გაბრიელ გარსია მარკესი - ერთი ტყვეობის ამბავი

სამადლობელი

1993 წლის ოქტომბერში, მარუხა პაჩონმა და მისმა მეუღლემ, ალბერტო ვილიამისარმა წიგნის დაწერა შემომთავაზეს მარუხას ექვსთვიანი ტყვეობისა და იმ ძალისხმევის შესახებ, რაც ალბერტომ ცოლის გასათავისუფლებლად მოიმოქმედა. შავი პირი უკვე მზად მქონდა, როცა მივხვდით, რომ შეუძლებელი იყო არ გვეხსენებინა ცხრა მსგავსი შემთხვევა, რომელიც ზუსტად იმ პერიოდში მოხდა ქვეყანაში. სინამდვილეში ეს ათი დამოუკიდებელი მოტაცება კი არ იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, არამედ კარგად ორგანიზებული, ერთი და იმავე დაჯგუფების მიერ, საკუთარი მიზნების მისაღწევად დაგეგმილი და განხორციელებული ქმედება, საგულდაგულოდ შერჩეული, მოსატაცებელი ადამიანების სიით.

[...]

შეძლებისდაგვარად მოვინახულე ამ ამბების მონაწილე ადამიანები და არც ერთ მათგანს უარი არ უთქვამს იმ სიმწრის გახსენებაზე, რომლის დავიწყებასაც სიამოვნებით ისურვებდნენ. მათმა ტკივილმა, მოთმინებამ და აღშფოთებამ მომცა ძალა, ჩემი შემოდგომის ყველაზე რთულ და ნაღვლიან საქმეს შევჭიდებოდი. მაწუხებს იმის წარმოდგენა, რომ ქაღალდზე მათი რეალური განცდებისა და შეძრწუნების მხოლოდ სუსტი გამოძახილის გადატანას მოვახერხებ. განსაკუთრებით ორი მოკლული მძევლის, მარინა მონტოიასა და დიანა ტურბაის ოჯახის წევრებს ვგულისხმობ. ამ უკანასკნელის დედასთან, დონია ნიდია კინტერო დე ბალკასართან საუბარი ჩემთვის ადამიანურ გამოცდილებათა შორის ყველაზე დაუვიწყარი და სულისშემძვრელი იყო.

[...]

ეს ისტორია მხოლოდ ერთი ეპიზოდია იმ ბიბლიური რისხვისა, უკვე ოცი წელია კოლუმბია რომ მოიცვა. ჩემს შრომას ვუძღვნი ყველას - მსხვერპლსაც და დამნაშავესაც, იმ იმედით, რომ ეს წიგნი აღარასოდეს განმეორდება.

გ.გ.მარკესი
კარტახენა დე ინდიასი. 1991წ. მაისი


...მეხუთემ მძღოლს თავში ესროლა ფანჯრის მეორე მხრიდან. მაყუჩის წყალობით გასროლის ხმა ამოოხვრასავით გაისმა. შემდეგ იმავე კაცმა კარი გააღო, გვამი გადმოათრია და ყოველი შემთხვევისათვის კიდევ სამი ტყვია დაახალა. მძღოლი, შეიძლება ითქვას, სხვის მაგივრად დაიღუპა: ანხელ მარია როა სულ სამი დღის უკან დაიქირავა მარუხამ. ის მინისტრის მძღოლივით იცვამდა შავ კოსტიუმს, თეთრ გახამებულ პერანგს და შავ ჰალსტუხს იკეთებდა. მისი წინამორბედი, რომელიც 10 წელი მუშაობდა „ფოსინეში“, გასულ კვირას სამსახურიდან საკუთარი სურვილით წავიდა.

მარუხა ტელევიზიის ახალი ამბების ქუდის მუსიკამ გამოაფხიზლა. 1990 წლის 7 ნოემბრის საღამოს ათის ნახევარი იყო. ნახევარი საათით ადრე, ჟურნალისტმა ერნან ესტუპინიანმა „ფოსინეში“ მომუშავე ერთი მეგობრისგან შეიტყო მომხდარის შესახებ და დანაშაულის ადგილს მიაშურა. ის ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო გადაღებული მასალით, მაგრამ ახალი ამბების პროდუსერმა და წამყვანმა ხავიერ აიალამ გამოშვება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „დღეს, საღამოს შვიდის ნახევარზე, დაუდგენელმა პირებმა მოიტაცეს ცნობილი პოლიტიკოსის, ალბერტო ვილიამისარის მეუღლე და და - „ფოსინეს“ გენერალური დირექტორი, დონია მარუხა პაჩონ დე ვილიამისარი და ბეატრის ვილიამისარ დე გერერო“. გამტაცებლების განზრახვა გასაგები იყო: მარუხა ლუის კარლოს გალანის ქვრივის და იყო. 1979 წელს ახალგაზრდა ლუის კარლოსმა „ახალი ლიბერალიზმი“ დააფუძნა. ლიბერალური პარტიის დრომოჭმული მეთოდების გარდაქმნისა და მოდერნიზაციისათვის. ეს ორგანიზაცია ყველაზე ეფექტურად ებრძოდა ნარკომაფიას და მთავრობას დამნაშავეების ექსტრადიციისკენ მოუწოდებდა.

მარუხას სახლს ჟურნალისტების ჯარი შეესია. ვილიამისარმა იცოდა, რომ გამტაცებლები ტელევიზორსაც უყურებდნენ და რადიოსაც უსმენდნენ, ამიტომ კამერების წინ თავად გააკეთა განცხადება და სთხოვა ქალებისადმი სათანადო პატივისცემა გამოეჩინათ, მათ ხომ არაფერი ჰქონდათ საერთო კაცების ომთან, ისიც აღნიშნა, რომ ამიერიდან მთელ თავის დროსა და ენერგიას ცოლისა და დის გამოხსნას მოანდომებდა.

მთავრობის მიერ ნარკომაფიის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი, პაბლო ესკობართან უშიშროების დეპარტამენტის დირქტორის, გენერალ მიგელ მასა მარკესის საკმვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებად იქცა. ესკობარმა 2600 კილოგრამი დინამიტი დახარჯა მის გასანადგურებლად მოწყობილ ორ აფეთქებაში. ასე გააფთრებით ნარკომაფიის ბარონს არავის წინააღმდეგ უბრძოლია. მასა მარკესი ორივეჯერ უვნებლად გადარჩა და ეს სასწაული უფლის წყალობას მიაწერა. უნდა ითქვას, რომ ესკობარსაც ღვთის წყალობად მიაჩნდა, გენერლის ხელით რომ არ იყო მკვდარი.

***

კოლუმბიელებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მათი ქვეყანა ნარკობიზნესში, სანამ მისი წარმომადგენლები ფეხისწვერებზე არ შეიპარნენ დიდ პოლიტიკაში, თავიდან კორუფციისა და ქრთამის მეშვეობით, შემდეგ უფრო ლეგალური გზით. პაბლო ესკობარი ჯერ კიდევ 1982 წელს ცდილობდა ლუის კარლოს გალანის მოძრაობაში ადგილის დამკვიდრებას, მაგრამ მან ნარკობარონი თავისი პარტიული სიებიდან ამოშალა და მედელინში გამართულ ხუთი ათას კაციან მიტინგზე ამხილა. მოგვიანებით ესკობარი ლიბერალთა ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი ფრაქციის რომელიღაც კანდიდატის ნაცვლად წარმომადგენელთა პალატაში გაძვრა, ძველი წყენა არ დაივიწყა და სახელმწიფოს დაუნდობელი ომი გამოუცხადა, განსაკუთრებით მოძრაობა „ახალ ლიბერალიზმს“ გადაეკიდა. მისი ერთ-ერთი წევრი, როდრიგო ლარა ბონილია, რომელსაც ბელისარიო ბეტანკურის მთავრობაში იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა, ბოგოტაში ჩაცხრილეს. მის შემცვლელს, ენრიკე პარეხოს დაქირავებულმა მკვლელმა ბუდაპეშტამდე მისდია, სახეში დაახალა რევოლვერი, მაგრამ ვერ მოკლა. 1984 წლის 18 აგვისტოს 18 კარგად შეიარაღებული პირადი მცველით გარშემორტყმული ლუის კარლოს გალანი საპრეზიდენტო სახლიდან ათ კილომეტრში, სოაჩას მუნიციპალიტეტთან მოკლეს.

ამ ომისკენ ნარკომაფიას ძირითადად იმის შიში უბიძგებდა, რომ კოლუმბიის მთავრობას აშშ-სთვის არ გადაეცა დამნაშავეები, რომლებსაც ამერიკის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთათვის გასამართლება და აუტანელ პირობებში პატიმრობა ელოდათ. ერთი მათგანი, კარლოს ლედერი 1987 წელს გადასცა კოლუმბიამ აშშ-ის მართლმსაჯულებას. მას 130 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შეთანხმებას დამნაშავეთა ექსტრადიციის შესახებ პრეზიდენტმა ხულიო სესარ ტურბაიმ მოაწერა ხელი. ლარა ბონილიას მკვლელობის შემდეგ ბელისარიო ბეტანკურმა რამდენიმე დამნაშავე გადასცა ამერიკას. ნარკომაფიის წევრები ხედავდნენ, რამსიგრძე ხელები ჰქონდა ამერიკის მართლმსაჯულებას და შეშინებულებმა აღმოაჩინეს, რომ თავის შესაფარებლად კოლუმბიაზე საიმედო ადგილს ვერ იპოვნიდნენ. ამგვარად იქცნენ ისინი დევნილებად საკუთარ სამშობლოში. ბედის ყველაზე მწარე ირონია ის იყო, რომ დამნაშავეებს საკუთარი ტყავის გადასარჩენად მთავრობის მფარველობა უნდა მოეპოვებინათ. ამ მიზნის მისაღწევად ისინი ერთმანეთზე სასტიკ, ტერორისტულ აქტებს აწყობდნენ და ერთადერთ მოთხოვნას აყალიბებდნენ: ჩადენილი დანაშაულებისათვის ისინი ამერიკის კი არა, კოლუმბიის სასამართლოებში გაესამართლებინათ, სამაგიეროდ, თავიანთ კაპიტალის სამშობლოში დაბანდებისა და რეპატრიაციის პირობას დებდნენ. ამ სურვილს პაბლო ესკობარის სიტყვებით ამართლებდნენ: „ამერიკის საკანს სამშობლოში გათხრილი საფლავი სჯობსო“.

ბეტანკურმა მათ ომი გამოუცხადა. მისმა შემცვლელმა, ვირხილიო ბარკომ კიდევ უფრო გააძლიერა ბრძოლა. ასე იყო საქმე, როცა 1984 წელს, ლუის კარლოს გალანის მკვლელობის შემდეგ, მისივე საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, სესარ გავირია იქცა პრეზიდენტობის კანდიდატად. თავის პროგრამაში გავირია ექსტრადიციას უჭერდა მხარს, როგორც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის ერთადერთ საშუალებას. ამას გარდა, მან ნარკომაფიასთან ბრძოლის ახალი სტრატეგია შეიმუშავა.

იდეა მარტივი იყო - მათ, ვინც თავის ნებით ჩაბარდებოდა ხელისუფლებას და ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა, კოლუმბიაში გაასამართლებდნენ. მაგრამ ეს პირობა დამნაშავეებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ესკობარმა საკუთარი ადვოკატების საშუალებით შემდეგ მოთხოვნები წამოაყენა: არც ერთი ნებით ჩაბარებულ დამნაშავეს ექსტრადიცია არ უნდა შეხებოდა, იმის მიუხედავად, აღიარებდა თუ არა ჩადენილ ბოროტმოქმედებებს, მთავრობას მისთვის ციხეში ხელშეუხებლობის გარანტია უნდა მიეცა და გარეთ დარჩენილი მათი ოჯახებიც საიმედოდ უნდა ყოფილიყვნენ დაცული. ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ესკობარის ხალხმა, მთავრობაზე ზეწოლის მოსახდენად, ჟურნალისტების გატაცება დაიწყო. ორ თვეში რვა ჟურნალისტი დაიკარგა. აქედან გამომდინარე, ეჭვი აღარ იყო, რომ მარუხა და ბეატრისიც მათ ხელში იქნებოდნენ.

***

კოლუმბიაში ასეა, ნებისმიერი სახის შეკრება საღამოს 6 საათის შემდეგ, რა მიზანსაც გინდა ემსახურებოდეს, ცეკვით მთავრდება.

არც იმის მიხვედრა ჭირდა, რომ გამტაცებლები პაბლო ესკობარის მითითებებს ასრულებდნენ. „მთავარი ამის ცოდნა კი არა, იმის მიღწევაა, რომ ესკობარმა თვითონ აღიაროს ეს ფაქტი. ამით ქალების უსაფრთოების გარანტიას მოვიპოვებთ“, - თქვა პრეზიდენტმა გავარიამ.

... რეალობაზე მხოლოდ მაშინ აეხილა თვალი, როცა გზატკეცილის პირას უპატრონოდ დაგდებული, თხუთმეტიოდე წლის, კარგად ჩაცმული და სახეშეღებილი გოგონას გვამი დაინახა. მას შუბლი ტყვიით ჰქონდა გახვრეტილი და სახეზე ძაფივით აჩნდა სისხლის ზოლი. ლუის გილერმომ საკუთარ თვალებს არ დაუჯერა და მძღოლს მიუბრუნდა: - იქ მკვდარი გოგოა! - ჰო, - გვამისკენ არც გაუხედავს მძღოლს, - ეგ თოჯინები დონ პაბლოს ბიჭებთან დადიან დროის სატარებლად.

როგორც ჩანს, სპორტული ფორმები ნარკომაფიის „ციხეებში“ უნიფორმად იყო მიჩნეული.

... ძველი ესპანური გამოთქმა გაიხსენა: „ღმერთმა ნუ მოგვცეს ის, რისი ატანაც შეგვიძლია“.

ხუან ვიტა მართლა იხსნა ექიმი კონრადო პრისკო ლოპერას ვიზიტმა, მაგრამ არა იმდენად დიაგნოზის დასმით (მას სტრესული მდგომარეობა დაუდგინდა), რამდენადაც მკურნალობის მეთოდით. ექიმმა მას კარგი წიგნების კითხვა გამოუწერა.

ფულისა და იდუმალების შარავანდედის წყალობით, ესკობარი ყოვლისშემძლე დემონად იქცა, რომელიც არ ჩანდა, მაგრამ ბნელეთიდან აკონტროლებდა ყველაფერს. მის მოკლე, მაგრამ სწორად მიგნებული სიტყვების წყალობით სხარტად ჩამოყალიბებულ მიმართვებს სიმართლისგან ვერ გაარჩევდი. დიდების ზენიტში მყოფი ესკობარის სურათებს ეკლესიაში, წმინდანთა ფიგურების გვერდით ათავსებდნენ და მის წინ სანთლებს ანთებდნენ. ბევრმა ისიც ირწმუნა, რომ სასწაულების მოხდენა შეეძლო. კოლუმბიის ისტორიას არ ახსოვს პიროვნება, ასეთი ზეგავლენა რომ მოეხდინოს საზოგადოებრივ აზრზე. არც არავის გამოუყენებია მსგავსი რაოდენობის ქრთამი საკუთარი მიზნების მისაღწევად. მაგრამ მისი ყველაზე შემაშფოთებელი თვისება ის იყო, რომ საერთოდ არ გააჩნდა მიმტევებლობის გრძნობა და ვერ ავლებდა ზღვარს სიკეთესა და ბოროტებას შორის.

უნდობლობა ესკობარის ცხოვრებისეული კრედო იყო და ხშირად იმეორებდა, სწორედ ამის წყალობით ვარ ცოცხალიო. არავის ანდობდა მნიშვნელოვან პოსტებს. თავად იყო მთავარსარდალი, საკუთარი დაცვის, უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის უფროსი, დიდი სტრატეგი და უბადლო დეზინფორმატორი. განსაკუთრებულ შემთხვევებში ყველ დღე ცვლიდა პირადი დაცვის რვაკაციან შემადგენლობას. ერკვეოდა კომუნიკაციების ტექნოლოგიაში, იცოდა, როგორ ხორციელდებოდა ტელეფონში მოსასმენი აპარატურის ჩაყენება და მიყურადება. სპეციალურად ქირაობდა ხალხს, რომლებსაც მთელი დღე სულელური საუბრები უნდა გაება ერთმანეთთან, რათა სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლები ამ აბდაუბდაში ვერ გარკვეულიყვნენ და მთავარი გამორჩენოდათ. როცა სამართალდამცავებმა ცხელი ხაზის ტელეფონის ორი ნომერი გამოაცხადეს და მისი ადგილსამყოფელის დადგენისთვის ფულადი ჯილდო დააწესეს, ესკობარმა სკოლის მოსწავლეებს გადაუხადა, რომლებსაც გამუდმებით უნდა ერეკათ ხსენებულ ნომრებზე, რათა იქ უცხო არავინ მოხვედრილიყო. არსად კვალს არ ტოვებდა, არავის ეთათბირებოდა, ადვოკატებს ბრძანებებს აძლევდა, რომლებიც მათ კანონისთვის უნდა მიესადაგებინათ.

ესკობარი არასდროს კმაყოფილდებოდა მხოლოდ ერთ ფრონტზე გამართული მოლაპარაკებებით. ის ღმერთსა და ეშმაკს ერთნაირად ევაჭრებოდა კანონიერი თუ უკანონო გზებით და არა იმიტომ, რომ რომელიმესი უფრო სწამდა. მას საერთოდ არავისი სჯეროდა.

ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ

Vangogen • ვანგოგენი

Instagram