კურტ ვონეგუტი - ჰარისონ ბერჯერონი

იდგა წელი 2081და ყველა თანასწორი იყო, განა მხოლოდ ღვთისა და კანონის წინაშე- თანასწორობა მოიცავდა ყველას და ყველაფერს, არავინ იყო სხვაზე გონიერი, არავინ იყო სხვაზე ლამაზი, არავინ იყო სხვაზე ძლიერი ან მკვირცხლი. ეს საყოველთაო თანასწორობა კონსტიტუციის 211-ე, 212-ე. 213-ე შესწორებების წყალობით დამკვიდრდა, რასაც სრულიად შეერთებული შტატების ინვალიდ-გენერლის ჯაშუშთა დაუღალავმა მუშაობამაც შეუწყო ხელი.

თუმცა, ვერ იტყოდი ცხოვრება სრულიად ნორმალური გახდაო. ასე მაგალითად, აპრილი ისევ აცოფებდა ხალხს გაზაფხულისთვის შეუფერებელი ცივი ამინდით. მაშინაც სწორედ ეს წვიმიანი თვე იდგა, როცა ინვალიდ-გენერლის აგენტებმა  ჯორჯ და ჰეიზელ ბერჯერონების 14 წლის ვაჟი, ჰარისონი წაიყვანეს.

ნამდვილად ტრაგიკული ამბავი კია, მაგრამ ჯორჯი და ჰეიზელი ამაზე ბევრს მაინც ვერ ფიქრობდნენ, ჰეიზელი უნაკლოდ საშუალო ინტელექტის პატრონი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ საკითხზე,  მხოლოდ  მოკლე-მოკლე აზრები თუ გაუელვებდა თავში და დიდხანს  ფიქრი არ შეეძლო. ჯორჯს კი რომლის ინტელექტი საშუალოს ბევრად აღემატებოდა, ყურში პატარა ინვალიდ-რადიო ჰქონდა დამონტაჟებული. კანონი ავალდებულებდა, მოუხსნელად ეტარებიბა. რადიო სამთავრობო ტრანსლატორის ტალღაზე იყო მომართული. დაახლოებით ოც წამში ერთხელ, ტრანსლატორი გადმოსცემდა მკვეთრ სიგნალებს, რომ ჯორჯისნაირი ადამიანებისთვის საშუალება არ მიეცა, თავიანთი ტვინების უსამართლო უპირატესობით ესარგებლათ.

ჯორჯი და ჰეიზელი ტელევიზორს უყურებდნენ. ჰეიზელს ლოყა ცრემლებით დასველებოდა, თუმცა იმ მომენტისთვის უკვე აღარ ახსოვდა, რამ აატირა.

ტელევიზორში ბალერინებს უჩვენებდნენ.

ჯორჯის თავში სიგნალმა გაიჭუილა. ფიქრები სიგნალიზაციის ხმით დამფრთხალი ქურდებივით დაეფანტა.

- რა ლამაზი ცეკვა შეასრულეს, არა? - ჩაილაპარაკა ჰეიზელმა.
- რაო? - გამოეპასუხა ჯორჯი.
- აი, ეს ცეკვა, ახლახან რომ იცეკვეს, ლამაზი იყო-მეთქი.
- ა, ხო! - ჯორჯმა გონება მოიკრიბა და შეეცადა ბალერინებზე ეფიქრა.

სიმართლე რომ ვთქვათ, კარგები სულაც არ იყვნენ-  ანუ, არაფრით არ სჯობდნენ სხვებს, ვინც შეიძლებოდა მათ ადგილას ყოფილიყო. წელზე სიმძიმეები და ტყვიის საფანტით გამოტენილი ტომრები ჰქონდათ შემოკრული, სახეზე ნიღბები ეკეთათ, რომ ვინმეს ლაღი, მიმზიდველი სახე ან ჟესტი არ დაენახა და უსამართლობაზე გული არ დასწვოდა. ჯორჯს ბუნდოვნად გაუკრთა თავში აზრი, იქნებ მოცეკვავეების დაინვალიდება არ ღირდესო. თუმცა, ძალიან შორს წასვლა ვერ მოახერხა, იმ წამსვე დაუწუილა ყურის რადიომ და ფიქრები დაუფრთხო.

ჯორჯს სახე შეეჭმუხნა. რვა ბალერინადან ორს იგივე დაემართა.

ჰეიზელს ეს არ გამოჰპარვია და რახან თვითონ არ ედგა ყურში ასეთი რადიოგადამცემი ყოველ ჯერზე ეკითხებოდა ქმარს, როგორი სიგნალი იყოო.

- ისეთი ხმა იყო, თითქოს ვიღაცამ რძის ბოთლი ჩაქუჩით დალეწა, - აუხსნა ჯორჯმა.
- ისე, ალბათ საინტერესო იქნებოდა სულ სხვადასხვა ხმის მოსმენა, - ცოტა არ იყოს, შეშურდა ჰეიზელს, - რას არ მოიგონებენ ხოლმე ..
- კი, როგორ არა, - ჩაიბურტუნა ჯორჯმა.
- იცი, მე რომ ინვალიდ -გენერალი ვიყო რას ვიზამდი? - ჰეიზელი უნდა აღინიშნოს გარეგნობით საკმაოდ ჰგავდა ქვეყნის მმართველ ინვალიდ-გენერალს,  ქალს, რომელსაც დაიან მუნ გლემპერსი ერქვა, - .. მე რო  დაიან მუნ გლემპერსი ვიყო, კვირაობით ზარების რეკვას გავუშვებდი რადიოში, რელიგიისადმი პატივისცემის ნიშნად.
- ჰო, ზარების რეკვას არაუშავს, - მოუწონა ჯორჯმა.
- ოღონდ, ძალიან ხმამაღლა  ავაგუგუნებდი ამ ზარებს. მგონი  კარგი ინვალიდ-გენერალი ვიქნებოდი, არა?
- როგორც სხვა ნებიმიერი ადამიანი.
- ჩემზე უკეთ ვის ესმის, ნორმალურობა რას ნიშნავს? -განაგრძო ჰეიზელმა.
- მართალი ხარ, - ჯორჯს თავისი არანორმალური შვილი ჰარისონი მოაგონდა, ახლა რომ ციხეში იჯდა, მაგრამ რადიოში იმ წამსვე ცეცხლსასროლი იარაღის  სალუტი აგუგუნდა და ფიქრები ჩაუხშო.
- ძალიან ძლიერი ხმა იყო, არა? - ჩაეკითხა ჰეიზელი.

ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ გაფითრებული ჯორჯი ერთიანად კანკალებდა, აწითლებული თვალები ცრემლებით ავსებოდა. რვიდან ორი ბალერინაც  იატაკზე ეგდო და საფეთქლებზე იჭერდა ხელს.

- უცებ ისეთი დაღლილი მეჩვენე, -შეეცოდა ჰეიზელს, - მიდი, ტახტზე წამოგორდი და ინვალიდ-ტომარა ბალიშზე ჩამოდე, საყვარელო, - იმ ორმოცდაშვიდ ფუნტიან, საფანტით სავსე ტომარას გულისხმობდა, ჯორჯისთვის კისერზე რომ მოებათ, - მიდი, მოასვენე შენი ტომარა, არა უშავს, ცოტა ხნით თანასწორები თუ არ ვიქნებით, არ მეწყინება.

ჯორჯმა ტომარა მოისინჯა.

- არა, არ მაწუხებს, უკვე ვეღარც ვამჩნევ, ჩემი სხეულის ნაწილი გახდა.
- ამ ბოლო დროს სულ იღლები, გამოიფიტე. ნეტავ შეგვეძლოს ეს შენი ტომარა სადმე გავხვრიტოთ და სულ ცოტა ტყვიის ბურთულა მაინც ამოვაკლოთ, სულ რამდენიმე...
- არა, გმადლობთ - ორი წელი ციხე და თითო მოკლებულ ბურთულაზე  ორი ათასი დოლარი ჯარიმა - არ მინდა ასეთი შეღავათი.
- სამსახურიდან დაბრუნებისას ამოიღებდი  ერთ-ორ ცალს, - არ მოეშვა ჰეიზელი, - შენ ხომ მაინც არავის არ ეჯიბრები, შენთვის, წყნარად ხარ.
- მე თუ ვცადე, მაშინ სხვებიც მოინდომებენ და ძალიან მალე დავბრუნდებით იმ შავბნელ დროში, როცა ყველა ყველას ეპაექრებოდა. არა მგონია, ეს მოგეწონოს.
- რა საშინელებაა!
- მეც მაგას გეუბნები. როგორც კი ხალხი კანონის დაღვევას შეეცდება , როგორ გგონია, რა დაემართება საზოგადოებას?

ჰეიზელს ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, ჯორჯი მაინც ვერაფრით დაეხმარებოდა, ყურებში უკვე სირენის ხმა უწუოდა.

