მიშელ ტურნიე - პიერო, ანუ ღამის საიდუმლოებანი

სოფელ პულდრეზიკში ორი პატარა თეთრი სახლი ერთმანეთის პირისპირ იდგა. ერთი სამრეცხაო იყო. აღარავის ახსოვდა მრეცხავი ქალის ნამდვილი სახელი, მას ყველა კოლომბინს ეძახდა მისი თოვლივით თეთრი კაბის გამო. მეორე სახლი კი პიეროს საფუნთუშე გახლდათ.

პიერო და კოლომბინი სკოლის მერხიდან ერთად იზრდებოდნენ. ისინი ხშირად იყვნენ ერთად, ამიტომ ყველა ფიქრობდა, რომ აუცილებლად დაქორწინდებოდნენ, პიერო მეფუნთუშე გახდა, კოლომბინა კი - მრეცხავი. მაგრამ ცხოვრებამ ისინი ერთმანეთს დააშორა: პიერო მეფუნთუშე გახდა, კოლომბინი კი - მრეცხავი. მეფუნთუშე ღამით მუშაობდა, დილით სოფელს ახალი პური და ცხელი ფუნთუშები რომ ჰქონოდა. მრეცხავი კი - დღისით. თუმცა, მათ მაინც შეეძლოთ ერთმანეთს შეხვედროდნენ შებინდებისას, როცა კოლომბინი წვებოდა, პიერო კი დგებოდა, ან დილით, როცა კოლომბინის დღე იწყებოდა, პიეროსი კი - მთავრდებოდა. მაგრამ კოლომბინი ერიდებოდა პიეროსთან შეხვედრას, რის გამოც საწყალი მეფუნთუშე დარდისგან იტანჯებოდა.

რატომ არიდებდა კოლომბინი თავს პიეროს? ძველი მეგობარი მასში არასასიამოვნო მოგონებებს იწვევდა. კოლომბინს მხოლოდ მზე, ჩიტები და ყვავილები უყვარდა, მხოლოდ ზაფხულის სიცხეში ხარობდა, მაშინ, როცა პიერო ღამეული ცხოვრებით ცხოვრობდა. კოლომბინისათვის ღამე საშინელი მხეცებით, მგლებით და ღამურებით სავსე წყვდიადი იყო. ამ დროს მას ერჩია, დაეხურა კარი, დარაბები და დასაძინებლად მიკუნტულიყო. ეს კიდევ არ იყო ყველაფერი, რადგან პიეროს ცხოვრებაში ორი, კიდევ უფრო შემაძრწუნებელი „წყვდიადი” არსებობდა: სარდაფი და ღუმელი.

ვინ იცის, ალბათ სარდაფი სავსე იყო ვირთხებით? და ღუმელი? - ხომ გაგიგიათ, „ღუმელივით გამურულიო“. სხვათა შორის, უნდა ვაღიაროთ რომ, პიეროს თავისი ხელობის შესაფერისი გარეგნობა ჰქონდა. ალბათ იმის გამო, რომ ღამე მუშაობდა, დღე კი - ეძინა. მას სავსე მთვარის მსგავსი მრგვალი და ფერმკრთალი სახე ჰქონდა. გაოცებული, ფართოდ გახელილი თვალებითა და განიერი, ფართხუნა, ფქვილში ამოგანგლული ტანსაცმლით ბუს წააგავდა. როგორც მთვარე და როგორც ბუ, პიეროც მორცხვი, ჩუმი, უღალატო და იდუმალებით აღსავსე იყო. ზაფხულს ზამთარი ერჩივნა, საზოგადოებას - მარტოობა და ლაპარაკზე მეტად - რომელიც არც თუ კარგად გამოუდიოდა - წერა უყვარდა. იგი სანთლის შუქზე უზარმაზარი კალმით კოლომბინს გრძელ წერილებს უწერდა, რომლებსაც არ უგზავნიდა, დარწმუნებული იმაში, რომ გოგონა მათ მაინც არ წაიკითხავდა. რას სწერდა პიერო? ის ცდილობდა, კოლომბინისთვის მცდარი აზრი გაეფანტა და დაერწმუნებინა, რომ ღამე არ იყო ისეთი, როგორიც მას წარმოედგინა. პიერო იცნობს ღამეს. მან იცის, რომ ეს არ არის შავი სიცარიელე, მით უმეტეს, არც მისი სარდაფი და ღუმელი. ღამით მდინარე უფრო მაღალი წკრიალა ხმით მღერის და წყლის წვეთებს უთვალავ ვერცხლისფერ ნიჟარებად აციმციმებს. ფოთლები პირქუში ცის ქვეშ ვარსკვლავებივით კაშკაშაა. ღამით ზღვის, ტყისა და მთის სურნელით გაჯერებული ჰაერით სუნთქავს მაშინ, როცა დღის ჰაერი ადამიანის ოფლის სუნით არის გაჟღენთილი. პიერომ იცის, რომ მთვარე არ არის თეფშივით ბრტყელი და თეთრი დისკო. ის მას ისეთი დაკვირვებითა და სიყვარულით შესცქერის, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ამჩნევს, რომ მთვარეს აქვს რელიეფი. და რომ სინამდვილეში, ეს არის ვაშლის, გოგრის მსგავსი ბურთულა, რომელსაც სულაც არა აქვს გლუვი ზედაპირი. იგი საგულდაგულოდ ნაქანდაკარი, ნაძერწი და დაღარულია, როგორც ბუნება თავისი გორაკებითა და ხეობებით, როგორც სახე ნაოჭებითა და ღიმილით.

დიახ, ეს ყველაფერი იცის პიერომ, რადგანაც მის ცომს საფუარით მოზელის შემდეგ, გასაფუებლად და ამოსასვლელად ორი საათი სჭირდება. სწორედ ამ დროს გამოდის ის თავისი საფუნთუშედან. ყველას სძინავს. პიერო ქუჩების ქვაფენილზე დააბიჯებს. ფართოდ გახელილი დიდრონი თვალებით დარაჯობს იმ კაცების, ქალებისა და ბავშვების ძილს, რომლებმაც მხოლოდ ცხელი ფუნთუშების შესაჭმელად უნდა გაიღვიძონ. კოლომბინის დახურული ფანჯრების ქვეშ სეირნობს, ის ხომ სოფლისა და კოლომბინის გუშაგია. პიერო წარმოიდგენს ახალგაზრდა გოგონას, რომელსაც სძინავს და მშვიდად სუნთქავს დიდი საწოლის ნესტიან სითეთრეში, შემდეგ გახედავს მთვარეს და თავის თავს ეკითხება: ნუთუ ეს ნაზი სიმრგვალე, რომელიც ხეებს ზევით ნისლში დაცურავს, ლოყის, მკერდის ან უფრო მეტიც, დუნდულის სიმრგვალეს შეედრება?!

ალბათ ყველაფერი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე, ზაფხულის ერთ მშვენიერ დილას სოფელში უცნაური ოთხთვალა რომ არ გამოჩენილიყო, რომელსაც ვიღაც კაცი მიათრევდა. ოთხთვალას შებმული ჰქონდა ფურგონი და ბაზრის პატარა ფარდული, რომელსაც როგორც ჩანს საძინებლად იყენებდნენ. ფარდული მყვირალა ფერებით იპყრობდა ყურადღებას, მისი მსუყედ მოხატული ფარდები ფრიალებდნენ. ოთხთვალას საღებავით გაკეთებული წარწერა აგვირგვინებდა: არლეკინი - მღებავი. ცოცხალ, მოქნილ, წითელლოყებიან, წითურ და ხუჭუჭთმიან კაცს ჭრელი, რომბებიანი, ტანზე ვიწროდ მომდგარი ტანსაცმელი ეცვა. მასზე ცისარტყელას ყველა და უფრო მეტი ფერიც იყო, მაგრამ არც ერთი შავი და თეთრი. მან ურიკა პიეროს საფუნთუშის წინ გააჩერა და უკმაყოფილოდ დააკვირდა შიშველ ფასადს, რომელზეც მხოლოდ ეს ორი სიტყვა ეწერა: მეფუნთუშე პიერო.

კაცმა ხელები მოიფშვნიტა და კარზე დააკაკუნა. შუადღე იდგა და პიეროს ეძინა. არლეკინმა მანამ აბრახუნა, სანამ კარი არ გაიღო და ფერმკრთალი და დაღლილობისაგან მობარბაცე პიერო არ დაინახა. საწყალი პიერო! მართლა თეთრ, აბურძგნულ და გაოცებულ ბუს ჰგავდა, რომელიც შუადღის ულმობელი შუქის გამო თვალებს აფახულებდა. არლეკინმა გაოცებისაგან პირი დააღო, მის უკან სიცილი გაისმა. ეს კოლომბინი იყო, რომელსაც ხელში დიდი უთო ეჭირა და ამ სცენას ფანჯრიდან აკვირდებოდა. არლეკინი შემოტრიალდა, კოლომბინს შეხედა და თვითონაც გაიცინა. პიერო მთვარეულივით მიტოვებულად და საცოდავად გამოიყურებოდა მზის ამ ორი შვილის საერთო მხიარულების ფონზე. ბოლოს გაბრაზდა, არლეკინს ცხვირწინ მიუხურა კარები და დასაძინებლად წავიდა.

არლეკინი სამრეცხაოსკენ გაემართა, სადაც კოლომბინი გაუჩინარდა და მისი ძებნა დაიწყო. გოგონა კვლავ გამოჩნდა, ოღონდ სხვა ფანჯრიდან. სანამ არლეკინი მიუახლოვდებოდა, კვლავ გაქრა. იფიქრებდით, თვალხუჭობანას ეთამაშებაო. ბოლოს კარი გაიღო და კოლომბინი თეთრი სარეცხით სავსე კალათით გამოვიდა. არლეკინი უკან გაჰყვა. კოლომბინი გაემართა ბაღისაკენ და დაიწყო სარეცხის გაფენა, განსაკუთრებულად თეთრი სარეცხისა, თეთრის, როგორც კოლომბინის და პიეროს ტანსაცმელი. მაგრამ ამ თეთრ სარეცხს ის ფენდა არა მთვარის შუქზე, არამედ მზეზე, რომელიც ფერებს არლეკინის ტანსაცმელზე აბრწყინებდა. არლეკინი, როგორც კარგი მოსაუბრე, გამოელაპარაკა კოლომბინს. მანაც უპასუხა. რაზე ლაპარაკობდნენ ისინი? ალბათ ტანსაცმელზე: კოლომბინა - თეთრზე, არლეკინი - ფერადზე. მრეცხავს თეთრი ერჩივნა. არლეკინი მის გადაბირებას ცდილობდა და, სხვათა შორის, მიაღწია კიდეც წარმატებას.

სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ პულდრეზიკის თეთრი ბაზარი დაიპყრო იასამნისფერმა პირსახოცებმა, ცისფერმა ბალიშის პირებმა, მწვანე სუფრებმა და ვარდისფერმა ფარდებმა. თეთრეულის მზეზე გაფენის შემდეგ კოლომბინი სამრეცხაოში დაბრუნდა. არლეკინი, რომელსაც ხელში ცარიელი კალათა ეჭირა, სახლის ფასადის შეღებვას სთავაზობდა. კოლომბინი დათანხმდა. არლეკინმა მაშინვე დაიწყო მუშაობა, გაშალა ფურგონი, სამრეცხაოს წინ ფიცრებით და სხვადასხვა ხელსაწყოებით ხარაჩო ააგო. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს დაშლილი ფურგონი კოლომბინის სახლს დაეპატრონაო. არლეკინი ხარაჩოზე მარჯვედ და მოხერხებულად იჯდა, ათასფერი ტანსაცმლითა და წითური თმით ქანდარაზე ჩამომჯდარ ეგზოტიკურ ჩიტს ჰგავდა. მღეროდა და სტვენდა, დრო და დრო კოლომბინიც გამოჰყოფდა ხოლმე თავს ფანჯრიდან. ისინი ერთმანეთს ეხუმრებოდნენ, უღიმოდნენ და უმღეროდნენ.

მალე სოფელს არლეკინის მუშაობა დაეტყო, სახლის თეთრი ფასადები ფერადით იცვლებოდა. იქ იყო ცისარტყელას ყველა და უფრო მეტი ფერიც კი, მაგრამ არ იყო არც შავი, არც თეთრი და არც ნაცრისფერი. განსაკუთრებულად აღსანიშნავი იყო არლეკინის ორი გამოგონება, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ის იყო ყველაზე გაბედული და კადნიერი მღებავი მღებავებს შორის. მან ზევით, კედელზე კოლომბინის დიდი ფიგურა გამოსახა, რომელსაც თავზე თეთრეულის კალათა ედგა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ჩვეულებრივ თეთრ ტანსაცმელში დაეხატა, არლეკინმა მას ფერად-ფერადი, პატარა რომბებიანი კაბა ჩააცვა, თავისი ტანსაცმლის მსგავსი. შემდეგ თეთრ ფონზე შავი ასოებით სიტყვა - სამრეცხაო, ფერადი ასოებით კი - სამღებრო წააწერა! მან ისე სწრაფად იმუშავა, რომ მზის ჩასვლისას ყველაფერი მზად იყო.

მზე ჩადის და პიერო იღვიძებს. ინთება საფუნთუშეს ღუმელი, ბრიალებენ წითელი ათინათები. უზარმაზარი მთვარე ცურავს ფოსფორისებურ ცაში. პიერო გამოდის საფუნთუშედან. ის ჯერ ვერ ხედავს მთვარეს, მაგრამ ბედნიერია და მირბის მისკენ, ისინი ერთმანეთს უღიმიან. მართლაც, და-ძმასავით არიან, მრგვალი სახითა და ჰაეროვანი ტანსაცმლით. ცეკვა-ცეკვაში პიერო წამოედო ქილებს, რომლებიც მიწაზე ეწყო, დაეჯახა ხარაჩოს კოლომბინის სახლის წინ. ამან ოცნებებიდან გამოარკვია. რა ხდება? რა მოხდა სამრეცხაოში? პიერომ ვერ იცნო ეს აჭრელებული ფასადი, განსაკუთრებით, არლეკინის კოსტიუმში გამოწყობილი კოლომბინი... და კიდევ ეს ბარბაროსული სიტყვა - სამღებრო! პიერო აღარ ცეკვავს, ის გაოცებულია. ცაში კი მთვარე ტკივილისაგან იმანჭება. ესე იგი, კოლომბინა არლეკინის ფერებმა მოაჯადოვა! ამიერიდან ის ჩაიცვამს როგორც არლეკინი და თეთრეულს ლილაში გავლების ნაცვლად, ჭუჭყიანი და გულისამრევი ძველმანების სადუღარში შეაფერადებს! პიერო უახლოვდება ხარაჩოს, ზიზღით ეხება მას. იქ, მაღლა ფანჯარაა განათებული. საშინელებაა ეს ხარაჩო, რადგან მისი გამოყენებით შესაძლებელია ზედა სართულის ფანჯრებში შეიხედო, დაინახო, რა ხდება ოთახებში! პიერო ძვრება ერთ ფიცარზე, შემდეგ მეორეზე, განათებული ფანჯრისაკენ მიიწევს. რა დაინახა? ჩვენ ამას ვერასდროს გავიგებთ! ის უკან ხტება, დაავიწყდა, რომ მიწიდან სამი მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა და... ჩამოვარდა, ძირს დაეცა. მოკვდა? არა, გაჭირვებით ადგა და კოჭლობით დაბრუნდა საფუნთუშეში. აანთო სანთელი და დიდი კალამი სამელნეში ჩააწო. ის წერილს წერს კოლომბინს. შემდეგ გამოდის წერილით ხელში, ისევ კოჭლობს და რაღაცას ყოყმანობს. ბოლოს გადაწყვიტა, წერილი ხარაჩოს ერთ-ერთ ბოძზე მიემაგრებინა. ბუხარი ქრება. დიდმა ღრუბელმა მთვარის მოწყენილი სახე დაფარა...

მეორე დღე მზიანი დადგა. არლეკინი და კოლომბინი სამრეცხაო-სამღებროს გარეთ ხელიხელჩაკიდებულნი ხტიან. კოლომბინს აღარ აცვია ჩვეულებრივი თეთრი კაბა. მისი ტანსაცმელი სხვადასხვა ფერის პატარა რომბებითაა მოხატული, ყველა ფერის - შავისა და თეთრის გარდა. ის ჰგავს იმ კოლომბინს, რომელიც არლეკინმა დახატა სახლის ფასადზე. ისიც არლეკინი გახდა. რა ბედნიერები არიან! სახლის ირგვლივ ცეკვავენ. არლეკინი კოლომბინის სახლის წინ აღმართული ხარაჩოს დაშლას იწყებს, ფურგონი ძველებურ ფორმას იღებს, კოლომბინი უცდის. არლეკინი თვლის, რომ გამგზავრების დროა, რადგან მღებავი ნამდვილი მომთაბარეა. ის, როგორც ჩიტი ტოტზე, კოფოზე ცხოვრობს. დაყოვნება არ ღირს. სხვათა შორის, ახლა, როცა სოფელი განათებული და მომხიბვლელად შეღებილია, მას პულდრეზიკში აღარაფერი ესაქმება. ჩანდა, რომ კოლომბინიც თანახმა იყო, გაჰყოლოდა. ფურგონში მსუბუქი ფუთა შეიტანა, დაკეტა სახლის დარაბები და ფურგონიც დაიძრა. მაგრამ რა ხდება? არლეკინი ისევ ჩამოდის, ჩანს, რაღაც დაავიწყდა. ის დიდი ასოებით აფორმებს დაფას და ამაგრებს სახლის კარებს: დაკეტილია საქორწინო მოგზაურობის გამო! არლეკინი შეახტა ურიკას და ახლა კი ნამდვილად გაემგზავრნენ. მთელი სოფელი ულოცავდა, იყო ყვავილები და ღიმილი, იტყოდით, ბუნებამაც არლეკინის კოსტიუმი გადაიცვაო!

სოფელში კვლავ დაღამდა. პიერო საფუნთუშედან გამოდის, იგი კოჭლობით უახლოვდება კოლომბინის სახლს. ყველაფერი დაკეტილია. უცებ განცხადება შენიშნა. ის იმდენად საშინელი იყო, რომ პიერომ თვალები დახუჭა, მაგრამ სცადა, რეალობას დაბრუნებოდა. გაჭირვებით შევიდა საფუნთუშეში, შემდეგ მალევე გამოვიდა. ხელში მასაც დაფა უჭირავს, ამაგრებს კარზე, რომელსაც შემდეგ უხეშად კეტავს. დაფაზე წერია: დაკეტილია სიყვარულისაგან გამოწვეული სევდის გამო!

დღეები გადის. ზაფხული მთავრდება. არლეკინი და კოლომბინი აგრძელებენ მოგზაურობას, მაგრამ მათი ბედნიერება აღარ არის ისეთი, როგორიც უწინ იყო. ახლა უფრო ხშირად კოლომბინი მიათრევს ფურგონს, მაშინ, როცა არლეკინი ისვენებს. მერე ამინდიც ფუჭდება. შემოდგომის პირველი წვიმები მათ ლამაზ, ჭრელ კოსტიუმებს აუფერულებს. ხეებზე ფოთლები წითლდება და ცვივა. არლეკინი და კოლომბინი გაძარცვულ ტყეებზე, შავ და ყავისფრად მოხნულ მინდვრებზე გადადიან. და აი, ერთ დილას კვანძიც გაიხსნა! ღამე ცა მფრინავი ფანტელებით აივსო. დილით, თოვლმა დაფარა მთელი სოფელი, ქუჩა და ფურგონიც კი. ეს ხომ თეთრი ფერის დიდი გამარჯვება იყო, პიეროს გამარჯვება! მეფუნთუშის რევანშის დასაგვირგვინებლად იმ საღამოს, უზარმაზარი და ვერცხლისფერი მთვარე ამოცურდა გათოშილი სამყაროს თავზე.

კოლომბინი სულ უფრო და უფრო ხშირად იხსენებს პულდრეზიკსა და პიეროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთვარეს შეჰყურებს. ერთ დღეს მან პატარა ფურცელი იპოვა, არც კი იცოდა, საიდან გაჩნდა იგი. ფიქრობდა, ალბათ მეფუნთუშემ ჩაიარაო წერილის დასადებად ახლახან. სინამდვილეში ეს წერილი პიერომ ხომ ადრე დაწერა და ხარაჩოს ფიცარს მიაკრა, ფურგონის ერთ-ერთი ოთახის შესასვლელთან. აი, ის კითხულობს წერილს: „კოლომბინ! ნუ მიმატოვებ! ნუ აჰყვები არლეკინის ქიმიურ და ზერელე ფერებს! ისინი ხომ შხამიანი, მყრალი ფერებია. მეც მაქვს ჩემი ფერები, ნამდვილი და ძლიერი ფერები. მოუსმინე კარგად ამ უცნაურ საიდუმლოებებს: ჩემი ღამე არ არის შავი, ის ცისფერია! - და სწორედ ამ ცისფერს სუნთქავენ. ჩემი ბუხარი არ არის შავი, ის მოოქროვილია! და სწორედ ეს ოქრო იჭმევა. ფერი თვალისთვის სასიამოვნოა, მაგრამ, ამასთანავე, იგი სქელი, ნივთიერი, სურნელოვანი, ცხელი და ნოყიერია. მიყვარხარ და გელოდები. პიერო“.

ცისფერი ღამე, მოოქროვილი ღუმელი, ნამდვილი ფერები, რომლებიც სუნთქავენ და საზრდოობენ? მაშ, ეს არის პიეროს საიდუმლო? ამ გაყინულ ღამეში, რომელიც მეფუნთუშის ტანსაცმელს ჰგავს, კოლომბინი ფიქრობს და ყოყმანობს. არლეკინს ფურგონში სძინავს, კოლომბინი მასზე არც ფიქრობს. შეებას საზიდარს და მოყინულ გზაზე ატაროს ურიკა, რომელმაც მას მხარი და მკერდი ატკინა? რატომ? მაგრამ თუ მას სახლში დაბრუნება სურს, რა აკავებს? ლამაზი მზის ფერები, რომლებმაც იგი მოაჯადოვეს, უკვე ხომ დამჭკნარია? კოლომბინი ჩამოდის ურიკიდან, ჰკრავს ფუთას და აი, მიჰყვება გზას სოფლისაკენ. ის მიდის, მიდის, მიდის, პატარა კოლომბინ-არლეკინი. კაბამ დაკარგა კაშკაშა ფერები, მაგრამ მაინც ვერ გახდა ძველებურად ქათქათა. ის მიდის თოვლში, რომელიც სასიამოვნოდ ხრაშუნობს ფეხებქვეშ და ეჩურჩულება: ხრაშ-გაიქეცი, ხრუშ-გაიქეცი, ხრაშ-გაიქეცი... მალე მას თავში აერია სიტყვები, ბოროტი სიტყვების ულმობელი ჯარი: სიცივე, რკინა, შიმშილი, სიგიჟე, მოჩვენება, უძლურება. ის მიწაზე ეცემა, საწყალი კოლომბინი, მაგრამ, საბედნიეროდ, მეგობრული სიტყვები ეშველებიან, სიტყვები თითქოს პიეროს გამოგზავნილია: კვამლი, ყვავილი, ცეცხლი, ფქვილი, თონე, ალი, ნადიმი, ჯადოსნური სამყარო...

ბოლოს ის სოფელში ჩადის. შუაღამეა. ყველას სძინავს, თეთრი თოვლი? შავი ღამე? არა. ის მიუხვდა პიეროს, ეხლა კოლომბინს აეხილა თვალები: ცისფერი ღამე და ცისფერი თოვლი, ეს ხომ ცხადია! მაგრამ აქ საქმე არ ეხება პრუსიის მყვირალა და შხამიან ცისფერს, რომელიც არლეკინს აქვს ქილაში. ეს არის ტბების, მყინვარებისა და ცის კაშკაშა ცისფერი, რომელსაც კარგი სუნი აქვს და რომელსაც კოლომბინი ღრმად ისუნთქავს. აი, ყინვისაგან განმარტოებული შადრევანი, ძველი ეკლესია და აი, ორი პატარა სახლი, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ განლაგებულან: კოლომბინის სამრეცხაო და პიეროს საფუნთუშე. სამრეცხაო ჩაბნელებულია, თითქოს მკვდარიაო, მაგრამ საფუნთუშეს სიცოცხლის ნიშანი ატყვია. ბუხარი ანთია და საფუნთუშე გარეთ თოვლზე ისვრის მოციმციმე ოქროსფერ შუქს. მაშ, პიერო არ ტყუოდა, როცა დაწერა, - ღუმელი შავი კი არა, ოქროსფერიაო! კოლომბინი შეფიქრიანებული ჩერდება საფუნთუშეს წინ. სურს, ჩაცუცქდეს ამ შუქის წინ, რომელიც მის კაბამდე მოდის და პურის დამათრობელი სურნელი მოაქვს, მაგრამ ვერ ბედავს. და აი, უცებ იღება კარი და პიეროც იქ არის. ნუთუ შემთხვევით? ნუთუ მან იგრძნო მეგობრის მოსვლა? თუ უბრალოდ, ნაბიჯები შემოესმა საფუნთუშის წინ? იგი კოლომბინს ხელებს უწვდის, მაგრამ იმ დროს, როცა გოგონა მისკენ იხრება, პიერო შეშინდება, გვერდზე გადადგება და კოლომბინს საფუნთუშეში უშვებს. გოგონას ისეთი შთაბეჭდილება ეუფლება, თითქოს სითბოთი სავსე აბაზანაში შევიდაო, რა კარგია აქ! ბუხრის კარი დაიხურა, თუმცა ალი ისე ელვარებდა შიგნით, რომ ყველა ხვრელიდან და ჭუჭრუტანიდან ატანდა.

პიერო კუთხეში იმალება და ცნობისმოყვარე თვალებით აკვირდება ამ ფანტასტიკურ გამოჩენას: კოლომბინი მის თონეში? კოლომბინი, თითქოს მონუსხული, მალულად უყურებს კეთილ პიეროს, რომელიც მთვარეული სახით ბლუზის თეთრი ნაკეცებით ჩაფლულა სიბნელეში. მას უნდა რამე უთხრას კოლომბინს, მაგრამ არ შეუძლია, სიტყვები ყელში ეჩხირება. დრო არ იცდის. პიერო კოლომბინისკენ იყურება, იქ, სადაც თეთრი ცომის დიდრონი გუნდა ფუვდება, თეთრი და ნაზი, როგორც კოლომბინი... ორ საათში ცომი ხის გობში ფუვდება. ღუმელი ცხელია, გამოცხობის დროა. პიერო კოლომბინს შესცქერის. გრძელმა გზამ დაღალა კოლომბინი. ბუხრის სითბო თითქოს იავნანას უმღერისო და მასაც ფქვილიან დივანზე ჩაეძინება.

მეგობრის შემხედვარე პიეროს თვალები ცრემლით ევსება. იგი ხომ თავის შესაფარებლად მოვიდა მასთან, რომ გამოქცეოდა ზამთრის სიცივეს და მკვდარ სიყვარულს! არლეკინმა სამრეცხაოს კედლებზე აჭრელებული კოსტიუმით დახატა კოლომბინ-არლეკინის პორტრეტი. პიერო რაღაცას ფიქრობს: ის აპირებს, თავისებურად, ცომისგან შექმნას კოლომბინ-პიერეტა. იგი მუშაობას იწყებს, თვალმოუშორებლივ შესცქერის ახალგაზრდა გოგონას, გობთან ჩაძინებულს. მას, რა თქმა უნდა, ურჩევნია მიეფეროს ჩაძინებულს, მაგრამ ცომისგან კოლომბინის შექმნა უფრო სასიამოვნოა. ის ნამუშევარს ცოცხალ მოდელთან ადარებს. ცხადია, ცომის კოლომბინი ცოტათი ფერმკრთალია, ამიტომ სასწრაფოდ ღუმელში! ცეცხლი გუგუნებს. ახლა პიეროს ღუმელში ორი კოლომბინია. უცებ კარზე მოკრძალებული კაკუნი აღვიძებს ნამდვილ კოლომბინს. ვინ არის? მოისმის ღამითა და სიცივით მისუსტებული საცოდავი ხმა. პიერო და კოლომბინი სცნობენ არლეკინის, სცენის მომღერლის ხმას, რომელსაც ზაფხულის მოზეიმე ჟღერადობა დაჰკარგვია. რას მღერის გათოშილი არლეკინი? ის მღერის იმ ცნობილ სიმღერას, რომლის შინაარსი გასაგებია მათთვის, ვინც იცნობს ამბავს, რომელსაც ჩვენ ეს-ეს არის მოვყევით:

 მთვარის შუქზე მოგმართავ, მეგობარო, პიერო! გთხოვ, მომეცი კალამი, წერილი რომ დავწერო! სანთელი ჩამომეღვენთა, ვერ ვშოულობ ცეცხლსა, ღვთის გულისთვის, შემომიშვით თქვენსას!

საწყალმა არლეკინმა იპოვა ფერების ქილაში კოლომბინის მიერ დატოვებული წერილი, რომლის წყალობითაც პიერომ გოგონა დაარწმუნა დაბრუნებულიყო. ამასთანავე, მან, ამ კარგმა მოლაპარაკემ, განჭვრიტა ის ძალა, რომელიც აქვთ მათ, ვინც წერს და აგრეთვე მათ, ვინც ზამთარში თონეს ახურებს. არლეკინი მიამიტურად ითხოვდა პიეროს კალამსა და ცეცხლს. ნუთუ ფიქრობდა იგი, რომ კიდევ ჰქონდა შანსი, დაებრუნებინა კოლომბინი? პიეროს ებრალება თავისი უბედური მოწინააღმდეგე. მას კარს უღებენ. საცოდავი და ფერმკრთალი არლეკინი მიიჩქარის დახურული ღუმელისაკენ, საიდანაც ისევ ჟონავს სიცხე, ფერი და სუნი.

რა კარგია პიეროსთან! მეფუნთუშე წარმატებამ აღაფრთოვანა. ის გრძელი მოფარფატე სახელოთი რაღაც ჟესტებს აკეთებს. თეატრალური მოძრაობით აღებს ღუმელის ორ კარს, ოქროსფერი შუქის ნაკადი, დედობრივი სითბო და ცომის სასიამოვნო სუნი უვლის სამ მეგობარს და აი, გრძელი ხის ნიჩაბით, პიეროს რაღაც გამოაქვს ღუმელიდან. რაღაც? არა, უფრო ვიღაც! ოქროსფერი გოგონა, შემწვარი და ხრაშუნა, რომელიც ტყუპისცალივით ჰგავს კოლომბინს. ეს აღარ არის უშნო და უჟმური ფერებით აჭრელებული კოლომბინ-არლეკინი, როგორც სამრეცხაოს ფასადზე იყო დახატული, ეს არის კოლომბინ-პიერეტა, ფუნთუშად გამომცხვარი, რომელშიც დაცული იყო სიცოცხლისეული რელიეფები - ამობურცული ადგილები, მრგვალი ლოყები, მტრედივით მკერდი და ლამაზი, პატარა, მრგვალი დუნდულები.

კოლომბინი ხელში იღებს კოლომბინს ისე, რომ არც ეშინია თითების დაწვის. - რა ლამაზი ვარ, რა კარგი სურნელი მაქვს! - ამბობს ის. პიერო და არლეკინი მოჯადოებულნი შესცქერიან ამ არაჩვეულებრივ სცენას. კოლომბინი მაგიდაზე დებს კოლომბინს. მსუნაგად აძრობს მას ფუნთუშადქცეულ ძუძუებს. ხარბად ყნოსავს და ენას უსმევს ოქროსფერ ფაფუკ დეკოლტეს და ამბობს: - რა გემრიელი ვარ! თქვენც, ჩემო ძვირფასებო, გასინჯეთ, ჭამეთ ლამაზი კოლომბინი, შემჭამეთ! და ისინიც გემოს უსინჯავენ, ჭამენ გემრიელ, ცხელ კოლომბინს. ერთმანეთს შესცქერიან და ბედნიერები არიან. სიცილი უნდათ, მაგრამ აბა რას იზამ ფუნთუშით გამოტენილი ლოყებით?

Vangogen • ვანგოგენი

Instagram