უმბერტო ეკო - ახალი აპოკალიფსის საერო აკვიატება

„რა სწამს მას, ვისაც არ სწამს“ - უმბერტო ეკოსა და კარდიანლ მარტინის დიალოგი 1996 წელს, იტალიაში გამოიცა. თანამედროვე აპოკალიფსი საერო და ქრისტიანული თვალსაზრისით; ქალებისთვის დადგენილი შეზღუდვები; მორწმუნეთა და არამორწმუნეთა ეთიკური სირთულეები - ამ თემებზე უმბერტო ეკო და კარლო მარია მარტინი საუბრობენ.

ახალი აპოკალიფსის საერო აკვიატება

ძვირფასო კარლო მარია მარტინი,
უპატივცემულობად ნუ ჩამომართმევთ, თუ სახელით მოგმართავთ და არა იმ სამოსლის მიხედვით, რომელსაც ატარებთ. გთხოვთ, მოწიწებისა და სიფრთხილის ნიშნად მიიღოთ ეს, - მოწიწებისა, რადგან ყოველთვის მაოცებდა ფრანგების მიმართვის ფორმა: როდესაც მწერალს, მსახიობს ან პოლიტიკურ მოღვაწეს ესაუბრებიან, არასოდეს ხმარობენ ისეთ ფორმებს, როგორიცაა „პროფესორო“, „თქვენო აღმატებულებავ“, „მინისტრო“. არიან ადამიანები, რომელთა ინტელექტუალური კაპიტალი მხოლოდ იმ სახელით განისაზღვრება, რომლითაც საკუთარ ნააზრევს აწერენ ხელს. ამგვარად, მათ, ვისთვისაც სახელი უდიდესი ტიტულია, ფრანგები ასე მიმართავენ: „ditesmoi, Jacques Maritain“, „dites-moi, Claude LeviStrauss” (მიმართვის ფორმა ფრანგულად; ამ შემთხვევაში მიმართავენ ჟაკ მარიტენსა და კლოდ ლევი-სტროსს).

ეს იმ ავტორიტეტის აღიარებაა, რომელიც უცვლელი დარჩებოდა იმ შემთხვევაშიც, თუნდაც მიმართვის სუბიექტი ელჩი ან საფრანგეთის აკადემიის წევრი გამხდარიყო. წმიდა ავგუსტინეს რომ მივმართავდე (ნურც ამას ჩამითვლით კადნიერებად), „ბატონო ჰიპონელო ეპისკოპოსო“-თქო, კი არ ვეტყოდი (ვინაიდან მის შემდგომ სხვანიც ყოფილან ამ ქალაქის ეპისკოპოსნი), არამედ „ტაგასტელ ავგუსტინედ“ მოვიხსენიებდი.

სიფრთხილის გამო-მეთქი, ესეც ვთქვი. მართლაც, ცოტა უხერხულად შეიძლება გამოიყურებოდეს ჟურნალის თხოვნა ჩვენს მიმართ: გაიცვალოს შეხედულებანი ერისკაცსა და კარდინალს შორის. შეიძლება, მკითხველს მოეჩვენოს, რომ საერო პირს სურს, აიძულოს კარდინალი, აზრი გამოთქვას, როგორც ეკლესიის მოძღვარმა, სულიერმა მწყემსმა. ეს, ჩემი მხრივ, ძალადობა იქნებოდა თქვენს მიმართაც და იმის მიმართაც, ვინც თქვენს პასუხს მოისმენს. ამიტომ სჯობს, დიალოგი ისე წარმოჩინდეს, როგორც ჟურნალს სურს: მოსაზრებათა გაზიარებად თავისუფალ ადამიანებს შორის. დაბოლოს, ასე იმიტომაც მოგმართავთ, რათა ხაზი გავუსვა, რომ ინტელექტუალური და ზნეობრივი ცხოვრების დიდოსტატად თქვენ ის მკითხველიც მიგიჩნევთ, ვისაც, საღი გონების ვალდებულებათა გარდა, არავითარი სხვა ვალდებულება არ ზღუდავს.

ეტიკეტის საკითხების მოგვარების შემდეგ ეთიკის საკითხები რჩება, ვინაიდან მიმაჩნია, რომ დიალოგის მსვლელობისას სწორედ ამას უნდა დავუთმოთ განსაკუთრებული ყურადღება, - იმ დიალოგისა, რომლის მიზანია კათოლიკურ და საერო სამყაროებს შორის თანხვედრის წერტილების მოძებნა (ამ ჟურნალის გვერდებზე Filioque-ს (და ძისაგან (ლათ.); - იგულისხმება სული წმიდის გამომავლობა არა მარტო მამისაგან, არამედ, აგრეთვე, ძისაგან, რასაც აღიარებს კათოლიკური მოძღვრება) შესახებ დებატების წამოწყება რეალურად არ მესახება). მაგრამ აქაც, რადგან სწორედ მე მიხმეს პირველი ნაბიჯის გადასადგმელად (რომელიც ყოველთვის მეტ უხერხულობას იწვევს ხოლმე), არა მგონია, რომ ამჟამინდელი აქტუალური საკითხებით უნდა დავკავდეთ, - ალბათ, აქ ყველაზე სწრაფად გამოიკვეთებოდა უკიდურესად განსხვავებული პოზიციები. სჯობს, მაღლა დავუმიზნოთ და ისეთ საკითხს შევეხოთ, რომელიც, დიახაც, აქტუალურია, მაგრამ, რომელსაც, ამავე დროს, საკმაოდ ღრმად გაუდგამს ფესვები და კაცთა მოდგმის ყოველი წარმომადგენლის აღფრთოვანების, ძრწოლისა თუ იმედის მიზეზად ქცეულა ბოლო ორი ათასწლეულის მანძილზე.

მთავარი სიტყვა უკვე ვახსენე. მართლაც, მეორე ათასწლეულის დასასრულს ვუახლოვდებით; და ვიმედოვნებ, ევროპაში ჯერ კიდევ პოლიტიკურად კორექტულად მიიჩნევა, წელთა ათვლა იმ მოვლენიდან დავიწყოთ, რომელმაც უდავოდ (და ამაზე, ალბათ, დაგვეთანხმებიან სხვა რელიგიის მიმდევარნიც და ისინიც, რომლებიც არცერთ რელიგიას არ აღიარებენ) უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ჩვენი პლანეტის ისტორიაზე. ამ თარიღთან მიახლოებამ შეუძლებელია არ გამოიხმოს ის ხატება, რაც ოცი საუკუნის მანძილზე განსაზღვრავდა აზროვნებას: აპოკალიფსი.

ისტორიული წყაროები მოგვითხრობს, რომ პირველი ათასწლეულის ბოლო წლები ჟამთა აღსასრულის იდეით იყო შეპყრობილი. მართალია, ისტორიკოსებმა უკვე ლეგენდად მონათლეს ყბადაღებული „ძრწოლა მეათასე წლისა“ და განთიადის მომლოდინე ზარდაცემულ ბრბოთა შიში, რომ მზე აღარასოდეს ამოვიდოდა, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ აღსასრულის მოლოდინი იმ საბედისწერო დღემდე რამდენიმე საუკუნით ადრე დაწყებულა და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, მის შემდეგაც გაგრძელებულა - აქედან დაედო სათავე მეორე ათასწლეულის იმ მრავალრიცხოვან მილენარიზმებს, რომლებიც ოდენ რელიგიურ მიმდინარეობებს როდი ახასიათებდა (გინდაც მართლმორწმუნეებს, გინდაც ერეტიკოსებს): რადგან ახლა უკვე ხილიაზმის ფორმებად, თუმცა საეროობით, უფრო მეტიც, ათეიზმით დაღდასმულად ნათლავენ ბევრ პოლიტიკურ თუ სოციალურ მოძრაობასაც, რომლებსაც სურდა, ძალით დაეჩქარებინა ჟამთა აღსასრული, ოღონდ არა ღმრთის ქალაქის, არამედ ახალი მიწიერი ქალაქის ხორცშესასხმელად.

მსუსხავი და შემაძრწუნებელი წიგნი, იოანეს გამოცხადება, მთელ რიგ სხვა აპოკრიფულ აპოკალიფსებთან ერთად (რომლებიც აპოკრიფულია კანონიკურობის თვალსაზრისით, მაგრამ უეჭველი იმ შედეგების, ვნებების, შიშის, მოძრაობათა მიხედვით, რაც მათ აღძრეს), შეიძლება წაკითხული იქნეს, როგორც დაპირება, მაგრამ, ასევე, როგორც აღსასრულის გამოცხადება და ამგვარად, 2000 წლის ამ მოლოდინში ყოველ ნაბიჯზე ის ხელახლა იწერება, თვით იმათ მიერაც კი, ვისაც ის არასოდეს წაუკითხავს: აღარსადაა შვიდი საყვირი, სეტყვა, სისხლადქცეული ზღვა, ვარსკვლავთცვენა, უსასრულო ქვესკნელიდან კვამლად ამომავალი კალიათა გუნდები, გოგისა და მაგოგის ჯარები, ზღვის წიაღიდან ამოზრდილი ურჩხული, მაგრამ, ამის სანაცვლოდ, ახლა უხვად გვაქვს უკონტროლო ბირთვული საწყობები, მჟავე წვიმები, გაქრობის პირას მისული ამაზონია, ოზონის ხვრელი, კეთილდღეობის კარებზე ღატაკთა და უპოვართა ურდოების კაკუნი, ხანდახან ბრახუნიც, კონტინენტების შიმშილი, ნიადაგის გამიზნული შლა და ნგრევა, შეცვლილი კლიმატი, დამდნარი მყინვარები, ჩვენს ორეულთა შემქმნელი გენური ინჟინერია და მისტიკური ეკოლოგიზმის სახელით თავად კაცობრიობის გარდაუვალი თვითმკვლელობა, კაცობრიობისა, ახლა იმ სახეობათა გადასარჩენად რომ უნდა დაიღუპოს, რომლებიც თავად მიიყვანა გადაშენებამდე - დედა გეას გადასარჩენად, რომელიც თავად გათელა ფეხქვეშ და ჩაკლა.

ჩვენ ჩვენებურად გვეშინია აღსასრულისა (თუმცა რაღაც გაფანტულად, უყურადღებოდ, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა დაგვაჩვიეს) და იმის თქმაც კი შეგვიძლია, რომ „bibamus, edamus, cras moriemur” - ის (ვჭამთ, ვსვამთ, მერე მოვკვდებით (ლათ.) მსგავსად განვიცდით ამ შიშებს, ხოლო იდეოლოგიებისა და თანადგომის აღსასრულს უპასუხისმგებლო მომხმარებლობის მორევში ვადიდებთ, - იმგვარად, რომ თითოეული ჩვენგანი აპოკალიფსის აჩრდილს ეთამაშება და თან გაურბის კიდეც მას, მით უფრო გაურბის, რაც უფრო მეტად ეშინია მისი არაცნობიერად და სისხლიანი სანახაობის სახით ის ეკრანზე გადააქვს, რადგან იმედოვნებს, რომ ამით მას არარეალურად აქცევს. მაგრამ აჩრდილთა ძალა ხომ სწორედ მათს არარეალურობაშია.

ახლა გავბედავ და ვიტყვი, რომ ჟამთა აღსასრულის იდეა დღესდღეობით საერო სამყაროს უფრო ახასიათებს, ვიდრე ქრისტიანულს, - ანუ ქრისტიანული სამყარო მასზე ფიქრობს, თუმცა ისე იქცევა, თითქოს ის ისეთ განზომილებაში ირეკლება, რომელიც კალენდრით არ იზომება; საერო სამყარო კი ვითომ არ იმჩნევს მას, მაგრამ სულით ხორცამდეა მისით შეპყრობილი, და ეს პარადოქსი როდია, რადგან ზუსტად იმეორებს იმას, რაც პირველ ათასწლეულში ხდებოდა.

აღარ შევჩერდები ეგზეგეტიკურ საკითხებზე, რომლებსაც თქვენ ჩემზე უკეთ იცნობთ, მაგრამ მკითხველს შევახსენებ, რომ ჟამთა აღსასრულის იდეა იოანეს ტექსტის 20-ე თავის ერთი-ერთი ყველაზე ორაზროვანი მონაკვეთიდან იღებს სათავეს. მასში შემდეგი „სცენარი“ მოიაზრებოდა: განკაცებისა და ხსნის შედეგად სატანა დატყვევებული აღმოჩნდა, მაგრამ ათასი წლის შემდეგ იგი ისევ დაბრუნდება და სწორედ მაშინ მოხდება საბოლოო შეტაკება სიკეთისა და ბოროტების ძალებს შორის, რაც ქრისტეს ხელმეორე მოსვლითა და განკითხვის დღით დაგვირგვინდება. უეჭველია, იოანე მეათასე წელზე საუბრობს. მაგრამ უკვე მაშინ ზოგიერთი მამა წერდა, რომ უფლისათვის ათასი წელი შეიძლება იყოს ერთი დღე, ან ერთი დღე - ათასი წელი, რომ არ შეიძლებოდა ამ ნათქვამის გაგება სიტყვასიტყვით და რომ ავგუსტინე ამ მონაკვეთის განმარტებისას „სულიერ“ გასაღებს მოიმარჯვებს. როგორც ათასწლეული, ასევე ღმრთის ქალაქი ისტორიული კი არა, მისტიკური მოვლენებია, და არც არმაგედონია ამქვეყნიური მოვლენა; ცხადია, იმას არ უარყოფენ, რომ ერთ დღეს, როდესაც ქრისტე ჩამოვა და ცოცხალთ და მკვდართ განიკითხავს, ისტორია დასრულდება, მაგრამ აქ ყურადღება საუკუნეთა აღსასრულზე კი არ მახვილდება, არამედ მათ მსვლელობაზე, რომელსაც მეორედ მოსვლის იდეა განსაზღვრავს (და არა ისტორიული ვადები).

ამ ნაბიჯით არა მარტო ავგუსტინე, არამედ მთლიანად პატრისტიკა მსოფლიოს სჩუქნისისტორიის, როგორც წინსვლის, იდეას, რომელიც წარმართული სამყაროსათვის უცხო იყო. თვით ჰეგელი და მარქსიც დავალებული არიან ამ საფუძველმდები იდეით, ისევე, როგორც მოგვიანებით - ამ იდეის გამგრძელებელი ტეიარ დე შარდენი. ისტორია ქრისტიანობის გამონაგონია და, მართლაც, თანამედროვე ანტიქრისტე მას სნეულებად აცხადებს. შესაძლოა, საერო ისტორიციზმმა ეს ისტორია გაიგო როგორც მარადიული სრულყოფილებისაკენ მსწრაფი, - იმგვარად, რომ ხვალინდელმა გააუმჯობესოს დღევანდელი, მუდამ, უსასრულოდ; და თავად ისტორიის მსვლელობისას ღმერთმა შექმნას საკუთარი თავი; და ეს საკუთარი თავი თავად აღზარდოს და გაიმდიდროს. მაგრამ ეს მთელი საერო სამყაროს იდეოლოგია როდია, რომელმაც მოახერხა, ისტორიის უკუსვლა და უგნურებაც დაენახა; თუმცა, არსებობს ისტორიის წმინდა ქრისტიანული ხედვაც: მაშინ, როცა ამ გზის გავლა იმედის სახელით ხდება, - იმგვარად, რომ ადამიანი ახერხებს, ბოლომდე ღრმად ქრისტიანად დარჩეს, თუნდაც შეეძლოს ისტორიისა და მის საშინელებათა შეფასება, მაშინაც კი, როდესაც მუნიე ტრაგიკულ ოპტიმიზმზე, გრამში კი გონების პესიმიზმსა და ნების ოპტიმიზმზე საუბრობს.

ასე მგონია, რომ სასოწარკვეთილ მილენარიზმთან გვაქვს საქმე ყველა იმ შემთხვევაში, როცა ჟამთა აღსასრული გარდაუვალად მოიაზრება და ყოველგვარი იმედი ისტორიის აღსასრულის განდიდებას ან მარადიული და არქაული ტრადიციისაკენ მოწოდებას უთმობს ადგილს, იმ ტრადიციისაკენ, რომელსაც ვერასოდეს ვერავითარი ნებელობითი აქტი, ვერავითარი განსჯა (არ ვამბობ რაციონალური, მაგრამ თუნდაც საღი განსჯა) ვერ გაამდიდრებს. აქედან წარმოიშობა გნოსტიკური ერესი (თავისი საერო ფორმებითაც), რომლისთვისაც სამყარო და ისტორია შეცდომის შედეგია და მხოლოდ მცირერიცხოვანი რჩეულნი, რომლებიც ორივეს დამსხვრევას მოახერხებენ, შეძლებენ, იხსნან თავად ღმერთი; აქედან იბადება ზეკაცობის სხვადასხვა ფორმებიც, ასე რომ, სამყაროსა და ისტორიის უბადრუკ სცენაზე თავიანთ მოგიზგიზე მსხვერპლშეწირვას მხოლოდ რომელიმე პრივილეგირებული რასის ან სექტის მიმდევრები აღავლენენ.

მხოლოდ იმას, ვისაც ისტორიის მიმართულების შეგრძნება აქვს (თუნდაც მეორედ მოსვლა არ სწამდეს), შეუძლია მიწიერ რეალობათა სიყვარული, და რწმენა, - თუ წყალობა იქნა, - რომ კიდევ არსებობს ადგილი იმედისათვის.

არსებობს თუ არა იმედის ცნება (და ჩვენი პასუხისმგებლობისა ხვალინდელი დღის მიმართ), რომელიც საერთო იქნებოდა მორწმუნეთა და არამორწმუნეთათვის? კიდევ რას შეიძლება დავეყრდნოთ? რა კრიტიკული ფუნქცია შეიძლება შეიძინოს აღსასრულის იდეამ, რათა მომავლის მიმართ ინტერესის დაკარგვა კი არ გამოიწვიოს, არამედ წარსულის შეცდომათა მუდმივი მხილება განაპირობოს?

სხვაგვარად ისღა დაგვრჩენია, აღსასრულზე ფიქრის გარეშეც ვაღიაროთ, რომ ის ახლოვდება, ჩვენ კი ტელეეკრანის წინ მოვკალათდეთ (ჩვენს ელექტრონულ ციხე-სიმაგრეებში შევიყუჟოთ) და დაველოდოთ, რომ ვინმემ გაგვართოს, ირგვლივ კი, დაე, ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ხდება. და ეშმაკსაც წაუღია იგი, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა.

უმბერტო ეკო
მარტი, 1995

იმედი აღსასრულს „მიზნად“ აქცევს

ძვირფასო უმბერტო ეკო,
სრულიად გეთანხმებით იმასთან დაკავშირებით, რომ სახელით მომმართოთ და ამიტომ მეც იმავეს ვაკეთებ. სახარება მაინცდამაინც კეთილგანწყობილი არაა ტიტულების მიმართ („თქვენ ნუ იწოდებით ასე: რაბი!.. ნურც მამას თქვენსას უწოდებთ ვინმეს ამქვეყნად... და ნურც წინამძღვრებად იწოდებით...“ მათე, 23:8-10). თანაც, ასე უფრო აშკარა იქნება, როგორც თავად ბრძანეთ, რომ ეს აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლაა, ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩვენი ტიტულების ზემოქმედების გარეშე. მაგრამ ის, ვიმედოვნებ, ნაყოფიერი იქნება, რადგან მნიშვნელოვანია, გულწრფელად გავარკვიოთ ჩვენი საერთო წუხილი, ვცადოთ, ნათელი მოვფინოთ ჩვენს შორის არსებულ განსხვავებებს და მინიმუმამდე დავიყვანოთ ისინი.

ასევე გეთანხმებით „მაღლა დამიზნების“ შესახებაც ამ პირველ დიალოგში.

ცხადია, ეთიკის საკითხები სწორედ წუთიერი, ამჟამინდელი აქტუალობის პრობლემებს განეკუთვნება. მაგრამ ფაქტები, რომლებიც ყველაზე მეტად აღიბეჭდება ხოლმე საზოგადოებრივ აზრზე (განსაკუთრებით ბიოეთიკის საკითხებს ვგულისხმობ), ხშირად „სასაზღვრო“ მოვლენებია, რომლებშიც, უპირველეს ყოვლისა, მეცნიერული თვალსაზრისით უნდა გაერკვე, სანამ ნაჩქარევ მორალურ შეფასებას მისცემდე მათ. მორალურ შეფასებებში ხომ ასე ადვილად იყოფა ხოლმე აზრი. პირველ რიგში, საჭიროა იმ ვრცელი ჰორიზონტების მკაფიოდ განსაზღვრა, რომელთა ფარგლებშიც ჩვენი მსჯელობა ყალიბდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩავწვდეთ პრაქტიკულად ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებების მიზეზს.

