ელინური მითები - პერსევსი

არგიველთა მეფეს აკრისის ღმერთებმა უწინასწრმეტყველეს: შენ ქალს, დანაის, შეეძინება ვაჟიშვილი, რომელიც მშვილდ-ისრით სასიკვდილოდ დაგჭრისო.

აკრისი ძლიერ შეაშინა ღმერთების ამ წინასწარმეტყველებამ. სიკვდილი რომ თავიდან აეცილებინა, მეფემ თავისი ღვიძლი ქალიშვილი, დანაი, საპყრობილეში ჩაამწყვდია. საბრალო დანაის საპყრობილეში შეეძინა შესანიშნავი ვაჟიშვილი, რომელსაც პერსევსი დაარქვეს.

მეფის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა. ღმერთების წინასწარმეტყველება რომ არ გამართლებულიყო, აკრისიმ გადაწყვიტა თავისი ქალისა და შვილიშვილის დაღუპვა.

მეფის ბრაძანებით, დანაი და პერსევსი დიდ ყუთში ჩაამწყვდიეს, მაგრად დაუჭედეს ამ ყუთს თავი და საბრალო დედა-შვილი ყუთში ჩაკეტილები ზღვის უფსკრულში შეაცურეს. დანაი და მისი საყვარელი ახლადშეძენილი შვილი დიდხანს დაცურავდნენ ზღვის აბობოქრებულ ტალღებში. ბოლოს, დიდი გაჭირვების შემდეგ, აზვირთებულმა ზღვის ტალღებმა მაგრად თავგადაჭედილი ყუთი სერიფის კუნძულის ნაპირებზე გარიყა.

ზღვის ნაპირას გარიყული ყუთი შენიშნა სწორედ ამ დროს სათევზაოდ ჩამოსულმა სერიფის კუნძულის მეფის პოლიდექტის ძმამ დიქტოსმა, რომელმაც ყუთს დაუყოვნებლივ თავი ახადა და საბრალო დედა-შვილი ზღვის ნაპირას გადმოიყვანა.

დიქტოსმა დედა-შვილი დაუყოვნებლივ მეფეს მიჰგვარა. პოლიდექტი დიდის აღტაცებით მიეგება ასეთ მოულოდნენლ საჩუქარს. დანაი და პერსევსი მეფემ სასახლეში დააბინავა და მზრუნველობით შეუდგა მათ მოვლა-პატრონობას. მეფემ შვილივით შეიყვარა პერსევსი და საფუძვლიანი სწავლა-განათლება მისცა.

პერსევსი დავაჟკაცდა, მთელ სახელმწიფოში უკეთესი ვაჟკაცი იშვიათად მოიძებნებოდა.

პერსევსი დიდის სიყვარულით ეპყრობოდა თავის აღმზრდელ მეფეს, მაგრამ ეს სიყვარული, სამწუხაროდ, ხანგრძლივი არ გამოდგა.

მეფე პოლიდექტიმ განიზრახა დანაიზე ჯვარი დაეწერა. პერსევსიმ მეფის ეს განზრახვა ითაკილა და ყოველგვარ ზომებს ხმარობდა ეს საქმე როგორმე ჩაეშალა.

მეფემაც თავისი მხრით განიზრახა პერსევსის თავიდან მოშორება და ამიტომ მას დაავალა მედუზას თავის მოკვეთა. პოლიდექტი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ პერსევსი მედუზას თავის მოკვეთას ვერ შესძლებდა. ვინც კი მედუზას თავის მოსაკვეთად გაკადნიერდებოდა, სიკვდილს ვერ ასცდებოდა. მეფესაც სწორედ ამის იმედი ჰქონდა, როცა პერსევსის ასეთ შეუძლებელ საქმეს ავალებდა.

სფეინო, ევრიალა და მედუზა, ეს სამი საშიშარი გველეშაპი ქალები, დასავლეთით ცხოვრობდნენ, ჯოჯოხეთის სამეფოში. მეტად საშიში, გულის შემზარავი შეხედულება ჰქონდათ. ვინც კი თვალს მოჰკრავდა ამ საშინელი გველეშაპი ქალების პირისახეს, ყველანი მაშინვე ქვებად იქცეოდნენ და ამრიგად, სიცოცხლეს ესალმებოდნენ. გველეშაპ ქალებთან მიმავალ გზას იცავდა სამი მეტად საშიში მოხუცი ქალი, რომელთაც მხოლოდ თითო თვალი და თითო კბილი ჰქონდათ.

