Game of thrones - მეფეები და მათი კარები


ტარგარიენთა ძველი დინასტია

ტარგარიენები დრაკონების სისხლთაგანები არიან, ვალირიის ძველი სამფლობელოს დიდებულ ლორდთა ჩამომავალნი, მათი მემკვიდრეობა ცხადდება გამაოგნებელ (ზოგი იტყოდა, არაადამიანურ) სილამაზეში: ლილისფერი, ლაჟვარდოვანი ან იისფერი თვალები და ვერცხლისფერ-ოქროვანი ან პლატინისფერი-თეთრი თმა აქვთ.

ეაგონ დრაკონის წინაპარი დაუსხლტა ვალირიის წერას და მას მოყოლილ ქაოსსა და ხოცვა-ჟლეტას, და დრაკონის ქვაზე, ვიწრო ზღვის ამ ქვიან კუნძულზე, დაედევნა. სწორედ აქედან გაცურეს ეაგონმა და მისმა დებმა, ვისენიამ და რეინისმა, შვიდი სამეფოს დასაპყრობად. სამეფო სისხლის შესანახად და მისი სიწმინდის შესანარჩუნებლად ტარგარიანები ხშირად მისდევდნენ და-ძმის ქორწინების ვალირიულ ადათს. თავად ეაგონმა თავისი ორივე და შეირთო ცოლად და ორივესთან ძე შვა. ტარგარიენთა დროშა შავ ველზე წითლად გამოსახული სამთავა დრაკონია, სამი თავი ეაგონსა და მის დებს გამოსახავს. ტარგარიენთა თქმაა: „ცეცხლი და სისხლი“.

ეაგონის ვესტეროსზე გადმობიჯების შემდგომი წელთახრიცხვით:

1-37 ეაგონ I - ეაგონ დამპყრობელი, ეაგონ დრაკონი; [...] 262-283 ეირის II - შლეგი მეფე, ჯეიჰეირისის ერთადერთი ვაჟი.

აქ დასრულდა დრაკონი მეფეების ხაზი, ეირის II-ის დამხობით და მოკვლით; მასთან ერთად მოკლეს კრონ-პრინცი რეიგარ ტარგარიენიც, იგი სამკბილასთან რობერტ ბარათეონმა დასცა.

უკანასკნელი ტარგარიენები

მეფე ეირის ტარგარიენი, მეორე მისი სახელისა, მოკლა ჯეიმი ლანისტერმა მეფის საბიჯელის აოხრებისას;

მისი და და ცოლი - დედოფალი რაელა, ლოგინობას გადაჰყვა დრაკონის ქვაზე. მათი შვილები: პრინცი რეიგარი - რკინის ტახტის მემკვიდრე, რობერტ ბარათეონმა მოკლა სამკბილაზე;

რეიგარის ცოლი პრინცესა ელია მარტელების გვარიდან, მოკლეს მეფის საბიჯელის აოხრებისას; მათი შვილები - პრინცესა რეინისი, მცირეწლოვანი გოგონა, მოკლეს მეფის საბიჯელის აოხრებისას; პრინცესა ეაგონი, ჩვილი, მოკლეს მეფის საბიჯელის აოხრებისას;

პრინცი ვისერისი, თავს უწოდებს ვისერისს, მესამეს მისი სახელისა, შვიდი სამეფოს მბრძანებელს; მათხოვარ მეფედ წოდებული;

პრინცესა დენერისი, დენერის გრიგალით შობილად წოდებული, ცამეტი წლისა.

***
ზღვისგაღმელი დედოფალი

დენერის ტარგარიენი, დენერის გრიგალით შობილად წოდებული, დაუწველი, დრაკონების დედა, დოთრაკების ხალესი და პირველი მისი სახელისა, მეფე ეარის II ტარგარიენისა და მისი და-ცოლის ერთადერთი გადარჩენილი შვილი, დაქვრივებული თოთხმეტი წლის ასაკში; მისი დრაკონები - დროგონი, ვისერიონი, რეიგალი.

ტარგარიენების დროშა ეაგონ დამპყრობლისეულია - მან დაიპყრო შვიდი სამეფოდან ექვსი, სათავე დაუდო დინასტიას და დამარცხებული მტრების ხმლებისგან რკინის ტახტი დაამზადებინა. დროშაზე გამოსახულია სამთავიანი დრაკონი, წითლად შავზე.

ბარათეონთა გვარი

დიდებულ გვართა შორის ყველაზე ახალგაზრდა გვარია, იგი დაპყრობის ომების დროს აღმოცენდა. ამბობენ, თითქოსდა, მისი დამაარსებელი, ორის ბარათეონი, ეაგონ დრაკონის ბუში ძმა ყოფილიყოს. ორისი თანდათან დაწინაურდა და ეაგონის ერთ-ერთი ყველაზე უძლეველი სარდალი შეიქნა. მას მერე, რაც შეება და დაამარცხა არგილაკ ქედმაღალი, გრიგალის კიდის უკანასკნელი მეფე. ეაგონმა მას ჯილდოდ არგილაკის სასახლე, მამულები და ასული უძღვნა. ორისმა ასული ცოლად მოიყვანა და მისი ხაზის დროშა, პატივი და თქმა თავისად მიიღო. ბარათეონთა გერბია ოქროსფერ მინდორზე გამოსახული გვირგვინოსანი შავი ხარირემი. მათი თქმაა: „რისხვა ჩვენია“.

მეფე რობერტ ბარათეონი, პირველი მისი სახელისა.

გრიგალის კიდეს შეფიცულ გვართაგან უმთავრესი არიან სელმები, ვილდები, ტრანტები, პენროუზები, ეროლები, ესტერმონები, ტართები, სვონები, დონდარიონები, კარონები.

დრაკონის ქვას შეფიცულ გვართაგან უმთავრესი არიან სელტიგარები, ველარიონები, სივორთები, ბარ ედმონები და სანგლასები.

***
რკინის ტახტზე მჯდომი მეფე

ჯოფრი ბარათეონი, პირველი მისი სახელისა, ცამეტი წლის ბიჭი, მეფე რობერტ I ბარათეონისა და დედოფალ სერსეი ლანისტერის პირმშო.

მეფე ჯოფრის დროშაზე გამოსახულია ბარათეონების გვირგვინოსანი ხარირემი, შავად ოქროსფერ ველზე, და ლანისტერების ლომი, ოქროსფერი მეწამულზე, საბრძოლველად შემართული.

ვიწრო ზღვის მეფე

სტანის ბარათეონი, პირველი მისი სახელისა, მეფე რობერტის ძმათაგან უფროსი, დრაკონის ქვის ყოფილი ლორდი, ლორდ სტეფონ ბარათეონის და ლედი კასანა ესტერმონდის მეორე ძე.

მეფე სტანისმა თავის დროშად აიღო ნათლის უფლის ალმოდებული გული: ნარინჯისფერი ცეცხლის ენებით შემოსაზღვრული წითელი გული, ღია-ყვითელ ველზე. გულის შიგნით შავად გამოსახულაი ბარათეონების გვარის გვირგვინოსანი ხარირემი.

ზენაბაღის მეფე

რენლი ბარათეონი, პირველი მისი სახელისა, მეფე რობერტის ძმათაგან უმცროსი, გრიგალის კიდის ყოფილი ლორდი, ლორდ სტეფონ ბარათეონის და ლედი კასანა ესტერმონტის მესამე ძე.

მეფე რენლის დროშა არის გრიგალის კიდელი ბარათეონების გვირგვინოსანი ხარირემი, შავად გამოსახული ოქროსფერ ველზე, იგივე დროშა, რომელსაც მისი ძმა, რობერტ ბარათეონი შლიდა.

სტარკების გვარი

სტარკების წარმომავლობა ბრანდონ მშენებლისა და ვინტერის უძველესი მეფეებისგან იღებს სათავეს. ათასობით წლის განმავლობაში ისინი, ვით ჩრდილოეთის მეფეები, ვინტერფელიდან მართავდნენ სატახტოს, სანამ ტორჰენ სტარკმა, დაჩოქილმა მეფემ, არ არჩია, ბრძოლით წინ აღდგომის ნაცვლად ერთგულება შეეფიცა ეაგონ დრაკონისთვის. მათი გერბია რუხი მგელსაზარა ყინულისფერ-თეთრ მინდორზე. სტარკების თქმაა: „ზამთარი მოდის“.

ედარდ სტარკი, ვინტერფელის ლორდი, ჩრდილოეთის მცველი.

ვინტერფელის შეფიცულ გვართაგან უმთავრესი არიან კარსტარკები, ამბერები, ფლინტები, მორმონტები, ჰორნვუდები, კერვინები, რიდები, მანდერლიები, გლოვერები, ტოლჰარტები, ბოლტონები.

***
ჩრდილოეთის მეფე

რობ სტარკი, ვინტერფელის ლორდი და ჩრდილოეთის მეფე, ვინტერფელის ლორდის, ედარდ სტარკის და ლედი კეტლინ ტალის უფროსი ძე, თხუთმეტი წლისა; მისი მგელსაზარა - რუხი ქარი.

ჩრდილოეთის მეფის დროშა იგივეა, რაც ათასობით წლის წინ ყოფილა: ვინტერფელელი სტარკების რუხი მგელსაზარა, ყინულისფერ ველზე გაქცეული.

ლანისტერების გვარი

ქერათმიანი, მაღალი და ლამაზი ლანისტერები ანდალი თავგადასავლების მაძიებლების ჩამომავლები არიან, რომელთაც დასავლეთის გორაკებსა და ველებზე მძლავრი სახელმწიფო ჩამოაყალიბეს. თავი მოჰქონდათ, რომ დედის ხაზით მათი წინაპარი ლან გამჭრიახი იყო, გმირთა ხანის ლეგენდარული ცრუპენტელა. კასტერლის კლდის და ოქროს ეშვის ოქროების წყალობით ლანისტერები დიდებულ გვართაგან უმდიდესი ოჯახია. მათი ემბლემაა ოქროსფერი ლომი მეწამულ ველზე. ლანისტერების თქმაა: „გესმას ჩემი ღრიალი!“

ტაივინ ლანისტერი, კასტერლის კლდის ლორდი, დასავლეთის მცველი, ლანისპორტის ფარი.

კასტერლის კლდეს შეფიცულ გვართაგან უმთავრესი არიან პეინები, სვიფტები, მარბრანდები, ლიდენები, ბეინფორტები, ლეფორდები, კრეიკჰოლები, სერეტები, ბრუმები, კლეგეინები, პრესტერები და ვესტერლინგები.

***

კასტერლის კლდელი ლანისტერები რკინის ტახტზე მეფე ჯოფრის პრეტენზიის უმთავრეს დასაყრდენებად რჩებიან.

ერინების გვარი

ერინები მთის და ველის მეფეთა შთამომავლები არიან, ანდალ წარჩინებულთა ერთ-ერთი უძველესი და უწმინდესი ხაზია. მათი ემბლემაა თეთრი მთვარე-და-შევარდენი ლურჯ ველზე. ერინების თქმაა: „ღირსებასავით მაღლა“.

ჯონ ერინი, საარწივეს ლორდი, ველის მფარველი, აღმოსავლეთის მცველი, მეფის მარჯვენა, მცირე ხნის წინ განსვენებული.

საარწივეს შეფიცულ გვართაგან უმთავრესი არიან როისები, ბეილიშები, იგენები, ვეინვუდები, ჰანტერები, რედფორტები, კორბრიები, ბელმორები, მელკოლმები და ჰერსიები.

ტალების გვარი

ტალები არასოდეს ყოფილან მეფეები, თუმც მდიდარ მამულებს და რივერანის დიდ ციხესიმაგრეს ათასობით წელს ფლობდნენ. დაპყრობის ომის დროს მდინარეთი ჰარენ შავს, კუნძულების მეფეს, ეკუთვნოდა. ჰარენის პაპამ, მეფე ჰარვინ ხელმტკიცემ, სამკბილა წასტაცა არეკ გრიგალის მეფეს, ვისმა წინაპრებმაც სამასი წლით ადრე დაიპყრეს მთელი მიწები ვიდრე ყელამდე და ძველი მდინარის მეფეები საბოლოოდ გაჟლიტეს. ფუყე და სისხლისმსმელ ტირან ჰარენ ბლექზე მის ქვეშევრდომებს მზე არ ამოსდიოდათ, ამიტომაც მდინარის ლორდთაგან ბევრმა ზურგი აქცია მას და ეაგონის ლაშქარს შეუერთდა. მათგან პირველი რივერანელი ედმინ ტალი იყო. როდესაც ჰარენი და მისი შთამომავლობა ალმოდებულ ჰარენჰალში დაიღუპნენ, ეაგონმა ტალების გვარი დააჯილდოვა და ლორდ ედმინს სამკბილას მიწები სამფლობელოდ უბოძა, დანარჩენ მდინარელ ლორდებს კი დაავალა, მისთვის ერთგულება შეეფიცათ. ტალების ემბლემა ვერცხლისფერი მხლტომი კალმახია ლურჯ-წითელ ტალღოვან ველზე. ტალების თქმაა: „ოჯახი, ვალი, ღირსება“.

ჰოსტერ ტალი, რივერანის ლორდი.

რივერანს შეფიცულ უმცროს გვართა შორის არიან დარები, ფრეიები, მალისტერები, ბრაკენები, ბლექვუდები, ვენტები, რაიგერები, პაიპერები, ვენსები.

ტაირელების გვარი

ტაირელები წარჩინებას საწიერის მეფეთა მოურავობით ეწივნენ, მათი სამფლობელოები მოიცავდა დორნის მარშებიდან და შავწყალა ჩქერიდან სამხრეთ-დასავლეთით, მზის დასავლის ზღვამდე გადაშლილ ნაყოფიერ მიწებს. აცხადებდნენ, რომ დედის ხაზით ვითომცდა გართ მწვანეხელას ჩამომავლები ყოფილიყვნენ, პირველ ადამიანთა მეფე-მებაღისა, რომელსაც ვაზისა და ყვავილების გვირგვინი ედგა და მთელი მხარე ააყვავა. როდესაც მეფე მერნი, ძველი ხაზის უკანასკნელი წარმომადგენელი, ცეცხლის ველზე დაიღუპა, მისმა მოურავმა ჰარლენ ტაირელმა ზენაბაღი ეაგონ ტარგარიენს დაუმორჩილა და ერთგულება აღუთქვა. ეაგონმა მას ციხესიმაგრე და საწიერის მბრძანებლობა უბოძა. ტაირელების სიმბოლოა ოქროს ვარდი ბალახისფერ ველზე. მათი თქმაა: „სულ უფრო ძლიერი“.

მეის ტაირელი, ზენაბაღის ლორდი, სამხრეთის მცველი, მარშების მფარველი, საწიერის დიდმარშალი.

ზენაბაღის შეფიცულ გვართაგან უმთავრესი არიან ვირველები, ფლორენტები, ოუკჰარტები, ჰაიტაუერები, კრეინები, ტარლები, რედვინები, როვანები, ფოსოვეიები და მულენდორები.

გრეიჯოების გვარი

პაიკელი გრეიჯოები აცხადებენ, რომ მათი გვარი გმირთახანელი რუხი მეფისგან მომდინარეობს. როგორც ლეგენდები ჰყვებიან, რუხი მეფე არა მხოლოდ დასავლეთის კუნძულებს, არამედ თავად ზღვასაც მართავდა და ცოლად სირინოზი მოიყვანა.

ათასობით წლის განმავლობაში რკინის კუნძულელი მეკობრეები - რომელთაც მათგან ძარცულები „რკინისკაცებს“ ეძახდნენ - ზღვათა რისხვა იყვნენ, მათი გემები იბენის ნავსადგურამდე და ზაფხულის კუნძულებამდე აღწევდნენ. ყოველ კუნძულს თავისი „მარილის მეფე“ და „კლდის მეფე“ ჰყავდა. კუნძულების უმაღლესი მეფე მათგან ირჩეოდა, სანამ მეფე არონმა ტახტი მემკვიდრეობითი არ გახადა, როდესაც ასარჩვად შეკრებილი ყველა დანარჩენი მეფე ამოხოცა. თავად არონის ხაზი შეწყდა ათასი წლის შემდეგ, როდესაც კუნძულებს ანდალებმა გადაუარეს. გრეიჯოები სხვა ლორდების მსგავსად ქორწინებით დაუნათესავდნენ დამპყრობლებს.

რკინის მეფეებმა თავიანთი ძალაუფლება თავად კუნძულებზე ბევრად შორს განავრცეს, ცეცხლითა და მახვილით ამოკვეთეს სამეფოები. მეფე ქორედს შეეძლო მართებულად დაეკვეხნა, რომ მისი გუჯარები სწვდებოდა „ყველგან, სადაც კი კაცთ მარილიანი წყლის სუნი სცემდათ და ტალღათა ცემა ჩაესმოდათ“. მომდევნო საუკუნეებში ქორედის შთამომავლებმა დაკარგეს არბორი, ძველქალაქი, დათვის კუნძული და დასავლეთის სანაპიროს დიდი ნაწილი. ოღონდ, დაპყრობის ომებამდე მეფე ჰარენ შავი მართავდა მთელ მიწებს მთებს შორის, ყელიდან ვიდრე შავწყალა ჩქერამდე. მას შემდეგ, რაც ჰარენი და მისი ვაჟები ჰარენჰალის დაცემისას დაიღუპნენ, ეაგონ ტარგარიენმა მდინარეთი ტალების გვარს უბოძა და რკინის კუნძულების გადარჩენილ ლორდებს ნება დართო, აღედგინათ უძველესი ადათი და ერთმანეთს შორის აერჩიათ, ვინ იქნებოდა უპირველესი. მათ პაიკის ლორდი ვიკონ გრეიჯოი აირჩიეს.

გრეიჯოების სიმბოლოა ოქროსფერი კრაკენი შავ ველზე. მათი თქმაა: „ჩვენ არ ვთესავთ“.

გრეიჯოების ემბლემაა ოქროსფერი კრაკენი შავ ველზე.

ბეილონ გრეიჯოი, რკინის კუნძულების ლორდი, მარილისა და კლდის მეფე, პაიკის ლორდ რიპერ ზღვის ქარის ძე.

პაიკს შეფიცულ უმცროს გვართა შორის არიან ჰარლოები, სტოუნჰაუსები, მერლინები, სანდერლიები, ბოტლიები, ტოუნიები, ვინჩები, გუდბრაზერები.

***

ბეილონ გრეიჯოი, რკინის კუნძულების ლორდი სათავეში ჩაუდგა ამბოხს რკინის ტახტის წინააღმდეგ, რომელიც მეფე რობერტმა და ედარდ სტარკმა ჩაახშეს. თუმც მისი ძე თეონი ვინტერფელში გაიზარდა და რობ სტარკის ერთ-ერთი უახლოესი მხარდამჭერი და თანამებრძოლი იყო, ლორდი ბეილონი არ შეუერთდა ჩრდილოელებს, როდესაც მათ სამხრეთისკენ, მდინარეში გაილაშქრეს.

მარტელების გვარი

ნიმერია, როინის მეომარ-დედოფალი ათი ათასი გემით მოადგა დორნის მიწებს, შვიდი სამეფოს ყველაზე უფრო სამხრეთ კიდეს, და ლორდი მორს მარტელი ქმრად შეირთო. მისი დახმარებით ლორდმა მორსმა შეძლო მოწინააღმდეგეთა დამარცხება და მთელი დორნის მმართველი გახდა. როინართა გავლენა ძლიერი დარჩა, იმდენად, რომ დორნელი მმართველები თავს „მეფეების“ ნაცვლად „პრინცებს“ უწოდებდნენ. დორნული კანონით, მამულები და ტიტული გადაეცემოდა უფროს შვილს და არა უფროს ძეს. შვიდ სამეფოთაგან მხოლოდ დორნი არ დაუპყრია ეაგონ დრაკონს. სახელმწიფოს საბოლოოდ იგი ორი ასეული წლსი მერეღა შეუერთდა, და მაშინაც - ქორწინების და შეთანხმების გზით და არა მახვილით. მშვიდობისმოყვარე მეფემ, დეირონ II-მ ცოლად შეირთო დორნელი პრინცესა მირია და თავისი და დორნის მბრძანებელ პრინცს მიათხოვა. ამგვარად მიაღწია საწადელს იქ, სადაც მეომრებმა მარცხი განიცადეს.

მარტელების დროშა ოქროს შუბით გამსჭვალული წითელი მზეა. მათი თქმაა: „ქედუხრელი, მოუდრეკელი, გაუტეხელი“.

დორიან ნიმეროს მარტელი, მზეშუბის ლორდი, დორნის პრინცი.

მზეშუბს შეფიცულ უმთავრეს გვართა შორის არიან ჯორდეინები, სანტაგარები, ალირიონები, ტოლანდები, ირონვუდები, ვილები, ფაულერები და დეინები.

ფლორინების გვარი

წყალნათელის ციხის ბატონი ფლორენტები ზენაბაღს შეფიცული მებაირაღეები არიან და ტაირელების კვალდაკვალ მათაც აღიარეს მეფე რენლი. მაგრამ მათ მეორე ბანაკშიც აქვთ ფეხი მოკიდებული, რაკი სტანისის დედოფალი ფლორენტია, ქალის ბიძა კი დრაკონის ქვის კასტელანია. ფლორენტების ემბლემაა ყვავილწნულის წრეში მოქცეული მელიას თავი.

ალესტერ ფლორენტი, წყალნათელის ლორდი.

ფრეიების გვარი

ფრეიების ძლიერი, მდიდარი და მრავალრიცხოვანი გვარი ტალების გვარის მებაირაღეები არიან, რივერანისთვის ხმლით სამსახური აქვთ შეფიცული, მაგრამ ვალს დიდი გულმოდგინებით არ აღასრულებენ. როდესაც რობერტ ბარათეონი რეიგარ ტარგარიენს შეება სამკბილაზე, ფრეიები ბრძოლის დამთავრებამდე არ მისულან, ამის მერე ლორდი ჰოსტერ ტალი ლორდ ვოლდერს მუდამ „მოსვლა-გვიან ლორდ ფრეიდ“ მოიხსენიებდა.

ლორდი ფრეი დათანხმდა, ჩრდილოეთის მეფისთვის დაეჭირა მხარი - მხოლოდ მას მერე, რაც რობ სტარკი დაჰპირდა, რომ ომის დასრულების მერე მის რომელიმე ასულზე ან შვილიშვილზე იქორწინებდა. ლორდი ვოლდერი თავის ოთხმოცდათერთმეტ დღეობას მოესწრო, მაგრამ სულ მცირე ხნსი წინ შეირთო მერვე ცოლი, თავისზე სამოცდაათი წლით უმცროსი გოგონა. მასზე ამბობენ, რომ მთელ შვიდ სამეფოში იგი ერთადერთი ლორდია, რომელსაც შეუძლია ლაშქარი საკუთარი შარვლიდან გამოიყვანოსო.

ვოლდერ ფრეი, გადასალახის ლორდი.

ღამის ებგურის მებრძოლები

ღამის ებგურის იცავს სახელმწიფოს და ფიცი აქვს დადებული, არ ჩაერიოს შიდა ომებში და ტახტისთვის ბრძოლებში. ტრადიციულად, აჯანყების ჟამს, ისინი ყველა მეფეს პატივს მიაგებენ, მაგრამ არც ერთს არ ემორჩილებიან.

ციხეშავი, ზღვისპირა აღმოსავლეთის გუშაგი, ბინდის კოშკი.


გამომცემლობა "არეტე"

Vangogen • ვანგოგენი

Instagram