- დაიშლებოდა, - მოისაზრა ჰეიზელმა.
- რა დაიშლებოდა? - უაზრო სახით ჰკითხა ჯორჯმა.
- საზოგადოება, - დაიბნა ჰეიზელი, - ამ წუთას არ მკითხე?
- არ ვიცი, აბა...

სატელევიზიო გადაცემა მოულოდნელად შეწყვიტეს ელვა-საინფორმაციო გამოშვებით. თავიდან ცოტა გაუგებარი იყო, რას ლაპარაკობდა წამყვანი, რადგან მასაც, როგორც ყველა დანარჩენ წამყვანს ამქვეყნად, მეტყველების სერიოზული დეფექტი ჰქონდა. თითქმის ნახევარ წუთს, ძალიან აღელვებული ცდილობდა, ეთქვა ორად-ორი სიტყვა „ ქალბატონებო და ბატონებო“...ბოლოს ხელი ჩაიქნია და ფურცელი ბალერინას მიაწოდა.

- არა უშავს, რაც მთავარია, ძალიან ეცადა, - ჰეიზელი წამყვანს გულისხმობდა, - რაც ღმერთმა უბოძა, ბოლომდე გამოიყენა. ასეთი სიბეჯითისთვის, წესით, უნდა დააწინაურონ.
- ქალბატონებო და ბატონებო, - კითხვას შეუდგა ბალერინა, რომელიც, სავარაუდოდ, ძალიან ლამაზი უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ წარმოუდგენლად უშნო ნიღაბი ეკეთა. იმის მიხვედრაც არ იყო ძნელი, რომ ამ მოცეკვავეებს შორის ყველაზე ძლიერი და გრაციოზული იქნებოდა, რადგან ტანზე იმდენი ინვალიდ-ტომარა წამოეცვათ, კარგა ჯანიან, ძლიერ მამაკაცებს რომ აცმევდნენ ხოლმე.

პირველივე სიტყვები წაიკითხა თუ არა, სასწრაფოდ ბოდიში მოიხადა, რადგან ქალისთვის ფრიად შეუფერებელი ხმა ამოუშვა. თბილი, ნათელი,  ულამაზესი, მელოდიური ხმა ჰქონდა. „მაპატიეთო“ ჩაილაპარაკა და ხელახლა შეუდგა კითხვას სრულიად უღიმღამო, არაფრით გამორჩეული ხმით:

- თოთხმეტი წლის ჰარისონ ბერჯერონი სულ ახლახან გაიქცა ციხიდან, სადაც მთავრობის დასამხობად შეთქმულების ორგანიზებაში ბრალდების გამო იჯდა. ხსენებული გენიოსი ყმაწვილი ათლეტური აღნაგობისაა და ინვალიდობის კოეფიციენტი ძალიან დაბალი აქვს, რის გამოც უკიდურესად საშიშია საზოგადოებისათვის.

ეკრანზე პოლიციაში გადაღებული ჰარისონის ფოტო გამოჩნდა - ჯერ თავდაყირა, მერე გვერდულად, მერე ისევ თავდაყირა და ბოლოს გასწორდა. ფოტოზე ჰარისონი მთლიანად იყო გამოსახული, ფონად კი სიმაღლის საზომი შკალა ჰქონდა. ზუსტად შვიდი ფუტის სიმაღლისა იყო.

დანარჩენს მის გარეგნობაზე ვერაფერს იტყოდი - იმდენი ინვალიდ-ტომარა ჰქონდა ჩამოცმული, ამქვეყნად არავის რომ არ დასიზმრებია. თუმცა, ინვალიდ-გენერლის აგენტებმა ის კი ვერ გათვალეს, რომ ჰარისონი წარმოუდგენლად სწრაფად იზრდებოდა და ტომრები აღარ ჰყოფნიდა. პატარა რადიოგადამცემების ნაცვლად უშველებელი ყურსაცვამები ეკეთა, თვალებს კი დაბრეცილლინზებიანი სათვალე უფარავდა. ამ სათვალის წყალობით ნახევრად ბრმა იყო და თავის ტკივილიც გამუდმებით აწუხებდა.

მთელ ტანზე ჯართი ეკეთა. როგორც წესი, საინვალიდეები მკაცრად განსაზღვრული პროპორციების მიხედვით, სამხედრო წესით ნაწილდებოდა, მაგრამ ჰარისონი გამონაკლისი იყო - მოსიარულე ჯართის გროვისთვის დაემსგავსებინათ. მთლიანობაში 300 ფუნტის საინვალიდეებს ატარებდა.

მისი  სანდომიანი სახე როგორმე რომ დაემახინჯებინათ, ინვალიდ -გენერლის აგენტები აიძულებდნენ, ცხვირზე რეზინის წითელი ბურთი ჩამოეცვა, წარბები სულ გაპარსული ჰქონდა და ქათქათა თეთრ კბილებზე, თითოს გამოტოვებით, შავი თალფაქი ამოეკრა.

- თუ ამ ყმაწვილს სადმე თვალს მოჰკრავთ, არავითარ შემთხვევაში, ვიმეორებ - არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ მასთან ურთიერთობის დამყარებას, - კითხვა დაასრულა ბალერინამ.

უცებ კარის ანჯამებიდან ამოგლეჯის ხმა გაისმა.

ტელევიზორი საშინლად აწივლდა, ჰარისონ ბერჯერონის ფოტო აცახცახდა, თითქოს მიწისძვრის რიტმში დახტოდა.

ჯორჯ ბერჯერონი ამჯერად მართალი აღმოჩნდა - ნამდვილად მიწისძვრა იყო, და რა გასაკვირია, ასე ადვილად რომ მიხვდა - საკუთარ სახლში არაერთხელ მოუსმენია ეს ხმა:

- ღმერთო, ეს ხომ ჰარისონია! - აღმოხდა შეშფოთებულს. თავში სასწრაფოდ მანქანის დალეწვის ხმა აგუგუნდა და აზრები დაუფანტა.

როცა გონს მოეგო და თვალი გაახილა, ჰარისონის ფოტო გამქრალიყო, მის ნაცვლად კი ცოცხალი, ნამდვილი ჰარისონი იცქირებოდა ეკრანიდან.

კლოუნივით გამოწყობილი, ლითონით დახუნძლული უზარმაზარი ჰარისონი სტუდიის შუაგულში იდგა. სტუდიის კარის აგლეჯილი სახელური ჯერ კიდევ ხელში ეჭირა. ბალერინები, ტექპერსონალი, მუსიკოსები და ტელეწამყვანები ძირს ეყარნენ და ცახცახით ელოდნენ სიკვდილს.

- მე ვარ თქვენი იმპერატორი! - დაიღრიალა ჰარისონმა, გესმით ჩემი? მე თქვენი იმპერატორი ვარ და ყველანი ჩემს ბრძანებებს უნდა დაემორჩილოთ! - ფეხი ძლიერად დაჰკრა იატაკს და მთელი სტუდია შეაზანზარა.
- ისეთიც კი, როგორსაც მხედავთ - დაინვალიდებული, ავადმყოფი, შელახული - მაინც ყველაზე დიდებული მმართველი ვარ ამქვეყნად შობილ კაცთა შორის! ახლა კი კარგად მიყურეთ - გაჩვენებთ როგორო შემიძლია გავხდე!

ჰარისონმა წელსა და მკერდზე გამობმული საინვალიდეები ერთი ხელის მოქნევით მოიშორა, ხუთასი ფუნტის გამძლე ქამრევი და თოკები აიწყვიტა და ჯართით სავსე საინვალიდეები იატაკზე დაყარა. მერე თავ-საინვალიდის სამაგრ ყულფში შეჰყო ნეკა თითები და ისე იოლად გაგლიჯა, თითქოს ბამბისა ყოფილიყო. სათვალე და ყურსაცვამები კედელს მიახეთქა, რეზინის ცხვირი მოიძრო და ყველამ დაინახა მამაკაცი, რომელიც ჭექა-ქუხილის ღვთაება თორსაც კი შიშის ზარს დასცემდა.

- ახლა კი ჩემ დედოფალს ავირჩევ! -კმაყოფილმა დახედა აკანკალებულ ხალხს, - პირველივე ქალი, ვინც ფეხზე ადგომას გაბედავს, გახდება ჩემი თანამეცხედრე და ტახტზე ავა!

ოდნავი ყოყმანის შემდეგ ერთ-ერთი ბალერინა გაუბედავად წამოდგა. ჰარისონმა ყურიდან საინვალიდე რადიო მოხსნა და გასაოცარი სინაზით გახადა სხეულის დამამძიმებელი ტომრები და ბოლოს, ნიღაბიც ჩამოხსნა.

ბალერინა თვალისმომჭრელად ლამაზი იყო.

ჰარისონმა ქალს ხელი ჩასჭიდა:

- ახლა კი ხალხს ვაჩვენოთ, სინამდვილეში როგორია ცეკვა. მუსიკა! - დაიქუხა ავისმომასწავებელი ხმით.

მუსიკოსები თავიანთ სკამებზე აბობღდნენ, ჰარისონმა საინვალიდეები ააგლიჯა ყველას.

- თავი არ დაზოგოთ და გპირდებით, ყველას წარჩინებულ ტიტულს მოგანიჭებთ! სულ ბარონები, ჰერცოგები და გრაფები გახდებით!

მუსიკოსებმა დაკვრა დაიწყეს. თავიდან სრულიად ჩვეულებრივი მუსიკა იყო - იაფფასიანი, უაზრო, ყალბი. ჰარისონი მუსიკოსებს მიეჭრა, ჰაერსი სათამაშოებივით აიქნია ორი მათგანი და წაუმღერა, აი, ასე უნდა დაუკრათო. მერე ისევ სკამებზე დასხა.

მუსიკოსებმა ხელახლა დაიწყეს დაკვრა - ამჯერად ბევრად უკეთ.

თავიდან ჰარისონი და მისი დედოფალი ყურს უგდებდნენ მუსიკას, თითქოს თავიანთ გულისცემას მუსიკის რიტმს უწყობენო. მერე ცერებზე დადგნენ. ჰარისონმა ვეება ხელები გოგონას მოხდენილ წელზე ნაზად მოჰხვია, თითქოს უწონადობას აგრძნობინებდა.

და უცებ - სიხარულითა და ბრწყინვალებით აღვსილნი ჰაერში აიჭრნენ!

არათუ ადამიანთა მიერ შექმნილი, არამედ მიზიდულობის და მოძრაობის ყველა კანონი გააცამტვერეს.

ტრიალებდნენ, ბრუნავდნენ, დაფარფატებდნენ, დაქროდნენ, დასრიალებდნენ…

მათი ცეკვა ირმის ნახტომს ჰგავდა.

სტუდიის ჭერი 30 ფუტის სიმაღლისა  იყო, მოცეკვავეები ყოველ შეხტომაზე სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ მას.

ბოლოს მისწვდნენ კიდეც და ეამბორნენ.

და მერე, სიყვარულითა და წმინდა ნებით აღვსილნი, მიზიდულობის ძალის მიუხედავად, ჭერთან ახლოს, ჰაერში გაჩერდნენ და დიდხანს, დიდხანს კოცნიდნენ ერთმანეთს.

სწორედ ამ დროს ინვალიდ-გენერალი, დაიან მუნ გლემპერსი და მისი ამალა შემოცვივდნენ სტუდიაში ათდიუმიანი ტყვიამფრქვევებით. გენერალმა ორჯერ გაისროლა და იმპერატორი და მისი მეუღლე უსულოდ დაენარცხნენ სტუდიის იატაკს.

დაიან მუნ გლემპერსმა იარაღი გადატენა, მუსიკოსებს მიუშვირა და უბრძანა, ათ წამს გაძლევთ, რომ საინვალიდეები ისევ ჩამოიცვათო.

სწორედ ამ დროს გადაეწვათ ბერჯერონებს ტელევიზორი.

ჰეიზელი ქმარს მიუტრიალდა, რომ ეკითხა, რა მოხდაო, მაგრამ ჯორჯი სამზარეულოში გასულიყო ლუდის მოსატანად. შემობრუნებული ერთხანს დაბნეული იდგა, სანამ სიგნალმა არ გამოაფხიზლა. მერე დაჯდა და ჰეიზელს მიუბრუნდა:

- შენ რა, ტიროდი?
- ჰო.
- რატომ?
- არ ვიცი ყველაფერი ამერია თავში.
- ასეთ რამეებზე ნუღარ იფიქრებ.
- რა ვქნა, სულ მეფიქრება..
- ჩემი საყვარელი გოგო..- ჯორჯმა სიტყვა ვეღარ დაამთავრა, ყურებში ლითონის ბურღვის ხმა აგუგუნდა და საშინლად დაიჯღანა.
- ღმერთო, ალბათ, ძალიან ძლიერი ხმა იყო, არა? - ჩაეკითხა ჰეიზელი.
- რა თქვი?
- ღმერთო, ალბათ, ძალიან ძლიერი ხმა იყო, არა? - გაუმეორა ჰეიზელმა.

"ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა"
დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის მიერ

Vangogen • ვანგოგენი

Instagram