პერსევსი უშიშრად გაემგზავრა საშინელ გველეშაპ ქალებთან. ჭაბუკს საბოლოოდ გადაწყვეტილი ჰქონდა ან სიკვდილი, ან გამარჯვება. ძლევამოსილ გმირს ღმერთებიც ხელს უმართავდნენ ამ სამძიმო საქმის კეთილად დაგვირგვინებში. ჰერმესმა თავგაწირულ გმირს ალმასივით ბასრი ხმალი მიუძღვნა, ათენა-პალადამ - ბროლივით მოელვარე ფარი, წყლის ქალღმერთმა - ფრთებით შემკული საფეხურები, რომლის საშუალებით ჰაერზე სიარულიც კი შესაძლებელი იყო.

ამრიგად მძიმედ შეიარაღებული პერსევსი გველეშაპი ქალების სამფლობელოს მიუახლოვდა. იმ დროს, როცა პერსევსი ჯოჯოხეთის სამეფოში მივიდა, საზიზღარ გველეშაპ ქალებს ეძინათ. ახალგაზრდა ძლევამოსილმა გმირმა ბასრი ხმლის ერთის მოქნევით დაუყოვნებლივ თავი მოჰკვეთა მედუზას და ქალღმერთებისაგან გამოტანებულ ტომარაში სასწრაფოდ გადისროლა. გველეშაპი ქალების პირისახე რომ არ დაენახა და ქვად არ გადაქცეულიყო, პერსევსი მედუზის თავის მოკვეთის დროს ათენა პალადის მიერ ნაჩუქარ ფარს იშველიებდა.

პერსევსიმ ამის შემდეგ მოიმარჯვა ფეხებზე ფრთიანი საფეხურები და დაუყოვნებლივ უკანვე გამობრუნდა. როცა ძლევამოსილი გმირი ლიბიის უდაბნოს უახლოვდებოდა, გზაში მედუზას თავიდან სისხლის რამდენიმე წვეთი მიწაზე დაეცა. ამ დროს მთელ ლიბიაში ბლომად გაჩნდნენ შხამიანი გველები და გველეშაპები, რომლებიც ყოველ ფეხის გადადგმაზე საზიზღრად სისინებდნენდა მთელ ამ მხარეს შიშის ზარს ჰგვრიდნენ.

საღამოს ჟამს ახალგაზრდა გმირმა მიაღწია მეფე ატლანტის სახელმწიფოს, საცა იგი ჰაერიდან დედამიწაზე ჩამოეშვა. მეფე ატლანტის სიმდიდრე მთელ სახელმწიფოში კიდით-კიდემდე განთქმული იყო. უთვალავი ჯოგი დაუდიოდა მეფეს მთელ სახელმწიფოში. ატლანტის მშვენიერად გაშენებული ბეღები თვალუწვდენელ სივრცეზე გადაჭიმულიყვნენ. განსაკუთრებით შესანიშნავი იყო ერთი ბაღი, რომელშიაც ხარობდა ოქროსტოტებიანი, ოქროსფოთლებიანი და ოქროსნაყოფიანი ვაშლის ხე. მეფე ატლანტს ძველად ჰქონდა გაგონილი, რომ ოდესმე ამ ბაღს ესტუმრება ღმერთების მამამთავრის ზევსის შვილი და ამ ოქროვაშლას ხიდან ოქროს ვაშლებს დაკრეფსო. მეფეს ძალიან ეშინოდა ამ წინასწარმეტყველებისა და ამიტომ მთელი ბაღი მაღალი და მიუვალი კედლებით შემოაზღუდვინა. ამ ბაღის უმთავრესი მოვლა- პატრონობა ჩაბარებული ჰქონდა უზარმაზარ გველეშაპს, რომელიც გარეშე პირს ოქროსვაშლებიან ხეს ახლოსაც არ აკარებდა.

მეფე ატლანტმა როგორც კი გაიგო პერსევსის მის სახელმწიფოში მოსვლა, გადაწყვიტა, სწორედ ახლა აღსრულდა ძველი თქმულებაო, და პერსევსის გადაჭრით უარი უთხრა, ჩემ სამეფოში ბინას ვერ მოგცემ, ღამეს ვერ გაგათევინებო. საქმე ისე გამწვავდა, რომ მეფე ატლანტმა თავის სამეფოდან პერსევსის გასაძევებლად ძალდატანებასაც კი მიმართა. პერსევსმა დაუყოვნებლივ ამოიღო ტომრიდან მედუზის თავი და დაანახა მეფეს, რომელიც მყისვე გარდაიქცა უზარმაზარ ქვიან მთად. მეფის თავი მთის მწვერვალად გადაიქცა, მხრები და ხელები - მთაგრეხილებად, ხოლო წვერ-ულვაში და თმა - მიუვალ უღრან ტყეებად, ამ უზარმაზარი მთის უმაღლესი მწვერვალნი ცას ებჯინებიან. მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ატლანტის მთის თვალუწვდენ მწვერვალს თავს ბრწყინვალედ დაჰკაშკაშებს. ამიერიდან ეს უზარმაზარი მთა თავისი მთაგრეხილებით დასაყრდნობ საიმედო ბურჯად გამხდარა მნათობთა მთელი სამყაროსათვის.

მეორე დღეს, დილაადრიან, პერსევსიმ კვლავ განაგრძო ჰაერით მოგზაურობა. მშვენიერი ამინდი იდგა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ პერსევსი მიფრინდა ეთიოპიაში, მეფე კეიფისის სახელმწიფოში.

მეფე კეიფისის მეუღლემ კასიოპეამ ერთხელ, თურმე, დაიკვეხა: მე წყლის ყველა ქალღმერთზე ულამაზესი ვარო. კასიოპეას თავგასულობამ მეტად განარისხა წყლის ქალღმერთები და ამიტომ ისინი ყოველგვარ ღონისძიებას ხმარობდნენ, რომ მოკვდავთა ამაყი შვილი სასტიკად დაესაჯათ.

ქალღმერთებმა პოსეიდონ ღმერთს შესჩივლეს თავისი მწუხარება. პოსეიდონმა კეიფისის სახელმწიფოს დასასჯელად მოუვლინა უზარმაზარი გველეშაპი, რომელიც დროგამოშვებით გამოდიოდა ზღვის ნაპირად და არ ინდობდა არც ადამიანს და არც ცხოველს. ხალხი მეტად შევიწროვდა. შიშის ზარი ტრიალებდა მთელს სახელმწიფოში. ხალხი რომ განსაცდელს გადარჩენოდა, ღმერთების სურვილით, კეიფისს თავისი პირმშო ქალიშვილი ანდრომედა გველეშაპისათვის მორიგ საჭმელად უნდა გაემეტებინა.

ხალხმა, გაიგო თუ არა ღმერთების ასეთი სურვილი, დაუყოვნებლივ აიძულა მეფე და დედოფალი ეს სამძიმო მსხვერპლი შეეწირათ. საბრალო ანდრომედა ზღვის ნაპირას პიტალო კლდეზე მიაჯაჭვეს.

როგორც კი დაინახა პერსევსმა კლდეზე მიჯაჭვული ანდრომედა, დაუყოვნებლივ მიიჭრა ზღვის ნაპირას საბრალო ქალის ვინაობის გასაგებად. ანდრომედას კალმით აუწერელმა სილამაზემ პერსევსი ერთბაშად მოხიბლა. საბრალო ქალი უზომოდ იცრემლებოდა და მთელი სხეულის ცახცახით ყოველ წუთს მოელოდა გაუმაძღარ გველეშაპს. პერსევსმა გამოიკითხა ანდრომედას კლდეზე მიჯაჭვის მიზეზი და, როცა ყველაფერი დაწვრილებით გაიგო, გადაწყვიტა გველეშაპთან შებრძოლება და უდანაშაულო საბრალო ქალის განთავისუფლება.

უეცრივ ზღვის ნაპირას გაისმა წყლის ზვირთების საზარელი შხუილი. ტალღები მთებივით იბურთებოდნენ. ზღვის ნაპირს ელვის სისწრაფით უახლოვდებოდა უხზარმაზარი, ტანში ჟრუანტელის მომგვრელი გველეშაპი. სახელმწიფოს მკვიდრნი მთლიანად შიშის ზარმა მოიცვა. საბრალო ანდრომედა ვერხვის ფოთოლივით თრთოდა. მწუხარებით ზარდაცემული მშობლები ფეხაკრეფით გაეშურნენ თავის პირმშო ქალთან, მაგრამ განა შველა შეეძლოთ!

პერსევსმა მოიმარჯვა ბასრი ხმალი და ისე მძლავრად დაჰკრა საზიზღარ ცხოველს მკერდში, რომ შავი სისიხლის შადრევნები ცაში აზიდულ მთების მწვერვალებს სწვდებოდა.

გველეშაპმა ერთი საზარლად დაიგრგვინა და მთელი თავისი სიმძიმით ზღვაში ზღართანი მოიღო. ზღვა ერთბაშად შავი სუდარით დაიფარა. ერთი წამიც - და ეს ჯოჯოხეთის საზიზღარი ცხოველი სამუდამოდ ზღვის უფსკრულისკენ დაეშვა.

აუწერელი იყო მთელი სახელმწიფოს მკვიდრთა განცვიფრება და აღტაცება, - ყველანი ჟივილ-ხივილით ულოცავდნენ ქვეყნისათვის თავდადებულ გმირს სასახელო გამარჯვებას. აუწერელი იყო განსაკუთრებით მეფე კეიფისისა და დედოფალ კასიოპეას სიხარული მათი პირმშო ქალიშვილის, მშვენიერი ანდრომედას, სიკვდილისაგან გადარჩენის გამო.

პერსევსმა მიულოცა კეიფისსა და კასიოპეას ქალიშვილის სიკვდილისაგან გადარჩენა და ამასთანავე მშვენიერ ანდრომედასთან შეუღლების სურვილი გაუმჟღავნა მშობლებს. მეფე-დედოფალი და მთელი სახელმწიფოს მკვიდრნი დიდის აღტაცებით მიეგებნენ პერსევსის განზრახას და სულ მოკლე ხანში ბრწყინვალე ქორწილი გააჩაღეს.

მეტი სიხარულისაგან ანდრომედა ტიროდა, იცინოდა და თვალთაგან ცრემლების გუბე ჩამოსდიოდა ბროლივით უმტვერო გულმკერდზე.

საკრავის საამური ხმები სტუმრების ყურთასმენას ატკბობდა. სიმღერა, ცეკვა, თამაში და განუსაზღვრელი მხიარულება იყო საქორწილო დარბაზში. სტუმრები მხიარულად უსხდნენ მდიდრულად გამართულ სუფრას და ტკბებოდნენ პერსევსისა და მშვენიერი ანდრომედას უსაზღვრო ბედნიერებით.

უეცრივ საქორწილო დარბაზში ატყდა მეომრების საშინელი ხმაურობა: მეფის ძმა, ფენივი, რამდენიმე შეიარაღებული მეომრით შეიჭრა სასახლეში ანდრომედას მოსატაცებლად. ფენივსს დიდი ხანია უყვარდა ანდრომედა, კიდევაც გადაწყვეტილი ჰქონდა ცოლად შეერთო, და აი სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ასე ძალდატანებით შემოიჭრა სასახლეში მეფის მშვენიერი ასულის მოსატაცებლად.

საქორწილოდ თავმოყრილი სტუმარ-მასპინძლები მეტად შეაშფოთა ფენივის სამარცხვინო საქციელმა. თავმომწონე პერსევსმა ვერ მოითმინა თავისი მოწინააღმდეგის კადნიერება, მედგრად შეებრძოლა თავდამსხმელებს და მედუზას მოკვეთილი თავის საშუალებით ყველანი ქვებად აქცია.

ამ გამარჯვების შემდეგ პერსევსი ახლადჯვარდაწერილ მეუღლესთან ერთად სერიფის კუნძულისაკენ გაემგზავრა, საცა მეფე პოლიდექტი ქვად აქცია და თავისი საყვარელი დედა დანაი გაათავისუფლა. სერიფის კუნძულის მართვა-გამგებლობა პერსევსიმ დიქტოს გადსცა და თვითონ სამშობლო არგოსში დაბრუნდა.

აკრისი, როგორც კი თავისი შვილიშვილის სამშობლოში დაბრუნება გაიგო, დაუყოვნებლივ ტახტიდან გადადგა და სულ უცხო ქვეყანაში გადაიხვეწა. სამწუხაროდ აკრისს მაინც არ ასცდა ღმერთებისაგან ნაწინასწარმეტყველები.

ერთხელ ლარისის ქალაქის მეფემ ბრწყინვალე ნადიმი გამართა ამ ნადიმზე პერსევსიმ ისრით უცაბედად მოჰკლა აკრისი. როცა სახელოვანმა ძლევამოსილმა პერსევსმა აკრისის ვინაობა შეიტყო, შესაფერისის პატივისცემით დაასაფლავა არგიველთა ყოფილი მეფე.

არგიველთა სამეფო ტახტი პერსევსმა ერთერთ თავის ნათესავს გადასცა, თვითონ კი ტარინოფეას სამეფოს მართვა-გამგეობას შეუდგა.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram