ორჰან ფამუქი - ალბერ კამიუ

წიგნის წაკითხვიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გვენატრება გრძნობა, რომელიც კითხვისას დაგვეუფლა; მის სამყაროში დაბრუნება გვსურს. როდესაც ამა თუ იმ მწერალს ვეჩვევით, ვეჩვევით არა იმიტომ, რომ მან იმ სამყაროს კარი გაგვიღო, რომელიც მუდამ თან გვდევს, არამედ იმიტომაც, რომ გვაქცია იმად, რაც ვართ. დოსტოევსკისა და ბორხესთან ერთად, ჩემთვის კამიუც ასეთ მწერალთა რიგს განეკუთვნება. 

ასეთი მწერლების ნაწარმოებებს მრავლისმომცველ და მრავლისმთქმელ გარემოში შევყავართ, ვხვდებით, რომ მეტაფიზიკური სტრუქტურის მქონე ნებისმიერ ნაწარმოებს - ცხოვრების მსგავსად - უკიდეგანო შესაძლებლობები აქვს. როდესაც ასეთი მწერლების ნაწარმოებებს სიყმაწვილეში, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ეცნობი, ისინი შთაგაგონებენ და წიგნების წერის სურვილსაც გიჩენენ.

მამის, პროფესიით მშენებელი ინჟინერის რჩევით, კამიუ დოსტოევსკისა და ბორხესზე ადრე, თვრამეტი წლის ასაკში წავიკითხე. 1950-იან წლებში, როდესაც გამომცემლობა „გალიმერი“ ერთმანეთის მიყოლებით ბეჭდავდა კამიუს წიგნებს, მამა თუ პარიზში არ იმყოფებოდა და მათი პირადად ყიდვის საშუალება არ ჰქონდა, ყოველთვის იწერდა მათ. წიგნებს დიდი ყურადღებით კითხულობდა და შემდეგ სიამოვნებით საუბრობდა მათ შესახებ. ხანდახან „აბსურდის ფილოსოფიის“ ახსნასაც ცდილობდა, მაგრამ ვერც მის არსს და ვერც იმას, თუ რატომ ანიჭებდა მამა მას ასეთ დიდი მნიშვნელობას, ბოლომდე ვერ ჩავწვდი, სანამ თავად არ წავიკითხე: ეს ფილოსოფია დასავლეთის უდიდეს ქალაქებში კი არ იყო ნაშობი, არამედ ჩვენნაირი, ევროპული კულტურისგან მოწყვეტილი, ნახევრად თანამედროვე, ნახევრად მუსლიმური, ნახევრად ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყანაში იყო აღმოცენებული. გარემო, რომელშიც კამიუს ნაწარმოებების - „უცხოს“, „შავი ჭირისა“ და სხვათა სიუჟეტები ვითარდება, მის ბავშვობის დროინდელ გარემოს ჰგავს. მის მიერ აღწერილი მზიანი ქუჩები და ბაღები არც დასავლეთს ეკუთვნის და არც აღმოსავლეთს. მამა აღფრთოვანებული იყო იმ ფაქტით, რომ სახელი და დიდება კამიუს ახალგაზრდობაშივე ეწვია, მაგრამ თავზარი დასცა ახალგაზრდა და სიმპათიური კამიუს ავტოავარიაში დაღუპვამ. ამ ამბავს ყველა გაზეთი იტყობინებოდა და „აბსურდად მოიხსენიებდა“.

სხვათა მსგავსად, კამიუს პროზაში მამაც ახალგაზრდულ აურას ხედავდა. მას მე ახლაც ვგრძნობ, მაგრამ ამის მიზეზად მხოლოდ მწერლის ასაკი და მსოფლმხედველობა არ მიმაჩნია. ახლა, როდესაც თვიდან ვეცნობი მის ნაშრომებს, მეჩვენება, რომ მათში აღწერილი ევროპაც ახალგაზრდაა, ისეთი, რომელშიც ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. მისი კულტურაც თითქოს ერთი მთლიანობაა, თითქოს მასში ჯერ არ გაჩენილა ბზარი; თითქოს მატერიალურ სამყაროზე ფიქრისას მისი არსის წვდომაც კი შესაძლებელია. ასეთი განწყობა შეიძლება ომის შემდგომი ოპტიმიზმის გამოხატულებაც იყოს, რადგან გამარჯვებულმა საფრანგეთმა მსოფლიო კულტურაში და, განსაკუთრებით, ლიტერატურაში კვლავ წამყვანი ადგილი დაიმკვიდრა. მსოფლიოს სხვა კუთხეებში მცხოვრები ინტელექტუალებისათვის საფრანგეთი იდეალი იყო, არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ მისი ისტორიის გამოც. 1950-იან წლებში სწორედ საფრანგეთის კულტურულმა უპირატესობამ გახადა პრესტიჟული ეგზისტენციალიზმიცა და აბსურდის ფილოსოფიაც არა მხოლოდ ევროპულ და ამერიკულ, არამედ მსოფლიოს არადასავლური ქვეყნების ლიტერატურაშიც.

სწორედ ამგვარმა ახალგაზრდულმა ოპტიმიზმმა უკარნახა კამიუს, ფრანგის მიერ არაბის გაუაზრებელი მკვლელობა („უცხოში“) ფილოსოფიურ პრობლემად მიეჩნია და არა - კოლონიურად, როდესაც ბრწყინვალე მწერალი, რომელსაც ფილოსოფიური განათლება აქვს მიღებული, მოგვითხრობს განრისხებულ მისიონერზე, ან მხატვრის დამოკიდებულებაზე დიდებისადმი, ან ველოსიპედზე შემომჯდარ კოჭლ კაცზე, ან ზღვის ნაპირზე საყვარელ ქალთან ერთად მოსეირნე კაცზე, ვხვდებით, რომ იგი სიცოცხლისა და მისი არსის შესახებ საუბრობს. კამიუს ალქიმიკოსივით შეუძლია ცხოვრების ყოფითი დეტალების გაცოცხლება და მათი ფილოსოფიურ პროზად გარდაქმნა. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ფრანგული ფილოსოფიური რომანის ხანგრძლივ ისტორიასაც, რომლის შესანიშნავი წარმომადგენელი, დენი დიდროსთან ერთად, ალბერ კამიუც არის.

კამიუს უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ იგი ამ ტრადიციას - რომელიც მახვილ გონებასა და ოდნავ პედანტურ, მკაცრ ხმას ეფუძნება - განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე იყენებს, ჰემინგუეისეული მოკლე წინადადებებით წერს და თავის სათქმელს რეალისტურად გადმოგვცემს. მისი ნაწარმოებები პოსა და ბორხესის ფილოსოფიური პროზის ტრადიციებს აგრძელებენ, მაგრამ თავიანთ სიცხადეს, მრავალფეროვნებას ისინი თავად კამიუს წყალობით იძენენ.

კამიუს შემოქმედებაში მკითხველს ორი რამ აოცებს: ავტორსა და მის მონათხრობს შორის დისტანცია და მისი თხრობის უშუალო მანერა, თითქოს რაღაცას გვეჩურჩულებაო. თითქოს მწერალს ვერ გადაუწყვეტია, შეიყვანოს თუ არა მკითხველი ამბის სიღრმეში; მკითხველი მწერლის ფილოსოფიურ პრობლემებსა და ნაწარმოებს შორის რჩება, რაც, შეიძლება, იმ დამთრგუნველი, საზარელი პრობელემების გამოძახილიც იყოს, რომლებსაც კამიუ თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში წააწყდა. ზოგიერთები ამის გამოხატულებად მოთხრობა „მდუმარების“ პირველ აბზაცს მიიჩნევენ, სადაც კამიუ ერთგვარი მორიდებით ლაპარაკობს სიბერის პრობლემებზე. მოთხრობიდან „მხატვარი მუშაობის პროცესში“ ვიგებთ, რა დაძაბული იყო კამიუს ცხოვრება სიცოცხლის უკანასკნელ წლებში და რამდენად მძიმე იყო მისთვის დიდების ტვირთის ზიდვა. ალჟირის ომმა თითქმის გაანადგურა და ბოლო მოუღო კამიუს. იგი ალჟირული წარმოშობის ფრანგი იყო, რის გამოც მას ხმელთაშუა ზღვის სიყვარულიც ტანჯავდა და საფრანგეთისადმი ერთგულებაც. მას ადგილობრივთა მრისხანების მიზეზიც ესმოდა და კოლონიზატორთა წინააღმდეგ მიმართული მძვინვარებაც, მაგრამ, სარტრისაგან განსხვავებით, საფრანგეთის მთავრობის წინააღმდეგ მკაცრ პოზიციას ვერ იჭერდა, რადგან მისი ფრანგი მეგობრები დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ არაბთა - ანუ, როგორც ფრანგული პრესა უწოდებდა მათ, ტერორისტთა - ბომბებს ემსხვერპლნენ, ამიტომაც დუმილი არჩია. იმ სულით ხორცამდე შემძვრელ და თანაგრძნობით გამსჭვალულ ესეში, რომელიც სარტრმა თავისი ძველი მეგობრის დაღუპვის შემდეგ გამოაქვეყნა, მან სიღრმისეულად გააანალიზა კამიუს ღირსეული დუმილის მიზეზები.

კამიუს აიძულებდნენ, ესა თუ ის მხარე დაეჭირა. ამის ნაცვლად კი მან „სტუმარი“ დაწერა და ის ფსიქოლოგიური ჯოჯოხეთი აღწერა, რომელშიც თავად იმყოფებოდა. ამ სრულყოფილი პოლიტიკური მოთხრობის თანახმად, პოლიტიკა ჩვენი არჩევანი კი არა, უბედურებაა, რომელიც ისეთად უნდა მივიღოთ, როგორიც არის. ამგვარ პოზიციასთან შეწინააღმდეგება, ალბათ რთული იქნება.

ორჰან ფამუქი - „სხვა ფერები“
გამომცემლობა „დიოგენე“, 2014წ.
მთრგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი  

Vangogen • ვანგოგენი

Instagram