კარაპეტ გრიგორიანცი - ძველი თბილისის იშვიათი ამბები

ეს სამივე ძმები (კარაპეტა და თავის ორი ძმები) იყვნენ თბილისის გამოჩენილ მოქალაქე არტემ იუზბაშევთან, რომელიც იმდროის დიდი გავლენიანი პირი იყო. იმს ხელში იყო მთელი სალიანის თევზის იჯარა. იყო დიდი მეგობარი ილია ჭავჭავაძისა, მირზოევისა, ალელოვისა, ფითოევისა და არამაკლისოვისა. ჭიპა, სათალი, ზურგიელი და დოში არტემ იუზბაშევის სახლის სარდაფები სავსე იყო. თავათ იუზბაშევი იყო ქეიფისა და ლხინის მიმყოლი. ნამდვილი კეთილ შობილი უხვი აღა კაცი. აი ამისთანა ღირსეული კაცის მფარველობის ქვეშ იყვნენ კარაპეტა და თავის ორი ძმები.

პატარა კარაპეტა 1884 წელს თელავიდან თბილისში ჩამოვიდა და სამხატვრო აკადემიაში სიარული დაიწყო. ნელნელა გაიცნო იმდროის გამოჩენილი მხატვრები: კოლჩინი, ლონგო, გელვინგი, ბაშინჯაღიანი და სხვანი. 1890 წელს ჯვარის მამის ქუჩაზე გააღო საკუთარი სახელოსნო და დიდი ძალი ხალხი მიიზიდა და მოხიბლა თუ სურათებით, თუნდა დროშებით და თუნდა საეკლესიო ნახატებით. 1895 წელს თბილისის სახელოსნო სამმართველომ უბოძა მოწმობა და ჩარიცხა სამხატვრო ხელოსანთა შორის მწევრად. 1894 წელს თბილისში პუშკინის ქუჩაზე ბუფეთ სიმპატიაში დახატა ქვეყნიერებაზე გამოჩენილი ბრძენ-მეცნიერთა სურათები, რომლის გამოთ პუშკინის შვილის შვილისაგან მიიღო დიდი მადლობა პირდათ ნახვისთვის თავის პაპის სურათისა. აგრეთვე ინგლისელი მოგზაურებისაგან, რომლებმაც პირადად მადლობა გადაუხადეს კარაპეტ გრიგორიანცს გამოჩენილ ინგლისელ პოეტებისა და მეცნიერთა სურათების დახატვის გამო.

პირველად გრიგორიანცმა ქართულ ენაზე გადასთარგმნა ეფრემვერდი, რომელშიაც უზველეს დროიდანვე აწერილია მოძრაობა ცის მნათობთა, მომავალი წლების შემთხვევანი, ადამიანის აგებულობის მნიშნეულობა, ბრძნული აზრები: არისტოტელისა, პლატონისა, სოკრატისა, დიოგენისა და სხვათა მრავალთა. ეს წიგნი პირველად დაიბეჭდა ქართულ ენაზე 1897 წ. მერე ზედიზედ რამდენიმე ჯერ კიდევ გამოიცა. 1894 წელს გრიგორიანცის პიესა „ძმისმკვლელი“ პირველათ ითამაშეს არაქსიანის თეატრში, რომლის შესახებ გაზეთ „ივერიაში“ და „ცნობის ფურცელში“ აწერილ იყო ავტორის ნიჭის დიადობა. 1904 წელს დაიბეჭდა გრიგორიანცის დიდი სურათებიან წიგნი „გასაოცარი ამბები“, რომელშიაც აწერილია მთელი ქვეყნიერების იშვიათი და უცნაური ამბები. 1910 წელს დაიბეჭდა იმისი ლექსი სათაურით „ვერელი ვარინკას ქება“. 1911 წელს პეოტი გიორგი სკანდაროვის თხოვნით დაიბეჭდა გრიგორიანცის შედგენილი საუცხოვო წიგნი „პლანეტების მოძრაობა და სიზმარი“. 1912-1913-1914 წლებში მთელი ვეფხვის ტყაოსანი სომხურ ენაზე პიესათ გადასთარგმნა და სომხურ დასს წარუდგინა, მაგრამ სიძნელის გამოთ გადადებულ იქნა. 1895 წელს შეადგინა და გამოსცა 60 ბრძენ მეცნიერთა და მანქანების შემომღებთა სურათების ჯგუფი.

1918 წელს. ქ. თბილისი

საქართველოში მოგზაური ფრანგი შარდენის გადმოცემით, რომელიც მოგზაურობდა სამასის წლის წინად, ძველი თბილისი წარმოადგენდა ერთ უბანს. ესე იგი განჯის კარებიდან ვიდრე გარეთ უბანი, ანუ აბანოებიდან ვიდრე რუსის ბაზარი.

ამ ჩვენი ქალაქის მდებარეობა ერთობ უვარგისია, თუ ხალხისთვის თუნდა საქონლისთვის და თუნდა ტრამვაისთვის. ამის გამოთაც უბედურება ძალია ხშირად არის ხოლმე. რამდენჯერ ელექტრონის ტრამვაის ვაგონის ტორმოზი სისუსტისაგან ვერ დაუმაგრებიათ და სირიალით თავდაღმართზე ჩაქანებულა, გამოვარდნილა ლიანდაგიდან და მრავალი ხალხი უმსხვერპლია. ესეთი საშინელი უბედურება მოხდა ვერის თავდაღმართზე 1910 წელს და ციციანოვის აღმართზე 1926 წელს. თბილისის ქუჩები სპარსეთის ქალაქების ქუჩებისავით ძალიან ვიწროები იყო, ისე რომ ახალგაზრდა ყმაწვილები ხშირად ერთი ბანიდან მეორეზე გადახდებოდნენ ხოლმე.

შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის დარბაზიანი სახლები 1860 წლიდან ნელნელა ელფერს იცვლიან და მერე ცალ სართულიანი სწორე ბანიანი სახლები შემოდის ხმარებაში. როგორც ვსთქვი, დარბაზებში ზამთარ ზაფხულ ინთებოდა შუაცეცხლი. რაკი ბანი ღია ქონდა, არც ზამთარში სახლი თბებოდა და არც ზაფხულობით სიცხე დგებოდა. ახლა რაკი გარემოება იცვლება და შენდება ბანიანი სახლები, მაშინ იმაში ზამთრობითიდგმევოდა ქურსები. ქურსი ასეთი იყო: შუაოთახით პატარა თონეს ამოსთხრიდნენ და შიგ გაღუებულ ნაშხის ჩასდგამდნენ, მერე იმ ორმოში სახლის მწევრები ფეხებს ჩაჰკიდებდნენ, საბანსაც ზედ დაიფენავდნენ და ისრეთ თბებოდნენ. ამგვარი ქურსები ჯერაც დღეს ყარსის ოლქში ყველგან ხმარებაშია, რადგანაც იქ შეშა ძალიან ძვირია და არც მახლობლათ ტყე არის სადმე.

პურის ჭამა დღეში სამ გზის იყო მიღებული, დილით საუზმე, სადილი და სამხარი, ვახშამი სულ არ იცოდნენ. გაშლიდნენ ლურჯ სუფრას ტახტზედა. თუ ზამთარი იქნებოდა, ზედ ქურსზედ შლიდნენ. ხონჩებით მიიტანდნენ პურსა და ყველანი ერთ დიდ ჯამში სჭამდნენ. ოთახს ერთი კარები ექნებოდა, ორიც ფანჯარა. ფანჯრების მინის ნაცვლათ ტყავის ბუშტებს აკრავდნენ, ისე როგორც დაირებზეა გაკრული. სახლების ბანები ისეთი სუფთა და დატკეპნილი იყო, რომ ცემენტი გეგონებოდატ, რადგანაც მუდმივათ ზედ რგვალ ქვას აგორავებდნენ და მიწას ამაგრებდნენ. საღამოობით ბანებზე ხალიჩებს გაშლიდნენ და იქ მღერა ცეკვაში დროს ატარებდნენ. ჩაის სმა ხმარებაში არ იყო. სამოვრების შემოღება 1870 წლიდან შემოვიდა. მოქალაქეთა ყოველგვარი მიხრა მოხრა სპარსული ყოფა ცხოვრებიდან იყო გადმოღებული.
ასე და ამგვარათ იყო ჩვენი ძველი მოქალაქეთა საერთო ცხოვრების სურათი. ისე ეზოში ვერ შეხვიდოდით, რომ შიგ თორნე არ ყოფილიყო. ეს დიდ საჭიროებას წარმოადგენდა, რადგანაც მაშინ ბაზარში პური არსად იცხობოდა და თუნდაც პური ეცხოთ, მაინც მოქალაქისთვის დიდი სირცხვილი იქნებოდა გარედან სახლში პურის შეტანა. მეპურეები სულ არ იყვნენ, მხოლოდ სადაც ფურგუნები დგებოდა, მაგალითად რიყეზე, დაბახანებთან და ავლაბარში, იმისთანა ადგილებში აქა იქა იშვიათათ ნახავდი ფურნებს. ეზოებში თონეების გარდა თითქმის ყველგან  ხეხილები იცოდნენ, მეტათ ლეღვისა, ონაბისა და თუთისა.

1870 წლიდან თბილისის მდიდარი მოქალაქე მირზოევი ბაქოდან აქლემებით ნავთს ეზიდებოდა ქალაქში, მაგრამ რადგან ხალხი ჩვეული არ იყო და არც ლამპები იყო შემოღებული, ამისგმაოთ მირზოევის მოზიდული ნავთი ქალაქი ყიდულობდა ქუჩების ფარნების ასანთებად, ნავთის ხმარებას ხალხი ისე ერიდებოდა, როგორათაც ეხლა ჩვენ ბენზის ვერიდებით და გვეშინიან. თბილისში ნავთის ნაცვლად შემოღებული იყო ქონის ჭრაქები.

ყველა შეგნებული ადამიანი ადვილად მიხვდება, თუ სპარსულ წეს წყობილებას როგორი გავლენა ქონია საქართველოზე. ესენი ჩანს ყოველ ნაბიჯის გადადგმაზე. გინდათ ქუჩების სივიწრო თქვით, გინდათ იმდროის ქალების ჩადრები. გინდათ ვაჟკაცების ფაფხები, ქულაჯები და აბები სთქვით. ერთი სიტყვით ძალიან მრავალი ამგვარი მაგალითებია.

წინა ხანებში საერთოთ საქართველოს ქალები ჩადრებით სახესაც მალავდნენ, მაგრამ ნელ ნელა გადავარდა, მაგრამ ჩადრების ხმარება 1889 წლამდის გასტანა. ამგვარ ჩადრებს საერთოდ ყველა ქალი ხმარობდა, ბებრებიც, შუახნის ქალებიც და ქალიშვილებიც. ისე რომ ადამიანი გათხოვილს და გასათხოვარს ვერ გაარჩევდა. ქალიშვილებსაც ჰასაკში შესულ დროს თავს დახურავდნენ და ჩადრს წამოასხავდნენ, რომელსაც ქართულათ მანდილს ვეძახით. ეს მანდილები თათრის ქალებისა სხვა და სხვა ფერისა არის, უფრო ხშირად - კი შავი ფერისა არის, ქრისტიანი ქალებისა - კი საერთოთ თეთრები იყო.

რა დროიდანაც მე ამ იშვიათს ამბებს ვწერავ, იმ დროს თბილისში არც რკინის გზის დეპო და სახელოსნო იყო, არც არსენალში მუშაობა იყო, არც ადელხანოვის ქარხნები იყო, არც საპნის ზავოდები იყო, არც თუთუნის ქარხნები იყო. მთელს თბილისში სამუშავო ქარხანა მხოლოდ იყო მირზოევის ამერიკის საქსოვი ფაბრიკა, სადაც ბლომათ ხალხი მუშაობდა. სამუშავო ადგილები ხალხს სულ არა სჭირდებოდა, რადგანაც ხალხი ძალიან ცოტა იყო ქალაქში და არაფრის საჭიროებას არა გრძნობდა.

დღიური მუშისთვის საქმე მუდმივად შეუწყვეტელი იყო, რადგანაც ქალაქში შენობები ერთთავად კეთდებოდა. აღდგომიდან დაწყობილი თოვლის მოსვლამდე დღიურ მუშას საქმე არ აკლდებოდა. ყოველ წლივ იმდენი შენობები კეთდებოდა, კალატოზი თათრები სამუშაოდ სპარსეთიდან ჩამოდიოდნენ და საცხოვრებელ საქმეებს შოულობდნენ.

ქალაქიც ასიოდე მუშას ინახავდა ქუჩების დასაგველად. იმ დროს მოქალაქენი მეეზოებს არ ინახავდნენ, გარდა ღამის ასასებისა, ისინიც ყარაულობდნენ მხოლოდ ბაზრის დუქნებს და არა სახლებს. ამის მიზეზითაც იმთავითვე პოლიციის დარაჯების უქონლობის გამოდ მუდმივად ქალაქის სახლები, დუქნები და ხალხი ერთავათ იცარცვებოდა. როგორც შემდეგში დაინახავთ მთელს ქალაქში პოლიციის მოხელენი ათი სული არ იქნებოდა, რაღა თქმა უნდა, რომ ცარცვა გლეჯა და კაცის კვლა ხშირი იქნებოდა. ამგვარი საქმები ყველაზე უფრო ხშირად ხდებოდა „ეშმაკის“ ბაზარში, ანუ აბანოების უბანში, სადაც სპარსელები, ოსმალეთის ხალხი და სხვა მხრიდან ჩამოსულნი უსათუოთ იქ მოიყრიდნენ თავსა, რადგან ფურგუნები იმ უბანში ჩერდებოდნენ, „ეშმაკის“ ბაზრის მგზავსი ადგილი ერთიც იყო რიყე, სადაც გაყიდული საქონლის პატრონი ფულს თავის სახლში ვეღარ მიიტანდა, ან ჯიბიდან ამოაცლიდნენ, ან ბუმაჟნიკს დაუგდებდნენ, განგებ ფულს აპოვნინებდნენ, ან კიდევ ყალბი ქამრისა და სხვა ნივთების მიყიდვით ჯიბებს ერთიანად დაუცარიელებდნენ. უკეთუ ამგვარ იშკილბაზობით ვერაფერს გააწყობდნენ, მაშინ სადმე დაჰპატიჟებდნენ და კარტის თამაშობაში ერთიანად გააკოტრებდნენ და ანაზდათ აქ იქა მიიმალებოდნენ. 1860 წლის შემდეგ თბილისში ნელნელა გაიხსნა თამბაქოს ქარხნები და ცოტ ცოტა სამუშავო საქმები გამოჩნდა. ოსმალეთიდან ქალაქში ჩამოვიდნენ ნიკოლაი ბაზარჯიანცი, ამბარცუმ ენფიაჯიანცი და სალი-ოღლი. იმ ჟამად პაპიროსზე ბანდეროლი არ იყო, არც თუთუნზე აქციზი იყო, ამის გამოთაც გახსნილი პაპიროზი და ფოთლიანი თუთუნი ღია ყველგან იყიდებოდა, იმის შემდეგ სხვა თუთუნის ქარხნებიც გაიხსნა რომელთა გვარები ზეპირად მახსოვს. ესენი იყვნენ, დავლიანოვი, აზნაუროვი, საღოიანცი და სხვები. იმ დროს არც ერთი მანქანა არ იყო შემოღებული, თუთუნი იჭრებოდა ხელითა, მუშტუკი იკვრებოდა ხელითა. ერთი სიტყვით, ყოველივე წვრილმანი საქმე კეთდებოდა ხელითა, ამის მეოხებით ქარხნებში კარგა ბლომად ხალხი სჭირდებოდათ, როდესაც მანქანები შემოვიდა და ხელით სამუშავო საქმეები მეტათ შემცირდა, მაშინ ბევრი მუშა იქმნა დათხოვნილი, რომელთაც არეულობა დაიწყეს და ხაზეინებს საცხოვრებელი მოსთხოვეს. ქარხნის პატრონებმა პოლიციის დახმარებით ყველა საქმე გაასწორეს და ზედმეტი მუშები ყველა დაითხოვეს. დათხოვნილი მუშების ბედ იღბალზე მალე გაიხსნა ორთაჭალაში ადელხანოვის ქარხანა, სადაც მზადდებოდა რუსის ლაშქრისათვის ნაბდები, პადოშები, ტყავები და ფეხსაცმელები. ამ ქარხნების საქმე ისე კარგათ წინ წავიდა, რომ საქონელს ვეღარ ასწრობდნენ. მთელი დამოჟნის უბნისა და ავლაბარის ხალხი იქ შოულობდნენ საცხოვრებელ საქმეს. ამას მოემატა მადამ ტოლეს საპნისა და ზეთის ქარხნები, შემდეგში გაიხსნა სარაჯიშვილის სასმელების ქარხნები და ამით შვება მიეცა თბილისის მშრომელ ხალხის ცხოვრებას.

დიდი ხანი არ არის, რაც ვარანცოვის დაარსებული „პრიკაზი“ მოისპო. ეს დაწესებულება ოცდაათი წლის ვადით მოქალაქებს უსარგებლოთ ფულს აძლევდა, რომ აეშენებინათ აბანოები, ქარვასლები და სახლები, რათა რომ ქალაქის მრეწველობა დაუბრკოლებლათ გაფართოებულიყო და ყველა უსახლკარო ადამიანი სახლკარის და ოჯახის პატრონი გამხდარიყო.

ქალაქის მცხოვრებელნი იმ დროს დარჩებოდნენ უწყლოთ, როდესაც სადმე ცეცხლი გაჩნდებოდა და ყველა თულუხჩები იქ წყლის საზიდლათ დაბანდებოდნენ, რადგანაც ამ სამსახურის გამოთ ყოველგვარ გარდასახადიდან თავის უფლები იყვნენ.

ყეინობა

ამ გვარი ავი მაგალითი საქართველოს ხალხში ას წელიწადზე მეტი იყო მიღებული. სპარსეთის აღა მაჰმად შაჰიროდესაც უთვალავის ლაშქრით საქართველოს შემოესია და კრწანისის ველზე საზარელი სისხლის ღვრა დაიწყო, ეს ჩემი აწერილი ყეინობა სწორედ იმისი მაგალითი და დაუვიწყარი სახსოვარი იყო, ყოველწელს დიდმარხვის ორშაბათ დღეს საქართველოს ყველა სოფლებში და ქალაქებში დიდის ამბებიტ იმართებოდა ეს დღესასწაული. თუმცა შეგნებული კაცები და სასულიერო პირები ყოველთვის ხალხს უქადაგებდნენ, რომ ეს დღესასწაული ერთი ჯოჯოხეთური საქმის მაგალითია, მაგრამ ამით ხალხს ვერაფრით ერევოდნენ. მღვდლები და ეპისკოპოსები წინასწარ ყველას უხსნიდნენ, რომ დაერწმუნებინათ, აღა მაჰმად შაჰისთანა ულმობელი მტერი, ამბობდნენ ისინი, როდესაც საქართველოში შემოვიდა, ბრძანება გასცა: „ვინც მაჰმადიანობა მიიღოს, მხოლოდ ისინი აცოცხლეთო“. ხალხის სისხლით ქალაქის ქუჩები მორწყო და ეკლესიებში ცხენები დააბმევინა. ათასობით ტყვეთ წაასხა და ყველას მაჰმადიანობა ძალათ მიაღებინა. ამის გამოთ ჩვენი ერთგული მეფე ირაკლი იმედ გადაწყვეტილი რუსეთისკენ გაეშურა და საქართველო რუსეთს შეუერთა. ასე და ამ გვარად ხალხს უშლიდნენ და დასავიწყებელ მაგალითის განახლებას არ ურჩვდნენ, მაგრამ სულ ამაოდ იყო იმათი ცდა. თბილისში ყეინობა მეტათ სამაგალითოდ იმართებოდა, ასე რომ ყველა უბანში ერთმანეთის ჯიბრით უფრო უკეთესად მართავდნენ და მერე სასახლისკენ მიემართებოდნენ უფრო კარგი საჩუქრის მისაღებად. თითონ ყეინი ანუ შაჰი მოირთვებოდა გენერლის ტანისამოსით, ორდენებით და პაგონებით, თავზე სპარსულ გვირგვინს იდგამდა, ჩაჯდებოდა პაოსკაში და სამოვრის ტრუბას ხელში დაიჭერდა და იმით აქეთ იქით გასცქეროდა, ვითომ დურბინდია. შაჰის პაუსკის უკან მისდევდა თავის ამალა ექიმებით და ვეზირებით. შაჰის წინ კიდევ ბორკილ გაყრილი ტყვეები, მღვდლები, ვაჭრები და მეფე პატარძლები. ამ რიგათ ზურნის დაკვრით სასახლეს რო მიახლოვდებოდნენ, პაოსკაში მჯდომი შაჰი სხვა და სხვა ბრძანებას გასცემდა. მოხელები დაუყოვნებლად მაშინათვე ასრულებდნენ. ზოგს განგებ თავს მოსჭრიდნენ, ზოგს საწამლავს დაალევინებდნენ, ზოგ ლამაზ ქალს ჰარემხანისთვის შეინახავდნენ, ზოგს დამბაჩებით ხვრეტავდნენ, ამ გვარად მარჯვედ წარმოდგენის დროს მეფის მოადგილე მიხაილ ნიკოლოზის ძე თავის ოჯახობით აივანზე გამოვიდოდა და უხვათ დაასაჩუქრებდა ხოლმე. ქალაქის ყველა უბნების ყეინები სასახლის წინ მოქუჩდებოდნენ და ათასგვარად მასხარაობდნენ. შემდექ იქიდან დაიფანტებოდნენ ბაზრებში და სახლებში თავიანთ ჯიბე და უბე გასასუქებლათ.

თეატრი და ცირკი

როგორც ვასო აბაშიძისგან გამიგონია, თუ არა ვცდები, ქალაქ თბილისში თეატრი უნდა დაწყობილი იყოს 1850 წ. იმდროის თეატრი რა იქნებოდა, როდესაც ქალების როლშიაც ვაჟები თამაშობდნენ. მაშინდელი თეატრი იყო თავისუფლების მოედნის შუაგულ თამამშევის ქარვასლაში. სახელი თეატრი იყო, მაგრამ ყოველგვარი მოწყობილობიდან მეტათ ღარიბი იყო. მაშინდელი პიესების სათაურები მე ზეპირათ მახსოვს, უპირველესი პიესა იყო ანტონოვის დაწერილი „მზის დაბნელება საქართველოში“, რომლის თამაშობით პირველად გახსნილა თეატრი. ვოდევილები იყო „კაპიშონი“ და „კატააწონა“. რაც შეეხება სუნდუკიანცის დაწერილ პიესებს ესენი შემდეგში იქნა მიღბული და მოწონებული. იმის შემდეგ თეატრს ცეცხლი წაეკიდა და ერთიანად გადაიწვა, შემდეგი წარმოდგენები სხვა და სხვა ენებზე თამაშობდნენ სახელმწიფო თეატრში, რომელიც მდებარეობდა ინჟენერთა სამმართველოს გვერდით მტკვრის ნაპირზედ ახლოს. ცირკიც იყო სასახლის გვერდით, სადაც საბორო არის აშენებული. ცირკის შენობა თუმცა ფიცრისა იყო, მაგრამ მეტათ უზარმაზარი შენობა იყო. 1880 წლამდისინ ცირკი ეკუთვნოდა გოთფრუას ფირმას, შემდეგ გადავიდა ენდოელი მდიდარი არაბი ტომსონის ხელში.

ბუნტი ნალოგის გამოთ - ეს საზარი და შემაძრწუნებელი არეულობა მომხდარა ალექსანდრე მეორის მეფობის ჟამად, ბაშბეუქმელიქოვის ქალაქის თავათ ყოფნის დროს. ჯერ კიდევ დღესაც არ იციან სახლების ფანჯრებზე ნალოგის დაწესება მთავრობის განკარგულება იყო თუ ქალაქის სამმართველომ ხალხს დააკისრა ასეთი შეუფერებელი გადასახადი.

პოლიცია ისეთი ძალა გამოცლილი და სუსტი იყო, რომ შეიძლება არც-კი დაიჯეროთ, ერთი უბნის სამმართველო სომხების ბაზარში იყო და მეორე ავლაბარში ფორაქიშვილების სახლებში. პოლიციის მოხელები თითებიდან დაითვლებოდნენ, რომლებიც ნაბდის ქუდებით ჩოხა ჩაცმულები სახრე ხელში მოედან ადგილებში იდგნენ.

მეხის დაცემა ნარინ-ყალაზე - ამ საშინელი საქმის ნამდვილი თარიყი არავის ახსოვს, მაგრამ მე როგორც ძველი ხალხისაგან მსმენია, უნდა ყოფილიყოს 1860 უფრო წინ. არც ის არის გამორკვეული თუ ნარინ-ყალის თოფის წამალი საქართველოს მეფეთა დროიდან იყო შენახული, თუ რუსეთიდან იყო მოტანილი, ეს საზარელი ამბავი მომხდარა ალექსანდრე მეორის მეფობის და მირსკის მთავარ მართებლობის ჟამათ. ერთ ჯოჯოხეთურ ავდრიან დროს მეხი დასცემია სწორეთ იმ ადგილას, სადაც თოფის წამლის სარდაფი ყოფილა და აუფეთქებია საშინელის მიწის ძვრითა. ციხის კედლებიდან ნატყორცი ქვებისაგან, დახოცილა მრავალი ხალხი და პირუტყვი, თუ თათრების უბანში, თუ სეიდა ბათში და თუნდ გაღმა ავლაბრის აღმართებზე.

როსკიპები

ფქვილის მოედნიდან დაწყობილი ვიდრე აბანოებავდისინ, ქუჩების ორივე მხარეს მრავალი საროსკიპო სახლები იყო. ამ ქალებში მეტი წილი მაჰმადიანები იყო, სადაც პოლიციის მოხელენი არ იყვნენ, ეჭვი არ არის, რომ ყველა ადამიანი თავის ნანდომს იზავს, იმ დროსაც სწორეთ ისე იყო, ყოველ საღამოთი საღებავებით გაგლესილი ქუჩის აქეთ იქით გამწკრივებული ისხდნენ ხოლმე და გამვლელ კაცებს სახლში ეპატიჟებოდნენ, ხშირად კაცების ქუდებს იტაცებდნენ და სახლში გარბოდნენ. უკეთუ ვისმეს შენიშნავდნენ, რომ ზედ ფული აქვს, მოკვლა და მტკვარში გადაგდებაც იმათი ხელობა იყო. აბა, ვინ მოიკითხავდა ანუ თავს ვინ გაიცხელებდა გარეცხილ გარყვნილ ბოზებთან ლაპარაკსა და გამოძიებას. შეითან ბაზარი ანუ „ეშმაკის ბაზარი“ - ეს სახელი ზედ გამოჭრილი იყო. იმ დროს იქ თავს იყრიდნენ ჯიბგირები, ქურდები, იშკილბაზები, კარტოჟნიკები, კაცის მკვლელები, ყალბი ფულის გამსაღებლები, ქალების მომტაცებელნი, პორტმანის დამგდებელნი და ყოველგვარი საზიზღარი საქციელის პატრონები. მხოლოდ იმ უბანში იყო ესენი და თითქოს უხდებოდა კიდეც, რომ ყოველგვარი გაფუჭებული ხალხი იქ იყრიდა თავს. ქალაქის სხვა უბნებში ესენი ძალიან იშვიათად შეგხვდებოდათ, თითქმის სულ არ იყო, გარდა საროსკიპო სახლებისა, ქურდებსა და სხვა გაფუჭებულ ჭირიან ხალხს ის უბანი ყველაფრით ხელს უწყობდა.

1878 წლამდისინ საშინელი ქვის კრივები იყო, მერე უცებ გადავარდა. ახლა დაიწყეს გაცხარებული მუშტის კრივები. მუშტის კრივები ქალაქის შორეულ უბნებშიაც იმართებოდა, მაგრამ მთავარი ცენტრი იყო ბატანიკური ბაღის სამხრეთის მხარეს, თათრების სასაფლაოს ზემოთ. ყოველ კვირა დღით ნასადილევისას იმ ბაღში იკრიბებოდნენ ქალაქის ყველა უბნის მარჯვე ღონიერი ბიჭები. მე არ მახსოვს, თუ რომელი უბანი რომელს ებრძოდა, მხოლოდ ამდენს ვიტყვი, რომ ერთობ საზარელი სანახავი იყო იმათი მუშტის ხმის გაგონება. უიარაღო ომს რომ იტყვიან, სწორეთ ის იქნებოდა.

მუშტის კრივის ბანაკს ბელადები ბევრი ყავდა, მაგრამ ყველას თავი იყო ქარაფქანდოღა, რომელსაც ბოლოს ხელწერილი ჩამოართვეს, რომ მუშტით კაცს არ გაარტყას.

წვერიანი ქალი

თუ არ ვცდები, 1880 წელს ადესიდან ჩამოსულ ურიებმა სასტუმრო გრანტოტელის ქვეშ ერთი თვალი მაღაზია დაიქირავეს და აქეთ იქით განცხადება გააკრეს, რომ ამა და ამ დღიდან ამა და ამ ადგილას შეგიძლიათ პირადა ინახულოთ ერთი იშვიათი გასაოცარი ქალი, რომელსაც ნახევარი არშინი წვერი აქვს. რომელიც დამტკიცებულია ადესელი ექიმების შემოწმებული და დამტკიცებული ქაღალდებითა. ამგვარმა იშვიათმა ამბავმა მთელი საზოგადოება მიიზიდა და მოხიბლა, ეს საქმე იმით იყო გასაოცარი, რომ გავლილ საუკუნოებშიაც არსად არა თქმულა და არც გაგონილა, არც სადმე წერებულა. გარდა ამისა შემსვლელთაგანს თუ სდომნოდა ქალის ასოს გასინჯვა, უნდა 100 მანეთი მიეცა და გაესინჯა. საუბედუროთ, ჩვენი ქალაქის ხალხი მხოლოდ იმათს დაკუმენტების წაკითხვით ირწმუნებდა, რომ ნამდვილათ ქალია. ეს ურიები მთელს წლის განმავლობაში დიდი ძალი ფული შეაქუჩეს და ისევ ადესაში დაბრუნდნენ. ერთს მშვენიერ დღეს, როდესაც ის ქალი დამთვრალა და ერთს ბაღში ჩასძინებია, უნახავთ, რომ ეს შემოწმებული ქალი არის ნამდვილი ვაჟკაცი.

წინანდელს დროში ამ ჩვენს ქალაქში ცეცხლის წაკიდება ისე ძალიან ხშირი იყო, რომ ალბათ ეს საქმე მოდა არის. იმ ჟამათ ქალაქში მრავალი საზოგადოება იყო, რომლებშიაც ყველა მოქალაქე თავის მამულს აზღვევინებდა. ეს ფირმები იყვნენ „სალამანდრა“, „ნიუიორკი“, „ნადეჟდა“, „როსსია“ და კიდევ სხვები. აი სწორეთ ამ მიზნით ყველანი თავიანთ მამულებს ცეცხლს უკიდებდნენ და მერე გამოჰქონდათ ფულები და ახალს იშენებდნენ.

ამქრის დროშები თბილისში ორასამდის იქნებოდა, რომლებზედაც ყველა ამქარს თავისი ღერბი ქონდა გამოსახული. დულგრების ბაირაღზე გამოსახული იყო ნოეს კიდობანი, ნიშნად იმისა, რომ ნეომ წარღვნის შემდეგ კიდობანი ააშენა. მეღვინეთა ღერბი იგივე ნოე იყო, რომელმაც პირველათ ყურძნის წვენით დაითვრა. ყასპების ღერბი იყო მამა აბრამი და ისააკი.

გამოფენაზე ყველაზე უფრო თვალმისაზიდი იყო სარაჯიშვილის არყის ქარხნის პავილიონი, რომლის გარშემო სავსე ავუზში ბატები დასცურავდნენ და თვით პავილიონის კოშკი კი ბოთლის ფორმაზე გამოყვანილი, შიგნიდან ადამიანის თვალს ხიბლავდა ათასი ფერის სასმელების ნიმუშები.

ამგვარი უკვდავი კაცის (ივანე მაჩაბელი) დაკარგვა ასე იყო. მგონია ოცდა ათი წელი იქნება მას აქეთ, რაც ეს საქმე გავიგეთ. ერთ დღს მაისის თვეში დილის საათის 10 იქნებოდა, ეს კაცი შორდება თავის ოჯახს, ესე იგი სახლიდან გადის და სამუდამოდ აღარ ბრუნდება. ამ ამბის გამგონთა ჯერაც ერთი რაღაც სიზმარი გონიათ.  საქმე იმაშია, რომ ცოლისთვის არაფერი უთქვამს, არც ლაპარაკი მოსვლიატ, არც ვინმე გადაკიდებული ყოლია, იმისი მეტოქე მთელს საქართველოში ყველამ იცის მხოლოთ ილია ჭავჭავაძე იყო, რომელიც ბანკის არჩევნების დროს ხან ის ირჩეოდა, ხან ისა. რამდენივე წლის შემდეგ გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი იყო, რომ ვანო მაჩაბელი უნახავთ პარიზის ერთს სასტუმროშიო. ეს ხმები არ გამართლდა. შემდეგში დასწერეს იგივე გაზეთში, ვითომ ვანო მაჩაბელი ენახოთ ინგლისში, მაგრამ არც ეს გამართლდა. სულ ბოლოს სწერდნენ, შეიძლება მტკვარში ჩავარდაო. მერე კიდევ მსჯელობა დაიწყეს, თუ შექსპირის მთარგმნელი ადამიანის წყალში ჩავარდნა დაუჯერებელი ამბავი უნდა იყოს, თუნდა კიდეც ჩვენის თვალით დავინახოთ. დასასრულს სწერავდნენ, შეიძლება ამერიკაში გადავიდაო და თავისი საყვარელი სამშობლო დავიწყებას მისცაო.

საიათნოვი, რომელსაც ხალხი უფრო სცნობდა, რადგანაც მეფე ირაკლი მეორის სასახლის მგოსანი იყო. ბოლოს აღამაჰმან ხანის კაცებმა მოკლეს თათრის ბაზართან წმინდა გიორგის ეკლესიაში, რადგანაც მაჰმადიანობა არ მიიღო.

სიტყვა „კინტო“ მავნე პირსა ნიშნავს, მაგრამ ისინი მხოლოთ თავიანთის ოფლით სცხოვრობდნენ და ქეიფობდნენ. იცვამდნენ ძალიან სუფთად და კოხტათ.

ამბობენ, ერთხელ ბაზარში მირზოევს ეძნელებოდა ძვირფასად თევზის ყიდვა. მაგრამ იმავე თევზისა თურმე უვაჭრელად ერთმა კინტომ იყიდა. როდესაც მირზოევი შეჰკითხებია სიძვირეზე, კინტოს უპასუხნია, „მინამ ჯიბეში მაქვს ასე ვიცხოვრებ და როცა გამომელევა, მაშინ შენსავით ვიცხოვრებო“. მინამ მუშტის კრივები იმართებოდა, კინტოები იქ პირველ ადგილს იჭერდნენ და როცა მოიშალა, მაშინ მუშტის კრივის ნაცვლად, ბაღებში ქეიფებს მიეჩვივნენ. ეს კინტოები ისეთი სიტყვა მოსწრებულები იყვნენ, რომ ამათი საქციელი და სიტყვა-პასუხი მრავალჯერ ანეკდოტებათ დაიბეჭდა. მუშტაიდის მხარეს ერთ კინტოს ერთი დათვი ისე გაეწურთნა, რომ თავისთან პურს აჭმევდა და ღვინო არაყს ასმევდა. ბოლოს, როდესაც ის კინტო მომკვდარა, დაღონებულ და დაძმარებულ მხეცს ტირილი დაუწყვია.







კარაპეტ გრიგორიანცი - პუშიკინი
კარაპეტ გრიგორიანცი - ხრამული

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2011წ.

ლიტერატურული მუზეუმი მადლობას უხდის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) კარაპეტ გრიგორიანცის 33 ნახატისა და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმს 6 ნახატის მოწოდებისთვის.

ლიტერატურული მუზეუმი მადლობას უხდის კომპანია მაგთიკომს გამოცემის დაფინანსებისთვის

Vangogen • ვანგოგენი

Instagram