ვარლამ შალამოვი - კოლიმური მოთხრობები

ალექანდრე სოლჟენიცინი „არქიპელაგი გულაგის“ ბოლოთქმაში აღნიშნავს: „ვარლამ შალამოვს შევთავაზე - ერთად დაგვეწერა მთელი ეს წიგნი, მაგრამ უარი მითხრა“.


შალამოვი ასე ამბობდა: „მე იმდენად ვწერ ლაგერზე, რამდენადაც ეგზიუპერი - ცაზე, მელვილი - ზღვაზე“; „რომანი მოკვდა და ამქვეყნად ვერავითარი ძალა მკვდრეთით ვერ აღადგენს ამ ლიტერატურულ ფორმას. ადამიანებს, რომლებმაც გამოიარეს რევოლუციები, ომები და კონცლაგერები, არაფერი ესაქმებათ რომანთან. გამოგონილი ცხოვრების აღწერა, ხელოვნური კოლიზიები და კონფლიქტები აღიზიანებს მკითხველს“.


ჯვარი

თავის მარადიულ უკუნეთში მყოფს ხშირად ღალატობდა ხელი - რძის თხელი ნაკადი უხმოდ ასცდებოდა ხოლმე დურკს; თხები შეშფოთებით შეავლებდნენ თვალს საკუთარ რძეს, პირდაპირ მიწაზე რომ იღვრებოდა. თუმცა, ვინ იცის, ეგებ არც იწუხებდნენ თავს თვალთვალით.

მღვდლის ცოლს ქალაქში 1928 წლამდე ყველა „მატუშკას“ ეძახდა, ხოლო 1929 წლიდან უკვე დავიწყებას მისცეს ეს სახელი, რადგან ქალაქის ეკლესიები თითქმის ყველა აფეთქებული იყო, ხოლო „ცივი“ ტაძარი, სადაც ოდესღაც ლოცულობდა ივანე მრისხანე, მუზეუმად გადაკეთდა.

უფროსმა შვილმა, ჯერ კიდევ ოციან წლებში, უარი განაცხადა თავის მამაზე. მაშინ ასეთი მოდა იყო „საეჭვო“ მშობლების უარყოფისა. შემდგომში ცნობილმა არაერთმა მწერალმა და პოეტმა ამგვარი განცხადებებით დაიწყო თავისი ლიტერატურული მოღვაწეობა. მღვდლის უფროსი ვაჟი არც პოეტი გახლდათ, არც ნაძირალა. მას, უბრალოდ, აშინებდა ცხოვრება და ამიტომ ჩააბარა განცხადება გაზეთში, როდესაც სამსახურში გული გაუწვრილეს საუბრებით „სოციალური წარმოშობის“ შესახებ. ამ განცხადებამ სარგებლობა ვერ მოუტანა, თავისი „კაენის დაღი“ კი კუბოს ფიცრამდე ატარა.

მხოლოდ დღესასწაულზე ხარშავდნენ ხორციან სუპს, შაქარსაც მხოლოდ სადღესასწაულოდ ყიდულობდნენ. ეგ იყო, რომ ვინმე შემოივლიდა შემთხვევით, კანფეტს ან ფუნთუშას შეაჩეჩებდა ხელში, დედაბერი გაიტანდა თავის ოთახში და უსინათლო ქმარს ჩაუდებდა გამომშრალ, განუწყვეტლივ ნერვიულად მოძრავ თითებში. მაშინ ორივე იცინოდა, ეხვეოდნენ ერთმანეთს და მოხუცი მღვდელი ცოლს უკოცნიდა მძიმე შრომით დაკოჟრილ, დასიებულ, დაშაშრულ, ჭუჭყიან თითებს. დედაბერი ტიროდა და კოცნიდა მოხუცს თავზე, და ორივენი მადლობას უხდიდნენ ერთმანეთს იმ სიკეთის გამო, ცხოვრებაში ერთმანეთს რომ უწევდნენ და იმის გამო, რომ ახლაც ძველებურად ზრუნავდნენ ერთიმეორეზე.

***

ქალმა მძიმედ და ამაყად ამოიოხრა, წელში გასწორდა და გახსნა კოლოფი, სადაც ჯერ კიდევ ახალთახალი ატლასის ბალიშზე ესვენა გულსაკიდი ჯვარი იესო ქრისტეს პატარა სკულპტურული გამოსახულებით. ჯვარი მოწითალო ფერისა იყო, ბაჯაღლო ოქროსგან ნაკეთები.

უსინათლო მღვდელმა ხელი მოუფათურა ჯვარს.

- ნაჯახი მომიტანე, - თქვა ჩუმად.

- არ გინდა, არ გინდა, - აჩურჩულდა ქალი და მოეხვია უსინათლოს, ლამობდა გამოერთმია ჯვარი, მაგრამ უსინათლომ გამოგლიჯა ჯვარი თავისი ცოლის დაძაგრულ, დასიებულ თითებს და ხელიც მაგრად ატკინა.

- მოიტანე, - თქვა მან, - ნაჯახი მოიტანე... განა ამ ჯვარშია ღმერთი?

- მე არ ვიზამ, შენ თვითონ, თუკი ასე გსურს...

- ჰო, ჰო, მე თვითონ, მე თვითონ...

[...]

მღვდლის ცოლი უკვე აღარ ტიროდა და აღარც ყვიროდა. თითქოს ჯვარმა, ნაჭრებად რომ დაჩეხეს, დაკარგა თავისი წმიდათაწმიდა არსი. და უბრალოდ ძვირფას ლითონად იქცა, თვითნაბადი ოქროს მსგავს ნივთად. დედაბერი აჩქარებით, მაგრამ მაინც ძალზე დინჯად ახვევდა ჯვრის პაწია ნატეხებს ჩვრებში და საგულდაგულოდ ალაგებდა ორდენისათვის განკუთვნილ კოლოფში.

მერე სათვალე გაიკეთა და ყურადღებით შეათვალიერა ნაჯახის პირი, სადმე ოქროს ნამცეცები ხომ არ დარჩაო.

ალექსანდრე ღოღობერიძე

ფერშალს დიდი ძალაუფლება მოეპოვება ლაგერში, ხეირი (ანდა ზიანი) მისგან ძალზე საგრძნობია.

სიკვდილი არის სიკვდილი. ახსნა-განმარტებისას შეიძლება იცრუო და ექიმები აიძულო, რომ შეთხზან ფრიად მაღალფარდოვანი დიაგნოზები - მთელი კლავიატურა ლათინურ დაბოლოებატა ზიზილ-პიპილებისა, თუკი არსებობდა რაიმე შესაძლებლობა მიგეთითებინა თანამდევი მიზეზები და მიგეჩქმალა მთავარი. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც შეუძლებელი იყო მიჩქმალვა მთავარისა, ექიმთა დასახმარებლად მოისწრაფოდნენ „პოლიავიტამინოზი“, „პელაგრა“, „დიზინტერია“, „სურავანდი“. არავის არ სურდა, რომ წარმოეთქვა სიტყვა „შიმშილი“ ლენინგრადის ბლოკადის დროიდანღა პათოლოგოანატომიურსა და, უფრო იშვიათად, ავადმყოფობის ისტორიათა კლინიკურ დიაგნოზებში გამოჩნდა ტერმინი „ალიმენტარული დისტროფია“, რომელმაც მაშინვე შეცვალა „პოლიავიტამინოზები“, გაამარტივა საქმე. სწორედ იმხანად დიდი პოპულარობით სარგებლობდა ლაგერში სტრიქონები ვერა ინბერის „პულკოვოს მერიდიანიდან“: „დამდნარი სანთლის წვასავით არის, ყველა ნიშანთა ჩამოთვლა მშრალი - რასაც არქმევენ სწავლულ-ექიმნი ალიმენტარულ დისტროფიასო და ლათინურის უცოდინარი აღნიშნავს რუსული სიტყვით „შიმშილი“.

სიმპათიები იბადება სწორედ ამ უჩინარ ნიშან-თვისებათა აღმოჩენისას. კაცს კაცისათვის ჯერ ორი სიტყვაც არ უთქვამს და უკვე გრძნობენ ორმხრივ სულიერ სიახლოვეს, ან მტრობას, ან გულგრილობას, ანდა სიფრთხილეს. „გალიის“ გარეთ ეს პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს; აქ კი, ლაგერში, ქვეცნობიერი სიმპათიები თუ ანტიპათიები უფრო სწრაფად, უყოყმანოდ, შეუცდომლად ჩნდება. ლაგერის მკვიდრის უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილება, მისი ნერვების დაძაბულობა და ადამიანურ ურთიერთობათა დიდი უბრალოება, ადამიანთა შეცნობის ასევე დიდი უბრალოება არის მიზეზი ამგვარი მსჯავრის შეუცდომლობისა.

უკვე „დიდ მიწაზე“ ვცხოვრობდი, როდესაც მომწერეს, რომ ალექსანდრე ღოღობერიძე მომკვდარა იაგოდნოეში. ცოცხალი ვერ მოესწრო რეაბილიტაციას. ასეთია ხვედრი ალექსანდრე ღოღობერიძისა, რომელიც დაიღუპა მხოლოდ იმიტომ, რომ ლევან ღოღობერიძის ძმა იყო. ლევანის შესახებ კი იხილეთ მიქოიანის მოგონებები.

შერი-ბრენდი

პოეტი იმდენი ხანი კვდებოდა, რომ უკვე ვეღარ ხვდებოდა, რომ კვდებოდა. ზოგჯერ მტკივნეულად, თითქოსდა უჯრედებს ეხებაო, წვალებით გამოივლიდა ტვინს რომელიმე უბრალო და ძლიერი ფიქრი - აგერ მოჰპარეს პური, რომელიც თავქვეშ ედო. ეს ფიქრი იმდენად უთუთქავდა გულს და აძრწუნებდა, მზად იყო დაეწყო დავა, ლანძღვა-გინება, ჩხუბი, ძებნა, მტკიცება. მაგრამ საამისოდ ძალ-ღონე აღარ გააჩნდა და ფიქრი პურზე ილეოდა...

იმას, რაც განუმეორებელია სიკვდილში, ეძიებდნენ არა ექიმები, არამედ პოეტები.

მას უწოდებდნენ მეოცე საუკუნის უპირველს რუს პოეტს, და ხშირად უფიქრია, რომ ეს მართლაც ასე იყო. სწამდა უკვდავება თავისი ლექსებისა. მოწაფეები არა ჰყოლია, მაგრამ განა პოეტებს ძალუძთ მათი ატანა? პროზასაც წერდა, ოღონდ - ცუდ პროზას, წერდა აგრეთვე სტატიებს. მაგრამ მარტოოდან ლექსებში მიაგნო რაღაც ახალს პოეზიისათვის, ახალსა და მნიშვნელოვანს, როგორც ყოველთვის ეჩვენებოდა. მთელი მისი წარსული ცხოვრება იყო ლიტერატურა, წიგნი, ზღაპარი, სიზმარი, და მხოლოდ დღევანდელი დღე ნიშნავდა ნამდვილ ცხოვრებას.

პავლე მოციქული

ლაგერში ტანსაცმლით როდი აფასებენ კაცს.

მთელი წელიწადი ერთ ბარაკში ვცხოვრობდით და ერთხელად არ წავჩხუბებულვართ. ეს იშვიათი რამ არის პატიმართა ყოფა-ცხოვრებაში, ლაგერი იქნება თუ ციხე. დავა ატყდება ხოლმე რაღაც წვრილმანებზე, ლანძღვა-გინება მყისვე ისეთ გრადუსს აღწევს, რომ იფიქრებ - მომდევნო საფეხური შეიძლება იყოს დანა ანდა, უკეთეს შემთხვევაში, რკინის კეტი. მე მალე ვისწავლე, დიდი მნიშვნელობა არ მიმენიჭებინა ამ ფუშფუშა ლანძღვა-გინებისათვის. მხურვალება სწრაფად ორთქლდებოდა და თუკი ორივე მოდავე ზანტად განაგრძობდა კინკლაობას, ამით ჩვეულებას უფრო უწევდნენ ანგარიშს, ვიდრე თავმოყვარეობას.

ლაგერში ბევრი ირჯება (და არცთუ წარუმატებლად), რომ უფრო ხნიერი და ფიზიკურად სუსტი გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია. ყოველივე ეს ყოველთვის როდი კეთდება შეგნებულად, არამედ როგორღაც ინსტინქტურად. ცხოვრების ირონია ისაა, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი, რომელიც წლებს იმატებს და ძალღონეს იკლებს, მისულია კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობამდე, ვიდრე სურთ მოგვაჩვენონ.

პაკეტში იყო ოფიციალური მიმართვა თხოვნით - გაეცნოთ პატიმარ ფრიზორგერისათვის (ესა და ეს სტატია, სასჯელის ვადა) მისი ქალიშვილის განცხადება, რომლის ასლი ერთვოდა მიმართვას. ფრიზორგერის ქალიშვილი განცხადებაში მოკლედ და გარკვეულად წერდა შემდეგს: დავრწმუნდი რა იმაში, რომ მამაჩემი ხალხის მტერია, უარს ვამბობ მის შვილობაზე და მოვითხოვ, რომ ეს ნათესაობრივი კავშირი გაუქმებულად ჩაითვალოსო.

შედედებული რძე

ჩვენი შური, შიმშილის გამოისობით, ისეთივე ჩლუნგი და უძლური იყო, როგორც ყოველი სხვა გრძნობა. ჩვენ აღარ შეგვწევდა ძალა გრძნობებისათვის, აღარ შეგვწევდა ძალა საიმისოდ, რომ გვევლო, გამოგვეკითხა, გვეთხოვნა... მხოლოდ ნაცნობებისა გვშურდა, იმათი გვშურდა, ვისთანაც ერთად მოვევლინეთ ამ სამყაროს. იმათი გვშურდა, ვინც მოახერხა მოწყობა სამუშაოზე კანტორაში, საავადმყოფოში, საჯინიბოში - იქ არ იყო მრავალსაათიანი, მძიმე ფიზიკური შრომა, რომელსაც ხოტბას ასხამდნენ კონცლაგერის ყველა კარიბჭის ფრონტონზე, როგორც გმირობისა და სიმამაცის საქმეს.

მარტოოდენ რაღაც გარეგანს შეეძლო ჩვენი გამოყვანა გულგრილობიდან და განრიდება ნელ-ნელა მოახლოებული სიკვდილისაგან. გარეგან ძალას შეეძლო და არა - შინაგანს. ჩვენს შიგნით ყველაფერი ამომწვარი და გაპარტახებული იყო, ჩვენთვის ყველაფერი სულერთი იყო და ხვალინდელი დღის იქით გეგმებს არც ვაწყობდით.

ამქვეყნად არსებობს მრავალი კონსერვი - ხორცისა, თევზისა, ხილისა, ბოსტნეულისა... მაგრამ ყველაზე მშვენიერია რძისა... შედედებული რძე, რასაკვირველია, ადუღებული წყლით არ უნდა დალიო. კოვზით უნდა შეჭამო, ანდა პურზე უნდა წაუსვა, ანდა ცოტ-ცოტა ყლაპო ქილიდან, ნებივრად უნდა შეექცე, თან უყურო - ღია ფერის თხელი მასა რომ ყვითლდება და შაქრის ვარსკვლავები ეწებება ქილას.

ჩვენ ან იქვე, შავწყაროზე, მოგვკლავენ, ანდა ცოცხლებს მოგვიყვანენ და გაგვასამართლებენ - კიდევ თხუთმეტ-თხუთმეტ წელს აგვკიდებენ. შესტაკოვმა არ შეიძლება არ იცოდეს, რომ აქედან გაქცევა შეუძლებელია. მაგრამ რძე რომ მინდა, შედედებული რძე...

მეც ვიცოდი, რომ შეუძლებელია არ შეჰყურებდე საჭმელს, რომელიც ქრება სხვა ადამიანის პირში.

შოკური თერაპია

ლაგერში ყველაზე ადრე ახოვანი კაცები იხოცებოდნენ. მძიმე შრომის ჩვევა ვერავის შველოდ. უღონო ინტელიგენდი უფრო დიდხანს ძლებდა, ვიდრე გოლიათი კალუგელი - მიწისმთხრელთა მოდგმისა, - თუკი მათ ერთნაირად კვებავდნენ, ლაგერის ულუფის შესაბამისად.

ესტონელები, ლატვიელები და ლიტველები ყველაზე ადრე იხოცებოდნენ. ასე ხდებოდა ყველგან. დიახ, ყველაზე ადრე მათ ეცლებოდათ სიქა, რაც მუდამ იწვევდა ექიმთა ქილიკს: მთელი ეს ბალტიისპირეთი რუს ხალხზე თხლე არისო.

მთელი სასოწარკვეთილი ნებისყოფა პატიმრისა კარგა ხანია ერთადერთ მიზანს ისახავდა: წელში არ უნდა გამართულიყო. და არც იმართებოდა. როგორ სწყუროდა სხეულს თუნდაც წამით გამართვა! მაგრამ გაახსენდებოდა საბადო, სუნთქვისშემკვრელი თოში; გაყინული, სრიალა და სუსხისგან ალაპლაპებული ქვები ოქროს სანგრევში; ერთი ჯამი სუფი, რომელსაც სადილად ერთ ჯერზე გადაჰკრავდა უკოვზოდ; გაახსენდებოდა ბადრაგთა კონდახები და ათისთავთა ჩექმები - და ამიტომაც ჰყოფნიდა ძალა, რომ არ გამართულიყო წელში. თუმცა ეს ახლა უფრო ეიოლებოდა, ვიდრე პირველ ხანებში. ცოტა ეძინა, რადგან შიშობდა, ძილში არ გავიმართოო.

ძუკნა ტამარა

უფროსს ესმოდა ცხოვრების ყველა ხლართი. მან ლიკურგეს მსგავსად დააწესა, რომ მის ტაიგურ სახელმწიფოში ყოფილიყო ორი ფერშალი, ორი მჭედელი, ორი ათისთავი, ორი მზარეული, ორი ბუღალტერი. ერთი ფერშალი ავადმყოფებს რომ უვლიდა, მეორე შავ სამუშაოს ასრულებდა და თანაც უთვალთვალებდა თავის კოლეგას - რაიმე უკანონობას ხომ არ სჩადისო.

პროკურატორი იუდეისა

ამ პირველლაგერული ჩირქის სუნი სამუდამოდ ჩარჩა კუბანცევს ყნოსვით მეხსიერებაში. მერე მთელი სიცოცხლე აგონდებოდა ეს სუნი. იტყვიან, ჩიქრი ყველგან ერთნაირად ყარს და სიკვდილიც ყველგარნ ერთნაირი არისო. არაფერი შეგეშალოთ!

ესეც თქვენი ფრონტელი ქირურგი! მაგათ სულ ინსტრუქციები, სქემები, ბრძანებები ჰქონდათ, აქ კი ნაღდი ცხოვრებაა, ეს კოლიმა გახლავთ!

ხატავდა ბავშვი

სამუშაოზე მიგვერეკებოდნენ ყოველგვარი სიების გარეშე, ჭიშკარში ხუთეულებად გვყოფდნენ, მუდამ ხუთეულებად დაგვაწყობდნენ ხოლმე, ვინაიდან გამრავლების ტაბულა სხაპასხუპით ყველა ბადრაგმა როდი იცოდა. ნებისმიერი არითმეტიკული მოქმედება, რომელსაც ჩაატარებ ყინვაში და თანაც ცოცხალ მასალაზე, - სერიოზული რამ არის. პატიმართა მოთმინების ფიალა შეიძლება ანაზდად აივსოს და უფროსობა ანგარიშს უწევდა ამ გარემოებას.

წინდები, შარფები, ხელთათმანები, „სამოქალაქო“ შარვლები ძვირად უღიდათ იმ ადამიანებს, წლობით რომ იცვამდნენ მარტოოდენ სახაზინო ტანსაცმელს. წინდები შეიძლება შეაკეთო, დაკემსო - ასე თამბაქოსაც იშივი და პურსაც.

გამახსენდა ძველისძველი ჩრდილოური ლეგენდა ღმერთზე, რომელიც ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, როდესაც ტაიგას ჰქმნიდა. საღებავები ბევრი არ ჰქონდა, მაგრამ ბავშვურად სუფთა იყო, ნახატები - უბრალო და ნათელი, მათი სიუჟეტები - სადა და გულუბრყვილო. მერე, როდესაც ღმერთი წამოიზარდა და დავაჟკაცდა, მან ისწავლა გამოეჭრა თავისებურად მოხატული ფოთლები, გამოიგონა უთვალავი ფერადოვანი ფრინველები, ღმერთს მობეზრდა ბავშვური სამყარო, თოვლი დააყარა თავის ნახელავ ტაიგას და სამუდამოდ გადასახლდა სამხრეთში. ასე მოგვითხრობს ლეგენდა.

კეთროვნები

ფედორენკო მკურნალობდა, მაგრამ უნაყოფოდ, რადგან ყოველი ავადმყოფი ხომ ებრძოდა მკურნალობას, როგორც შეეძლო და როგორ ახერხებდა.

ბობოქრობდა საავადმყოფო. მთელი საავადმყოფო აწრიალებულიყო. ისინიც კი შფოთავდნენ, ვისი სულიც, დაკითხვებზე დაუნდობელი ცემა-ტყეპის წყალობით, გადაქცეულიყო ათასი დაკითხვის ნეშტად, ხოლო სხეული დამსხვრეოდათ, გატანჯოდათ უკიდურესად გაუსაძლისი მუშაობით. ისინიც კი შფოთავდნენ, ვისაც ოცდახუთი წელი ჰქონდათ მისჯილი და ამ ვადის დასასრულამდე ცოცხლებში დარჩენა შეუძლებელი იყო. ყველანი ძრწოდნენ, ღრიალებდნენ, წყევლიდნენ ფედორენკოს, კეთრის შიშით ცახცახებდნენ.

უკანასკნელი ბრძოლა მაიორ პუგაჩოვისა

შორეულ ჩრდილოეთში თვეები ხომ წლებად ითვლება - იმდენად მდიდარია გამოცდილება, რომელსაც ადამიანი იქ იძენს.

დაპატიმრებანი ოცდაათიან წლებში იყო შემთხვევით განწირულ ადამიანთა დაპატიმრებანი. ისინი მსხვერპლად შეეწირნენ ყალბსა და საზარელ თეორიას - სოციალიზმის განტმკიცებასთან ერთად კლასობრივი ბრძოლაც უფრო და უფრო ჩაღდებაო.

საყოველთაო გამაერთიანებელი იდეის უქონლობა ძალზე ასუსტებდა პატიმართა მორალურ სიმტკიცეს. ისინი არც ხელისუფლების მტრები ყოფილა და არც სახელმწიფო დამნაშავენი. და ისე კვდებოდნენ, ვერაფრით ვერცა ხვდებოდნენ, რატომ უნდა მომკვდარიყვნენ. არაფერი ებადათ სულში, რასაც შეიძლება დაყრდნობოდა მათი თავმოყვარეობა და გულისწყრომა. ერთმანეთისგან გათიშულნი კვდებოდნენ კოლიმის თოვლიან უდაბნოში - შიმშილით, სიცივით, მრავალსაათიანი შრომით, ცემა-ტყეპისა და სნეულებათაგან. ისინი ერთბაშად გაიწაფნენ იმაში, რომ ერთმანეთს არ გამოჰქომაგებოდნენ, ერთიმეორისათვის მხარი არ დაეჭირათ. უფროსობაც ხომ ამას ესწრაფოდა. ცოცხლად დარჩენილთა სულებმა განიცადეს სრული გახრწნა, ხოლო მათ სხეულებს არ მოეპოვებოდათ ფიზიკური მუშაობისათვის საჭირო თვისებანი.

ბრიგადული შრომის რამდენიმე კვირა საკმარისი იყო იმისათვის, რომ გაქცევა ვეღარც კი დაგსიზმრებოდა.

ჩრდილოეთში ნეტა ვის ძალუძს ზუსტად თქვას, რას ჰქვია ადრე და რას ჰქვია გვიან.

რუსულიდან თარგმნა: თამაზ ნატროშვილმა
გამომცელობა „ინტელექტი“

Vangogen • ვანგოგენი

Instagram