მარიო ვარგას ლიოსა - წერა-კითხვისა და მხატვრული წარმოსახვის ქებათა ქება

წერა-კითხვა ხუთი წლისამ სალიეს კოლეჯში, წმინდა ძმის, ხუსტინიანეს კლასში ვისწავლე. კოლეჯი ბოლივიის ქალაქ კოჩაბამბაში მდებარეობდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში, და სამოცდაათი წლის შემდეგაც ნათლად მახსოვს ის საოცარი განცდა, რომლის წყალობითაც სიტყვები სურათ-ხატებად გარდაისახებოდა და ჩემს ცხოვრებას ამდიდრებდა. 

ამან შემაძლებინა გადამელახა დროისა და სივრცის საზღვრები, კაპიტან ნემოსთან ერთად 80 ათასი კილომეტრი წყალ­ქვეშ გამეტარებინა, დარტანიანის, ათოსის, პორთოსისა და არამისის მხარდამხარ, კარდინალ რიშელიეს ხრიკების წინააღმდეგ მებრძოლა, დედოფალს განადგურებით რომ ემუქრებოდა. პარიზის მიწისქვეშეთშიც ამოვყავი თავი და ჟანვალჟანადაც გადავიქეცი, მარიუსის უსიცოცხლო სხეული ზურგზე რომ მოეკიდებინა.

ამრიგად, ჩემთვის, პატარა ბიჭისთვის, წერა-კითხვა ცხოვრებისეულ ოცნებად გადაიქცა და ოცნების სამყაროს მაზიარა. მახსოვს, დედაჩემი მიამბობდა: პირველი თხზულებების წერა რომ დაიწყე, ხან წაკითხული ამბების გაგრძელებას ცდილობდი, რადგან ბოლოში რომ გადიოდი, გული გწყდებოდა, ხანაც ამ ამბებს შენებურად გადააკეთებდი ხოლმეო. იმ დროს ჩემს საქციელს ნამდვილად ვერ ვაცნობიერებდი, რადგან წაკითხული ამბები ჩემს ბავშვობას აღფრთოვანებითა და თავგადასავლებით ავსებდა და დროში გრძელდებოდა, მე კი ამასობაში ვიზრდებოდი, ვვაჟკაცდებოდი და ვბერდებოდი.

რა ბედნიერი ვიქნებოდი, დედაჩემი ახლა ყველაფერ ამას რომ ხედავდეს! ეს ის ქალი იყო, ამადო ნერვოსა და პაბლო ნერუდას პოემების კითხვისას ტირილს რომ ვერ იკავებდა. გამიხარდებოდა, ამ ცერემონიალს ჩემი გრძელცხვირა, თავმოტვლეპილი პაბლო პაპაც თუ დაესწრებოდა, გამუდმებით ჩემი ლექსების ქებაში რომ იყო! არც ბიძაჩემი ლუჩო იშურებდა ძალებს, რათა შთავეგონებინე, მთელი ჩემი არსება წერისთვის მიმეძღვნა, თუმცა ეს საქმე იმხანად არცთუ დიდად შემოსავლიანი იყო. მთელი სიცოცხლის განმავლობაში გარს ის ადამიანები მეხვია, ვისაც ვუყვარდი და შთაგონებით მავსებდა, ხოლო ეჭვებით შეპყრობილს მამხნევებდა და რწმენას მინერგავდა. სწორედ ამ ადამიანებისა და ჩემი დაჟინებული ხასიათის, თუმცა, ალბათ იღბლის წყალობითაც, შევძელი ჩემი დიდი და საუკეთესო დრო ამ გატაცებისთვის მიმეძღვნა. ეს ამაღელვებელი საოცრება, წერა რომ ჰქვია, იმ პარალელურ სამყაროში ამოგაყოფინებს თავს, მძიმე წუთების დროს თავის შეფარება რომ შეგიძლია; შენს თვალწინ ამ დროს ბუნებრივი ამბები საოცრებად გარდაიქმნება, უჩვეულო ამბები კი ბუნებრივად წარმოგიდგება, წერისა და კითხვის პროცესი ფანტავს ქაოსს, ალამაზებს სიმახინჯეს, მარადიულს ხდის წამს და სიკვდილს დროებით მოვლენად აქცევს.

წერა სულაც არ ყოფილა ადვილი საქმე. ხელში კალმის აღებისთანავე, ჩანაფიქრი უძლურდება ქაღალდზე, იდეები და სახეები კი თვალს ეფარება. ჰოდა, როგორღა ჩავუდგათ მათ სიცოცხლე? საბედნიეროდ, არსებობდნენ მასწავლებლები, რომლებმაც ამის სწავლა შემაძლებინეს. ფლობერმა, მაგალითად, მასწავლა, რომ ნიჭიერება მკაცრ დისციპლინასა და უსაზღვრო მოთმინებას მოითხოვს. ფოლკნერის აზრით, წერა და წერის პროცესი ერთგვარი ფორმებია, ხან რომ ამდიდრებენ, ხან კი აღარიბებენ თემებს. მარტორელის, სერვანტესის, დიკენსის, ბალზაკის, ტოლსტოის, კონრადისა და თომას მანის აზრით, რომანის წერის დროს ამბიციასა და მოცულობას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც სათანადო სტილსა და თხრობის სტრატეგიას. სარტრი ამბობს: სიტყვები ქმედების ის სახეობაა, რომლის წყალობითაც აქტუალურ რომანს, პიესას თუ ესეს, შეუძლიათ ისტორიის მსვლელობა სასიკეთოდ შეცვალონ. კამიუსა და ორუელის აზრით, ზნეობას მოკლებული ლიტერატურა ჰუმანური ვერ იქნება, ხოლო მალრო ამტკიცებს, რომ ჰეროიკული და ეპიკური პოეზიის არსებობა, დღეს ისევე შესაძლებელია, როგორც "არგონავტების", "ილიადასა" და "ოდისეას" ეპოქაში.

ჩემს გამოსვლაში ყველა იმ მწერლისთვის რომ მიმეგო პატივი, ვისგანაც მეტ-ნაკლებად დავალებული ვარ, აქ მყოფთ ალბათ მარტო ამ სახელების ხსენებაც კი გვაგრძნობინებდა მათ ბუმბერაზობას. მათი წყალობით თხრობის საიდუმლოს ვეზიარე და შევძელი ჩავწვდომოდი ადამიანის შინაგან სამყაროს, რომელიც აღმაფრთოვანებდა და იმავდროულად მაძრწუნებდა თავისი სისასტიკით. დიახ, ეს მწერლები იქცნენ ჩემს გულითად და უშურველ მეგობრებად, ჩემს მოწოდებას შთაგონებით რომ ავსებდნენ. სწორედ მათ წიგნებში ამოვიკითხე, რომ თვით ყველაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი არ უნდა დაკარგო იმედი, რომ ცხოვრებაში არსებობს იმედგაცრუება, თუმცა ეს არაფერია სიცოცხლესთან შედარებით, რადგან მის გარეშე ვერც კითხვას და ვერც მხატვრულად აზროვნებას ვერ შევძლებდით.

ხანდახან ვეკითხებოდი საკუთარ თავს: პერუს მსგავს ქვეყნებში, სადაც ამდენი ღარიბ-ღატაკი, უქონელი და წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანი და ასე ცოტა მკითხველი არსებობს, სადაც კულტურის სიკეთე, მხოლოდ ადამიანთა მცირერიცხოვანი ფენის ხვედრია, წერა მეტისმეტი ფუფუნება ხომ არ არის-მეთქი. მაგრამ ამგვარი ეჭვები ვერ ახშობდა ჩემს მოწოდებას და ისეთ რთულ პერიოდშიც კი, ჯიუტად ვაგრძელებდი საქმეს, როდესაც მთელი ჩემი დრო საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრს მიჰქონდა. მგონია, რომ სწორად მოვიქეცი, რადგან ლიტერატურის წყალობით, საზოგადოება, პირველ რიგში, მაღალ კულტურას უნდა ზიარებოდა, უნდა ესწავლა თავისუფლების, სამართლიანობისა და კეთილდღეობის ფასი, რადგან ამის გარეშე თვით ლიტერატურა ვერასოდეს ვერ იარსებებდა.

წარმოსახვისა და შთამაგონებელი ჟინის წყალობით, ლიტერატურა რეალობას გამოგვარიდებს და, როდესაც ოცნების მოგზაურობიდან ვბრუნდებით, ადამიანური ყოფა ნაკლებად სასტიკი გვეჩვენება, როგორც ეს იმხანად მოხდა, მთხრობელებმა ცხოვრებას თავდაპირველად რომ მიანიჭეს ადამიანური სახე. ნაღდი ლიტერატურის გარეშე, ბევრად უარეს თვისებებს გამოვავლენდით, უფრო კონფორმისტულები, მორჩილები და ნაკლებად ზეშთაგონებულები ვიქნებოდით; აღარ იარსებებდა პროგრესის მაუწყებელი კრიტიკული აზროვნება. ისევე როგორც წერა, კითხვაც ერთგვარი პროტესტია, როდესაც შეგიძლია შენს წარმოსახვაში შეეწინააღმდეგო ცხოვრების ნაკლოვანებებს და ეძებო ის, რაც რეალურად არ არსებობს. ჩვენთვის საჩუქრად ნაბოძებ სიცოცხლეს არ შესწევს უნარი, სრულიად დაგვიკმაყოფილოს შემეცნების წყურვილი, მაგრამ ეს სიცოცხლე ადამიანური არსის საფუძველია და გვინდა, რომ ის უკეთესად გამოიყურებოდეს. ამიტომაც ვქმნით მხატვრულ სახეებს; ამ სახეების წყალობით შესაძლებლობა გვეძლევა, უამრავი სიცოცხლის თანამონაწილეც გავხდეთ, რადგან თავად ჩვენ მხოლოდ ერთადერთი სიცოცხლე გაგვაჩნია.

მხატვრული აზროვნების გარეშე ნაკლებად გავაცნობიერებდით თავისუფლების მნიშვნელობას, აზრად არ მოგვივიდოდა, რომ ეს ცხოვრება უფრო ადამიანური გაგვეხადა და ჯოჯოხეთად არ გვექცია, ტირანიას, იდეოლოგიას ან რელიგიას ფეხით რომ არ გაეთელა. ლიტერატურა მშვენიერებას რომ გვაზიარებს და ოცნების სამყაროში გვამყოფებს, იმავდროულად სხვა საფრთხეებისგანაც გვიცავს. ჰოდა, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, საკუთარ თავს ჰკითხოს: მაშ, რატომ აკონტროლებს ყველა რეჟიმი ადამიანის ნებისმიერ საქციელს დაბადებიდან კუბოს კარამდე, ასე ძალიან რატომ ეშინია მავანს და მავანს მისი ქმედებებისა, რომ დასათრგუნად ცენზურას აწესებს და უნდობლობით ეკიდება შემოქმედ მწერლებს. ცხადია, ასე იმიტომ იქცევიან, რომ იციან, თუ ადამიანების წარმოსახვა წიგნის ფურცლებზე გადავა, მაშინ ამბოხებული მკითხველი ცენზურას თავისუფლების მოთხოვნას დაუპირისპირებს. ნაწარმოების ქარგას რომ თხზავს, მწერალი მკითხველში უნებლიედ უნდობლობას იწვევს, რადგან ამ დროს იმის გაცხადება ხდება, თუ რა უსამართლოდაა მოწყობილი ეს ქვეყანა. მწერლის წარმოსახვითი სამყარო კი ამ დროს ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება. თუ ეს მოსაზრება მკითხველის გონებაში ფესვებს გაიდგამს, მათ შენ ჭკუაზე ვეღარ მოაქცევ და ვეღარ დააჯერებ, თითქოს გისოსებს მიღმა, გამომძიებლებისა და ციხის ზედამხედველების გარემოცვაში, უკეთესი და უსაფრთხო ცხოვრება ელით.

ნამდვილ ლიტერატურას ადამიანებს შორის ხიდების გადება შეუძლია. ის გვაიძულებს სიამოვნება, აღტაცება ან გაოცება დაგვეუფლოს. ლიტერატურა ერთმანეთთან გვაკავშირებს ენით, წარმოშობით, უნარ-ჩვევებით, ჩვეულებებით, ცრურწმენებით და, იმავდროულად, ჩვენს შორის არსებულ განსხვავებებს დაგვანახებს. როცა დიდმა თეთრმა ვეშაპმა ზღვაში კაპიტანი აქაბი შთანთქა, ამან ერთნაირად ატკინა მკითხველს გული ტოკიოშიც, ლიმაშიც და ტომბუკტუშიც; როცა ემა ბოვარი საწამლავს სვამს, ანა კარენინა მატარებელის ბორბლებს უვარდება, ჟულიენ სორელი ეშაფოტზე აჰყავთ და ბორხესის მოთხრობის "სამხრეთის" პერსონაჟი ხუან დალმანი დუქნიდან დანამომარჯვებული გარბის, რათა მავან ჩხუბისთავს ანგარიში გაუსწოროს, ანდა ცნობილი ხდება, რომ კომალაში, პედრო პარამოს სოფლის არც ერთი მოსახლე ცოცხალი აღარ არის, აი ამ დროს ყველა აღმსარებლობისა თუ წარმომავლობის მკითხველს, ერთნაირად იპყრობს თანაგრძნობა, და მნიშნელობა არა აქვს, იგი ბუდას მიმდევარია, კონფუცის, ქრისტესი თუ ალაჰის, ან სულაც აგნოსტიკოსია, პიჯაკი აცვია და ჰალსტუხით დადის, ხიჯაბში, კიმონოში თუ ბომბაჩაშია გამოწყობილი. ლიტერატურა ადამიანებს აერთიანებს და შლის საზღვრებს, იდეოლოგიების, რელიგიების და ენათა შორის განსხვავების წყალობით რომ არსებობს.

ყველა ეპოქას თავის ფანტომები ჰყავდა, ჩვენ დროებას კი ფანატიზმი ახასიათებს. ტერორისტები იმ რწმენით ხელმძღვანელობენ, თითქოს უდანაშაულო ადამიანების მოკვლით სამოთხეში მოხვდებიან, უცოდველთა სისხლი წარხოცავს საყოველთაო შეურაცხყოფას, აღადგენს სამართლიანობას და ურწმუნოებს ჭეშმარიტ რჯულზე მოაქცევს. მათ ამ რწმენას მსოფლიოში ყოველდღიურად ურიცხვი ადამიანი ეწირება მსხვერპლად, მკვლელები კი აბსოლუტური ჭეშმარიტების მქადაგებლებად შერაცხავენ საკუთარ თავს. გვეგონა, რომ ტოტალიტარული იმპერიების ნგრევასთან ერთად შესაძლებელი გახდებოდა ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრება, პლურალიზმთან ერთად დამკვიდრდებოდა ჰუმანური კანონებისადმი პატივისცემა და სამყარო მსხვერპლშეწირვებს, გენოციდს, დაპყრობით და გამანადგურებელ ომებს დააღწევდა თავს, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. მკვიდრდება ფანატიზმისა და ველურობის ახალი სახეობები, მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება რომ უმაგრებს ზურგს. არ არის გამორიცხული, ამ "მხსნელი" შეშლილების რომელიმე გაერთიანების წყალობით ერთ დღეს, მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. ამიტომ აუცილებელია ამ ბოროტების აღმოფხვრა, მასთან ბრძოლა და ბოლომდე განადგურება. ისინი არცთუ ისე ბევრნი არიან, მაგრამ თავიანთი მოქმედებებით მთელ პლანეტას შიშით აზანზარებენ, და არ უნდა დავუშვათ, რომ მათ დაგვაშინონ, ის თავისუფლება წაგვართვან, კაცობრიობამ ხანგრძლივი დროის მანძილზე გმირობის ფასად რომ მოიპოვა. აუცილებელია, დავიცვათ ლიბერალური დემოკრატია, რომელიც, ყველა შეზღუდვის მიუხედავად, ისევ და ისევ პოლიტიკური პლურალიზმის, თანაარსებობის, ადამიანის უფლებების დაცვის, კრიტიკის პატივისცემის, კანონიერების, თავისუფალი არჩევნების და ხელისუფლებაში ცვლილებების შეტანის პრინციპებს იცავს. სწორედ ამ პრინციპების წყალობით დავაღწიეთ თავი ველურ არსებობას, თუმცა ვერ შევქმენით იმ სრულყოფილი ცხოვრების მოდელი, რომელსაც ლიტერატურის მეშვეობით მხოლოდ ქაღალდზე დაწერილსა და წაკითხულს შევიცნობთ ხოლმე. მკვლელი ფანატიკოსების წინააღმდეგ ბრძოლით, საკუთარ ოცნებებსა და იმ უფლებებს ვიცავთ, ამ ოცნებების რეალურად განხორციელებაში რომ დაგვეხმარება.


ახალგაზრდობაში, ჩემი თაობის ბევრი მწერლის მსგავსად, მეც მარქსისტი ვიყავი და, ვიმედოვნებდი, რომ სოციალიზმი ტოტალური უსამართლობისა და ექსპლუატაციის აღმოსაფხვრელად საუკეთესო საშუალება იქნებოდა. ეს იდეოლოგია იმხანად ჩემს ქვეყანაში, ლათინურ ამერიკაში და, ზოგადად მთელს მსოფლიოში იკიდებდა ფეხს. ჩემმა იმედგაცრუებამ მონოპოლისტური სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ, მოგვიანებით დემოკრატად და ლიბერალად გარდამქმნა, რაც დღეს ვარ, ან ვცდილობ ასეთად დავრჩე; ეს ხანგრძლივი და საკმაოდ რთული პროცესი იმ ცვლილებების შემდეგ დაიწყო, კუბის რევოლუციამ რომ განიცადა და პირველ ხანებში აღმაფრთოვანებდა. ამის მიზეზი ასევე საბჭოთა კავშირის ავტორიტარული, ვერტიკალური მოდელი, გულაგის მავთულხლართებს გამოვლილი დისიდენტების ჩვენებები და ვარშავის პაქტის მონაწილე ქვეყნების ჩეხოსლოვაკიაში შეიარაღებული შეჭრა იყო. მაგრამ ისეთი მოაზროვნეების წყალობით, როგორიც რაიმონდ არონი, ჟან ფრანსუა რეველი, ისაია ბერლინი და კარლ პოპერი იყვნენ, ჩემში დღევანდელი დემოკრატიული და არადემოკრატიული საზოგადოების ღირებულებების გადაფასება მოხდა. ეს ადამიანები განმანათლებლობისა და სიმამაცის მაგალითებს გვაძლევდნენ, როდესაც დასავლეთის ქარაფშუტა და ოპორტუნისტული ინტელიგენცია დაბრმავებული იყო საბჭოთა სოციალიზმის ყალბი მომხიბვლელობით, ან კიდევ უარესი, ჩინეთის კულტურული რევოლუციის სისხლიანი შაბაშის მიმართ გულგრილი რჩებოდა.

ბავშვობიდან ვოცნებობდი პარიზზე, რადგან ფრანგული ლიტერატურით თავბრუდახვეულს მეგონა, იქ ცხოვრება და იმ ჰაერით სუნთქვა, ბალზაკი, სტენდალი, ბოდლერი და პრუსტი რომ სუნთქავდნენ, დამეხმარებოდა ნამდვილ მწერლად ჩამოვყალიბებულიყავი. ვიცოდი, პერუდან თუ არ წავიდოდი, ჩემგან ერთი ჩვეულებრივი, თავშესაქცევი, ვაიმწერალი დადგებოდა. ჰოდა, უნდა ვაღიარო, რომ ვალში ვარ საფრანგეთის, ფრანგული კულტურისა და განმანათლებლობის წინაშე. ლიტერატურა ხომ ისეთივე თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს, როგორც ნებისმიერი სხვა საქმიანობა. საფრანგეთში იმ დროს მომიხდა ცხოვრება, როცა ჯერაც ცოცხალი კამიუ და სარტრი აქტიურად იღვწოდნენ და სწორედ იმ წლებში, იქ, იონესკო, ბეკეტი, ბატაი და სიორანიც მოღვაწეობდნენ. იმხანად აღმოვაჩინე ბრეჰტის თეატრი, ინგმარ ბერგმანის ფილმები, ჟან ვილარის "ნაციონალური სახალხო თეატრი", ჟან ლუი ბაროს თეატრი "ოდეონი", "ახალი ტალღა" და "ახალი რომანი", ანდრე მალროს უმშვენიერესი თეატრალური პიესები კი იმ დროისთვის, ევროპაში ალბათ ყველაზე საინტერესო სანახაობა იყო; იქ იმართებოდა პრესკონფერენციები და ისმოდა გენერალ დე გოლის ოლიმპიური ჭექა-ქუხილი. მაგრამ საფრანგეთს ყველაზე მეტად იმაში ვემადლიერები, რომ მისი წყალობით ხელახლა აღმოვაჩინე ლათინური ამერიკა. სწორედ პარიზში გავაცნობიერე, რომ პერუს თავისი ისტორია და გეოგრაფია, სოციალური გარემო, პოლიტიკა და კეთილხმოვანი ენა ჰქონდა, რომელზეც წერდნენ და ლაპარაკობდნენ. სწორედ იმ წლებში ჩაეყარა ამ კონტინენტზე საფუძველი თანამედროვე და სწრაფად განვითარებად ლიტერატურას. საფრანგეთში გავეცანი ბორხესს, ოქტავიო პასს, კორტასარს, გარსია მარკესს, ფუენტესს, კაბრერას ინფანტეს, რულფოს, ონეტის, კარპენტიერს, ედვარდსს, დონოსოს და ბევრ სხვას, რომელთა ქმნილებებმაც ესპანური ენის ნარაციულ სფეროში გარდატეხა გამოიწვიეს და რევოლუცია მოახდინეს. სწორედ მათი წყალობით გაიცნო ევროპამ, მერე კი მსოფლიოს სხვა ქვეყნებმაც აღმოაჩინეს, რომ ლათინური ამერიკა მხოლოდ ომებისა და ამბოხებების, კომიკური პერსონაჟების, წვერიანი მეომრების, "მამბო"-ს, "ჩა- ჩა- ჩა"-ს და "მარაკა"-ს სამშობლო არ იყო და იდეების, არტისტული ფორმების და მხატვრული აზროვნების კონტინენტსაც წარმოადგენდა. ჰოდა, აღმოჩნდა, რომ იქ ადამიანებს ხატოვნად აზროვნება და უნივერსალურ ენაზე ლაპარაკი შეეძლოთ.

ამ დროიდან ლათინურმა ამერიკამ განვითარების გზით დაიწყო სიარული, თუმცა ეს გზა წინააღმდეგობებითა და შეცდომებით იყო აღსავსე. სწორედ ამას გულისხმობს სეზარ ვალიეხო თავის ლექსში, როცა ამბობს: "ძმებო, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი". დიქტატურა ახლა ძველებურად აღარ გვთრგუნავს და ამ კონტინენტს მხოლოდ კუბა, მისი თანამოაზრე ვენესუელა და ბოლივიისა და ნიკარაგუის პოპულისტური, ტაკიმასხარა ფსევდოდემოკრატიაღა შემორჩა. კონტინენტის დიდ ნაწილში კი ავად თუ კარგად, დემოკრატია მაინც მუშაობს. ფართო, პოპულარულ ერთსულოვნებისა და ისტორიის პრინციპებს იზიარებენ მემარცხენეები და მემარჯვენეები ბრაზილიაში, ჩილეში, ურუგვაიში, პერუში, კოლუმბიაში, დომენიკის რესპუბლიკასა და მექსიკაში; თითქმის მთელი ლათინური ამერიკა პატივისცემით ეკიდება მართლმსაჯულებას, არჩევნებს, კრიტიკის თავისუფლებას და ცვლილებებს ხელისუფლებაში. ეს მართებული გზაა და, თუ ამ ქვეყნებმა დაჟინებით გააგრძელეს კორუფციასთან ბრძოლა და მსოფლიოში ინტეგრირება მოახდინეს, ლათინური ამერიკა ბოლოს და ბოლოს დაემშვიდობება მომავლის კონტინენტის სახელს და დღევანდელი დღის კონტინენტად გადაიქცევა.

არც ერთ ქვეყანაში არ მქონია იმის განცდა, რომ უცხოელი ვიყავი. ყველგან, სადაც კი ცხოვრება მომიხდა, პარიზში იქნებოდა ეს, ლონდონში, ბარსელონაში, მადრიდში, ბერლინში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ბრაზილიასა თუ დომენიკის რესპუბლიკაში, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ყოველთვის ვპოულობდი ნავსაყუდელს, სადაც შემეძლო მშვიდად მეცხოვრა, მემუშავა, სამყარო შემეცნო, ოცნებებით ვყოფილიყავი შთაგონებული და ერთგული მეგობრებიც შემეძინა; შემეძლო საინტერესო წიგნების წაკითხვა და საწერი თემის გამონახვა. მაგრამ ფიქრადაც კი არ მომსვლია, რომ შეიძლებოდა ამის გამო "მსოფლიო მოქალაქედ" გადავქცეულიყავი, რადგან მაშინ მნიშვნელობას დაკარგავდა ის ცნება, "ფესვებს" რომ ეძახიან და, ჩემს ქვეყანასთან რომ მაკავშირებდა. პერუდან გამოყოლილი გამოცდილება ვეღარ გამომკვებავდა როგორც მწერალს და ჩემი წარმოდგენები ამ ქვეყანაზე, ყოველ ჯერზე, ვეღარ აისახებოდა ჩემს ნაწარმოებებში, როგორც ეს პერუდან მოშორებით აღწერილ ამბებშიც კი ხდებოდა.

ასე მგონია, იმ ქვეყნის გარეთ დიდხანს ცხოვრებამ, სადაც დავიბადე, გაამყარა-მეთქი ჩემი კავშირი მასთან. უფრო მეტიც, უკეთეს შუქში დამანახა და ნოსტალგიით გამსჭვალა. ამ სიტყვას ესმის მისგან ნაწარმოებ ზედსართავსა და არსებით სახელს შორის განსხვავება და ჯიუტად აირეკლავს მოგონებებს. სულაც არ არის სავალდებულო ის ქვეყანა გიყვარდეს, სადაც დაიბადე, მაგრამ მისდამი, შენდა უნებურად, იმავე გრძნობით გიძგერს გული, შეყვარებულების, მამის, შვილებისა და მეგობრების სიყვარულს რომ სჩვევია ხოლმე.

პერუს გულით ვატარებ, რადგან იქ დავიბადე, გავიზარდე, დავვაჟკაცდი და ახალგაზრდული თუ ყმაწვილკაცური გამოცდილებაც შევიძინე, შემდგომში ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებას რომ შეუწყო ხელი და, საკუთარი მოწოდებისადმი ლტოლვაც გამიძლიერა. და, კიდევ იმიტომ მიყვარს პერუ, რომ იქ შეყვარებული ვიყავი, მძულდა, დაბრკოლებებს ვუმკლავდებოდი და ვოცნებობდი. ამიტომ სხვა ქვეყნების ბედზე მეტად, ჩემი ქვეყნის ბედი და იქ მიმდინარე მოვლენები უფრო ახლოს მიმაქვს გულთან და მაფორიაქებს. დიახ, ეს ასეა, თუმცა ზოგიერთი ჩემი თანამემამულე სამშობლოს ღალატსაც მაბრალებდა; მერე უკანასკნელი დიქტატურის დროს კინაღამ პერუს მოქალაქეობაც ჩამომართვეს, რადგან მსოფლიოს დემოკრატიულ მთავრობებს თხოვნით მივმართე, ეკონომიკური და დიპლომატიური სანქციების გამოყენებით, დაესაჯათ არსებული რეჟიმი. სწორედ ასე ვიქცეოდი ნებისმიერი დიქტატურის წინააღმდეგ, იქნებოდა ეს პინოჩეტისა თუ ფიდელ კასტროსი; ავღანეთის თალიბების, ირანის იმამების, სამხრეთ აფრიკის აპარტეიდებისა და ბირმის უნიფორმიანი სატრაპების მიმართ. ხვალაც ასე მოვიქცევი, თუკი ვინმე ქვეყნის კეთილდღეობას და პერუელების ნებას არ დაჰყვება. ჩვენი მყიფე დემოკრატიის განადგურების შემთხვევაში, პერუ როგორც სახელმწიფო დაინგრეოდა და ამას უზარმაზარი მსხვერპლი მოჰყვებოდა. ეს დემოკრატია არც ნაჩქარევი ყოფილა და არც საგანგებოდ მგზნებარე, როგორც მას ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი აფასებდა; ისინი ხომ მიჩვეულები იყვნენ საკუთარი პატარკაცობიდან გამომდინარე განეკითხათ. ჩემი ლოგიკით, ამის მიზეზი ის იყო, რომ დიქტატურამ სისასტიკითა და კორუფციით ქვეყანა უფსკრულის პირამდე მიიყვანა და ის ღრმა ჭრილობები დააჩნია, რომელთა მოშუშებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. სწორედ ეს კლავს მომავლის იმედს, ნერგავს არაჯანსაღ ჩვევებსა და გამოცდილებას მომავალ თაობებში და აფერხებს დემოკრატიის ფეხზე წამოდგომას. ამიტომაც დიქტატორებს არ უნდა ჰქონდეთ შენდობა, და, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, მათ შორის ეკონომიკური სანქციების მეშვეობითაც, დამხობილი უნდა იქნენ. რა სამწუხაროა, როცა ხედავ, რომ დემოკრატიული მთავრობები, ნაცვლად იმისა, სოლიდარობა გამოუცხადონ "კუბელ თეთრსამოსელიან მანდილოსნებს", ვენესუელელ მებრძოლებს ან აუგ სან სუ ჩუის და ლუი სიაობოს, რომლებიც მამაცურად იბრძვიან დიქტატურის წინააღმდეგ, საქმეს სწორედ მათ მტრებთან იჭერენ. ეს გულადი ადამიანები ხომ მხოლოდ საკუთარი თავის კი არა, ჩვენს გამოც იბრძვიან.

ჩემი თანამემამულე ხოსე მარია არგედასი პერუს "აღრეული სისხლის ქვეყანას" უწოდებს. არა მგონია, ამ აზრის გამოხატვა ამაზე უკეთესად შეიძლებოდეს. ჰო, ასეთია ჩვენი შინაგანი ბუნება, მოგვწონს ეს თუ არა; ამ ქვეყანამ ტრადიციებს, რასებს, წარმომავლობებს და კულტურას, სამყაროს ოთხივე კუთხიდან მოუყარა თავი. მეამაყება, რომ წინარეესპანური კულტურის მემკვიდრე, ნასკას, პარაკასის, მოჰიკანების შთამომავალი ვარ, ქსოვილებისა და ფრინველის ბუმბულისგან მოსასხამებს რომ კერავდნენ. ჩემი წინაპრები ინკები იყვნენ, რომელთა კერამიკა მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს ამშვენებს; ასევე მაკჩუ პიკჩუს, გრან ჩიმუს, ჩან ჩანის, კუელაპის, სიპანის ძეგლების, სოლის და ლუნას ყორღანების მშენებლების და, ამავდროულად, ესპანელების მემკვიდრეც ვარ, ჩაცმულობა, ხმლები, ცხენები, ებრაულ-ესპანური ტრადიცია, აღორძინება, სერვანტესი, კებედო, გონგორა რომ ჩაიტანეს პერუში, საბერძნეთსა და რომში და, რაც მთავარია, ნატიფი კასტილიური ენა დაამკვიდრეს, რომელიც ანდების მკვიდრმა მოსახლეობამ კიდევ უფრო კეთილხმოვანი გახადა. ესპანეთთან ერთად პერუში შემოვიდა აფრიკაც, თავისი ცეცხლოვანი ბუნებით, მუსიკით, ამაღელვებელი წარმოდგენებით და უფრო გაამდიდრა ამ ქვეყნის ჰეტეროგენული სივრცე. თუ სიღრმეებს ჩავყვებით, დავინახავთ, რომ პერუ, ბორხესის "ალეფის" მსგავსად, მთელი სამყაროს წიაღში აღმოცენებული პატარა სამყაროა. მართლაცდა, საოცარი პრივილეგიაა ქვეყნისათვის, არ ჰქონდეს საკუთარი იდენტობა, მაგრამ ამ იდენტურობას ყველა ქვეყანაში ვხედავდეთ.

ამერიკის დაპყრობაც, საერთოდ ყველა დაპყრობითი ომის მსგავსად, სასტიკი და ძალადობრივი ქმედება იყო და, კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ აქ უნდა გავიხსენოთ ის ესპანელი წინაპრები, უკეთურების ჩასადენად ამერიკაში რომ გაემგზავრნენ და იქ მოახდინეს ასიმილაცია, და არა ისინი, თავიანთ მიწაზე, ესპანეთში რომ დარჩნენ.

ამ კრიტიკას სამართლიანობისთვის, აუცილებლად თვითკრიტიკა ესაჭიროება; მართალია, ორასი წლის წინ ესპანელების უღლისგან გავთავისუფლდით, მაგრამ მერე, ძველ კოლონიებში ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, ნაცვლად ინდიელების დაცვისა და სამართლიანობის აღდგენისა, ესპანელებმა, როგორც ნამდვილმა დამპყრობლებმა, ხალხის ექსპლუატაცია კიდევ უფრო მეტი სიხარბითა და სისასტიკით განაგრძეს; რამდენიმე ქვეყანაში კი მთლიანად ამოჟლიტეს და გაანადგურეს ადგილობრივი მოსახლეობა. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ორი საუკუნის შემდეგ ინდიელების გათავისუფლება მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და ვერ აღვასრულეთ. აღნიშნული პასუხისმგებლობა დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება მთელ ლათინურ ამერიკაში და ამ შეურაცხმყოფელ და სამარცხვინო მდგომარეობაში ერთი გამონაკლისიც კი არ შეინიშნება.

ესპანეთი ისევე მიყვარს, როგორც პერუ და ამ ქვეყნის წინაშე ჩემი ვალი ჩემი მადლიერების ტოლფასია. რომ არა ესპანეთი, ვერასოდეს მოგმართავდით ამ ტრიბუნიდან, არც ცნობილი მწერალი და გამომცემელი არ ვიქნებოდი და, შესაძლოა, ბევრი ჩემი ხელმოცარული კოლეგის გვერდით ვმდგარიყავი, მკითხველი რომ არ ჰყავთ, მერე კი მათ ნიჭს, ერთ დღესაც, მომავალი თაობა სევდიანი ნუგეშით აღმოაჩენს. ჩემი ყველა წიგნი ესპანეთში დაიბეჭდა, აქ მოვიპოვე გადაჭარბებული აღიარება და ჩემმა მეგობრებმა, კარლოს ბარარიმ და კარმენ ბალსელსმა ძალ-ღონე არ დაიშურეს, რათა ჩემს ნაწარმოებებს მკითხველი ჰყოლოდა; ესპანეთმა მიბოძა მეორე მოქალაქეობა, როცა საკუთარი თითქმის დავკარგე. მცირედი გაუცხოვებაც არასოდეს მიგრძვნია იმის გამო, რომ პერუელი ვიყავი, თუმცა ესპანური პასპორტი მქონდა, რადგან ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ესპანეთი და პერუ მედლის ორი მხარე იყო და, არა მხოლოდ ჩემი პატარა პიროვნების გამო, არამედ სინამდვილეში, ეს ისტორიის, კულტურის და ენის საფუძველზე ხდებოდა.

იმ დროიდან მოყოლებული, რაც ესპანეთის მიწაზე დავდგი ფეხი, სუნთქვაშეკრული, აღფრთოვანებით ვიგონებ იმ ხუთ წელიწადს, სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, ჩემს საყვარელ ბარსელონაში რომ გავატარე. ფრანკოს დიქტატურა ჯერ ისევ მძვინვარებდა, ბრძოლით ისევ იბრძოდა, მაგრამ უკვე სულს ღაფავდა. ეს განსაკუთრებით აისახებოდა კულტურაზე, რომლის კონტროლი რეჟიმს უკვე აღარ ძალუძდა. გაიხსნა ყველა ღრიჭო და გასასვლელი, ცენზურა უკვე ვეღარ აკონტროლებდა მდგომარეობას და ესპანური საზოგადოება სულმოუთქმელად დაეწაფა ახალ იდეებს, წიგნებს, აზროვნების ნაკადს, მხატვრულ ფორმებსა და ფასეულობებს, აქამდე ქვეყნის დამაქცევრები რომ კრძალავდნენ. ესპანეთის ვერც ერთმა ქალაქმა იმხელა წარმატებას ვერ მიაღწია ამ სფეროში, როგორც ბარსელონამ. ის ესპანური კულტურის დედაქალაქად და იმ ადგილად გადაიქცა, სადაც თავისუფლად შეიძლებოდა სუნთქვა. ბარსელონა იმავდროულად ლათინური ამერიკის დედაქალაქიც იყო იმ მხატვრების, მწერლების, გამომცემლების და მსახიობების გამო, ამერიკიდან მრავლად რომ წამოსულიყვნენ და ახლა აქ მოღვაწეობდნენ, ან უბრალოდ მოგზაურობდნენ. სწორედ ამ ქალაქში უნდა გეცხოვრა, თუ გინდოდა, რომ ჩვენი დროების პოეტი, მწერალი, მხატვარი ან კომპოზიტორი ყოფილიყავი. ჩემთვის ის წლები, მართლაც, დაუვიწყარი იყო მეგობრობისა და ნაყოფიერი ინტელექტუალური მუშაობის თვალსაზრისით. პარიზის მსგავსად ბარსელონაც ბაბილონის გოდოლი, კოსმოპოლიტური და უნივერსალური ქალაქი იყო, რომელიც სტიმულს აძლევდა ცხოვრებას და მუშაობას, სადაც სამოქალაქო ომის პერიოდიდან მოყოლებული, ესპანელი და ლათინოამერიკელი მწერლები პირველად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, დაძმობილდნენ და, რაკი თავი ერთი და იმავე ტრადიციის პატრონებად შეიცნეს, საერთო საქმითა და იდეით გაერთიანდნენ; ისინი ღრმად იყვნენ დარწმუნებულები იმაში, რომ დიქტატურის დასასრული გარდუვალი იყო და დემოკრატიულ ესპანეთში კულტურა ძირითად და მთავარ ძალად გადაიქცეოდა.

თუმცა მთლად ასე არ მომხდარა. ესპანეთის გადასვლა დიქტატურიდან დემოკრატიაზე თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა და მაგალითი იყო იმისა, თუ როდის და რა ფორმით ვითარდებოდა რაციონალიზმი და საღი აზრი, როცა პოლიტიკური მტრები ფარ-ხმალს თავად ყრიდნენ. მოვლენები ისე სწრაფად ვითარდებოდა, როგორიც მაგიური რეალიზმის ჟანრის ნაწარმოებში. ამ დროს ესპანეთში ავტორიტარულ რეჟიმს თავისუფლება ცვლის, ჩამორჩენილი ეკონომიკა იწყებს განვითარებას, საზოგადოებაში არსებულ სოციალური კონტრასტების და მესამე სამყაროსათვის დამახასიათებელი უთანასწორობის ფონზე, ქვეყანაში საშუალო ფენა იქმნება. ევროპაში ქვეყნის ინტეგრაციამ, დემოკრატიულ კულტურასთან სწრაფმა ადაპტაციამ, მთელი მსოფლიო გააოცა. ჩემთვის, მართლაც, ამაღელვებელი იყო, ამ მოვლენებთან ასე ახლოს დგომა, რამაც დიდი შემეცნებითი გამოცდილება შემძინა. კარგი იქნება, თუ ნაციონალიზმი განუკურნებელი სენით რომ აავადებს თანამედროვე სამყაროს, მათ შორის ესპანეთსაც, არ დაამახინჯებს ისტორიის ამ ბედნიერ ფურცლებს.

მძულს პროვინციული ნაციონალიზმის და, მით უფრო, რელიგიური იდეოლოგიის ყველანაირი გამოვლინება. ის ინტელექტუალურ ჰორიზონტს ავიწროებს, თავის თავში ეთნიკურ და რასისტულ ცრურწმენებს მალავს და უმაღლეს ფასეულობად, მორალურ და ონტოლოგიურ პრივილეგიად ადამიანის წარმომავლობას აღიარებს. რელიგიასთან ერთად ნაციონალიზმი ისტორიის ყველაზე საშინელი სასაკლაოების მიზეზად იქცა. ამის თვალნათელი მაგალითია ორი მსოფლიო ომი და ახლო აღმოსავლეთში დაღვრილი სისხლი. სწორედ ნაციონალიზმმა შეასრულა ყველაზე დიდი როლი, რათა ლათინური ამერიკა სისხლით მორწყულიყო, უგუნურ ბრძოლებში, ანგარიშსწორებებში ჩაბმულიყო და უზარმაზარი ფული გაენიავებინა იარაღის საყიდლად, ნაცვლად იმისა, რომ სკოლები, ბიბლიოთეკები და ჰოსპიტლები აეშენებინა.

არ უნდა გავაიგივოთ "ყურითმოთრეული", ძალადობრივი ნაციონალიზმი იმ ნაციონალიზმთან, რომელიც პატრიოტიზმით, ნაზი და სენტიმენტალური სიყვარულით მსჭვალავს ადამიანს მშობლიური მიწის მიმართ. აქ მან პირველად იხილა მზის სინათლე, აქ ცხოვრობდნენ მისი წინაპრები და, მისი პირველი ოცნებაც ამ ადგილს უკავშირდება. ეს ის ნაცნობი პეიზაჟები და საყვარელი ადამიანები არიან, მოგონებებად რომ გადაიქცევიან და მარტოობასთან ბრძოლაში გეხმარებიან. დროშა, ჰიმნი და ეროვნული გმირების უკვდავსაყოფად ნათქვამი მაღალფარდოვანი სიტყვები არ განასახიერებენ სამშობლოს. სამშობლო იმ ნაცნობ ადგილებსა და ადამიანებს გულისხმობს, ჩვენს მეხსიერებაში რომ ჩაბეჭდილან და სევდიანი, თბილი მოგონებებით გვავსებენ; ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს სად იქნები, რადგან იცი რომ არსებობს მშობლიური კერა, სადაც ყოველთვის შეგიძლია დაბრუნება.