თქვენ წამოჭრით იმედის და, ამრიგად, ადამიანის მომავლის საკითხს მეორე ათასწლეულის მოახლოებისას. იმ აპოკალიფსურ ხილვებს გამოიხმობთ, რომლებიც, როგორც ამბობენ, შიშის ზარს სცემდა ხალხთა მასებს პირველი ათასწლეულის მიწურულს. თუმცა ეს მართალი არაა, რადგან მომავლის შიში მარად არსებობს და მილენარიზმები გამუდმებით გამეორებულა საუკუნეთა მანძილზე, როგორც სექტების, ასევე იმ ფარული ხილიაზმების სახით, რომლებიც სიღრმისეულად ასულდგმულებს დიდ უტოპიურ მოძრაობებს. თანაც, დღეს წარსულის ფანტაზიების ადგილს ეკოლოგიური საფრთხე იკავებს და მეცნიერულობა კიდევ უფრო შემაძრწუნებელს ხდის მას.

რა კავშირი აქვს აპოკალიფსს, ახალი აღთქმის წიგნთაგან უკანასკნელს, ამ ყველაფერთან? მართლა შეიძლება ამ წიგნს „შემზარავ ხილვათა საწყობი“ უწოდო, რომელიც ტრაგიკული და გარდაუვალი აღსასრულით იმუქრება? მიუხედავად ამ აპოკალიფსის (რომელსაც იოანესას უწოდებენ) მრავალი მსგავსებისა იმ საუკუნეების სხვა არაერთ ნაშრომთან, მის კითხვას განსხვავებული მიდგომა სჭირდება და ის განპირობებულია ახალი აღთქმის კონტექსტით, - ახალი აღთქმისა, რომელშიც ეს წიგნი (წინააღმდეგობის მიუხედავად) იქნა ჩართული.

ვეცდები, უკეთ განვმარტო. აპოკალიფსებში მთავარი თემა, ჩვეულებრივ, აწმყოდან გაქცევაა ხოლმე, - თავის შესაფარებლად მომავალში, რომელიც სამყაროს არსებული სტრუქტურების შერყევით, ძალით დაამყარებს ღირებულებათა ისეთ საბოლოო წესრიგს, რაც თავად წიგნის ავტორის მოლოდინსა და იმედებს შეესაბამება. აპოკალიფსური ლიტერატურის უკან უმძიმესი რელიგიური, სოციალური და პოლიტიკური სატანჯველით დათრგუნულ ადამიანთა ჯგუფები დგანან, რომლებიც, რაკიღა ამჟამინდელ ქმედებაში ვერ ხედავენ გამოსავალს, რაღაც ახალი ხანის მოლოდინში ახდენენ საკუთარი თავის წარმოსახვას, როცა კოსმოსური ძალები ერთმანეთს შეეჯახებიან ამქვეყნად მოწინააღმდეგის დასამარცხებლად. უნდა ითქვას, რომ, ამ თვალსაზრისით, ყველა აპოკალიფსში დიდი უტოპიური დატვირთვა და იმედის მარაგია, თუმცა კი ეს ყველაფერი აწმყოსთან სასოწარკვეთილ შეგუებასთანაა შერწყმული.

ალბათ, იმ ცალკეულ დოკუმენტებშიც შესაძლებელია რაღაც მსგავსის დანახვა, რომლებიც მოგვიანებით შერწყმიან აპოკალიფსის ამჟამინდელ ვერსიას. მაგრამ საკმარისია, წიგნი წაკითხულ იქნეს ქრისტიანული პერსპექტივით, სახარების შუქზე, რომ ის კილოსაც იცვლის და შინაარსსაც: ეს აწმყოსეულ ჩავარდნათა ჩვენება კი აღარაა, არამედ სისრულის (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ხსნის“) გამოცდილების, ადრეული ეკლესიის გამოცდილების გაგრძელებაა. არ არის და არც იქნება ისეთი ადამიანური თუ სატანური ძალა, რომელიც შეძლებს წინ აღუდგეს მორწმუნის იმედს.

ამ თვალსაზრისით, გეთანხმებით, როდესაც ამბობთ, რომ ჟამთა აღსასრულის იდეა დღესდღეობით საერო სამყაროს უფრო ახასიათებს, ვიდრე ქრისტიანულს.

ქრისტიანულ სამყაროშიც მრავლად ყოფილა აპოკალიფსური ციებ-ცხელება, რაც ნაწილობრივ აპოკალიფსის 20-ე თავის ბუნდოვან მუხლებს უკავშირდებოდა: „და შეიპყრო ურჩხული, გველი დასაბამისა... და შეკრა იგი ათასი წლით... და თავმოკვეთილთა სულნი... ცხონდნენ და სუფევდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს“. არსებობდა ძველი ტრადიციის ნაკადი, რომელიც ამ სტრიქონებს სიტყვასიტყვით ხსნიდა, მაგრამ დიდ ეკლესიაში მსგავსი სიტყვასიტყვითი მილენარიზმი არასოდეს ყოფილა ფეხმოკიდებული. მისთვის ამ ტექსტების სიმბოლურმა შინაარსმა გადასწონა, რომელიც მათში, ისევე როგორც აპოკალიფსის სხვა სტრიქონებში, მომავალშიც იმ გამარჯვებას წარმოიდგენს, რომელიც პირველ ქრისტიანებს აწმყოში განუცდიათ საკუთარი იმედის წყალობით.

ასე მოხდა ისტორიის სულ უფრო და უფრო ნათლად დანახვა, როგორც რაღაც გარეშე, თავად ისტორიის მიღმა მყოფი მიზნისკენ სვლის პროცესისა. ამ ხატის ასახვა სამმაგი დასაბუთებით შეიძლება: 1) ისტორიას საზრისი, მიმართულება აქვს, იგი აბსურდულ და ფუჭ ფაქტთა გროვა არაა; 2) ეს საზრისი წმინდად მისთვის იმანენტური კი არაა, არამედ მის მიღმა პროეცირდება; ამრიგად, იგი იმედის საგანია და არა გამოთვლისა; 3) ეს ხატი სავარაუდო მოვლენათა აზრს კი არ აკნინებს, არამედ ამყარებს მას: სწორედ ესაა ის ეთიკური ადგილი, სადაც ადამიანური თავგადასავლის მეტაისტორიული მომავალი წყდება.

ვხედავ, რომ აქამდე ბევრი მსგავსი რამ ვთქვით. თუმცა, სხვადასხვა მახვილებითა და სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით. მახარებს ეს თანხმობა ისტორიის „საზრისის“ შესახებ, რომელიც იმას ადასტურებს, რომ (თქვენს სიტყვებს ვიმეორებ) შესაძლოა „მიწიერ რეალობათა სიყვარული, და რწმენა, - თუ წყალობა იქნა, - რომ კიდევ არსებობს ადგილი იმედისათვის“. უფრო ძნელია პასუხის გაცემა იმაზე, არსებობს თუ არა მორწმუნეთა და არამორწმუნეთათვის საერთო იმედის (და ხვალინდელი დღის მიმართ პასუხისმგებლობის) „ცნება“. პრაქტიკულად იგი რაღაცნაირად უნდა არსებობდეს, რადგან ბევრ მორწმუნესა და არამორწმუნეს ვხედავთ, რომლებიც აწმყოში ცხოვრობენ, საზრისს სძენენ და პასუხისმგებლობით ეკიდებიან მას. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს მაშინ, როდესაც ადამიანი ყოველგვარი გამორჩენის გარეშე, საკუთარი რისკის ფასად ჩაიდენს რამე ქმედებას მაღალ ღირებულებათა სახელით, ანუ ეს ნიშნავს, რომ არსებობს სიღრმისეული humus, (საფუძველი (ლათ.) რომელსაც ეყრდნობა მოაზროვნე მორწმუნეც და არამორწმუნეც, თუმცა კი, ალბათ, სხვადასხვა სახელს არქმევენ მას. მოქმედების დრამატულ მომენტში საგნებს მეტი მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე სახელებს და ყოველთვის არ ღირს quaestio de nomine, (აქ: კამათი სახელის გამო (ლათ.) როდესაც საქმე კაცობრიობისათვის არსებითი ღირებულებების დაცვასა და განვითარებას ეხება.

მაგრამ ცხადია, რომ მორწმუნისათვის, მით უმეტეს კათოლიკისათვის, საგანთა სახელებს აქვს მნიშვნელობა, რადგან ისინი შემთხვევითი კი არაა, არამედ გონიერებისა და შემეცნების შედეგია, რაც, თუკი მას სხვაც იზიარებს, საერთო ღირებულებების თეორიულ აღიარებასაც გამოიწვევს. მიმაჩნია, რომ აქ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი და რომ ამ გზას მარტივ მოვლენათა ერთიან დაკვირვებაში გონებისა და გამბედაობის ვარჯიში ჰქვია. რამდენჯერ ამბობს ქრისტე სახარებაში: „ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!... თვალი გაქვთ და ვერას ხედავთ და ყური გაქვთ და არაფერი გესმით, და არცა გახსოვთ“? (მარკოზი, 4,9; 8,18 და ა. შ.). იგი ფილოსოფიურ თეორიებს ან სასკოლო დისპუტებს კი არ გულისხმობს, არამედ იმ გონიერებას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეძლევა მოვლენათა არსის გაგებისა და მათში ორიენტირებისათვის. ყოველგვარი, თუნდაც სულ მცირე წინსვლა ამ მარტივი, მაგრამ დიდი მოვლენების ირგვლივ ურთიერთგაგებაში იქნებოდა წინგადადგმული ნაბიჯი იმედის საფუძვლის გაზიარებაშიც.

თქვენი წერილის კიდევ ერთმა, ფინალურმა გამოწვევამ იმოქმედა ჩემზე: რა კრიტიკული ფუნქცია შეიძლება შეიძინოს აღსასრულის იდეამ, რომ მომავლის მიმართ ინტერესის დაკარგვა კი არ გამოიწვიოს, არამედ წარსულის შეცდომების მუდმივი მხილება განაპირობოს? ვფიქრობ, ნათელია, რომ განვლილის კრიტიკულად შეფასებაში არა მხოლოდ გარდაუვალი აღსასრულის იდეას შეუძლია დაგვეხმაროს. ის შეიძლება უფრო შიშის, რიდის, საკუთარ თავში ჩაბრუნების, ან რაღაც „უცხო“ მომავლისკენ სწრაფვის წყარო იყოს, როგორც სწორედ აპოკალიფსურ ლიტერატურაშია ხოლმე.

იმისთვის, რათა აღსასრულის იდეამ მომავლისა და წარსულის მიმართ კრიტიკულად დაგვადარაჯოს, აუცილებელია, რომ ეს აღსასრული „მიზანი“ იყოს, რომ ის გადამწყვეტი, საბოლოო ღირებულების ხასიათს ატარებდეს, რომელსაც შეუძლია, აწმყოში გაწეულ ძალისხმევას სინათლე და საზრისი შესძინოს. თუ ჩემთვის აწმყოს საზრისი აქვს აღიარებულ საბოლოო ღირებულებასთან კავშირში, და მე გონებრივი ქმედებით და შეგნებული არჩევანით ამ ღირებულების წინასწარ შეცნობა ძალმიძს, ეს საშუალებას მომცემს, ტანჯვის გარეშე ვიფიქრო წარსულის შეცდომებზე. ვიცი, რომ გზაზე ვდგავარ, მიზანსაც უკვე თვალი მოვკარი, მის ძირითად ფასეულობებს მაინც, და ვიცი, რომ გამოსწორებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა მეძლევა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ადამიანი მხოლოდ იმ საქციელს ნანობს, რისი გაკეთებაც, როგორც ხვდება, უკეთ შეეძლო. საკუთარ შეცდომებზე კი იგი რჩება მიჯაჭვული, ვინც შეცდომებს არ აღიარებს, რადგან წინ უკეთესს ვერაფერს ხედავს და საკუთარ თავს ეკითხება, რატომ უნდა შეელიოს იმას, რაც ახლა აქვს.

ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, სიტყვა იმედის ბრუნების საშუალებებია, რომლის ხაზგასმას ვერასოდეს გავბედავდი, თქვენ რომ არ მოგეცათ მაგალითი. ამრიგად, ჯერ არ დამდგარა დრო, ტელევიზიით დავიბანგოთ აღსასრულის მოლოდინში, კიდევ ბევრი რამ გვაქვს ერთად გასაკეთებელი.

კარლო მარია მარტინი
მარტი, 1995 

იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ

Vangogen • ვანგოგენი

Instagram