მარჯან სატრაპი - პერსეპოლისი

ბავშვობა - დაბრუნება
წინასიტყვაობა

ძველი წელთაღრიცხვის მე-2 ათასწლეულში, როცა ელამის ხალხი ბაბილონის შემოგარენში ცივილიზაციას ავითარებდა, ინდო-ევროპელმა დამპყრობლებმა უზარმაზარ დაბლობს, რომელზე დასახლებაც დაიწყეს, „ირანი“ უწოდეს. სახელწოდება სიტყვა „არიანამ ვაჟაჯ“-დან მოდის, რაც „არიელთა მოდგმას“ ნიშნავს.

ამ ნახევრად მომთაბარე ერის წინაპრებად მიდიელებსა და სპარსელებს მოიაზრებენ. ძვ.წ. მე-7 საუკუნეში სწორედ მიდიელებმა დააარსეს პირველი ირანული დასახლებები, რომლებიც მოგვიანებით მეფე კიროს დიდმა გაანადგურა და ძვ.წ. მე-6 საუკუნეში სპარსეთის უზარმაზარ იმპერიას დაუდო სათავე. 1935 წლამდე, სანამ შაჰ რეზამ - ირანის უკანასკნელი შაჰის მამამ - სახელწოდება „ირანი“ ოფიციალურად არ დააკანონა, ქვეყანა ჯერ ისევ ბრძნული წარმოშობის სიტყვით - „სპარსეთად“ მოიხსენიებოდა.

სიმდიდრისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ქვეყანა მუდმივად დამპყრობთა პოლიგონი იყო - დაწყებული ალექსანდრე მაკედონელის იმპერიითა და დამთავრებული არაბების, თურქებისა და მონღოლების ანექსიით; მაგრამ იმის გამო, რომ ადგილობრივი კულტურა და ენა ამ შემოსევებს უძლებდა, თავად შემოსული ერის ენამ და კულტურამ განიცადა მასთან ასიმილაცია, რამაც თავისთავად, რამაც თავისთავად დამპყრობლის გაირანელება გამოიწვია.

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც შაჰ რეზამ ირანის მოდერნიზაცია და ვესტერნიზაცია განიზრახა, ქვეყანა ისტორიის ახალ ფაზაში შევიდა. მაგრამ ძალიან მალე ირანში სიმდიდრის წყარო - ნავთობი აღმოაჩინეს, რამაც სამხედრო იერიშები განაახლა და შედეგად დასავლური სამყაროს, მეტწილად კი, დიდი ბრიტანეთის ირანულ ეკონომიკაზე გაბატონება გამოიწვია.

მეორე მსოფლიო ომის დროს დიდმა ბრიტანეთმა, საბჭოთა კავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თხოვნით მიმართეს შაჰ-რეზას, რომ ირანიც მათთან ერთად ჩართულიყო გერმანიის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში, თუმცა შაჰს ნამდვილად არ სურდა გერმანელთა კეთილგანწყობის დაკარგვა და ირანი ნეიტრალურ ზონად გამოაცხადა. ამის გამო მოკავშირეთა ჯარებმა ირანის ოკუპაცია მოახდინეს და შაჰი რეზა ქვეყნიდან გააძევეს. შაჰის ადგილი კი მისმა ვაჟმა - მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ დაიკავა, რომელსაც უბრალოდ „შაჰს“ უწოდებდნენ.

1951 წელს ირანის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ მოსადექმა ნავთობის ინდუსტრიის ნაციონალიზაცია დაიწყო, რის პასუხადაც ბრიტანელებმა ჯერ ირანულ ნავთობ-ნაწარმს ემბარგო დაადეს, შემდეგ კი - 1953 წელს CIA-მ, ბრიტანელი აგენტების დახმარებით, მოსაქდექს სახელმწიფო გადატრიალება მოუწყო და თანამდებობიდან გადააყენა.

ქვეყანაში გაქცეული შაჰი რეზა ფეჰლევი დაბრუნდა, რომელსაც ტახტი 1979 წლამდე ეკავა, სანამ ისლამური რევოლუციის გამო სახელმწიფოდან გაქცევა კვლავ არ მოუწია.

ამ დროიდან მოყოლებული ეს უძველესი და დიდებული ცივილიზაცია უმეტესად ფუნდამენტალიზმთან, ფანატიზმსა და ტერორიზმთან არის დაკავშირებული, მაგრამ როგორც ირანელმა, ადამიანმა, რომელმაც ცხოვრების ნახევარზე მეტი სწორედ ამ ქვეყანაში გაატარა, შემიძლია გითხრათ, რომ შეხედულება სიმართლეს არ შეესაბამება. ამის საილუსტრაციოდ დავწერე „პერსეპოლისიც“. მწამს, რომ რამდენიმე ექსტრემისტის საშინელი ქმედებით მთელი ქვეყნის განსჯა არასწორია. მე არ მსურს, რომ ის ირანელები, რომლებმაც თავი თავისუფლებისთვის ბრძოლასა თუ ერაყთან ომს შესწირეს, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა რეჟიმის რეპრესიებს ემსხვერპლნენ, რომლებიც იძულებულნი გახადეს, ოჯახი და სამშობლო მიეტოვებინათ, დავიწყებას მიეცნენ.

ვიღაცას ძალუძს ამ ყველაფრის მიტევება, მაგრამ ვიღაცისთვის ეს შეუძლებელია.

მარჯან სატრაპი, პარიზი, 2002 წლის სექტემბერი


***

1979 წელს გამოსვლები დაიწყო, რომელიც მოგვიანებით „ისლამურ რევოლუციაში“ გადაიზარდა. 1980 წელს კი სკოლაში თავსაბურავების ტარება გახადეს სავალდებულო. მოსწავლეები ვერ ვიტანდით თავსაბურავს, მით უმეტეს, რომ არც კი გვესმოდა, რატომ უნდა გვეტარებინა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩვენ ფრანგული არარელიგიური სკოლის მოსწავლეები ვიყავით. ბიჭები და გოგონები ერთად ვსწავლობდით.

უცებ, 1980 წელს განკარგულება გასცეს: ყველა ორენოვანი სკოლა უნდა დაიხუროს! ასეთი სკოლები კაპიტალიზმის სიმბოლოა! და - დეკადანსის! აი სწორედ ამას ეწოდა კულტურული რევოლუცია! გოგონებს თავსაბურავის ტარება გვაიძულეს და თანაკლასელ ბიჭებსაც დაგვაშორეს.

მთელ ქალაქში თავსაბურავების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციები იმართებოდა.

„2500-წლიანი ღრმა ძილიდან ირანელი ხალხი რევოლუციამ გამოაღვიძა“. „დასრულდა 2500 წლიანი ტირანიისა და მორჩილების ხანა“ - როგორც მამა თქვა. ჯერ იმპერატორები გვმართავდნენ, მერე - არაბი დამპყრობლები. არაბებს მონღოლები მოჰყვნენ აღმოსავლეთიდან. ბოლოს კი თანამედროვე იმპერიალიზმის მსხვერპლი შევიქენით.

სანამ ცეცხლს წაუკიდებდნენ, თურმე კინოთეატრის ყველა კარი გარედან ჩაუკეტავთ. პოლიციაც იქ იყო. ისინი წინ აღუდგნენ მოსახლეობას, რომელსაც შენობაში მყოფთა გადარჩენა სურდა. და შემდეგ შეტევაზე გადავიდნენ. სახანძრო ბრიგადები მხოლოდ ორმოცი წუთის მერე მოვიდნენ. BBC-ის ცნობით, ოთხასი ადამიანი დაიღუპა. შაჰის განცხადებით, ეს სასაკლაო რელიგიურმა ფანატიკოსებმა მოაწყვეს. თუმცა ხალხი ამბობდა, რომ ყველაფერი შაჰის ბრალი იყო.

დემონსტრაციის დღე ცნობილ „შავ პარასკევს“ დაემთხვა. იმ დღეს იმდენი ადამიანი დახოცეს, რომ გაჩნდა ჭორები, ეს სასაკლაო ისრაელის არმიის დახმარებით მოეწყო და მათ უნდა აგონ ამაზე პასუხიო.

„შავი პარასკევის“ შემდეგ სასაკლაოს სასაკლაო მოჰყვა. უამრავი ადამიანი დახოცეს. შაჰის მმართველობის აღსასრული ახლოვდებოდა. ერთ დღესაც იგი ტელევიზიით გამოვიდა და ხალხს მიმართა: მე ვაცნობიერებ თქვენს მოთხოვნებს. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, რათა ირანში დემოკრატია საბოლოოდ დავამყაროთ!

შაჰის მიერ დემოკრატიული ქვეყნის შექმნის მცდელობას ხალხი მისივე ძეგლების დამხობით პასუხობდა. ვიღაცეებმა მისი გამოსახულება დაწვეს. ხალხს ერთადერთი რამ სურდა: მისი ქვეყნიდან გაძევება, რასაც მიაღწიეს კიდეც. ქვეყნიდან შაჰის გაძევებას ნამდვილი ზეიმი მოჰყვა. ირანელები ასეთი ბედნიერები არასოდეს ყოფილან.

შაჰის გაძევებიდან რამდენიმე დღეში ციხიდან 3000-მდე პოლიტპატიმარი გამოვიდა. ... და ასე, ნელ-ნელა ყველა რევოლუციონერი ქვეყნის მტრად გამოცხადდა.

***

- ფუნდამენტალისტმა სტუდენტებმა ამერიკელები მძევლად აიყვანეს.
- მიზეზი?
- „ჯაშუშთა ბუდეა“ - ასე წერია სიტყვასიტყვით. სასაცილოაა, თავი ჯეიმს ბონდის ფილმში გეგონება.

რამდენიმე დღის შემდეგ... განათლების სამინისტროს განცხადებით, ამ თვის ბოლოს უნივერსიტეტები დაიხურება. დღევანდელი განათლების სისტემა და ის სახელმძღვანელოები, რომლებითაც სწავლება მიმდინარეობს, ასამარებს ჩვენს საზოგადოებას. ყველაფერს ხელახალი გადახედვა და გეგმების თავიდან შემუშავება სჭირდება, რომ ჩვენი შვილები ჭეშმარიტად განათლდნენ და ისლამის წმინდა გზას არ გადაუხვიონ. დროებით სწორედ ამიტომ ვაჩერებთ სწავლებას უნივერსიტეტებში. უმჯობესია, საერთოდ არ გვყავდნენ სტუდენტები, ვიდრე ისეთი განათლება მივცეთ მათ, რომ მომავალი იმპერიალისტები გავზარდოთ. ასე და ამგვარად, უნივერსიტეტები ორი წლით დაიხურა.

***

ისლამურმა მთავრობამ კი ასეთი რამ მოიმოქმედა: ქალების გაუპატიურებისგან დაცვის საბაბით, განკარგულება გასცა, ყველა ქალს თავსაბურავი ეტარებინა - „სწორედ ქალის თმა არის ის, რაც ასე აღაგზნებს მამაკაცებს, ამიტომაც ჩვენმა ქალებმა თავსაბურავები უნდა ატარონ, რათა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. თუ ვინმეს მიგაჩნიათ, რომ თავსაბურავების გარეშე სიარული უფრო ცივილიზებულია, მაშინ ცხოველებიც ჩვენზე განვითარებულები ყოფილან!

ცოტა ხანში უკვე ტანისამოსით შეგეძლო ამოგცენო ადამიანის იდეოლოგია. რეჟიმს პროტესტს უცხადებდი, თუკი თმის თუნდაც მცირე ნაწილი გიჩანდა.

ყველაფრის მიუხედავად, რევოლუციის სურნელი ისევ ტრიალებდა ირანში. საპასუხო დემონსტრაციებიც იმართებოდა ხოლმე. ... ამრიგად, წავყევი დემონსტრაციაზე, ბუკლეტებს ვარიგებდი. - „თქვენ შეიძლება გვესროლოთ, დანით დაგვასახიჩროთ, მაგრამ ჩადრების ტარებას ვერ გვაიძულებთ!“ ... მოულოდნელად ყველაფერი ქაოსმა მოიცვა - „არ ატარებთ? მაშ მიიღეთ!“ -  ეს ჩვენი უკანასკნელი დემონსტრაცია იყო.

***

- თუ იცით, ეს რა არის?
- პლასტმასის გასაღებია, ოქროსფრად შეღებილი.
- ჰო, ჩემს ვაჟს მისცეს სკოლაში. ბავშვებს ეუბნებიან, თუ ბედი გაუღიმებთ და ბრძოლის ველზე დაიხოცებიან, ეს გასაღები სამოთხის კარის გაღებაში დაეხმარებათ მათ. სკოლაში უთხრეს, სამოთხესი უამრავი ლამაზი ქალი, გემრიელი საჭმელი, ოქროთი და ბრილიანტებით შემკული სასახლეები გელოდებათო.

სამოთხის გასაღები ღარიბი ბავშვების სატყუარა იყო. ათასობით ბავშვს დაჰპირდნენ უკეთეს ცხოვრებას და ისინი თავიანთი გასაღებიანად დანაღმულ მინდვრებში აფეთქდნენ.

***

ამდენი საფრთხის მიუხედავად, წვეულებები მაინც იმართებოდა. ზოგი ამბობდა წვეულებების გარეშე ამხელა ზეწოლას ვერც კი გადავიტანდითო. ზოგიც უმატებდა, რომ არა წვეულებები, ცოცხლად დამარხულებს ვემგვანებოდითო.

პარიზის კომუნის ისტორია წავიკითხე. მივხვდი, რომ ჩვენს ფუნდამენტალისტებზე ნაკლები არც ფრანგები ყოფილან თავის დროზე.

თუმცა თავსაბურავი არაფერი იყო იმასთან შედარებით, რამაც ირანის ქუჩებში შემაძრწუნა: ოცმეტრიან სურათებზე დაღუპულები და მათ ხსოვნას მიძღვნილი საამაყო ლოზუნგები იყო გამოსახული, მაგალითად: „წამებული ისტორიის გულია“, ან „იმედია, ერთ დღეს მეც წამებული ვიქნები“, ან კიდევ - „წამებული უკვდავია!“ ოთხი ავსტრიული წლის შემდეგ განსაკუთრებით რთული ასატანი იყო გარემოს ამგვარი გარდასახვა. იქ სარეკლამო ბანერებზე ეწერა: „საუკეთესო ძეხვეული 20 შილინგიდან“, აქ კი - წამებულები, წამებულები, წამებულები!

ირანში დასავლელი გოგო გახლდით, ევროპაში კი - ირანელი. არანაირი განსხვავება არაა ამათ შორის. ერთ მიზეზსაც ვერ გეტყოდით, რატომ უნდა გამეგრძელებინა სიცოცხლე.

სასაცილო სანახავი იყო ის, რომ ისლამური რესპუბლიკა არაფერს აკეთებდა ჩვენს ერში შოვინიზმის ამოსაძირკვად. პირიქით, ახალი რეჟიმის ობსკურანტიზმს, მტრულ დამოკიდებულებას სწავლა-განათლებისადნი, ხშირად ხალხი არაბულ დაპყრობებსაც ადარებდა. მთავრობისთვის რომ გეკითხა „ყოფილიყავი სპარსი“ ნიშნავდა „არ ყოფილიყავი ფანატიკოსი“, თუმცა საკმარისი იყო გაგეანალიზებინა, რომ ამის მთქმელი მთავრობა არაბი დამპყრობლების ნაცვლად ირანელი ფუნდამენტალისტებისგან შედგებოდა, მიხვდებოდი, რომ მათი ლოგიკა ჩიხში შედიოდა - სწორედ ფანატიზმი იყო მათი პოლიტიკა!

1990 წელს დიდი რევოლუციური იდეებისა და დემონსტრაციების ერა უკვე ჩიხში იყო შესული. 1980-1983 წლებში იმდენი მოსწავლე და სტუდენტი დააპატიმრეს და დასაჯეს სიკვდილით, რომ პოლიტიკური კურსის კრიტიკას ვეღარავინ ბედავდა.

რეჟიმის წარმოდგენით, როცა ადამიანი სახლიდან გამოდის, მუდმივად უნდა დაუსვას თავს შემდეგი კითხვები: შარვალი ნორმალური სიგრძისაა? თავსაბურავი თუ მაფარია იდეალურად? მაკიაჟი შესამჩნევი ხომ არაა? ხომ არ გამროზგავენ ამის გამო? არადა, სინამდვილეში ასეთი კითხვები იყო საჭირო: სადაა გამოხატვის თავისუფლება? სად არის სიტყვის თავისუფლება? რატომ ხდება აქ ცხოვრება დღითი-დღე გაუსაძლისი? რა ხდება პოლიტიკურ საპყრობილეებში? მსგავსი შეკითხვების გაჩენა ბუნებრივია, როდესაც გეშინია, რომ ყველაფრის გაანალიზებისა და ამაზე რეაქციის უნარს დაკარგავ. ეს შიში შენს პარალიზებას ახდენს. სწორედ შიშია ის, რითაც ყველა დიქტატორი ამკვიდრებს საკუთარ რეჟიმს. ასე დროს თმის გამოჩენა და მაკიაჟის გაკეთება ნამდვილი მეამბოხეობაა.

რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო შესამჩნევი ხდებოდა, რომ ქვეყნის ლიდერების მიერ აღმართული ფასეულობათა კედლის მიღმა ჩვენ, ნამდვილი ადამიანები ვცხოვრობდით, ვერთობოდით, ვაზროვნებდით.

ირანში რეჟიმს უკვე აბსოლუტური ძალაუფლება ჩაეგდო ხელთ... „და ბევრმა ადამიანმა, ვინც ბედნიერი ირანისთვის იბრძოდა, ეს ბედნიერებად მიიჩნია და დაივიწყა საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები“. მეც მათ დავემსგავსე. დღეები ისე გადიოდა, ჩემს თავს ერთ კითხვასაც არ დავუსვამდი, რა ხდებოდა ქვეყანაში, ან ჩემს თავს? ასე გაგრძელდა 1992 წლის იანვრამდე, სანამ ერთი მნიშვნელოვანი რამ არ მოხდა. სატელიტური ანტენის დაყენება ჩვენთან ნამდვილად ნიშნავდა იმას, რომ დანარჩენი სამყაროს ნაწილი ხდებოდი. შეგვეძლო ჩვენი მთავრობის მიერ შემოთავაზებული სისულელეების გარდა სხვა მოსაზრებებიც მოგვესმინა.

თარგმნა მიხეილ ციხელაშვილმა

Vangogen • ვანგოგენი

Instagram