ჯონ მაქსველ კუტზეე - მაიკლ კეის ცხოვრება და დროება

პასუხი კითხვაზე, რომელიც წლების წინ ჰიოს ნორენიუსში ველოსიპედების ფარდულის უკან მდგომს არ ასვენებდა, როგორც იქნა, იპოვა. რისთვის გაჩნდა ამ ქვეყანაზე და იმისთვის, რომ დედაზე ეზრუნა.

- რა გგონია, რისთვისაა ომი? - სხვებს რომ ფული წაართვა იმისთვის?

ოთხზე ჩაიცუცქა და ჩარბილებული მიწიდან ნახევრად ამოზრდილი ყვითელი სტაფილოების ამოთხრას შეუდგა. ღმერთის მიწაა ეს, - ფიქრობდა თავისთვის, - არ ვარ მე ქურდი.

***

- სად მივყავართ?

უცნობმა შეხედა და მხრები აიჩეჩა:

- აბა, რა მნიშვნელობა აქვს, სად მივყავართ, მხოლოდ ორი მიმართულება არსებობს, რკინიგზის ხაზის თავი და დასასრული. ასეთია მატარებლების ბუნება.

***

- ასეთი არაფერი გამიგია, ადამიანები უნდა ეხმარებოდნენ ერთმანეთს, აი, ამის მჯერა მე.

კეი ამ ბოლო ფრაზას აჰყვა და ჩაუფიქრდა: მე მჯერა სხვების დახმარების იდეის? - ფიქრობდა. ზოგჯერ ეხმარება, ზოგჯერ - არა, წინასწარ არასდროს იცოდა, ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო. როგორც ჩანს, რამე პრინციპი არ ჰქონდა, უფრო სწორად, არ ჰქონდა პრინციპი დახმარების შესახებ. შეიძლება უნაყოფო მიწა ვარო, გაიფიქრა.

***

„აი, მე უკვე აქ ვარ, - ფიქრობდა ის, - ასეა თუ ისე, სადღაც ხომ მაინც ვარ“.

- მაიკლ, მე შენ როგორც ადამიანი ადამიანს, ისე გელაპარაკები. ომია და ხალხი კვდება. არავის არ მინდა ვეომო. მე ჩემთვის მშვიდობა ავირჩიე. გესმის, რას ვამბობ? მე ყველასთან მშვიდობა მინდა. აქ, ფერმაში, ომი არ არის. მე და შენ შეგვიძლია აქ წყნარად ვიცხოვროთ, სანამ ყველგან მშვიდობა არ დამყარდება.

ბოლოს და ბოლოს რამდენჯერ შეიძლება ადამიანმა ნაზი გრძნობები მოიშოროს. ასე ხომ გული შეიძლება საბოლოოდ გაქვავდეს.

არ იცოდა, რას უქადდა მომავალი. მის ცხოვრებაში არასდროს არაფერი მომხდარა საინტერესო. ყოველთვის ვიღაც ეუბნებოდა, რა უნდა გაეკეთებინა, ახლა კი გარშემო არავინ იყო, ასე რომ, ყველაზე უკეთესი ის იქნებოდა, დალოდებოდა.

მართალია, ომია, მაგრამ ბალახი ალბათ ახლაც იზრდება უინბერგ-პარკში და ხეებსაც ფოთლები ისევ სცვივა, როგორც ადრე სცვიოდა. და ყოველთვის იქნებიან საჭირო ადამიანები, რომლებიც ბალახს გაკრეჭენ და ფოთლებს დაგვიან.

როცა უინბერგ-პარკზე ფიქრობდა, წარმოიდგენდა, რომ მიწა იმდენად მინერალური ნივთიერებებისგან კი არ შედგებოდა, რამდენადაც ორგანულისგან - შარშანდელი, შარშანწინდელი და კიდევ უფრო ადრინდელი დამპალი ფოთლებისგან, საერთოდ ყველა დამპალი ფოთლისგან, სამყაროს შექმნის შემდეგ. მიწა ისეთი რბილია, რომ ის შეიძლება თხარო და თხარო და მაინც რბილი იქნება. შეიძლება იმდენი თხარო, უინბერგ-პარკიდან დედამიწის შუაგულამდე გახვიდე და მთელი გზა ცენტრამდე მიწა გრილი, შავი, ნესტიანი და რბილი იქნება. „მე ასეთი მიწის მიმართ სიყვარული დავკარგე, - ფიქრობდა ის, - სურვილი აღარ მიჩნდება, ხელში ავიღო, თითებს შორის დავფშვნა. ის უკვე აღარ არის მწვანე და ყავისფერი, როგორიც მე მინდა, რომ იყოს, არამედ ყვითელი და მწვანეა, სველი კი არ არის, მშრალია, მუქი კი არ არის, ღია ფერისაა, რბილი კი არ არის - მაგარია. მე სხვა ჯიშის ადამიანი ვხდები, თუკი საერთოდ სხვადასხვა ჯიშის ადამიანები არსებობენ. ვენა რომ გადავიხსნა, - ფიქრობდა ის და თავის მაჯას დასცქეროდა, - სისხლი კი არ გადმომივა, არამედ წვრილ ზოლად წამოვა, მალე ისიც შეწყდება და ჭრილობა პირს შეიკრავს. სულ უფრო პატარა და ხისტი ვხდები და ვიშრიტები. თუ აქ მიწერია სიკვდილი, გამოქვაბულის ხახაში, მუხლებზე ჩამოდებული ნიკაპით და დაბლობზე თვალგაშტერებულს, ქარი სულ რაღაც ერთი დღის განმავლობაში გამომაშრობს და ჩემი სხეული მთლიანად შეინახება, ისე, როგორც ქვიშაში დამარხული ინახება ხოლმე“.

თუ ციხეში ვართ, შევეგუოთ, რომ ციხეში ვართ და თავს ისე ნუ მოვაჩვენებთ, თითქოს თავისუფლები ვიყოთ.

- იცი ვინ არის ეს მყვირალა კაცი? - ჩურჩულზე გადავიდა რობერტი, - ოსტჰიოზენის პოლიციის კაპიტნის სიძეა. მას სათიბი მანქანა გაუტყდა. ჰოდა, რა ხდება? იღებს ტელეფონის ყურმილს და რეკავს პოლიციის განყოფილებაში. და, აი, შედეგიც: დილით უკვე ოცდაათი წყვილი ხელი მის განკარგულებაშია და თიბავს მის იონჯას. აი, როგორ მუშაობს ჩვენი სისტემა.

- შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, - უთხრა რობერტმა. მთელი შენი ცხოვრება გძინავს. დროა გამოფხიზლდე. როგორ ფიქრობ, რა არის მათი ქველმოქმედების მიზანი? რატომ გკვებავენ შენ და ბავშვებს? იმიტომ, რომ უვნებლად გთვლიან. ხედავენ, რომ თვალები დახუჭული გაქვს და შენ გარშემო რა ხდება, ვერ ხედავ.

უცნაურად აღარ ეჩვენებოდა აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანებს ბანაკებში იმიტომ ერეკებიან, რათა ისინი დაივიწყონ.

თუკი მართლა სურთ ჩვენი არსებობა საერტოდ დაივიწყონ, მაშინ წერაქვები და ნიჩბები უნდა მოგვცენ და მიწის ამოთხრა გვიბრძანონ. მერე კი, როცა ბანაკის შუაში უზარმაზარ ორმოს ამოვთხრით, ქანცგაწყვეტილებს ჩვენ მიერვე გათხრილ ორმოში ჩაწოლა მოგვთხოვონ. ჩვენც ჩავწვებით, ყველანი, უკლებლივ. ისინი კი ბარაკებს დაანგრევენ, კარვებსა და ღობეებს აიღებენ და ჩვენ დაგვაყრიან. და კიდევ ჩვენს უკანასკნელ ნივთებს დაგვაყრიან, მერე ორმოს მიწით ამოავსებენ და მიწას მოასწორებენ. მაშინ ალბათ შეძლებენ დაივიწყონ, რომ ოდესღაც ვარსებობდით.

ჩვენი დრო ისეთია, თუკი ადამიანს საერთოდ ცხოვრება სურს, მხეცს უნდა დაემსგავსოს. ის განათებულ ფანჯრებიან სახლში ვერ იცხოვრებს. იძულებულია, სოროში იცხოვროს, დღისით კი დაიმალოს. ადამიანი იძულებულია, ისე იცხოვროს, რომ სიკვდილის შემდეგ თავისი არსებობის არავითარი კვალი არ დატოვოს. აი სადამდე მიგვიყვანეს.

ადამიანს თავისი ნაშრომი უნდა ეამაყებოდეს.

„დედაჩემის ფერფლი მე მოვიტანე აქ, სახლში, - ფიქრობდა ის, - მამაჩემი კი „ნორენიუსი“ იყო. ჩემი მამა იყო აკრძალვების კრებული. საერთო საძინებლის კარზე მიკრული. ჩამონათვალი ოცდაშვიდი წესისგან შედგებოდა და მათგან პირველი ღაღადებდა: „საძინებელში მუდამ სიჩუმე უნდა იყოს“. და კიდევ, ჩემი მამა შრომის მასწავლებელი იყო. ხელზე რამდენიმე თითი აკლდა, მაგრამ ყურს მაგრად მიგრეხდა, როცა ფიცარს კარგად ვერ ვასწორებდი. და კიდევ, ჩმი მამა კვირა დილა იყო, როცა ხალათებს, ხაკის შორტებს, შავ წინდებს და შავ ფეხსაცმელებს ვიცვამდით და მწკრივად მოწყობილები წყვილ-წყვილად ეკლესიისკენ მივდიოდით პაპეგაი-სტრიტზე, რომ ცოდვები მოგვენანიებინა და მიტევება მიგვეღო. აი, ვინ იყო ჩემი მამა, დედა კი მოკვდა და ჯერაც არ აღმდგარა. და ამიტომ კარგია, რომ მე, რომელსაც არაფერი მაქვს ადამიანებისთვის სათქმელი, შორს ვარ მათგან და ხელს არაფერში ვუშლი“.

ბანაკში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი არა აქვთ: ქალები, ბავშვები, მოხუცები, ბრმები, სახიჩრები, იდიოტები. ისინი მხოლოდ იმის შესახებ ყვებიან, რა გაჭირვება გამოიარეს და როგორ გადარჩნენ. ამ ბიჭების ცხოვრება კი საოცარი, სახიფათო თავგადასავლებითაა სავსე. ხან იმარჯვებდნენ, ხან მარცხდებოდნენ და თავის გადარჩენას ძლივს ახერხებდნენ. ისინი თავის ამბებს მთელი ცხოვრების მანძილზე მოყვებიან, მერეც, როცა ომი უკვე დიდი ხნის დამთავრებული იქნება და ჯერ შვილები მოუსმენენ პირდაღებულები, შემდეგ კი შვილიშვილები.

ძალიან ბევრი ხალხი წავიდა საომრად და ისინი ამბობდნენ, ბაღში მუშაობის დრო ომის დასრულების შემდეგ დადგებაო. მაგრამ ასე არ შეიძლება. ვიღაც უნდა დარჩეს და ბაღი შეინარჩუნოს, ან თუნდაც ის დაუმტკიცოს ადამიანებს, რომ ბაღი არ უნდა მოკვდეს. იმიტომ რომ, თუ ოდესმე ეს კავშირი გაწყდა, დედამიწა განრისხდება და თავის შვილებს დაივიწყებს.

მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, როცა ცდილობდა, საკუთარი თავისთვის რამე აეხსნა, ყოველთვის ჩნდებოდა რაღაც სიცარიელე, ხვრელი, სიბნელე, რომლის წინაშეც მისი გონება უკან იხევდა, რომელშიც სიტყვების ჩაყრას აზრი არ ჰქონდა - სიტყვები ინთქმებოდა, ხვრელი კი რჩებოდა.

მე იმ დედას ვგავარ, რომლის შვილებმაც სახლი დატოვეს, ერთადერთი რაც დამრჩნია, ის არის, რომ ყველაფერი დავალაგო და სიჩუმეს მოვუსმინო.

სწორედ სიტყვა „პარაზიტი“ თქვა პოლიციის კაპიტანმა იაკალსდრიფში: - პარაზიტები! - ყვიროდა ის, - თქვენ პარაზიტების ბუდე ხართ ამ სუფთა, ნათელ ქალაქში. გინდათ, გამოჭამოთ და სამაგიეროდ არაფერი მისცეთ! მაგრამ ახლა, როცა კეი უსაქმურად იწვა და ამ ეპიზოდზე სასხვათაშორისოდ ფიქრობდა, თვითონაც ვერ გაეგო, პარაზიტი ბანაკი იყო თუ ქალაქი. მატლი ცხვარს ნთქვას, მაგრამ ცხვარი რატომ ყლაპავს მატლს? მაგრამ თუ ჩვენ მილიონები ვართ? იმდენად ბევრი, რომ სინამდვილეში არავინ იცის, რამდენი მილიონი? თუ ჩვენ ბანაკებში შეგვრეკეს, ნაწყალობევით ვცხოვრობთ, ვცხოვრობთ იმით, რასაც მიწა მოგვცემს, თვი რის ვაინაჩრობით გაგვაქვს, სადღაც კუთხე-კუნჭულებში მივძვრებით, რომ დროს დავემალოთ, მეტისმეტად ვფრთხილობთ საიმისოდ, რომ დროშები გამოვფინოთ, ყურადღება მივიქციოთ და თავი დავათვლევინოთ? მაინც რამდენი ვართ? თუ პარაზიტები ბევრად მეტნი არიან, ვიდრე ორგანიზმები, რომლის ხარჯზეც ისინი ცხოვრობენ? უსაქმური პარაზიტები და სხვა საიდუმლო პარაზიტები - ჯარსა და პოლიციაში, სკოლებში, ქარხნებსა და ოფისებში, გულში? თუ ეს ასეა, მაინც შეიძლება პარაზიტებს პარაზიტები ვუწოდოთ? ამ პარაზიტებსაც ისევე აქვთ სისხლი და ხორცი და ისინიც შეიძლება მსხვერპლად იქცნენ. ბანაკია ქალაქისთვის პარაზიტი, თუ ქალაქია ბანაკის პარაზიტი - ალბათ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ უფრო ხმამაღლა ყვირის.

დედაზეც ხშირად ფიქრობდა. მან სთხოვა, უკან, სახლში, სადაც დავიბადე, იქ მიმიყვანეო და კეიმ შეუსრულა - თუ საერთოდ შეიძლება ფერფლს დედა ვუწოდოთ.

ყველა საჭიროა, ბეღურებიც კი, რომლებიც გროშებად იყიდება.

...რკინის კაცი მართლაც არ არის და ეს მისი უდიდესი ღირსებაა.

ომის დრო მოლოდინის დროა...

არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ ადამიანი მიამიტი იყოს.

ამქვეყნად ყველაფრისთვის არის საკმარისი დრო.


მთარგმნელი:თამარ ბაბუაძე & გია ბერაძე

Vangogen • ვანგოგენი

Instagram