კანდიდ ჩარკვიანი - სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები

წიგნის გარეკანზე გამოყენებულია ქართველი მხატვრის - უჩა ჯაფარიძის მიერ პასტელით შესრულებული სტალინის პორტრეტი, რომელიც მან კანდიდ ჩარკვიანს 1950 წელს აჩუქა.

უნდა მოგესმინათ, სიცილის როგორი ქუხილი იდგა ოთხიათასიან აუდიტორიაში, როცა სტალინი სარკაზმის იარაღით, მეთოდურად, თითქოს უროს ურტყამსო, ამსხვრევდა გერმანელ ფაშისტთა ნაბოდვარს - საბჭოთ სახელმწიფო არ არსებობს, იგი მხოლოდ გეოგრაფიული ცნებააო.

მილშტეინის უფროსი ძმა ამერიკაში ცხოვრობდა და იქ მას კინემატოგრაფიის სამყაროში მაღალი მდგომარეობა ეჭირა. ეს ყველამ იცოდა. ჩვეულებრივად, ასეთი ბიოგრაფიული მონაცემების მქონეს მაშინ უშიშროების ორგანოებში ან პარტიულ აპარატში არ გააჭაჭანებდნენ, მაგრამ ბერია თავის თავს ყველაფრის უფლებას აძლევდა.

ბერიას მიერ წამოწყებული დაპატიმრებები ჩემთვის, ჯერ კიდევ რიგითი კომუნისტისათვის, ცნობილი იყო, მაგრამ არც მათ მასშტაბებზე, არც კონკრეტულ მიზეზებზე წარმოდგენა არ მქონდა. მით უმეტეს, არ მოველოდი, თუ რეპრესიების ტალღა ჩემ ახლოს გაივლიდა. ნამდვილად კი ასე მოხდა. განყოფილებას შტატით ოთხი ინსტრუქტორი ეკუთვნოდა, გვყავდა მხოლოდ ორი. მუშაობის დაწყებიდან პირველ თვეში მივლინებაში წასვლა მომიხდა. დავბრუნდი და აღარც ეს ორი ინსტრუქტორი დამხვდა, დაეპატიმრებინათ.

***

ბერიას განსაკუთრებული „ყურადღების“ შემდეგ ქართული კულტურის ფრონტი საკმაოდ შეთხელებულიყო. მას გამოკლებოდნენ დრამატული და საოპერო თეატრების დიდი მოღვაწეები  - სანდრო ახმეტელი და ევგენი მიქელაძე, რამდენიმე ნიჭიერი რეჟისორი და მსახიობი. უკვე რეპრესირებული იყო დიდი მწერალი - მიხეილ ჯავახიშვილი. ჩვენი პოეზიის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, პაოლო იაშვილმა, ბერიას გამომძიებელთან სიტყვიერ ჭიდილს თვითმკვლელობა არჩია და 22 ივლისს თავისი გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა. ხალხში განსაკუთრებული რეზონანსი იმასაც ჰქონდა, რომ პაოლო იაშვილმა ნიკაპს ქვემოთ მიბჯენილი სანადირო თოფი მწერალთა კავშირის შენობაში გაისროლა. ეს გარემოება კიდევ უფრო აძლიერებდა პოეტის მიერ სიცოცხლის შეწირვით გამოხატულ პროტესტს იმ ვითარების გამო, რომელიც მაშინ შემოქმედებით ორგანიზაციებში და პირადად მის გარშემო შეიქმნა.

მასობრივი დაშინების მაგალითად გამოდგებოდა მწერალთა თათბირი, რომელიც ბერიამ სექტემბერში ცენტრალურ კომიტეტში მოგვაწვევინა. ამ დროისათვის ადრე რეპრესირებულ რამდენიმე მწერალს ტიციან ტაბიძე და მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი დავით დემეტრაძეც მიემატნენ. თათბირზე შემოქმედებით საკითხებზე თითქმის არაფერი თქმულა. სამაგიეროდ ბევრი საყვედური გამოითქვა იმის გამო, რომ მწერალთა შორის ხალხის მტრებიც აღმოჩნდნენ. თათბირზე, არსებითად, მხოლოდ ბერია ლაპარაკობდა, მწერლები კი მოწაფეებივით მის შეკითხვებს პასუხობდნენ. თათბირის მონაწილეებს საკუთარი აზრის გამოთქმის ხალისი სულ დაუკარგა ბერიას შეყვირებებმა და მუქარამ ზოგიერთი მწერლის მისამართით. ძველი ბოლშევიკი, პავლე საყვარელიზე, რომელსაც მიუხედავად დიდი ტანისა, თავისი უფრო ცნობილი მოგვარისა და სეხნიისაგან გასარჩევად პატარა პავლეს ეძახდნენ, რამდენიმე რომანის ავტორი იყო. პავლემ სიტყვა აიღო და უნდოდა მწერალთა კავშირის მდგომარეობაზე რაღაც ეთქვა, მაგრამ ბერიამ ლაპარაკი არ დააცალა და გაჯავრებული ტონით უთხრა:

