ელინური მითები - თესევსი

პელოპის შთამომავალს ათენის მეფეს ეგოესს შვილები არ ჰყავდა; მას ძლიერ აწუხებდა უშვილობა და შიშით ითვალისწინებდა მოხუცებულობას, როდესაც მტრისაგან დამცველი და გულშემატკივარი არ ეყოლება.

ეგეოსს დაუძინებელ მტრებად მიაჩნდა თავისი ძმის პოლინტის შვილები, რომელნიც ყოველ მოხერხებულ დროს იყენებდნენ, რომ უშვილო ბიძა ტახტიდან ჩამოეგდოთ და სახელმწიფოს მართვა-გამგეობა ხელში ჩაეგდოთ.

დაუსრულებელი ბრძოლით გაბეზრებულმა ეგეოსმა გადაწყვიტა ფარულად შეერთო ვინმე, რომ მემკვიდრე გასჩენოდა და სამეფო ტახტს დაჰპატრონებოდა.

სანამ ამ გადაწყვეტილებას განახორციელებდა, ეგეოსი თავის მეგობარ პიტფეისთან გაემგზავრა, რომ ამ საკითხის შესახებ მოლაპარაკებოდა და მეგობრული რჩევა მიეღო.

სწორედ იმ ხანებში ღმერთებმა უწინასწარმეტყველეს პიტფეის: შენი მშვენიერი ასული ეფრა ფარულად გათხოვება და მიეცემა ვაჟიშვილი, რომელიც საგმირო საქმეების შესრულებით ძლევამოსილი გმირის სახელს დაიმსახურებს მთელ საბერძნეთშიო.

პიტფეის ვერ აეხსნა ღმერთების წინასწარმეტყველება და დიდად წუხდა, მაგრამ როცა მეფე ეგეოსმა გაუმჟღავნა თავისი განზრახვა, ღმერთების წინასწარმეტყველება პიტფეისათვის უკვე აშკარა შეიქნა.

მეფე პიტფეიმ მოიწონა ეგეოსის განზრახვა და ფარულად მიათხოვა მას თავისი მშვენიერი ასული ეფრა.

ხანგძლივი სტუმრობის შემდეგ მეფე ეგეოსი თავის სახელმწიფოში დასაბრუნებლად მოემზადა.

როცა თავის მშვენიერ მეუღლეს უნდა გამოსთხოვებოდა, ეგეოსმა იგი ზღვის პირას ცამდის აღმართულ დიდ კლდესთან მიიყვანა.

მეფემ დიდის გაჭირვებით ასწია ეს უზარმაზარი კლდე და მის ქვეშ შეინახა თავისი ხმალი და ქალამნები. ეგეოსი შემდეგ მიუბრუნდა თავის საყვარელ მეუღლეს ეფრას და უთხრა: „ჩემო ძვირფასო ეფრა! ეს ხმალი და ქალამნები ამ კლდის ქვეშ უნდა ინახებოდეს. ამის შესახებ არავის არაფერი არ გაუმჟღავნო. თუ ყოვლად შემძლებელი ღმერთები მოწყალე თვალით შემოგვხედავენ და შვილს გვაჩუქებენ, გთხოვ ეს ჩვენი პირმშო შესაფერისად აღზარდო, ხოლო ამასთანავე დაბეჯითებით გთხოვ არც ჩემ მომავალ შვილს და არც სხვას ჩემი ვინაობის შესახებ დრომდის არაფერი არ გაუმჟღავნო. მაგრამ როცა ჩვენი შვილი იმდენად წამოიზრდება, რომ ამ კლდის აწევას შეიძლებს, მოიყვანე ამ ზღვის პირას და სთხოვე აქ შენახული ხმალი და ქალამნები ამოიღოს. თუ ამას შეძლებს, ჩააცვი ქალამნები, ხმალი მხარზე გადაჰკიდე და დაუყოვნებლივ ჩემთან გამოგზავნე“.

ამ განკარგულების მიცემის შემდეგ იგი გამოეთხოვა თავის საყვარელ მეუღლეს, შეაცურა ხომალდი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში და ათენისაკენ გაეშურა.

მართლაც, რამდენიმე ხნის შემდეგ ეფრას შეეძინა ვაჟი, რომელიც ისეთი ახოვანი და მძლავრი იყო, რომ ყველას აოცებდა.

ყმაწვილს თესევსი დაარქვეს. მეფე პიტფეიმ ეფრას თხოვნით ხალხს გამოუცხადა, საკვირველი ყმაწვილი ჩემს ასულს პოსეიდონ ღმერთისაგან შეეძინაო.

დედა დიდის გულმოდგინებით ზრდიდა თავის პირშოს. მოსიყვარულე დედა ამჩნევდა, რომ ყმაწვილი ბუმბერაზ ძალას და მეტად მახვილ ჭკუა-გონებას იჩენდა.

თექვსმეტი წლის იქნებოდა თესევსი, როცა დედამ გადაწყვიტა ათენაში გაეგზავნა მამასთან.

ეფრამ წაიყვანა თესევსი ზღვის ნაპირას, საცა მეფე ეგეოსმა ამ თექვსმეტი წლის წინად შეინახა კლდის ქვეშ თავისი ხმალი და ქალამნები.

ყმაწვილმა სულ ადვილად ასწია უზარმაზარი კლდე და ამოიღო ეგეოსის შენახული ხმალი და ქალამნები.

დედამ შვილს მხოლოდ ახლა უთხრა, რაც მეფე ეგეოსმა ათენაში გამგზავრებისას დაავალა.

დედის ნაამბობმა თესევსი დიდად გაახარა. ჯანღონით სავსე ჭაბუკი დაუყონევბლივ შეუდგა ათენაში წასვლის თადარიგს.

თესევსი მეორე დღესვე გაემართა ათენისაკენ მამის სანახავად. სანამ ათენაში მივიდოდა, ძალღონით სავსე თესევსმა გზაში მრავალი საგმირო საქმე ჩაიდინა.

მაშინდელ საბერძნეთში, როგორც ყოველ გაუნათლებელ და მოუწყობელ ქვეყანაში, ძალიან ბევრი ყაჩაღი იყო, და მათ საშინელი დღე დააყენა თესევსმა.

ეპიდავრის უღრან ტყეში თესევსი წააწყდა ყაჩაღ პერიფეტს, რომელიც თავისი უზარმაზარი კომბლით ყველა მგზავრს სიცოცხლეს ასალმებდა.

გაბედული ყმაწვილი უშიშრად შეებრძოლა ყაჩაღს. ხელჩართული ბრძოლის შემდეგ თესევსმა ხელიდან გამოსტაცა ყაჩაღს უზარმაზარი კომბალი და ისეთი ძალით დაჰკრა თავში, რომ ქვეყნის ამკლებმა ყაჩაღმა მყისვე სული დალია.

თესევსი თავს წააწყდა მეორე ყაჩაღს, რომელიც კორინთის ყელზე დათარეშობდა. ყაჩაღი მძლავრი ხელებით ხრიდა მახლობლად მდგომი ნაძვის ხეების კენწეროებს და გამვლელ-გამომვლელებს ცალი ფეხით მიაკრავდა ხოლმე ასე მოხრილი ხეების კენწეროებზე. როცა ხეები ტანში გაიმართებოდნენ, ყაჩაღის მსხვერპლი, ჰაერში ორად გახლეჩილი, დედამიწას უდანაშაულო სისხლით ანოყიერებდა.

ახალგაზრდა ჭაბუკი მედგრად შეებრძოლა ქვეყნის ზარდამცემ ყაჩაღს და შეუბრალებლად გამოასალმა სიცოცხლეს.

თესევსს სასტიკი ბრძოლა დასჭირდა, სანამ სასიკვდილოდ დაჭრიდა გარეულ ღორს, რომელიც კორინთის ხეობაში დათარეშობდა და ადგილობრივი მოსახლეობის დოვლათს ყოველდღე ანადგურებდა.

მეგარასა და ატიკას შორის სარონიკის უბის ნაპირები ყაჩაღ სკირონს ეჭირა და ვისაც კი ხელში ჩაიგდებდა, უთუოდ ზღვაში უნდა ებანავებინა, მაგრამ ძვირად თუ ვინმე გადარჩენია ამ უნებურ ბანაობას.

თესევსმა მთის მწვერვალზე დაიჭირა სკირონი და მთელი ძალღონით გადაისროლა ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში.

ელევსინის მახლობლად თესევსი შეხვდა ყაჩაღ კერნიონს, რომელიც მგზავრებს ჭიდაობაში იწვევდა და ყველას სიცოცხლეს ასალმებდა, ვინც კი მასზე სუსტი აღმოჩნდებოდა. თესევსმა კერნიონი ჭიდაობაში გამოიწვია, მისივე კომბლით გაუტეხა თავი და სიცოცხლეს გამოასალმა.

ატიკაში, კეპისის ნაპირებზე, დაბინავებული იყო ყაჩაღი პროკრუსტი, რომელიც მეტად თავისებურ სტუმართმოყვარეობას იჩენდა: თუ რომელიმე მგზავრი იძულებული იყო პროკრუსტის ბინაზე ღამე გაეთია, მასპინძელი სტუმარს საწოლს მიუჩენდა მოსასვენებლად, თუ სტუმარი მაღალი იყო და ფეხები გადასცილდებოდა საწოლს, პროკრუსტი ფეხების ზედმეტ ნაწილს მოსჭრიდა, ხოლო თუ მგზავრი საწოლზე მოკლე აღმოჩნდებოდა, სტუმართმოყვარე მასპინძელი მგზავრს ფეხებს უჭიმავდა, ვიდრე საწოლს არ გაუთანაბრებდა.

თესევსმა დაიჭირა პროკრუსტი, მოკლე საწოლზე დააწვინა, ფეხების ზედმეტი ნაწილი ჩამოსჭრა და სიცოცხლეს გამოასალმა.

მრავალი საგმირო საქმის ღირსეულად შესრულების შემდეგ თესევსი ათენაში მოვიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის მდგომარეობა არ დახვდა, რასაც იგი მოელოდა.

ხალხს ყოველდღიური უთანხმოება ტანჯავდა. თითოეულ მოქალაქეს რაღაც აწუხებდა. არავინ იცოდა, ხვალინდელი დღე რას უქადდა. ხალხი წუხდა და სასოწარკვეთილებას ეძლეოდა.

მეფე ეგეოსი მოხუცებულობაში შედიოდა და სახელმწიფო საქმეებს უკვე თავს ვერ ართმევდა.

ეგეოსის ძმისწულები ყოველგვარად ცდილობდნენ სამეფო ტახტი მეფის სიცოცხლეშივე ხელში ჩარგდოთ.

როგორც კი მივიდა ქალაქში, თესევსი დაუყოვნებლივ მამის სანახავად გაეშურა.

დაინახა თუ არა ეგეოსმა უცნობი სტუმრის ტანზე თავისი ხმალი და ფეხზე ქალამნები, მიხვდა, რომ ახლადმოსული ჭაბუკი მისი შვილია. მეფე და თესევსი ერთი-მეორეს მოეხვივნენ და სიხარულისაგან ცრემლებს აფრქვევდნენ.

მეფე ეგეოსმა წარუდგინა თესევსს სახელმწიფოს უმაღლესი მოხელენი, რომელთაც ტახტის ახლადმოვლენილმა მემკვიდრემ უამბო მის მიერ შესრულებული საგმირო საქმეები.

სახელმწიფოს წარჩინებულები აღტაცებით ულოცავდნენ თესევსს ყაჩაღებზე ბრწყინვალე გამარჯვებას და სრულ იმედს გამოთქვამდნენ, რომ ამიერიდან სახელოვანი გმირი დახმარებას არ მოაკლებდა ათენის ყოველმხრივ შევიწროებულ მოქალაქეებს და მოსალოდნელი უბედურებისაგან იხსნიდა.

თესევსმა უპირველეს ყოვლისა გადაწყვიტა პალანტის ვერაგი ვაჟიშვილების თავიდან მოცილება.

პალანტის ვაჟიშვილები მოხერხებულ შემთხვევას ეძებდნენ, რომ ახლადმოვლენილი მემკვიდრე მოეკლათ და სამეფო ტახტს დაუფლებოდნენ.

თესევსი სრულიად მოულოდნელად შეიჭრა ბოროტგამზრახველების სასახლეში და ყველანი შეუბრალებლად ამოჟლიტა.

სახელოვანი ჭაბუკი შეაფიქრიანა ამ მკვლელობამ: ვაი თუ ხალხმა შემიძულოსო, და გადაწყვიტა ხალხისათვის მეტისმეტად სასარგებლო საქმის შესრულება, რომ ამით მოეგო მისი გული.

მთელ ათენასა და მის მიდამოებს ანადგურებდა მარათონის ველზე გავარდნილი გარეული ხარი.

ერთ დროს ეს საშინელი ხარი საბერძნეთის უძლიერესმა გმირმა ჰერკულესმა დაიჭირა, მაგრამ მეფე ევრისთენემ გაათავისუფლა, და მასაქეთ ანადგურებდა ეს საშინელი ცხოველი ატიკის თვალუწვდენელ მინდორ-ველებს. ვერავინ ვერ ბედავდა ამ ველური ხარის წინააღმდეგ გალაშქრებას, ყველანი შიშით ძრწოდნენ.

თესევსმა გადაწყვიტა ამ საშინელი ცხოველის ცოცხლად დაჭერა. სახელოვანი გმირი თავდავიწყებით ეკვეთა მინდორზე მოთარეშე ველურ ხარს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ სძლია და ხალხის დოვლათის გამანადგურებელი ცხოველი მაგრად შეკრული მოიყვანა ათენაში.

მაგრამ ყველაზე უფრო საგმირო საქმედ ბერძნები თესევსის მიერ მინოტავრის მოკვლას თვლიდნენ.

ათენელებმა ოდესღაც მოჰკლეს კუნძულ კრეტას მეფის მინოსის ვაჟი.
მეფე მინოსმა ათენელებს ომი გამოუცხადა. ათენელებმა წააგეს ეს ომი.

გამარჯვებულმა მეფემ საზავო პირობების დადების დროს ათენელებს მეტად სამძიმო ხარკი დაადო: ყოველი ცხრა წლის განმავლობაში ათენელები მეფე მინოსს უგზავნიდნენ ცხრა-ცხრა ქალ- ვაჟს, რომელთაც გაუმაძღრად სანსლავდა მეფის ლაბირინტში დამწყვდეული ხარი მინოტავრი.

როცა კრეტის მეფემ კვლავ მოსთხოვა ათენელებს ეს სამძიმო ხარკი, სხვა ათენელებთან ერთად თესევსიც გაემგზავრა კუნძულ კრეტაზე.

როცა კრეტას მივიდნენ, სასიკვდილოდ განწირულნი შეიყვანეს უზარმაზარ ლაბირინტში, რომელშიაც მინოტავრი ცხოვრობდა.

ამ შენობაში იმდენი ოთახი იყო, რომ შემსვლელს გზა ებნეოდა და უკან დაბრუნებას ვერ ახერხებდა.

თესევსის სილამაზითა და ვაჟკაცობით მოხიბლულმა მეფე მინოსის ასულომა არიადნამ მისცა გმირს ძაფის გრეხილი. როდესაც თესევსი ლაბირინტში შევიდა, მან შესავალთან დაამაგრა გრეხილის ბოლო. სახელოვანი გმირი თანდათანობით არღვევდა გრეხილს, სანამ გაუმაძღარ მინოტავრს არ შეხვდა.

თესევსი გააფრთებული ლომივით ეკვეთა მინოტავრს და ხმლით გაუგმირა გულმკერდი.

ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ არიადნას ძაფის გრეხილმა საშუალება მისცა თესევსს ლაბირინტიდან გამოსასვლელი გზა მოენახა და მშვიდობით დაბრუნებულიყო თავისი მხლებლებით.

თესევსს ლაბირინტის კარებთან დახვდა მშვენიერი არიადნა, რომელმაც კუნძულ ნაქსოსზე გადაიყვანა დაღუპვას გადარჩენილი ათენელები.

თესევსი და მისი თანამხლებელი ათენელები რამდენიმე დღეს დარჩნენ კუნძულზე დასასვენებლად და უხვი მსხვერპლი შესწირეს ღმერთებს დაღუპვისაგან გადარჩენისათვის.

თესევსს სიზმარში გამოეცხადა მხიარულების ღმერთი ბაქხი, რომელიც გმირს მოკვლას ემუქრებოდა, თუ იგი მშვენიერ არიადნას არ ჩამოშორდებოდა და კუნძულ ნაქსოსზე არ დატოვებდა.

ღმერთების გადაწყვეტილებით, მეფე მინოსის მშვენიერი ასული არიადნა ბაქხს ცოლად უნდა გაჰყოლოდა.

თესევსმა ვერ გაბედა ღმერთების გადაწყვეტილების ურჩობა. როცა მშვენიერ არიადნას სრულიად უდარდელად ეძინა, თესევსმა თავისი მხლებლებით დატოვა ნაქსოსის ნაპირები და ხომალდი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში შეაცურა ათენაში დასაბრუნებლად.

სახელოვან გმირსა და მის მხლებლებს დიდად აწუხებდა მათი მხსნელი ქალის, მშვენიერი არიადნას კუნძულზე მარტოდმარტო დატოვება.

მეფე ეგეოსი მოუთმენლად მოელოდა შვილის მშვიდობიანად დაბრუნებას.

თესევსი კრეტას გამგზავრებისას მოხუც მამას დაჰპირდა: თუ დავძლევ საშინელ მინოტავრს, დაბრუნებისას, გამარჯვების ნიშნად, ხომალდზე შავი დროშის მაგივრად თეთრ დროშას გამოვკიდებო.

მაგრამ ყოვლად შემძლებელმა ღმერთებმა არიადნას ასე უმართებულოდ შეურაცხყოფისათვის თესევსს სამაგიერო გადაუხადეს.

დაბრუნებისას სახელოვან გმირს დაავიწყდა ხომალდზე თეთრი დროშის გამოკიდება.

მეფე ეგეოსი მოუთმენლად მოელოდა თესევსის დაბრუნებას და მაღალ კლდეზე გადამდგარი ყოველდღე თვალყურს ადევნებდა ზღვაში მომავალ ხომალდებს.

როცა ეგეოსმა კუნძულ კრეტიდან მომავალ ხომალდზე გამოკიდებული შავი დროშა დაინახა, ეს თესევსის დაღუპვის ნიშნად მიიჩნია და უსაზღვრო მწუხარებისაგან გონებაარეული ზღვის უფსკრულში გადაეშვა.

თესევსის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. სახელოვანი გმირი განუსაზღვრელი გულისტკივილით კიცხავდა თავისთავს, რომ მისმა გულმავიწყობამ იმსხვერპლა მეფე ეგეოსი.

თესევსმა საყვარელი მამა ბრწყინვალედ დაასაფლავა. ეგეოსის სახელის უკვდავსაყოფად, იმ ზღვას, რომელშიაც მეფემ შვილის განუსაზღვრელი სიყვარულით თავი დაიხრჩო, „ეგეოსის ზღვა“ დაარქვეს.

ეგეოსის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ათენის სამეფო ტახტი თესევსმა დაიჭირა.

სახელოვანმა გმირმა დიდი უნარი გამოიჩინა სახელმწიფო საქმეების მართვა-გამგეობაში.

თესევსის მეფობის დასაწყისში მთელი ატიკა დანაწილებული იყო თემებად, რომელნიც სრულიად დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწეოდნენ.

სახელოვანმა მეფემ ეს დაქსაქსული თემები შეაერთა, ამრიგად გააერთიანა ელინთა მთელი ერი და საერთო სამოღვაწეო ასპარეზი გაუჩინა.

სახელმწიფოს მკვიდრნი სამ კლასად დაანაწილა: კეთილშობილნი, მიწის მუშაკნი და ხელოსნები.

შორსმჭვრეტელმა თესევსმა მეფის განსაკუთრებული უფლება საკმაოდ შეზღუდა.

სახელმწიფოს სამძიმო საქმეების საბოლოოდ გადაჭრა და დადასტურება მეფემ კეთილშობოლთა საბჭოს და სახალხო ყრილობას მიანდო.

ამ უმაღლესი ორგანოების საშუალებით ხალხი მონაწილეობას იღებდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში, და ამრიგად თითოეული სამძიმო საქმე უფრო მართებულად და საფუძვლიანად წყდებოდა სახელმწიფოში.

სახელოვანი მეფე დიდის გულმოდგინებით ზრუნავდა იმაზე, რომ ხალხში განემტკიცებინა ღმერთებისადმი პატივისცემა.

ქალაქ ათენის მფარველ ქალღმერთ ათინას სადიდებლად თესევსმა შესანიშნავი ტაძარი ააგო.

პოსეიდონ ღმერთის პატივსაცემლად ძლევამოსილმა მეფემ ათენაში დაარსა ეგრეთწოდებული „ისთმის გასართობები“.

თესევსს არ დასცალდა დიდხანს ეწარმოებინა სახელმწიფოს ეს მშვიდობიანი მშენებლობა.

როცა ომს აწარმოებდა ამორძალების წინააღმდეგ, მან მოიტაცა მათი წინამძღოლი მშვენიერი იპოლიტე და ცოლად შეირთო.

იპოლიტემ თავისი სათნო ხასიათით მოიგო სახელმწიფოს მკვიდრთა გული.

ამორძალებმა დიდ შეურაცხყოფად მიიღეს თავისი საყვარელი წინამძღოლის მოტაცება და სრულიად მოულოდნელად თავს დაეცნენ ათენელებს.

თესევსმა დაუყოვნებლივ შეკრიბა დიდი მხედრობა და სახელმწიფოში შემოსული მტრის წინააღმდეგ მედგრად გაილაშქრა.

ბრძოლის ველზე მეფემ დიდი გმირობა გამოიჩინა.

სამწუხაროდ, ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის დროს სასიკვდილოდ დაჭრეს დედოფალი იპოლიტე, რომელიც ათენელბთან ერთად გმირულად იბრძოდა მტრის წინააღმდეგ.

ელინთა ძლევამოსილმა მხედრობამ, თესევსის წინამძღოლობით, დაამარცხა ამორძალები, რომელნიც იძულებული იყვნენ სამარცხვინო ზავი შეეკრათ ათენელებთან.

ამ ბრწყინვალე გამარჯვებამ თესევსს დიდად გაუთქვა სახელი მთელს საბერძნეთში.

ყველანი დიდის პატივისცემით იხსენიებდნენ გმირ მეფეს, მის სახელს ძლევამოსილობის შარავანდით მოსავდნენ.

სწორედ ამ ხანებში საბერძნეთის ერთმა თვალსაჩინო გმირმა პერითეიმ მოისურვა გამოეცადა თესევსის ვაჟკაცობა და ამის შესამოწმევლად გაიტაცა მარათონის ველიდან თესევსის ხარების ჯოგი.

პერითეი დარწმუნებული იყო, რომ როგორც კი ხარების გატაცებას გაიგებდა, თესევსი უკან გამოუდგებოდა, ამიტომაც განზრახ ნელა მიერეკებოდა ხარების ჯოგს.

მართლაც, გაბრაზებული მეფე კვალდაკვალ გამოუდგა პერითეის და მალე წამოეწია.

თესევსი და პერითეი ის იყო უნდა სცემოდნენ ერთმანეთს, რომ ამ დროს სრულიად მოულოდნელი რაღაც მოხდა: გმირებს ისე მოეწონათ ერთი-მეორე, რომ თითქო ვინმეს ბრძანებით, ართსა და იმავე დროს დაყარეს იარაღი და მეგობრულად გაუწოდეს ერთმანეთს ხელი.

პერითეიმ თესევსს ნებაყოფლობით დაუბრუნა გატაცებული ჯოგი და მეფეს სთხოვა თვითონვე დაენიშნა ჯილდო ზარალის ასანაზღაურებლად.

- „ერთადერთი ჯილდო, რომელიც მსურს შენგან მივიღო, - მხიარული კილოთი წამოიძახა თესევსმა, მხოლოდ ის იქნება, თუ მე და შენ სამუდამოდ დავმეგობრდებით!“

თესევსი და პერითეი ერთი-მეორეს გადაეხვივნენ და მეგობრობის მტკიცე კავშირი შეკრეს.

მცირე ხნის შემდეგ პერითეიმ ლაპიდების თავადის ასული მშვენიერი იპოდამია შეირთო და ქორწილზე მიიპატიჟა ახლადშეძენილი მეგობარი თესევსი.

ლაპიდების ველური ტომები თესალიაში ცხოვრობდნენ. ლაპიდების მამაცობა ყველას აოცებდა. ყველა მოკვდავზე ადრე გარეული ცხენები ლაპიდებმა მოაშინაურეს.

ქორწილზე მიპატიჟებულნი იყვნენ აგრეთვე პერითეის ნათესავი კენტავრები.

ლაპიდებისა და კენტავრების ტომებს მუდამ მტრობა ჰქონდათ ერთმანეთთან.

მიუხედავად ასეთი მტრული განწყობილებისა, კენტავრები მაინც მივიდნენ პერითეის ქორწილზე და ლაპიდებთან ერთად მხიარულობდნენ.

ამ საერთო მხიარულების დროს ღვინით ძალზე შეზარხოშებულმა კენტავრმა ევრიტიონმა მხრებზე წამოიკიდა პატარძალი იპოდამია და უღრანი ტყისაკენ გაიტაცა.

საქორწილო დარბაზში სტუმრებმა საშინელი განგაში ატეხეს. ღვინით გალეშილმა კენტავრებმა ისარგებლეს ამ სამწუხარო შემთხვევით, დაერივნენ თესალიელების ცოლებსა და ქალიშვილებს და ჯოჯოხეთის გენია დაატრიალეს საქორწილო დარბაზში.

ქალების გულსაკლავი კივილი მთელ დარბაზს აყრუებდა. სასწრაფოდ წამოიჭრნენ პატარძლის ნათესავი ლაპიდები და აწიოკებული ქალების გამოსასარჩლებლად ეკვეთნენ ღვინით გალეშილ კენტავრებს.

„რომელმა ღმერთმა დაგიბნელა გონება, რომ შენ გაბედე ჩემი და ჩემი მეგობრის პერითეის ასე შეურაცხყოფა?“ - მრისხანედ შეჰყვირა თესევსმა და ელვის სისწრაფით დაედევნა თავზეხელაღებულ კენტავრს.

ძლევამოსილმა თესევსმა დაიჭირა ევრიტიონი და ისე მძლავრად ჩაჰკრა მუშტი გულმკერდში, რომ კენტავრმა ქარიშხლისაგან მოტეხილ ხესავით ზღართანი მოიღო მიწაზე.

ევრიტიონის მკვლელობამ კენტავრებსა და ლაპიდებს შორის ცხარე შეტაკება გამოიწვია.

ლაპიდები თესევსის წინამძღოლობით სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკვეთნენ კენტავრებს.

ცხარე ბრძოლა არ შეწყვეტილა მთელი დღის განმავლობაში. კენტავრებმა ამ შებრძოლების დროს მრავალი თავდადებული მეომარი დაკარგეს.

მხოლოდ დაბინდებისას შეწყდა ბრძოლა. ლაპიდებმა სძლიეს კენტავრებს და ამრიგად გადაარჩინეს მშვენიერი იპოდამია დიდ განსაცდელს.

თესევსის ამ ბრწყინვალე გამარჯვებამ კიდევ უფრო განამტკიცა პერითეისა და სახელოვანი გმირი მეფის მეგობრული კავშირი.

სამწუხაროდ, იპოდამია სულ მოკლე ხანში მძიმედ გახდა ავად და გარდაიცვალა.

გულითადმა მეგობრებმა, თესევსმა და პერითეიმ, იპოდამიას გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ გადაწყვიტეს ორივეს შეერთო ცოლი.

სწორედ იმ დროს სპარტაში იმყოფებოდა მთელ საბერძნეთში სილამაზით სახელგანთქმული მშვენიერი ელენე, ღმერთების მამამ თავრის ზევსის და ლედას ასული.

თესევსმა და პერითეიმ ერთხელ ქალღმერთის არტემიდეს ტაძარში მოჰკრეს თვალი მშვენიერ ელენეს და ისე მოეწონათ, რომ დაუყოვნებლივ მოიტაცეს და არკადიაში წამოიყვანეს.

მეგობრებმა დაიწყეს ბჭობა, თუ რომელ მათგანს უნდა შეერთო ახლადმოტაცებული მშვენიერი ელენე.

თესევსი და პერითეი შეთანხმდნენ წილი ეყარათ. ვისაც წილის ყრით შეხვდებოდა, მშვენიერი ელენე მას უნდა გაჰყოლოდა.

თესევსმა და პერითეიმ ამასთანავე პირობა დადეს, რომ მშვენიერი ელენეს ბედნიერი მეუღლე უნდა დახმარებოდა თავის მეგობარს საცოლეს არჩევაში.

მშვენიერი ელენე წილის ყრით თესევსს შეხვდა. ძლევამოსილმა მეფემ ბრწყინვალე ქორწილი გააჩაღა.

ქორწილზე მოწვეულნი შესტრფოდნენ მეფე-დედოფალს და გულწრფელ სალამს მიუძღვნიდნენ ახლადდაქორწინებულებს.

რამდენიმე ხნის შემდეგ თესევსმა თავისი მშვენიერი ელენე საყვარელ დედას ეფრას ჩააბარა და თვითონ კი პერითეის გაჰყვა მისთვის საპატარძლოს მოსაძებნად.

მეგობრები საიქიოს სამყაროში გაემგზავრნენ იმ აზრით, რომ მეფე პლუტონის მეუღლე მშვენიერი პერსეფონე მოეტაცათ.

საიქიოს მეფემ პლუტონმა ორივე მეგობარი ამ ბოროტი განზრახვისათვის სასტიკად დასაჯა.

საიქიოს მბრძანებელმა თესევსს ხელ-ფეხი ჯაჭვებით მაგრად შეუკრა, ხოლო მის მეგობარს პერითეის ზურგზე უზარმაზარი კლდე დაადო.

ამრიგად დასჯილი მეგობრები საცოდავად იტანჯებოდნენ, მაგრამ ამ უბედურებისაგან მათ დახსნას ვერავინ ბედავდა.

საბერძნეთის უძლიერესმა გმირმა ჰერკულესმა, როცა იგი საიქიოს სამეფოში ჩავიდა კერბერის მოსატაცებლად, დაინახა მეგობრების აუტანელი ტანჯვა და გადაწყვიტა ორივეს გათავისუფლება.

მართლაც, ძლევამოსილმა გმირმა თესევსს დაუყოვნებლივ შემოხსნა ხელ-ფეხზე დადებული ხუნდები, ხოლო პერითეის დახსნა კი ვერ მოახერხა, რადგან ყოვლად შემძლებელ ღმერთებს არ სურდათ თესევსის მეგობრის ამ ტანჯვისაგან გათავისუფლება.

სწორედ იმ დროს, როცა სახელოვანი თესევსი საიქიოს სამეფოში შეუბრალებლად იტანჯებოდა, დის საძებნელად ათენაში მივიდნენ მშვენიერი ელენეს ძმები, კასტორი და პოლუქსი.

კასტორმა და პოლუქსმა გადაჭრით მოსთხოვეს ათენელებს ეჩვენებინათ მშვენიერი ელენეს საცხოვრებელი ბინა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ მთელ ათენას დავანგრევთ და მიწასთან გავასწორებთო.

ამ მუქარით შეშინებულმა ერთმა ათენელმა უჩვენა კასტორსა და პოლუქსს ბინა, სადაც მშვენიერი ელენე თავის დედამთილ ეფრასთან ერთად ცხოვრობდა.

გახარებული კასტორი და პოლუქსი დაუყოვნებლივ შეიჭრნენ ეფრას ბინაში. სასახლის მცველმა კარისკაცებმა ვერ შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა. დის მოსიყვარულე ძმებმა სრულიად დაუბრკოლებლად გაათავისუფლეს მშვენიერი ელენე.

როცა საიქიოს სამეფოდან დაბრუნდა, თესევსმა კარგად შეიგნო თავისი წინანდელი ყოფაქცევის შეუფერებლობა და ამიტომ გადაწყვიტა სახელმწიფო საქმეების მოწესრიგებას უფრო მეტი წინდახედულობით შესდგომოდა.

სამწუხაროდ, თესევსმა ეს თავისი გულწრფელი და კეთილშობილური განზრახვა ვერ შეასრულა.

თესევსის ბიძის პოლანტის მომხრეებმა შეადგინეს დიდი პარტია და მეფისა და მისი მომხრეების წინაარმდეგ აწარმოებდნენ ფარულს თუ აშკარა ბრძოლას.

ამ შინაურმა განხეთქილებამ შეარყია სახელმწიფოს კეთილდღეობის საფუძვლები.

მართალია თესევსი ცდილობდა ეს დამღუპველი შინაური ბრძოლა, ეს უაზრო განხეთქილება მცირედად მაინც შეენელებინა, მაგრამ ყოველგვარი მისი ცდა სრულიად უნაყოფოდ რჩებოდა.

პარტიების უაზრო ბრძოლა დღითიდღე უფრო მწვავდებოდა და სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის თანდათან უფრო საშიშ სახეს იღებდა.

ხალხის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა, ხალხი დრტვინავდა და უზომო სასოწარკვეთილებას ეძლეოდა.

ამ საერთო უბედურებას თესევსის პირადი უბედურებაც დაერთო. სწორედ იმ ხანებში თესევსმა დაკარგა საყვარელი შვილი იპოლიტე, რომელიც მოგზაურობის დროს ეტლით გაიტაცეს დამფრთხალმა ცხენებმა.

თეზავმა ვერ აიტანა ყველა ეს უბედურება და საბოლოოდ გადაწყვიტა ნებაყოფლობით მოშორებოდა იმ ქალაქს, რომლის კეთილდღეობისათვისაც მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ასე უანგაროდ და თავდადებულად იღვწოდა.

თესევსს მეტისმეტად სტკიოდა გული, მეტისმეტად ეძნელებოდა სახელმწიფო საქმეებს მთლიანად ჩამოშორებოდა, მაგრამ სახელმწიფოში დარჩენა და მართვა-გამგეობის სათავეში დგომა ყოვლად შეუძლებლად მიაჩნდა.

მართლაც, თესევსმა თავისი განზრახვა განახორციელა: ის გადასახლდა კუნძულ სკირზე.

კუნძულ სკირის მეფეს ლიკომედს არ მოსწონდა თესევსის მეზობლად ჩამოსახლება და ამიტომ ყოველგვარი საშუალებით ცდილობდა არასასურველი მეზობელი თავიდან მოეშორებინა.

უფრო მოხერხებულად რომ განეხორციელებინა თავისი ბოროტი განზრახვა, ლიკომედი მეგობრულად შეხვდა თესევსს და ხშირად სასახლეშიაც ეპატიჟებოდა.

ლიკომედსა და თესევსს შორის გარეგნული დამოკიდებულება არავის საბუთს არ აძლევდა ეფიქრა, რომ ბოროტი ლიკომედი თესევსს განსაცდელს უმზადებდა.

ერთხელ სკირის მბრძანებელმა თესევსი მაღალი მთის მწვერვალზე აიყვანა, ვითომდა კუნძულის მდებარეობის დასათვალიერებლად.

როცა თესევსი და სკირის ბოროტი მბრძანებელი მთის მწვერვალიდან კუნძულის მიდამოებს ათვალიერებდნენ, ლიკომედი ვერაგულად მიეპარა ძლევამოსილ გმირს და მძლავრი ფეხისკვრით თვალუწვდენელ უფსკრულში გადაისროლა.

ასე უაზროდ დაიღუპა ის გმირი მეფე, რომლის ნაყოფიერმა მოღვაწეობამ ათენის სახელმწიფოს მთელ საბერძნეთში უძლიერესი სახელმწიფოს სახელი მოუპოვა.

ათენელებმა დროთა განმავლობაში დაივიწყეს ის მძულვარება, რომელსაც პარტიული დაჯგუფების დროს იჩენდნენ მეფის წინააღმდეგ.

ათენელებს დაავიწყდათ მეფის დროებითი გატაცება და უნებლიე შეცდომები და ყველანი ერთსულოვნად აღნიშნავდნენ თესევსის უდიდეს ღვაწლს ათენის სახელმწიფოს კეთილად მოწყობის საქმეში.

მადლიერმა ელინელებმა თავისი ღვაწლმოსილი გმირი მეფე ნახევარღმერთად აღიარეს და მის პატივსაცემლად ათენში ააგეს მრავალი ტაძარი და საკურთხეველი, სადაც ყველანი გულწრფელად აღავლენდნენ მხურვალე ლოცვას თავისი საყვარელი მეფის სადიდებლად.

ათენელები ხშირად იგონებდნენ თავის საყვარელ მეფეს და სულითა და გულით იტანჯებოდნენ, რომ ამ გმირი მეფის საფლავი ათენელების გვირგვინოსანთა საუცხოო აკლდამებს არ ამშვენებდა, სადღაც შორეულ კუნძულზე უგზოუკვლოდ დაკარგულიყო და ვერავინ ვერ პოულობდა.

თესევსის გარდაცვალების დღიდან რვაასი წლის შემდეგ მილტიადესის შვილმა კიმონმა დაიპყრო კუნძული სკირი.

კიმონს გაგონილი ჰქონდა, რომ დიდებული თესევსი ამ კუნძულზე იყო დაკრძალული.

ძლევამოსილი სარდალი კუნძულის დაპყრობისთანავე შეუდგა თესევსის საფლავის ძებნას.

კუნძულის განაპირა ადგილას კიმონმა შენიშნა, რომ უზარმაზარი არწივი თავს დასტრიალებდა გორაკზე განმარტოებულ ერთ საფლავს.

სარდლის განკარგულებით ეს საფლავი გათხარეს.

საფლავში აღმოჩნდა კაცის უზარმაზარი ძველები, მშვილდ-ისარი და ათენური ხმალი.

კიმონი დარწმუნებული იყო, რომ საფლავში აღმოჩენილი კაცის ძვლები დიდებული თესევსის ნეშტია.

ძლევამოსილმა სარდალმა განკარგულება გასცა, რომ ეს ნეშტი ძვირფასი ადამიანისა ათენაში გადაესვენებინათ.

ათენის მოსახლეობა ქუჩებში გამოეფინა და ისეთი აღტაცებით ეგებებოდა თავისი საყვარელი გმირის ნეშტს, კაცს ასე ეგონებოდა, თესევსი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ტრიუმფით ბრუნდება ათენაშიო.

ათენელებმა თესევსის გარდაცვალების დღიდან რვაასი წლის შემდეგ ასე ღირსეულად სცეს პატივი იმ გმირს, რომლის მოღვაწეობას მისი თანამედროვე თაობა ზოგჯერ საკმარისად ვერ აფასებდა.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram