ჰარპერ ლი - მიდი დააყენე დარაჯი

ეძღვნება მისტერ ლის და ელისს

ვინც ბევრს არ ითხოვს, უამრავი მიეცემა.

შეყვარებული ან ხარ, ან არ ხარ. სიყვარული ამქვეყნად ერთადერთი რამაა, რაც ცხადი და არაორზროვანია. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვანაირი სიყვარული, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა ასეთ კითხვას ერთადერთი პასუხი აქვს, ან გიყვარს, ან არ გიყვარს.

ატიკუსი ამბობდა, სამართლის სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდას, სულ ცოტა, ხუთი წელი მაინც სჭირდება, რომ სამართალი ისწავლოსო: ეკონომიკის პრაქტიკას - ორი წელი, ალაბამის სამართალწარმოებას კიდევ - ორი, და მეხუთე წელი - ბიბლიის და შექსპირის ხელახლა გადაკითხვას უნდა მიუძღვნას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს, რომ სრულყოფილადაა აღჭურვილი ნებისმიერ ვითარებასთან გასამკლავებლადო.

ჯოჯოხეთი იყო და ყოველთვის იქნებოდა, როგორც ჭყიტას წარმოედგინა, ერთი ცეცხლოვანი ტბა, ზუსტად ალაბამის მეიკომისხელა, რომელიც ორასი ფუტი სიმაღლის აგურის გალავნით იყო შემოზღუდული. ცოდვილებს სატანა ფიწლით დასწვდებოდა ხოლმე და იმ კედელს გადაღმა მოისროდა, სადაც ისინი სამარადისოდ თუხთუხებდნენ ნელ ცეცლხზე, თხევადი გოგირდის ერთგვარ ნახარშში.

კელპურნია ამბობდა ხოლმე, როცა მე და ჯემი ვეხვეწებოდით, ყავა დაგვალევინეო, - იცოდეთ, ჩემსავით გაშავდებითო.

ერთადერთი შემთხვევა, როცა ქუდი ეხურა, ჯემის დაკრძალვის დღე იყო. თვითონაც არ ესმოდა, ასე რატომ მოიქცა, მაგრამ დასაფლავებამდე მისტერ გინზბერგს მაღაზია გააღებინა, რომელიღაც ქუდს დასწვდა და თავზე ჩამოიფხატა. სავსებით დარწმუნებული იყო, ჯემი რომ ახლა მხედავდეს, აუცილებლად გაეცინებოდაო, მაგრამ რატომღაც ამან უკეთ აგრძნიბინა თავი.

დღეისათვის ისაიას ოცდამეერთე თავიდან შევარჩიე ტექსტი, მუხლი მეექვსე - „რადგან ასე მითხრა უფალმა, მიდი, დააყენე დარაჯი, გამოაცხადოს, რასაც დაინახავს“.

საკუთარ თავზე მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ ჰქონდა, რაც წვრილფეხა დესპოტების დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა.

ჯინ ლუიზას მამის ხმა მოესმა, რომელიც თბილი, კომფორტული წარსულიდან რაღაცას ამბობდა ხმადაბლა... ბატონებო, თუკი ამქვეყნად რაიმე სლოგანი არსებობს, ეს გახლავთ: უფლებათა თანასწორობა - ყველასთვის, პრივილეგიბი - არავისთვის.

***

ატიკუს ფინჩი იშვიათად ჰკიდებდა ხელს სისხლის სამართლის საქმეებს; არ უყვარდა სისხლის სამართალი. იმ საქმეს მხოლოდ იმის გამო მოჰკიდა ხელი, რომ დარწმუნებული იყო თავისი კლიენტის უდანაშაულობაში და ვერაფრით დაუშვებდა, რომ შავკანიანი ბიჭი ტყუილუბრალოდ ჩაესვათ ციხეში გულგრილი, სასამართლოს მიერ დანიშნული უფასო ვექილის უგერგილობს გამო. ის ბიჭი კელპურნიას მეშვეობით დაუკავშირდა, უამბო თავისი ამბავი, და სრული სიმართლე გაუმხილა. სიმართლე კი უმძიმესი იყო.

ატიკუსმა მთელი თავისი ცოდნა და უნარი გამოიყენა, მოხერხებულად ისარგებლა დაუდევრად წაყენებული ბრალდებით, წარდგა ნაფიცი მსაჯულების წინაშე და მიაღწია იმას, რისთვისაც მეიკომის ოლქში არც მანამდე და არც მერე არავის მიუღწევია: მან გამამართლებელი განაჩენი მოიპოვა ფერადკანიანი ბიჭისთვის, რომელსაც გაუპატიურება ედებოდა ბრალად. ბრალდების მხარის მთავარი მოწმე თეთრკანიანი გოგონა იყო. ატიკუსს ორი დამაჯერებელი უპირატესობა ჰქონდა: მიუხედავად იმისა, რომ გოგონა თოთხმეტი წლის იყო, განსასჯელს ოფიციალურად არ ჰქონდა წაყენებული ბრალი არასრულწლოვნის გაუპატიურებაში და, ამდენად, ატიკუსმა მოახერხა იმის დამტკიცება, რომ კავშირი გოგონას თანხმობით შედგა. თანხმობა უფრო იოლი დასასაბუთებელი იყო, ვიდრე სხვა ვითარებაში, რადგან განსასჯელს მხოლოდ ერთი მკლავი ჰქონდა. მეორე ხეტყის სახერხ ქარხანაში დაკარგა უბედური შემთხვევისას. ატიკუსმა საქმე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ბრწყინვალე ოსტატობით მიიყვანა, რასაც ისეთივე მწვავე ბუნებრივი ზიზღი ახლდა თან, რომელსაც მხოლოდ სუფთა სინდისით ცხოვრების შეგნება თუ გაუქარწყლებდა.

***

ატიკუს ფინჩის ცხოვრების საიდუმლო იმდენად მარტივი იყო, რომ უაღრესად რთული ჩანდა: თუ ადამიანების უმეტესობას ჰქონდა მორალური კოდექსი, რომლის ცხოვრებაში განხორციელებას ცდილობენ, ატიკუსი ზედმიწევნით იცავდა თავისას სრულიად მშვიდად, ფორიაქის, ყოველგვარი პომპეზურობის, თვითშეფასებისა და ანალიზის გარეშე. ის ერთნაირი იყო შინ და გარეთ. მისთვის ცხოვრებისეული კოდექსი სახარებისეული ეთიკა გახლდათ, და ამის სანაცვლოდ ყველა იმ ადმაიანის პატივისცემას და ერთგულებას იმსახურებდა, ვისაც იცნობდა. მტრებსაც კი უყვარდათ, რადგან ატიკუსი არასოდეს არავის აღიარებდა მტრად. ის მდიდარი არასოდეს ყოფილა, მაგრამ მისი შვილები მასზე მდიდარ კაცს არ იცნობდნენ.

მისი შვილები, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, იშვიათ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ: როცა ატიკუსი საკანონმდებლო ორგანოში მუშაობდა, გაიცნო, შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა თხუთმეტი წლით უმცროსი გოგონა მონტგომერიდან. მეიკომის მთავარ ქუჩაზე ახლად შეძენილ სახლში მიიყვანა და იქვე დასახლდნენ. როცა ატიკუსი ორმოცდახუთი წლის იყო, ცოლ-ქმარს ვაჟი შეეძინა, და ჯერემი ატიკუსი დაარქვეს, მამისა და მამის მამის პატივსაცემად. ოთხი წლის შემდეგ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ჯინ ლუიზი დაარქვეს დედისა და დედის დედის ხათრით. ამის შემდეგ სულ ორიოდე წლის თავზე, სამსახურიდან საღამოს შინ დაბრუნებულ ატიკუსს ცოლი გარდაცვლილი დახვდა სახლის წინა ვერანდაზე; შორიდან მას ვერავინ დაინახავდა, რადგან ვერანდის გრილ, განმარტოებისთვის განკუთვნილ გლიცინიის ხის ტოტებით მოჩრდილულ კუთხეში ესვენა. დიდი ხნის გარდაცვლილი არ იყო; სკამი, რომლიდანაც გადმოვარდა, ჯერ კიდევ ირწეოდა. ჯინ გრემ ფინჩმა ოჯახს ისეთი გული დაუტოვა მემკვიდრეობით, რომელმაც ოცდაორი წლის შემდეგ მოკლა მისი ვაჟი ტროტუარზე, მამამისის ოფისის წინ. ორმოცდარვა წლის ატიკუსი მარტო დარჩა ორ მცირეწლოვან შვილთან და ერთ ზანგ მზარეულ ქალ კელპურნიასთან ერთად. ძნელი წარმოსადგენია, მოვლენების მიზეზებზე ბევრი ეფიქრა; ის უბრალოდ ზრდიდა შვილებს, რამდენადაც შეეძლო კარგად, და თუ იმ სიყვარულით ვიმსჯელებთ, რასაც მისი შვილები გრძნობდნენ მის მიმართ, მისი კარგი აღზრდა მართლაც კარგი გამოდგა: არასოდეს იღლებოდა „წრეში ბურთის“ თამაშით; ყოველთვის გამონახავდა დროს საოცარი ამბების შესათხზველად; არასოდეს ჩაეფლობოდა საკუთარ პრობლემებში იმდენად, რომ ბავშვების პრობლემებისთვის გულისყურით არ მოესმინა. ყოველ ღამე ხმის ჩახლეჩამდე უკითხავდა წიგნებს.

***

მას რომ საკმარისი ცოდნა და გამჭრიახობა ჰქონოდა, რომ შესძლებოდა საკუთარი მკაცრად შერჩევითი და ჩაკეტილი სამყაროს საზღვრების გარღვევა და მათ მიღმა ჭვრეტა, იქნებ აღმოეჩინა კიდეც, რომ მთელი ცხოვრება თურმე მხედველობის დეფექტით გაუტარებია, რასაც ვერც თვითონ ამჩნევდა და ვერც ისინი - მისი უახლოესი ადამიანები: ჯინ ლუიზი ვერ არჩევდა ადამიანის კანის ფერს.

ჭყიტა გოგონების ტუალეტში პირსაბანზე გადაეყუდა და აღბინა. ორი აზრი არაა, ალბერტმა პირში ენა შეუყო. ნამდვილად ორსულადაა.

ამბობენ, როცა ტკივილს ვეღარ იტან, ტანი თვითონ ხდება საკუთარი თავის დამცველი - ითიშები და ვეღარაფერს გრძნობ. უფალი არასოდეს გამოგიგზავნის იმაზე მეტს, რის ატანაც შეგიძლია - ასეთი იყო ძველისძველი მეიკომული ფრაზა, რომელსაც ფაქიზი მანდილოსნები ამბობდნენ ხოლმე, ცხედრებს რომ უთევდნენ ღამეებს, დარწმუნებულები, რომ ამით დიდ ნუგეშს სცემდნენ გარდაცვლილის ახლობლებს.

ნიუ-იორკი. ნიუ-იორკი? გეტყვით, როგორია ნიუ-იორკი. ნიუ-იორკს ყველაფერზე აქვს პასუხი. ადამიანები ახალგაზრდა ებრაელთა ასოციაციაში, ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირში, კარნეგი ჰოლში, სოციალური კვლევის ახალ სკოლაში და პასუხებს პოულობენ. ქალაქი სლოგანებით, იზმებით და სწრაფი და ზუსტი პასუხებით ცხოვრობს.

თუ კაცი გეუბნება, „ეს არის ჭეშმარიტება“, და შენ მისი გჯერა და აღმოაჩენ, რომ რასაც ის ამბობს, არ არის ჭეშმარიტება, გული გაგიტყდება და აუცილებლად გამოიჩენ სიფრთხილეს, რათა ვერასოდეს ჩაგავლოს იმაში, რომ მისი დარიგებისამებრ არ იქცევი.

ნიუ-იორკში შენ პიროვნება ხარ, შენა ხარ. შეგიძლია, გარეთ გახვიდე და მთელი მანჰეტენი მოიარო საამურ სიმარტოვეში, ანდა, თუ ძალიან გინდა, ჯანდაბამდე გზა გქონია.

დღეს, ამ რეაქტიული თვითმფრინავების და ნარკოტიკების სიჭარბის ეპოქაში, დონ-კიხოტობად გვეჩვენება ის, რომ ადამიანი შეიძლება ომში წავიდეს ისეთი უმნიშვნელო რამისთვის, როგირცაა მისი სახელმწიფო.

იმას ხომ წყალი არ გაუვა, რომ ისტორია მეორდება, არც იმას, რომ ადამიანი ადამიანია. ჰოდა, ადამიანი ისტორიის გაკვეთილებს ყველაზე უარესად სწავლობს.

ერთ მშვენიერ დღესაც მთავრობა შეიძლება იმხელა ურჩხულად მოგვევლინოს, რომ ყველაზე დაუცველი ადამიანი ფეხქვეშ გათელო და მაშინ აზრი აღარ ექნება ამ ქვეყანაში ცხოვრებას. ერთადერთი, რითაც ამერიკა ჯერ კიდევ უნიკალურია ამ ქანცგაცლილ სამყაროში, ისაა, რომ ადამიანს შეუძლია წავიდეს ყველგან, სადაც გონება უკარნახებს, ან, თუ მოისურვებს, შეუძლია ჯანდაბაში წავიდეს, მაგრამ ეს ასე დიდხანს აღარ გასტანს.

ადამიანის დაბადება ყველაზე უსიამოვნო რამეა. უშნო, უკიდურესად მტკივნეული, ზოგჯერ ძალიან სარისკოც. თან ყოველთვის სისხლი ახლავს. იგივე სჭირს ცივილიზაციას.

ჯოჯოხეთი მარადიული მარტოობაა.

კაცებს ურჩვნიათ თავიანთი პატიოსნება კატეგორიებად დაახარისხონ, ერთ საკითხში შეიძლება ბოლომდე პატიოსნები იყვნენ, მეორეში კი თავი გაისულელონ.

საგნები ისე უნდა დაინახო, როგორც სინამდვილეშია და არა ისე, როგორც უნდა იყოს.

ჩვენ ყვლანი ჯოჯოხეთში მოვხვდებით, საქმე მარტო ისაა, როდის...

ყოველი ადამიანი კუნძულია, ყოველი ადამიანის დარაჯი მისი სინდისია. არ არსებობს კოლექტიური სინდისი.

ზოგჯერ გვიწევს პატარა მკვლელობების ჩადენა იმისთვის, რომ სიცოცხლე შევძლოთ.

ადვილია გადახედო წარსულს და დაინახო, რა იყავი გუშინ, ათი წლის წინათ. ძნელი იმის დანახვაა, რა ვართ ახლა. თუ შეძლებ ამ ოინის დაუფლებას, აღარაფერი გაგიჭირდება.

ქედმაღლობას, ბინძურ სიტყვას და რწმენას, ნამდვილ რწმენას, რაღაცა აქვთ საერთო: ორივე იქ იწყება, სადაც საღი აზროვნება მთავრდება.

დრო, როცა მეგობრებს სჭირდები, მაშინ დგება, ჭყიტა, როცა ისინი შეცდომას უშვებენ. როცა ყველაფერში მართლები არიან, არაფერში სჭირდები...


ინგლისურიდან თარგმნა ლელა დუმბაძემ

Vangogen • ვანგოგენი

Instagram