- პავლე, თქვენ უკეთესია იმას მოყვეთ, თუ რაზე მსჯელობთ თქვენი ახლო ამხანაგების წრეში. იცოდეთ, ორპირობა არ გამოგადგებათ.

პავლე გაშრა და ხმა ჩაიკმინდა.

ასევე მოუვიდა ბესო ჟღენტსაც. ბერიამ მასაც სიტყვა უხეშად შეაწყვეტინა:

- ბესო, არც თქვენა ხართ წმინდა სული, ღმერთმა იცის, ვისთან გაქვთ ურთიერთობა და მეგობრობა.

თათბირი მძიმე ვითარებაში დაიხურა. პავლე საყვარელიძე რამდენიმე დღეში დააპატიმრეს. ბესო ჟღენტი კი, თავისი ბედის გამო, კარგა ხანს მეტად შეფიქრიანებული იყო.

***

სტალინთა საუბარში ბერიას ლექსიკონი მოკლე იყო: - არის, ამხანაგო სტალინ. სწორია, ამხანაგო სტალინ. ამაში დავრწმუნდი მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სტალინის სახლში ფეხი შევდგი.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ სტალინს ყველა ახალგამოსული მნიშვნელოვანი ქართული წიგნი ეგზავნებოდა.

***

ხმის გამოჯავრებით კომიკური სიტუაციების სექმნა მიშას (ჭიაურელს) ცხორებაშიც უყვარდა. ერთხელ მან სტალინთან ასეთი ისტორია გვიამბო.

„ვიცოდი, რომ კათალიკოსი კალისტრატე ცინცაძე სემინარიაში გოგლა ლეონიძის მასწავლებელი იყო. აქედან მოდიოდა მათი ნაცნობობა. ვიფიქრე, ამ ნიადაგზე გოგლას გავხუმრებოდი. ტელეფონით დავურეკე და კალისტრატეს სუსტი ხმით დინჯად დავუწყე:

- ბატონო გიორგი, ეს მე ვარ, კათალიკოსი კალისტრატე. დილა მშვიდობისა.

- დილა მშვიდობისა, მამაო კალისტრატე, როგორ ბრძანდებით, თქვენმა ხმამ დიდად გამახარა, - მიუგო მოწიწებით გოგლამ.

- გმადლობთ. თქვენთან თხოვნა მაქვს. აი, სიგელი რომ აღმოგიჩენიათ, ასლი იქნებ მისაჩუქროთ.

- მოგართმევთ, მამაო კალისტრატე, დღესვე მოგართმევთ.

აქ კი ვეღარ მოვითმინე და სიცილი წამსკდა.

- რაო? - წამოიბუხუნა გოგლამ უკვე თავისი ხმით, - ეს შენა ხარ, მიშა? იცოდე, არ შეგარჩენ ამ მასხარაობას.

მაგრამ დიალოგი ამით არ დამთავრებულა. დრო გავიდა და კალისტრატემ გოგლას მართლა დაურეკა.

- ბატონო გიორგი, ეს მე ვარ, კათალიკოსი კალისტრატე...

- კიდევ დაიწყე მაიმუნობა, შე ეშმაკის ფეხო, შენა? - იყო პასუხი.

- როგორ გეკადრებათ, ბატონო გიორგი, მე კათალიკოსი კალისტრატე გახლავართ...

- ვიცი, რა კათალიკოსიცა ბრძანდებით, გეყოფა, მეორედ ვერ გამათამაშებ.

გაოგნებულმა კათალიკოსმა ყურმილი დადო.

ცოტა ხნის შემდეგ გოგლა მაინც დაეჭვდა. აქეთ-იქით დარეკა და გაიგო, რომ მე თბილისში არ ვიყავი. მაშინ კი სასწრაფოდ ეახლა კათალიკოსს და ბოდიში მოუხადა“...

***

ირან-საბჭოთა კავშირის ძირითად ხელშეკრულებაში, რომელიც 1921 წლის 26 თებერვალს დაიდო, ასეთი პუნქტი ჩაიწერა: „თუ სპარსეთის მთავრობა რუსეთის საბჭოთა მთვრობის მიერ გაფრთხილების შემდეგ თვითონ ვერ შეძლებს საფრთხის აცილება,ს რუსეთის საბჭოთა მთავრობას უფლება ექნება შეიყვანოს თავისი ჯარები სპარსეთის ტერიტორიაზე, რათა თავდაცვის მიზნით მიიღოს საჭირო საომარი ზომები. მოცემულო საფრთხის თავიდან აშორების შემდეგ, საბჭოთა მთავრობა ვალდებულებას იღებს, დაუყოვნებლივ გამოიყვანოს თავისი ჯარები სპარსეთის საზღვრებიდან“.


***

1942 წლის იანვარში სტალინმა დამირეკა და მკითხა:

- რა აზრისა ხართ ქართული ეროვნული დივიზიების შექმნაზე?

- ამ საკითხზე არ მიფიქრია, ამხანაგო სტალინ, მაგრამ, თუკი ეს შესაძლებელია, ეროვნული დივიზიების შექმნა ძალიან კარგი იქნება. ხალხი ამას მოიწონებს.

- ჩვენ შევქმენით ლატვიელთა დივიზიები, შესანიშნავად იბრძვიან. ქართველები რა ნაკლები არიან, რატომ არ უნდა ჰყავდეთ მათი ეროვნული ნაწილები?

- რასაკვირველია, ნაკლები არ არიან და ნაკლებადაც არ იბრძოლებენ, ამხანაგო სტალინ.

- მაშინ ასე მოვიქცეთ: შევქმნათ სამი დივიზია. მეთაურთა შემადგენლობა, ალბათ, გეყოფათ. მოელაპარაკეთ ტიულენევს, წარმოადგინეთ წინადადება თავდაცვის სახალხო კომისარიატში. იარაღს მოგცემთ, დანარჩენი თქვენზე იქნება დამოკიდებული. კარგად იყავით.

... თებერვალში ორი ქართული დივიზია შეიქმნა.

***

- ქართველები მეორე ხარისხის ერი ხართ, - მითხრა ხუმრობით სტალინმა, - ერთი მარშალიც არ გყავთ ამ გახურებულ ომში.

- ჩვენისთანა მარშალი ნეტავ ყველას ჰყავდეს, - მივუგე ხუმრობით, - მაგრამ, აი, ამხანაგი ხრუშჩოვი წარმოადგენს ლესელიძეს უმაღლეს წოდებაზე და მეორე მარშალიც გვეყოლება.

სტალინს ამ პასუხზე გაეღიმა, ხრუშჩოვმა კი ერთი დაბნეულად შემომხედა და ხმაც არ ამოიღო.

***

სტალინი შეხვედრისას არც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოიკითხავდა, არც იმით დაინტერესდებოდა, თუ როგორ იმგზავრეთ. ამ შტამპად ქცეული ფრაზების წარმოთქმის ნაცვლად ის, ხელს ჩამოგართმევდათ თუ არა, საქმიან საუბარზე გადადიოდა.

სტალინის ხასიათი კარგად ვიცოდი. ცხელ კვალზე მასთან ვერაფერს გააწყობდი. დრო უნდა გასულიყო, საკითხის სიმწვავეს გაევლო. მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლაზე ლაპარაკი.

1945 წლის 24 ივნისს წითელ მოედანზე გამართულ გამარჯვების პარადზე, უეცრად საერთო კოლონებს მებრძოლთა რაზმები გამოეყო. თითოეულ მათგანს ძირს დაშვებული სვასტიკიანი დროშ ეჭირა. ეს გერმანელების დამარცხებული სამხედრო შენაერთების დროშები იყო. მებრძოლები მავზოლეუმთან მივიდნენ და ვერმახტის ძლეული შტანდარტები მის საძირკველთან დაყარეს. როგორც შემდეგ გავიგეთ, ეს ბედი ორასამდე დროშას ეწია. ამ სიმბოლურმა აქტმა დამსწრეებზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა.

- ჩვენი პარტიული ხელმძღვანელები, - დაიწყო სტალინმა - მარქსისტები არიან და, მაშასადამე, თავის საქმიანობაში მარქსისტული დიალექტიკით უნდა ხელმძღვანელობდნენ. ნამდვილად კი ეს ყოველთვის ასე არ არის. ძალიან ხშირად ისინი დოგმატიზმის ტყვეობაში ვარდებიან, ვერ იჩენენ კონკრეტულ სინამდვილეში გარკვევის უნარს და ყველა პირობებში საკითხის ერთგვაროვან გადაწყვეტას ეძებენ. ... განა შეიძლება ერთი და იგივე მოთხოვნა წავუყენოთ, თუ გნებავთ პარტიაში შემოსვლისას, რუსეთის ცენტრალური ოლქის მცხოვრებთ და შუა აზრიის მკვიდრთ? განა შეძლება იმის დავიწყება, რომ მუსლიმანური ფანატიზმი უფრო ძნელი დასაძლევია, ვიდრე მართლმადიდებლობა? ისიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში პარტიული ორგანიზაცია ისედაც მრავალრიცხოვანია და აქ რელიგიის საკითხში კომპრომისი ჩვენ არ გვესაჭიროება. შუა აზიაში კი, სადაც სუსტი პარტორგანიზაციები გვაქვს, რატომ უნდა ვკრათ ხელი ჩვენს ერთგულ ადამიანებს რელიგიური მოტივით? თუ კოლმეურნე თავდადებით მუშაობს, ჩვენს ღონისძიებებში მონაწილეობს, ყველაფერში გვერდში გვიდგას და კომუნისტად გახდომის სურვილს აცხადებს, - ის პარტიაში უნდა მივიღოთ, გინდ ალაჰი სწამდეს თავისი მაჰმადით, გინდ რომელიმე ტოტემური ცხოველი, ეს ჩვენ არაფერს დაგვიშავებს.

***

განსაკუთრებით არადამაკმაყოფილებლად სტალინს საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს დაბოლოება მიაჩნდა.

- თქვენ, - თქვა მან, - ხანს არ უსვამთ იმ გარემოებას, რომ XVIII საუკუნის დამლევისათვის საქართველოს წინაშე იდგა დილემა: იგი ან ყველაზე ბარბაროსულ სახელმწიფოებს - სპარსეთსა და თურქეთს - უნდა ჩაეყლაპა, ან რუსეთს შეერთებოდა. საქართველომ მეორე გზა აირჩია და სწორად მოიქცა. ამიერკავკასიაში მაშინ ერთმანეთის მეტოქე პოლიტიკური ძალებიდან რუსეთი ბევრად უფრო პროგრესული იყო. შეერთებამ მალე გამოიღო ნაყოფი: ქვეყანამ თავი დააღწია გარეშე მტრების განუწყვეტელ თავდასხმებს, მიიღო მეურნეობის აღდგენის, კულტურული წინსვლის შესაძლებლობა. - ამის შესახებ, ამხანაგო სტალინ, სახელმძღვანელოში ნათქვამი კი არის, მაგრამ ძალიან მოკლედ და, შეიძლება, არც ისე გარკვევით, როგორც საჭიროა, - აღიარეს ჯანაშიამ და ბერძენიშვილმა.

სტალინი ყოველთვის კონკრეტულ და ნათელ დავალებებს იძლეოდა, მაგრამ მას ერთი ჩვეულებაც ჰქონდა: ზოგჯერ ამა თუ იმ აზრს მსჯელობის საგნად გახდიდა, სხვებსაც მოუსმენდა და შემდეგ დასკვნას გააკეთებდა, ოღონდ პირდაპირ არ გეტყოდა, რომ მიღებული დასვკნა სავალდებულოდ და განსახორციელებლად მიაჩნდა.

