დავით კაკაბაძე - ჩვენი გზა

(ფრაგმენტები)

[...] მხატვრობას მხოლოდ მაშინ შეუძლია აღორძინების გზას დაადგეს, როდესაც იგი მხოლოდ წმინდა მხატვრულ მიზნებს ემსახურება. ეს ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს. რითი განირცევა მხატვრობა ხელოვნების სხვა დარგებისგნა, თუ არა თავისი მხატვრული მიზნით?

[...] მხატვრობის საშუალება, რომლითაც იგი თავის ფორმას ქმნის, არის ფერადები და ნახაზობა. იდეა კი მხოლოდ აზრია ყველა ხელოვნებისა, და ამიტომ ის ყოველ შემოქმედების ნაწარმოებში არსებობს. ფერადები და ნახაზობა მხატვრული საშუალებანია იდეის გამოსახატავად [...] მხატრულ შემოქმედებას მაშინ ექნება ნამდვილი მხატვრული სახე, თუ კი ის მხატვრულ ფორმაში იქნება ჩამოსხმული. რა ნაწარმოებია ის, თუ ფორმა არ უვარგა [...]

ჩვენი ახალი მწერლობა თითქმის უკვე დაადგა თავის ბუნებრივ გზას. „ცისფერი ყანწებით“ იწყება ეს ხანა. მათ მიზნადა აქვთ დასახული, რომ მწერლობა წმინდა მიზნებს ემსახურებოდეს. სცდილობენ გააღრმავონ თანამედროვე პოეზიის ფორმა, მისცენ პოეზიას ნამდვილი მისი მოხაზულობა და ეძიებენ ქართულ პოეზიის სიტყვის სიძლიერეს. ამ ხაზამდე მხატვრობა და თანამედროვე პოეზია ერთად უნდა მიდიოდნენ. „ყანწელების“ შეხედულება ეროვნულ სულზე ჩვენი ხელოვნების თვისებაზედ და ამ ნიადაგზედ დამყარება თავისი შემოქმედებისა, ჩვენ მიგვაჩნია მიუღებლად. თავის შემოქმედებას „ყანწელები“ ამართლებენ შკოლის საშუალებით, სახელდობრ სიმბოლიზმით. შემოქმედებას უნდა ამართლებდეს თვით მისი ნაწარმოები, მისი ფორმა. მათ სთქვეს „ქართველ ხალხს უყვარს ნიღაბი. სიმბოლიზმი სწორედ ფილოსოფიაა ამ ნიღბისა, ამიტომ სიმბოლიზმი ჩვენში აუცილებელია“. კიდევ ამბობენ: „ცისფერი ყანწები“ სიმბოლიურად აღნიშნავენ ჭეშმარიტ ქართულ მსოფლმხედველობასო. ჩვენ კი ვიტყვით, რომ ქართულ სულს სრულებით არ შეეფერება ამგვარი სიმბოლიზმის ნიღაბი და სიმბოლიზმის აუცილებლობა ჩვენში მეტად საეჭვოა. ჩვენი მხატვრობა, ხუროთმოძღვრება, მქანდაკებლობა და მწერლობა ამას მოწმობს [...]

ჟ. „შვიდი მნათობი“, 1919 #1

Vangogen • ვანგოგენი

Instagram