ალბერტ შპეერი - ჰიტლერი

პლაკატებიდან და კარიკატურებიდან ჰიტლერს ვიცნობდი, როგორც ადამიანს ღვედებიან უნიფორმაში, მკლავზე სვასტიკიანი სამკლაურითა და შუბლზე ჩამოყრილი თმით. ამჯერად კი ტრიბუნაზე იდგა ლურჯ კოსტიუმში გამოწყობილი კაცი (სხვათა შორის, ეს კოსტიუმი მას კოხტად ჰქონდა მორგებული), რომელიც ხაზგასმით ცდილობდა, ბიურგერული კორექტულობის დემონსტრირებას. ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ჩვენ წინაშე იყო ჭკვიანი, თავდაჭერილი და მორიდებული ადამიანი. მოგვიანებით მივხვდი, რომ ჰიტლერს, გაცნობიერებულად თუ ინტუიციურად, შესანიშნავად შეეძლო ამა თუ იმ სიტუაციისადმი მორგება.

რამდენიმე წლის შემდეგ ჰიტლერმა გაიხსენა მასთან ჩემი პირველი სტუმრობის ეპიზოდი: „მშენებლობაზე მოგაქციეთ ყურადღება. მე ისეთ არქიტექტორს ვეძებდი, რომლისთვისაც მოგვიანებით ჩემი სამშენებლო გეგმების განდობას შევძლებდი. ის ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, რადგან, როგორც იცით, ეს გეგმები შორეულ მომავალზეა გათვლილი. მე ისეთი არქიტექტორი მჭირდება, რომელიც ჩემი სიკვდილის შემდეგაც გააგრძელებს მოღვაწეობას ჩემი სახელის უკვდავსაყოფად. სწორედ ეს არქიტექტორი დავინახე თქვენში!“

ჰიტლერს ეხერხებოდა თავისი თანამშრომლების იმგვარად დამუხტვა, რომ ისინი თავიანთ შრომისუნარიანობას ერთი-ორად ზრდიდნენ. „ადამიანი თავის მიზნებთან ერთად იზრდება“, - ამბობდა ხოლმე იგი.

ფილმებს ჰიტლერი გოებელსთან ერთად არჩევდა. უფრო ხშირად არჩევანი იმ ფილმებზე ჩერდებოდა, რომლებიც იმხანად ბერლინის კინოთეატრებში გადიოდა. ჰიტლერს განსაკუთრებით უყვარდა გასართობი და სასიყვარულო ფილმები ჯენინგსის, რიუმანის, ჰენი პორტენის, ლილ დაგოვერის, ოლგა ჩეხოვას, ზარა ლეანდერის და იენი იუგოს მონაწილეობით. ფიურერს ასევე მოსწონდა ფილმი-რევიუები, რომლებშიც უხვად იყო ლამაზი ქალების შიშველი ფეხები. ხშირად უცხოურ ფილმებსაც ვუყურებდით, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც გერმანელ მაყურებელს ჯერ არ ენახა. მაგრამ ფიურერის საშინაო კინოთეატრის რეპერტუარში არ იყო ფილმები სპორტზე, ალპინიზმზე, ცხოველთა სამყაროზე, ბუნებაზე, საინფორმაციო ფილმები უცხო ქვეყნებზე. ჰიტლერს, ჩემგან განსხვავებით, არ მოსწონდა გროტესკული ფილმები ბასტერ კიტონისა და ჩარლი ჩაპლინის მონაწილეობით. ყოველდღე ორი ახალი ფილმის სანახავად გერმანული კინოპროდუქცია საკმარისი არ იყო. ამიტომ ზოგიერთ ფილმს ორ-ორჯერ და უფრო მეტჯერაც ვუყურებდით ხოლმე. ყოველ საღამოს ერთი ან ორი ფილმის ნახვის ჩვეულება ჰიტლერს ომის დაწყებამდე შემორჩა.

ჰიტლერი ხშირად იგვიანებდა და ამიტომ მას საათობით ველოდებოდით ხოლმე.

ერთხელ ჰიტლერმა თავისი 20-იანი წლების ესკიზების რვეული მაჩვენა. ეს იყო შთამბეჭდავი მონუმენტური ნაგებობების შექმნის მცდელობა ნეობაროკოს სტილში, ვენის რინგშტრასეს მსგავსად. თვალში მომხვდა ის უცნაური გარემოებაც, რომ ამ არქიტექტორული ესკიზების გვერდით, იმავე ფურცელზე, ხშირად იარაღის ესკიზებიც იყო მიხატული.

კლასიცისტური სტილი ჰიტლერს იმიტომ ხიბლავდა, რომ, მისი აზრით, ის დროს უძლებს.

…შემდეგ იყო ვიზიტი ნიცშეს სახლში, სადაც ჰიტლერს ნიცშეს და, ქალბატონი ფერსტერნიცშე ელოდებოდა. ექსცენტრულ ქალბატონს გაუჭირდა ფიურერთან საუბარი, მაგრამ იმ საკითხის გადაწყვეტით, რომელიც მათი შეხვედრის მიზეზი იყო, ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა: ჰიტლერმა თავის თავზე აიღო ნიცშეს ძველ სახლზე ახალი მიშენებისთვის საჭირო ხარჯები, ხოლო ქალბატონი ფერსტერ-ნიცშე დათანხმდა, რომ ამ მიშენების პროექტი შულტცე-ნაუმბურგს შეესრულებინა: „ძველი სახლის სტილთან მისადაგება მას არ გაუჭირდება,“ - თქვა ჰიტლერმა.

„მართლა არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ეს ძალიან ძნელი გადასაწყვეტია. მირჩევნია, ინგლისელებს მივემხრო, მაგრამ ინგლისელების ნდობა, როგორც ამას ისტორია გვიჩვენებს, იშვიათად თუ შეიძლება. თუ ინგლისს მივემხრობი, მაშინ იტალიასა და ჩვენ შორის ყველაფერი სამუდამოდ დამთავრდება. მერე ინგლისელებიც მიმატოვებენ ბედის ანაბარა და ჩვენ, გერმანელები, პირში ჩალაგამოვლებულები დავრჩებით.“ ამგვარ აზრებს ხშირად გამოთქვამდა ფიურერი 1935 წლის შემოდგომაზე ობერზალცბერგში, თავის უახლოეს გარემოცვასთან. მუსოლინიმ იმ დღეებში დაიწყო აბისინიის მასირებული დაბომბვა. ნეგუსი გაიქცა. ახალი „რომის იმპერია“ გამოცხადდა.

„ბერლინი დიდი ქალაქია, მაგრამ ის არ არის მსოფლიო ქალაქი. შეხედეთ პარიზს - მსოფლიოს ულამაზეს ქალაქს! ან, თუნდაც, ვენას! აი, ქალაქები ესენია. ბერლინი კი სხვა არაფერია, თუ არა უწესრიგოდ დალაგებული ქვების გროვა. ჩვენ უკან უნდა მოვიტოვოთ პარიზიც და ვენაც,“ - ამბობდა ხოლმე ჰიტლერი პირად საუბრებში.

მისთვის არასასურველ ინფორმაციას ჰიტლერი ურეაქციოდ ტოვებდა ხოლმე.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერს ფირფიტების მშვენიერი კოლექცია ჰქონდა, მისი ინტერესი მუდამ ერთი და იგივე მუსიკით შემოიფარგლებოდა. ჰიტლერს არ მოსწონდა და არც ესმოდა ბაროკოს პერიოდის მუსიკა, არც კლასიკური, კამერული და სიმფონიური მუსიკა უყვარდა.

„ინტელიგენტი ადამიანები პრიმიტიულ და სულელ ქალებთან უნდა იჭერდნენ საქმეს. წარმოიდგინეთ, მე რომ ცოლი მყოლოდა! ცოლი, რომელიც ჩემს საქმიანობაში ჩაყოფდა ცხვირს! მე თავისუფალ დროს დასვენება მჭირდება... ცოლს ვერასოდეს შევირთავ. მერე როგორი პრობლემები შემექმნებოდა, ბავშვები რომ მყოლოდა! ბოლოს, ალბათ, ჩემს ვაჟს ჩემს მემკვიდრედაც გამოაცხადებდნენ. ჩემნაირ ადამიანს შეუძლებელია, ჰყავდეს სრულფასოვანი და ქმედითუნარიანი ვაჟიშვილი. ეს დაუწერელი კანონია. გაიხსენეთ, თუნდაც, Gგოეთეს ვაჟი - ყოვლად გამოუსადეგარი ადამიანი! ბევრი ქალი იმიტომ არის ჩემით მოხიბლული, რომ უცოლო ვარ. არადა, ასე რომ არ იყოს, ბრძოლას ვერ შევძლებდი. ჩემი შემთხვევა ისეთივეა როგორიც კინომსახიობისა: როგორც კი კინომსახიობი ცოლს ირთავს, იგი კარგავს თავისი მომხიბვლელობის ძალას იმ ქალებისთვის, რომლებიც მას აღმერთებდნენ - ის უკვე აღარ არის მათი კერპი!“

ჰიტლერი ხშირად აკრიტიკებდა ჰიმლერის მიერ შეთხზულ მითს SS-ის შესახებ: „რა სისულელეა! როგორც იქნა, იმ დროს ვუახლოვდებით, როდესაც არანაირი მისტიკა აღარ იარსებებს. ჰიმლერი კი ყველაფერს თავიდან იწყებს. ჯობდა, ეკლესიის პატრონობის ქვეშ დავრჩენილიყავით. ეკლესიას ტრადიცია მაინც აქვს. აბა, წარმოიდგინეთ, ერთ მშვენიერ დღეს „SS-ის წმინდანად“ რომ შემრაცხონ! ალბათ, საფლავში გადავბრუნდები!“

ჰიმლერმა ცნობილი მეცნიერები მოიზიდა და მათ გერმანიის ტერიტორიის უძველეს ნასახლარებზე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარებინა. ამაზე ჰიტლერმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „რატომ ვამახვილებთ მთელი მსოფლიოს ყურადღებას იმაზე, რომ ჩვენ წარსული არ გაგვაჩნია? განა არ არის საკმარისი, რომ რომაელები მონუმენტურ შენობებს აგებდნენ მაშინ, როდესაც ჩვენი წინაპრები თიხის ქოხებში ცხოვრობდნენ! არა! ჰიმლერი ამ თიხის სოფლების გათხრას იწყებს, ამასთან ერთად, ყოველი ნაპოვნი თიხის ნატეხის და ქვის ცულის გამო აღფრთოვანებას ვერ მალავს. ამით ჩვენ ხომ მხოლოდ იმას ვამტკიცებთ, რომ ერთმანეთს ქვის კომბლებს ვესროდით და ღია ცის ქვეშ, კოცონთან ვიყავით ჩაცუცქულები მაშინ, როდესაც საბერძნეთი და რომი კულტურის უმაღლეს საფეხურზე იდგნენ. ყველა მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი წარსული მივჩქმალოთ. ჰიმლერი კი, ამის საპირისპიროდ, ყოველივეს ხმამაღლა გაჰყვირის. ალბათ, დღევანდელი რომაელები ჩვენს აღმოჩენებზე გულიანად იცინიან!“

„ჩვენი უბედურება ის არის, რომ არასწორი რელიგია გვაქვს. რა კარგი იქნებოდა, იაპონელების რელიგია რომ გვქონოდა, რელიგია, რომელიც სამშობლოსთვის გაღებულ მსხვერპლს უმაღლეს მსხვერპლად მიიჩნევს! მუსლიმანური რელიგიაც კი უფრო მეტად გამოგვადგებოდა, ვიდრე ქრისტიანობა თავისი არაფრის მქმნელი და ფორმალური შემწყნარებლობით!“ უცნაური ის იყო, რომ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ჰიტლერი ამ მსჯელობას შემდეგ სიტყვებსაც მოაყოლებდა ხოლმე: „დღეს ადამიანები ციმბირში, ბელორუსიაში და ტრამალებში ჯანსაღად ცხოვრობენ, ამიტომ კარგად განვითარდებიან და მომავალში გერმანელებსაც კი აჯობებენ.“

1939 წლის 15 მარტს, ჰიტლერის სამუშაო ოთახში ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი შეიყვანეს. სწორედ ამ ოთახში გათამაშდა ის ტრაგედია, რომელიც ჰახას კაპიტულაციით დაიწყო და გამთენიისას მისი ქვეყნის დაპყრობით დამთავრდა. მოგვიანებით ჰიტლერი ამბობდა: „ბოლოს ეს მოხუცი კაცი ისე დავამუშავე, რომ ნერვებმა უღალატა და მზად იყო, ყველაფერზე მოეწერა ხელი; მაგრამ უცბად გულის შეტევა დაემართა. გვერდით ოთახში ჩემმა ექიმმა მორელმა ნემსი გაუკეთა, რომელმაც ავადმყოფზე ორმაგი ძალით იმოქმედა. ჰახა გონს მოვიდა, გამოცოცხლდა და ხელის მოწერაზე უარი განაცხადა; ბოლოს, როგორც იქნა, ვაიძულე, დათანხმებულიყო.“

ერთხელ, 1939 წლის ადრეულ გაზაფხულზე, ჰიტლერმა მიმითითა რაიხის არწივის ფიგურაზე კლანჭებში სვასტიკით, რომელიც 290 მეტრის სიმაღლის გუმბათიანი შენობის თავზე უნდა მდგარიყო და თქვა: „ეს უნდა შეიცვალოს. აქ სვასტიკა არაფერ შუაშია; ეს არწივი მსოფლიოს დაეპატრონება! ამიტომ მსოფლიოს უდიდეს შენობას უნდა ამშვენებდეს არწივი, რომელიც გლობუსს აზის. მაშინდელ სამუშაო ნახაზებს ჰიტლერის მიერ შეტანილი ცვლილება დღესაც ეტყობა. რამდენიმე თვის შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.

1939 წლის 21 აგვისტოს შევიტყვეთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში მიემგზავრებოდა მოლაპარაკების გასამართავად. ვახშმობისას ჰიტლერს წერილი მიაწოდეს. მან წერილი სწრაფად ჩაიკითხა, ჭარხალივით გაწითლდა, ერთხანს თვალი გაუშტერდა, შემდეგ მაგიდას მუშტი ისეთი ძალით დაჰკრა, რომ ჭიქები აწკრიალდა და მთელი ხმით დაიყვირა: „რუსების თანხმობა მივიღე! მივიღე!“ მაგრამ თვალის დახამხამებაში შეძლო თავის მოთოკვა. ვერავინ გაბედა, მისთვის რამე ეკითხა და ვახშამიც ჩვეულებრივ გაგრძელდა.

ომის მომხრეთა პარტია, რომელშიც ჰიტლერი და რიბენტროპი შედიოდნენ, შემდეგ არგუმენტებს იშველიებდა: „დავუშვათ, დღეს ჩვენი შეიარაღების მზარდი ტემპის გამო ჩვენსა და მოწინააღმდეგეს შორის ძალთა თანაფარდობა ოთხი ერთთანაა. ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ მოწინააღმდეგე მხარე თავის შეიარაღებაზე სერიოზულად ზრუნავს, მაგრამ სამხედრო ტექნიკის წარმოების მთელი ძალით ამუშავებას წელიწადნახევარს ან ორ წელს მაინც მოანდომებს და მხოლოდ 1940 წლიდან დაიწყებს ნელ-ნელა ჩვენი უპირატესობის დაძლევას. მას მერე, რაც მოწინააღმდეგე მხარე სამხედრო პროდუქციის იმ რაოდენობით წარმოებას შეძლებს, რომლითაც ჩვენ გაგვითანაბრდება, გერმანული პოტენციალის უპირატესობა თანდათან გაქრება; იმისათვის, რომ ჩვენი ამჟამინდელი უპირატესობა შევინარჩუნოთ, იარაღის წარმოება ოთხჯერ უნდა გავზარდოთ. ამას კი ვერ შევძლებთ. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მოწინააღმდეგის შეიარაღება ჩვენი შეიარაღების მხოლოდ ნახევარს გაუტოლდება, ძალთა თანაფარდობა შეიცვლება, მაგრამ ჩვენს სასარგებლოდ - არა. ჩვენ კი სწორედ ახლა გვაქვს უახლესი ტიპის შეიარაღება ჯარის ყველა სახის დანაყოფისთვის, მოწინააღმდეგეს კი - მხოლოდ მოძველებული ტექნიკა.“

გერმანიამ და ინგლისმა ნოტები გაცვალეს პოლონეთთან დაკავშირებით. ჰიტლერი გადაღლილი ჩანდა, როცა ერთ საღამოს თავისი ბინის ზამთრის ბაღში უახლოეს გარემოცვასთან დარწმუნებით თქვა: „ამჯერად 1914 წელს დაშვებული შეცდომა აღარ განმეორდება. ყველაფერი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ, რომ მთელი დანაშაული მოწინააღმდეგეს გადავაბრალოთ. 1914 წელს ეს საკმაოდ უხეშად გააკეთეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საბუთები ახლაც სრულიად გამოუსადეგარია. უმჯობესია, ნოტა მე თვითონ შევადგინო.“ როგორც ჩანს, ის ქაღალდი, რომელიც ჰიტლერს ხელში ეკავა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ნოტის მონახაზი იყო. ჰიტლერი სწრაფად დაგვემშვიდობა, ჩვენ სუფრასთან დაგვტოვა და ზედა სართულზე თავის სამუშაო ოთახში ჩაიკეტა. დიდი ხნის მერე, ციხეში გავეცანი ამ ნოტებს; მათი წაკითხვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჰიტლერს მაშინ არცთუ წარმატებულად გაერთმია თავი თავისი განზრახვისათვის.

ახლაც კარგად მახსოვს ის გაოგნება და სასოწარკვეთა, რომლითაც ჩვენ შევხვდით ცნობას იმის თაობაზე, რომ ჩერჩილი ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის მინისტრი და შესაბამისად ბრიტანეთის სამხედრო კაბინეტის წევრი გახდა. ამ ავის მაუწყებელი ფურცლით ხელში ჰიტლერის ოთახიდან გერინგი გამოვიდა. იგი პირველივე სავარძელში ჩაეშვა და დაღლილმა წარმოთქვა: „ჩერჩილი კაბინეტის წევრია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ომი მართლა დაიწყება. აი, ახლა კი ნამდვილად იწყება ომი ინგლისთან.“

„ადრე ბევრჯერ მიფიქრია, რომ პარიზი დამენგრია; მაგრამ ბერლინს როცა გავაშენებთ, მისი სილამაზე პარიზსაც დაჩრდილავს; მაშ, რაღატომ უნდა დავანგრიოთ?“ - ეს თქვა და დამითხოვა.

ქვეყანა საბჭოთა კავშირთან ომისთვის ემზადებოდა, ამ დროს კი ჰიტლერი სურათებს არჩევდა ლინცის სამხატვრო გალერეისთვის. მან ოკუპირებულ ქვეყნებში თავისი ექსპერტები და ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრენი გაგზავნა ბაზრის შესასწავლად. ჰიტლერმა ნახატების ომი გააჩაღა თავის და გერინგის აგენტებს შორის. ეს ომი მეტად მძაფრ ხასიათს შეიძენდა, ჰიტლერს თავისი მარშალი რომ არ დაეტუქსა და მათ შორის არსებულ განსხვავებაზე არ მიეთითებინა. 1941 წელს ობერზალცბერგში დიდი, ტყავის ყდაში ჩასმული კატალოგები ჩამოვიდა იმ ასობით ნახატების ფოტოებით, რომლებიც ჰიტლერმა პირადად შეარჩია ლინცის, კიონიგსბერგის, ბრესლაუს და სხვა ქალაქების სამხატვრო გალერეებისთვის. ნიურნბერგის პროცესზე მე კიდევ ერთხელ ვიხილე ეს ყავისფერი ტომები მამხილებელი დოკუმენტების სახით; სურათები უმეტესწილად ებრაული ოჯახებიდან იყო წამოღებული და რაიზენბერგის პარიზულ შტაბ-ბინაში ინახებოდა. ჰიტლერმა დაინდო საფრანგეთის ხელოვნების ნიმუშების ცნობილი კოლექციები; ეს მან არცთუ უანგაროდ ჩაიდინა: ჰიტლერი თვლიდა, რომ საზავო ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ლუვრის საუკეთესო ექსპონატები გერმანიისთვის უნდა გადაეცათ. აქვე, ალბათ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჰიტლერს თავისი ავტორიტეტი პირადი მიზნებისათვის არ გამოუყენებია; ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოტანილი არც ერთი ნახატი თავისთვის არ დაუტოვებია.

ჰიტლერს კი არაფრის გაგონება არ სურდა. მას განზრახული ჰქონდა, მოწინააღმდეგის მოჩვენებითი სისუსტე გამოეყენებინა. ამიტომ მან დაგეგმა თავისი ჯარის ფორმარში სამხრეთ კავკასიაზე - კერძოდ კი საქართველოზე. ამისათვის ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი, ისედაც დასუსტებული ჯარის საგრძნობი ძალები აქეთკენ გადმოისროლა - ისინი ჯერ მაიკოპიდან სოჭისკენ, შემდეგ სოჭიდან სანაპიროს ვიწრო ზოლით სამხრეთისკენ - სოხუმში უნდა შესულიყვნენ. ჰიტლერი დაჟინებით მოითხოვდა, ჯარებს ძირითადი გარღვევა ამ მიმართულებით მოეხდინათ; ის დარწმუნებული იყო, რომ ჩრდილოკავკასიის ტერიტორიას ისედაც ადვილად დაიპყრობდა. […] არაპროფესიონალისთვისაც კი ნათელი იყო, რომ ჩვენი შეტევა გნწირული იყო. ამ დროს მივიღეთ ცნობა, რომ გერმანული ჯარის ერთი ნაწილი კავკასიონის უმაღლეს მწვერვალზე - 5600 მეტრის სიმაღლის ელბრუსზე ავიდა და იქ გერმანიის საბრძოლო დროშა აღმართა. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება უაზრობა იყო და ისე უნდა აღგვექვა, როგორც მგზნებარე მთამსვლელების თავგადასავალი. სწორედ ასე გავიგეთ ჩვენ ყველამ ეს ფაქტი და არანაირი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მივანიჭეთ. მაგრამ ჰიტლერი... იშვიათად მინახავს ისეთი განრისხებული და აღშფოთებული ფიურერი, როგორიც ამ ამბის შემდეგ. მისმა ისტერიამ რამდენიმე საათს გასტანა: იგი ყვიროდა, რომ ამ უაზრო ქმედების გამო მთელი მისი ლაშქრობის გეგმა ჩაიშალა. მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგაც აგრძელებდა ჰიტლერი „ამ შეშლილი მთამსვლელების“ ლანძღვასა და გაკიცხვას და მათი სამხედრო ტრიბუნალისთვის გადაცემას აპირებდა. „გაგანია ომის დროს ეს იდიოტები რაღაც იდიოტურ მწვერვალს იპყრობენ, მაშინ როცა მე ხაზგასმით ვბრძანე, რომ ძალები სოხუმისკენ უნდა მიგვემართა“.

როდესაც გერინგს 1942 წლის მიწურულს ჰიტლერის შტაბ-ბინის წინ მდებარე პავილიონში შევხვდი, ისიც დაღლილ-დაქანცული მეჩვენა. მან მითხრა: „კარგი იქნება, თუ ამ ომის შემდეგ გერმანია 1933 წლის საზღვრებს შეინარჩუნებს.“

ჰიტლერი თანდათან, თითქმის შეუმჩნევლად, უფრო მეტად ექცეოდა იზოლაციაში. მრავლისმეტყველი იყო ერთი ფრაზა, რომელსაც ჰიტლერი 1943 წლის შემოდგომიდან სულ უფრო ხშირად იმეორებდა: „შპეერ, ბოლოს მხოლოდ ორი მეგობარი დამრჩება, ფროილაინ ბრაუნი და ჩემი ძაღლი.“ ტონი, რომლითაც ჰიტლერი ამ ფრაზას წარმოთქვამდა, ისეთი კატეგორიული და ადამიანების მიმართ ზიზღის გამომხატველი იყო, რომ შეუძლებელი იყო მასში ერთგულება ან წყენა დაგენახა.

როგორც კი ფრონტზე გამარჯვებების ტალღა იწყებოდა, ჰიტლერი მაშინვე ხუმრობანარევი ტონით ამბობდა, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, რუსეთზე გამარჯვების შემდეგ ქვეყნის მმართველობა ისევ სტალინისთვის ჩაებარებინათ, ოღონდ, რა თქმა უნდა, გერმანიის პროტექტორატის ქვეშ, რადგან რუსებთან ურთიერთობას სტალინზე უკეთ ვერავინ შეძლებდა. საერთოდ, ჰიტლერი სტალინს ისე უყურებდა, როგორც თავის კოლეგას. როდესაც სტალინის ვაჟიშვილი ტყვედ ჩავარდა, ჰიტლერმა ბრძანა, რომ მას განსაკუთრებით კარგად მოპყრობოდნენ. ალბათ ეს ფაქტიც სტალინის მიმართ პატივისცემის გრძნობით აიხსნება.

ჰიტლერი სამხედრო თათბირზე ხშირად იმეორებდა, რომ ჩერჩილი სმის მოყვარული, არაფრის მაქნისი დემაგოგი იყო, ხოლო რუზველტთან დაკავშირებით მთელი სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ ამერიკის პრეზიდენტს დამბლა ბავშვობიდან კი არ ჰქონდა, არამედ სიფილისის შედეგად განუვითარდა, რის გამოც იგი ყოვლად არაპროგნოზირებად პიროვნებად ჩამოყალიბდა.

დამშვიდობებისას ჰიტლერი საკმაოდ ცუდ ხასიათზე იყო. უკვე კარებთან ვიდექი, როდესაც მითხრა: „ომს თუ წავაგებთ, ერიც დაიღუპება. გერმანელი ხალხის პრიმიტიული არსებობისთვის საჭირო პირობებზე ფიქრი აუცილებელი არ არის. პირიქით, უმჯობესია, თუ ხალხს არსებობისთვის საჭირო პირობებს საერთოდ არ შევუქმნით. გერმანელი ხალხი უფრო სუსტი გამოდგა, ვიდრე მე მეგონა. მომავალი კი აღმოსავლეთის უფრო ძლიერ ხალხებს ეკუთვნით. ის გერმანელები, რომლებიც ამ ომს გადაურჩნენ, სრულფასოვნები არ არიან, საუკეთესოები ომში დაიღუპნენ.“

აპათიურად, დაღლილი ხმით დაიწყო თავის სიკვდილზე ლაპარაკი, თითქოს ეს თავისთავად ცხადი რამ იყო: „მეც დარჩენა გადავწყვიტე, უბრალოდ მინდოდა, თქვენი აზრი გამეგო.“ ჰიტლერმა ლაპარაკი ყოველგვარი აღელვების გარეშე განაგრძო: „მე არ ვიბრძოლებ! საფრთხე იმისა, რომ დავიჭრები და ცოცხლად ჩავუვარდები რუსებს ხელში, ძალიან დიდია. არც ის მინდა, რომ ჩემმა მტრებმა ჩემი გვამი შეურაცხყონ. განკარგულება გავეცი, რომ დამწვან. ფროილაინ ბრაუნიც ჩემთან ერთად აპირებს სიკვდილს, ბლონდის კი (ჰიტლერის ძაღლი) მანამდე მოვკლავ - თავში ტყვიას ვესვრი. დამიჯერეთ, შპეერ, არ მიჭირს სიცოცხლესთან გამოთხოვება. ერთი ხანმოკლე მომენტი და ყველაფრისგან გავთავისუფლდები, თავს დავაღწევ ამ მტანჯველ არსებობას.“

ქართული ბიოგრაფიული ცენტრი 

Vangogen • ვანგოგენი

Instagram