თუ მარტო ორნი ვიყავით, სტალინი, როგორც წესი, ქართულად ლაპარაკობდა, რაც მის ნაამბობს ბავშვობისა და ახალგაზრობის წლების შესახებ განსაკუთრებულ კოლორიტს აძლევდა. ისიც უნდა ვთქვა, რომ თუ საუბარს არაქართველებიც ისმენდნენ, სტალინი იმავე ამბებს რუსულადაც გამომსახველობით ყვებოდა.

„1926 წელს, - მიამბო სტალინმა, - თბილისში ყოფნისას, ოფიციალურ ვითარებაში ამიერკავკასიის და საქართველოს ყველა თვალსაჩინო მუშაკს შევხვდი. მიხაც (ცხაკაია), რასაკვირველია, მათ შორის იყო და საკითხების განხილვაში მონაწილეობდა, მაგრამ მინდოდა ის ცალკეც მენახა, მეგობრულად გვესაუბრა, ზოგი რამ წარსულიდანაც გაგვეხსენებინა. მიხა ამიერკავკასიის ცაკის თავმჯდომარე იყო. ავდექი და, ორჯონიკიძესა და მიქოიანთან ერთად სამსახურში გაუფრთხილებლად ვეწვიე. გადავწყვიტეთ მოხუცს გავხუმრებოდით. ამიტომ მისაღებში ჩვეულებრივი მიმსვლელებივით დავსხედით და შემდეგ მდივანს ვთხოვე თავმჯდომარისათვის მოეხსენებინა, რომ სტალინი, ორჯონიკიძე და მიქოიანი მიღებას ითხოვდნენ. მდივანმა, რასაკვირველია, ყველაფერი მოახსენა, მიხა ხუმრობას მიგვიხვდა, მდივნის პირით გადმოგვცა: ცოტა დამელოდეთ, საქმეს მოვრჩები და თქვენი ჯერიც მოვაო. რამდენიმე წუთში მდივანს ისევ გამოუძახა, კაბინეტის კარი მოღებული დაატოვებინა და ჩვენს გასაგონად ჰკიტხა: ეს რომელი სტალინია, ჩვენი კომსომოლა? სთხოვეთ, შემოვიდესო.

ერთხელ სტალინთამ ამიერკავკასიის რკინიგზის საკითხების გამო ვიყავი. როცა საქმეს მოვრჩით, კაგანოვიჩმა მითხრა: - ახლა სტალინთან უნდა წავიდე. ვფიქრობ, არაფერი დამავიწყდეს. იცით, ასეთ შემთხვევებში როგორ ვღელავ? საქაღალდეში ხომ მომხადებული დოკუმენტები მიწყვია, ჯიბეებშიც მოწაფესავით „შპარგალკები“ მიდევს, - კაცმა არ იცის, საკითხს საიდან მოუდგება და რას შეგეკითხება. საოცარი მეხსიერება აქვს და შეკითხვებითაც ყოველთვის წერტილში ხვდება... ზოგჯერ კაბინეტიდან გამოსულს მომეჩვენება, რომ შეიძლება ისეთი საკითხით დაინტერესდეს, რომელიც არ მომიმზადებია და უკან ვბრუნდები საჭირო მასალის მოსაძიებლად.

ოთახებში რომ დავდიოდით, სტალინმა ერთი თავისი ყოფითი საიდუმლო გამანდო: - საწოლზე არასოდესვიძინებ, ლოგინს ყოველთვის დივანზე ვაშლევინებ.

***
სტალინი მარტო „გერცოგოვინა ფლორის“ მარკის პაპიროსს წევდა. ზოგჯერ ორ ცალ პაპიროსს თამბაქოთი დატენილ ნაწილს მოაგლეჯდა და თითით ჩატენიდა ჩიბუხში, რომლის მოწებაც დროდადრო მოეხალისებოდა, მაგრამ მაგიდაზე უცბად ჩვენი ფაბრიკის პაპიროსი გაჩნდა. მას „საქართველო“ ერქვა და კოლოფზე დოინჯშემორტყმული ქალი ეხატა. ქალის პოზა და მთელი სხეულის ნაკვთები საკმაოდ გამომწვევი შტრიხებით იყო შესრულებული. ჩანდა, რომ პაპიროსის კოლოფი მაგიდაზე რომელიღაც სტუმარმა დადო. 

სტალინმა კოლოფი აიღო, ყოველი მხრიდან დაათვალიერა და განსაკუთრებით ქალის ფიგურას დააკვირდა.

- საოცარია, განა ასეთი ქუჩური ილეთები უნდა მივაწეროთ ქართველ ქალს, რომელიც კდემამოსილებით არის განთქმული? სად ნახეთ ასე დოინჯშემოყრილი წესიერი ქალი? თუ მხატვრები არ გივარგათ, უნდა სხვები მოიწვიოთ, ასეთი უხამსობა კი არ უნდა ვრცელდებოდეს.

- მხატვრები კი გვყავს, ამხანაგო სტალინ, მაგრამ ჩვენ ეს სურათი არ შეგვიმჩნევია.

- ეტიკეტი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მხატვრის, გუდიაშვილის ნამუშევარია, - „შემაშველა“ სიტყვა პ. შრიამ, - მაგრამ, როგორც ჩანს, სურათი ვერ გამოუვიდა.

- სადაური გუდიაშვილი?

- მთიულია, - ვუპასუხე, - ნიჭი და განათლება არ აკლია, რამდენიმე წელიწადი პარიზში დასახელოვნებლად გაატარა.

- სწორედ ამაშია უბედურება. პარიზში წავლენ, უხეირო ხერხებს გადმოიღებენ, რაც კარგია, იმას კი არ შეისწავლიან.

- ამ მარკას, ამხანაგო სტალინ, სულ აღარ გამოვუშვებთ, პაპიროსს „საქართველო“ რად უნდა ეწეროს, ეტიკეტებს კი მეტ ყურადღებას მივაქცევთ, - აღვუთქვი ამხანაგ სტალინს და შევეცადე ამ საგანზე ლაპარაკი ამით დაგვემთავრებინა. საქმე ის არის, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დამცხრალი კომუნისტების ერთი ნაწილის აღშფოთება იმის გამო, რომ ლ. გუდიაშვილმა კათალიკოსის შეკვეთით ქაშვეთის ეკლესიაში ღვთისმშობლის ფრესკა დახატა. პეტრე შარიას გულახდილობა რომ ვიცოდი, მას შეეძლო თავისი „ინფორმაციისათვის“ ეს ამბავიც მიეყოლებინა. სტალინს ამ ფაქტისათვის იქნებ ყურადღებაც არ მიექცია, მაგრამ არც ის იყო გამორიცხული, რომ საქმე გართულებულიყო.

***

ერთი შეხვედრისას, რომელსაც პოლიტბიუროს წევრებიც ესწრებოდნენ, სტალინი შემეკითხა - დავით ონიაშვილს თუ იცნობდითო.

- პირადად არა, ამხანაგო სტალინ, მაგრამ ვიცნობდი, როგორც „კაპიტალის“ პირველი ქართული თარგმანის ავტორს.

- იქნებ ბერიამ გვითხრას, რისთვის დაიღუპა ეს ნიჭიერი, ხალხისათვის მეტად საჭირო კაცი?

ბერია შეკრთა, მაგრამ არ დაიბნა.

- ჟორდანიასტან, ემიგრანტ მენშევიკებთან ჰქონდა კავშირი, ამხანაგო სტალინ, ტყუილად როგორ დავაპატიმრებდით.

- მიხეილ ჯავახიშვილიც ჯაშუშად მონათლეთ, არა? თუ მოინდომებდით, ყველაფერს გააკეთებდით.

- ჯავახიშვილი პოლონეთის საელჩომ მოისყიდა, თვითონ აღიარა.

- და თქვენ ეს გჯერათ? მეტი დაფიქრება იყო საჭირო. ბრალიც რომ ჰქონოდათ, უნდა დაგეძახათ, გაგეფრთხილებინათ. საქმის გამოძიებაც, ალბათ, რიგით გამომძიებელს ჩააბარეთ, კონტროლსაც არ უწევდით. იცოდეთ, მარტო ამ ორი მოღვაწის განუკითხავად დაღუპვით თქვენ დიდი დანაშაული ჩაიდინეთ ქართველი ხალხის წინაშე.

მთელი ამ დიალოგის დროს ბერია ფერწასული იდგა, და ალბათ, მეტ წყრომას მოელოდა, მაგრამ მსუბუქი დატუქსვით გადარჩა.


გელა ჩარკვიანის რედაქციით
გელა ჩარკვიანი, 2015წ.
გამომცემლობა „არტანუჯი“, 2015წ.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram