სტალინის დედის მოგონებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია უნიკალური დოკუმენტები საბჭოთა საქართველოს პარტიული და უშიშროების ორგანოების საქმიანობის შესახებ. ეს მასალები იძლევა მდიდარ ინფორმაციას საბჭოთა რეპრესიული სისტემის შესახებ. საქართველოში დღეს ეს არქივები სრულიად ღიაა საზოგადოებისათვის, რაც იშვიათი მოვლენაა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.

გთავაზობთ სტალინის დედის - ეკატერინე (კეკე) ჯუღაშვილის მოგონებებს, რომელიც ჩაიწერეს კეკეს გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე, 1935 წელს. ეს მოგონებები 70 წელზე მეტხანს ინახებოდა არქივში. ჩანაწერი დაცულია საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივში, ფონდი 8, აღწერა 2, საქმე 15.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მკვლევრებისთვის, როგორც იქნა, ხელმისაწვდომი გახდა სტალინის დედის, ეკატერინე (კეკე) გელაძე-ჯუღაშვილის კარნახით ჩაწერილი მოგონებები, რომლებიც ნახევარ საუკუნეზე მეტხანს საქართველოს კომუნისტური პარტიის არქივში ინახებოდა. ამ უჩვეულო და მოულოდნელად აღმოჩენილი წყაროს წყალობით სტალინის ბიოგრაფებმა შეძლეს, შეევსოთ და დაეზუსტებინათ ზოგიერთი ისეთი ინფორმაცია, რომელიც სხვა, ხშირად არასანდო წყაროებიდან იყო ცნობილი.

ავტორი ერთადერთ ცოცხლად გადარჩენილ ვაჟზე უზომო სიყვარულით საუბრობს, მის წარუმატებელ მამას, საკუთარ მეუღლეს, ბესო (ბესარიონ) ჯუღაშვილს კი წყრომით იხსენიებს. მოგონებები შთამბეჭდავი სიმარტივითა და პირდაპირობით მოგვითხრობს (ავტორის მიერ) დაოჯახების შემდეგ გადატანილ გასაჭირსა და საოცარ ძალისხმევაზე, რათა მისი ვაჟი, სოსო, ბავშვობაში სხვადასხვა ავადმყოფობას არ ემსხვერპლა და სასულიერო სასწავლებელში განათლება მიეღო. ეს უნიკალური, უაღრესად ღირებული და ამაღელვებელი ტექსტი ახლა უკვე ხელმისაწვდომია და მკვლევრებს ანალიზისა და დაფიქრების საშუალებას აძლევს.

ქეთევან (ეკატერინე) გელაძე, რომელსაც მეგობრები და ახლობლები კეკეს ეძახდნენ, 1856 და 1860 წლებს შორის დაიბადა. მისი მშობლები, გლახა და მელანია, გორის მახლობლად, ღამბარეულის დასახლებაში ცხოვრობდნენ. ადრე ამილახვრების ყმები ყოფილან, მაგრამ ბატონებისთვის ვეღარ გაუძლიათ, ბავშვებთან ერთად სოფელ სვენეთიდან გაქცეულან და ღამბარეულში დასახლებულან. ჭაობიანი და ცივი ღამბარეული საცხოვრებლად ცუდი ადგილი იყო, მაგრამ გლახასთვის, რომელიც თავს მექოთნეობით ირჩენდა, აყალო თიხით მდიდარ ადგილას ცხოვრება მოხერხებული იყო.

კეკეს ციება და თავის ტკივილი აწუხებდა. მალე მამა გარდაეცვალა და დედამ ქალიშვილი და ორი ვაჟი, გიორგი (გიო) და სანდალა (სანდრო), მარტომ აღზარდა. ღონიერი ბიჭები ოჯახის მარჩენალები გახდნენ: სანდრომ კალატოზობა დაიწყო, გიო კი მამის კვალს გაჰყვა და მექოთნეობას მიჰყო ხელი. გელაძეები სომეხი მებატონეების, ღამბაროვების მებაღეებადაც მუშაობდნენ.

მე-19 საუკუნის 60-იან წლებში, ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, კეკეს დედამ ოჯახით გორში გადასახლება გადაწყვიტა. ნათესავმა, მათე ნარიაშვილმა, აჩუქა პატარა მიწის ნაკვეთი, სადაც ბიჭებმა, მეზობლებისა და ნათესავების დახმარებით, პატარა სახლი ჩადგეს. სახლი მდებარეობდა ქალაქის ღარიბულ ნაწილში, რუსისუბანში, რომელსაც ეს სახელი იქვე მდებარე რუსული ჯარის ყაზარმების გამო დაერქვა.

რუსისუბანში ბევრი ოჯახი მიწურში ცხოვრობდა, რომლის არსებობა მიწიდან ამომავალი კვამლით თუ შეიმჩნეოდა. გელაძეებმა კი, ნათესავებისა და ახლად შეძენილი მეგობრების დახმარებით, რიგიანი სახლის აშენება მოახერხეს, რომელსაც ფანჯრებიც ჰქონდა და ირგვლივ მიწის ნაკვეთიც ეკვროდა. ახალ საცხოვრებელ ადგილას კეკე გამოჯანმრთელდა და სანდომიან ყმაწვილ ქალად იქცა. დედამ კეკესა და მის ძმებს წერა-კითხვა ასწავლა. მაშინ ქართველ ქალებში წერა-კითხვის ცოდნა იშვიათობა იყო, მაგრამ კეკემ განათლების ფასი იცოდა და მოგვიანებით წიგნის სიყვარული ვაჟიშვილსაც ასწავლა.

მალე კეკეს მაჭანკლებიც გამოუჩნდნენ. ლამაზ, “გამხდარ, წაბლისფერთმიან და დიდრონთვალება” (მისი აღწერის მიხედვით) ყმაწვილ ქალს სიმპათიური ახალგაზრდა კაცი, მოხდენილულვაშიანი ბესო გააცნეს. გიოს ბესო სასიძოდ მოსწონდა და კეკეს მასზე დაქორწინება ურჩია. კეკემ ტირილი დაიწყო, მაგრამ შინაგანად, როგორც თავად აღიარებს, გახარებული იყო, რადგან გორელ გოგონებს ბესო ძალიან მოსწონდათ და როცა კეკე ამ სიმპათიურ ყმაწვილ კაცს ცოლად გაჰყვა, მისი ძალზე შეშურდათ.

1874 წლის 17 მაისს, ჯერ კიდევ ჩვიდმეტი წლის კეკემ და ბესომ ჯვარი დაიწერეს და ყარაჩოღელის შესაფერისი ქართული ტრადიციული ქორწილი გადაიხადეს (ყარაჩოღელები ხელოსნები და წვრილი მოვაჭრეები იყვნენ და სიმამაცით, რაინდობითა და დროსტარების სიყვარულით გამოირჩეოდნენ). წყვილის მეჯვარეები მათი მეგობრები, იაკოფ ეგნატაშვილი და მიხა ციხითათრიშვილი იყვნენ.

ჯუღაშვილები რუსისუბანში, შუა საუკუნეებში აგებულ გორის ციხესთან ახლოს დასახლდნენ. პატარა სახლში ერთოთახიანი ბინა იქირავეს. თავიდან ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ. ბესო მუშაობდა და თანდათან წარმატებას აღწევდა. ჯანმრთელი და ღონიერი კაცი იყო და გორში საუკეთესო მეწაღის სახელი ჰქონდა გავარდნილი.

მალე ბესომ სომეხი აღოპ ბარსამოვის სახელოსნოში მუშაობას თავი დაანება და საკუთარი სახელოსნო გახსნა. ვინაიდან თბილისსა და რუსეთში ფეხსაცმლების უმეტესობა უფრო დიდ სახელოსნოებსა და ფაბრიკებში იკერებოდა, ბესოს მსგავსი დამოუკიდებელი ხელოსნები უფრო ხშირად ფეხსაცმლის შეკეთებით იყვნენ დაკავებულნი. საქმე კარგად მიდიოდა და ბესომ შეგირდებიც აიყვანა. ოჯახი შეძლებულად ცხოვრობდა და, როგორც ერთი მათი ნაცნობი აღნიშნავდა, “სახლში კარაქი ყოველთვის ჰქონდათ. ბესოს ვაჭრობა ეთაკილებოდა”.

კეკე დედასთან ერთად რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში და ოჯახსაც კარგად არჩენდა. როცა ცოლ-ქმარს პირველი შვილი გაუჩნდა, ბესო სიხარულით ცას ეწია, მაგრამ ორი კვირის შემდეგ პატარა მიხეილი დაიღუპა და დამწუხრებულმა მამამ სმა დაიწყო. ორი წლის შემდეგ მეორე ვაჟი, გიორგიც დაეღუპათ, რამაც ბესო კიდევ უფრო დაანაღვლიანა. მას გერის წმ. გიორგის ხატის ძალის მტკიცედ სწამდა, ამიტომ გერის მონასტერში მოსალოცად წავიდა და წმინდა გიორგის, მესამე შვილის ცოცხლად გადარჩენის შემთხვევაში, ცხვრის მსხვერპლად შეწირვა აღუთქვა.

ბესოსთვის, ისევე როგორც ბევრი ქართველისა და სომეხისთვის, რწმენა ისეთ უძველეს წარმართულ ტრადიციებთან იყო დაკავშირებული, როგორებიცაა ცხოველების მსხვერპლად შეწირვა და ნატვრის ხის მორთვა, რასაც თან ეკლესიის უფრო ოფიციალური რიტუალებიც ერთვოდა. კეკეს დედა ოჯახის უიღბლობის მიზეზების გასაგებად მკითხავებთან დადიოდა და ერთ-ერთი მკითხავის სანახავად ყარაღაჯშიც კი ჩავიდა.


1878 წლის 6 დეკემბერს ცოლ-ქმარს მესამე ვაჟი, იოსები შეეძინა, რომელსაც სოსოს ეძახდნენ. მის დაბადებას ოჯახი მღელვარებით ელოდა. ამჯერად გადაწყვიტეს, ბავშვი ეგნატაშვილს აღარ მოენათლა, რომელიც პირველი ორი ვაჟის ნათლია იყო. მის ნაცვლად ბავშვის მონათვლა ოჯახის ახლო მეგობრის, მარიამის მეუღლეს, მიხა ციხითათრიშვილს მიანდეს. იმის შიშით, რომ ბავშვი მოუნათლავი არ მომკვდარიყო, ნათლობა სასწრაფოდ ჩატარდა. კეკეს დედამ პატარა სოსოს კისერზე წმ. გიორგის შანა ჩამოჰკიდა და ბესოს გერის წმ. გიორგისათვის აღთქმული შესაწირავი შეახსენა.

მოგვიანებით, როცა ბავშვი ავად გახდა, ცოლ-ქმარმა წმ. გიორგისთვის მიცემული აღთქმა გაიხსენა და, სოსოს გადასარჩენად, გერის წმ. გიორგის ეკლესიის მოსალოცად წავიდა. ხალხი ფიქრობდა, რომ ბავშვს ავი სული დაეპატრონა და მალე დაიღუპებოდა. სოსო ძალზე სუსტი და გამხდარი ბავშვი იყო და სულ ავადმყოფობდა. როცა კეკე სახლში არ იყო, ძუძუს მარიამ ციხითათრიშვილი აწოვებდა. მარიამს საკუთარი შვილიც ჰყავდა, სანდრო, რომელსაც, საჭიროებისამებრ, კეკეც აწოვებდა ძუძუს. სოსოს ხორცი არ უყვარდა და მხოლოდ ლობიოს ჭამდა. მისი პირველი სიტყვა “დუნდალა” იყო და ყველა ბრჭყვიალა საგანს “დუნდალას” ეძახდა.

ერთხელ სოსოს ენა ჩაუვარდა და ლაპარაკი მხოლოდ მაშინ შეძლო, როცა შეშინებული მშობლები გერის ეკლესიის მოსალოცად მეორედ წავიდნენ. სალოცავში ცხვარი დაკლეს და მღვდელს პარაკლისი გადაახდევინეს. როდესაც მღვდელი ერთი თეთრებში ჩაცმული ქალისთვის ლოცვებს კითხულობდა, პატარას შეეშინდა და “ავი ანგელოზისაგან” თავის დასაცავად დედას გულში ჩაეკრა.

სოსო ძალზე მგრძნობიარე ბავშვი იყო. როცა მამას მთვრალს დაინახავდა, კეკეს ეხუტებოდა და სთხოვდა, ბესოს დაძინებამდე თავი მეზობლის სახლისთვის შეეფარებინათ, რომ ნასვამი დედას ცუდად არ მოპყრობოდა. სოსო თანდათან განმარტოებას შეეჩვია და თანატოლებთან ხშირად აღარ თამაშობდა. გორელ ბიჭებს “არსენაობას” თამაში უყვარდათ, რომელიც არსენას (სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ მებრძოლი ყაჩაღი, სახალხო გმირი, ერთგვარი ქართველი რობინ ჰუდი) საგმირო საქმეებს განასახიერებდა. პატარა სოსომ მოითხოვა, მისთვის კითხვა ესწავლებინათ, არსენას ცხოვრებაზე დაწერილი პოემის წაკითხვა რომ შესძლებოდა.

ქართულ საზოგადოებაში ცხოვრებას თავისი სიამეები და ვალდებულებები ახლდა. საზოგადოებაში, რომელიც თავს საკვების სიუხვითა და სტუმარმასპინძლობით იწონებდა, ჯუღაშვილები მოკრძალებულად ცხოვრობდნენ. ყოველდღიურ საკვებს ლობიო, მოხარშული კარტოფილი, ბადრიჯნით ან ბოსტნეულით შეკმაზული დაკეპილი ხორცი და ხახვიანი ლავაში წარმოადგენდა. გორელების უმეტესობას ქალაქგარეთ ხეხილის ბაღი ან ვენახი ჰქონდა, მაგრამ ჯუღაშვილების საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის არსებობის დამადასტურებელი ცნობა არც ერთ წყაროში არ მოიპოვება.

ბესო ტრადიციული ქართული სამოსით - ჩოხით (გრძელსახელოიანი, წელში გამოყვანილი და ბოლოში განიერი ქურთუკი) დადიოდა, მაგრამ თავზე, მუშების უმეტესობის მსგავსად, რუსული ქუდი ეხურა. მისი მეუღლე კი, მართალია, “სხვებზე ღარიბი იყო, მაგრამ ძველ ქართულ ტრადიციულ სამოსს - გრძელსახელოიან ლურჯ კაბასა და ტრადიციულ თავსაბურავს, ჩიხტს ატარებდა”. კეკეს ნაცნობები აღნიშნავდნენ, რომ ის, თავისი პატიოსნებითა და სინაზით, ქართველი მანდილოსნის იდეალს განასახიერებდა. ეს იდეალი თავდაპირველად მაღალი საზოგადოების ქალებთან ასოცირდებოდა, მაგრამ მე-19 საუკუნეში საერთო ეროვნულ იდეალად იქცა.

ქართველი ქალი მოხდენილი და, სექსუალური თვალსაზრისით, პასიური უნდა ყოფილიყო, ქორწინებამდე ქალწულობა უნდა შეენარჩუნებინა, სახლი სულ დალაგებული ჰქონოდა და ნებისმიერ დროს მზად უნდა ყოფილიყო სტუმრების სათანადოდ მისაღებად. ქართულ საზოგადოებაში ქალის ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციად ვაჟების აღზრდა მიიჩნეოდა. ქართველი პატრიოტები ამას ერის მიმართ ვალდებულების აღსრულებად მიიჩნევდნენ. თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლექსში - “ქართვლის დედას” - ილია ჭავჭავაძე წერდა: “აქ არის, დედავ, შენი მაღალი დანიშნულება და საღმრთო ვალი! აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს, საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას, შთააგონებდე კაცთა სიყვარულს, ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, - რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს”...

სტალინი ქართველი ქალის იდეალს დიდ პატივს სცემდა და კდემამოსილება ქალის მთავარ სამკაულად მიაჩნდა. ქალიშვილი, სვეტლანა ალილუევა, იხსენებს, რომ ის და მამა ხშირად კამათობდნენ, რადგან სვეტლანა სანიმუშო ქართველი ქალის იდეალს არ შეესაბამებოდა. ერთხელ სტალინი ძალიან გაბრაზებულა, როდესაც შვილმა საკუთარი ფოტო აჩუქა, რომელზეც ფართოდ გაღიმებული სახით იყო გამოსახული. “სახეზე კადნიერი გამომეტყველება გაქვს,” - სწერდა სვეტლანას მამა, - “ადრე ქალები კდემამოსილები იყვნენ და ეს ძალიან უხდებოდათ”...

...დროთა განმავლობაში ბესომ სმას უმატა, ახალი წყვილი ფეხსაცმლის შეკერვის აღსანიშნავად თავის კლიენტებთანაც კი სვამდა. ბოლოს სახელოსნოზე ხელი სულ აიღო. როცა სოსო ხუთი წლისა იყო, ბესო, როგორც მაშინ ხშირად ხდებოდა ხოლმე, ოჯახის გარეშე საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და ადელხანოვის ფეხსაცმლის ფაბრიკაში, თავის ძველ სამსახურში დაიწყო მუშაობა. ბესოს “პროლეტარიზაცია” შეიძლება სოციალურ კიბეზე ჩამოქვეითებად ჩანდეს, მაგრამ, სავარაუდოდ, თბილისში უფრო მაღალ და სტაბილურ ანაზღაურებას იღებდა. ხელოსნები ფეხსაცმლის მექანიზებულ წარმოებას ეფექტურ კონკურენციას ვეღარ უწევდნენ. ბესოს თავისი ახალი სამსახური მოსწონდა და, კეკეს წინააღმდეგობის მიუხედავად, ვაჟსაც ფაბრიკაში მუშაობას აძალებდა. სურდა, სოსოსთვის თავისი ხელობა ესწავლებინა, მაგრამ კეკეს მიაჩნდა, რომ მის ქმარს კარგად მუშაობა აღარ შეეძლო და სოსოს დახმარება ამიტომ სჭირდებოდა. სოსომ მცირე ხანს თბილისში შეგირდად იმუშავა, მაგრამ ექვსი წლის ბავშვს ყვავილი შეეყარა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

ამ დაავადებამ კავკასიაში ბევრი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა; იაკოფ ეგნატაშვილს სამი შვილი ერთ დღეს დაეღუპა. ბესოს და კეკეს ეშინოდათ, რომ ავადმყოფობას მათი ერთადერთი ვაჟიც არ ემსხვერპლა. სოსოს სამი დღის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა, აბოდებდა და მოითხოვდა, მისთვის კუჭატნელი ეჩვენებინათ, რომელმაც სახალხო გმირი, არსენა ოძელაშვილი მოკლა. სოსოს ბებიამ საბანში მუთაქა გაახვია და ბიჭს უთხრა, რომ მასში არამზადა კუჭატნელი იწვა. “ - ესეც შენ!” - შესძახა სოსომ, ბალიშს ორჯერ წიხლი ჩასცხო და მუხლებში ჩაიკეცა. მეოთხე დღეს წითელი გამონაყარი და ბებერები გაუჩნდა. სამი დღის შემდეგ გამონაყარი დაჩირქდა და მომდევნო ათი დღის განმავლობაში მასზე ქერქი ჩამოყალიბდა, რომლის გაცვენის შემდეგ ბიჭს სახეზე ღრმა ნაყვავილარი დარჩა. სოსო, მართალია, ცოცხალი გადარჩა, მაგრამ სახეზე ნაყვავილარი ეტყობოდა.

მშობლებს სოსო თავისებურად, მაგრამ ძალიან უყვარდათ. ის დამოუკიდებელი ბავშვი იყო და მშობლებს არ უჯერებდა. “დედა რომ დაუძახებდა, თუ მოსვლა არ სურდა, თამაშს აგრძელებდა ხოლმე”.

კეკემ შვილი მამისგან წამოიყვანა და გამოაჯანმრთელა. სოსოს მომავლის გამო მშობლები მძაფრად იყვნენ დაპირისპირებულნი, მაგრამ, როგორც ირემაშვილი და სხვები იგონებენ, ბავშვი მუდმივად დედის მხარეზე იყო. ბესო რამდენჯერმე შეეცადა, შვილი თავისთან წაეყვანა. სოსოს კერვის ნიჭი აღმოაჩნდა და მამამისი ამტკიცებდა, რომ ის მეწაღეების ამქრის სიამაყე გახდებოდა. კეკემ კამათში ნათესავები, მეგობრები და, ბოლოს, სოსოს მასწავლებლებიც კი ჩარია. დამარცხებულმა ბესომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და სოსოს წაყვანაზე ხელი აიღო. შვილი მეუღლეს დაუთმო, მაგრამ მოსთხოვა, კარგად ეკვება და მოეძლიერებინა. მამას, რომელსაც სურდა, მისი შვილი მუშა გამოსულიყო, არაფერი გაუვიდა დედასთან, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა, მისთვის ესწავლებინა და მღვდელი გამოეყვანა. არსებითად, დედის არჩევანი შვილისას დაემთხვა.

გალოთებული ქმრისგან თავის დასაღწევად და შვილის მისგან მოსარიდებლად კეკე საცხოვრებლად ძმების სახლში გადავიდა. ბესომ ცოლს ორჯერ სთხოვა, ოჯახში დაბრუნების საშუალება მიეცა, მაგრამ კეკემ შერიგებაზე უარი უთხრა. მას ბესოსთან აღარაფერი ესაქმებოდა. ძმები და ეგნატაშვილი ცდილობდნენ, კეკე ეიძულებინათ, დათმობაზე წასულიყო. გიო ოჯახის დანგრევაში მას ადანაშაულებდა და საყვედურობდა, რომ სოსოს საშუალებას არ აძლევდა, მეწაღე გამოსულიყო. გიო ეუბნებოდა, რომ ქმრის გარეშე ყოფნა სირცხვილი იყო და ურჩევდა, სახელს გაფრთხილებოდა. მაგრამ კეკეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სოსოს სკოლაში ევლო. ძმა ერთი კვირა ხმას არ სცემდა, მაგრამ მტკიცე ხასიათის ქალს უკან არ დაუხევია. გაყრის პროცესი დიდხანს გაგრძელდა და არასასიამოვნო ინციდენტები სოსოს ყმაწვილობის წლებშიც ხდებოდა. ცოლ-ქმარი ერთმანეთისთვის გაუცხოვდა, ხანდახან ბესო სოსოსთვის ფულს აგზავნიდა და ოჯახში დაბრუნებას ცდილობდა. ამის მიუხედავად, შვილსა და მამას შორის კავშირი მანამდე დიდი ხნით ადრე გაწყდა, სანამ ბესო ოჯახიდან სამუდამოდ წავიდოდა. ეს დაახლოებით 1890 წელს მოხდა, როცა სოსო თერთმეტი წლის იყო.

რადგან ძმები გაყრას ეწინააღმდეგებოდნენ, კეკე საცხოვრებლად ახლობელი მღვდლის, ქრისტეფორე ჩარკვიანის სახლის მეორე სართულზე გადავიდა, თუმცა ქმრისგან თავის მთლიანად დახსნა მაინც ვერ მოახერხა. დაახლოებით ამავე პერიოდში სოსომ დედას წერა-კითხვის სწავლება სთხოვა. დედისა და ბებიის დიდი ხნის სურვილი იყო, ბიჭი სასულიერო სასწავლებელში მიებარებინათ. ისინი აღტაცებაში მოდიოდნენ, როდესაც გორში თბილისიდან ჩასულ ეპისკოპოსებს ზარების რეკვით ხვდებოდნენ. ბესოს კი შვილის სკოლაში მიბარება სირცხვილად, წარუმატებლობად და დროის ფლანგვად მიაჩნდა და სურდა, ბიჭს ხელობა შეესწავლა. ქმრის სურვილის საწინააღმდეგოდ, კეკემ ჩარკვიანის შვილებს, რომლებსაც შვიდი წლის სოსო ძალიან უყვარდათ, ვაჟისთვის წერა-კითხვის სწავლება სთხოვა და უთხრა: “შვილებო, მარტო ის მინდა, რომ ჩემი შვილი წერა-კითხვის უცოდინარი არ დარჩეს; თქვენს გახარებას, ჩემს შვილს ანბანი ასწავლეთ, რომ ცხოვრებაში არ დაიჩაგროს და გზა გაიკვლიოს”. ჩარკვიანის შვილები სოსოს წერა-კითხვას ბესოს უჩუმრად ასწავლიდნენ, მას შემდეგ, რაც ის სამსახურში წავიდოდა, თუმცა ბესო ყველაფერს მიხვდა და გაბრაზებული ჩარკვიანის შვილებს დაემუქრა, ატირებულ სოსოს ხელი მოჰკიდა და სახელოსნოში ძალით წაიყვანა. მაგრამ აქაც კეკეს სიმტკიცემ თავისი გაიტანა. ცოტა ხნის შემდეგ ჩარკვიანის შვილებმა გაკვეთილები განაახლეს.

ხანდახან სოსო სწავლისგან იღლებოდა და ჩარკვიანების უმცროსი ქალიშვილის თოჯინით თამაშს ამჯობინებდა. წლების შემდეგ, როცა სოსო უკვე გორის სასულიერო სასწავლებლის მესამე კლასის მოსწავლე იყო, მეგობარ გ. ელისაბედაშვილს სიცილით უამბო, თუ როგორ უყვარდა მღვდლის ქალიშვილი.

სოსო მუყაითი მოწაფე გამოდგა. კეკე წერს, რომ მან მთელი “დედა ენა”, რომელიც დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოა, ერთ კვირაში შეისწავლა.

კეკეს სურდა, შემცირებული შემოსავლის შესავსებად მცხობლად ან მკერავად ემუშავა, მაგრამ ბესო მეუღლეს სახლის გარეთ მუშაობას უკრძალავდა. ოჯახს ჩარკვიანები ეხმარებოდნენ და ყველანაირად მხარში უდგნენ. ეგნატაშვილის ცოლი, მარიამი, პროდუქტით სავსე კალათებს უგზავნიდა.

კეკე ოცნებობდა, რომ სოსოს სემინარიაში ჩაებარებინდა და მღვდელი გამოსულიყო, მაგრამ მაშინ დაწყებით სასულიერო სასწავლებელში მხოლოდ სასულიერი პირების შვილებს იღებდნენ. სოსო მისაღებ გამოცდებზე რომ დაეშვათ, მღვდელმა ჩარკვიანმა ბესო დიაკვნად გამოაცხადა. ბავშვმა გამოცდები ბრწყინვალედ ჩააბარა და, რადგან ასაკით უკვე დამწყები კლასის მოწაფეებზე უფროსი იყო, საშუალო კლასში ჩაირიცხა.

მარტო დარჩენილმა კეკემ, რომელიც ჩარკვიანების, ეგნატაშვილებისა და სხვა მეგობრების დახმარებაზე იყო დამოკიდებული, კერვა დაიწყო და მცირე ხნით სოსოს თანატოლის, სოსო დავრიშევის მამის, პოლიციის პრეფექტ დამიან დავრიშევის ოჯახში მუშაობდა. ადგილობრივი სემინარიის რუსი რექტორი, ბელიაევი მას სარეცხს უგზავნიდა და კარგ გასამრჯელოს აძლევდა. როდესაც დებმა, დარეჯან და ლიზა კულიჯანოვებმა სამკერვალო გახსნეს, კეკემ მათთან დაიწყო მუშაობა და მომდევნო ჩვიდმეტი წლის მანძილზე ატელიეში კაბებს კერავდა.

კეკე იმ დროისათვის უჩვეულო ქართველი ქალი იყო, ძლიერი ნებისყოფა ჰქონდა და მამაკაცის გარეშე ცხოვრება არ აშინებდა. მოკრძალებულობითა და ღრმად მორწმუნეობით ცნობილი კეკე სულ შვილის კეთილდღეობაზე ფიქრობდა. ის ძალზე ღვთისმოშიში იყო. ერთხელ, როცა სოსო ჯერ კიდევ პატარა იყო, მშობლებს ეკლესიაში საზამთროს საკურთხებლად წაყოლაზე უარი უთხრა, გაჯიუტდა და ადგილიდან არ იძვროდა. როცა მშობლები სახლში დაბრუნდნენ და სადილობა დაიწყეს, სოსომ ოთახში შემოიხედა და მიაძახა: “ფინთებო!” ყველას გაეცინა. შემდეგ მაგიდასთან დასვეს და მთლიანი საზამთრო წინ დაუდეს, მაგრამ ბავშვი ორპირ ქარში დგომისაგან ავად გამხდარიყო და გონება დაკარგა.

სტალინის ქალიშვილმა, სვეტლანა ალილუევამ, რომელმაც 60-იან წლებში თავშესაფარი დასავლეთში ითხოვა, ბებიაზე საინტერესო მოგონებები შემოგვინახა. ის იხსენებს, რომ მამამისს დედა ძალიან უყვარდა და დიდ პატივს სცემდა:

“ბებია ძალზე მორწმუნე იყო და ოცნებობდა, რომ მისი ვაჟი მღვდელი გამოსულიყო. ის სიცოცხლის ბოლომდე მორწმუნედ დარჩა და როცა მამამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ინახულა, უთხრა, რა ცუდია, მღვდელი რომ არ გამოხვედიო. მამა ამ სიტყვებს მოწონებით იმეორებდა ხოლმე; მოსწონდა დედის დამცინავი დამოკიდებულება ყველაფერ იმისადმი, რასაც მიაღწია - ამქვეყნიერი დიდებისა და ფუსფუსისადმი...”

მართალია, კეკე ღარიბი იყო, მაგრამ კერვით ნაშოვნი ფულით შვილს კარგად აცმევდა. სოსოს ერთ-ერთი მეგობარი იხსენებს, რომ მას კარგი ფეხსაცმლები და სქელი შალის პალტო ეცვა და კეკეს მოქსოვილი ზამთრის ქუდი ეხურა. სოსოს ტახტზე ეძინა და როცა იმდენად გაიზარდა, რომ მასზე აღარ ეტეოდა, კეკემ ტახტი ფიცრებით დაუგრძელა. ერთხელ სოსოს მასწავლებლები, რომლებიც მოსწავლეების სახლებში პერიოდულად დადიოდნენ ხოლმე, მის სანახავად წვიმიან ამინდში მივიდნენ და ნახეს, რომ სოსო და დედამისი ოთახის კუთხეში მიყუჟულიყვნენ, რომ სახურავიდან ჩამომდინარი წყლით არ დასველებულიყვნენ.

სტალინი დედამისს უსწავლელ, მაგრამ გონიერ ქალად თვლიდა. კეკე ძლიერი ნებისყოფითაც გამოირჩეოდა. “ის 1937 წელს, დაახლოებით 80 წლის ასაკში გარდაიცვალა”, - იხსენებს ალილუევა. - “მამამ მისი სიკვდილი ძალიან განიცადა და შემდეგ მასზე ხშირად საუბრობდა ხოლმე”.

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“

Vangogen • ვანგოგენი

Instagram