სვეტლანა ალექსიევიჩი - ჩერნობილის ლოცვა

„ჰაერი ვართ და არა - მიწა“, - მერაბ მამარდაშვილი

„ჩერნობილამდე... ბელარუსის 100 ათას მცხოვრებზე ონკოლოგიური ავადმყოფობის 82 შემთხვევა ფიქსირდებოდა. დღეს სტატისტიკა ასეთია - 100 ათასზე 6 ათასი ავადმყოფი. დაავადებულთა რაოდენობა 74-ჯერ გაიზარდა. სიკვდილიანობა 23.5%-ითაა გაზრდილი. სიბერეში მხოლოდ 1 ადამიანი კვდება 14-იდან, უმეტესად შრომისუნარიანები მიდიან - 45-50 წლისები. ყველაზე მეტად დაბინძურებულ რეგიონებში სამედიცინო შემოწმებისას, 10 ადამიანიდან 7 ავადმყოფია. მიდიხარ სოფლებში და გაზრდილი სასაფლაოები გზარავს“. „აქამდე ბევრი ციფრია უცნობი... ისეთი საშინელებაა, რომ მათ საიდუმლოდ ინახავენ. საბჭოთა კავშირმა კატასტროფის ადგილას 800 ათასი სწრაფი რეაგირების ჯარისკაცი და ახალწვეული ლიკვიდატორი გაუშვა. უკანასკნელთა საშუალო ასაკი 33 წელია. ბიჭები კი ჯარში სკოლის შემდეგ გაიწვიეს. მხოლოდ ბელარუსიდან 115493 ადამიანია ლიკვიდატორთა სიებში. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 1990-იდან 2003 წლამდე 8553 ლიკვიდატორი მოკვდა. ანუ, დღეში ორი კვდებოდა საშუალოდ“.

მარტოსული ადამიანის ხმა

აფეთქება არ მინახავს. მარტო ცეცხლი. ყველაფერი განათდა. მთელი ცა. მაღალი ცეცხლი. ჭვარტლი. საშინელი სიცხე. ის კია არა და არ ჩანს. ჭვარტლი იმიტომაა, რომ ბიტუმი იწვის. სადგურის სახურავზე ესხა ბიტუმი. მერე იგონებდა, დავდიოდით, როგორც ფისზეო. აქრობდნენ ცეცხლს და არ ქრებოდა. ძლიერდებოდა. ცეცხლმოკიდებულ გრაფიტს ფეხებით ყრიდნენ. ბრეზენტის კოსტიუმების გარეშე წავიდნენ, როგორც იყვნენ, პერანგებით, ისე. არ გააფრთხილეს, ჩვეულებრივ ხანძარზე გამოიძახეს.

მოსკოვში პირველივე მილიციონერს ვკითხეთ, რომელ საავადმყოფოში იწვნენ ჩერნობილელი მეხანძრეები, და მან გვიპასუხა. გამიკვირდა კიდეც, იმიტომ, რომ გვაშინებდნენ - სახელმწიფო საიდუმლოებაა, სრულიად გასაიდუმლოებულიო. - მეექვსე საავადმყოფო - „შუკინსკიზე“. ამ საავადმყოფოში, სპეციალურ, რადიოლოგიურ საავადმყოფოში საშვების გარეშე არავის უშვებდნენ. ვახტიორს ფული მივეცი და ეგრევე მითხრა - „შედი“, სართულიც მიმითითა.

- ალბათ უფრო მავნებლობაა. ვიღაცამ სპეციალურად მოაწყო. ბიჭები ეგრე ვფიქრობთ... მაშინ ასე ლაპარაკობდნენ. ასე ფიქრობდნენ.

იცვლებოდა - ყოველ დღე სხვა ადამიანი მხვდებოდა... დამწვრობა გარეთ გამოსდიოდა... პირში, ენაზე, ლოყებზე... ჯერ პატარა წყლულები ჩნდებოდა, მერე იზრდებოდა. შრეებად გამოდიოდა ლიმფა, თეთრად ეფინებოდა. სახის ფერი... კანი ფერი... ლურჯი, წითელი... ნაცრისფერი... და სულ ჩემი, ისეთი საყვარელი! შეუძლებელია ამის მოყოლა! შეუძლებელია ამის აღწერა! და გაძლებაც! გადამარჩინა იმან, რომ ეს ყველაფერი უცებ ხდებოდა, ფიქრსაც კი ვერ ვასწრებდი, ტირილსაც ვერ ვახერხებდი.

საგანგებო კომისიამ მიგვიღო. ყველას ერთსა და იმავეს გვეუბნებოდნენ, რომ არ შეუძლიათ ჩვენი ქმრების, ჩვენი შვილების სხეულები გადმოგვცენ, რადგან ისინი ძალიან რადიოაქტიურია და მოსკოვის სასაფლაოზე საგანგებო წესით უნდა დაიმარხოს. დალუქული თუთიის კუბოებით, ბეტონის ფილების ქვეშ. თუკი ვინმე გამოთქვამდა უკმაყოფილებას, არწმუნებდნენ, რომ გმირები არიან და უკვე აღარ ეკუთვნიან მხოლოდ ოჯახებს... სახელმწიფოს ეკუთვნიან და სახელმწიფო უპატრონებს.

მკვდართა მიწა

ჩავედი ჩერნობილის ზონაში... ბევრჯერ ვყოფილვარ უკვე იქ... და იქ მივხვდი, რომ ახლაც დაუცველი ვარ. აღარაფერი მესმის და საკუთარი უძლურება მანგრევს... ბოროტებამ სხვა სახე შეიმოსა. წარსული უკვე ვეღარ მიცავს, ვეღარც მამშვიდებს. იქ აღარაა პასუხები, არადა, ადრე ყოველთვის იყო, ახლა - აღარაა. მომავალი მანგრევს და არა - წარსული.

სამყაროში ყველაზე სამართლიანი სიკვდილია. მიწა ყველას მიგვიღებს: კეთილებს, ბოროტებს, ცოდვილებს. სხვა სამართალი არაა დედამიწაზე.

... თავიდან გვითხრეს, რომ ჩვენთან რადიაციაა. ვიფიქრეთ - ეს რაღაც ავადმყოფობაა, ვინც დაავადდება - ეგრევე მოკვდება. არაო, მერე გვითხრეს, ეს ისეთი რაღაცაა, რაც მიწაზე ძევს და მიწაში ძვრება, მაგრამ უხილავია. ცხოველი შეიძლება გრძნობდეს და ესმოდეს კიდეც, მაგრამ ადამიანი ვერ ხედავს. ეს ტყუილია! მე ვნახე... ეს ცეზიუმი ჩემს ბოსტანში ეგდო, სანამ წვიმამ არ დაასველა. რაღაც მელნისფერი ეგდო. ეგდო და ფერები ერთმანეთში გადადიოდა. კოლმეურნეობის მინდვრიდან დავბრუნდი და ჩემს ბოსტანში შევედი... ვხედავ, რაღაც ლურჯი ნაჭერი აგდია... ორასი მეტრის იქით, კიდევ ერთი... ჩემი თავსაფრისხელა, აი, თავზე რომ მახვევია. დავუძახე მეზობელს, სხვა ქალებს და ყველაფერი შემოვირბინეთ. ყველა ბოსტანი, ირგვლივ მინდვრები... ალბათ, ორ ჰექტარამდე... ოთხი ნაჭერი ვიპოვეთ, ერთი წითელიც იყო. მეორე დღეს გაწვიმდა... დილიდან წვიმდა. სადილობისას კი არც ერთი აღარ იყო. მოვიდა მილიცია, მაგრამ აღარაფერი იყო და რა უნდა გვეჩვენებინა.

ლაპარაკი ცოცხალთანაც შეიძლება და მკვდართანაც. ერთია ჩემთვის. ერთისაც მესმის და მეორესიც. როცა მარტო ხარ და როცა დარდი გაქვს... დიდი დარდი...

ცხოვრობ... ჩვეულებრივი ადამიანი ხარ. პატარა. ისეთი, როგორიცაა ირგვლივ ყველა - მიდიხარ სამსახურში და ბრუნდები სამსახურიდან. ჩვეულებრივ ხელფასს იღებ. წელიწადში ერთხელ შვებულებაში გადიხარ. გყავს ცოლი, შვილები. ნორმალური ადამიანი ხარ! მაგრამ უცაბედად, ერთ დღეში ჩერნობილის ადამიანად იქცევი. საოცრებად! რაღაც ისეთად, რაც ყველას აინტერესებს და არავინ იცის, რა არის. გინდა, რომ იყო ისე, როგორც ყველა დანარჩნი, მაგრამ ახლა უკვე შეუძლებელია. აღარ შეგიძლია დაუბრუნდე იმ წინა სამყაროს. სხვანაირი თვალით გიყურებენ. შეკითხვებს გისვამენ: „საშიში იყო? როგორ იწვოდა სადგური? რა ნახე? და საერთოდ, შეიძლება გყავდეს შვილი? ცოლმაარ მიგატოვა?“ პირველ ხანებში მაინც, ჩვენ ყველანი იშვიათ ექსპონატებად ვიქეცით. თვითონ სიტყვა „ჩერნობილელი“ აქამდე წააგავს რაღაც ხმოვან სიგნალს. ყველანი შენკენ ატრიალებენ თავს... იქიდან ხარ! ეს პირველი დღეების განცდებია... ჩვენ ქალაქი კი არა, მთელი ცხოვრება დავკარგეთ.

ნივთების გამოტანა არ შეიძლება. ნივთები არ გამომაქვს, მაგრამ ერთი აუცილებლად უნდა გამოვიტანო. მხოლოდ ერთი! ბინას კარი უნდა მოვხსნა და წავიღო, არ შემიძლია კარის დატოვება... შესასვლელს ფიცრებით ავჭედავ... ჩვენი კარი... ჩვენი თილისმა! ოჯახური რელიკვია. ამ კარზე მამაჩემი იწვა. არ ვიცი, რომელი წეს-ჩვეულების თანახმად, ყველგან ასე არაა, მაგრამ ჩვენ, - მითხრა დედა, - მიცვალებული საკუთარ კარზე უნდა დავაწვინოთ. იქ უნდა იწვეს, სანამ კუბოს არ მოიტანენ. მამას გვერდით ვეჯექი მთელი ღამე, ის ამ კარზე იწვა... სახლი ღია იყო... მთელი ღამე... კარზე ნიშნებია დატოვებული... მან იცის, როგორ ვიზრდებოდი. აღნიშნულია პირველი კლასი, მეორე, მეშვიდე, ჯარში წასვლის წინ... იქვე - როგორ იზრდებოდა ჩემი ბიჭი... ჩემი გოგონა... ამ კარზე მთელი ჩვენი ცხოვრებაა აღწერილი, როგორც ძველ პაპირუსებზე. როგორ დამეტოვებინა? მეზობელს ვთხოვე, მანქანა ჰყავდა: „მომეხმარე“. თავზე მიმანიშნა, ვაიმე, მეგობარო, გაგიჟებულხარო. მაგრამ მაინც გამოვიტანე... კარი... მოტოციკლით... ტყეზე ვიარე... ორი წლის შემდეგ გამოვიტანე, ჩვენი სახლი უკვე გაქურდული იყო. სულ გასუფთავებული. მილიცია გამომეკიდა: „გესვრით!“ „გესვრით!“ იფიქრეს, რომ მოროდიორი ვიყავი. ასე მოვიპარე საკუთარი სახლის კარი.

ჩამოდიან... ფილმებს იღებენ ჩვენზე, რომლებსაც ჩვენ ვერასდროს ვნახავთ. არც ტელევიზორი გვაქვს და არც - ელექტროენერგია. ერთი - ფანჯარაში ყურებაღა დაგვრჩენია. ჰო, და რა თქმა უნდა, ლოცვაც. ადრე ღმერთის ნაცვლად კომუნისტები იყვნენ. ახლა მარტო ღმერთი დარჩა.

ერთი არ ვიცი, აქვს კი სული ადამიანს? როგორია? და იმქვეყნად როგორ ეტევა ამდენი სული?

რადიაცია... ის ადამიანსაც აშინებს და მხეცსაც... ჩიტსაც... ხესაც კი ეშინია, მაგრამ ვერაფერს ამბობს. ვერ იტყვის, უენოა.

ღმერთს ხომ არ ეჩხუბები? რაღაცნაირად უნდა იცხოვრო.

ღმერთის არ მეშინია... ადამიანის მეშინია. პირველ დღეებში ვკითხულობდით: „სად არის რადიაცია? - „სადაც დგახართ, იქაა რადიაცია!“ ეს ხომ მთელი აქაურობაა?

რატომ ჩამოვედით აქ, ჩერნობილის მიწაზე? იმიტომ, რომ აქედან აღარ გაგვყრიან. ამ მიწიდან. ის უკვე აღარავისა, ღმერთმა წაიღო... ადამიანებმა მიატოვეს.

მკვდარ ადამიანს ხალხი ყველგან შეეჩვია...

ჯარისკაცთა ქორო

ყოველ წელს ოცდაექვს აპრილს ვიკრიბებით, ისინი, ვინც იქ ვიყავით. ისინი, ვინც ცოცხლები ვართ. იმ დროს ვიხსენებთ. ჯარისკაცები ვიყავით, ომში ვიყავით, საჭირონი ვიყავით... ცუდი დაგვავიწყდა, ეს კი გვახსოვს. გვახსოვს, რომ ჩვენ გვერდს ვერ აგვივლიდნენ. ჩვენი სისტემა, რომელიც სიმართლე რომ ითქვას, ისედაც სამხედროა, კარგად მუშაობს განსაკუთრებული ვითარებების დროს. და შენც, ბოლოს და ბოლოს, იქ თავისუფალი და აუცილებელი ხარ. თავისუფლება! რუსი ადამიანი სწორედ ასეთ დროს აჩვენებს, თუ როგორი ძლიერი და უნიკალურია! ჰოლანდიელებად და გერმანელებად ჩვენ ვერასდროს ვიქცევით. არასდროს გვექნება გამძლე ასფალტის საფარი და გაკრეჭილი გაზონები. მაგრამ გმირები ყოველთვის მოიძებნებიან!“

ანეკდოტებიც გაჩნდა... ერთი წუთით... მოდის ქმარი სახლში და ცოლს ეწუწუნება, - „გვითხრეს ხვალ ან ჩერნობილში მიდიხარ, ან პარტბილეთს დადებთ მაგიდაზეო“, - „და შენ რომ უპარტიო ხარ?“ - „ჰოდა, მაგას ვფიქრობ, საიდან მოვიტანო ხვალამდე პარტბილეთი!“

საცეკვაოდ წავედი. გოგონა მომეწონა.
- მოდი, ვიმეგობროთ,
- რატომ? შენ ახლა ჩერნობილელი ხარ. ვინღა გამოგყვება ცოლად?
მეორე გოგონა გავიცანი. ვკოცნიდით, ვეხვეოდით ერთმანეთს. მმაჩის ბიურომდე მივიდა საქმე.
- მოდი, ვიქორწინოთ, - შევთავაზე.
რაღაც ასეთი მკითხა: და შენ შეგიძლია?

გინდათ ანეკდოტი? ქმარი შინ ბრუნდება რეაქტორიდან. ცოლი ექიმს ეკითხება: „რა მოვუხერხო ქმარს?“ ექიმი პასუხობს: „დაბანეთ, ჩაეხუტეთ, დეზაქტივაცია მოახდინეთ“. კიდევ გინდათ ანეკდოტი? ჩერნობილის შემდეგ ყველაფრის ჭამა შეიძლება, ოღონდ განავალი - ტყვიაში უნდა ჩაიმარხოს... ხა-ხა-ხა! ცხოვრება მშვენიერია, მაგრამ ისეთი ხანმოკლე...

როგორ უნდა გვიმკურნალონ? არავითარი დოკუმენტი არ წამოგვიღია... მე ვეძებდი... ყველა ინსტანციას მივმართე... მივიღე და ვინახავ სამ პასუხს. პირველი: დოკუმენტები განადგურებულია, რადგან მათი შენახვის ვადა სამი წელია. მეორე - დოკუმენტები განადგურებულია ჯარის პერესტროიკის შემდგომი შემცირებისა და ნაწილების რეფორმირების გამო, მესამე - დოკუმენტები განადგურებულია, რადგან ისინი რადიოაქტიური იყო. და იქნებ იმიტომ გაანადგურეს, რომ სიმართლე არავის გაეგო? ჩვენ - მოწმეები ვართ. მაგრამ მალე დავიხოცებით.

აი, ლიკვიდატორის ლოცვა: „ღმერთო, თუკი ისე გააკეთე, რომ არ შემიძლია, გააკეთე ისეც, რომ არ მინდოდეს“... წადით, თქვენი...

სამოქალაქო დოკუმენტები, სამხედრო ბილეთები გამოგვართვეს და ავტობუსებში ჩაგვსხეს. მერე გაურკვეველი მიმართულებით წაგვიყვანეს. ოფიცრები ყველა შეკითხვაზე დუმილით გვპასუხობდნენ. „ძმებო! ჩერნობილში ხომ არ მივდივართ?“ - ვიღაც მიხვდა. უფროსობა: „გაჩუმდით! პანიკის დათესვისთვის სამხედრო ტრიბუნალი გაგასამართლებთ საომარი დროის კანონებით!“ რამდენიმე ხანში კი განგვიმარტეს: „სამხედრო მდგომარეობაში ვართ. არავითარი საუბრები! ვინც სამშობლოს უბედურების დროს მიატოვებს, - გამყიდველია!“

მეოცე საუკუნე. ტრაქტორები და ბულდოზერები, რომლებსაც იქ იყენებდნენ, მძღოლის გარეშე, დისტანციურად იმართებოდა. ჩვენ კი მათ უკან მივსდევდით და ნარჩენებს ვაგროვებდით. იმ მტვერს ვსუნთქავდით.

ჯარის შემდეგ ეგრევე მეორე ჯგუფის ინვალიდი გავხდი. ქარხანაში ვმუშაობდი. ქარხნის უფროსი: „მორჩი ავადმყოფობას, თორემ შეგამცირებთ!“ შემამცირეს. წავედი დირექტორთან: „არ გაქვთ უფლება! ჩერნობილელი ვარ, თქვენ გადაგარჩინეთ, დაგიცავით!“ „ჩვენ ხომ არ გაგვიგზავნიხარ იქ!“

საგაზეთო სტატიას ვინახავ... ოპერატორ ლეონიდ ტოპტუნოვზე, იმ ღამეს მორიგეობდა სადგურზე და სწორედ მან დააჭირა ხელი აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე საავარიო წითელ ღილაკს, რომელმაც არ იმუშავა. მოსკოვში მკურნალბოდნენ. „რომ გადარჩეს, საჭიროა სხეული“ - ხელებს შლიდნენ ექიმები. მას კი მხოლოდ ერთი სუფთა, დაუსხივებელი ლაქა ჰქონდა ზურგზე. მიტინსკის სასაფლაოზე დაკრძალეს. კუბოს ფოლგა ამოაკრეს... გულზე მეტრნახევრიანი ბეტონის, ტყვიისსარჩულიანი ფილები დაადეს. ჩავიდა მამა... დგას, ტირის... ხალხი დადის და ეუბნებიან: „მაგ ძაღლიშვილმა ააფეთქა!“ არადა, ის ოპერატორი იყო.. ისე დამარხეს, როგორც კოსმოსიდან მოფრენილი...

როცა დაიბადა... ბავშვი კი არა, ცოცხალი ტომარა იყო, ყველა მხრიდან გაკერილი, ერთი ნახვრეტიც კი არ ჰქონდა, მარტო თვალებს ჭყეტდა. სამედიცინო ბარათში წერია: „გოგონა, დაბადებული მრავალი კომპლექსური პათოლოგიით: ანუსის აპლაზია, საშვილოსნოს აპლაზია, მარცხენა თირკმლის აპლაზია“... ასე ჟღერს სამედიცინო ენაზე, ჩვეულებრივზე კი - არც ფუჩუ, არც ტაკო, ერთი თირკმელი...

უცხოელი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ... პირველი კინოჯგუფი... პლასტმასის კომბინიზონები ეცვათ, ჩაფხუტები ეხურათ, ფეხებზე - რეზინის ბახილები, ხელებზე - ხელთათმანები. კამერაც კი სპეციალური საფარის ქვეშ ჰქონდათ დამალული... თან ახლდათ მთარგმნელი, აქაური გოგონა... საზაფხულო კაბასა და სანდლებში...

ადამიანებს თითოეული ნაბეჭდი სიტყვისა სჯეროდათ, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლეს არავინ წერდა და არც ამბობდა. ერთი მხრივ, მალავდნენ; მეორე მხრივ, გენსეკით დაწყებული მეეზოვით დამთავრებული - არც არავის ესმოდა, რა ხდებოდა.

რატომ წერენ ჩერნობილზე ასე ცოტას? ჩვენი მწერლები აღწერენ ომს, სტალინურ ბანაკებს, მაგრამ აქ ჩუმდებიან. სულ ერთი-ორი წიგნია. გგონიათ, შემთხვევით ხდება ასე? ეს მოვლენები ჯერ კიდევ კულტურის მიღმაა, კულტურის ტრავმაა. ჩვენი ერთადერთი პასუხი კი სიჩუმეა. თვალებს ვხუჭავთ, როგორც პატარა ბავშვები, ვფიქრობთ, რომ დავიმალეთ და ვერ შეგვამჩნევენ.

ათასობით მოხალისე იყო, სტუდენტური რაზმები სპეციალური „ვორონკებით“ ჩამოჰყავდათ, ღამღამობით ყარაულობდნენ... ნივთები გროვდებოდა, დაზარალებულთა ფონდში ფული ირიცხებოდა, ასობით ადამიანი უფასოდ იღებდა სისხლს და ძვლის ტვინსაც კი... და აი, ამ დროს, ერთი ბოთლი არყით ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდა - საპატიო სიგელის, შვეულების... ერთმა კოლმეურნეობის თავმჯდომარემ დოზიმეტრისტების რაზმში მთელი ყუთი არაყი მიიტანა, რომ მისი სოფელი ევაკუაციაში არ წაეყვანათ, მეორე თავმჯდომარეს კი ასევე ართი ყუთი არაყი მოჰქონდა, რომ მისი კოლმეურნეობა რაც შეიძლება მალე გაესახლებინათ. მას თურმე უკვე დაჰპირდნენ სამოთახიან ბინას მინსკში. რადიოანაზომებს არავინ უყურებდა. ჩვეულებრივი რუსული ქაოსი...

პოლიტხემძღვანელი გაზეთებში კითხულობდა „მაღალ თვითშეგნებასა და სწორ ორგანიზებაზე“, იმაზე, რომ ავარიიდან რამდენიმე დღეში მეოთხე რეაქტორზე ფრიალებდა წითელი დროშა. წითლად მართლაც გიზგიზებდა, მაგრამ რამდენიმე თვეში მაღალმა რადიაციამ გამოწვა. ისევ აღმართეს, ახალი... ძველი კი დახიეს და ნაკუწები სამსახსოვროდ შეინახეს, ბუშლატის ქვეშ, მკერდთან ახლოს იფენდნენ, მერე შინ მიჰქონდათ... სიამაყით უჩვენებდნენ შვილებს. ინახავდნენ... გმირული სიგიჟე!

გინდათ ანეკდოტი? ციხიდან პატიმარი გაიქცა და ოცდაათკილომეტრიან ზონაში დაიმალა. დაიჭირეს. დოზიმეტრისტებთან მიიყვანეს. ისე „ასხივებდა“, არსად არ შეიძლებოდა მისი გაშვება - არც ციხეში, არც საავადმყოფოში, არც ადამიანებთან... იქ ანეკდოტები გვიყვარდა. შავი იუმორი.

ზონაში რომ ადამიანს შეხვდები, თავის თავზე სიმართლეს არ მოგიყვება, ძალიან იშვიათად...

ხა-ხა-ხა... მელია ხედავს, როგორ მოგორავს ტყეში კალაბოკი. „კალაბოკ, სად მიგორავ?“ - „მე კალაბოკი არ ვარ, მე ჩერნობილელი ზღარბი ვარ! ხა-ხა... როგორც ამბობენ, მშვიდობიანი ატომი - ყველა სახლში!

გაგიგიათ რაიმე ჰიროშიმელი „ჰიბაკუსის“ შესახებ? იმათ შესახებ, ვინც ჰიროშიმას გადაურჩა? მათ მხოლოდ ერთმანეთთან შეუძლიათ დაქორწინება. ჩვენთან ამაზე არ წერენ, არ ლაპარაკობენ... მაგრამ ჩვენ ვართ... ჩერნობილელი „ჰიბაკუსები“...

ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანი აღარ არის ის, ვისზეც წიგნებს წერენ. ადამიანი, ვისზეც წიგნებში წამიკითხავს, იქ ვერ ვიპოვე, არ შემვდა. უფრო პირიქით. ადამიანი - გმირი არ არის. ჩვენ ყველანი აპოკალიფსის გამყიდველები ვართ - დიდები და პატარები.

აპოკალიფსის დროსაც ბოროტების მექანიზმი ამუშავდება. ასევე იჭორავებენ, უფროსობის წინაშე ენას ჩაიგდებენ, ასევე გადაარჩენენ საკუთარ ტელევიზორსა და კარაკულის ქურქს. ქვეყნიერების აღსასრულის დროსაც ადამიანი ისეთივე იქნება, როგორიც დღესაა. სულ ასეთი იქნება.

ჩვენი ხელოვნება მხოლოდ ადამიანის ტანჯვისა და სიყვარულის აღწერაა, და არა - მთელი ცოცხალი სამყაროსი. მხოლოდ ადამიანის!

პატარა გოგონამ თავი ჩამოიხრჩო... მეხუთეკლასელმა... ისე, არაფერის გამო... მშობლები შეიშალნენ. ამ ყველაფერს ერთი დიაგნოზი აქვს - ჩერნობილი. გვაყვედრიან: „ავად იმიტომ ხდებით, რომ გეშინიათ. შიშისგან, რადიოფობიისგან ხდებით ავადო“. მაგრამ რატომ ავადმყოფობენ და კვდებიან პატარა ბავშვები? ისინი ხომ ჯერ ვერ ხვდებიან ვერაფერს და არც შიში იციან?

ყველაფერი ოდითგან დადგენილი წესით გრძელდებოდა: ბარავდნენ, თესავდნენ, მოსავალს იღებდნენ... წარმოუდგენელი რამ მოხდა, ადამიანები კი ცხოვრობდნენ ისე, როგორც ადრე. და საკუთარ ბაღში მოწეულ კიტრზე უარის თქმა უფრო დიდი ამბავი იყო მათთვის, ვიდრე ჩერნობილი. ბავშვები მთელი ზაფხული სკოლაში გვყავდა, ჯარისკაცებმა იატაკი სპეციალური ფხვნილით მოწმინდეს, ირგვლივ მიწის ფენა აიღეს... შემოდგომაზე? შემოდგომაზე მოსწავლეები ჭარხლის მოსავლის ასაღებად გაუშვეს. სტუდენტებიც ჩამოიყვანეს მინდორში სამუშაოდ, პროფსასწავლებლიდან. ყველანი მოგროვდნენ... ჩერნობილი არ აღმოჩნდა ისეთი საშიში, როგორც მოწეული კარტოფილის მოსავლის მიწაში ჩატოვება...

„რადიოდან უკვე სამი თვეა ისმის: მდგომარეობა სტაბილური ხდება, მდგომარეობა სტაბილური ხდება, მდგომარეობა სტაბ...“ „უცაბედად აღდგა დავიწყებული სტალინური ლექსიკა: „დასავლეთის სპეცსამსახურების აგენტები“, „სოციალიზმის მალული მტრები“, „ჯაშუშური გამოხტომა“, „დივერსიული აქცია“, „ზურგში ჩარტყმა“, „საბჭოთა ხალხების მძლე კავშირის აფეთქება“. ირგვლივ ყველანი შემოგზავნილი ჯაშუშებისა და დივერსანტების შესახებ ლაპარაკობენ და არა - იოდით პროფილაქტიკაზე. ნებისმიერი არაოფიციალური ინფორმაცია აღიქმება, როგორც უცხო იდეოლოგია“.

„ზონის ყველაზე პოპულარული ზღაპარია: სტრონციუმისგან და ცეზიუმისგან ყველაზე უკეთ არაყი „სტოლიჩნაია“ გვიცავს“.

როცა ბავშვები უცხოეთში მიგვყავდა და ვთხოვდით: „წადით ტყეში, მიდით მდინარესთან, იბანავეთ და გაირუჯეთ“, უნდა გენახათ, როგორ ფრთხილად ჩადიოდნენ წყალში... როგორ ეფერებოდნენ ბალახს... მერე, კი ... მერე როგორ გაიხარეს! ყვინთვა შეიძლებოდა, ქვიშაზე წოლაც... სულ დაიგულებით დადიოდნენ, მინდვრის ყვავილებისგან გვირგვინებს წნავდნენ. რაზე ვფიქრობდი? როგორც ახლა მგონია... ჰო, ჩვენ შეგვიძლია ისინი წავიყვანოთ და ვუმკურნალოთ, მაგრამ როგორ დავუბრუნოთ მათ ადრინდელი სამყარო? როგორ დავუბრუნოთ წარსული? და მომავალიც...

კარი გაიღო და ქალმა ზღურბლზევე ტირილი დაიწყო, კი არ ტირის, ყვირის: „წაიღეთ მისი მედალი და ყველა სიგელი! წაიღეთ ყველა შეღავათი! დამიბრუნეთ ჩემი ქმარი!“ დიდხანს ყვიროდა. დატოვა მედალი, სიგელები...

რაღაც მომენტში ბირთვული აფეთქების საშიშროება იყო და რეაქტორის ქვემოდან გრუნტის წყლის გამოშვება გახდა აუცილებელი, რათა იქ გრაფიტისა და ურანის ნაერთი არ მოხვედრილიყო, წყალთან ერთად ისინი კრიტიკულ მასას ქმნის. აფეთქება- სამი-ხუთი მეგატონისა იქნებოდა. არა მხოლოდ კიევი და მინსკი აღიგვებოდა მიწის პირიდან, არამედ ევროპის უდიდეს ნაწილში ცხოვრება შეუძლებელი გახდებოდა. წარმოგიდგენიათ? ევროპული კატასტროფა. იდგა ამოცანა: ვინ ჩაყვინთავდა და ვინ გახსნიდა გამშვები სარქვლის ურდულს? ჰპირდებოდნენ მანქანას, ბინას, აგარაკს, და სიკვდილამდე ოჯახის რჩენას. მოხალისეებს ეძებდნენ. ისინიც გამოჩნდნენ! ბიჭები მიდიოდნენ, ბევრჯერ ჩაყვინთეს და, ბოლოს და ბოლოს, გახსნეს ის ურდული. მთელ ჯგუფს შვიდი ათასი მანეთი მისცეს, შეპირებული მანქანებისა და ბინების შესახებ კი დაივიწყეს. არა, ამისთვის არ ჩაუყვინთავთ ამ ბიჭებს! მატერიალური სარგებლის გამო, ყველაზე ნაკლებად ამის გამო... არაა ჩვენი ადამიანი ასეთი მარტივი... ასე გასაგები... და ზედაპირზე...

ხალხის ქორო

ჩვენი სოფლისგან სამი სასაფლაო დარჩა: ერთგან ადამიანები წვანან, ის ძველი, მეორეგან - მიტოვებული და მერე დახვრეტილი ძაღლები და კატები, მესამეგან - სახლები.

დღეობით ვისხედით ტელევიზორების წინ და ველოდით, როდის გამოვიდოდა გორბაჩოვი. ხელისუფლება დუმდა... მხოლოდ მაშინ, როცა მაისის დღესასწაულები იზეიმეს, გამოვიდა გორბაჩოვი და თქვა: ამხანაგებო, ნუ ღელავთ, სიტუაციას ვაკონტროლებთ... ხანძარი, უბრალოდ ხანძარი იყო. არაფერი განსაკუთრებული... იქ ადამიანები ცხოვრობენ, მუშაობენ... ჩვენ გვჯეროდა...“

დედები პალატებში არ ტირიან, მარტო ტუალეტში ან აბაზანაში.

აღტაცება სევდით

ახლაც თვალწინ მიდგას ჟოლოსფერი, ღია ნათება, რეაქტორი თითქოს შიგნიდან ელვარებდა. წარმოუდგენელი ფერი იყო. ჩვეულებრივი ხანძარივით კი არა, რაღაც სხვანაირად იწვოდა. ლამაზად. სხვა ყველფერი რომ დავივიწყო, ხანძარი ნამდვილად ლამაზი იყო. ამის მსგავსი კინოში არაფერი მენახა. ვერაფერს შევადარებ. [...] რა ვიცოდით, თუ სიკვდილი შეიძლებოდა ასეთი ლამაზი ყოფილიყო! მგონი, სუნი არ ჰქონდა. არც გაზაფხულის, არც შემოდგომის სუნი, რაღაც სულ სხვა იყო, არც მიწისა... არა... ყელში გვიღუტუნებდა, ცრემლები თავისთავად მოგვდიოდა.

ანეკდოტია, ან იქნებ მართლა მოხდა: ურეკავს ჯარისკაცი საყვარელ ქალს. ქალი ღელავს: „რას აკეთებ მანდ?“ ამან გადაწყვიტა, ეტრაბახა. „ახლახან გამოვძვერი რეაქტორიდან, ხელი დავიბანე“... და წყვეტილი ზარი. საუბარი შეწყდა. კაგებე ისმენდა...

რძის ქარხნები გეგმას ასრულებდნენ. შევამოწმეთ. რძე კი არა, ისიც რადიოაქტიური ნარჩენი იყო. როგაჩევის რძის ქარხანა რძის ფხვნილს, შედედებულ და კონცენტრირებულ რძეს დიდხანს ვიყენებდით ლექციებზე, როგორც ნიმუშს. ამ დროს მათ მაღაზიებში ყიდდნენ. ყველა დახზლე ეწყო... როცა ხალხი ეტიკეტებზე კითხულობდა, რომ რძე როგაჩევის ქარხნიდან იყო, აღარ ყიდულობდა, რძე ფუჭდებოდა, და უცებ გაჩნდა ქილები ეტიკეტის გარეშე. ვფიქრობ, ამის მიზეზი ქაღალდის უქონლობა ნამდვილად არ ყოფილა. ხალხს ატყუებდნენ. სახელმწიფო ატყუებდა. მთელი ინფორმაცია შვიდი ბეჭდით დაბეჭდილ საიდუმლოდ იქცა, რომ „პანიკა არ გამოეწვიათ“.

ახალგაზრდა ქალი ზის სკამზე, სახლის წინ. ბავშვს ძუძუს აჭმევს. დედის რძე შევამოწმეთ და რადიოაქტიურია. ჩერნობილის მადონა...

ჩერნობილი - დოსტოევსკის თემაა. მცდელობა, გაამართლო ადამიანი.

ბავშვები ჩერნობილს ხატავენ... სურათებზე ხეები ფესვებით ზემოთ იზრდება. მდინარის წყალი წითელი ან ყვითელია. დახატავენ და მერე ტირიან.

მთავრობა დუმდა, არც ექიმები ამბობდნენ რამეს - არც ერთი პასუხი. რაიონში ელოდნენ მითითებებს ოლქიდან, ოლქში - მინსკიდან, მინსკში - მოსკოვიდან. გრძელი, გრძელი ჯაჭვი... სინამდვილეში ჩვენ სრულიად დაუცველი აღმოვჩნდით.

სოფლებში სულ მთვრალებს ვხვდებოდით. ქალებიც კი ნაბახუსევები დადიოდნენ. განსაკუთრებით მწველავები, მეხბორეები. სიმღერებს მღეროდნენ... მაშინ მოდაში იყო ასეთი სიმღერა: „ჩვენთვის სულ ერთია, ჩვენთვის სულ ერთია...“ კინოფილმიდან „ბრილიანტის ხელი“...

ანეკდოტები გაჩნდა, საბჭოთა ანეკდოტები. ყველაზე მოკლე: „იყო კარგი ხალხი - ბელარუსები“.

ბირთვული ომის ინსტრუქციებში გაწერილია, რომ ბირთვული ავარიის საშიშროების დროს, ბირთვული თავდასხმისას, მოსახლეობას დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს იოდით პროფილაქტიკა. საშიშროების დროს... აქ კი... საათში სამი ათასი მიკრორენტგენი იყო... მაგრამ იმათ ხალხი კი არ ადარდებდათ, არამედ საკუთარი ხელისუფლება. ხელისუფლების ქვეყანა იყო და არა - ხალხის. სახელმწიფოს პრიორიტეტზე არავინ კამათობდა. ადამიანის სიცოცხლის ღირებულება ნულის ტოლი იყო. შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენ ვთავაზობდით... განცხადებების, პანიკის გარეშე... უბრალოდ, იოდის პრეპარატები უნდა შეეყვანათ წყალსაცავებში, საიდანაც სასმელ წყალს იღებდნენ, დაემატებინათ რძეში. შეიძლება ვიღაცას ეგრძნო, რომ წყალს ოდნავ სხვა გემო ჰქონდა, ოდნავ სხვა გემო - რძეს. ქალაქში ჰქონდათ შვიდასი კილოგრამი პრეპარატი და ისევ ისე, მარაგად დარჩა საწყობებში. ზემოდან რისხვისა უფრო ეშინოდათ, ვიდრე ატომისა. ყველა ზარს, ბრძანებას ელოდა და თვითონ არაფერს აკეთებდა. პირადი პასუხისმგებლობის შიში ჰქონდათ.

ბავშვთა ქორო

„საავადმყოფოში ვიწექი... ისე მტკიოდა... დედას ვთხოვდი: „დედიკო, ვეღარ ვითმენ. ჯობია, მომკალი“.

„ჯერ დიდ ორმის თხრიან... ხუთმეტრიანს... მოდიან მეხანძრეები... ბრანდსპოიტით რეცხავენ სახლს თავიდან ბოლომდე, რადიაქტიური მტვერი რომ არ დადგეს. ფანჯრებს, სახურავს, პარმაღს - ყველაფერს რეცხავენ. მერე ამწე მოეჭიდება სახლს და ორმოში დგამს... იყრება თოჯინები, წიგნები, ქილები... ექსკავატორი მიწას აყრის... ყველაფერს აყრიან ქვიშს, თიხას და კარგად ტკეპნიან. სოფლის ნაცვლად უკვე სწორი მინდორია. იქაა ჩვენი სახლიც, სკოლაც, სოფლის საბჭოც... იქ ჩემი ჰერბარიუმი და მარკების ორი ალბომია. ვოცნებობდი, წამომეღო. ველოსიპედიც მქონდა. ის-ის იყო, მიყიდეს...“

„თორმეტი წლის ვარ. სულ სახლში ვარ, რადგან ინვალიდი ვარ. ჩვენთან სახლში ფოსტალიონს პენსია ჩემთვის და ბაბუასთვის მოაქვს. კლასში, გოგონებს, რომ გაიგეს, სისხლის კიბო მქონდა, ჩემთან დაჯდომის შეეშინდათ. შეხებისაც... მე კი ვუყურებ ჩემს ხელებს... ჩემს ჩანთას და რვეულებს... არაფერი შეცვლილა. რატომ ეშინიათ? ექიმებმა თქვეს: თურმე ავად იმიტომ გავხდი, რომ მამა ჩერნობილში მუშაობდა. მე ამის შემდეგ დავიბადე. მამა ძალიან მიყვარს.“

„პატარა ძმა მყავს... „ჩერნობილის“ თამაში უყვარს. ბომბსაფარს აშენებს. რეაქტორს მიწას აყრის... ან საფრთხობელად გამოეწყობა, დარბის და გვაშინებს: „ო-ო-ო! რადიაცია ვარ! ო-ო-ო! რადიაცია ვარ!“ ჯერ არ იყო დაბადებული, როცა ეს მოხდა...“

ოდესღაც ლექსებს ვწერდი... მეხუთე კლასში ერთი გოგო შემიყვარდა... მეშვიდეში გავიგე, რა არის სიკვდილი... ჩემი საყვარელი პოეტი გარსია ლორკაა. მასთან ამოვიკითხე: „ყვირილის შავი ფესვი“. ღამე ლექსები სხვანაირად ჟღერს, სულ სხვანაირად. ფრენის სწავლა დავიწყე. არ მომწონს ეს თამაში, მაგრამ რა ვქნა?

ეპილოგის მაგივრად

„...კიევის სამოგზაურო ბიურო გთავაზობთ ტურისტულ ტურებს ჩერნობილში... შემუშავებულია მარშრუტი, რომელიც მკვდარი ქალაქიდან, „პრიპიატიდან“ იწყება: ტურისტები ნახავენ მიტოვებულ მრავალსართულიან სახლებს გაშავებული თეთრეულით აივნებზე და საბავშვო ეტლებით, ყოფილი მილიციის, საავადმყოფოს და პარტიის ქალაქკომის შენობებს. ასევე შემორჩენილია კომუნისტური ეპოქის ლოზუნგები - ისინი რადიაციას არ წაუშლია. ქალაქ პრიპიატიდან მარშრუტი მკვდარ სოფლებში გაგრძელდება, სადაც ქოხებში დღისით დადიან მგლები და ველური ტახები. გამრავლდნენ! მოგზაურობის კულმინაციაა, ან როგორც რეკლამაში წერია, მის სამკაულად ითვლება ობიექტ „საფარის“, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სარკოფაგის დათვალიერება. აფეთქებული ენერგობლოკის თავზე ნაჩქარევად აშენებული კონსტრუქცია დიდი ხანია, რაც ნაპრალებით დაიფარა, საიდანაც სასიკვდილო შიგთავსი - ბირთვული საწვავის ნარჩენები „ანათებს“. რომ დაბრუნდებით, მეგობრებისთვის ბევრი რამ გექნებათ მოსაყოლი, იცოდეთ, ეს არც კანარის კუნძულებია და არც მაიამი. ექსკურსია ჩერნობილში დაღუპული გმირების უკვდავსაყოფად აშენებულ სტელასთან ფოტოს გადაღებით დასრულდება, გექნება შესაძლებლობა, თავი ისტორიის ნაწილად იგრძნოთ. დაბოლოს, მოგზაურობის დასასრულს ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს სთავაზობენ პიკნიკს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს და წითელ ღვინოს... აგრეთვე რუსულ არაყს... ჰპირდებიან, რომ გატარებული დღის განმავლობაში იმაზე მცირე დოზას მიიღებენ, ვიდრე რენტგენის სურათის გადაღებისას. არ არის რეკომენდებული ბანაობა, მონადირებული თევზის ან ფრინველის ხორცის ჭამა, კენკრის და სოკოს მოგროვება და მათი კოცონზე შეწვა; ასევე ქალებისთვის მინდვრის ყვავილების ჩუქება.

რუსულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ნინო ბექიშვილმა
გამომცემლობა „არტანუჯი“, 2015 

Vangogen • ვანგოგენი

Instagram