ხორხე ლუის ბორხესი - შეტმასნილი

ამბობენ (რაც ალბათ ნაკლებად სარწმუნოა), თითქოს ეს ამბავი ერთ საღამოს ნილსონებისაგან ყველაზე უმცროსს, ედუარდოს მოეყოლოს მიცვალებული უფროსი ძმის, კრისტიანის პანაშვიდზე, რომელიც ათას რვაას რომელიღაც წელს ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილა მორონში, ერთ-ერთ ღარიბულ უბანში.

ერთი კი ნაღდია - ეს ამბავი ვიღაცას ვიღაცისგან გაუგონია; იქნებ იმ ავბედით ღამითაც მატეს ჩამოტარებისას, და სანტიაგო დაბოვესათვის მოუყოლია, ვისგანაც ყველაფერი შევიტყვე. გამოხდა ხანი, და კვლავ შევესწარი ამ ამბის მოყოლას, ახლა უკვე ტურდეროში, სადაც მომხდარიყო კიდევაც თურმე ყველაფერი. მეორედ მონაყოლი ამბავი უფრო ვრცელი გახლდათ, ისე კი ზუსტად ემთხვეოდა სანტიაგოს მონაყოლს, თუმცა პატარ-პატარა გადახრებითა და გადახვევებით, რაც უხდებოდა კიდევაც. ჰოდა მეც მინდა მოგითხროთ ეს ამბავი, რადგან მასში, თუ გონება არ მღალატობს, ჩანს ძველი გარეუბნელების ნაღვლიანი სახე. ვეცდები რაც შეიძლება ზუსტად გადმოგცეთ ყველაფერი, მაგრამ უკვე ვხვდები, რომ მძლევს ზოგიერთი წვრილმანის ხაზგასმის მწერლისეული ჟინი.

ტურდეროში მათ ნილსენებს ეძახდნენ. მღვდელმა მითხრა ერთხელ, რომ ერთ-ერთ მის წინამორბედს ნილსენების სახლში შავყდიანი, გოთური ასოებით ნაბეჭდი, ფურცლებგაცრეცილი ბიბლია უნახავს თურმე და მეტად გაკვირვებია კიდევაც. ბოლო ფურცლებზე ხელით ნაწერი სახელები და თარიღებიც დაულანდავს. ამ სახლში ეს ერთადერთი წიგნი იყო - ნილსენების ავბედითი მატიანე, რომელიც უგზოუკვლოდ დაიკარგა, როგორც ყველაფერი იკარგება ხოლმე.

სახლი, რომელიც უკვე აღარ არსებობს, შეულესავი აგურით იყო ნაშენი; შესასვლელიდან ფერადი ფილებით მოფენილი ეზო მოჩანდა, რომელსაც მიწით დაფარული ეზო მოსდევდა. ამ შესასვლელში ცოტა ვინმე თუ შესულა; ნილსენები მარტოობის მოყვარული ხალხი იყო.

ნილსენებს დასაკეც ლოგინებზე ეძინათ გაპარტახებულ ოთახებში. მათი ქონება იყო: ცხენი თავისი ერთი ხელი აღკაზმულობით, მოკლეპირიანი ხანჯალი, უხეიროდ მბზინავი შაბათის გამოსასვლელი ტანისამოსი და რა თქმა უნდა, "ჩხუბისთავი" სასმელი. კიდევ ვიცი, რომ მაღლები ყოფილან და ლომის ფაფარივით დაუვარცხნელი ჟღალი თმა ჰქონიათ. მე მგონი მათი წინაპრები დანიიდან თუ ირლანდიიდან უნდა ყოფილიყვნენ, რომელთა შესახებ მათ არაფერი სმენოდათ. ამ წითელთავიანებისა უბანში ყველას ეშინოდა. ის კი არადა ამბობდნენ, რომელიღაც მკვლელობაშიც კი მიუძღვითო ბრალი. ერთხელ ძმებს მხარდამხარ უჩხუბიათ პოლიციასთან. უმცროსს უსიამოვნება მოსვლია ხუან იბერასთან და კარგადაც გამკლავებია თურმე. ეს კი ადვილი საქმე როდი იყო.

ნილსენები საქონლისა და ცხენის ქურდი მენახირეები იყვნენ და ზოგჯერ ყომარსაც არ ერიდებოდნენ. ძირითადად ძუნწები ეთქმოდათ, მაგრამ თუ თამაშს დაიწყებდნენ და თანაც გვარიანად გამოთვრებოდნენ - იცოცხლე, გაშლიდნენ ხოლმე ხელებს. მათი ახლობლების შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მხოლოდ ერთი უღელი ხარი ჰყავდათ თავისი ფორნით.

შესახედაობით განსხვავდებოდნენ თითქოს იმ ავაზაკებისაგან, რომლებმაც ცუდი სახელი გაუთქვეს კოსტა ბრავას . ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი ჩვენთვის უცნობი რამ საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ დავინახოთ, რა შეკრული ძმობაც ჰქონდათ. ერთ-ერთთან წაჩხუბება ორ მტერთან ერთდროულად ბრძოლას ნიშნავდა.

ნილსენები დარდიმანდი ხალხი იყო, მაგრამ მათი სასიყვარულო თავგადასავლები იმხანად სადარბაზოებითა და საროსკიპოებით შემოიფარგლებოდა. როცა კრისტიანმა სახლში ხულიანა ბურგოსი მიიყვანა, გასაკვირი არაა, რომ ხალხი ალაპარაკდა. მართალია ედუარდომ ამით მოსამსახურე ჩაიგდო ხელში, მაგრამ ხშირად ზიზილ-პიპილოებით მორთულს დღესასწაულებზე გამოამზეურებდა ხოლმე - გარეუბნის იმ ღარიბულ დღესასწაულებზე, რომლებზეც ტანგოს მოხდენილი ილეთები აკრძალული იყო და ცეკვაც გაჩახჩახებულ ოთახებში უყვარდათ.

ხულიანას შავგვრემანი კანი და დიდრონი თვალები ჰქონდა. მის გასაღიმებლად უცხოს ერთი შეხედვაც კი საკმარისი იყო. იმ ღარიბული უბნის კვალობაზე, სადაც ქალს ჯაფა და მოუვლელობა უღებდა ბოლოს, სულაც არ გახლდათ უშნო.

თავიდან უდუარდო მათთან ცხოვრობდა. შემდეგ კი არესიფეში გაემგზავრა რაღაც საქმეზე, მაგრამ მარტო არ დაბრუნებულა; ვიღაც გოგო ახლდა თან, რომელიც თურმე გზაში უპოვნია, და რამოდენიმე დღეში გააგდო კიდევაც. უფრო გულჩათხრობილი გახდა, დუქანში მარტო ილეშებოდა და არავის იკარებდა. რა ექნა - კრისტიანის ქალზე იყო შეყვარებული. უბანში მგონი მასზე ადრე შეიტყვეს ეს ამბავი და მზაკვრული სიხარულით ადევნებდნენ თვალყურს ძმების ჯერაც გაუმჟღავნებელ შუღლს.

ერთ ღამეს, დუქნიდან გვიან მომავალი ედუარდო კრისტიანის ლურჯა ცხენს შეეჩეხა, რომელიც მესერზე მიებათ. იქვე, ეზოში, საზეიმო ტანისამოსში გამოწკიპული კრისტიანი ელოდებოდა. ქალი მატეთი ხელში აქეთ-იქით მიმოდიოდა. კრისტიანმა უთხრა ედუარდოს: "მე წვეულებაზე მივდივარ ფარიასთან. აგერ ხულიანა, თუ მართლა გიყვარს იგი, აჰა, იჯერე გული".

მის ხმაში მბრძანებლური კილო და ამავე დროს სიწრფელე იგრძნობოდა. ედუარდო ერთ ხანს გაშტერებული მისჩერებოდა ძმას; არ იცოდა რა ექნა. კრისტიანი წამოდგა, ედუარდოს დაემშვიდობა, ხულიანას კი არა, რადგან ძაღლადაც არ აგდებდა მას; ცხენს მოახტა და აუჩქარებელი ჩორთით გასწია.

ის ღამე იყო და ქალის სარეცელი საზიარო გახდა ძმებისთვის. ევრავინ შეიტყობს ალბათ ამ ბინძური კავშირის წვრილმანებს, რომელიც ჩირქს სცხებდა მთელს გარეუბანს.

რამდენიმე კვირის განმავლობაში გარიგება ძალაში რჩებოდა, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ძმები ერთმანეთთან ლაპარაკში აშკარად ერიდებოდნენ ხულიანას სახელის ხსენებას. წარმოგიდგენიათ, სახელით არც კი მიმართავდნენ. ერთი სიტყვით, მიზეზს ეძებდნენ ერთმანეთისათვის შარის ასატეხად. ხანდახან თითქოს ტყავის გაყიდვის საქმეზე წაეკიდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს, სინამდვილეში კი კინკლაობის მიზეზი სულ სხვა რამ იყო. კრისტიანი აუწევდა ხოლმე ხმას, ედუარდო კი დუმდა. ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ერთმანეთზე ეჭვიანობდნენ. ასეთ ტლანქ გარეუბანში არავინ ამბობდა და არც ითქმოდა, რომ ვნებიანი ზრახვების დაოკების გარდა, ქალი შეიძლება კიდევ რამეში ანაღვლებდეს კაცს, მაგრამ ძმები აშკარად შეყვარებულები იყვნენ. ეს გარკვეულწილად ამცირებდა კიდევაც მათ.

ერთ საღამოს, ლომას მოედანზე ედუარდო და ხუან იბერა დაერიენ ერთმანეთს, იმ მიზეზით რომ თურმე იბერას ედუარდოსთვის უთქვამს: კრისტიანს რა კაი ვინმე უშოვნიაო. მგონი ეგ ის ჩხუბი იყო სწორედ, ედუარდოს რომ შეუგინებია იბერასათვის. კრისტიანის გამასხარავებას ედუარდო არავის პატიობდა.

ქალი, შეიძლება ითქვას, ორივეს ფეხქვეშ ეგებოდა, მაგრამ ვერა და ვერ მალავდა უმცროსისადმი ლტოლვას. ალბათ იმიტომ, რომ ედუარდოს არაფერი უღონია მის დასაუფლებლად, თუმცა არც უარი უთქვამს, როდესაც შესთავაზეს.

ერთ დღეს ხულიანას უბრძანეს ორი სკამი დაედგა ეზოში და თვითონ არ გამოჩენილიყო იმ არემარეზე; სალაპარაკო გვაქვსო. მანაც იფიქრა: ახლა გააბამენო ორსაათიანს და წავთვლემო ცოტას, მაგრამ ჩაძინებულიც არ იყო, რომ ფეხზე წამოაგდეს. რაც კი ებადა, ყველაფერი ჩანთაში ჩააწყობინეს; ყველაფერი, ყველაფერი, შუშის კრიალოსანი და დედამისის დანატოვარი ჯვარიც კი. არც არაფერი აუხსნეს, ისე ჩასვეს ფორანში და ასე ხმისამოუღებლად გაუდგნენ გზას. ნაწვიმარის გამო გზა სულმთლად წამხდარიყო. ასე ღამის თორმეტი იქნებოდა, მორონს რომ მიაღწიეს. ქალი საროსკიპოს მეპატრონეს მიჰყიდეს, ფული კი შუაზე გაიყვეს; როგორც იქნა მოამთავრეს ეს საქმე.

ტურდეროში რომ ჩავიდნენ, ამ ავადმყოფური სიყვარულის მარწუხებიდან (რომელსაც უკვე შეჩვეულებიც იყვნენ) გათავისუფლებული ნილსენები მარტოხელა მამაკაცურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ; ისევ თამაშსა და ლოთობას მიჰყვეს ხელი. ხანდახან ეგონათ, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ დროდადრო მაინც ენატრებოდათ ხულიანა.

წლის ბოლო იდგა, როდესაც უმცროსი ქალაქს გაეშურა. მორონისაკენ მიმავალმა კრისტიანმა ჩვენთვის უკვე ნაცნობი სახლის ეზოში ედუარდოს ჭრელა დაინახა. შიგნით შესულს ედუარდო თავისი რიგის მოლოდინში დაუხვდა. კრისტიანს უთქვამს: "ყოველწამს აქ თუ ვირბინეთ, რა ცხენები გაგვიძლებს. ისევ ის ჯობია, ჩვენთან გვყავდეს".

მოძებნა საროსკიპოს მეპატრონე, ცოტაოდენი ხურდა მისცა და ქალიც წამოიყვანეს.

ხულიანა კრისტიანს მიყავდა. ედუარდომ დეზი ჰკრა თავის ცხენს და კარგა წინ გაიჭრა, მათთვის რომ არ ეყურებინა.

კვლავ იმ სამარცხვინო გარიგებას დაუბრუნდნენ, მაგრამ ამჯერად საქმე სხვაგვარად აეწყო; ერთმანეთის ქიშპობის მეტი არაფერი გამოუვიდათ. მათ შორის კაენი დააბიჯებდა თითქოს, მაგრამ ნილსენების ურთიერთსიყვარული უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ძნელი წარმოსადგენია, რისი ატანა უხდებოდათ. ჩანს, ბოლოს გადაწყვიტეს თავიანთი ბოღმა სხვებზე გადაეტანათ; უცნობებზე, ძაღლებზე და გნებავთ ხულიანაზეც, რომელშიც მათ შორის გაჩენილი შუღლის მიზეზს ხედავდნენ.

მარტის ბოლო დღეები იწურებოდა. საძაგლად ჩამომცხარიყო. ერთ კვირა დღეს (კვირას ხალხი ადრე გაიკრიფებოდა ხოლმე სახლებში) დუქნიდან მომავალმა ედუარდომ დაინახა კრისტიანი, რომელიც ხარებს აბამდა უღელში. ძმა რომ მიუახლოვდა, კრისტიანმა უთხრა: "წამო, პარდოში ცოტაოდენი ტყავი გვაქვს ჩასატანი. მე უკვე დავტვირთე. აბა, წავიდეთ, გრილოში ვივლით".

პარდოს ბაზარი მგონი სამხრეთით მდებარეობდა. ძმები ტროპას გზით წავიდნენ და მერე გადაუხვიეს. ღამის დადგომასთან ერთად მინდორი თითქოს უფრო ვრცელი ჩანდა.

ნამკალს რომ მიადგნენ, კრისტიანმა ანთებული სიგარა გადააგდო და აუჩქარებლად თქვა: "აბა ძამა, მომეხმარე. დანარჩენი სვავებს მივანდოთ. ქალზე გეუბნები, დღეს მივაკალი. ეგდოს აქ თავის ძონძებში. აწი ვეღარ ჩადგება ჩვენს შორის".

ცრემლმორეული ძმები ერთმანეთს გადაეხვივნენ. ახლა მათ კიდევ ერთი რამ აკავშირებდათ: სავალალო მსხვერპლი და მისი დავიწყების მოვალეობა.

თარგმნა მერაბ დეკანოზიშვილმა

Vangogen • ვანგოგენი

Instagram