აკა მორჩილაძე - ჩრდილი გზაზე

„ლევანი: მაშ, მე გაგაცნობთ ჩვენს დედაქალაქს. მე აქ ოთხი წელიწადი ვსწავლობდი. შემდეგ დიპლომი მივიღე, მაგრამ თბილისში დარჩენა ვერ მოვახერხე. დამტოვეს იმ დასაქცევ რაიონში. უნდა გამოგიტყდეთ, მომბეზრდა ყველაფერი... ეჰ... თბილისს გაუმარჯოს, ჩემო ნინო. პირდაპირ ოცნებად გადამექცა“, - „ჩრდილი გზაზე“, 1956წ.


„ვიქეიფოთ ასე, ფული მიგვიცია, გინდა იყოს ცეკა, გინდა მილიცია“, - იმთა დროთა ქალაქური სიმღერიდან.

ეს იყო ტარზანი. ეს იყო ნაალაფარი ფილმებიდნა ეკრანებზე შემოვარდნილი მთავარი კაცი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თბილისის მოზარდებს ჰანტელების ინტერესი გაუჩინა.

გორბაჩოვის დროს, ვარჯოშობას აერობიკა ჩაენაცვლა, როგორც უფრო თანამედროვე ამბავი, ქალთა მოულოდნელი, ამერიკული ხტომა. ვინმენი კი ამ მეაერობიკე გოგოებს მუშტრის თვალით უყურებდნენ, დამახსოვრებულნიც კი ჰყავდათ, ისევე, როგორც საყოველთაოდ დამახსოვრებული რუსული „ძილი ნებისა პატარებოს“ წამყვანი წოწია ტანია, რომელსაც აქეთ-იქით სტეპაშკა და ხრუშა ესხდნენ.

ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული ძევს! - ამბობდა ლოზუნგი და სწორედ იმ უბედურ და სრულიად სამარცხვინო დღემდე იმეორებდა ამას, როცა დეზერტირის ბაზარში სამბოს ჩემპიონმა ერთი დარტყმით მოკლა პროფესორი ალექსანდრე გამყრელიძე, რომელიც ამ სამბისტისგან შეწუხებულ გოგონას გამოესარჩლა.

ტარზანმა თბილისის ეზოებში გააჩინა ყმაწვილთა ყივილი და ხიდან ხეზე ხტომა. კი, მაშინ თბილისის ეზოებში ხეები ხარობდა. ჯერ გარაჟებით არ შეეცვალათ და მანქანებიც იმდენი არ იყო, რომ ხეებს იმათთვის ხელი შეეშალა. თუთის ხე ყველგან ამოზრდილიყო, საერთოდ ყველგან. სხვაც, ზოგი რას დარგავდა, ზოგი რას, პარტიზანულადაც და უპარტიზანოდაც. ოღონდ, თუთის ხეები მაინც საერთო ეზოს არსეობბის საბუთივით იყო.

ოთხმოცდაათიან წლებში და მერეც ეს სახუმარო ამბად იქცა, იმდენი გვეძახეს, ომი თქვენ არ გინახავთო, არაფერი გადაგიტანიათო, გაჭირვება არ გინახავთო, რომ ათი იმდენი მოაწიეს ჩვენს თავზეო. ეს თქმა, შეხსენება იმისთვის, რომ ჩვენ ბედნიერი ბავშვობა და ახალგაზრდობა გვქონდა, სადღაც, ოდესღაც, სისხლი დაიღვარა, მართლა იმდენად ხშირი იყო, რომ მერე და მერე გამოირკვა, რომ იმ დროის ბავშვებს, ლამის ყველას ჩაგვრჩენოდა გულში.

რა აოცებდათ საბჭოეთის სლავურ რესპუბლიკებიდან საქართველოში სტუმრად მოსულ იქაურებს და, მაღაზიებში, სასადილოებსა და რესტორნებში რიგის არარსებობა. რა აოცებდათ საბჭოეთის სლავურ მიწებზე მოხვედრილ ქართველებს და, რიგები. თუმცა, ამის ორმხრივ გაოცებათა მიზეზი ის ნამდვილად არ იყო, რომ ჩვენებს ვითომდა იმგვარი მოხერხებულობით აეგოთ მომსახურეობის სისტემა, რომ ის რიგების არსებობას გამორიცხავდა. უბრალოდ, თბილისში, დიდი რუსული მუშათა ქალაქებისგან განსხვავებით, ძეხვი არ იყო მთავარი საკვები და ძეხვების უმრავლესობა, ერთი-ორის გამოკლებით, მეტად საეჭვო იერით იმზირებოდა დახლებიდან და მათ საყიდლად რიგშიც არავინ იდგა ხოლმე. თუმცა კი მთავარი შოკი ძეხვებში კი არ იყო, არამედ სასმელით დახუნძლულ თაროებში. აი, თუ რამეზე იყო რიგი, თერგს რომ გადასცდებოდი, არაყზე იყო. სასმელის მაღაზიის რიგი, ზოგადად სასმელის რიგი, დიდი საბჭოთა სურათი იყო. მასზე რომანებია დაწერილი. ისე რიგებზეც, და არყის რიგებზეც. რაც მე დახლების მახსოვრობა გამომეკვეთა, იმ დროს თბილისში თაროებზე ეწყო უამრავი უვარგისი ღვინით სავსე ბოთლი. იმათ შორის პოპულარობით გამოირჩეოდა „გარეჯი“, რომლის გამოც ამბობდნენ, ორი ბოთლი ჯარიდან ტოვებსო. ანუ, იწამლები და გაკომისიავებენო. „გარეჯს“ სტუდენტობა და ქალაქის ხელმოკლე ლოთნი თუ ეტანებოდნენ. ხალხი უმეტეს სახლსი ღვინოს სვამდა. იმ სამოცდაათიანების და ოთხმოციანების დახლებზე კარგი ღვინოებიც იყო. ისე როგორ იქნებოდა, „შუამთაო“, „სამებაო“, „რქაწითელიო“ და საერთოდ, მთელი ეს ჩვენი ცნობილი ღვინოებიც, სამარკოო, თუ როგორ ეძახდნენ, მაგრამ აი, არ მახსოვს, მ სახლში სადმე ბოთლის ღვინით ყოფილიყოს სმა. ღვინო მაშინ ბოცით მოძრაობდა.

მეტისმეტი გადაჭარბებით, აქა-იქ საქართველოს საბჭოთა შვეიცარიას უწოდებდნენ, ან ამბობდნენ, რომ უწოდებენო. ეგებ კურორტების და ზღვისპირეთის გამოც იყო ასე, თუმცა, შვეიცარიის იმ საქართველოს მაშინ იმდენი ეცხო, რამდენიც ახლა სცხია ამ საქართველოს შვეიცარიის. ესეც არ იყო მთავარი, შემოღობილში რას დაგიძახებენ დიდ საქმედ არა ჩანს.

ნამდვილი კომუნისტები, უკვე მოხუცები გულნატკენი ადამიანები იყვნენ. მათ მიაჩნდათ, რომ ყველაფერი არასწორად ხდება, რომ ქვეყანა დაქცეულია და ეს დაქცევა სტალინის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. იმაში, რომ ყველაფერი არასწორად ხდება, შედიოდა ისიც, რომ ადრე პლეხანოვზე რომ სოსისს გადატეხდი, მისი ხმა გამოღმაც ისმოდა და ისიც რომ ქვეყანაზე სამართალი აღარ არის.

ქურდს და მოძალადეს პატივი არ მიგებოდა, მაგრამ პატივი მიეგებოდა ყაჩაღთა გარკვეულ ტიპებს, რომლებიც ამ ასზე მეტი წლის წინათ არსებობდნენ. ასეთი შეიძლება ყოფილიყო საკუთრივ ყაჩაღი, რომელიც ძარცვით ირჩენდა თავს, მაგრამ მაინც ითვალისწინებდა მსხვერპლის მდგომარეობას, ხელმოკლესა და უბრალო კაცს არაფერს წაართმევდა. ასეთი აუცილებლად იყო ფირალი - გურული მოვლენა, რომელიც უსამართლიანეს ყაჩაღს ნიშნავს და რომელიც, სინამდვილეში მთელი სასოფლო მოსახლოების გულისთქმა-ტკივილის გამომხატველია და ბოლსო და ბოლოს პოლიტიკაშიც კი ერევა. და ასეთივე იყო სამეგრელო-აფხაზეთის აბრაგი, ჩრდილოკავკასიური კვალისა, ნაკლებად პოლიტიკური ფირალი, დღევანდელი ამერიკულობით რომ ვთქვათ, აუთლო, რომელსაც ხალხისთვის არაფერი დაუშავებია, მაგრამ სახელმწიფოსაც ვერ დაეთანხმა. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში და იმერეთშიაც აბრაგსაც და ფირალსაც უბრალო ყაჩაღი ერქვა, ანუ „კარგ“ ყაჩაღსაც და „ცუდ“ ყაჩაღსაც ერთი სახელით მოიხსენიებდნენ, გამოდის, რომ „პატივსაცემი ყაჩაღი“ ყველგან არსებობდა.

მეც სწორედ იმან მიამბო, ვისთვისაც იმის ვიღაცას უამბნია, ვინც იქა ყოფილა. მოკლედ, მიხაო, როგორ ხარო და ეგრევე მოუყოლებია სოსოს, ეხლაც იტყვითო, რო მე რამე ამერია და შემეშალაო, ნახე როგორი კონსტიტუცია მივიღეო? აბა, ნაკლს თუ უპოვნიო და, ერთი შეხედა მიხა ცხაკაიამ თავისი ძაფიანი პენსნენს შუშებიდანო და უთხრაო, სოსო, წადი, შენი დედაც მ...ვ...ან, ეს რა დროებას მომასწარიო. ეს ნათქვამი ვერც ვერავინ ვერ გაიგოო, მხოლოდ იმ ორიოდე ქართველმა, ვინც მერე აქეთ ჩამოიტანა და ვინ იცის, იმათ მერე რა ბედი ეწიათო. სოსო კი გატრიალდა და წავიდა, შეუერთდა სხვა კმაყოფილი ამხანაგების ჯგუფსო. იმან ეგრე იცოდა ხოლმე, გატრიალდებოდა.

 წარსული მარად ცოცხალია საქართველოში. ჩვეულებრივ, ამბობენ ხოლმე, რომ ის ცოცხალია, როგორც მომავლის იმედი, რადგან საქართველოს ისტორიაში არის დიადი წუთები და გადარჩენილა დიადი ქმნილებებიც, მაგრამ წარსული ცოცხალია არა მხოლოდ როგორც სამომავლო გაბრწყინება, არამედ როგორც ძალიან ხილული და საჭირო ხელსაწყოც. ის ასევე ცოცხალია, როგორც დღევანდელობისთვის აუცილებელი გარემო. ქართველი სამყაროსთან წარსულით ურთიერთობს. ოდესღაც ერთმა იმერელმა კაცმა ასეთი ხუმრობაგარეული რამ მიამბო: შენ რა გგონიაო, ვინმეს დაავიწყდა ჩვენთან, რევოლუციამდე მათ ოჯახს სად და რომელი მიწები ეკუთვნოდაო? ყველამ ყველაფერი იცისო. ახლა იმ მიწების მოხამრება არ გამოდის, რადგან ისინი სახელმწიფოს ხელშია, მაგრამ ერთიც და მოტრიალდეს, ნახავ შენ, რაც იქნებაო.

გლეხი თავისას არაფერს დაივიწყებს, ალბათ ყოველთვის ცოტა ჰქონდა და იმიტომ.

ეს ისტორია, როგორც ათასი სხვა, ერთმა ძველმა ქალაქელმა კაცმა მიამბო, რომელცი თვითონ კი იყო ომში, მაგრამ სრულიად სხვა სურათებს აღწერდა, ვიდრე საბჭოთა კინოებში აჩვენებდნენ. მაგალითად, ის მიამბობდა, როგორ ატყდა პრაღის ერთ ლუდხანაში ჩხუბი რუსის სალდათ-აფიცრებსა და ჩეხებს შორის და ხუთმა ტფილელმა სალდათმა ჩეხებს დაუჭირა მაზი, რახან ისინი მართლები იყვნენ და როგორ შადრევანივით იფრქვეოდა ლუდი იმ 1945 წლის პრაღაში ტყვიამოხვედრილი კასრებიდან.

***

ერთი სტალინის დროის პოლიტპატიმარი მიამბობდა, რომ ომი სულ ნახევარი წლის დაწყებული იყო და ჩვენო, ჯერაც სკოლადაუმთავრებელი ბიჭები რუსთაველის თეატრში მოვხვდითო. მოვხვდითო რა, თეატრი მაშინ ის იყო, რაც მერე ტელევიზორი გახდა. ჰოდა, პირველი აქტის შემდეგ, როგორც კაი მაგარი ბიჭები ქვემოთ ჩავედით და გავაბოლეთ პაპიროსებიო და იმ კურილკაში კი თურმე შემოსულიყო იოსებ გრიშაშვილი.

იოსებ გრიშაშვილი ის არ იფიქროთ, რომ მხოლოდ დიდი პოეტი და რამე. იმ სტალინის დროის პირობაზე შესაძლებელ პოეტის პოპულარობას ბევრად გაცილებული კაცი იყო. საოცარი კაცი. უკვე ათი წელიწადი იქნებოდა, რაც ლექსებს მხოლოდ პარტიაზე, სტალინზე და სამშობლოზე წერდა. ისიც შემთხვევიდან შემთხვევამდე. ასე გადაეწყვიტა და მაინც იყო დიდი და გამორჩეული პოეტი, თბილისის შვილი, ვაჟი ყარაჩოხლისა, თვითგანათლებული, კოჭლი დონ ჟუანი, ბიბლიოფილი, ალბათ სრულიად უკანასკნელი, ძველი თბილისის ნამდვილ ხასიათთა გადმოფრქვევა რომ შეეძლო და შემოვიდა კურილკაშიო და მიმოიხედაო და უცებ უსიტყვოდ შეკრა ეს თავისი პოეტური მჯიღი და დაიწყო გულის ფიცარზე იმით ცემაო.

თითქოს მოფარებულად, მოკვეთით იცემდაო, სულ აქეთ-იქით აცეცებდა თვალებსო და შვილებოო, თქვენ შემოგევლოთ სოსო გრიშაშვილიო, სადა სწავლობთო, ხო ეტირა დედა ამ ვირიშვილსო, და ისევ გულში იცემდა მჯიღსო, ჩვენი წამებისთვისო, ჩვენი გაყიდვისთვისო, ხო გადაუვლიან ეხლაო. ა, ეგრევე დაგვრჩა ის პაპიროსები მოკიდებული და პირები ღიაო.

შვილებოო, ისწავლეთო, მე უსწავლელი კაცი ვარო, უნივერსიტეტი არ ვიციო, შემოვლენ ეხლა გერმანელებიო, უნივერსიტეტის ხალხიო, ისწავლეთო, ხალხი გახდითო, სწავლა გვიშველის, მეტი არაფერიო და ამას კი ხო მოეიმასქნება დედის ისაო, გავაზე ამბობდაო. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდაო, აქეთ-იქით იყურებოდა ისევო, და როცა ლაპარაკს შეწყვეტდაო, ისევ მჯიღისცემას დაიწყებდაო. ასე ვიდექით ექვსი-შვიდი ბიჭი გაშტერებულებიო და რას ამბობს ეს კაციო. ეს ამხელა კაციო. ასეთი საყვარელიო. მიდით, ბიჭებო, მიდითო, ისწავლეთო. თქვენ უნდა მიხედოთ საქართველოსო, ჩვენი კი ხედავთ, რაც გვიქნესო.

ის კაცი, ვინც ამას მიამბობდა, იხსენებდა, წინა კვირეებშიო, სკოლაში თემა მქონდა დაწერილიო, „ბელადის სახე ქართულ პოეზიაშიო“ და პირველი სტალინისტი თუ არ ვიყავი, იმის მაინც მჯეროდა, რო რევოლუციონერები მაგარი ტიპები იყვნენ და საბჭოთა კავშირი პატიოსნების და ძმობის აკვანი იყოო. ამ დროს კი კაცი, რომელიც მე პირადად ღმერთად მიმაჩნდა გალაკტიონ ტაბიძესთან ერთად, იდგა და გულში მჯიღს იცემდა, ხო დედა ეტირება, ხო მოადგნენ ამასაცო. ეჰ, სახალხოდ კი გრიშაშვილს უკვე დაეწერა: „ორი საქმე, ორი სიტყვა, სტალინი და გამარჯვება, კრემლს დავუდგეთ დარაჯებად“.

... გრიშაშვილი, რა თქმა უნდა, არ ფიქრობდა ფაშიზმზე და იმაზე, რაც გახლავს ფაშიზმი. ეჭვი მაქვს, რომ ოკუპირებული ქალაქებიდან შორს არც ვინმე ფიქრობდა ფაშიზმზე იმგვარად, როგორც ახალ ვაფასებთ მას. ხალხი მიდიოდა მტერთან საბრძოლველად. მორჩა და გათავდა. ნიურნბერგი ჯერ შორს იყო.

***

ჩვენ, ჩვენი სოლჟენიცინი არ გვყავდა, თუმცა, როდესაც ნოდარ დუმბაძეზე საჩივრებს წერდნენ სხვა ქართველი მწერლები, სწორედ ამ გვარს მოიხსენიებდნენ, ეგ ქართველი სოლჟენიცინიაო. მგონია, ამაში სწორედ მისი პერსონაჟები იგულისხმებოდა. უბრალოდ ისა, რომ შეიძლება პერსონაჟებად გყავდეს ტყეში გასული ბრიგადირი, მღვდელი, ქურდი და ასე შემდეგ.

იმხანად თბილისში დადიოდა ამბავი, მწერალმა ლეო ქიაჩელმა, რათ არ დაუშალა ვაჟს ფრონტზე წასვლაო, ან რათ არ დაიცვა ის ამისგანო. მისი ვაჟი დაიღუპა ფაშისტებთან ბრძოლაში, მაგრამ ეს კახაინს სალაპარაკო იყოო, რომ ამისთანა რა კომუნისტობა შეეყარა, რომ შვილი ომში გააშვებინაო.

დახურულ ქვეყანაში, ერთეულების მიერ ჟურნალ „ინასტრანნაია ლიტერატურას“ კითხვა ამინდს ვერ ქმნის.

იყო კიდევ ერთი ასეთი ამბავი, რომ სტალინის დროიდან მოკიდებული, საბჭოთა კავშირში მოსული უცხოელი მოღვაწენი აუცილებლად საქართველოსაც ეწვეოდნენ ხოლმე. ანდრე ჟიდით რომ დაიწყო და აგერ, ბილი ჯოელამდე მოხვიდე, შუაში ხვდებიან სტეინბეკი, ჯ.ბ. პრისტოლი, ბენი გუდმანი, ბიბი კინგი, ნერუ, ალენ გინზბურგი, ბობ დილანი, დე ნიროები, ამბები, ვინ აღარ, დიდიც და უფრო მომცროც. უფრო ასე მგონია, რომ ეს ჩვენებური მასპინძლობის, ან სამხრეთული კოლორიტის გამო მიღებული საბჭოთა გადაწყვეტილება იყო, რომ აბა, იქ კი მიხედავენო. რაჯ კაპურიც ხომ აქეთ მობრძანდა იმ სრულიად დასაწყისში ახალი დროებისა, რომელიც საქართველოსთვის დაიწყო ცუდად, ტრაგიკულად და სისხლით.

9 მარტს, შუაღამისკენ არაფორმალურმა მეთაურობამ სწორედ რუსთაველიდან, დომ სვიაზიდან გადაწყვიტა დეპეშების დაგზავნა საკავშირო ჭეშმარიტ ლიდერთა მიმართულებით და დელეგაციად გამოჰყო ორი გოგონა და ორი ბიჭი, რომლებიც დომ სვიაზის კართანვე შეიპყრეს ჯარისკაცებმა და შენობაში შეათირეს და ამაზე იხუვლა ხალხმა და მიაწყდა დომ სვიაზის კარს, იმ განთქმული სასტუმრო „ინტურისტის“ პირდაპირ, სადაც ამდენი ქალაქური ისტორია მომხდარიყო. ასე გავარდა დომ სვიაზის სახურავებიდან, ამათ სახელმწიფო დაწესებულების აღება უნდათო. ასე დაიწყო ის, რაც გამზადებული იყო და მიზეზიც სრულიად მარტივი. მერე კოშმარები ხდებოდა. მგონი, მათ თავიდან იფიქრეს, თავზე გადავატარებთ ბრბოსო. თავზე კი ხეები იყო. როგორც აკადემიკოსი ნურბეი გულია იგონებს, ხეებზე მსხდომი ტარზანნანახი უბედური ბიჭუნები მოწყვეტით ცვიდონენ ძირს. ზუსტად ისე, როგორც ექვსი წლის შემდეგ ნოვოჩერკასკში, პირველი ტყვიები ხეებზე მყოფმა ტარზანებმა მიიღეს. ბრბო ამან არია. დიდი უბედურება ტრიალებდა სანაპიროზეც, ნაბერეჟზე, სადაც ტანკები პირდაპირ ჭყლეტდნენ ხალხს. საბჭოთა კავშირში სტალინის ძეგლების დემონტაჟი არაოფიციალურად სწორედ იმ ღამეს დაიწყო: ამ გვირგვინებით შემკულ ძეგლს ტროსი გადააცვეს და ტანკმა იგი მოანგრია. ...შემსწრეთა სიტყვით, იმ დროს მოარული ხმით, იმ ღამეს რუსმა ჯარისკაცებმა დახოცეს რვაასამდე ადამიანი. მკვლევართა ციფრები ნაკლებია. ეტყობა, შემსწრეთა შთაბეჭდილება მძიმე იყო. თვითონ იყვნენ მონაწილენი. ...ამბავი ისაა, რომ ოცდაათი წლის თავზე საქართველო აჯანყდა და აჯანყდა სტალინის სახელით! იქამდე ის სულ ჯანყდებოდა სულ სხვა, ერთი და იმავე სახელით.

***

და მოვიდა ბოჰემა. უფრო სწორედ, ბოჰემა არ მოსულა ვითარცა ხელოვნება, ცისფერი ყანწები, ან რაღაც მეტი, ან რაღაც სხვანაირი. ამის მარაგი აღარ იყო, მაგრამ ეს ომი, ეს უბედური, ტრაგიკული, გამარჯვებული ომი რაღაცნაირი თავისუფლებისთვის განგაწყობდა. მერე ეს უფრო თვალში საცემი შეიქნა. ეს სპეციფიკური თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო, ისეთი ადგილების შოვნა, სადაც ლაპარაკი შეიძლება, გულის გადაშლა და რაღაცეები.

სამხრეთი. ბიჭებს ხანდახან მაინც უნდათ რომ ამოაფრქვიონ.

რაღაც ბიზანტიური სტადიონივით, სადაც დაჰყვირებდნენ ხოლმე - თეოდორა, ბოზი, თეოდორა ბოზი, მაგრამ აბა ბიჭი იყავი და სტადიონს გარეთ გეთქვა ეს ყველაფერი. ჰოდა, იყო ეს პატარა სტადიონები. ერთი ციდა სტადიონები. ვერის ბაზრის გულისთქმა.

ეს ყველაფერი გასაოცრად შეეხამა იმას, რასაც თბილისელობა ეწოდება. ეს ერთი ამბავი იყო. თბილისელობა და ქალაქური ამბავი ორმოცდაათიან წლების არასდროს ყოფილა მომხმარებლური, ის იყო იდეალისტური, ბოჰემური ამბავი, როგორც ალტერნატივა არსებული, ოფიციალური ყოფისა.

ეს თავისთავად გამოვიდა, განა ვინმემ დაგეგმა. ჩვენ სუფრის ხალხი ვართ. თან გამოჩნდა ასეთი შესაძლებლობა. იმ დუხჭირ ქვეყანაში. ადგილი, სადაც არაფორმალური გარემოა. ადამიანური. კარგით და ცუდით. ამიტომ, აქედან წარმოიშვა ახალი ქართული სუფრა, რომელმაც, სამწუხაროდ, ამ მშვენიერი დასაწყისის მიუხედავად, უკვე სამოცდაათიან წლებში გაზის გაყვანის მიზნით, შამპანურის ჭიქაში წიწმატის ტრიალის იერი მიიღო. ანდა უფრო სვეცკად, შამპანურის ჭიქაში შოკოლადის ნამტვრევების ყრისა, რომლებიც გაზის ბუშტუკებმიკრული დაცურავდნენ იქა.

ეხლა არ მოგახსენებთ ბოჰემისა და კულტურის ისეთ ადგილებზე, როგორიც იყო კაფე „მეტრო“, იქ, სადაც ახლა შადრევნები ამოსდინდება და სადაც საუკეთესო ხალხი კონიაკსა და კალვადოსს სვამდა უკვე მერე, არამედ უბრალო ადგილებზე.

ეს იყო თბილისელი ბიჭის თავისუფალი სიხარულის ერთადერთი ადგილები. როგორც სიმღერაშია, „ქალაქელი, ბიიჭია დაა, ისე ცხოვრობს, როგორც უნდა“...

ბოჰემურობა მოდაში იყო, სიმთვრალე მოდაში იყო.

კი, იმავე დროს მოდაში იყო კრივი, ჭიდაობა და ათლეტიზმი, გარეგნობა და ულვაში ახალგაზრდებს შორის, მაგრამ მთავარი იყო ეს ამბავი, ეს ბოჰემა. ბოჰემა ხსნიდა სულსა და გულს. სმა კაი ტონი იყო. სმა იყო პოეზია, ყოველგვარი ლექსების გარეშე. ეს იყო ურთიერთობის საშუალება, ეს იყო რომანტიკა, ეს იყო სინამდვილე, და არა ის, რაც ითვლებოდა, რომ არის სინამდვილე.

და ამას ჰქონდა დიდი მხარდაჭერა. ამას ჰქონდა იმხელა მორალური მხარდაჭერა, რომელზეც საბჭოთა კავშირის ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთი ქალაქის ბოჰემა ვერ იოცნებებდა.

ეს მხარდაჭერა იყო გალაკტიონი. ...ის იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც ყველა იმახსოვრებდა თბილისის ზაკუსოჩნიებში და ვისთან ერთადაც, მგონი ყველას დაულევია.

***

მოწესრიგებული კაცისთვის, სხვანაირად, რიგითი მოქალაქისათვის, სხვანაირად კანონმორჩილი ადამიანისთვის, რომელცი აღიარებს გარემოს, გალაკტიონი ლოთია. როგორც იტყოდა ერთი ფიზკულტურის მასწავლებელი, მისი წვეროსნობის დროის უნივერსიტეტში: ცხოვრება როგორია ხო ხედავთ, ბოვშებო, მე და გალაკტიონი ერთ კლასში ვსწავლობდით, მე კაცი გამოვედი, ის კიდე ლოთია.

გალაკტიონი მხარდაჭერა იყო, თანდათან და თანდათან კი მხარდაჭერა გახდა ფიროსმანი, რომელიც როგორც გაირკვა, იყო ლოთი, უქონელი და რაღატომ დავმალოთ, რახან ყველამ იცის, გენიოსი. იმ კაცის ცხოვრების დეტალებისა მაშინ ერთეულებმა იცოდნენ, მაგრამ იცოდნენ ნამდვილი. ვთქვათ, კირილე ზდანევიჩმა, სტალინის რეჟიმისგან ნაწვალებმა კაცმა, ფიროსმანის აღმომჩენმა, გიორგი ლეონიძემ და რამდენიმე სხვამაც. მაგრამ ფიროსმანმა მოულოდნელად გაიღვიძა, როგორც ტიპაჟმა. მისი გამოფენა ლუვრში, მასზე გადაღებული ბერლინალეს მომგები ფილმი, მოგვიანებით იყო. მანამდე მან გაიღვიძა, როგორც ბოჰემამ. ფიროსმანის სახალხოდ გაღვიძებულმა ტიპმა შვა წარმოდგენა შემოქმედის საერთოდაც ახალ ტიპზე, რომელიც არის უქონელი, ლოთი და მაგარი და თავის მოწოდებას წირავს ყოველივე პირადს.

ვდგავართ იანვარშიო, ერთი ძიაკაცი მიამბობს, მეიდნის კიდეზეო. დილაა და დგას გალაკტიონიო და ის დროა, როცა აბანოდან მოჩქარე ქალები გამოდიანო და თოვლიც წამოვიდაო და ამ დროს კი აბანოდან ქალი გამოდისო, კოხტაო და მიდის თავის გზაზე შეფუთნულიო. მკაცრად ჩაგვიარაო და რო გაგვცდა კარგადო, გალაკტიონმა ამოიოხრა და თქვა, უ, შენ გენაცვალეო, და აღვტაცდით ბიჭებიო. სულ უბრალოა, რასაც ბევრი კაცი იზამდა თბილისში, მით უმეტეს, რო გვაქვს ასეთი საოცარი ლექსი გრიშაშვილისა, „მანოლა“, მაგრამ ეს გალაკტიონმა ქნა, მან ჩაილაპარაკა.

და სხვა ამბებიც, უამრავი, უთვალავი, სრულიად არათვითმხილველებისა, მაგრამ ლეგენდებად მოარული, როგორ დატოვა გალაკტიონმა ზაკუსოჩნიაშიზალოგად ლენინის ორდენი, ან ერთ დილასაც როგორ სთქვა, აი, ისე ავივლი პუშკინის ქუჩაზე, რომ არც ერთ დუქანში არ შევალო და მართლაც ისე ამოიარა, არც კი შეყოვნებულა და ბოლო ზაკუსოჩნაიასთან გაჩერდა და თქვაო, ეხლა ისე რომ ამოვიარეთ, რომ არსად შევედით, ხომ უნდა აღინიშნოს ეს ამბავიო, და შევიდა იმ ბოლო ადგილშიო. ვინ ახლდა იმ დროს, უცნობია, ოღონდ კი ამბავი ხალისიანია.

წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით

Vangogen • ვანგოგენი

Instagram