ჰერბერტ უელსი - ინტერვიუ სტალინთან

1934 წლის ოქტომბერში, ბრიტანულ გაზეთ „The New Stateman and Nation”-ში ბრიტანელი მწერლის ჰერბერტ ჯ. უელსის მიერ სტალინთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოქვეყნდა. (ამონარიდები ინტერვიუდან) 

უელსი: ბატონო სტალინ, გულწრფელად მოხარული ვარ, ჩემთან სეხვედრას და ინტერვიუს რომ დათანხმდით. ახლახან ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმყოფებოდი და პრეზიდენტ რუზველტთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. ბუნებრივია, მისი უმთავრესი პრინციპებისა და მიზნების გარკვევასაც შევეცადე. ახლა თქვენ მოგმართავთ კითხვით, თუ როგორ მოქმედებთ და რა მიზნები გამოძრავებთ მსოფლიო წესრიგის შეცვლის კუთხით.

სტალინი: მადლობად არ ღირს.

[...]

უელსი: შეერთებულ შტატებში ვიზიტმა ჩემში ცნობიერების გარდატეხა მოახდინა. იქ ხომ დრომოჭმული ეკონომიკური ცხოვრება რეორგანიზაციას განიცდის. ლენინმა თქვა: „ჩვენ კაპიტალისტებისგან ბიზნესის კეთება უნდა ვისწავლოთ“. დღესდღეობით კი კაპიტალისტებმა თქვენგან უნდა ისწავლონ ბევრი რამ, შეიცნონ სოციალიზმის არსი, ვინაიდან, ვფიქრობ, რომ რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, ეს ძირეული რეორგანიზაციაა და ძლიერ წააგავს დაგეგმილი ეკონომიკის შექმნის მცდელობას. თქვენ და რუზველტს ბევრ საკითხზე განსხვავებული თვალსაზრისი გაგაჩნიათ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხომ არ არსებობს რაიმე კავშირი ან იდეური სიახლოვე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის? ჩემდა გასაკვირდა, ვაშინგტონში დავინახე ის, რასაც ახლა აქ ვხედავ: ფუნქციონირებს ოფისები, იქმნება მთელი რიგი ახალი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოები, თავისი ბიუროკრატიული აპარატით, რაც ფრიად მნიშვნელოვანია. თქვენც, ისევე როგორც ჩვენ, მართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების დაუფლება გესაჭიროებათ.

სტალინი: ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს განსხვავებული მიზნები ამოძრავებთ. ამერიკელების მამოძრავებელ მიზანს ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა წარმოადგენს. ამერიკელებს სურთ, კერძო კაპიტალისტური საქმიანობით თავი დააღწიონ კრიზისს ისე, რომ საკუთარი ეკონომიკის საფუძვლები უცვლელი დატოვონ. ისინი ცდილობენ, მოქმედი ეკონომიკური სისტემით გამოწვეული დანაკარგები მინიმუმამდე დაიყვანონ. მაგრმა აქ, საბჭოთა კავშირში, როგორც მოგეხსენებათ, დრომოჭმული ეკონომიკური საფუძვლების ნაცვლად, სრულიად განსხვავებული და ახალი საფუძვლები შეიქმნა. ის ამერიკელებიც კი, რომლებიც თქვენ ახსენეთ, თავიანთ მიზანს ნაწილობრივ მაინც თუ მიაღწევენ, ანუ, დანაკარგებს მინიმუმამდე შეამცირებენ, იმ ანარქიის ფესვებს მაინც ვერ ამოძირკვავენ, რაც კაპიტალისტური სისტემის თანმხლებ პროცესს წარმოადგენს. ვინაიდან, ისინი არსებული ეკონომიკური სისტემის შენარჩუნებას ცდილობენ, რაც თავისთავად, წარმოების ანარქიას იწვევს. ასე რომ, ამ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალი საზოგადოების რეორგანიზაციაა, ძველი სოციალისტური სისტემის გაუქმების გზით, რომელიც ანარქიისა და კრიზისის სათავეა, და არა ზოგიერთი ნეგატიური ასპექტისა და უკანონობის აღკვეთა. შესაძლოა, ამერიკელებს მიაჩნიატ, რომ საზოგადოების რეორგანიზაცია შეძლეს; თუმცა, ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ისინი ძველი საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძვლების შენარჩუნებას უწყობენ ხელს. ესაა მიზეზი, რის გამოც იქ საზოგადოების რეორგანიზაცია არ მიმდინარეობს.

ვერც ეკონომიკური დაგეგმვა მოხერხდება. რა არის დაგეგმილი ეკონომიკა? რომელია მისი უმთავრესი მახასიათებელი? დაგეგმილი ეკონომიკის უმთავრესი მახასიათებელი უმუშევრობის აღმოფხვრაა. დავუშვათ შევძელით, კაპიტალისტური სისტემის პირობებში, დროებით უმუშევრობის მინიმუმამდე შემცირება. მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, კაპიტალისტები არ იქნებიან მზად და ვერც შეძლებენ უმუშევრობის საბოლოო აღმოფხვრას, უმუშევართა მთელი არმიის დასაქმებას, რადგან მათი მოქმედების პრინციპია შრომის ბაზარზე ზეწოლა, იაფი მუშახელის ხელში ჩაგდების მიზნით. ეს ბურჟუაზიული საზოგადოების „დაგეგმილი ეკონომიკის“ იჯარის ერთ-ერთი ფორმაა. [...] თუ კაპიტალიზმისგან არ გავთავისუფლდებით და საწარმოო საშუალებებზე კერძო საკუთრების პრინციპს არ გავაუქმებთ, დაგეგმილი ეკონომიკის შექმნა შეუძლებელი იქნება.

უელსი: თქვენს მოსაზრებას მეტწილად ვეთანხმები. მაგრამ ერთ განსხვავებულ ასპექტს მინდა გავუსვა ხაზი: თუ ქვეყანა დაგეგმილი ეკონომიკის პრინციპს დათანხმდება, თუ ხელისუფლება ეტაპობრივად დაიწყებს ამ პრინციპის განხორციელებას, ფინანსური ოლიგარქია საბოლოოდ თავისთავად მოისპობა და მივიღებთ სოციალიზმს, ამ სიტყვის ანგლოსაქსური გაგებით. რუზველტის მიერ ჩამოყალიბებული „ახალი კურსი“ („New Deal“) გაცილებით ეფექტურად მეჩვენება და ვფიქრობ, საქმე სოციალისტურ იდეასთან უნდა გვქონდეს. მიმაჩნია, რომ ორ სამყაროს შორის დაპირისპირების გაძლიერების ნაცვლად, დღევანდელ ვითარებაში, უმჯობესი იქნებოდა საერთო ენა გამოგვენახა და ძალები ქვეყნის მშენებლობისკენ მიგვემართა.

სტალინი: როდესაც ვთქვი, რომ შეუძლებელია დაგეგმილი ეკონომიკის პრინციპები განხორციელდეს, თუკი კაპიტალიზმის ეკონომიკურ საფუძვლებს დროებით მაინც შევინარჩუნებთ, ამით არ მსურდა რუზველტის პიროვნული თვისებებისთვის, მისი გამბედაობისა და ინიციატივისთვის ხაზი გადამესვა. რუზველტი, უდავოდ, თანამედროვე კაპიტალისტურ სამყაროს ლიდერთა შორის, გამორჩულად ძლიერი ფიგურაა. ამიტომაც მინდა ერთ ასპექტს კიდევ გავუსვა ხაზი: დაგეგმილი ეკონომიკის არსებობა კაპიტალიზმის პირობებში უბრალოდ შეუძლებელია, რაც იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტ რუზველტის შესაძლებლობებში, სიმამაცესა და ნიჭში ეჭვი მეპარება. მაგრამ ასეთ არასახარბიელო ვითარებაში ყველაზე ნიჭიერი ლიდერიც კი ვერ მიაღწევს მიზანს, რაც თქვენ ასე გაღელვებთ. თეორიულად, რა თქმა უნდა, არსებობს შანსი, რომ კაპიტალიზმის პირობებში ეტაპობრივად იმ მიზნისკენ წავიწიოთ, რასაც თქვენ სოციალიზმს უწოდებთ, ოღონდ ამ სიტყვის ანგლოსაქსური გაგებით. მაგრამ, რაში მდგომარეობს ამგვარი „სოციალიზმის“ არსი? უკეთესს შემთხვევაშიც, გარკვეულწილად, მაინც მოგვიწევს სარგებლიანობაზე დაფუძნებული კაპიტალიზმის ყველაზე აღვირახსნილი ასპექტების შენარჩუნება. ამასთან, თუ რუზველტი ან თანამედროვე ბურჟუაზიული სამყაროს რომელიმე სხვა ლიდერი რაიმე ინიციატივით გამოვა, ეს კაპიტალიზმის საფუძვლებს შეეწინააღმდეგება და მარცხისთვის იქნება განწირული. არც ბანკები, არც წარმოებები, არც მსხვილი ფირმები და არც დიდი საწარმოები რუზველტის ხელში არ არის. ყველა ამ შემთხვევაში, საქმე კერძო საკუთრებასთან გვაქვს. რკინიგზა და სავჭრო ფლოტები მთლიანად კერძო მესაკუთრეების ხელშია. დაბოლოს, კვალიფიციურ ინჟინერთა, მექანიკოსთა და მუშათა მთლი არმია რუზველტის დაქვემდებარებაში სრულად არ არის, მათ კერძო მესაკუთრეები აკონტროლებენ; ისინი კერძო მესაკუთრეებისთვის მუშაობენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა ფუნქციები გააჩნია სახელმწიფოს ბურჟუაზიულ სამყაროში. სახელმწიფო ის ინსტიტუციაა, რომელიც ქვეყნის თავდაცვას უზრუნველყოფს და „წესრიგის“ შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი; ასევე, ის გადასახადების ამკრები აპარატია. კაპიტალისტურ სახელმწიფოს „ეკონომიკა“ დიდად არ აღელვებს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით; ეკონომიკა კი არაა სახელმწიფოს ხელში, არამედ პირიქით, სახელმწიფოა კაპიტალისტური ეკონომიკის ხელში. ამიტომაც ვშიშობ, რომ მთელი თავისი ძალისხმევისა და შესაძლებლობების მიუხედავად, რუზველტი ვერ შეძლებს იმ მიზნის მიღწევას, რაზეც თქვენ მიანიშნებდით. იქნებ, რამდენიმე თაობის შემდეგ, ამ მიზანთა მიახლოების პირობები გაჩნდეს, თუმცა, პირადად მე ამის ნაკლებად მჯერა.

უელსი: [...] სოციალიზმი და ინდივიდუალიზმი ერთმანეთისგან არც ისე ძლიერ განსხვავდება, როგორც თეთრი და შავი. მათ შორის ბევრი შუალედური ეტაპია: არსებობს ინდივიდუალიზმი, რომელიც ყაჩაღობას ესაზღვრება, მაგრამ არსებობს დისციპლინა და ორგანიზება, რაც სოციალიზმის ეკვივალენტურია. დაგეგმილი ეკონომიკის დანერგვა მეტწილად დამოკიდებულია ეკონომიკის ორგანიზატორებზე, იმ ტექნიკურად მომზადებულ ინტელიგენციაზე, რომელსაც სოციალისტური პრინციპების ეტაპობრივი მართვის უნარი შესწევს. და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სოციალიზმს წინ უსწრებს სწორი ორგანიზება, რომლის გარეშეც სოციალისტური იდეა მნიშვნელობასაა მოკლებული.

სტალინი: არ არის და არც უნდა იყოს შეუსაბამობა ინდივიდუალურსა და კოლექტიურს, პირად ინტერესებსა და კოლექტიურ ინტერესებს შორის. სოციალიზმი არ შეიძლება ინდივიდუალური ინტერესებისგან შორს იდგეს, რადგან სწორედ სოციალისტურ საზოგადოებას შეუძლია ამ ინტერესების სრულად დაკმაყოფილება. უფრო მეტიც, მხოლოდ სოციალისტურ საზოგადოებას თავად შეუძლია ინდივიდუალური ინტერესების სტაბილურად დაცვა. აქედან გამომდინარე, სოციალისტურ საზოგადოებაში არ არსებობს შეურიგებელი კონტრასტი ინდივიდუალიზმსა და სოციალიზმს შორის. ახალა, რაც შეეხება კაპიტალისტურ სისტემას, განა შეიძლება უარვყოთ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ბურჟუაზიას, პროლეტარიატსა და კაპიტალისტებს შორის? ერთი მხრივ, მდიდარი კლასი ბანკებს, საწარმოებს, საბადოებს, სატრანსპორტო საშუალებებს, კოლონიებს ფლობს. ეს ის ხალხია, ვინც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესებისა და სარგებლიანობის სადარაჯოზე დგას. კოლექტიურ ნება-სურვილს ისინი არასდროს ემორჩილებიან, პირიქით, ცდილობენ, რაც კი კოლექტიურია, საკუთარ ნება-სურვილს დაუქვემდებარონ. მეორე მხრივ, ღატაკთ ექსპლოატირებული კლასი, რომელიც არც საწარმოებს, არც ბანკებსა და არც სახელოსნოებს ფლობს, იძულებულია საკუთარი სამუშაო ენერგია კაპიტალისტს მიჰყიდოს და მაინც მოკლებულია ელემენტარულ საარსებო პირობებს. როგორ უნდა მოევლოს ინტერესთა ასეთ დაპირისპირებას? რამდენადაც ვიცი, რუზველტმა ორივე მხარისთვის მისაღები გზის გამონახვა ვერ შეძლო. და, როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ასეთი რამ შეუძლებელიც კია. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული სიტუაცია თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რადგან მე იქ არასდროს ვყოფილვარ და ამერიკსი საქმეებს მხოლოდ წერილობითი მასალებით ვეცნობი. მაგრამ მე სოციალიზმისათვის ბრძოლის გარკვეული გამოცდილება გამაჩნია და სწორედ ეს გამოცდილება მკარნახობს, რომ თუ რუზველტი კაპიტალისტური კლასის ხარჯზე ცდილობს პროლეტართა ინტერესების დაკმაყოფილებას, მაშინ პრეზიდენტი კაპიტალისტების ხელითვე შეიცვლება. კაპიტალისტები იტყვიან: პრეზიდენტები მოდიან და მიდიან, ხოლო ჩვენ მუდამ წინ მივდივართ; თუ ესა თუ ის პრეზიდენტი ჩვენს ინტერესებს არ დაიცავს, მაშინ მის შემცვლელს მოვძებნით. განა შესაძლებელია, ასეთ პირობებში, პრეზიდენტი კაპიტალისტების ნებას წინ აღუდგეს?

უელსი: [...] ჩემი აზრით, არსებობს კვალიფიცირებული პირებისაგან შემდგარი მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომელიც აღიარებს, რომ არსებული სისტემა არადამაკმაყოფილებელია. ისინი მომავალ კაპიტალისტურ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ისახავენ მიზნად. უკანასკნელი წლები ამ საკითხის კვლევას დავუთმე და ვფიქრობ, რომ ინჟინრების, მფრინავების, სამხედრო ტექნიკური პერსონალისა და სხვა პროფესიულ წრეებში სოციალიზმისა და კოსმოპოლიტიზმის იდეის პროპაგანდაა საჭირო. მაგრამ, ამ წრეებთან საომარი და კლასობრივი პროპაგანდის მიზნით მისვლას აზრი არ აქვს. ვსაუბრობ ისეთ პირებზე, რომელთაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე სრულყოფილი წარმოდგენა აქვთ. მათ ესმით, რომ ასეთ შემთხვევაში საუბარია სისხლიან ქაოსზე, ამიტომ თვლიან, რომ თქვენ მიერ წამოყენებული კლასობრივი ანტაგონიზმი და საომარი დაპირისპირება მიუღებელია.

სტალინი: ვხედავ, რომ თქვენ კაცობრიობის მდიდრებად და ღარიბებად კლასიფიცირების წინააღმდეგი ხართ. რასაკვირველია, საშუალო ფენაც არსებობს; გვყავს თქვენ მიერ ხსენებული ტექნიკური ინტელიგენცია, რომელიც ბევრ პატიოსან და ღირსეულ ადამიანს აერთიანებს. თუმც, მათ შორის არაკეთილსინდისიერები და წამხდრებიც არიან. აქ ყველა რჯულის ადამიანს შევხვდებით. მაგრამ დღსავით ნათელია, რომ უპირველეს ყოვლისა, კაცობრიობა მდიდრებად და ღარიბებად, მესაკუთრეებად და ექსპლოატირებულებად იყოფა; მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული და ამ ფუნდამენტური დაყოფისა და ანტაგონიზმის იგნორირება სწორედ ამ ფუნდამენტური ფაქტის უარყოფას ნიშნავს. არ   ვამბობ, რომ საშუალო ფენა არ არსებობს, არც იმას ვგულისხმობ, რომ ეს საშუალო ფენა კონფლიქტში მყოფი ერთი ან მეორე კლასის მხარეს დაიჭერს ან ამ ბრძოლაში ნეიტრალურ, ან ნახევრად ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს. თუმცა, ვიმეორებ, რომ საზოგადოების ასეთი ფუნდამენტური დაყოფისა და ამ ორ ძირითად კლასს შორის ფუნდამენტური დაპირისპირების უარყოფა ფაქტების იგნორირებას ნიშნავს. ეს ბრძოლა მიმდინარეობს და არც შეწყდება. ამ ბრძოლის შედეგს პროლეტარიატის კლასი, მშრომელთა კლასი განსაზღვრავს.

[...]

უელსი: როცა დასავლეთში კომუნისტურ პროპაგანდას ვადევნებ თვალს, მეჩვენება, რომ სადღეისოდ ეს პროპაგანდა უკვე მოძველებულია, რადგან ამბოხების პროპაგანდას უფრო ჰგავს. სოციალური სისტემის ძალადობრივი დამხობისკენ მიმართული პროპაგანდა კარგად მუშაობდა ტირანიის წინააღმდეგ. მაგრამ დღევანდელ ვითრებაში, თუ სისტემა მოშლილია, მთავარი აქცენტი მის გამოჯანმრთელებაზე - ეფექტურობის, კონკურენციის ან თუნდაც პროდუქტიულობის გაზრდაზე უნდა გაკეთდეს და არა ამბოხებაზე. ჩემი აზრით, ამბოხების დაჟინებული მოთხოვნა უკვე დრომოჭმულია. დასავლეთში კონსტრუქციული სულისკვეთების ადამიანებისთვის კომუნისტური პროპაგანდა მოსაწონიცაა.

სტალინი: რასაკვირველია, ძველი სისტემა მთლიანად მოშლილია. ამაში ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ, ისიც ცხადია, რომ ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ნებისმიერი გზითა და საშუალებით ეს მოძველებული, დამბლის პირას მყოფი სისტემა გადაარჩინონ. [...] რევოლუცია, ერთი სოციალური სისტემის მეორეთი შეცვლა, მუდამ ბრძოლასთან, სასტიკ და მტკივნეულ ბრძოლასთან, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლასთან იყო დაკავშირეუბლი.

[...] დიახ, თქვენ მართებულად ბრძანეთ, რომ ძველი სოციალური სისტემა იშლება; მაგრამ, ეს სისტემა თავისთავად არ ირღვევა. მაგალითისათვის ავიღოთ ფაშიზმი. ფაშიზმი რეაქციული ძალაა, რომელიც ცდილობს, ძველი სამყარო ძალადობის გზით შეინარჩუნოს. რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? პოლემიკა გავმართოთ მათთან? მათი გადარწმუნება ვცადოთ? ასე ხომ მათზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოვახდენთ. კომუნისტები ძალადობრივ მეთოდებს, გარკვეულწილად, მიესალმებიან. ისიც ცხადია, რომ არ სურთ მოულოდნელი თავდასხმის ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ. მათ არ სწამთ, რომ ძველი სამყარო ისტორიის ავანსცენას ნებაყოფლობით დატოვებს და ისიც იციან, რომ ძველი სამყარო საკუთარ თავს ძალადობრივი გზით მაინც დაიცავს; ამიტომაც, კომუნისტები მუშათა კლასს მოუწოდებენ: ძალადობას ძალადობითვე ებრძოლე; გააკეთე ყველაფერი, რისი უნარიც შეგწევს, რათა იმ ძველმა რეჟიმმა სულს რომ ღაფავს, სრულად არ გაგანადგუროს; ნუ დაუშვებ, რომ ხელები შეგიკრან, ის ხელები, რომლითაც ძველი სისტემა უნდა დაამხო. როგორც ხედავთ, კომუნიზმს მიაჩნია, რომ ერთი სოციალური სისტემის მეორით შეცვლა არა სპონტანური და მშვიდობიანი, არამედ ხანგრძლივი, ძალადობრივი და კომპექსური პროცესია. კომუნისტებს ფაქტების იგნორირება არ ძალუძთ.

[...] კომუნისტებს მდიდარი ისტორიული გამოცდილება მოსდგამთ, რაც ცხადყოფს, რომ დრომოჭმული კლასები ისტორიის ავანსცენას ნებაყოფლობიტ არ ტოვებენ [...] მაგალითს ჩვენივე ისტორიიდან მოვიყვან. განა ცხადი არ იყო, რომ ცარისტული სისტემა დიდი ხნის მანძილზე იშლებოდა, იძირებოდა? და მაინც, რამდენი სისხლი დაიღვარა ამ რეჟიმის დასამხობად. და ოქტომბრის რევოლუცია? გგონიათ, არ იყო ხალხი, ვინც კარგად იცოდა, რომ ჩვენ, ბოლშევიკები, ერთადერთ და სწორ გამოსავალს ვუთითებდით? განა ნათელი არ იყო, რომ რუსული კაპიტალიზმი ირღვეოდა? მაგრამ რომ იცოდეთ, რამდენი სისხლი დაიღვარა ოქტომბრის რევოლუციის მტრებისგან დასაცავად.

ან თუნდაც XVIII საუკუნის მიწურულის საფრანგეთი ავიღოთ. უკვე 1789 წლამდე ბევრისთვის ნათელი გახდა, თუ რა ძირგამომპალი იყო ფეოდალური სისტემა, სამეფო ძალაუფლება. თუმცა, სახალხო აჯანყება, კლასების დაპირისპირება თავიდან ვერ აიცილა. რატომ? იმიტომ, რომ ოდესღაც გაბატონებული კლასები იძულებულნი გახდნენ ისტორიის ავანსცენა დაეტოვებინათ, რადგან დარწმუნდნენ, რომ მათი როლი უკვე ამოიწურა. თუმცა, ძალაუფლებას ვერ ელეოდნენ და მაინც ჰქონდათ იმედი, რომ ნგრევის პირას მისული ძველი რეჟიმის შენობის ბზარები შესაძლოა აღმდგარიყო, შეკეთებულიყო და ამ გზით გადარჩენილიყვნენ. ამიტომაცაა, რომ გაბატონებული კლასები, უფსკრულის პირას მდგარნიც კი, იარაღს და ყველა სხვა საშუალებას მიმართავენ, რათა ძალაუფლება შეინარჩუნონ.

[...]

უელსი: მადლობას მოგახსენებთ თქვენი საუბრისთვის, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამ საკითხებზე მსჯელობამ, ალბათ, გაგახსენათ, თუ როგორ განმარტავდით სოციალიზმის საფუძვლებს არალეგალურ შეკრებებზე რევოლუციამდელ რუსეთში. ახლა კი მთელ მსოფლიოში არსებობს ორი პიროვნება, რომელთა სიტყვას მილიონობით ადამიანი უგდებს ყურს. ეს პიროვნებები ბრძანდებით თქვენ და რუზველტი. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით შემეკამათებიან, მაგრამ რაც უნდა თქვან მათ, მსგავს ყურადღებას ვერასდროს დაიმსახურებენ. ჯერ კიდევ ვერ ვახერხებ სათანადოდ შევაფასო ის, რაც თქვენს ქვეყანაში გაკეთდა, რადგან მხოლოდ გუშინ ჩამოვედი. მაგრამ ჯანსაღი ქალებისა და მამაკაცების ბედნიერი სახეები დავინახე და მივხვდი, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ის, რაც კეთდება. თუ დღევანდელ სიტუაციას 1920 წელს არსებულ მდგომარეობას შევადარებთ, საოცარი კონტრასტი შეინიშნება.

სტალინი: და მაინც, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა, ბოლშევიკები უფრო ჭკვიანები რომ ვყოფილიყავით.

უელსი: ბოლშევიკები კი არა, ადამიანები რომ ყოფილიყვნენ უფრო ჭკვიანები. ურიგო არ იქნებოდა ადამიანის ტვინსი რეკონსტრუქციისთვისაც შემდგარიყო ხუთწლიანი გეგმა და ამ გზით დაგვემყარებინა სოციალურად სრულყოფილი საზოგადოებრივი წყობა (იღიმიან).

გამომცემლობა „პალიტრა L”, 2014წ.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram