მარტინ ლუთერ კინგი - გიყვარდეთ თქვენი მტრები

თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. ხილო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი, დალოცეთ თქვენი მაწყევარნი, კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის. რათა იყოთ თქვენ შვილნი მამის თქვენის ზეციერისა...
სახარება მათესი 5, 43-45.

მცნება „გიყვარდეთ თქვენი მტერნი” ქრისტეს მცნებებს შორის, მართლაც, ყოველთვის ყველაზე რთული იყო. ზოგიერთ ადამიანს გულწრფელად სწამდა, რომ რეალურ ცხოვრებაში მისი განხორციელება შეუძლებელია. ადვილია იმათი სიყვარული, ვისაც შენ უყვარხარ, მაგრამ როგორ შეიძლება გიყვარდეს ის, ვინც ფარულად ან აშკარად შენზე გაბატონებას ცდილობს? ზოგი ფილოსოფოსი, მაგალითად ნიცშე, ამტკიცებდა, იესოს მოწოდება - გიყვარდეთ თქვენი მტრები - იმას ადასტურებს, რომ ქრისტიანული ზნეობა მშიშრებისა და სუსტების ხვედრია და არა მამაცებისა და ძლიერების, იესო რეალურ ცხოვრებას მოწყვეტილი იდეალისტიაო.

მწვავე კითხვებისა და მუდმივი დავის მიუხედავად, იესოს ეს მცნება ჩვენთვის კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. უწესრიგობებისა და აჯანყებების მთელმა წყებამ შეგვახსენა, რომ თანამედროვე ადამიანი იმ გზით მიემართება, რომლის სახელი სიძულვილია, რასაც სიკვდილისა და განკითხვისაკენ, მუდმივი ტანჯვისაკენ მივყავართ. მცნება „გიყვარდეთ თქვენი მტერნი” არ არის მეოცნებე უტოპისტისღვთისნიერი წადილი, იგი ჩვენი გადარჩენის აბსოლუტური პირობაა. სიყვარული მტრისადმიც კი - აი, ჩვენს სამყაროში არსებული ყველა პრობლემის გადაწყვეტის გასაღები.

იესო ცხოვრებას მოწყვეტილი იდეალისტი კი არ არის, არამედ ფხიზელი რეალისტია.

მე დარწმუნებული ვარ, იესოს ესმოდა მთელი სირთულე, რაც მისი მცნების პრაქტიკულ განხორციელებასთან იყო დაკავშირებული. ის არ მიეკუთვნებოდა მოლაყბეებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, თუ რა ადვილია ზნეობრივი საფუძვლების დაცვა. მან კარგად იცოდა, რომ სიყვარულის გრძნობის გამოხატვა ღმერთისადმი სრულ და უსიტყვო მორჩილებას ეყრდნობოდა. ამიტომ, როცა ამბობდა, გიყვარდეთ თქვენი მტრებიო, სწამდა რომ ეს მცნება უდავოა და, მიუხედავად ყოველივესი, ამისაკენ მოუწოდებდა. ჩვენი, როგორც ქრისტიანების, პასუხისმგებლობა ის გახლავთ, რომ ავხსნათ ამ მოწოდების არსი და მოვიძიოთ ჩვენს თავში ძალები, რათა ყოველდღიურად მივსდიოთ მას.

მოდით, ვიყოთ რეალისტები და ვიკითხოთ: როგორ შევიყვაროთ ჩვენი მტრები?

ჯერ ერთი, ჩვენ საკუთარ თავში მიტევების უნარი უნდა განვავითაროთ. მიტევების ძალას მოკლებული სიყვარულის ძალასაც მოკლებულია. ჩვენს გულში არ მოიძებნება ადგილი მტრებისადმი იოტისოდენა სიყვარულისთვისაც კი, თუ ჩვენ ვერ გავაცნობიერებთ, რა აუცილებელია ვისწავლოთ შეწყნარება, იმისი კვლავ და კვლავ პატიება, ვისაც უბედურება და ტანჯვა მოაქვს ჩვენთვის. ამასთანავე საჭიროა მივხვდეთ, რომ უნდა მიუტევოს ყოველთვის დაზარალებულმა, ტკივილისა და ტანჯვის განმცდელმა, აუტანელი უსამართლობის მსხვერპლმა, დამცირებულმა და შეურაცხყოფილმა. შეურაცხმყოფელს შეუძლია პატიების თხოვნა. მას ისღა ძალუძს, გონს მოეგოს და უძღები შვილივით იაროს მტვრიანი გზებით, მთრთოლვარე გულით, პატიებას რომაა მოწყურებული.

ყოვლის მიტევება - არ არის იმის იგნორირება, რაც მოხდა, ეს არც ბოროტების სიკეთედ წარმოდგენაა. ეს ნიშნავს, რომ ჩადენილი ბოროტება არ წარმოადგენს დაბრკოლებას ურთიერთობის დასამყარებლად. ყოვლის მიტევება კატალიზატორია, რომელიც ხელს უწყობს ახალი ცხოვრების დაწყებისთვის აუცილებელი ატმოსფეროს შექმნას. ყოვლის მიტევება ტვირთისაგან განთავისუფლებაა. სიტყვებს: „მე გაპატიებთ თქვენ, მაგრამ არასოდეს არ დავივიწყებ, რაც თქვენ ჩაიდინეთ” - არ შეუძლიათ მიტევების ნამდვილი ბუნების ახსნა. დიახ, ადამიანს არ შეუძლია დავიწყება, თუკი დავიწყება იმას ნიშნავს, რომ წარსული მთლიანად იშლება მეხსიერებიდან. როდესაც ჩვენ მივუტევებთ, ჩადენილ ბოროტებას ვივიწყებთ იმ აზრით, რომ იგი უკვე აღარ წარმოადგენს ფსიქოლოგიურ დაბრკოლებას ახალ ურთიერთობათა დამყარებისათვის. ზუსტად ასევე არ შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ: ,,მე მოგიტევებ შენ, მაგრამ, დღეიდან აღარ მინდა გიცნობდე”. მიტევება ნიშნავს შერიგებას, ხელახალ შერწყმას. ამის გარეშე არცერთ ადამიანს არ შეუძლია თავისი მტრების შეყვარება. მიტევების ხარისხი განსაზღვრავს ჩვენი მტრებისადმი ჩვენი სიყვარულის ხარისხს.

მეორეც. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ბოროტება, ჩადენილი ჩვენი მოყვასი მტრის მიერ, მიზეზი ჩვენი ტანჯვისა, არასოდეს არ ასახავს ამ ადამიანის მთელ არსებას. სიკეთის ნიშნების პოვნა უბოროტესი მტრის ხასიათშიც შეიძლება. ჩვენ ყველანი რაღაცით ვგავართ შიზოფრენიით დაავადებულებს, გაორებული პიროვნულობისა და ხასიათის ადამიანებს, თითოეული ჩვენგანის შიგნით უკიდეგანო სამოქალაქო ომი მძვინვარებს. რაღაც შინაგანი ჩვენც გვაიძულებს რომაელი პოეტის ოვიდიუსის მსგავსად აღმოგვხვდეს: „მე სიკეთის მომხრე ვარ, მაგრამ ქცევებში ბოროტებით ვხელმძღვანელობ”, ან დავეთანხმოთ პლატონს, რომელიც ამბობდა, რომ ადამიანური ხასიათი ეს არის მეეტლე, რომელიც ორ ცხენს მართავს და ორთავენი სხვადასხვა მხარეს ეწევიან ეტლს, ან მოციქულ პავლესთან ერთად გავიმეოროთ: „არა რომელი იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ”.

უბრალოდ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენგან ყველაზე ცუდშიც არის სიკეთის ნაწილი. ასევე საუკეთესოშიც არის ბოროტების ნაწილი. როდესაც ამას ვაცნობიერებთ, ჩვენ უფრო მიმტევებლები ვხდებით ჩვენი მტრების მიმართ და ნაკლებად გვძულს ისინი, როდესაც უფრო ღრმად ვიხედებით პრობლემის არსში, ვეძებთ ბოროტი გულისწადილით ჩადენილის მიზეზს, ვპოულობთ ჩვენს მოყვასმტერში სიკეთის ნიშნებს და ვხვდებით, რომ მისი ქმედების მანკიერება და ბოროტგანზრახულობა არ გვიქმნის სრულ წარმოდგენას ამ ადამიანზე. ჩვენ მას ახალი თვალით ვუყურებთ. ვაცნობიერებთ, რომ მისი სიძულვილი შიშის, ქედმაღლობის, უვიცობის, გაუკუღმართებული რწმენის ანდა ურთიერთგაგების უქონლობის შედეგია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვიცით, რომ ყოველი ადამიანი სულის სიღრმეში ღვთიურ ანაბეჭდს ატარებს და ვიწყებთ ჩვენი მტრების შეყვარებას, რაკი გვესმის, რომ ისინი ჯერ კიდევ არ არიან მთლად ხელიდან წასულნი და ღმერთის ყოვლისმხსნელი სიყვარული შეიძლება მათაც შეეხოს.

მესამე. უნდა ვესწრაფოდეთ ჩვენი მტრის არა დამარცხებას ან დამცირებას, არამედ მასთან მეგობრობასა და ურთიერთგაგებას. ხდება ხოლმე, ჩვენ შეგვწევს ძალა დავამციროთ ჩვენი უბოროტესი მტერი. გარდაუვლად მოდის დრო, როდესაც მისი სისუსტე ვლინდება და საშუალება გვეძლევა ჩავცეთ მას გამარჯვების მახვილი. მაგრამ ეს არ უნდა გავაკეთოთ. თითოეული თქმული სიტყვა და გადადგმული ნაბიჯი ურთიერთგაგების საძირკველში ჩადებულ აგურად უნდა გადაიქცეს, რათა მან გაათავისუფლოს სიკეთის ის უდიდესი მარაგი, სიძულვილის შეუღწევად კედელში რომ იყო დაფლული.
სიყვარულის არსი არ შეიძლება გავაიგივოთ გრძნობათა სენტიმენტალურ გაზიარებასთან. სიყვარული უფრო ღრმაა, ვიდრე ემოციური ლაყბობა. შეიძლება ამ საკითხში ბერძნულმა ენამ შეიტანოს სინათლე. ახალი აღთქმის ბერძნული ტექსტი სიყვარულის აღსანიშნავად სამ სიტყვას ხმარობს. „ეროსი” არის ესთეტიკური, რომანტიკული სიყვარული. პლატონის დიალოგებში „ეროსი” გულისხმობს სულის ღვთაებრივ ლტოლვას. მეორე სიტყვა „ფილია” ნიშნავს ურთიერთსიყვარულს, სულიერმოყვარეობას, მეგობართა სიახლოვეს. გვიყვარს ისინი, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, და გვიყვარს იმიტომ, რომ იმათაც ვუყვარვართ. მესამე სიტყვა „აპარე” კი ნიშნავს თანხმობასა და ყველა ადამიანს შორის ღვთიურ ყოვლისმიმტევებლურ დამოკიდებულებას, უსაზღვრო, ღვარად მოდენილ უანგარო გრძნობას. „აპარე” ადამიანთა გულებში არსებული ღვთაებრივი სიყვარულია: ჩვენ იმიტომ კი არ გვიყვარს ადამიანები, რომ ისინი ან მათი საქციელი მოგვწონს, არც იმიტომ, რომ მათში ღვთიური ნაპერწკალია; ჩვენ თითოეული ადამიანი გვიყვარს იმიტომ, რომ იგი ღმერთს უყვარს. ჩვენ გვიყვარს ადამიანი, რომელიც ჩადის ბოროტებას, თუმცაღა გვძულს მისი ნამოქმედარი.

ახლა გვესმის, რას გულისხმობდა იესო, როცა ამბობდა: „გიყვარდეთ თქვენი მტერნი”. კმაყოფილი უნდა ვიყოთ, რომ მან არ თქვა: მტერს სიმპათიით და გულისხმიერებით მოეპყარითო. ზოგიერთი ადამიანის მიმართ, უბრალოდ, შეუძლებელია სიმპათიისა და გულისხმიერების გამოჩენა. გულისხმიერება სენტიმენტალური და ფაქიზი სიტყვაა. შეუძლებელია სიმპათიას ვგრძნობდეთ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არ მალავს თავის განზრახვას - ჩვენი გზა სიძნელეებით და დაბრკოლებებით მოჰფინოს და მოგვსპოს ჩვენ. შეუძლებელია მოგვწონდეს ადამიანი, რომელიც ჩვენი ბავშვების სიცოცხლის ხელმყოფი და ჩვენი საცხოვრებლის დამანგრეველია. ეს შეუძლებელია, მაგრამ იესომ გაიაზრა, რომ „სიყვარული” უფრო მეტია, ვიდრე „გულისხმიერება” და „სიმპათია”. გვიბრძანებს რა, რომ გვიყვარდეს ჩვენი მტრები, იესოს არა აქვს მხედველობაში „ეროსი” ან „ფილია”; იგი ლაპარაკობს „აპარეს” - თანხმობისა და ყველა ადამიანს შორის ღვთაებრივი ყოვლისმიმტევებლური გულკეთილობის შესახებ. მხოლოდ ამ გზით, მხოლოდ ასეთი სიყვარულით შეიძლება ზეციური მამის შვილები გავხდეთ.

ახლა პრაქტიკული ,,როგორიდან” თეორიულ „რატომზე” გადავიდეთ: რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრები? პირველი მიზეზი ნათელია. სიძულვილზე სიძულვილით პასუხი მხოლოდ ამრავლებს სიძულვილს, ამუქებს ღამეულ წყვდიადს ცაზე. წყვდიადს არ შეუძლია წყვდიადზე გამარჯვება; მხოლოდ სინათლეს შესწევს ამის ძალა. 

სიძულვილი ამრავლებს სიძულვილს, ძალადობა ამრავლებს ძალადობას და სისასტიკე ამრავლებს სისასტიკეს, ეხვევა რა ნგრევის ჯოჯოხეთურ ხვეულებში. ამიტომ, როდესაც იესო ამბობს: „გიყვარდეთ თქვენი მტერნი“, იგი გვიტოვებს გულშიჩამწვდომ და აბსოლუტურად გარდაუვალ მცნებას. განა ჩვენ, ადამიანები, არ მოვექეცით იმ ჩიხში, რომლიდანაც გამოსავალი მხოლოდ მტრების სიყვარულშია? - სხვანაირად ბოროტების ჯაჭვური რეაქცია გაგრძელდება, სიძულვილი დაბადებს სიძულვილს, ომები დაბადებენ ახალ ომებს, და თუ დროზე არ მოვეგეთ გონს, ყველანი ურთიერთგანადგურების შავბნელ უფსკრულში ჩავცვივდებით.

კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც ჩვენ უნდა შევიყვაროთ ჩვენი მტრები: სიძულვილი გულზე ნაიარევს ტოვებს და ამახინჯებს ადამიანის პიროვნებას. რაკი გვახსოვს, რომ სიძულვილი ბოროტების ძალაა და ამიტომ საშიშია, ჩვენ ძალიან ხშირად ვფიქრობთ იმაზე, თუ რა მოაქვს მას ადამიანისთვის, რომლისკენაც ის არის მიმართული. ეს არც ისე ძნელი გასაგებია, რადგან სიძულვილი თავის მსხვერპლს აუნაზღაურებელ ზარალს აყენებს. სიძულვილის კოშმარული შედეგები ვიხილეთ, როცა ექვსი მილიონი ებრაელი სიძულვილით შეპყრობილი შეშლილი ჰიტლერის სახელით აწამეს და გაანადგურეს, და მაშინაც, როცა სიძულვილის ტალღა შავკანიანებს დაატყდათ, სიძულვილით გამძვინვარებული, სისხლმოწყურებული ბრბოს რისხვად; ამასვე ვხედავთ ომების შავბნელ კოშმარებში, უსინდისო მჩაგვრელების მიერ მილიონობით ღვთის შვილთა თავზარდამცემ დამცირებაში, მათ მიმართ ჩადენილ უსამართლობასა და დანაშაულში.

მაგრამ არსებობს საკითხის კიდევ ერთი მხარე, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან - სიძულვილი არანაკლებ მომაკვდინებელია იმისათვის, ვისაც სძულს, როგორც შეუცნობელი ავთვისებიანი სიმსივნე - სიძულვილი არღვევს ადამიანის პიროვნებას და ართმევს ობიექტურად აზროვნების უნარს. იგი აიძულებს მას, მშვენიერს საზარელი უწოდოს, ხოლო საზარელს მშვენიერი, ჭეშმარიტება სიცრუედ მიიღოს, ხოლო სიცრუე ჭეშმარიტებად.

დოქტორ ე. ფრანკლინ ფრეზერს თავის მეტად საინტერესო წიგნში „რასობრივ ცრურწმენათა პათოლოგია” მოჰყავს რამდენიმე მაგალითი, როდესაც თეთრები, სხვა თეთრებთან ყოველდღიურ ურთიერთობებში ნორმალური, კაცთმოყვარე და თავაზიანი ადამიანები, ლოგიკურად აზროვნების უნარს კარგავდნენ ან წანასწორობიდან გამოდიოდნენ, როგორც კი საკითხი შავკანიანებისთვის თანაბარი უფლებების მინიჭებას ანდა რასობრივი უსამართლობის ფაქტებს შეეხებოდა. ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც ჩვენს გულებში სიძულვილი დაისადგურებს. ფსიქიატრები სიძულვილში ჩვენს ქვეცნობიერებაში მიმდინარე მრავალი საიდუმლოებით მოცული პროცესის, ჩვენი მრავალი შინაგანი კონფლიქტის მიზეზს ხედავენ. ისინი ამბობენ: „ისწავლეთ სიყვარული, თორემ დაიღუპებით”. თანამედროვე ფსიქოლოგია ცნობს იმას, რასაც იესო მრავალი ასეული წლის წინათ გვასწავლიდა: სიძულვილი ანგრევს პიროვნებას, ხოლო სიყვარული, მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებლად ამთლიანებს მას.

სიყვარული ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია მტერი მოყვარედ აქციოს. ესაა მესამე მიზეზი, რომლის გამოც უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრები. ჩვენ ვერასოდეს დავიხსნით თავს მტრებისაგან, თუ სიძულვილს სიძულვილითვე ვუპასუხებთ. თუ დავძლევთ მტრობის გრძნობას, თავს დავიხსნით მტრებისაგან.

ლინკოლნმა შეიმეცნა სიყვარულის ძალა და კაცობრიობის ისტორიას შერიგების გასაოცარი დრამა დაუტოვა. აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე წინასაარჩევნო ბრძოლის დროს მისი ერთ-ერთი უბოროტესი მტერი იყო ვინმე სტენტონი. რაღაც მიზეზი აიძულებდა სტენტონს სძულებოდა ლინკოლნი. იგი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ლინკოლნი საზოგადოების თვალში დაემცირებინა. ლინკოლნისადმი მისი სიძულვილი იმდენად დიდი იყო, რომ სტენტონი თავის ყველა გამოსვლაში აბუჩად იგდებდა მის გარეგნობას და ცხარედ ადანაშაულებდა მას სხვადასხვა მანკიერებაში. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ლინკოლნი პრეზიდენტად აირჩიეს. და, აი, დადგა დრო მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებისა, რომელშიც არჩევნებში მონაწილე ლინკოლნის უახლოესი თანამოაზრენი უნდა შესულიყვნენ. დაიწყო თანამდებობეზე დანიშვნა. ბოლოს დადგა დღე, როცა ლინკოლნს სამხედრო მინისტრის მეტად საპასუხისმგებლო პოსტზე უნდა დაესახელებინა კანდიდატი. როგორ ფიქრობთ, ვინ დანიშნა ლინკოლნმა ამ პოსტზე? თვით სტენტონი. როგორც კი ეს ამბავი ცნობილი გახდა, პრეზიდენტის უახლოესი თანამებრძოლნი უკმაყოფილებამ და მღელვარებამ მოიცვა. რას აღარ ეუბნებოდნენ ლინკოლნს:

„ბატონო პრეზიდენტო! თქვენ შეცდომას უშვებთ! იცით თუ არა, რა კაცია ეს სტენტონი? გსმენიათ თუ არა, რა სიბილწეებს ლაპარაკობდა იგი თქვენს შესახებ? იგი ჩვენი მტერია და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩაშალოს თქვენი პროგრამის შესრულება. გაითვალისწინეთ თუ არა ყოველივე ეს, ბატონო პრეზიდენტო?“ ლინკოლნის პასუხი ლაკონიური იყო: „დიახ, მე ვიცნობ ბატონ სტენტონს. მე მესმოდა ყველაფერი, რასაც იგი ჩემზე ამბობდა, მაგრამ ამერიკელებიდან ყველაზე მეტად იგი ესადაგება ამ თანამდებობას“. ასე გახდა სტენტონი ლინკოლნის მთავრობაში სამხედრო მინისტრი და ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ხალხს და თავის პრეზიდენტს. რამდენიმე წლის შემდეგ ლინკოლნი მოკლეს. ბევრი კეთილი სიტყვა ითქვა პრეზიდენტის შესახებ. ჩვენს დროშიც მილიონობით ადამიანი თვლის მას უდიდეს ამერიკელად. მაგრამ ყველა ბრწყინვალე სიტყვათა შორის, რომელიც აბრაამ ლინკოლნის შესახებ წარმოითქვა, სტენტონის სიტყვას განსაკუთრებული ადგილი უკავია. სტენტონი იმ კაცის ცხედრის წინაშე იდგა, რომელიც ოდესღაც სძულდა, ახლა კი მან დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა შორის ერთ-ერთი უდიდესი უწოდა მას. „იგი ახლა მარადისობას ეკუთვნის“, - განაცხადა სტენტონმა. ლინკოლნს რომ გაეგრძელებინა სტენტონის სიძულვილი, მაშინ ორივენი შეურიგებელ მტრებად ჩავიდოდნენ საფლავში. მაგრამ ლიკნოლნმა, მოუხმო რა სიყვარულის ძალას, მტერი მეგობრად გადააქცია. ამავე ცხოვრებისეულმა პოზიციამ საშუალება მისცა მას სამოქალაქო ომის უმძიმეს დღეებში სამხრეთელების მისამართით კეთილი სურვილები გამოეთქვა. ამით გაოგნებული ერთი მსმენელი ქალის დასმულ კითხვაზე ლინკოლნმა უპასუხა: „მადამ, განა მე არ ვსპობ ჩემს მტრებს, როცა მათ ჩემს მეგობრებად გადავაქცევ?“ სწორედ ეს არის სიყვარულის ძალა.

მაგრამ ჩვენ ახლავე უნდა აღვნიშნოთ, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენი მტრები უნდა გვიყვარდეს, ჯერ არ დაგვისახელებია. უფრო ღრმა მიზეზი პირდაპირაა გამოთქმული ქრისტეს სიტყვებში: „გიყვარდეთ თქვენი მტერნი ... რათა იყოთ თქვენ შვილნი მამის თქვენის ზეციერისა“. მაცხოვარი მოგვიწოდებს დავადგეთ ამ რთულ გზას იმისთვის, რომ ღმერთთან განსაკუთრებული დამოკიდებულება დავამყაროთ. ჩვენ ყველას შეგვიძლია მამაზეციერის შვილები გავხდეთ სიყვარულის საშუალებით, რომელიც შეუმჩნევლად იქცევა სინამდვილედ. ჩვენი მტრები იმიტომ უნდა გვიყვარდეს, რომ მხოლოდ სიყვარულის მეოხებით შეგვიძლია ღმერთის წვდომა და მისი სიწმინდის, მშვენიერების განცდა.

რასობრივ ურთიერთობათა კრიზისის გასაგებად ჩემ მიერ ნათქვამის მნიშვნელობა ნათელია. რასობრივი პრობლემა არასოდეს არ გადაწყდება, თუ დაჩაგრულები არ ისწავლიან თავიანთი მტრების სიყვარულს. რასობრივი სეგრეგაციის წყვდიადის განდევნა მხოლოდ ყოვლადშემწყნარებელ სიყვარულს შეუძლია. აი უკვე სამი ასეული წელია, რაც ამერიკელი ზანგები ჩაგვრის რკინისებურ უღელქვეშ იტანჯებიან. დისკრიმინაციის მახინჯ ტვირთქვეშ დათრგუნულები, სასოწარკვეთილებამდე მიყვანილები დღისით, ღამით ამაოდ ცდილობენ თავიანთ კითხვებზე პასუხის პოვნას. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, მაშინ ახალი წესრიგი, რომლისკენაც მივისწრაფით, მხოლოდ ცოტათი თუ იქნება განსხვავებული უწინდელისგან. ჩვენ უდრეკად და თავმდაბლად, სიყვარულით უნდა შევხედოთ სიძულვილს.

რასაკვირველია, ეს არაპრაქტიკულია. ცხოვრება ხომ ანგარიშსწორებაა, საპასუხო დარტყმების მიყენებაა, ურთიერთობაა, რომელიც ეფუძნება კანონს „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“. მე ვამბობ, რომ იესომ გვიანდერძა გვიყვარდეს ისინი, რომლებიც გვტანჯავენ და გვჩაგრავენ ჩვენ. ვგავარ მე მოციქულთა უმრავლესობას, რეალურ ცხოვრებას მოწყვეტილ იდეალისტებს? შეიძლება შორეულ მომავალში, ამბობთ თქვენ, უტოპიის ქვეყანაში, ეს იდეა ცხოვრებაში განხორციელდეს, მაგრამ არა ამ მკაცრსა და ცივ სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ.

ჩემო მეგობრებო! ჩვენ უკვე დიდი ხანია მივდივართ ეგრეთ წოდებული პრაქტიკული გზით, რამაც უწესრიგობამდე და ქაოსამდე მიგვიყვანა. ისტორია სავსეა დაღუპული ცივილიზაციების მაგალითებით, რომლებმაც ნებაზე მიუშვეს სიძულვილი და ძალადობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი ვთქვათ სამართლიან ბრძოლაზე. ჩვენს განკარგულებაში მყოფი ძალა, მთელი ჩვენი ძალ-ღონე უნდა მივმართოთ ჩვენი ხალხის სეგრეგაციის წინააღმდეგ, საშინელი უღლისგან მისი განთავისუფლებისკენ. მაგრამ ბრძოლის დროს ჩვენ არასდროს არ ვიტყვით უარს სიყვარულზე - ეს ჩვენი პრივილეგია და მოვალეობაა. გვძულს რა რასობრივი სეგრეგაცია, ჩვენ გვეყვარება ისინი, ვინც მის უკან დგას. ეს არის სიყვარულზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნის ერთადერთი გზა.

ჩვენ ვეტყვით ჩვენს ყველაზე შეურიგებელ მტრებს: თქვენს უნარს - მოგვაყენოთ ტანჯვა, ჩვენ დავუპირისპირებთ ჩვენს უნარს - ავიტანოთ ტანჯვა. როგორც არ უნდა მოგვექცეთ, მაინც გვეყვარებით. არასოდეს დავემორჩილებით თქვენს უსამართლო კანონებს, რამეთუ ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ისეთივე მორალური მოვალეობაა, როგორიც სიკეთისათვის ხელის შეწყობა. ჩაგვყარეთ ციხეებში, ჩვენ მაინც ძველებურად გვეყვარებით. დაანგრიეთ ჩვენი საცხოვრებლები და დაემუქრეთ ჩვენი ბავშვების სიცოცხლეს, შავბნელ ღამეში მოგვიგზავნეთ ნიღბიანი მკვლელები და მოძალადეები, რომ ცემით მიგვასიკვდილონ, ჩვენ მაინც გვეყვარებით; მაგრამ გჯეროდეთ, ჩვენ გავიმარჯვებთ თქვენზე ჩვენი უნარით ავიტანოთ ტანჯვა, და მოვა დღე, როდესაც მოვიპოვებთ თავისუფლებას, მაგრამ ეს იქნება თავისუფლება არა მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენ ისე შევევედრებით თქვენს გულსა და გონებას, რომ მათ ჩვენს მხარეზე გადმოვიყვანთ და ჩვენი გამარჯვება ორმაგ გამარჯვებად გადაიქცევა.

სიყვარული მარადიული ძალაა სამყაროში. ეს შემოქმედებითი ძალა, რომლის შესანიშნავ მაგალითად იესო ქრისტეს ცხოვრება გვევლინება, კაცობრიობის ხელში მშვიდობისა და უსაფრთხოების- თვის ბრძოლის საშუალებას წარმოადგენს. ამბობენ, რომ ნაპოლეონ ბონაპარტეს, ომის უდიდეს გენიოსს, წარსულის გახსენებისას უთქვამს: „ალექსანდრე მაკედონელმა, იულიუს ცეზარმა, კარლოს დიდმა და მე შევქმენით უდიდესი იმპერიები, მაგრამ რას ეფუძნებოდნენ ისინი? ისინი ეფუძნებოდნენ ძალას. საუკუნეების წინ კი იესომ თავისი სამეფოს შექმნა დაიწყო, რომელიც სიყვარულს ეფუძნებოდა, და დღესაც მილიონები მზად არიან მისთვის დაიხოცნონ“. ძნელია არ დაეთანხმო ამ სიტყვებს. უკვე აღარ არიან წარსულის დიდი მხედართმთავრები და მათი იმპერიებიც ფერფლად იქცნენ. მხოლოდ იესოს სამეფო, ეფუძნება რა სიყვარულს, ძველებურად უვნებელია და მყარად დგას. მას საძირკველი ხელდასხმულთა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა ჩაუყარა, რომელმაც ღმერთის წყალობით შეძლო რომის იმპერიის საფუძვლები შეერყია და იესოს მოძღვრება მთელი კაცობრიობის საკუთრებად ექცია. დღეს ქრისტეს სამეფო დედამიწაზე - ეს ყველა ერისა და ეროვნების 900 000 000 ადამიანია.

იესო ყოველთვის მართალია, ისტორიის მინდვრები გადათეთრებულია ხალხთა ძვლებით, რომლებმაც უარი თქვეს, მოესმინათ მისთვის. ჩვენ, მეოცე საუკუნის ადამიანებმა, სანამ გვიან არ არის, უნდა შევისმინოთ მაცხოვრისა და მის კვალს გავყვეთ. მთელი პასუხისმგებლობით უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვერასოდეს გავხდებით ჩვენი ზეციური მამის შვილები, თუ არ შევიყვარებთ ჩვენს მტრებს და არ ვილოცებთ იმათთვის, რომლებიც გვდევნიან.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram