაცრად ისჯება ქურდობა. დარღოში ყოფნის დროს დივანს წარუდგინეს ორი ქურდი - ერთმა მოიპარა ცხვირსახოცი, ხოლო მეორემ - სპილენძის თუნგი. სასამართლომ გადაწყვიტა - გაეხვრიტა ორივესთვის ცხვირი, გაეყარათ ზონარი, ერთისთვის მიემაგრებინათ ცხვირსახოცი, ხოლო მეორესათვის - თუნგი. მერე ისინი ჩაატარეს სოფელში, ცემდნენ და თან აიძულებდნენ ეყვირათ, რომ არიან ქურდები და სამართლიანად ისჯებიან.

ხანდახან ქურდობისთვის ჭრიან მარჯვენას, თხრიან თვალებს, სიკვდილითაც კი სჯიან. ღვინის, არყის და სხვა მაგარი სასმელების ხმარებისთვისაც განაჩენი ხანდახან სიკვდილით დასჯამდეც აღწევს.

ასე ისჯება ის მიურიდი, რომელმაც არ შეასრულა დღე-ღამეში ხუთი ნამაზი. ეს მაშინ, როცა მორწმუნეთა უმრავლესობა დღე-ღამეში 22-ჯერ ლოცულობს. აკრძალულია აგრეთვე თამბაქოს მოწევა, აბრეშუმის ტანისამოსის ჩაცმა და სხვა ფუფუნებანი.

სამაგიეროდ, შარიათის კანონების კარგად შესრულებისთვის, დამსახურებულ მიურიდებს შამილი ასაჩუქრებს ცხენით, საქონლით, იარაღით, ფულით.

***

ყოველ თემს აქვს თავისი ნიშანი. ნაიბებს ორ-ორი, შამილს - სამი; მათ შორის ერთია ყვითელი, დანარჩენი თეთრ-წითლად შემოქობილი. ლაშქრობისა და ბრძოლის დროს შამილი გარემოცულია მცველებით, რომლებიც თვალს არ აშორებენ მას. იქვე ახლომახლოა ჯალათიც. როცა შამილი ჯარს ესტუმრება ან ჩაუვლის მას, ატყდება თოფების სროლა. მამაცობისათვის შამილი აჯილდოვებს მათ. მამაცობისთვის დაწესებულ მედალს აქვს წარწერა ალყურანიდან, რომელიც იუწყება: „ლაი ხევლა ვოალა კუვოტა ილა ბილაჰ“ (არარაობაა ძალა, ციხე-სიმაგრე - გარდა ღვთისა).

***

შამილის პოლიტიკური საშუალებანი, ხალხის თვალში ამაღლების ხერხები

იმისათვის, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს მთიელების თვალში, შამილი იყენებს სხვადასხვა პოლიტიკურ ხერხებს.

ასე მაგალითად, იგი ცდილობს დაარწმუნოს თანამემამულენი, რომ თურქეთის სულთანი ან ეგვიპტის ფაშა დიდ მონაწილეობას ღებულობენ მის საქმიანობაში, ეხმარებიან რჩევით, ფულადი სახსრებით, ჰპირდებიან ჯარის გამოგზავნას; იმისათვის, რომ ეს მითქმა-მოთქმა უფრო სარწმუნო იყოს, შამილი ხანდახან რამდენიმე დღით გაუჩინარდება თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი ცნობები მიეღოს. ან ყაბარდოელ თავადებს თუ სხვა უცხო პირებს საიდუმლოდ იღებდეს ან ამზადებდეს მათთვის პასუხს თავიანთი ელჩების თანხლებით. ასეთი ხმები ხშირად აღწევდა ჩვენს ორმომდეც.

აგვისტოს თვეში მართლაც მოვიდა დარღოში შმილთან ერთი ყაბარდოელი, რომელიც თავის ქვეყანაში ეპატიჟებოდა დაღესტნის იმამს. ელჩი დიდი საჩუქრებით გააცილეს დარღოდან. იმავე თვეში შამილმა გაგზავნა სამი ჭირყეელი მიურიდი სულთანთან და ეგვიპტის ფაშასთან. თითოეულ მათგანს მისცა ოთხმოცი მანეთი ვერცხლის ფული სამგზავროდ. მათ ევალებოდათ სულთნისა და ფაშასთვის ჩაეტანათ წერილები, სადაც შამილი იტყობინებოდა - თავისუფლებისთვის, სარწმუნოებისთვის, ალაჰისა და წინასწარმეტყველის სადიდებლად მთიელთა მიერ გაწეულ მრავალწლიან ბრძოლებზე.

თხოვდა მათ, თუ ისინი ჭეშმარიტი მუსულმანები იყვნენ, მიეშველებინათ მთიელებისათვის შეიარაღებული ჯარი, არტილერია და ფულადი დახმარება, რათა აღეგავათ რუსთა სახსენებელი წმინდა მუსულმანური მიწა-წყლიდან. ეს ჭორები ირწმუნეს მთიელებმა და დიდხანს ელოდებოდნენ სულთანისა და მუჰამედ-ალისაგან შეპირებულ დახმარებას. ხანდახან შამილი მიურიდებს უჩვენებდა ფართო ქაღალდზე დაწერილ ბეჭედდასმულ წერილებს, რომელიც თითქოს თურქეთისა და ეგვიპტის ხელისუფალთაგან ჰქონდა მიღებული. სინამდვილეში ეს ქაღალდი ადგილზე იყო დაწერილი, ხოლო ბეჭედი, რომელიღაც ჭედური ხელოსანი ლეკის მიერ იყო ვერცხლისგან გამოჭრილი, აქვე, დარღოშივე.

***

როცა შამილი ჩეჩნეთში მოგზაურობს, უსათუოდ თან ახლავს დაღესტნელები, ხოლო დაღესტანში - ჩეჩნები. ამას ის აკეთებს  საკუთარი უშიშროებისა და ყოველგვარ პირმოთნეთა და მლიქვნელთა დასაფრთხობად. ასეთი მგზავრობის დროს მისი კანვოი შედგება რამდენიმე ათასი კაცისგან.

***

-  შამილ, მივმართე ერთხელ იმამს, - რა სარგებლობა გაქვთ თქვენ, მთიელებს, ჩვენ წინააღმდეგ ომისგან. ადრე თუ გვიან, რუსის ჯარი დაგიმორჩილებთ. ეს ბრძოლები კი დაგაღარიბებთ და სიდუხჭირეში გამყოფებთ.

- რა გაეწყობა, - მიპასუხა მან, - სამაგიეროდ ღმერთი შეგვიწყალებს და მოგვცემს მომავალში კარგი ცხოვრების საშუალებას. თქვენ გვირთულებთ ცხოვრებას, რისთვისაც გელოდებათ მუდმივი წამება.

- თუკი სულთანი, - ვთქვი მე, - რომელსაც თვლით თქვენივე იმამულ-აზამად, - მოადგილეა წინასწარმეტყველისა, რომელიც თქვენი სასულიერო წოდების მესვეურია, ჩვენთან კეთილგანწყობაშია, ისევე როგორც სპარსეთის შაჰი, თქვენ რატომ არ მიბაძავთ მათ? რომ დამორჩილებოდით ჩვენს დიდ რუს ხელმწიფეს, თქვენ ბედნიერები იქნებოდით, გააჩაღებდით ჩვენთან ვაჭრობას, იქნებოდით კმაყოფილნი და, თან შეასრულებდით შარიათსაც.

- რა თქმა უნდა, - თქვა შამილმა, - მაგრამ თქვენ გგონიათ სულთანი მუჰამედის კანონების ერთგულია, ხოლო თურქები ჭეშმარიტი მაჰმადიანები? ისინი გიაურებზე უარესები არიან. ოჰ, ერთი ისინი ჩამივარდებოდნენ ხელთ, 24 ნაჭრად ავქნიდი თითოეულ მათგანს სულთნიდან დაწყებულს. ის ხედავს, რომ ჩვენ ერთმორწმუნენი ვართ, ამდენი წელია რუსებს ვებრძვით ღვთისა და სარწმუნეობისათვის; რატომ არ გვეხმარება? მე შენ გეუბნები თქვენს დიდ ფადიშაჰზე, განა შეიძლება ასე იწოდებოდეს გიაურთა ხელმწიფე? ღმერთი ერთია ცაზე და თურქეთის სულთანი მიწაზე. სხვა ხელმწიფეებს ჩვენ არ ვცნობთ.

[...]

- აი, როგორ კარგად გექცევიან რუსები, ხოლო თქვენ შიმშილით გვხოცავთ აქ ტყვეებს.

- მე მინდა დაგაუძლუროთ თქვემ, - მიპასუხა შამილმა, - რომ არ გაგვექცეთ და ამით არ წამერტვას შვილის ნახვის შესაძლებლობა. მინდა გაწვალო თუნდაც იმის გამო, რომ ერეკლე მეორის შვილიშვილი ხარ. თუკი შენზე არ გადამიცვლიან შვილს ან დისწულს, დიდძალ ოქროსა და ვერცხლს ხომ მომცემენ?

მე ვარწმუნებდი, რომ არავითარი სიმდიდრე არ გამაჩნდა.

- სულ ერთია, მაინც უნდა გაწამო, რადგან თვენი რუსები ჩემს შვილს სულს უხუთავენ.

- როგორ შამილ, - მივმართე მე, - შენ განა არ იცი, რა ბედნიერია შენი შვილი?

მერე ვუამბე, თუ სად და როგორ მეფურად იზრდებოდა მისი შვილი, რა დიდი მომავალი ჰქონდა მას. მაგრამ შამილს ამის გაგონებაც არ უნდოდა.

- შვილი ჩემი მოიქცევა გიაურად და დაიღუპება. დამიბრუნეთ ჩემი შვილი! მას მეტი არა უნდა რა, გარდა არაბული ენისა და ალ-ყურანის ცოდნისა. ღმერთი ყველა ჩვენგანზე ჭკვიანია, მან გვიწყალობა ეს წმიდათა წმინდა წიგნი. რაც ჩვენ გვინდა, ყველაფერი არის შიგ ნათქვამი, ხოლო რაც არ არის, ის არც გვინდა - ასე მიპასუხა შამილმა ჩემს შეგონებაზე.

***

კარატაში ვნახე მრავალი საცოდავი ქართველი ბავშვი, რომლებიც ლეკებს კახეთიდან გამოეტაცნათ. როდესაც თანამემამულე დამინახეს, შემომეხვივნენ, სამშობლო გაიხსენეს და მწარედ ატირდნენ.

***

ბოლოს, როგორც იყო, დადგა ეს კურთხეული განთავისუფლების საათიც. ერთ საღამოს ჯემალ-ედინი გაბრწყინებული სახით მოვიდა ჩვენთან და აღტაცებით მეუბნება:
- ხვალ შენს სამშობლოში იქნები!
მეორე დღეს მინახულა, თავისთან წამიყვანა და ჩაით გამიმასპინძლდა. შემდეგ ერთად წავედით შამილთან, რომელმაც გზა დამილოცა და მითხრა:
- ახლა ჩვენ მეგობრები ვართ, ნათესავები... როდესაც გინდოდეს, მოდი ყონააღად. შენ აქ ჩემთან არავითარი საფრთხე არ გელის და ისე მიგიღებ, როგორც საკუთარ შვილს...

1843 წელი

***

რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს,  ბაშკადიკლარის ბრძოლებში ილია ორბელიანი მძიმედ დაიჭრა. რამდენიმე დღე-ღამე ტანჯვა-წამების შემდეგ ილია ორბელიანი 10 დეკემბერს, ჰოსპიტალში გარდაიცვალა. გრიგოლ ორბელიანმა ძმის ცხედარი 15 დეკემბერს ჩამოასვენა თბლისიში და 5 დღის შემდეგ ქაშუეთის ეკლესიაში დაკრძალა. ილიას სამარეში ჩააყოლეს ერთ-ერთი ახალგარდაცვლილი თავისი ტყუპისცალი ვაჟის ნეშტი. დიდი მწუხარებით და გულისტკივილით გამოეთხოვა იმდროინდელი თბილისის საზოგადოება ახალგაზრდა გენერალს.

[...]

მოხდა უცნაური რამ. ილიას დაღუპვის შვიდიოდე თვის შემდეგ, 1854 წლის 4 ივნისს, როცა შამილის მიურიდები თავს დაესხნენ კახეთს და წინანდალი ააოხრეს, თავად დავით ჭავჭავაძის სახლობასთან ერთად შამილის ტყვეობაში მოჰყვა დავითის ცოლისდა, ილია ორბელიანის ქვრივი ბარბარე. მას სხვა ქართველ ტყვე ქალებთან ერთად სწორედ იქ მოუხდა ყოფნა, სადაც რამდენიმე წლის წინ მისი მეუღლე ილია ორბელიანი იტანჯებოდა.


საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის წიგნის მოყვარულთა საზოგადოება
თარგმა და წინასიტყვაობა დაურთო ელიზბარ უბილავამ
თბილისი, 1991წ.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram