ჯაბა იოსელიანი - ლიმონათის ქვეყანა

ვუძღვნი ქართული მშვენიერების მარგალიტებს - მედეა ჯაფარიძესა და რეზო თაბუკაშვილს

ციხის გარდა, ერთადერთი ადგილი, სადაც პატიმრის „სანიტარული დამუშავება“ - დაბანა, გაპარსვა, მათი ტანსაცმლისა და ჩიხი-მახოების დეზინფექცია შეიძლება, „კეპეზეს“ აბანო გახლავთ. ციხე კი მხოლოდ დაპურებულ და „სანიტარულად დამუშავებულ“ პატიმარს იღებს. ეს თითქმის ყველამ იცის და თუ ვინმე „გულუბრყვილო“ გამოერევა, პურს ან „ბალანდას“ მოითხოვს, ზედამხედველებს სასაცილოდ არ ჰყოფნით.

შეძლებულად ითვლებოდა ის პატიმარი, ვინც ამანათს - „პერედაჩას“ იღებდა, ან ფული, თუთუნი თუ რაიმე ნივთი შემოიყოლა, რომლის გაცვლა-გაყიდვა მარიფათიანი ჯარისკაცის მეხოებით, ზედამხედველის დაბმა-დაინტერესებით მოხერხდებოდა მომავალში.

კომკავშირში მიღების ასაკმაც მოაწია. პირველნი - წარჩინებული მოსწავლეები უნდა ყოფილიყვნენ, შემდეგ, რასაკვირველია, ყველას ღებულობდნენ. ასეთი თავდაფასება იმით აიხსნებოდა, ვითომდა კომკავშირში მარტო რჩეულებისთვის შექმნილი და არა ახალგაზრდობის საყოველთაო ვალდებულება ყოფილიყოს. „ტროცკისტების“ შვილების მიღებაც შეიძლებოდა პრინციპში. ბევრ მათგანს იღებდნენ კიდეც, მაგრამ ახსოვდათ, რომ სტალინის ლოზუნგმა - „შვილი მამის გამო პასუხს არ აგებს“, - გასულ მატარებელზე რამოდენიმე წუთით დააგვიანა. ეს „სამართლიანი“ მოწოდება მაშინ გავრცელდა, როცა მამები ფიზიკურად აღარ არსებობდნენ და შვილებს უკვე დიდი ხანია არეული ჰქონდათ ცხოვრება.

ქალაქი ისე ცხოვრობდა, თითქოს აქ უწინაც სულ ომი ყოფილიყოს. ხალხი შეეჩვია ყოველგვარ არანორმალურობას; ისე, კაცმა რომ თქვას, არც ომამდე იყვნენ ხამად: პროდუქტის ნაკლებობა, ხელმოკლეობა, შიში - ახალი წყობილების თანამდევ სენად ითვლებოდა, თუმცა ოფიციალურად ამის ობიექტური - სულ სხვა მიზეზები არა და არ გამოილია. აბა, ახლა ქუჩაში, სკოლაში, დაწესებულებაში, თეატრში, კინოში, სადგურზე პლაკატი პლაკატზე ეკრა. ფაშისტური სვასტიკის დამამსხვრეველი წითელარმიელი, თმაგაშლილი ქალი წარწერით - „დედა სამშობლო გეძახის!“, ტუჩზეთითმიდებული ქალი, რომლის ქვეშაც ეწერა - „ნუ ლაყბობ!“ და სხვა.

წითელარმიელს რუსული იარაღის სახელოვანი ტრადიციების გამგრძელებლად რომ წარმოედგინა თავი, კვლავ ძველი სახელი - ჯარისკაცი უწოდეს. ხოლო რადგან ჯერ კიდევ ბევრს ახსოვდა, როგორც შინ, ისე გარეთ, რომ ჯარის კაცის სახელი უკვე აბუჩად აგდებული, ჩაგვრის სინონიმი იყო და სალდათობა ცარიზმის ერთ-ერთ ანტიჰუმანურ, სამარცხვინო ინსტიტუტად ჰქონდათ ბოლშევიკებს გამოცხადებული და მის წინააღმდეგ ბრძოლა სხვა პოლიტიკური ამოცანების კონტექსტში საპროგრამოდ ითვლებოდა, - სახელის აღდგენა საჩოთირო რომ არ ყოფილიყო, განსხვავების მოსაჩვენებლად სიტყვა ჯარისკაცს ეპითეტი - საბჭოთ მიუმატეს. ამრიგად საბჭოთა ჯარისკაცის მიზანდასახულობას კომუნისტური მესიანიზმის შარავანდედთან ერთად ამიერიდან რუსული პატრიოტიზმის მემკვიდრეობის ღრმა ფესვებიც მიაწვდიდა საზრდოს.

ომის გამოცხადების პირველ დღეებში, ნაძალადევად მხნე, ოფიციალურად დაგეგმილი ხმაურის პარალელურად, ხალხში ჩუმ-ჩუმად მოსწრებული სიტყვები და ანეგდოტები დადიოდა კოლექტივზე, გადასახადების გაუსაძლისობაზე, თავჩამოხრჩობილ დედლებზე, რომლებმაც დაგეგმილი ორი კვერცხის დადება ვერ შეძლეს დღე-ღამეში, საველე ცოლებზე და ზურგში დარჩენილ ორდენოსნებზე. „ინფორმბიუროს“, რომელიც უკანასკნელ ცნობებს გამოსცემდა, ხალხმა „ინჭორბიურო“ შეარქვა და სხვა.

ახალმა ძალაუფლებამ მუდმივი ტერორის გამოყენების ფონზე კიდევ გაუთავებელი რეპრესიების კამპანიები შემოიღო. 1921 წელს კონტრრევოლუციის წინააღმდეგ, 1924 წელს - გამოსვლების მოსასპობად, 1927 - „შახტის საქმე“, 1932-34 - ე.წ. „პრომპარტები“ და „კონდრატევშჩინა“. ირგვლივ თითო-ოროლა ნაცნობ-მეგობარიც აღარ შემორჩა. შემდეგ - 1937-38 წლები.

***

კომუნისტები თავიანთ ნაცად გზას დაადგნენ, საალბათო შიშს აუცილებელი და უფრო ძლიერი შიში დაუპირისპირეს: ყველა პარტიული და სამეურნეო დაწესებულების ხელმძღვანელს საველე ტრიბუნალის წინაშე პასუხისგებით ევალებოდა ევაკუაციის შემთხვევაში გაენადგურებინა ყველაფერი, რისი გადამალვა და თან წაღებაც არ ხერხდებოდა, იქნებოდა ეს მანქანები, დაზგები, ნედლეული, ხორბალი, არქივი თუ სხვა რამ მტრისათვის სავარაუდოდ გამოსაყენებელი ფასეულობა. უკან დახევისას სამხედრო ნაწილები აფეთქებდნენ ხიდებს, რკინიგზას, გამოუყენებელ საჭურველს, ზოგ შემთხვევაში ქარხნებსაც და შენობებს. შინსახკომების მისახედი პატიმრები იყვნენ: თუ ვერ მოუნახავდნენ საიმედო ადგილს, მათი (პატიმრების) ლიკვიდაცია ბრძანებულების დარღვევად არ ჩაითვლებოდა. ყველაფერი ორგანიზებული ძალდატანების შედეგად ხდებოდა.

საყოველთაო მობილიზაციის ფორმების ნაგულისხმევი წესი ერთი იყო: ჩათრევას ჩაყოლა სჯობია. ეს ეხებოდა როგორც მოხალისეს, ასევე წვევამდელს. სამოქალაქო ომის გამოცდილება ამბობდა, რაც უფრო ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა ახალგაზრდა, მით იოლად ხერხდება მისი ჯარში წაყვანა. დეზერტირობისათვის მხოლოდ ფრონტიდან გაქცეულებს ხვრეტდნენ; ფიცმიუღებელ ან მობილიზაციის თავარიდებულ ყმაწვილს გაქცევისას ასამართლებდნენ, პატიმრობას უსჯიდნენ, მაგრამ პატიმრობა ციხეში ჯდომას როდი გულისხმობდა. „შტრაფნოი ბატალიონებში“ ან „შტრაფნოი როტებში“ უკრავდნენ თავს ფრონტის ყველაზე სახიფათო ხაზზე.

1942 წლის 28 ივლისს #227 ბრძანებულება ყველა ხელქვეითს ადგილზე დახვრეტის უფლებას აძლევდა უბრალო ჩინიან სამხედროსაც კი და ამას „პანიკიორების და ლაჩრების ჩაძაღლება“ ერქვა. შემოღებული იქნა ე.წ. „ზაგრად ოტრიადები“ - კარგად აღჭურვილი და მომარაგებული ჩეკისტების საგანგებო ნაწილები, რომლებიც ფრონტის ყველა წინახაზელებს ზურგში იყვნენ მოკალათებულნი. მათ იმდენად გერმანელებთან ბრძოლა კი არ ევალებოდათ, რამდენად თავისივე საბჭოთა ჯარის განადგურება - უკუქცევის შემთხვევაში. მართალია, სტალინმა ომის ამ პრინციპის ავტორად ჰიტლერი გამოაცხადა, მაგრამ ცილს სწამებდა. ჯერ ერთი, ეს ტაქტიკა ისევ სამოქალაქო ომში ჰქონდათ გამოყენებული ბოლშევიკებს: პირველი მსოფლიო ომიდან რუსეთში ჩარჩენილი ტყვეებითა და დაქირავებული ჯარისკაცებით შედგენილ ე.წ. ინტერნაციონალურ საგანგებო ჯარის ნაწილებს, რომლებიც ხშირად ზურგში ედგნენ წითელ არმიას, ევალებოდათ უკუქცეული მებრძოლების ადგილზევე განადგურება.

[...]

სტალინმა კარგად იცოდა საქართველოს ისტორია - კრწანისის ომში აღამაჰმად-ხანის ფანდი: სპარსული ჯარის „გასამხნევებლად“ ზურგში ხმალამოღებული ქურთი მეომრების ამბავი. ერთი სიტყვით, - წინ - წყალი, უკან - მეწყერი.

შეიქმნა დანაშაულის „სისხლით გამოსყიდვის“ ინსტიტუტი. „შტრაფნოი ბატალიონებში“ და „როტებში“ გამწესებულ ახალგაზრდას თუ ბედი ეწეოდა და პირველივე ბრძოლაში დაიჭრებოდა, მაშინ ჰოსპიტალში ეღირსებოდა მოხვედრა; მხოლოდ უთოფოდ მოყვანილს არ იღებდნენ ჰოსპიტლის უფროსის სათანადო განკარგულების გარეშე. გზავნიდნენ, როგორც უკვე ჩვეულებრივ ჯარისკაცს, „რომელმაც სისხლით გამოისყიდა დანაშაული“. ფრონტის წინა ხაზზე ყოფნა ერთ შეღავათს ანიჭებდა ჯარისკაცს - მეთაურები ნაკლებად დესპოტობდნენ.

[...]

ფრონტზე ძნელ მდგომარეობაში ჩავარდნილ ჯარისკაცებს არაყს ასმევდნენ და იერიშზე ასეთი შეძახილებით გადაჰყავდათ: „სამშობლოსთვის, სტალინისთვის - წინ, ვაშა!!!“ შტაბიდან მივლინებული პოლიტკომისრები, პროპაგანდისტები, შეტევის წინ მიტინგებს აწყობდნენ, ზოგს იქვე კომუნისტურ პარტიაში იღებდნენ, ფიცს ადებინებდნენ, პატრიოტულ სიტყვებს წარმოთქვამდნენ და თვითონ საღსალამათნი უკანვე შტაბში ბრუნდებოდნენ. კორესპონდენტები რუსი - ანუ საბჭოთა ჯარისკაცის გმირობის ამბებს ავრცელებდნენ. პოეტები სტალინზე, ბელადებზე, სამხედრო ხელმძღვანელებზე და გმირის წოდებით დაჯილდოებულებზე წერდნენ ლექსებს. მწერლებმა პირველი სამხედრო მოთხრობები გამოუშვეს გერმანელთა მხეცობის შესახებ. კინოში ომის ქრონიკის შერჩეულ ფირებს ატრიალებდნენ. რადიოში დღე და ღამე ჰიმნები, მარშები, სიმღერები გადაიცემოდა - სტალინზე, ვოროშილოვზე, ბერიაზე, ტიმოშჩენკოზე, კაგანოვიჩზე და სხვა ბელადებზე და პარტიაზე. პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად რუსეთის ისტორიის გამოჩენილი მთავარსარდლები, მთავრები და მეფეებიც კი გაიხსენეს, გამრავლდა მათი სახელობის ორდენები.

ჩეკა მძვინვარებდა, როგორც ჯარში, ასევე ხალხში. ყველა პოლკში ოპერრწმუნებული იყო, რომლის მთავარ საქმეს დამბეზღებლების შტატის გაფართოება წარმოადგენდა. ყელა წერილი იკითხებოდა. ბეზღობა დიდი ხანია კომუნისტური მორალის ეთიკურ კატეგორიად შეირაცხა, ხოლო ომმა იგი საბჭოთა სახელმწიფოს პოლიტიკური საყრდენების უძირითადეს ბურჯად აქცია.

***

დედა კი საოჯახო ალბომებიდან ამოაძრობდა ძველ ფოტოებს, მელნით უშავებდა სახეებს დაპატიმრებულ ნათესავებსა და ნაცნობებს. „ნუ შვრები!“ - ყვიროდა მამა. „შენ გინდა ჩვენც ციხეში წავიდეთ?“ - ჩურჩულით პასუხობდა გაბრაზებული დედა. „მაგას სჯობს, სულ დაწვა“. და მართლაც, ზოგიერთ სურათს დაწვის მეტი აღარაფერი ეშველებოდა, იმდენი გაშავებული სახეები, მელნის ნიღბები ჰქონდა.

1917 წელს, ონის მოსამართლე ტატიშვილმა თბილისიდან დეპეშა მიიღო: „მთავრობაძე სკონჩალსია“. პეტებურგიდან მიღებული ამ ცნობის შემდეგ, „ვიშენაჩალნოე უჩილიშჩეს“ მეოთხე კლასის მოწაფეებმა მეფე ნიკოლოზ მეორეს პორტრეტს ქვები დაუშინეს; ხალხი გარეთ გამოვიდა: გლეხები, მასწავლებლები, წვრილი ჩინოვნიკები, უფროსი კლასის მოსწავლეები, ქალები, ბავშვები, ბაზრის ამაღლებულ ადგილას შეკრებილიყვნენ. ნაკატორღალ, ჭკუაზე ცოტა შექანებულ, გრძელთმიან და წვეროსან ლუკა ბერიაშვილს პლაკატი გამოეტანა: „გაუმარჯოს მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარეს კარლო ჩხეიძეს“. სინაგოგის რაბინი დავით ბააზოვი შუაში იდგა და გარშემორტყმულ ხალხს უხსნიდა რევოლუციისა და რეაქციის შინაარსს: „მომფრინდა შავი ყორანი და გადამყლაპა წითელი არწივი - ეს არის 1905 წლის რევოლუცია. მერე მომმფრინდა წითელი არწივი და გადაყლაპა შავი ყორანი - ეს არის დღევანდელი რევოლუცია“. ხალხის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გრიალებდა ტაში, გაისმოდა შეძახილები, სიცილი.

საქართველოს გასაბჭოების კვირაძალს მომავალი ძალაუფლების მექანიზმები რუსეთის საელჩოში ყალიბდებოდა. საბჭოთა რუსეთის ელჩის, პროფესიონალი რევოლუციონერის, სერგო მირონის ძე კიროვის დანიშნულებას და სულსწრაფ მიზანს საქართველოში არეულობის გამოწვევა და კვლავ მისი ანექსიისათვის ნიადაგის მომზადება შეადგენდა, მით უმეტეს, რომ მას ამ საქმის დიდი გამოცდილება ჰქონდა მიღებული ჩრდილო კავკასიაში. ბოლშევიკები არას დაგიდევდნენ იმ „პიორიბოთობას“, რომ ელჩის საერთაშორისო სტატუსი დაუშვებლად მიიჩნევს სუვერენულ სახელმწიფოს შინაურ საქმეებში ჩარევას, ამიტომაც დღისით-მზისით საბჭოთა რუსეთის საელჩოში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ბოლშევიკების კრებები და მიტინგები იმართებოდა, სადაც მგზნებარე ტრიბუნის როლში გამოსული ოფიციალური ელჩი შეიარაღებული აჯანყების მზადებისკენ მოუწოდებდა ადგილობრივ კომუნისტებს და ამას დამოუკიდებელი საქართველოს მენშევიკური მთავრობა დემოკრატიის სახელით შემწყნარებლურად შესცქეროდა. საბჭოთა რუსეთი ომის გამოუცხადებლად შემოესია კავკასიას. საქართველოს მობილიზაციი ნაცვლად მენშევიკურმა მთავრობამ ჯარის დემობილიზაცია გამოაცხადა დემონსტრაციულად - ნამუსზე სურდათ შეეგდოთ თავისი ყოფილი თანამოპარტიე მარქსისტები.

***

სუყველა დიდ შიშში ვიყავით, თუ რა ან როგორ იქნება რუსის ჯარის შემოსვლა. მენშევიკები მიდიოდნენ, თანდათან იხევდნენ.

მშვენიერი დილა გათენდა. გადავწყვიტეთ გავპარულიყავით ერევნის მოედანზე. გაგებული გვქონდა - იქიდან შემოვა მეთერთმეტე პოლკიო, თან გვეშინოდა, თანაც ძალზე გვაინტერესებდა. ქუჩაში გავედით. სუფთა, სასიამოვნო ჰაერი, ფიფქებნარევი წვიმა, ქალაქში სიჩუმე და იდუმალება სუფევდა. არავითარი მოძრაობა, ირგვლივ არავინ ჩანდა. დავადექით ვარდისუბნის ქუჩას, გავედით ოლღას ქუჩაზე, ახლა რომ ლენინის ქუჩა ჰქვია. იქიდან შევუდექით გოლოვინსკს, ვიხედებით აქეთ-იქით, მეეზოვეებსაც ვერ ვხედავთ. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს თბილისი დაცარიელებულა. მთავრობის სასახლის ბაღში ირმები და ცხოველები მიუხედავები დარბიან, ბღავიან. ალშვანგის ბროწეულის მაღაზიასთან, ბაშაროვის მზა ტანსაცმლის და საცვლების მაღაზიასთან, „სევერნიე ნომერას“ სასტუმროსთან - არსად კაცის ჭაჭანება არაა. ჩავუარეთ ამ მაღაზიებს, სამხედრო შტაბს, ერევნის მოედანზე გავედით და ქარვასლას ამოვეფარეთ. უკვე კარგა გათენებულიყო, შევხედეთ ქალაქის საბჭოს საათს - 9 საატია. აქა-იქ გამოჩნდნენ ადამიანები, ნელ-ნელა იკრიბებიან ჩვენთვის სულ უცნობი სახეები. გვეშინოდა, ვერ ვჩნდებოდით სახლიდან გამოპარულები. მაშინ გოლოვინსკზე ტრამვაი დადიოდა ხუთ-ხუთი კაცის დასაჯდომი ადგილით, მარჯვნივ და მარცხნივ შესასვლელით. მოვინდომეთ იქითკენ წასვლა. უცებ ვიღაც მოთავე გადაგვიდგა და გვიბრძანა - ყველა გამვლელ-გამომვლელი, ჩვენსავით თავშეფარებული, გამოსულიყო და ერთად დამდგარიყო.

ქალაქში სერგო ორჯონიკიძისაგან უკვე განკარგულება ყოფილა, რომ ტაბახმელიდან მომავალ რუსის ჯარს თბილისის მოქალაქეები შეხვედროდნენ სრული სიმშვიდით; შესაგებებლად კი აერჩიათ კარგი შეხედულების, ნაცადი, რუსულის მცოდნე ვინმე. მოედანზე ოცი-ოცდაათი კაცი შეგროვდა, მეტწილად სომხები და ებრაელები. გაისმა თქარათქური, სოლოლაკიდან ჩამოვიდა ცხენოსნების ერთი გუნდი სამხედრო ლაბადებში, წოწოლა ქუდებზე დაკერებული წითელი ვარსკვლავებით. გავიხედე, პირველ რიგში რაღაც ნაცნობი სახეა. გამიკვირდა, რუსის ცხენოსნებში ამას რა უნდა, ეს აბაშიძე არ არის მეთქი, - ჩურჩულით ვკითხულობ, - ყოფილი სამხედრო? ამ აბაშიძემ გამოაცხადა, - გაგვათავისუფლესო. ხალხმა ტაში დაუკრა. მერე სიტყვა რუსმა სამხედრომ ჩამოართვა. წითელი არმია შემოვიდა, - თქვა მან, - მოსამსახურეები სამუშაოზე უნდა გამოვიდნენ, სკოლებმა სწავლა განაგრძონ, ყველაფერი თავის რიგზე დარჩეს, მაღაზიებმა ივაჭრონო, მაგრამ მაღაზიების მეტი ნაწილი უკვე გაქურდული იყო. ქალაქის კომენდანტად ეს აბაშიძე დააყენეს მერე.

[...]

რუსის ჯარი თბილისში ძველ, თავისსავე აგებულ ყაზარმებსი განლაგდა. მეთაურები, არჩევით, დაცარიელებულ სახლებსა თუ ოჯახებში ჩამოდგნენ. საქართველოს რაიონებში კი კვლავ მეფისდროინდელი სადგომები იქნა დისლოცირებული. ბოლშევიკურმა მთავრობამ ფაქტობრივად უკვე ყოფილ რუსეთის საელჩოში დაიდო ბინა. რუსი პარტიული ჩინოვნიკები, ჩეკისტები და სამხედროები ჩაუდგნენ სათავეში ყველა ქმედით სახელმწიფო ორგანოს. ქართველი და სხვა ეროვნების პროფესიონალი რევოლუციონერები კი ის პირველი ფუნქციონერები იყვნენ, რომლებსაც ემყარებოდა წითელი რუსეთი.

ახალი ძალაუფლება ტოტალური მიჩემებით ჩაერია ადამიანის ყველა სასიცოცხლო სფეროში: პოლიტიკიდან დაწყებული ოჯახით დამთავრებული. დაუქმებულად გამოცხადდა არსებული პოლიტიკური პარტიები. მთავრობა ვიდრე ფეხს მოიკიდებდა, ბოლშევიკური პარტია მუშების, გლეხების და ლოიალური ინტელიგენციის გარდა, იღებდა აგრეთვე სხვა პარტიების ყოფილ წევრებსაც. მჟავედ უღიმოდა „თანამგრძნობლებს“, როგორც უწოდებდნენ ისინი საზოგადოებას ინერტულ და აპოლიტიკურ ნაწილს. იცოცხლე, შემდეგ, როცა ძალაუფლება მომაგრდა, ცხვირიდან ძმრად ადინეს ამ დროებითი დამოუკიდებლობით თავმოწონება. იდგა გაუთავებელი მიტინგობია და იაფფასიანი დემაგოგია. ყველა არეულობა, გაჭირვება, შიშიანობა - რევოლუციის გარდამავალი პერიოდით მართლდებოდა. როგორც ჭირისუფალი აღიქვამს მარჩენალის დაკარგავს უკვე ცხოვრების მსვლელობაში, ასევე ახლა გამოიფშვნიტა ყურები ხალხმა. თბილისში ახალგაზრდობას მღელვარება ეტყობოდა, განსაკუთრებით ყოფილ ოფიცერთა წრეში.

[...]

1922 წლის სექტემბერში ქაქუჩა ჩოლოყაშვილის თაოსნობით ხევსურეთი აჯანყდა. ქარადქორადად შეფენილი სახლების ბანებზე ქალები და ბავშვები გამოეფინენ, მამაკაცებმა კი ბოლშევიკებზე, როგორც რუსების დამქაშებზე, ნადირობა დაიწყეს. თბილის არალეგალურად შეიქმნა ე.წ. „პარიტეტული კომიტეტი“, სადაც გაერთიანდნენ ყველა არალეგალური პარტიის წარმომადგენლები.

[...]

ბოლოს ქაიხოსროსაც შეეპარა ეჭვი „პარიტეტული კომიტეტის“ ეფექტიანობაში, როცა ამ მოძრაობის ლიდერებმა აჯანყებულ ქაქუცა ჩოლოყაშვილს დახმარების ნაცვლად ბრძანება გაუგზავნეს, მორჩი მაგ პროვოკაციასო, არადა, ხევსურეთის გარდა, უკვე კახეთშიც იქმნებოდა პარტიზანული ჯგუფები.

[...]

1924 წლის გამოსვლების მოთავეების სახელები როცა გაიგო: „პარიტეტული კომიტეტის“ თამვჯდომარე მენშევიკ კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, ესერთა პარტიის წევრის მიხეილ ბოჭორიშვილის და ნაციონალ-დემოკრატ მიხეილ იშხნელის (ამ უკანასკნელს კარგად იცნობდა, პოპულარული მსახიობის არადელ იშხნელის ძმა იყო), მის სკეპტიკურ აზრებს კიდევ ერთი მტკიცება შეემატა: მას არ მიაჩნდა ეს ადამიანები იმ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც საქართველოს ბედ-იღბლის გადაწყვეტა შეეძლო. სხვა თუ არაფერი, ისინი არ იყვნენ ისეთი ავტორიტეტული ან პოპულარული მოღვაწეები, ვისაც ხალხი დაუფიქრებლად გაჰყვებოდა; თვით ის არჩევანიც, რომ მათ მცხეთის ჯვრის მონასტერში დაიდეს ბინა, როანტიკულ პოზად უფრო ეჩვენა, ვიდრე აჯანყებულთა შტაბის შესაფერ ადგილად. თუმცა, ამაში მართლაც იყო რაღაც სილამაზე, სიმბოლური ჟესტი: საქართველოს გულში, მისი წმინდა ადგილიდან ეროვნული გაბრძოლების ცდა. მეტეხის ციხეში გერმანული დელეგაციისთვის მიცემულ ინტერვიუ-თავისმართლებაში (კომუნისტები მაშინ ჯერ კიდევ ლიბერალობას თამაშობდნენ და ანგარიშს უწევდნენ საერთაშორისო საზოგადოებრივ აზრს) კიდევ ერთხელ დაინახა ვალერიანმა, რომ ჭეშმარიტად თავდადებული და ამაღლებული ლიდერები საქართველოს არ ჰყავდა.

„ოთხ სექტემბერს ჩვენ - მეთაურები დაგვაპატიმრეს, იმ ღამესვე გავგთოკეს და მივყავდით დასახვრეტად, - აძლევდა ჩვენებას აჯანყების ერთ-ერთი მეთაური კოტე ანდრონიკაშვილი, - მაგრამ ამ დროს ლავრენტი ბერიამ წინადადება მოგვცა, გამოგვეშვა მოწოდება აჯანყებულებისადმი, რომლებიც შიგადაშიგ კიდევ განაგრძობდნენ ბრძოლას, რომ მათ დაეყარათ იარაღი, რათა შეჩერებულიყო უაზრო სისხლისღვრა და მასობრივი ხვრეტა, რომელსაც განაგრძობდა ხელისუფლება, თანაც დაუმატა - თუ მოწოდებას გამოვუშვებდით, ხვრეტას შეაჩერებდნენ, მაგრამ ერთი პირობით კი - მომხდარი აჯანყებისათვის უნდა გვეწოდებინა ავანტიურა; აი, ამიტომ დავთანხმდით სიტყვა ავანტურაზე“.

ამ დროს ეს კომუნისტებს სჭირდებოდათ იმიტომ, რომ გაეიოლებინათ წინააღმდეგობის დათრგუნვა, ამავე დროს გაბაიბურებულ იქნა თვით აჯანყების ფაქტი.

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ამბროსის გასამართლების შესახებაც იცოდა, ვისაც საბჭოთა მთავრობამ ბრალად დასდო რომის პაპთან წერილის გაგზავნა; ხოლო როგორც კათალიკოსის დამცველი ვექილი კირილე ნინიძე არწმუნებდა - თვით წერილის შინაარსი არავითარ კრიმინალს არ შეიცავდა.

[...]

გასაბჭოებამდე რამდენიმე დღით ადრე კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებში დაღუპული ორი ქართველი სტუდენტის ცხედარი ჩამოასვენეს და „სობოროსთან“ - მთავრობის სახლის გვერდით, დიდ ნაძვის ხესთან დამარხეს სამშობლოს თავისუფლებას შეწირულები.

***

ციხეში ეპიდემია რომ არ შეიპაროს, ახლადმოყვანილ პატიმრებს რამდენიმე დღით კარანტინში ათავსებენ. კარანტინი არავის ქვეყანაა... აქ ყველა არეულია - დიდი, პატარა, ქურდი, მკვლელი, დეზერტირი, გამფლანგველი, „პროგულშჩიკი“, მათხოვარი, ბოგანო, ყარიბი, პოლიტიკური, ნადიდკაცარი, ალალ-მართალი დამნაშვენი. აქ ჯერ არავითარი კანონი არ მოქმედებს მოსწრებისა და ღიად მორევის გარდა. შემთხვევით შეკრებილ ადამიანებს ჰგონიათ ერთმანეთს აღარასოდეს შეხვდებიან. თითქოს ბაზარში მოულოდნელად დაბნელდა და მყიდველი მძრაცველად იქცა. ზემოთ, კორპუსებში, როცა დანაშაულის მიხედვით დაახარისხებენ და კამერებში გაანაწილებენ, რაღაც ერთს ეწევიან. ან ციხის ადმინისტრაციის შინაგანაწესს დაემორჩილებიან, რაც ასე თუ ისე სამარცხვინო ცხოვრებას გულისხმობს, ვინაიდან პატიმრის გამაუბედურებლის ინტერესებს ემთხვევა და გარეთ, თავისუფლებაზე არსებული კანონის გაგრძელებაა, რომლის მსხვერპლსაც შეგნებულად თუ შეუგნებლად თვლის თავს ყველა პატიმარი და განაწყენებულია მასზე, ან - ქურდულს, საპირისპიროდ განსხვავებულ მორალურ და ტრადიციულ წეს-ჩვეულებას. ყოველ კამერაში ისეთი წესრიგია, როგორი პატიმარიცაა. მხოლოდ კარანტინში, სადაც ყველა ჯურისამ ერთად უნდა გაატაროს რამდენიმე დღე და შემდეგ, შესაძლოა, მართლაც აღარასოდეს შეხვდნენ ერთმანეთს, მხოლოდ აქ ვერა ცნობს ძაღლი პატრონს და მეტწილად ძალაუფლებას ვიგინდარები იგდებენ ხელში. გამოცდილებმა იციან, ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას თუ ლამობ - ეცადე, ახალბედას პირველი შთაბეჭდილება გამოიყენო და თუ გინდა არაფერი დაკარგო - აგრესორის პირველ დაწოლას გაუძელი.

[...]

ციხეში ინფორმაციის შემომტანი ძირითადად კარანტინის ხალხია: კარანტინშივე ხდება ახალბედათა გათვიცნობიერება. აქ სასამართლოზე გაყვანილმა და სხვადასხვა მიზეზით დაბრუნებულმა პატიმარმა იცის გარეთ რა ხდება, იმიტომ რომ სასამართლოზე მშობლები, ნათესავები, ცოლ-შვილი, ამხანაგები ნახა. მან იცის, ვინ ზის „პადვალში“, ვინ „ჟიგანსკი კამერაში“, ვინ ელის სასიკვდილო განაჩენს და ისიც, თუ ვინ განთავისუფლდა.

ციხეში კორპუსები ასე იყოფა: პირველი სართული პირველი კორპუსია, მეორე - მეორე და ა.შ. სულ ოთხი სართული და ოთხი კორპუსია. მეოთხე „გამფლანგველების“ კორპუსია. შიგადაშიგ იქაც შეიპარებიან ხოლმე დარბაისელი გარეგნობის ქურდები, ვინაიდან ციხე გადატენილია და პირად საქმეებში ჩაღრმავების დრო არ აქვთ კომენდატურაში, თვალს ენდობიან და ეს გამოცდილი თვალიც ტყუვდება ხოლმე. მესამე კორპუსი - „ჟიგანსკი კამერა“ - გარდა იმისა, რომ რეციდივისტების საიზოლაციო საკანია, ამავე დროს პატიმართა დასაშინებელი ადგილიცაა. იქ ე.წ. კანონიერ ქურდებს ხანდახან ციხის რეჟიმის დამრღვევ პატიმრებსაც უგდებენ, ან სასეიროდ - ვინმე ბობოლა არიფს. ამ კამერაში ქურდული კანონები შეუნიღბავად მოქმედებენ. „ჟიგანსკის“ მოსახლეობის მეტი ნაწილი ამანათებს და მატერიალურ სხვა რამ დახმარებას არსაიდან იღებს, ვინაიდან რუსეთიდან ბაქოდან, ერევნიდან, შუა აზიიდან ჩამოსული „გასტროლიორები“ არიან. ვინც კი აქაურია, უკვე იმდენჯერ არის ნასამართლები, რომ მშობლებს და ახლობლებს მობეზრებული ჰყავთ. მავანმა ისიც იცის, - შვილისთვის თუ მათი ახლობლისთვის ციხე მეორე სახლია, არ დაიკარგება და არავითარი აზრი არა აქვს ამ შიმშილობის დროს უკანასკნელი ლუკმა პური გაუყო იმას, ვინც თავი მოგაბეზრა და ვისაც, არც თუ მაინც და მაინც, ესაჭიროება დახმარება.

„ჟიგანსკში“ შიმშილია, „პაიკის“ გარდა ზედმეტი იშვიათად ხვდება აქ. სხვა კამერიდან შემთხვევით თუ შემოაღწევს „სათბობი“, როგორც სანოვაგეს, ან საერთო რაიმე დახმარებას ეძახიან. ასევე იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე რამდენიმე დღით „ბობოლას“ შემოხეთქება, რომელსაც „ჟიგანსკში“ წაართმევენ, რაც წასართმევია, შეუჭამენ, რაც შესაჭმელია და თუ რაიმე პრეტენზია გამოამჟღავნა, ერთი მაგრადაც დაუზილავენ გვერდებს. უნდა აღინიშნოს, რომ გვერდებში რტყმევა ქურდული ჩვეულებაა; სახის დასისხლიანება რაღაც არაკეთილშობილურ საქციელად არის მიჩნეული.

პირველ კორპუსში მცირეწლოვანები სხედან, ქურდებზე განაწყენებული ე.წ. „ობიჟნიკები“. ისინი ადმინისტრაციის განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან. ჯერ კიდევ მიუსჯელებში იწყება მათდამი გამასწორებელი მეთოდების გამოყენება. არასრულწლოვნად პატიმარი 16 წლამდე ითვლება, ვიდრე პასპორტი არა აქვს. „ობიჟნიკების“ კამერების „სტაროსტები“ ნამდვილი ტირანებივით იქცევია. გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ძლიერები და წლოვანებით უფროსები არიან თავიანთ თანამესაკნელებთან შედარებით, ადმინისტრაციის მიერ მათ ათასგვარი პრივილეგია და ხელშეუხებლობის გარანტიაც აქვთ.

სტაროსტა უფლებამოსილია ნებისმიერ დროს კამერიდან გავიდეს, აღმზრდელებთან (ასე უწოდებენ მცირეწლოვანთა უფროსებს, ჩეკისტ ლეიტენანტებს) შეხვედრა მოითხოვოს. ზედამხედველებსა და ჯარისკაცებსაც ეშინიათ მათი. ისინი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მოახსენებენ ხოლმე მინდობილი კამერის შინაურ ამბავს, ვისაც როგორ დაახასიათებენ, უფროსებიც ისე ექცევიან. ხშირად, როცა გამომძიებლები ციხეში მცირეწლოვან პატიმართა დასაკითხავად მოდიან, მათ სტაროსტები ეხმარებიან საქმის გახსნაში, გაჯიუტებული პატიმრისგან მონანიების გამოძალვაში, თანამოსაქმეების მიკვლევაში. გამასწორებელი მუშაობის ერთ-ერთ მთავარ მაჩვენებლად ადმინსტრაციას მიაჩნია მცირეწლოვან ბოროტმოქმედთა წრეში ქრუდულ წეს-ჩვეულებათა გაუვრცელებლობა და თუკი ეს მაინც როგორღაც უკვე მომხდარია - მისი ძირფესვიანი აღმოფხვრა. ამის მისაღწევად სტაროსტებს ყველა უფლება აქვთ მინიჭებული. ჯერ კიდევ მაქსიმ გორკის, მაკარენკოს და ძერჟინსკის თაოსნობით შემქნილ ბავშვთა კოლონიებსი თავისთავად გამოუმუშავდა გამასწორებელი მუშაობის რამდენიმე მეთოდი: პატიმარმა სტაროსტის მოთხოვნით, რომელიც მთელი კოლექტივის სახელით მოქმედებს, უნდა ამხილოს რეჟიმის დამრღვევი, სხვა სიტყვებით, დააბეზღოს ამხანაგი, დასაჯოს იგი, მიეხმაროს ადმინისტრაციას და იმორიგეოს, გაიკეთოს წითელი ხელსახვევი, თვალი ადევნოს პატიმრებს, ყოველგვარი ამხანაგობის გარეშე მოემსახუროს აქტივისტებს, რიგ-გარეშე გაწმინდოს საპირფარეშო. სტაროსტას ნება აქვს თავის კამერაში ისე მოიქცეს, როგორც გაეხარდება. მოისურვებს, სიკვდილის პირამდე მიიყვანს, რამდენიმე დღე უჭმელს დატოვებს მცირეწლოვანს; მშობლების ნახვის უფლების გაცემაც მისი შუამავლობით ხდება. რაღა თქმა უნდა, რომ ამანათი, ფული და სხვა კანონიერად და უკანონოდ საკანში მოხვედრილი და მატერიალური ფასეულობა სტაროსტის განკარგულებაშია.

ასე რომ ეს 18-20 წლის ახალგაზრდები იმ შიმშილობის დროს კისერგასუქებული საჯიშე ულაყებივით დაძრწიან კამერიდან კამერაში და მავან ბავშვთან სქესობრივ კავშირსაც იჭერენ ხანდახან. ხშირად ეს ადმინისტრაციის წარმომადგენელთათვის საიდუმლოდ არ რჩება, მაგრამ თვალს ხუჭავენ. გამოცდილი სტაროსტები იოლი საპოვნელი არ არიან. მერე ისინი ხომ ქრთამსაც აძლევენ ზოგიერთ მათგანს.

მცირეწლოვან ქურდებს გარედან, თავისუფლებიდან ყურმოკრული, ან უკვე შეთვისებული აქვთ ყველა დროისა და ყველა ქვეყნის ბოროტმოქმედთა ძირეული მცნებანი, როგორიცაა: არ გაცემა, თანამზრახველის წინაშე პატიოსნება, მამაკაცური თავმოყვარეობის შენარჩუნება, პროფესიულ, ე.წ. აზარტულ თამაშობებში ბანკროტად არყოფნა. ამას ემატება გარკვეული პერიოდისთვის დამახასიათებელი წესები, რომლებიც თუ პირობითობისა და ეთიკის სფეროს არ ეკუთვნიან, უტილიტარულ და თანადროულ მოთხოვნილებათა შესაბამისად არიან გამიზნული.

ამ დაუწერელი კანონების მიმდევარ ყმაწვილებს ციხეში ასეთი დაწნეხვის შემდეგ იშვიათად ჰყოფნოდათ სიმხნევე და აქტივისტები ხდებოდნენ, როგორც ოფიციალურად ეწოდებათ „სტაროსტის“ დამქაშებსა და მამათმავლებს. იყო შემთხვევა, როცა კამერები სტიქიურად აჯანყდნენ, „სტაროსტები“ გალახეს, დერეფანში გამოყარეს. ორგანიზატორებად ადმინისტრაციამ მაშინვე რამდენიმე ბავშვი მიიჩნია, ტერორიზმი დააბრალა, ციხეშივე გაასამართლა, დაუმატა სასჯელი და შორეულ „ლაგერებში“ გაგზავნა. ამავე ბუნტის მომიზეზებით რეჟიმი კიდევ უფრო გააძლიერეს, მშობლებთან შეხვედრის უფლება დიდი ხნით აღკვეთეს, კამერები ჩაკეტეს, როცა მანამდე პირველი კორპუსის დერეფანში მცირეწლოვანები შედარებით თავისუფლად დადიოდნენ. ასეთ პირობებში მოხვედრილი ბავშვები, რაღაც არაჩვეულებრივი საქციელით, გაუტეხავი ნებისყოფის გამოჩენით თუ შესძლებდნენ თავი დაეღწიათ ჩეკას გამასწორებელი მეთოდებისაგან. ისინი იჭრიდნენ ვენებს, ყლაპავდნენ ალუმინის კოვზებს, ჭადრაკის ფიგურებს, ამოისვრებოდნენ განავალში, რომ არავინ მიჰკარებოდათ და კამერაში არ შედიოდნენ, აცხადებდნენ შიმშილობას, ან მარჯვე სიმულიანტობის წყალობით რამდენიმე ხნით საავადმყოფოს აფარებდნენ თავს.

***

ციხეებში და ლაგერებში პატიმრების ალიანსები სხვადასხვა საფუძველზე იქმნება: მატერიალური დაინტერესება, ავტორიტეტი, ურთიერთსიმპათიები, მოვალეობა, წლოვანება და სხვა ცხოვრებისეული დროებითობანი.

„შეუძლებელია ციხეში პური არ მოიტანონ, „პაიკა“ პური, პატიმრის სისხლია“. არსებობს გარდაუვალი კანონი, საერთაშორისოდ მიღებული, წმინდათა წმინდა - როგორც კი პატიმარს პურს არ მისცემენ, უნდა გაუშვან. თუ სახელმწიფოს მისი შენახვის თავი არა აქვს, უფლებაც არ აქვს დაკავებული ჰყავდესო. ეს ყველას სჯერა.

დახვრეტის ირგვლივ ყოველგვარი ცნობა სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. ამიტომ ეჭვის, გაუგებრობის, კივილ-წივილის თავიდან ასაცილებლად პატიმართან სიმწრით მოტანილ ამანათს უკან აღარ უბრუნებდნენ ახლად დახვრეტილის ჭირისუფალს.

მსოფლიო ლიტერატურის გმირები ერთ მკვლელობას ეწირებიან, უძილობა ემართებათ, ჭკუაზე იშლებიან, სტალინი კი მილიონს დახვრეტს და ტკბილად ხვრინავს, დილით ძლივს აღვიძებენო.

ბადრაგმა გარიჟრაჟზე ჩაიბარა ეტაპი. მეთევზის ვედროდან წყალში გადამხტარი თევზებივით ცვიოდნენ პატიმრები ვაგონებიდან, მაგრამ შვების თავბრუდამხვევი ბედნიერი შეგრძნება წამიერი გამოდგა. ჩახმახების ჩხაკუნმა, ნაგაზების წკავ-წკავმა, დაუნდობელმა - რაღაც შურისმაძიებლურმა, უხეშმა შეძახილებმა, გინებამ, პანიკაში ჩააგდო ისინი. სადავეშეკავებული დაგეშილი ძაღლების თანხლებით სირბილ-სირბილით მიაღწიეს ლაგერამდე. ვახტთან აქეთ-იქით ჩამწკრივებული ხელკეტიანი ჯარისკაცები შემოგებნენ. როგორც კი პატიმრების პირველი რიგი შევიდა ამ ცოცხალ დერეფანში, საიდანღაც ჩეკისტთა ჭაღარა მეთაური გამოენთო კეტით ხელში. ეს სიგნალი გამოდგა. ჯარისკაცები დაერივნენ პატიმრებს, რომლებიც ძირს ვარდებოდნენ, ერთმანეთს ეფარებოდნენ. გადარჩენის ერთი შანსიღა რჩებოდა - როგორმე შეეღწიათ სტუმართმოყვარედ მოფრიალებულ ვახტის კარში.

მოგონება სხვაა, ვიდრე მომხდარი ამბავი, შელამაზდება ხოლმე, რაღაც მიემატება, ან დააკლდება. წარსული მაინც აწმყოა მოგონებისას.

გერმანიიდან, ვიდრე დრო იყო, ქარხნების და ფაბრიკების დემონტაჟი დაიწყეს და საბჭოთა კავშირში გზავნიდნენ.

ბოროტმოქმედება კაცის ბედია და მეტი არაფერი.

რა ეშველებოდა ადამიანს, მხოლოდ კარგ და მშვიდ ცხოვრებაში რომ ყოფილიყო, ხომ გადაირეოდა დარდით? სულ თავისი სიკვდილის რიგზე იფიქრებდა ძალაუნებურად. ადამიანის ყველა ცხოვრებისეული ფიქრის დაბოლოება ხომ ეს არის.

ყოველი ახალი პატიმრის შემოსვლა დამხვურისთვის რაღაც იმედია, ახალი ამბავია, ყურადღების გადატანაა. მაგრამ რახან გუშინ განტვირთვის დღემ ჩაიარა და ამ საკნიდანაც გაიყვანეს დასახვრეტად პატიმრები - ყველაფერი ჩამკვდარია. ცოცხლად დარჩენილები კიდევ უფრო მეტად რწმუნდებიან საკუთარი ბედის გარდაუვალობაში, თუმცა ამჯერად გადარჩენის სიხარულიც დამამშვიდებელ მალამოდ მოსცხებიათ გულზე. საერთოდ, განტვირთვის შემდეგ, პირველ დღეებში, შედარებით მშვიდად იძინებენ, მერე კი ღამღამობით ფხიზლობენ, ყოველ ხმაურს ყურს უგდებენ; უტყუარად ხვდებიან კორპუსის რომელ კართან რა ჩამი-ჩუმია, ნაბიჯებით ცნობენ, ვინ არიან დღეს მორიგეები. გისოსებს მიღმა გამოჩენილი ერტი ციცქნა ცის ნაგლეჯი როცა გარუხდება, მაშინ დაიძინებენ განაწვალებნი, ისიც კეთილი მორიგეების დროს, ვინაიდან დილით ძილი წესით აკრძალულია. მხოლოდ 2-დან 3 საათამდე ცინიკურად წოდებული - მკვდარი საათის განმავლობასი შეიძლება ლოგინზე წამოწოლა; დამრღვევებს პირველი შემთხვევისათვის ლოგინს ართმვენ რამდენიმე დღით, განმეორებისას კი ცალკე კამერაში გადაჰყავთ. ასე რომ, მთელი დღე გაბრუებულნი დაბორიალობენ, ან სხედან და თვლემენ. სასაცილო უნდა იყოს, რომ ადამიანს, რომელიც ყოველ დღე გარდაუვალ სიკვდილს ელის, ასეთი იაფფასიანი ხერხით აშინებენ.

თვით ადამიანიც სიკვდილის შეგნებამ გააადამიანა. უკვდავების ძიებამ რელიგია მოიტანა, რეალობის შეგუებამ - ფილოსოფია. მაშ სხვა რაღაა ადამიანობა?!

სიკვდილით დასჯა თვით ღმერთმა შემოიღო, მან ხომ ურჩობისათვის ადამიანთა მთელი მოდგმა დასაჯა. მოკვდავთა სიკვდილით დასჯა რაღაა - უბადრუკი მიმბაძველობა.

ძალაუფლებას, რწმენას ერთგულების გამოსავლენი სიმბოლო ესაჭიროება და რაც უფრო კონკრეტულია იგი, მით იოლია აღსაქმელად, კონტროლის გასაწევად. დაე, მიეცეს გაქანება ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებას! მასებისათვის ეს განმუხტვის აუცილებელი პირობაა.

ქურდული წესის თანახმად, ქურდი არა თუ ჯარში არ უნდა ყოფილიყო ნამსახური, საერთოდ თავისუფლებაზე ყოფნის დროს არსად არ უნდა ემუშავა, მაგრამ ახლა, ომის შემდეგ ბევრი ჯარში ნამყოფი ქურდიც მოიძებნებოდა, რომელსაც ვერაფერს წამოსძახებდი, ისე იყო არეული მონასტერი - ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, ყველამ იცოდა, რომ ფრონტზე „შტრაფნოი“ ბატალიონებში პირდაპირ ციხიდან, ლაგერიდან, სასამართლოდან მიჰყავდათ ბადრაგის თანხლებით მსჯავრდებულნი. ეს ფაქტი გამოიყენებოდა ხოლმე თავის გასამართლებლად, როცა სინამდვილეში უმეტესი მათგანი სხვადასხვა მიზნით, თუ მიზეზით მოხვდა ჯარში და შეიძლება მაშინ არც ქურდობა და არც ციხე არ იცოდა რა იყო, მაგრამ ახლა ამის დამტკიცება ძალზე ძნელი და ზოგ შემთხევაში შეუძლებელიც აღმოჩნდა. ამიტომ ხშირად ქურდები პირად საქმეებში ირიცხებოდნენ, როგორც ნაფრონტალები, ხოლო თვითონ ამბოდნენ, რომ ეს მართლმსაჯულების მოსატყუებელ ხრიკად გამოვიყენეთო. ზოგიც ისეთ ვითარებას აღწერდა, თითქოს მეტი გამოსავალი არ ჰქონდა და პირველივე ხელსაყრელ მომენტში გაქცევით უშველა თავს. ასეთებიც არსებობდნენ, ალბათ, მაგრამ, როგორც ითქვა, მათი სახელით მთელი ნაჯარისკაცლებისა და ნაფრონტალების არმია მოქმედებდა, ვინც ომის დამთავრების შემდეგ ვერსად მოეწყო, კაცის კვლას შეჩვეული, გაგულისებული, საზღვარგარეთ ნამყოფი, ცხოვრება ნანახი აღარ დასჯერდა მათხოვრულ ჯამაგირზე არსებობას და ქურდობას ან სხვა დანაშაულებრივ საქმეს მოჰკიდა ხელი.

გაახსენდა უფროსი მუშაკების ცინიკური ღიმილი და დაჯერებული ფრთოსანი ფრაზა: „კაცი იყოს და საქმე მოიძებნება“. მართლაც, მილიცია მილიონობით იჭერდა ხალხს და ლაგერებში გზავნიდა, ყველა რაიონს საორიენტაციო გეგმა ჰქონდა, რამდენი კაცი უნდა დაეჭირა თვეში. „რას იზამ, კომუნიზმი სხვაგვარად ვერ აშენდება, საჭიროა იაფი მუშახელი“.

მას შემდეგ, რაც ლაგერები სამეურნეო ანგარიშზე გადავიდნენ და მუშები ცოტაოდენ ჯამაგირს იღებდნენ, ზონაში ფული გამოჩნდა. ქურდებმაც საერთო კეთილდღეობის სახელით ნელ-ნელა, სხვადასხვა საჭიროებისათვის ფულის შეგროვება დაიწყეს და ხაზინა გაიჩინეს. ამ საერტო ფულს მეტწილად თვით ბრიგადირები ჰკრეფდნენ თავიანთი მუშებისგან. აქ მიიღო გავრცელება შემდეგ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთმა მასტიმულირებელმა, არალეგალურმა, მაგრამ ფაქტიურად, ძირითადმა ეკონომიკურმა კანონმა ე.წ. „მკვდარი სულების“ სისტემამ. როცა ბრიგადაში გაფორმებული ჰყავდათ კაცი, რომელცი არ მუშაობდა, მაგრამ განაწესში აფორმებდნენ მის მიერ ვითომდა შესრულებულ სამუშაოს მოცულობას, რის საფუძველზედაც შემდეგ ჯამაგირს იღებდნენ, იმ კაცს ხელს აწერინებდნენ და ფულს ინაწილებდნენ. ქურდების ხაზინა ჩაბარებული ჰქონდა ხაზინდარს, რომელსაც ელიტა ირჩევდა და საიდუმლოდ ინახავდა მის ვინაობას.

თუკი არსებობს ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო, საიდან გაჩნდა სატანა, რომელსაც ყოველივე ცუდი, აუხსნელი და ბოროტი ბრალდება? ისიც ღმერთმა შექმნა? რატომ? საცდუნებლად, გასართობად, გამოსაცდელად? თუ არა, მაშ ღმერთი ყოვლისშემძლე აღარ ყოფილა? ან თვით ადამიანთან დამოკიდებულებაში ღმერთი განა არ ჩაიჭრა? თუკი თავისთავად არსებობს ბოროტი და კეთილი, რატომ არ სურდა ღმერთს ეს ცოდნოდა ადამიანს? გამოდის - აწყობდა დებილები, მოტყუებულები? ღმერთის ამპარტავნოა არ იყო, როცა ცხოვრების ხის ნაყოფის მოწყვეტა აუკრძალა ადამიანს, რომ ამით ღმერთს არ დამსგავსებოდა? ამიტომ არ გააძევა იგი ედემიდან? ამიტომ არ გახადა იგი მოკვდავი, მაშასადამე განსხვავება მხოლოდ იმაშიღა გამოიხატება, რომ ადამიანი მოკვდავია და ღმერთი არა? იგი მხოლოდ მაშინ იგუებდა სამუდამოდ ადამიანს, თუკი იგი დებილი იქნებოდა? დედამიწაზე პირველი ბოროტება (თუ არ ჩავთვლით იგივე ვაშლის შეჭმას), კაენის საქციელია, მაგრამ რამ გამოიწვია იგი? რად იუკადრისა ღმერთმა შრომით მოწეული შესაწირავი, რატომ არიჩია აბელის შემონაწირი, უმიზეზოდ რატომ გაანაწყენა კაენი. განა მან დაიმსახურა ეს ქედმაღლური უგულებელყოფა? ან რა საჭიროა მსხვერპლშეწირვა, ეს ქებათა-ქება ღმერთისა, განა ეს ცუდდიდების ჩანერგვა არ არის ადამიანის სულში. ან სამოთხეზე გამიძნული სიკეთე განა ვაჭრობა არ არის და ასეთი სიკეთისაკენ სწრაფვა უნაყოფო სიყვარული?! არა, აქ რაღაც სხვა ამბავია, ან ღმერთი ადამიანის მოგონილია თავის ყაიდაზე, ან ბიბლიური ახსნა ღმერთის მოქმედებისა და მოვლენებისა მცდარია.

ქურდები, ე.ი. თითქმის მთელი კამერა ზემოთა ნარებზე ფეხმორთხმით და ჩაცუცქული შეიკრიბა და „სხოდკა“ - ქურდების ერთადერთი კანონმდებლური და აღმასრულებელი სხდომა გაიშალა.

ერთ-ერთი ეზოს მოტიტვლებულ ბეტონის კედელზე ნაზი მცენარე ამოწვერილა. - სასწაულია, ბეტონს მოერია! - ამბობენ პატიმრები. არავითარი სასწაული, არც ბრძოლა, არც გამარჯვება. ეს ცემენტით გადალესილი კედლები პატიმრისათვის ერთი მთლიანი ძალა, მონოლითური სამყაროა, მონობაა. ბალახის ღეროსათვის კი თავისუფლების მაქსიმალურ სივრცედ ნამცეცა ხვრელიც საკმარისია.

ერთადერთი, რაც შეიძლება კაცს ეკუთვნოდეს სანამ ცოცხალია, ეს ის საკუთარი ვიღაც, ვინც შენში ზის, შენი შექმნილი და შენი ბატონია. ამას ვერც ვერავინ მოგიგებს, ვერც მოგპარავს, ვერც წაგართმევს.

არადა, ხომ იყო ბედნიერი, ვიდრე არაფერი იცოდა. რა იოლი ყოფილა ბედნიერებაც და უბედურებაც. რწმენაზეა დამოკიდებული ყველაფერი, სიყვარულიც, სიცოცხლეც კი.

იშვიათად, ქალთა ლაგერში ვინმეს ცოლი ან ქმარი არ ჰყოლოდა. კაცებთან ეს პროცესი უფრო დიფერენცირებულად გაიშალა. ონანიზმი, ჰომოსექსუალიზმი, ნარკომანია, საქონელმრუშობა და სხვა ანომალიები გაკიცხვას კი არა, გაკვირვებასაც აღარ იწვევდა.

არა, მიჩვევა შეუძლებელი ყოფილა - სიკვდილს რამდენჯერაც შეხვდები პირისპირ - ყველაფერი თავიდან იწყება.

ყოველთვის ეჭვს ბადებს ის პატიმარი, ვინც მთავრობას აგინებს. ეს იმის უტყუარი ნიშანია, გარეთ პირველი შემძრომი მლიქვნელი იქნებოდა, სწორედ ეგეთი ტიპები აქებენ და ემსახურებიან ამ მთავრობას.

ცხოვრების სულ პირველი შთაბეჭდილება: მამის თბილ ხელისგულს ჩაჭიდებული. ავლაბრის ბაზარ-მოედანი. კინტოები წითელი პერანგებით და ბალთიანი ქამრებით, ყარაჩოხელები შავი ჩოხებით გაშვებულ შარვლებზე, მეხანჯლეები, ოქრომჭედლები, ზურნა-დუდუკი, ყოჩების ჭიდაობა. თეთრ ყოჩს წითლად აქვს შეღებილი ზურგი. ეტაკა მეორეს. „არაყში ჩაფუნჩხული ქერით არის მთვრალი“, - აღნიშნავს ვიღაც მათ გვერდით. რქების ჭახუნი. გაგიჟებული ყოჩები. ერთი დაბორიალდა, ნესტოდან სისხლი წასკდა. მოსხლეტით დაეცა ქვაფენილზე. გამარჯვებულმა რამდენიმეჯერ ჩასცხო რქა და ზედ შედგა. ატყდა ყვირილი, სტვენა, ყიჟინი. რაც ძალი და ღონე აქვს, ხელს უჭერს მამას და ტირილს იწყებს...

გამომცემლობა „აღმაშენებელი“, თბილისი, 1997წ.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram