იოსებ გრიშაშვილი - საგულისხმო ნიშნები

ამ ბოლო დროს ქართველი ინტელიგენციის ცხოვრებაში ერთმა მნიშვნელოვანმა ტენდენციამ იჩინა თავი - იგი ფრიად საგულისხმოა და ერთგვარს საიმედო ნიშნების მომცემი.

მე ვგულისხმობ იმ პარადს, რომელსაც განსაკუთრებით ლიტერატურული წრეები უმართავენ წარსული საუკუნის ქართულ ინტელეკტისა და ნიჭის წარმომადგენელთ. - ეს იუბილეები, მოგონებები, გახსენებები, მოხსენებები და ლექციებია იმათ შესახებ, რომლებმაც შეჰქმნეს ახალი საქართველოს სახე.

ჩვენში რომ დამოუკიდებელ აზროვნებას უფრო მეტი მკვიდრი ნიადაგი ჰქონდეს და ჩვენი ცხოვრება სათანადოდ ტარდებოდეს ეროვნულ ცხოვრების მეტაფიზიკის ასპექტში, ამ მოვლენას თავისი ფილოსოფიური ახსნა ექნებოდა და მდიდარს პერსპექტივასაც მოგვცემდა როგორც წარსულისას ისე, რაც უფრო საინტერესოა, მომავლისას.

ყოველ შემთხვევაში ერთი დიდი ფაქტის წინაშე ვდგევართ: დღევანდელი ქართული ინტელიგენცია ნებსით თუ უნებლიედ იძულებულია უკან მოიხედოს და ერთგვარი ხიდი გასდოს იმ ახლოსა და შორეულ წარსულთან, რომელიც კარგად თუ ცუდად საზღვრავს ჩვენს ეროვნულ სახეობასა და აზროვნებას. ტყუილი გამოდგა ზოგიერთების მოუმწიფებელი ცდა წარსულთან ყოველნაირი კავშირის გაწყვეტისა და ხელაღებული უარყოფის პრინციპების აღიარებისა. ჩვენს საზოგადოებრივ შეგნებას როგორც მოსალოდნელი იყო მეტი ძალა და ენერგია აღმოაჩნდა თავის ეროვნულ სალაროში, ვინემ ეს ეგონათ იმათ, რომელნიც ფიქრობდნენ სრულიად ახალი ისტორიის დაწყებას ქართულ ინტელექტუალურ ცხოვრებაში.

ეს გარემოება დიდი საბუთია საქართველოს იმედებისა. დღეს თუ „მოშინაურების“ ხაზია გაბატონებული საქართველოში, ეს წყალობაა იმ უხილავის ქართული გენიისა, რომელმაც მისცა კატეგორიული ქართული სახეობა ჩვენი ისტორიის უტვალავ საუკუნეთა განმავლობას. ამ გენიისაგან არიან: დიმიტრი ყიფიანი - ეს უკანასკნელი რაინდი ქართული გულუბრყვილო და ტრაღიკული, მაგრამ დიდი რწმენისა, ილია ჭავჭავაძე - ეს მე-19 საუკუნის საქართველოს რენესანსის დიდი ბურჯი და „ახალი ბედის“ პირველი მესაჭე, აკაკი წერეთელი - ეს თავისუფალი და დამოუკიდებელი, ჯერ კიდევ დაუფასებელი, სიტყვა ქართული, ვაჟა ფშაველა - ეს მსოფლიო მასშტაბის ორიგინალი სული საქართველოის, რომელსაც არა ჰქონია, არ აქვს და არ ექნება განმეოერება არსად ქვეყნიერებაზე...

რა თქმა უნდა, ამათ გარეშე ნაბიჯსაც ვერ წარსდგამდა წინ ქართული აზრი და ლიტერატურა. და ის გარემოება, რომ ქართული მწერლობა დღეს ასეთის გულმოდგინებით იმზირება ამ სახელებისკენ, აღნიშნავს ისეთ ღრმა გარდატეხას ახალს ლიტერატურაში, რომელსაც მხოლოდ შეუძლია დიდი ნაყოფის მოცემა მომავალში.

ამ უღელტეხილზე უნდა გადავიდეს ჩვენი გამარჯვების გზა.

უცილობელია, რომ ჩვენი მე-20 საუკუნე ჯერ კიდევ ვერ დამდგარა მკვიდრ ნიადაგზე. გასაგები იყო მისი განთიადი, - ბურუსიანი და ნისლ გადაკრული, გაურკვეველი სახისა. მისებურად თენდებოდნენ წარსული საუკუნოებიც. მე-20 საუკუნის შუადღე ჩვენ უკვე გვწამს არა მხოლოდ ფიგურალურად. მის მზიანს და მხურვალე გულმკერდზე აინთები ახალი საქართველოს გენია და მისგან ჩვენი მზერის მახვილი უკვე თამამად მიწვდები შორეულსა და ახალ ჰორიზონტებს.

გაზ. „ლომისი“, 1922, #10

Vangogen • ვანგოგენი

Instagram