აკა მორჩილაძე - ცოტა-ცოტა ფეხბურთზე ახალი წლის დღეებში

სვეტი 10.01.1998

ჩვენ რომ ტრონჰეიმში ვცხოვრობდეთ, ახლა წითელი ბურთით ვირბენდით დათოვლილ მოედანზე და მადრიდის “რეალს” დავამარცხებდით, მაგრამ განა ჩვენ ნორვეგიელები ვართ? არა, ჩვენ არა ვართ ნორვეგიელები. თუნდაც იმიტომ, რომ ისინი უკვე მეორედ არიან მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეგილ ოლსენმა წესად შემოიღო, რომ თავისი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანოს ხოლმე.

ნორვეგია - თოვლის ქვეყანაა, სადაც ბურთს ზაფხულში თუ გააგორებ მიწაზე, თორემ დანარჩენ დროს თოვლსა და ყინვაში უნდა ირბინო. მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს. მოვა დრო და იმ ოცდათორმეტში ჩვენც ვიქნებით. ოფლს დავღვრით, ცოდნას მოვიხმართ და ვიქნებით. როდის ჩამოვა ამხანაგური თამაშის გასამართად ბრაზილიის ნაკრები? ნორვეგიაში ხომ ჩადის და აგებს კიდეც. დადგება ეს დროც.

წელს საფეხბურთო ზეიმია. რა თქმა უნდა, უჩვენოდ. აბა, როდის ყოფილა ჩვენით? მაგრამ თბილისელი ფანობა გამოცდილია ამ საქმეში. აგერ უკვე მერამდენე თაობაა, რაც ქართველ ქომაგს თავისი საყვარელი უცხოური გუნდები ჰყავს. ამბობენ, ასეთი რამ სხვაგან არსად არისო, მაგრამ როგორ არ არის? უბრალოდ, ასეთი სახალხო ხასიათი არა აქვს. მე თავად ვიცნობ ერთ ინგლისელ საფეხბურთო ჟურნალისტს, რომელსაც ჰოლანდიური ფეხბურთი უყვარს და ჰოლანდიელთა თავგადაკლული გულშემატკივარია. ზუსტად ასე მითხრა, ევრო 96-ზე ინგლისმა რომ ჰოლანდია გაანადგურა, მძიმე დღე მქონდაო. ასე რომ, კაცია და გუნება.

ქალაქში უკვე ატყდა ლაპარაკი. საკითხი ერთია - ჩემპიონი. ამის გამო ყველას თავისი აზრი აქვს და ფანებს შორის ჭიდაობა ნელ-ნელა ხურდება. ბრაზილიაო, ამბობენ ერთნი, საფრანგეთიო, მარჩიელობენ მეორენი. ინგლისიო, ყვირიან სხვანი. განა გინახავთ ასეთი ინგლისიო? თქვენ სულელები ხომ არა ხართ, გერმანია დაგავიწყდათო, უკვირს კიდევ სხვას. იტალია იფაფხურებსო, სჯერათ აძურას მოყვარულებს და არგენტინაო, პასარელა გიჟი კია, მაგრამ საქმე იცისო. ამგვარ პროგნოზებში მისტიკური სტატისტიკაც კი შემოიჭრება ხოლმე. ბრაზილია ზედიზედ, თანაც ევროპაში, თანაც მეხუთედ ვერ გახდებაო. ინგლისი ბახრამოვმა დაწყევლაო. ფრანგებს სულ შავები ჰყავთ და საკუთარ თამაშს უღალატესო. ამიტომ ვერაფერს გააწყობენო და ა.შ. და დაუსრულებლად.

ყოველივე ეს ფეხბურთის სიყვარულის შედეგია. პროგნოზი კი ასეთ დროს, სიყვარულის ჟამს, უსარგებლო საქმეა. ეს ხომ ტოტალიზატორი არ არის? ჩვენი მეფსონენი სულ სხვაგვარად უყურებენ ფეხბურთს. ისინი თან საყვარელ გუნდს ქომაგობენ, თან ფსონებს ჩადიან. მე თუ მკითხავთ, ვერასოდეს მოვახერხებდი ფსონის ქაღალდს სწორად, რადგან საყვარელ გუნდებს X-საც კი ვერასოდეს დავუსვამდი.

ჩემპიონატი კი დღითი დღე ახლოვდება. როგორც ბერიკაცი ენცო ბეარზოტი იტყოდა, ისე გამოდის, რომ კაცი ვერ ამოისუნთქავს, ხოლო როგორც ასევე ბერიკაცი ბრაიან კლაფი დაუმატებდა, არ ამოისუნთქო! ასეთია ფეხბურთი: ის ყოველთვის ასეთი იყო.

აი, იმ დღესაც “ენტევე პლუს სპორტმა” საუცხოო რამ გვაჩვენა. 1974 წლის ფინალი, გერმანია - ჰოლანდია. დიდებული თამაში ვალენტინ ბუბუკინის საუცხოო კომენტარით. მე ერთი რამ მეცა თვალში, ამდენი დიდოსტატი კარგა ხანია არ მინახავს მოედანზე. ფეხბურთის ძველი ვარსკვლავები... მგონია, რომ მათი ხელოვნება დაიკარგა, უფრო სწორად კი, მხოლოდ ერთეულების საკუთრება გახდა.

დღეს აფრიკაში კარგად თამაშობენ ფეხბურთს, მაგრამ ფრანც ბეკენბაუერი არც ერთ გუნდში არ თამაშობს, არც კრუიფია სადმე, არც ოვერატი და გრაბოვსკი, არც ეშმაკი ნეესკენსი და არც უხელთათმანო იონგბლადი...

დღეს არის რაღაც სხვა, ლამაზი, მოხდენილი, ჟინიანი, ცეცხლოვანი, მაგრამ აბა ვინ დახატავს ხელახლა ჯოკონდას? სამაგიეროდ, არის რაღაც სხვა - თუნდაც 40 მილიონი დოლარი და სუპერბიჭუნა. ამიტომ მჯერა ბუბუკინის, რომელმაც თქვა, წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს ორი გუნდი, ამავე ფიზიკით, ტაქტიკით და ოსტატობით პირველი ადგილისთვის იბრძოლებდაო. ფეხბურთი უკვდავია!

აკა მორჩილაძე სარბიელში, „ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა“ 

Vangogen • ვანგოგენი

Instagram