მიშელ ტურნიე - წითელი კაცუნა

ოცდახუთი წლის რომ შესრულდა, გულდაწყვეტილმა ლუსიენ განერონმა აღიარა, რომ სიმაღლეში ას ოცდახუთ სანტიმეტრზე მეტს (რომლისთვისაც უკვე რვა წელი იყო, რაც მიეღწია) ვეღარასოდეს მოიმატებდა. ამ დროიდან ისღა დარჩენოდა, შერიგებოდა შეკერილი ფეხსაცმელების ხმარებას, რომლის ქუსლები მას ათი სანტიმეტრით ამაღლებდა და კაცუნას მდგომარეობას დაბალი კაცის მდგომარეობით უცვლიდა. 

წლებთან ერთად გაქრა სიჭაბუკე და დარჩა დაგრეხილი კაცი, რომელიც იმ სახარბიელო პოსტის მიუხედავადაც კი, პარიზის გავლენიანი ადვოკატის ბიუროში რომ ეკავა, აშკარად იწვევდა დაცინვას, უკეთეს შემთხვევაში ზიზღს და სიბრალულს, მაგრამ არასოდეს პატივისცემასა და მოკრძალებას.

ლუსიენ განერონი განქორწინების საქმეში იყო გაწაფული. თვითონ ქორწინებაზე არც ფიქრობდა. შურით აღვსილი კაცი დიდი გულმოდგინებით ცდილობდა, დაეშალა სხვების ოჯახები. ასე მაგალითად, მას ერთ დღეს ეწვია ქალბატონი ედიტ ვატსონი. ამერიკელთან პირველი ქორწინებით გამდიდრებული, ოპერის ძველი მომღერალი შემდეგ მასზე ბევრად ახალგაზრდა ნიცელ მოცურავეს მისთხოვდა, ახლა კი ქალს სწორედ ამ ქორწინების გაუქმება სურდა. ბობის მიმართ წაყენებულ უამრავ პრეტენზიაში ლუსიენმა ბევრი საინტერესო და სამარცხვინო ფაქტი აღმოაჩინა. ადვოკატი გრძნობდა, რომ წყვილის განქორწინების საქმე მისი ბედი იყო. ამას მას შემდეგ მიხვდა, რაც ბობი იხილა. „ის ალბათ ნაზი და მიამიტი, ათლეტური გოგონას იერის მქონე მაღალი ბიჭია, - ფიქრობდა ლუსიენი, - ასეთი აღნაგობის მქონე ადამიანი კი დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით პლაჟზე“.

ლუსიენი თავისი მჭევრმეტყველებით ტრაბახობდა. ზრუნავდა სალანძღავი წერილების დახვეწაზე, რომელთა გაცვლა-გამოცვლით, ფრანგული კანონების მიხედვით, წყვილი უნდა დაშორებოდა ერთმანეთს. მრავალი თვის განმავლობაში ბობი თავზარდაცემული იყო იმ წერილების სიმდაბლითა და სიმკაცრით, ლუსიენი კლიენტს რომ კარნახობდა და ხელს აწერინებდა. წერილებში აშკარა სასიკვდილო მუქარა შეიმჩნეოდა. სწორედ აქ დაჯაბნა ლუსიენმა ბობი.

რამდენიმე ხნის შემდეგ ლუსიენი ხელის მოსაწერად ესტუმრა თავის კლიენტს, რომელიც მდიდრულ დუპლექსში ცხოვრობდა ბულონის ტყის პირას. ხვეული კიბე ერთმანეთთან აერთებდა ზედა ოთახს, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობდა ბობი და ქვედა ოთახს, რომელსაც ვრცელი ტერასა ალამაზებდა. სწორედ იქ იხილა ლუსიენმა გრძელ სკამზე მჯდომი, გამაგრილებელი სასმელებით გარშემორტყმული, თითქმის შიშველი ედიტ ვატსონი.

ქარვისფერი სხეულის ელვარებამ და ქალის სურნელმა ლუსიენი დაათრო. ამ სურნელით თავად ედიტიც თვრებოდა. ქალი თავისი სტუმრით ისე იყო დაინტერესებული, როგორც საკუთარი წარუმატებლობით და ამიტომ მის კითხვებს გულგრილი, არაფრისმთქმელი სიტყვებით პასუხობდა. პაპანაქება სიცხე იყო, ლუსიენი ოფლად გაიღვარა. მას ტანჯავდა ნოტარიუსის კლერკის მუქი და სქელი ტანსაცმელი, უფრო კი იმ ჩაცივებული ლუდის დალევის გამო წუხდა, რომელიც ედიტმა მოსვლისთანავე შესთავაზა.

ქალი ლუსიენს მოშარდვის სურვილს აღუძრავდა. კაცი დიდი იასამნისფერი შეზლონგის შუაგულში რვაფეხასავით იგრიხებოდა. ეს უკვე აპოგეა იყო. ბოლოს ძლივს ჰკითხა, სად იყო საპირფარეშო. ედიტმა გაურკვეველი ჟესტით მიუთითა ინტერიერზე და თან რაღაც ჩაიბუტბუტა. ლუსიენმა მის სიტყვებში მხოლოდ „სააბაზანო ოთახი“ გაარჩია. ლუსიენს ოთახი უზარმაზარი ეჩვენა. ოთახიცა და აუზიც, რომელიც მიწაში ღრმავდებოდა, შავი მარმარილოსგან იყო გაკეთებული. აქვე იყო მონიკელებული მოწყობილობები: პროჟექტორები, ზუსტი სასწორი და უამრავი სარკე, რომელთა მეტად უჩვეულო კუთხეებიდან ლუსიენის სახეები ჩანდა.

ლუსიენმა მოშარდა და გამხიარულდა. აბაზანა, რომელსაც სასაფლაოს და გველების საბუდარის იერი ჰქონდა, სრულებით არ იზიდავდა მას. მაგრამ ლუსიენი მაინც გარს უვლიდა მქრქალი მინის ფილებით შემოვლებულ აუზს, რომელშიც წყლის ნაკადი მოსჩქეფდა. როცა წყალი აუზის სიღრმიდან ამოდიოდა, შხაპის მიღება შეიძლებოდა არა მარტო ზევიდან, არამედ წინიდან, უკნიდან და გვერდებიდანაც კი. გადასართველების მთელი კომპლექსი წყლის ნაკადის რეგულირების საშუალებას იძლეოდა. ლუსიენმა გაიხადა და წყალი გამოუშვა. მისი შხეფები, ძალა და ტემპერატურა მხიარულ თავდასხმებს აგონებდა. შემდეგ მსუბუქი და სურნელოვანი ნელსაცხებელი წაისვა. იგი კიდევ დიდხანს იქცევდა თავს შხაპის ქვეშ. სიცოცხლეში პირველად, საკუთარი სხეული სირცხვილსა და ზიზღს კი არ ჰგვრიდა, არამედ რაღაც სხვას. აუზიდან რეზინის ხალიჩაზე გადმოხტა და მრავალი ლუსიენით გარშემორტყმული აღმოჩნდა. ისინი სარკეების ლაბირინთებში მის ჟესტებს იმეორებდნენ: ან უძრავად იდგნენ და ერთმანეთს შესცქეროდნენ, ან უცებ დასერიოზულდებოდნენ. ლუსიენმა შეათვალიერა ფართე და მართკუთხა შუბლი, გამჭოლი და მბრძანებლური მზერა, მსხვილი და მგრძნობიარე ტუჩები და ღაბაბი, რომელიც წარმოსადეგ კეთილშობილთათვის იყო დამახასიათებელი. ყველაფერი ეს ძალიან მოეწონა, მაგრამ ქვევით საქმე ფუჭდებოდა, ყველაფერი უწესრიგოდ იყო: კისერი უზომოდ გრძელი, ბურთივით მრგვალი თავი, გორილას მსგავსი მოკლე, დაგრეხილი ფეხები და შავ და იასამნისფერ ზვირთებად მუხლებამდე ჩამოვარდნილი უზარმაზარი სასქესო ორგანო.

დრო იყო, ჩაცმაზე ეფიქრა. მან ზიზღით შეხედა მუქ და წებოვან ლაქებს ტანსაცმელზე, შემდეგ კი ქრომის საკიდარზე ჩამოკიდებულ ხაოიანი ნაჭრის ფართე, მეწამული ფერის პენუარს მოჰკრა თვალი. ჩამოხსნა, ჩაიცვა, მის პლისებში ჩაიმალა და სარკეებში დააზუსტა ღირსეული და თავისუფალი პოზები. ფიქრობდა, ჩაეცვა თუ არა ფეხზე. კითხვა მეტად მტკივნეული იყო, რადგან ათსანტიმეტრიან ქუსლებზე უარის თქმით ლუსიენი ედიტ ვატსონის პირისპირ კაცუნა იქნებოდა, და არა დაბალი კაცი. მწვანე ხვლიკის ტყავის ლამაზმა ქოშებმა, ტაბურეტის ქვეშ რომ იპოვა, საბოლოო გადაწყვეტილება მიაღებინა. როცა ტერასაზე გავიდა, გრძელი პენუარი თითქოს სიმაღლეს ჰმატებდა და მეფურ იერს აძლევდა. მზის მსხვილი სათვალეები, რომელიც ედიტს სახეს უფარავდა, ქალის გრძნობების ამოკითხვის საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ როცა დიდებული კაცუნა ქალს სინდიოფალას ნახტომით წარუდგა, ქალი გაოცებისაგან გაშეშდა.

ნოტარიუსის კლერკი გაქრა. მისი ადგილი დაიკავა სასაცილო, შემაშფოთებელმა ქმნილებამ, საზარელმა მონსტრმა ძლიერი და თვალშისაცემი სიმახინჯით. ყველაფერ ამას კომიზმის ელემენტებიც ერთვოდა.

 - ეს ბობის პენუარია, - მსუბუქი პროტესტის ტონით წაილუღლუღა ქალმა.

- მერე რა?! - კადნიერად უპასუხა ლუსიენმა.

ლუსიენმა პენუარის კალთები მოიცილა და თითქოს ყვავილიდან ამომავალი მწერიაო, ისე გაწვა იატაკზე, შემდეგ იგივე მოძრაობით ედიტის გრძელ სკამზე აცოცება მოახერხა.

ლუსიენი უბიწო იყო. იმ წუთას წარმოშობილმა სქესობრივმა ნიშნებმა და შეძახილებმა საბოლოოდ ჩაახშო მისი გარეგნული ნაკლი. მან სწორედ იმ დროს იგრძნო სიყვარული, როცა კლერკის კოსტიუმზე და, განსაკუთრებით, მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე თქვა უარი. ეს დამათრობელი რეალობა იყო. ლუსიენი თანახმა იყო, შეგუებოდა კაცუნას მდგომარეობას. ედიტი, რომელიც თავის ლამაზ ქმარს მხოლოდ დაუკმაყოფილებლობის გამო ეყრებოდა, თავის მხრივ, აღტაცებული იყო ასეთი პატარა და მახინჯი სხეულით, რომელიც დიდი აქტიურობით ხასიათდებოდა.

ეს იყო დასაწყისი მათი მგზნებარე კავშირისა. ლუსიენის ნაკლს ემატებოდა ქალისადმი ერთგვარი მორიდებული დამოკიდებულება, რაც ასე ხიბლავდა ქალს, კაცს კი, ქალის შიშთან ერთად, მისი პათეტიკური დაძაბულობა აღაგზნებდა. საერთო შეთანხმების საფუძველზე, თავიანთ ურთიერთობას მათ საიდუმლოების ფარდა ჩამოაფარეს. ედიტი ვერ ბედავდა საქვეყნოდ განეცხადებინა ასეთი უცნაური საყვარლის არსებობა. ლუსიენიც აფრთხილებდა, რომ განქორწინების პროცესისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მის ქცევას, რომელიც, განაჩენის გამოტანამდე მაინც, უზადო უნდა ყოფილიყო.

იმ დღიდან ლუსიენი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა. გარეგნულად ის დაბალ კაცად რჩებოდა, მკაცრად და თავმომწონედ იყო ჩაცმული. მისი კოლეგები ამჩნევდნენ, რომ ზოგჯერ, განსაკუთრებით დაძაბულ საათებში, როცა ტელეფონით კოდირებული ცნობები მოდიოდა, ის გარბოდა ბულონის ტყის სახლისაკენ, ადიოდა დუპლექსში, რომლის გასაღებიც თან ჰქონდა და იქ თავისუფალ, მოუსვენარ, მსურველ და სასურველ კაცუნად გარდაქმნილი, რომელიც ქალისთვის ნარკოტიკად ქცეულიყო, ემორჩილებოდა სოფისტური აზროვნების მქონე ქერა ქალის ვნებას. ქალი ბორგავდა მისი ხვევნისას, მისი სიმღერა, რომელიც ჩვეულებრივ ხორხისმიერი გალობით, გამაყრუებელი კოლორატურით, სამი ოქტავის მომცველი ვოკალით იწყებოდა, ყოველთვის სასიყვარულო, მაგრამ უწმაწური ლანძღვა-გინებით მთავრდებოდა. ქალი საყვარელს სხვადასხვა სახელს ეძახდა: ჩემო სათამაშო, ჩემო კურო... ვნების დაცხრომის შემდეგ ქალი ლუსიენს ეუბნებოდა, რომ ის მისთვის წარმოადგენდა თითებიან და სხვადასხვა ნაწილებით გარშემორტყმულ სასქესო ორგანოს. ეძახდა: ჩემო კულონო, ჩემო ავხორცობის ქამაროო და თან მისი საშინაო საქმეების მოწესრიგებას სთხოვდა. უნდოდა, ლუსიენი მუდამ მასთან ახლოს ყოფილიყო, როგორც ამას თავიანთ საყვარლებზე ჩაბღაუჭებული უშნო ქალები აკეთებენ.

ლუსიენი არ თაკილობდა, გაპამპულავებული ყოფილიყო „კაცუნას მეპატრონის“ მიერ, როგორც ეძახდა ხოლმე ქალს საპასუხოდ. იგი ერთობოდა ქალის ძუძუების რხევის ყურებით, რომლებიც ორ მისაბმელ აეროსტატს აგონებდნენ. ამასთანავე, ლუსიენს ეშინოდა ქალის დაკარგვისა, ეჭვობდა, რომ სექსუალური სიამოვნება, რომელსაც ის ქალს ანიჭებდა, იმ საზოგადოებრივი სიამოვნების ადეკვატური არ იყო, რომლის შეთავაზებაც ლუსიენს, ცხადია, არ შეეძლო. მან ეს განქორწინებების გამოცდილებიდან იცოდა. იცოდა, რომ ქალი საზოგადოების, ადამიანური ურთიერთობების გარეშე ვერ გაძლებდა და შეიძლებოდა ერთ დღეს მომხიბვლელი, ან უბრალოდ წარმოსადეგი საყვარლის გამო მიეტოვებინა.

დადგა უცნაური დუმილის პერიოდი. ლუსიენი მზად იყო, დაბრუნებულიყო ბულონის ტყეში ედიტის ერთ დაძახებაზეც კი. ერთი გრძელი კვირის განმავლობაში ქალს არანაირი ნიშანი არ მოუცია. ლუსიენი ჩუმად იტანჯებოდა. ბოლოს, გულისწყრომისაგან რომ დაცლილიყო, ბიუროს თანამშრომელზე გაცხარდა. განქორწინების წერილები, რომლებსაც ის თავის კლიენტებს ჰკარნახობდა, ასეთი გესლიანი არასოდეს ყოფილა. ბოლოს გადაწყვიტა, ყველაფერი გაეგო და დაუყოვნებლივ ესტუმრა საყვარელს. კარი თავისი გასაღებით გააღო და ვესტიბიულში შევიდა. ლაპარაკის ხმა შემოესმა. მან მაშინვე იცნო ედიტისა და ბობის ხმები. ისინი თბილად და ნაზად საუბრობდნენ. დარტყმა სასტიკი უფრო იყო, ვიდრე მოულოდნელი. ნუთუ შერიგდა წყვილი? ნუთუ განქორწინება ეჭვქვეშ დადგება? ლუსიენი მიხვდა, რომ მოტყუებული დარჩა, რომ მისმა საყვარელმა არა მარტო გააგდო თავისი ცხოვრებიდან, არამედ მისთვის საძულველ წარსულ ცხოვრებაშიც დააბრუნა. ის საშინელმა ზიზღმა მოიცვა. მერე ეტაჟერში შეძვრა და დაიმალა.

ედიტი და ბობი სიცილით გამოვიდნენ ოთახიდან და კარისკენ გაემართნენ. როცა ლიფტის ხმაური შეწყდა, ლუსიენი სამალავიდან გამოვიდა და, როგორც ყოველთვის, სააბაზანოსკენ წავიდა. გაიხადა, მიიღო შხაპი, გაეხვია ბობის მეწამულ, დიდ პენუარში, ჩამოჯდა ტაბურეტზე და კუნძივით უძრავად მყოფმა ლოდინი დაიწყო. სამი საათის შემდეგ ბინის კარები გაჯახუნდა და ედიტი ღიღინით შემოვიდა. ქალი სააბაზანოში ისე შევიდა, რომ შუქი არ აუნთია. ლუსიენმა მხრებიდან პენუარი ჩამოიცურა, ერთი ნახტომით მასთან გაჩნდა და მოებღაუჭა. მისი ორი ძლიერი მკლავი, როგორც ბულდოგის ყბები, ყელზე შემოეჭდო ქალს. ედიტი წაბარბაცდა, შემდეგ გონს მოვიდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ბოლოს შეჩერდა და დაეცა. სანამ ქალი აგონიაში იყო, ლუსიენი მას უკანასკნელად დაეუფლა. მისი საქციელი წინასწარ მოფიქრებულს ჰგავდა, მაგრამ ლუსიენს წინასწარ არაფერი განუზრახავს. მან ხელახლა ჩაიცვა და ისარივით გავარდა ბიუროში. რამდენიმე ხანში დაბრუნდა იმ შეურაცხყოფითა და მუქარით სავსე წერილებით, რომლებსაც ბობს კარნახობდა და ედიტის კომოდის ერთ-ერთ უჯრაში შეაცურა. შემდეგ შინ დაბრუნდა და ბობის ტელეფონის ნომერი აკრიფა. დიდხანს არავინ პასუხობდა, ბოლოს ნამძინარევმა ხმამ უპასუხა.

- მკვლელო! თქვენ მოახრჩვეთ თქვენი ცოლი! - შეცვლილი ხმით წარმოთქვა ლუსიენმა.

შემდეგ სამჯერ გაიმეორა ეს ბრალდება, რომელიც ბობს სულელურ გაუგებრობად მოეჩვენა.

მეორე დღეს გაზეთები იტყობინებოდნენ მკვლელობის ფაქტს და აზუსტებდნენ, რომ პირველი ეჭვმიტანილი, მსხვერპლის ქმარი გაქცეულია, დანაშაულის ადგილას ნაპოვნია მისი წერილები, რომლებიც ეჭვმიტანილის განზრახვას ამხელდნენ. გატანჯული და გამასხარავებული ლუსიენი თავის გრძნობებს გაუბედურებული კლერკის არსებაში მალავდა. თან სდევდა მოგონება იმ ზეკაცზე, რადაც მაშინ იგრძნო თავი, როცა ათი სანტიმეტრით მომატებულ სიმაღლეზე უარი თქვა. მან მაშინ დაატყვევა ქალი, როცა გამბედაობა ეყო, ეღიარებინა თავისი სიმახინჯე, ქალმა კი უღალატა. ლუსიენმა ის მოკლა, მისი მტერი კი - ქალის ქმარი, სასაცილოდ მაღალი კაცი, იძებნებოდა პოლიციის მიერ. მისი ცხოვრება შედევრი გახლდათ. ის სავსე იყო თავბრუდამხვევი სიხარულის წუთებით. ლუსიენმა იცოდა, რომ საკმარისი იყო გაშიშვლება, რომ მაშინვე გახდებოდა ის, რასაც სინამდვილეში წარმოადგენდა. გახდებოდა თავისებური ადამიანი, დიდი არამზადა, უძლეველი მაცდუნებელი და ნამდვილი მკვლელი! წარსულში მთელი მისი უბედურება იმაში მდგომარეობდა, რომ უარყოფდა იმ საშინელ არჩევანს, რომელსაც საკუთარი ბედისწერა კარნახობდა. თავიდან მან ლაჩრულად უკან დაიხია, მერე კი გაბედა: ედიტის სააბაზანოში ქუსლიანი ფეხსაცმლის უარყოფამ ლუსიენის რადიკალური მეტამორფოზა გამოიწვია: კაცუნას საშინელი მდგომარეობიდან - კურთხეულ მონსტრამდე.

ის დღეებს ადვოკატის ბიუროში სიბნელეში ატარებდა და ხშირად დესპოტური ფიქრები უტრიალებდა. ერთხელ ლუსიენმა შემთხვევით წაიკითხა დოკუმენტი რავენსბრუკზე, ბირკენოსა და ქალებისათვის განკუთვნილ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებზე. შეიტყო, რომ მეთაურები მათრახით მართავდნენ შიშველი და დაჭრილი ქალების მრავალრიცხოვან ბრბოს. ლუსიენს აწუხებდა ახალი საიდუმლო, სურდა, მთელი ქვეყნის წინაშე ამ საიდუმლოთი შემოსილიყო, ოცნებობდა მის აშკარად, სახალხოდ აღიარებაზე აღტაცებული ბრბოს წინაშე. მან მკერავს შეუკვეთა წითელი, ტანზე მომდგარი ტანსაცმელი. ბიუროდან დაბრუნებულმა გადაარჩია წერილები, მიიღო შხაპი და იასამნისფერი აბრეშუმის ყელსახვევიანი საღამოს ტანსაცმელი ჩაიცვა. მერე ფეხი წვრილ და რბილქუსლიან მოკასინებში ჩაჰყო და გარეთ გავარდა. მან იგრძნო უმაღლესი კომფორტი, რომელიც მის ტანს აკმაყოფილებდა - ლუსიენი გადიოდა ყველაზე დაბალი კარის ქვეშ, შეეძლო ფეხზე დამდგარიყო ყველაზე დაბალ მანქანაში, ჩვეულებრივი სკამები მისთვის ვრცელ ბინას წარმოადგენდნენ, ბისტროებისა და რესტორნების თეფშები და ჭიქები გოლიათისათვის განკუთვნილად ეჩვენებოდა. ერთი სიტყვით, ფუფუნებაში ცურავდა.

მალე ლუსიენმა თავის კუნთებში დაგროვილი კოლოსალური ძალაც მოსინჯა და უმალ გახდა ცნობილი კაფეებში, რომელთა ხშირი სტუმრები მას დასალევად ეპატიჟებოდნენ ხოლმე. ის ერთი ნახტომით წამოსკუპდებოდა ბარის მაღალ ტაბურეტზე, ხელებზე დადგებოდა, ამ დროს მისი მოკლე და დაგრეხილი ფეხები ჰაერში მკლავებივით მოჩანდნენ. ერთ ღამეს ერთმა კლიენტმა, რომელმაც ზომაზე მეტი დალია, შეურაცხყოფა მიაყენა ლუსიენს. კაცუნამ იგი მიწაზე დააგდო, კოჭი მოუგრიხა, ზედ შედგა და ცოფიანივით ურტყამდა წიხლებს სახეზე. ამან მაყურებლები დააფრთხო. იმავე დღეს ერთმა მეძავმა უფასოდ შესთავაზა თავი, რადგან მისმა ძალამ აღაფრთოვანა. მას შემდეგ მამაკაცებს ეშინოდათ წითელი კაცუნასი, ქალები კი მის უცნაურ მომხიბვლელობას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ.

ლუსიენის შეხედულება საზოგადოებაზე შეიცვალა. ის ახლა სუსტი და ლაჩარი წვივმაღალი ბრბოს ცენტრში იყო, იმ ბრბოსი, რომელიც ბარბაცებდა წვრილ ფეხებზე და რომელსაც მხოლოდ უისტიტთა (მაიმუნთა ჯიში) სექსის შეთავაზება შეეძლო პარტნიორისთვის. ეს მხოლოდ პრელუდია იყო. ერთ საღამოს პიგალის ბარში, როცა ლუსიენმა 52 კარტიანი დასტის გადახევაში მოიგო სანაძლეო, იგი დაეჯახა გარუჯული სახის, შავგვრემან, გრუზათმიან კაცს, რომელსაც ხელებზე ბრილიანტები ეკეთა. მან თავი წარუდგინა ლუსიენს: სენიორ სილვიო დურბინო, დირექტორი დურბინოს ცირკისა, რომლის კარავი დორეს შესასვლელში იყო გაშლილი. მან წითელ კაცუნას თავის ჯგუფში შესვლა შესთავაზა. ლუსიენმა წარმოიდგინა ფართო კრატერი, სადაც მაყურებელთა თავები ხიზილალას მარცვლებივით ძლიერ განათებული მოედნის ირგვლივ განლაგდებოდნენ. კრატერზე წითლად ჩაცმულ პატარა პიროვნებას, რომელიც მოედნის შუაგულში წარსდგებოდა ძლიერი, განუწყვეტელი, დაუსრულებელი ოვაცია მოაწყდებოდა. ლუსიენი დათანხმდა. პირველ თვეებში ლუსიენი ერთობოდა. დარბოდა მრგვალ სკამზე, რომელიც მოედანს გარს ჰქონდა შემოვლებული, ჩამოეკიდებოდა საცირკო ხელსაწყოებს და მაყურებელთა მკვეთრ ხმებში უჩინარდებოდა. მთელი ნომრის განმავლობაში ერთი გაშმაგებული კაცი მას მოედნიდან გათრევით ემუქრებოდა. ფინალში კი ის კასკადიორთა ხალიჩაზე წვებოდა და ბრეზენტის შუაგულში დახვეული ეს მსხვილი კოპი ყოველგვარი ცერემონიის გარეშე გაჰყავდათ. სიცილი, რომელიც მძვინვარებდა საფეხურებზე, ნაცვლად შეურაცხყოფისა, მას აღაფრთოვანებდა. ეს არ იყო ის ველური, კონკრეტული დაცინვა, რისიც მას ეშინოდა მეტამორფოზის წინ. ეს იყო სტილიზებული, ესთეტური, საცერემონიო, კოლექტიური სიცილი, ქალების დიდი სიყვარულისა და მოკრძალების ნამდვილი გამოცხადება მსახიობისადმი, რომელიც მხოლოდ მათ ემორჩილება. სხვათა შორის, ეს სიცილი იცვლებოდა ტაშის დროს, როცა ლუსიენი კვლავ გამოჩნდებოდა მოედანზე და თამაშობდა ალქიმიკოსის ტყვიას, რომელიც ბრუნავს ტიგელზე ოქროში შესაერთებლად.

ლუსიენს მალე მობეზრდა ეს სანახაობა, რომელიც ვარჯიშისა და ხელის ცეცების მეტს არაფერს წარმოადგენდა. ერთ საღამოს მისმა მეგობრებმა ის ვარდისფერი პლასტმასის კოსტიუმში გამოწყობილი იხილეს. კოსტიუმი გიგანტურ ხელს გამოსახავდა. ლუსიენს თავზე, მკლავებსა და ფეხებზე გამობმული ჰქონდა თითები, რომლებიც ფრჩხილებით მთავრდებოდნენ. ლუსიენის ტანი ხელისგულს წარმოადგენდა, უკან კი წაჭრილი მაჯის სატყუარა იყო გაშვერილი. უზარმაზარი და საზარელი ხელი თითოეულ თითზე დაყრდნობით ტრიალებდა, დარბოდა კოშმარული სისწრაფით, კიბეებზეც ძვრებოდა, მიბმული ფალანგით განსაზღვრული ძელის ირგვლივ ტრიალებდა. ბავშვები სიცილისაგან ღმუოდნენ, ქალებს ვარდისფერხორციანი ამ უზარმაზარი ობობას მოახლოებაზე გული ეკუმშებოდათ. ყველა გიგანტური ხელის შემოსვლაზე ლაპარაკობდა. ეს დიდება არ ყოფნიდა ლუსიენს. ის იტანჯებოდა უკმარისობისა და უსასრულობის შეგრძნებით. მოთმინებითა და რწმენით უცდიდა რაღაცას, უფრო კი ვიღაცას.

დურბინოს ცირკი უკვე ხუთი თვე იყო, ნიცაში მოქმედებდა. იქ ცირკი კიდევ ერთი კვირა უნდა დარჩენილიყო და შემდეგ დაბრუნებულიყო იტალიაში. მესამე საღამო ბრწყინვალე იყო. გიგანტური ხელის შემოსვლამ კი უბედურება მოიტანა. ლუსიენმა სანახაობის შემდეგ გრიმი მოიცილა და მდიდრულ სავარძელში მოკალათდა. უცებ ფანჯარაზე ჩუმი კაკუნი გაიგონა. ლუსიენმა შუქი ჩააქრო და ფარდას მიუახლოვდა. მერე ფანჯარა შეაღო:

- ვინ ხართ? - ბატონ განერონთან მსურდა ლაპარაკი...

- თქვენ ვინ ხართ?

- მე? მე ბობი ვარ.

მღელვარებისაგან განადგურებული ლუსიენი ჩამოჯდა. ის ახლა მიხვდა, ვის ელოდებოდა და ვისთვის ჩამოვიდა ნიცაში. ეს პაემანივით იყო, როგორც ედიტ ვატსონთან. ლუსიენმა ბობი შემოიყვანა. მოთხილამურის მოუხერხებელმა კეტმა მაშინვე გადაღობა ვიწრო ბინა, სადაც ლუსიენი თავს კარგად გრძნობდა. მას ერთი წუთით კვლავ შესძულდა მაღალწვივიანები.

ბობიმ ჩუმად აუხსნა ყველაფერი. ედიტის სიკვდილის შემდეგ ის დევნილივით ცხოვრობდა მზისგან გადამწვარ სხვენებში, სარდაფებში, სადაც სისველე ჟონავდა და იმ ველური პირუტყვივით იკვებებოდა, რომელიც დედამ და მეგობრებმა მიატოვეს. ბობს აკვიატებული ჰქონდა პოლიციაში ჩაბარების იდეა, მაგრამ დაპატიმრების შიში აფრთხობდა, განსაკუთრებით კი, სასიკვდილო მუქარით სავსე განქორწინების დაწყევლილი წერილები აშინებდა, რომელიც მის საქმეს ძალიან ართულებდა. ლუსიენს შეეძლო დამოწმება, რომ ეს წერილები მან უკარნახა ბობს განქორწინების მიზნით და რომ მუქარა, რომლითაც სავსე იყო წერილი, ფიქტიური და მარტოოდენ პირობითი იყო.

სანამ ბობის პასუხს გასცემდა, ლუსიენმა ჩიბუხი გაასუფთავა, დატენა და მოუკიდა. მერე ერთი წუთით ავხორცულ, მომღიმარ, ბუდისტურ ფიქრს მიეცა.

- თქვენ პოლიცია გეძებთ, - თქვა მან ბოლოს, - მე ვალდებული ვარ, შევატყობინო თქვენზე. მოვიფიქრებ რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო. მაგრამ მე სრული ნდობის საბუთი მჭირდება. ეს ძალზედ მარტივია. დაბრუნდით თქვენს სამალავში, ხვალ კი ამავე დროს ჩემთან მოდით. აქ არავითარი მახე არ გელით. ეს იქნება ის საბუთი, რომლითაც თქვენ შეგეძლებათ მენდოთ. როგორც გადაწყვეტთ, ისე მოიქეცით. თავისუფალი ხართ.

მეორე დღეს ბობი იქ იყო.

- წერილებზე ჩემს დამოწმებას ნუ ელით, - უთხრა ლუსიენმა, - მაგრამ მე უკეთესს შემოგთავაზებთ. ზეგ ჩვენ იტალიაში გადავდივართ და თან წაგიყვანთ.

ბობიმ ჩაიმუხლა და ლუსიენს ხელები დაუკოცნა. ლუსიენისათვის ეს ერთგვარი თამაში იყო. მან სთხოვა ბობს სანრემოში, იმპერიასა და სანოვაში საცირკო წარმოდგენების დროს არ გამოსულიყო კარვიდან. გენუაში კი ის ლუსიენმა სენიორ დურბინოს წარუდგინა, როგორც ბრბოში შემთხვევით შეხვედრილი მეგობარი და დირექტორს შესთავაზა მასთან ერთად ახალი ნომრის მომზადება. ისინი მუშაობას შეუდგნენ. დიდმა გარეგნულმა განსხვავებამ ლუსიენს კლასიკური ნომრები უკარნახა. ისინი შეთანხმდნენ დავითისა და გოლიათის შერკინების ნომერზე, რომლის დასასრული ლუსიენმა გამოიგონა - წაქცეულ გიგანტს გამარჯვებული დავითი ველოსიპედის ტომბოს ჩხვლეტდა. ამის შემდეგ გიგანტი მორჩილი და ბუნჩულა ხდებოდა. კაცუნა მას უხეშად დაათრევდა და აქეთ- იქით ატრიალებდა. ლუსიენი განსხვავებულ წესებს იყენებდა: პნევმატურ ლეიბებს - წასათვლემად, ელასტიურ ტრამპლინს - ხელსაწყოებზე ასახტომად და პონშინბოლს. გოლიათი ყოველთვის გამასხარავებული და ნაცემი იყო მისი ცეროდენა მოწინააღმდეგის მიერ. დასასრულს ლუსიენი მის კისერზე ცოცდებოდა, თითქოს ბობი ცხენი იყო და წამოისხამდა უზარმაზარ მანტიას, რომელიც ბობს კოჭებამდე ფარავდა. ახლა ისინი ერთ ადამიანს წარმოადგენდნენ, რომელსაც ორი მეტრი და ორმოცდაათი სანტიმეტრი ჰქონდა სიმაღლე. ბობი არ ჩანდა მანტიაში, მის კისერზე აჩაჩხულ ლუსიენს კი მბრძანებლური და მძვინვარე იერი ჰქონდა. თეთრი და მაღალი კლოუნი - ეს იყო დიდი ტრადიციის გამეორება.

ამ ჩვენებამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია და დააგვირგვინა კიდეც ლუსიენის ტრიუმფი. გრიმწასმული, გამოპრანჭული, ფლოსტებიანი, დაგრეხილფეხებიანი, აბრეშუმის წინდებში გამოწყობილი ლუსიენი, დამაბრმავებელი მოხდენილობითა და შორსმჭვრეტელობით აღსავსე, მარტო დგებოდა მოედანზე. მისი პარტნიორი - მხიარული და ბრიყვი, მაღალი ლოთი კაცი, რომელიც ფინალისათვის იყო გამოგონილი, მალე ამოაგდეს პროგრამიდან. სამაგიეროდ, ლუსიენმა იმით გაახანგრძლივა ჩვენება, რომ მისი პარტნიორი საკუთარ ნივთად და განტევების ვაცად აქცია. ახალი ნომრის შესაქმნელად ლუსიენმა ბობი დავარცხნა, შევერცხლილი პარიკი გაუკეთა და კოსტიუმი უამრავი ლენტით, მაქმანით და გედის ბუმბულებით მოურთო. მერე წარმოიდგინა ტრომბონით შესრულებულ მენდელსონის მარშზე გათამაშებული გროტესკული ქორწინება: ახალგაზრდა, უზარმაზარი, ფიფქიასავით მორთული ქალისა პატარა წითელ გომბეშოსთან, რომელიც კაბის კალთებზე დახტოდა და ყიყინებდა. ნომრის ბოლოს ის გრძელი ნახტომით შეახტებოდა.

ეს ფინალური ნახტომი ძლიერ აღაშფოთებდა ლუსიენს, რადგან ახსენდებოდა ავხორცული ჩახუტება ედიტ ვატსონთან, როცა მას კლავდა. ბობსა და ლუსიენს ხომ მომღერალი ქალისადმი სიყვარული აერთიანებდათ? ლუსიენი ბობთან ერთად საღამოობით საუბრობდა ქალზე და წარსულის მოგონებით შეპყრობილი იმით ასრულებდა საუბარს, რომ ძველ საყვარელს ახალ კომპანიონში ურევდა. კაცუნას სურდა, კიდევ უფრო დაემორჩილებინა და დაემცირებინა მაღალკანჭიანი. ერთ საღამოს იგი თავის მტერს კუთხეში, სადაც თვითონ იძინებდა, დაეუფლა. მოგვიანებით ლუსიენი ბობის მეწამული პენუარით დაინტერესდა. დაამუშავეს ავგუსტუსის თემა, ანუ, როგორც ამას სახელი კარნახობდა, რომაელი იმპერატორის პაროდია. ლუსიენი გაეხვია წითელ ტუნიკაში, რომელიც მას კუნთებიან ბარძაყებსა და ტანს უშიშვლებდა. მას ეკავა ხმალი, ატარებდა ბარბაროსულ ყელსაბამს და ვარდების გვირგვინს. მაგრამ ეს არ იყო ავგუსტუსი. ეს იყო ნერონ-გაგ-ნერონი, როგორც ეს ერთ დღეს აღნიშნა დურბინომ განცხადებებისა და სააფიშო ტექსტების არჩევისას. რაც შეეხება ბობს, ის უბრალოდ აგრიპინა გახდა - დედამისი, რომელიც ნერონმა მას შემდეგ მოაკვლევინა, რაც პირველ საყვარლად გაიხადა იგი.

ეს კარგის მომასწავებელი იყო ლუსიენისათვის, რომელმაც ვერ აღმოაჩინა რა თავისი ადგილი პატიოსან და ჩვეულებრივ ნიმუშთა შორის, დაინტერესდა ანტიკურობის ამაზრზენი საზიზღრობებით. ლუსიენს მოსწონდა, მისმა ცხოვრებამ წითელლოყებიანი, სისხლითა და სპერმით მოსვრილ მაღალწვივიანთა ჩვეულებების გამასხარავების ფორმა რომ მიიღო. ლუსიენმა შეამჩნია, რომ ჩვეულებრივი პუბლიკის მძიმე და უხეში პირფერობა ზოგჯერ გაზაფხულის თბილი მონაბერით იცვლებოდა, რომელიც კარვის ჩრდილში მაღალი საფეხურებისაკენ იკარგებოდა. ეს მონაბერი მას გულს უჩუყებდა, აღელვებდა, ლოცავდა და უბიძგებდა წარმოდგენების დახვეწისაკენ, სადაც თავის თავს უფრო მგზნებარედ გამოავლენდა. ეს ჩვენება დილაობითაც იქნებოდა, განსაკუთრებით, ხუთშაბათსა და კვირას, იმ დღეს, როცა სკოლის ბავშვები ისვენებდნენ.

- მე მსურს, - უთხრა ერთ საღამოს დურბინოს, - კვირაში ერთხელ მაინც თორმეტ წელს ზემოთ მაყურებელთა შესვლა აკრძალონ ცირკში.

დირექტორი ამ მოთხოვნით ძალიან გაკვირვებული დარჩა, მაგრამ ის პატივისცემით ეპყრობოდა ვარსკვლავთა კაპრიზებს, რომელთა გამომგონებლური გენია სანახაობრივ სიახლეებში ნაყოფიერად მჟღავნდებოდა.

- შეიძლება 24 დეკემბერს დავიწყოთ, შობის წინა დღეს, - დააზუსტა წითელმა კაცუნამ.

გადასახადის გადახდის ვადა ისე ახლოს იყო და თანხის დანაკლისი ისე ზუსტად აღრიცხული, რომ დურბინო შეწუხდა.

- რატომ, ჩემო ძვირფასო მეტრ, ეს რა იდეაა, თორმეტ წელს ქვემოთ, ეს რას უნდა ნიშნავდეს? ლუსიენმა წუთით იგრძნო, რომ ძველმა ღვარძლიანმა სიბრაზემ დაუარა და მუქარის გამომხატველი სახით დირექტორისკენ წაიწია:

- ეს ნიშნავს, რომ კვირაში ერთხელ მაინც მე მეყოლება ჩემი სიმაღლის პუბლიკა! გაიგეთ თუ არა? მე არ მსურს წვივმაღალი მაყურებელი, ერთიც კი!

- მაგრამ, მაგრამ, მაგრამ, - წაიბუტბუტა დურბინომ, - თუ მოზრდილებისა და ჭაბუკების შესვლას ავკრძალავთ, ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდება.

ლუსიენის პასუხმა, რომელიც ჩვეულებრივ ხარბი სიბრაზით იყო სავსე, დირექტორი სახტად დატოვა:

- მე გადავიხდი! - მოუჭრა მან, - სხვათა შორის, ყველაფერი მარტივად გადაწყდება 24 დეკემბრისთვის მე რომ ვიყიდო ბილეთები. ვყიდულობ ყველა ბილეთს! შემოსვლა უფასო იქნება ბავშვებისათვის! ეს საშობაო წარმოდგენა დაუვიწყარი გახდება ცირკის ისტორიაში.

ბავშვები სხვადასხვა ადგილიდან მოაწყდნენ, დადგა რიგები, ჩამოვიდნენ ავტობუსებითაც. ფეხზე დადგნენ სკოლები, გამოსასწორებელი სახლები, ობოლთა თავშესაფრები. ზოგიერთების დედებს შესასვლელთან მოეყარათ თავი და სურდათ, ძალიან პატარებს გაჰყოლოდნენ იმ მიზეზით, რომ ისინი არ დაკარგულიყვნენ. იმ დღეს წითელი კაცუნას ნომერი არავინ იცოდა, რადგან მას მაყურებლად მხოლოდ ბავშვები ჰყავდა და ლუსიენმა მათ საიდუმლოს შენახვა დააფიცა. ჩვენების ბოლოს მას საოცარი ოვაცია მიუძღვნეს. ბედნიერებისაგან თავბრუდახვეული ლუსიენი წალეკა სინაზისა და ალერსის ქარიშხალმა. ამან კაცუნას ჩამორეცხა მთელი ღვარძლიანობა და ახლა ის მთელი თავისი დიდებით ბრწყინავდა. ბოლოს, უამრავი ბავშვი აძვრა მოედანზე და ხმაურიანი და ალერსიანი ტალღებით კაცუნა ხელში აიტაცეს.

საჯინიბოს შესასვლელის წითელი და ოქროსფერი ფარდების უკან მეჯინიბეები, მომთვინიერებლები, ჩინელი ილუზიონისტები, მფრინავი ტრაპეზისტები, ნეპალელი ჟონგლიორები და ყველაზე უკან მდგომი აგრიპინას მაღალი, გროტესკული სხეული - უკან-უკან იხევდნენ, გაკვირვებულნი ამ ველური ჰიმნით.

- დავტოვოთ, - თქვა დურბინომ, - ის თავისიანებთანაა და მათთან ერთად ზეიმობს.

ალბათ, პირველად თავის ცხოვრებაში ის აღარ არის მარტო. მე კი ვეთანხმები ასეთ ლოზუნგს: ლუსიენ განერონი - ბავშვების იმპერატორი. მე უკვე წარმომიდგენია ჩემი აფიშა - მოსასხამიანი წითელი კაცუნა მახვილითა და გვირგვინით და უამრავი პატარა ბავშვი, რომელთაგან ვერც ერთი ვერ უსწრებს მას სიმაღლეში. ეს რა ბედნიერი დილა გათენდა, მეგობრებო, რა ბედნიერი დილა!

Vangogen • ვანგოგენი

Instagram