მარიო ვარგას ლიოსა - ვაცის ნადიმი

როცა სიუდად ტრუხილიოს ჯერ ისევ სანტო დომინგო ერქვა, ქუჩებში ასეთი ხმაური ალბათ არ იდგა. შესაძლოა, ოცდათხუთმეტი წლის წინ, როდესაც ქალაქი სამჯერ, ოთხჯერ პატარა იყო, როცა პროვინციული და გარიყული შიშითა და ფარისევლობით თვლემდა, როცა მოწიწებითა და პანიკით სული გაენაბა უფროსის, გენერალისიმუსის, ქველმოქმედის, ახალი სამშობლოს მამის, მისი ბრწყინვალება დოქტორ რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო მოლინას წინაშე, უფრო ჩუმი, ნაკლებად შეშლილი იყო. დღეს ცხოვრების ყველა ხმაური - ავტომობილების ძრავები, კასეტები, დისკები, რადიო, საყვირი, ყეფა, ბუზღუნი, ადამიანური ხმები - ყველა, თავისი ვოკალური შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოხატავს: მექანიკურს თუ ცხოველურს (ძაღლები უფრო ხმამაღლა ყეფენ და ჩიტები უფრო მხიარულად ჭიკჭიკებენ).

ამბობდა კიდეც სენატორი კაბრალი: „უფროსზე ყველაფერი შეიძლება ითქვას, მაგრამ ისტორია სულ მცირე, იმას მაინც აღიარებს, რომ თანამედროვე ქვეყანა შექმნა და ჰაიტიელებს თავისი ადგილი მიუჩინა. დიდ გასაჭირს დიდი გადაწყვეტილებები სჭირდება! ტრუხილიომ პარტიზანული ბრძოლით დაუძლურებული, უკანონო, უწესრიგო, გაღატაკებული, თვითმყოფადობის დაკარგვის პირას მისული ქვეყანა ჩაიბარა, მშიერ-მწყურვალი და ველური მეზობლები რომ ესხმოდნენ თავს. გადალახავდნენ მდინარე მასაკრეს და ძარცვავდნენ აქაურებს, იპარავდნენ საქონელს, ქურდავდნენ სახლებს, ჩვენს გლეხებს სამუშაოს ართმევდნენ, კათოლიკურ რელიგიას დემონური მჩხიბავობით რყვნიდნენ, ჩვენს ქალებს აუპატიურებდნენ, ჩვენს კულტურას, ენასა და დასავლურ, ესპანურ ზნე-ჩვეულებებს ბღალავდნენ და საკუთარ, აფრიკულ, ბარბაროსულ ჩვევებს თავს გვახვევდნენ. უფროსმა მათ ბოლო მოუღო: „კმარა!“ დიდ გასაჭირს - დიდი გადაწყვეტილებები!“ არა მხოლოდ ამართლებდა ოცდაჩვიდმეტში ჰაიტიელების ამოხოცვას, არამედ რეჟიმის საგმირო საქმედ მიაჩნდა. განა ტრუხილიომ მეორედ არ დაიხსნა თავისი ისტორიის მანძილზე რესპუბლიკა გახრწნისა და ველური მეზობლებისგან? რა მნიშვნელობა აქვს ხუთი, ათი, ოცი ათასი ჰაიტიელის სიცოცხლეს თუ საქმე ქვეყნის გადარჩენას ეხება?

რომელიღაც მანქანიდან მამაკაცმა გამოჰყო თავი, ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს. იგრძნო, როგორ ჭამდნენ მამრის თვალები მის მკერდს, ფეხებს, საჯდომს. ოჰ, ეს გამოხედვა. ურანია ცდილობს, ქუჩა გადაჭრას და საკუთარ თავს, როგორც გუშინ ან გუშინწინ, კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ დომინიკელთა მიწაზეა. ნიუ-იორკში უკვე აღარავინ უყურებს ქალებს ასე უტიფრად, ისე, თითქოს ზომავენ, წონიან რამდენი კილო ხორცია ძუძუებსა და ბარძაყებზე, რამდენი თმაა ბოქვენზე, როგორია დუნდულების ზუსტი მოყვანილობა. თვალები დახუჭა, მსუბუქი გულყრის განცდა დაეუფლა. ნიუ-იორკში ლათინოსები - დომინიკელები, კოლუმბიელები, გვატემალელები ქალებს ასე აღარ უყურებენ. თავშეკავება ისწავლეს, მიხვდნენ, რომ არ შეიძლება ქალებს უყურებდე ისე, როგორც ხვადი - ძუკნას, ულაყი - ფაშატს ან ტახი - დედალ ღორს.

ტრუხილიომ რადიო ჩართო. „დომინიკის ხმა“ და „კარიბის რადიო“. წლების წინ საინფორმაციო გამოშვება დილის ხუთ საათზე იწყებოდა, მაგრამ, როდესაც მისმა ძმამ, პეტანმა, „დომინიკის ხმის“ მეპატრონემ, შეიტყო, რომ უფროსი ოთხ საათზე იღვიძებდა, გადაცემა ერთი საათით გადასწია. სხვა საინფორმაციო საშუალებებმაც მიბაძეს. იცოდნენ, რომ სანამ უფროსი იპარსავდა, იბანდა და იცვამდა, რადიოს უსმენდა ხოლმე, და მონდომებას არ აკლებდნენ.

ტრუხილიომ კუჭის თავთან სიმჟავე იგრძნო, როგორც ყოველთვის, საკუთარ შვილებზე რომ ფიქრობდა: წარმატებული ხელმოცარულები, ოცნებებისგან დაცლილები! პარიზში პოლოს თამაშობენ და ფრანგ ქალებს ჟიმავენ მაშინ, როცა მათი მამა გადარჩენისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაშია ჩართული.

ქალაქ ტრუხილიოდან ესპანეთში გამგზავრებამდე პერონმა გააფრთხილა: „მღვდლებთან იყავი ფრთხილად, გენერალისიმუსო. არც ოლიგარქების ჯოგს და არც სამხედროებს არ დავუმარცხებივარ. ანაფორიანებმა დამდეს ბეჭებზე. ან შეეკარი, ან ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოუღე“. ტრუხილიოს ვერ დაანარცხებენ, მაგრამ სისხლს უშრობენ. 1960 წლის 25 იანვრიდან დღე არ გასულა, რომ არ გაემწარებინათ: წერილები, ეპისტოლეები, საეკლესიო მსახურება, ქადაგება... ყველაფერი, რასაც ანაფორიანები მის წინააღმდეგ ამბობდნენ და აკეთებდნენ, საზღვარგარეთს აღაშფოთებდა, გაზეთები, რადიო, ტელევიზია - ტრუხილიოს გარდაუვალ დაცემაზე საუბრობდა ახლა, როდესაც მას „ეკლესიამ ზურგი შეაქცია“.

გსმენია გამოთქმა „ტირანიციდი“? განსაკუთრებულ შემთხვევებში ეკლესია მკვლელობის ნებას რთავს. წმინდა თომა აქვინელმა დაწერა.

ამადიტოს კარგად ახსოვდა, მისმა უშუალო ხელმძღვანელმა, მაიორმა ფიგეროა კარიონმა ლუდის ბოთლებით სავსე მაგიდასთან შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს შორის ამტყდარი დავის დროს როგორ დაიცვა SIM-ის უფროსი: „შესაძლოა პოლკოვნიკი დემონი იყოს, მაგრამ ტრუხილიოს დიდ სამსახურს უწევს: ყველა ბოროტება მას ბრალდება და ტრუხილიოს მხოლოდ კარგ საქმეებს მიაწერენ. განა არსებობს ამაზე დიდი სამსახური? ხელისუფლებაში ოცდაათი წელი რომ გაძლო, ჯონი აბესია საჭირო - განავალში რომ ჩაყოს ხელი. და, არა მხოლოდ ხელი, სხეული და თავიც, თუ საჭიროა. მტრების, და ხანდახან მეგობრების, სიძულვილის სამიზნე უნდა არსებობდეს. უფროსმა ეს კარგად იცის და ამიტომ არ იშორებს გვერდიდან. პოლკოვნიკი ზურგს რომ არ უმაგრებდეს, ვინ იცის თავს როდის დაატყდებოდა ის, რაც პერეს ხიმენესს - ვენესუელაში, ბატისტას - კუბაზე და პერონს - არგენტინაში“.

საქმე კარგად რომ შეასრულო, სიმშვიდე, ცივი გონება და გაყინული ყვერები უნდა გქონდეს.

როდესაც მივხვდი, რატომ სტუმრობდა გენერალისიმუსი თავისი მინისტრების ცოლებს, მათ უკვე აღარ შეეძლოთ ენრიკეს ურენიასავით მოქცეულიყვნენ. დონ ფროილანივით რქები უნდა მოეთმინათ. და, რადგან სხვა გზა არ იყო, სარგებელი მაინც ენახათ.

ეს ამბავი ბარაონაში ტრუხილიოს ეპოქის ბოლო წლებში მოხდა, უფროსის ერთერთი მორიგი ფარსის დროს, ასე ძალიან რომ უყვარდა. ტრუხილიომ გამოაცხადა, რომ მაგალითის მისაცემად და დომინიკის რესპუბლიკაში დემოკრატიის გამოსაცოცხლებლად, ხელისუფლებიდან მიდის (მარიონეტულ პრეზიდენტად თავისი ძმა, ექტორ ბიენვენიდო, მეტსახელად ელ ნეგრო დანიშნა) და მომავალში პრეზიდენტობისთვის კი არა, ყველაზე მივარდნილი პროვინციის გუბერნატორობისთვის იბრძოლებს. და თან, როგორც ოპოზიციონერი კანდიდატი! წარმოგიდგენიათ, -ტრუხილიო თავისივე რეჟიმის ოპოზიცია”. საარჩევნო კამპანიის დროს დონ ფროილაინ არალა, გენერალისიმუსის მარჯვენა ხელი, წარმოთქვამს სიტყვას და ახალი სამშობლოს მამას მოუწოდებს თავისი კანდიდატურა რომელიღაც პროვინციის გუბერნატორად კი არა, იმ პოსტზე წარადგინოს, დომინიკის რესპუბლიკის მოქალაქეთა გულებში რომ აქვს - ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე. ყველას ეგონა, რომ დონ ფროილანი უფროსის მითითებებს ასრულებდა. ასე არ ყოფილა. ან, ყოველ შემთხვევაში, იმ ღამეს უკვე ასე არ იყო. ადვილი შესაძლებელია უფროსს დონ ფროილანისთვის ამის გაკეთება ებრძანებინა, შემდეგ აზრი შეეცვალა და ფარსის კიდევ რამდენიმე დღით გაგრძელება გადაეწყვიტა. ასე ხშირად იქცეოდა, არ ანაღვლებდა, თავის ყველაზე ნიჭიერ თანამოაზრეებს სასაცილო მდგომარეობაში რომ აგდებდა.

ამდენმა მილიონმა ადამიანმა -პროპაგანდით გაბრუებულმა, ინფორმაციას მოწყვეტილმა, დოქტრინებით გასასტიკებულმა, იზოლირებულმა, თავისუფლებაწართმეულმა - ნებაყოფლობით და შესაძლოა, შიშის, მლიქვნელობისა და მორჩილების ცნობისმოყვარეობით შეპრობილმა, ტრუხილიო გააღმერთა. არა მხოლოდ ეშინოდათ, უყვარდათ კიდეც, როგორც ავტორიტარული მშობლები უყვართ შვილებს, საკუთარ თავს რომ არწმუნებენ, გაროზგვა და დასჯა ჩვენთვის სასიკეთოაო.

მშვენიერი ქვეყანაა, ყველაფრის მიუხედავად, ჯანდაბა! კიდევ უფრო მშვენიერი იქნება იმ წყეულის სიკვდილის შემდეგ, რომელიც ოცდათერთმეტი წელია ამ ქვეყანას აუპატიურებს და წამლავს. ტრუხილიომ უფრო მეტი ტანჯვა მოუტანა დომინიკის რესპუბლიკას, ვიდრე ჰაიტიელების ოკუპაციამ, ესპანელებისა და ამერიკელების მიერ დაპყრობამ, სამოქალაქო ომებმა, პარტიზანულმა დაპირისპირებამ და ყველა უბედურებამ - მიწისძვრები, ციკლონები - დომინიკელებს ზეციდან, ზღვიდან და მიწის გულიდან რომ დაატყდათ თავს. მაგრამ მთავარი, რისი პატიებაც ვაცისთვის ანტონიოს არ შეეძლო, ის იყო, რომ ზუსტად ისევე გააბოზა ანტონიო დე ლა მასა, როგორც გააბოზა და გახრწნა მთელი ქვეყანა.

შეიძლება დიქტატორი იყო, მაგრამ ხალხი მაშინ უკეთ ცხოვრობდა.  მომდევნო საშინელი ხელისუფლების წყალობით, ახლა ხალხი ისევ ტრუხილიოს ნატრობს. დაავიწყდათ ძალადობა, მკვლელობები, კორუფცია, თვალ-თვალი, გარიყულობა, შიში. საშინელება მითად იქცა . „სამსახური ყველას ჰქონდა და ხალხი ამდენ დანაშაულს არ სჩადიოდა”. ამდენი ქურდი სახლებში არ შედიოდა, ამდენი ყაჩაღობა არ იყო, ქუჩაში გამვლელებს საფულეებს, საათებსა და მძივებს არ პარავდნენ, მაგრამ ხალხს კლავდნენ, ცემდნენ, აწამებდნენ და აქრობდნენ რეჟიმთან დაახლოებული პირები. მარტო ტრუხილიოს შვილს, მშვენიერ რამფისს რამდენი ჰყავდა გაუპატიურებული?

უდიდესი სიძულვილის მიუხედავად, რომელიც მქონდა და მაქვს ტრუხილიოს, მისი ოჯახისა და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც ტრუხილიოს სუნი ასდის, რამფისზე როცა ვფიქრობ ან ვკითხულობ, თანაგრძნობა მეუფლება, მებრალება . ისეთივე ურჩხული იყო, როგორიც მთელი მისი ოჯახი. მეტი რა შეეძლო ყოფილიყო, თუ იმის შვილი იყო, ვისიც იყო და ისე გაზარდეს, როგორც გაზარდეს? ვინ უნდა გამოსულიყო, ჰელიოგაბალუსის, კალიგულას ან ნერონის შვილი? როგორი უნდა ყოფილიყო ბავშვი, რომელსაც შვიდი წლისას კანონით მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება და ათი წლისა უკვე გენერალი გახდა იმ საჯარო ღონისძიებაზე, რომელზეც მთელი დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით ჯარმა სამხედრო პატივი მიაგო.

… ისეთი სახელი გაუთქვა, ყველა დომინიკელი მამამაკაცი კეთილშობილი თუ გარეწარი - რომ მიელტვის: დიდებული მტყვნელი, დაუღლელი ვაცი, ველური მრუში.

ამდენ იწელი ემსახურე უფროსს, წრფელი გული, სამართლიანობა და სინდისის ქენჯნის უნარი დაკარგე. ისევე როგორც შენმა კოლეგებმა. ისევე როგორც შესაძლოა, მთელმა ქვეყანამ. ეს იყო ხელისუფლებაში ყოფნის პირობა, სხვანაირად ზიზღი დაგახრჩობდა. უფროსივით ურჩხული უნდა გამხდარიყავი.

თავისი ორი ათასი წლის ისტორიის განმავლობაში, ეკლესია ჯერ არავის დაუმარცხებია.

ტრუხილიოიზმი ბანქოთი აგებული ხუხულასავითაა. უცებ დაიშლება.

ვაცმა ადამიანებს ის წმინდა უფლება წაართვა, მხოლოდ უფალი რომ ანიჭებს: თავისუფალი ნება.

ყველაზე ცუდი, რაც დომინიკელს შეიძლება შეემთხვეს, ისაა, რომ ჭკვიანი და ნიჭიერი გამოვიდეს, რადგან ადრე თუ გვიან, ტრუხილიო რეჟიმის სამსახურში გამოიძახებს და როცა მოიხმობს, უარის თქმის უფლება არ ექნება.

ერთი თვის წინ შეერთებულმა შტატებმა ღორების ყურეში დიდი მარცხი განიცადა. კომუნისტმა ფიდელ კასტრომ ასობით თავდამსხმელი შეიპყრო. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ მოვლენებს კარიბეში, საიმონ? - კუბელი პატრიოტების ამ ექსპედიციას პრეზიდენტმა კენედიმ უღალატა, - წაიბურტყუნა გულმოსულმა საიმონმა, - ხალხი სასიკვდილოდ გაგზავნეს. თეთრმა სახლმა საჰაერო თავდაცვასა და დაპირებულ არტილერიაზე უარი განაცხადა. კომუნისტებმა ათიანში გაარტყეს.

გველეშაპის (ტრუხილიოს) ბრალი იყო, ამდენი დომინიკელი ბოზებში, ბახუსსა და სხვა ცდუნებებში რომ ეძებდა სასოწარკვეთილების მალამოს, რადგან თავისუფლებადაკარგული და ღირსებააყრილი ცხოვრობდნენ იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანური სიცოცხლე ჩალის ფასიც არ ღირდა. ტრუხილიო დემონის ყველაზე ნაყოფიერი მოკავშირე იყო.

ერთი - სანთებელით, და მეორე - ანთებული ასანთის ღერით ხელში ათვალიერებენ სისხლით მოთხვრილ, სახედაფლეთილ, მწვანე ზეთისხილისფერ სამოსში გამოწყობილ სხეულს, რომელიც ასფალტზე დამდგარი სისხლის გუბეში წევს. გველეშაპი მკვდარია!

ცნობილი იყო, რომ „ფორო პუბლიკოში“ - გაზეთ „ელ კარიბეს“ ყველაზე წაკითხვად და სახიფათო სვეტში -  გამოქვეყნებული წერილები მთავრობის სასახლიდან იყო ნაკარნახევი და ქვეყნის პოლიტიკური ბარომეტრის საზომს წარმოადგენდა.  ამ ჯოჯოხეთურ სვეტს მინისტრები, სენატორები, გუბერნატორები და ბიუროკრატები არაერთხელ გაუხვევია კოცონის ალში.

პოლიტიკოსები გზას გვამებში იკვალავენ.

განსაცდელში ჩავარდნა გადამდები ავადმყოფობაა.

ორტეგა ი გასეტის ფრაზა უბის წიგნაკის ერთერთი გვერდის კუთხეში იპოვა. საკუთარი ხელით, ციცქნა ასოებით დაეწერა: „არაფერი იქიდან, ადამიანი რაც იყო, არის ან იქნება, არ ყოფილა, არ არის და არ იქნება მარადიულად. მხოლოდ ის არის მუდმივი, რაც გახდა ერთ მშვენიერ დღეს და მეორე, ასეთსავე მშვენიერ დღეს, აღარ იქნება“.

ერთ-ერთი სახლის კარზე დიდი, ბრჭყვიალა წარწერა იყო გაკრული: „ღმერთი და ტრუხილიო“. იქიდან მოყოლებული, დედაქალაქში და ქვეყნის შიგნით უამრავ ოჯახში ეკიდა მსგავსი წარწერა. არა, ეს არ ყოფილა მხოლოდ ფრაზა: არგუმენტები იყო, რომლებიც ალიანსს ადასტურებდა და რომელიც ტრუხილიომ უტყუარ ჭეშმარიტებად მიიღო.

დომინიკის რესპუბლიკაში, კათოლიციზმი, ესპანურ ენასთან ერთად, ნაციონალური ცნობიერების შემადუღაბებელი ძალაა.

პატარა ერებში დიდი ჯოჯოხეთი დუღს ხოლმე.

***

იცი, რა, ჭკუის კოლოფო? მე ერთ წამს არ ვიყოყმანებდი. არა იმიტომ, უფროსის ნდობა თავიდან რომ მომეპოვებინა, არც იმის გამო, ნებისმიერი მსხვერპლშეწირვისთვის რომ მზად ვარ. უბრალოდ, არაფერი მომანიჭებდა უფრო მეტ კმაყოფილებას, უფროსს ჩემი ქალიშვილისთვის რომ ესიამოვნებინა და თავად მისი მშვენიერებით დამტკბარიყო. არ ვაზვიადებ, აგუსტინ. ტრუხილიო ისტორიის ერთერთი ანომალიაა. ისეთი, როგორიც კარლოს დიდი, ნაპოლეონი, ბოლივარი - მათი ჯიშისაა. ისინი ბუნების ძალას განასახიერებენ, უფლის იარაღნი არიან, ერებს ქმნიან. ტრუხილიო ერთერთი მათგანია, ჭკუის კოლოფო. ბედმა გაგვიღიმა, მის გვერდით რომ ვართ, ვხედავთ, როგორ მოქმედებს, მასთან ვმუშაობთ. ამას ფასი არა აქვს.

უფროსმა იცის სილამაზის დაფასება. თუ ვეტყვი, „ჭკუის კოლოფი სიყვარულისა და ერთგულების დასტურად თავის მშვენიერ გოგონას გთავაზობს, რომელიც ჯერ კიდევ ქალწულია“, - უარს არ იტყვის. მე კარგად ვიცნობ. ის ნამდვილი კაბალიეროა, ღირსების ფაქიზი გრძნობა აქვს. გული ძალიან აუჩუყდება. დაგიძახებს. ყველაფერს დაგიბრუნებს, რაც წაგართვა. ურანიტას საიმედო მომავალი ექნება. მასზე იფიქრე, აგუსტინ, და გადაფერთხე მოძველებული შეხედულებები. ნუ იქნები ეგოისტი.

***

ღმერთო ჩემო, მომანიჭე ეს სიამოვნება. აუცილებლია ამ ღამეს ისე ვიხმარო იოლანდა ესტერელი, როგორც საჭიროა. უნდა ვიგრძნო, რომ არ მოვმკვდარვარ. რომ არ დავბერებულვარ. რომ კვლავ შემიძლია შეგენაცვლო და წინ წავწიო ეს უგუნურებით დაწყევლილი ქვეყანა. არ მანაღვლებენ მღვდლები, გრინგოები, შეთქმულები, გადასახლებულები. მხოლოდ მე, ტრუხილიო ვეყოფი მთელ ამ ნაგავს გადასახვეტად. მაგრამ იმ გოგოს მოსატყნავად შენი დახმარება მჭირდება. ნუ იქნები მზაკვარი და ძუნწი. მომეცი, მომეცი!“

ეს იყო პეტრონიუსისა და სოლო მონ მეფის რეცეპტი: კვირტივით თოთო სარცხვინელი - ახალ გაზრდობის დასაბრუნებლად იმ ვეტერანისთვის, სამოცდაათი გაზაფხული რომ მოიყარა.

როგორც უამრავ ოფიცერსა და უამრავ დომინიკელს, ტრუხილიოს წინაშე, გამბედაობა და ღირსების გრძნობა უკვალოდ უქრებოდა. ქველმოქმედი მათ გონებრივ სიმტკიცესა და ფიზიკურ ძალას თრგუნავდა, მორჩილებასა და თვინიერებას უნერგავდა.

პოლიტიკა ხანდახან გულის გაპობას მოითხოვს.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებს ტრუხილიო პენსიაზე გასული სახელმწიფო მოღვაწესავით უცხოეთში არ გაატარებს. ბოლო ამოსუნთქვამდე იმ ქვეყანაში იცხოვრებს, რომელიც მისი წყალობით აღარ არის ტრიბუ, ურდო, კარიკატურა და რესპუბლიკად იქცა.

ხედავდა ოდნავ მოფამფალებულ მუცელს, თეთრთმიან ბოქვენს, პატარა მკვდარ ფალოსსა და უთმო, გალოკილ ფეხებს. ეს იყო გენერალისიმუსი, სამშობლოს ქველმოქმედი, ახალი სამშობლოს მამა, ფინანსური დამოუკიდებლობის რესტავრატორი.


ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ

Vangogen • ვანგოგენი

Instagram