ტერი იგლტონი - ავტორი, როგორც მწარმოებელი

ხელოვნება, როგორც წარმოება

აქამდე მე ლიტერატურაზე ვსაუბრობდი ფორმის, პოლიტიკის, ოდეოლოგიის, ცნობიერების თვალსაზრისით. მაგრამ ასეთ საუბარში ხელიდან გისხლტება მარტივი რამ, რაც თვალსაჩინოა ყველასათვის, მითუმეტეს მარქსისტისათვის. ლიტერატურას შეუძლია იყოს არტეფაქტი, სოციალური ცნობიერების პროდუქტი, სამყაროს ხედვა, მაგრამ ის იმავდროულად ინდუსტრიასაც წარმოადგენს. 

წიგნები მხოლოდ აზრობრივი სტრუქტურები როდია, ის საქონელიცაა, გამომცემლის მიერ წარმოებული და ბაზარზე გასაყიდად გატანილი. დრამა მხოლოდ ლიტერატურული ტექსტების ნაკრები როდია, იგი კაპიტალისტური ბიზნესიც არის, რომელშიც ჩართულია გარკვეული ხალხი (სცენარისტები, რეჟისორები, მსახიობები, სცენის მუშები), ისინი აწარმოებენ საქონელს, რომელსაც აუდიტორია ფულის საშუალებით მოიხმარს. კრიტიკოსები ტექსტის უბრალო ანალიტიკოსები როდი არიან; ისინი ასევე (უფრო ხშირად) პედაგოგები გახლავან, სახელმწიფოს მიერ სტუდენტების კაპიტალისტური სისტემის წიაღში ფუნქციონირებისათვის მოსამზადებლად დაქირავებულნი.

მწერლები ტრანსინდივიდუალური მენტალური სტრუქტურების უბრალო გამტარები კი არ არიან, ისინი იმავდროულად მუშაკები არიან, გამომცემლობების მიერ დაქირავებულნი იმ საქონლის საწარმოებლად, ბაზარზე რომ იყიდება. „მწერალი, - აღნიშნავდა მარქსი ზედმეტი ღირებულების თეორიებში, - წარმოადგენს მუშას არა იმიტომ, რომ იდეებს აწარმოებს, არამედ იმიტომ, რომ ის ამდიდრებს წიგნის გამომცემელს, იმიტომ, რომ ის მუშაობს ხელფასზე“.

ეს ძალიან სასარგებლო შეხსენებაა. ხელოვნება შეიძლება იყოს, როგორც ენგელსი აღნიშნავს, უფრო მეტად „გაშუალებული“ საზოგადოებრივი პროდუქტი ეკონომიკურ ბაზისთან მიმართებით, მაგრამ, მეორე მხრივ, ის ასევე წარმოადგენს ეკონომიკური ბაზისის ნაწილს - როგორც ეკონომიკური პრაქტიკის, სასაქონლო წარმოების ერთი სახეობა სხვათა რიგიდან. კრიტიკოსები, მარქსისტებიც კი, ადვილად ივიწყებენ ამ ფაქტს, რამდენადაც ლიტერატურას საქმე აქვს ადამიანის ცნობიერებასთან და აცდუნებს ნეოფიტებს ამ სფეროს ვითომდა თვითფასოვნებით. მარქსისტი კრიტიკოსები, რომლებზეც წიგნის ამ თავში ვისაუბრებ, ჩაწვდნენ ხელოვნებას, როგორც საზოგადოებრივი წარმოების ფორმას - ამასთან არა როგორც რაიმე გარეგნულ ფაქტს, რომლის გადაბირება ლიტერატურის სოციოლოგიისთვის იქნება შესაძლებელი, არამედ როგორც ფაქტს, კოლოსალური დოზით რომ განსაზღვრავს თავად ხელოვნების ბუნებას.

ამ კრიტიკოსებისათვის (მე უპირველესად მხედველბაში მყავს ვალტერ ბენიამინი და ბერტოლდ ბრეხტი) ხელოვნება სოციალური პრაქტიკა უფროა, ვიდრე აკადემიური კვლევის ობიექტი. ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ ლიტერატურა როგორც ტექსტი, მაგრამ ასევე შეგვიძლია მისი აღქმა, როგორც სოციალური აქტივობისა, სოციალური და ეკონომიკური წარმოების ფორმისა, რომელიც გვერდიგვერდ არსებობს და ურთიერთმოქმედებს სხვა ფორმებთან.


წიგნიდან მარქსიზმი და ლიტერატურული კრიტიკა
ინგლისურიდან თარგმნა გიორგი წურწუმიამ
Izone 
გამოცემის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ოქტომბერი, 2014

Vangogen • ვანგოგენი

Instagram