პერუ ჩემთვის არეკიპაა, სადაც დავიბადე, მაგრამ არასოდეს მიცხოვრია; ქალაქზე სევდით მიყვებოდნენ დედაჩემი, პაპაჩემი, ბებიაჩემი, ბიძაჩემი და დეიდაჩემი და, იმ აზრს შთამაგონებდნენ, რომ ამ "თეთრ ქალაქზე" მოგონება მუდამ თან მეტარებინა, რადგან ჩემი საგვარეულო აქედან იყო წარმოშობით და, როგორც ყველა მომთაბარე არეკიპელს, ეს არ უნდა დამვიწყებოდა. ქალაქი პიურა, სადაც ბავშვობა გავატარე, უდაბნოშია გაშენებული; აქ კერატის ხეებია აღმართული და თვინიერი ვირები დადიან; მახსოვს, ჩემს ყმაწვილკაცობაში ამ, მართლაც ლამაზ ცხოველებს ნაღველნარევ მეტსახელს "მაშველ ფეხებს" რომ ეძახდნენ. აქ აღმოვაჩინე, რომ ჩვილი ბავშვები წეროებს კი არ მოჰყავთ, არამედ მოკვდავთა გადაცდომების შედეგად ჩნდებიან. პიურაში სან მიგელის კოლეჯი და "ვარიეტეს თეატრია", სადაც პირველად ვნახე საკუთარი პიესის მიხედვით დადგმული წარმოდგენა. აქვეა დიეგო ფერესა და კოლუმბის შესახვევი და ლიმური "მირაფლორესიც" "სიხარულის უბანს" რომ ვეძახით. პირველად აქ ჩავიცვი შორტების ნაცვლად გრძელი შარვალი, მოვწიე პირველი სიგარეტი, ვისწავლე ცეკვა, აქ მიყვარდა და გოგოებს ვუტყდებოდი ჩემს გრძნობებში. აქ არის გაზეთი "ქრონიკის" ძველი და მშფოთვარე რედაქციაც, სადაც თექვსმეტი წლისამ, ძალა პირველად მოვსინჯე ჟურნალისტიკაში. ამ საქმიანობამ, ლიტერატურასთან ერთად, მთელი ჩემი ცხოვრება მოიცვა და, ისევე როგორც წიგნების, მისი წყალობითაც ვისწავლე, როგორ უნდა მეცხოვრა უფრო ნაყოფიერად, უკეთ როგორ უნდა შემეცნო სამყარო და დავმეგობრებოდი კარგ, ცუდ და საზიზღარ ადამიანებსაც კი. პიურაშია "ლეონსიო პრადოს" სამხედრო აკადემია, სადაც მასწავლეს, რომ პერუ არ არის მხოლოდ საშუალო ზომის სავარჯიშო მოედანი, სადაც, თავს თუმცა დაცულად ვგრძნობდი, მაგრამ ისე ვცხოვრობდი თითქოს გადასახლებაში ვიყავი. აქ მასწავლეს, რომ ეს დიდი ენერგიის მქონე, ცვალებადი და ფეთქებადი ქვეყანაა, საკუთარი სოციალური ქარიშხლები რომ ატყდება თავს. აქ კაუიდეს მიწისქვეშეთის საკნებში, სანმარკინოელ სტუდენტებთან ერთად, მსოფლიო რევოლუციისთვის ვემზადებოდი. ამასთან, პერუს "თავისუფალი მოძრაობის" ყველა იმ მეგობართან ვაიგივებ, ვისთან ერთადაც, სამი წლის განმავლობაში, ბომბების, ელექტროენერგიის გათიშვისა და ტერორისტი მკვლელების წინააღმდეგ ვიბრძოდი დემოკრატიისა და ეროვნული კულტურის დასაცავად.

პერუ ჩემი აპრეხილცხვირიანი და დაუდგრომელი ბიძაშვილი პატრისიაა, რომელზეც 45 წლის წინ ვიქორწინე. ის დღემდე უდრტვინველად ეგუება ჩემს უცნაურ ხასიათს, ნევროზს და წამიერ აფეთქებას და ასე მეხმარება წერაში. რომ არა ეს ქალი, დიდი ხნის წინ უკვე წამიღებდა ავბედითი ქარიშხალი, არ გაჩნდებოდნენ ალვარო, გონსალო, მორგანა, არ მეყოლებოდა ექვსი შვილიშვილი, ასე რომ მიხანგრძლივებენ და მიხალისებენ სიცოცხლეს. პატრისიას ყველაფერი გამოსდის ხელიდან. ის აგვარებს პრობლემებს, უძღვება საოჯახო მეურნეობას და წესრიგს ამყარებს ყველაფერში, ამასთან, აბეზარ ადამიანებს და ჟურნალისტებს არ აძლევს ზედმეტის თქმის საშუალებას, უფრთხილდება და იცავს ჩემს დროს, გეგმავს შეხვედრებსა და მოგზაურობებს, მეხმარება ჩემოდნების ჩალაგება-ამოლაგებაში და, მართლაც შესანიშნავია ის წუთები, როცა თავად ჰგონია, რომ მეჩხუბება, სინამდვილეში კი ჩემი ქება-დიდება გამოსდის და მეუბნება: "მარიო, ერთადერთი საქმე, რაც უნდა აკეთო, წერაა".

და ისევ ლიტერატურას დავუბრუნდეთ. ბავშვობისდროინდელი სამოთხე ჩემთვის ლიტერატურული მითი კი არა, იმდროინელი რეალობაა, როცა კოჩაბამბაში, დიდ, საგვარეულო, სამეზოიან სახლში ვცხოვრობდი. აქ ჩემს ბიძაშვილებთან და მეგობრებთან ერთად ვანსახიერებდი ტარზანს და სალგარის რომანის სხვა გმირებს. ამასვე ვაკეთებდი პიურაში ცხოვრების წლებშიც. მახსოვს ის პრეფექტურა, რომლის სხვენშიც ღამურები ბუდობდნენ, ირგვლივ უხმო ლანდები დაბორიალობდნენ და მიწის სიმხურვალით გაჟღენთილ ვარსკვლავებიან ღამეებს იდუმალებით ავსებდნენ. იმ წლებში წერა ჩემთვის თამაში იყო, ამ თამაშში მთელი ოჯახი იყო ჩართული და ქებასაც არ იშურებდნენ, რადგან ვის შვილიშვილად და ვის ძმისშვილად ვეკუთვნოდი; საერთოდ კი უმამო ბავშვი ვიყავი, რადგან მამა იმხანად უკვე გარდაცვლილი მყავდა და მისი სული ზეცაში იყო. მამაჩემის ფოტო მაგიდაზე მედო; იქიდან მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი ტანმაღალი, მშვენიერი ყმაწვილი მიმზერდა. ძილის წინ მუდამ ვლოცულობდი და სურათს ვკოცნიდი. ერთ დაუვიწყარ დილას, დედაჩემმა სიმართლე გამიმხილა და მითხრა, მამა თურმე ცოცხალია და დღესვე მასთან ლიმაში საცხოვრებლად გადავდივართო. იმხანად თორმეტი წლის ვიყავი და მივხვდი, რომ ამ შემთხვევამ ჩემს ცნობიერებაში ბევრი რამ შეცვალა. მაშინ ვიგრძენი, რომ დავემშვიდობე გულუბრყვილობას და სიმარტოვემ შემიპყრო. მერე კი ძალაუფლების წყურვილი და მოზრდილი ადამიანისთვის ჩვეული შიში ვიგრძენი. ხსნად კითხვა მექცა. კარგი წიგნების კითხვა საშუალებას მაძლევდა სხვადასხვა სამყაროში მეპოვნა თავშესაფარი, სადაც ცხოვრება ამაღელვებელი და სასიამოვნოდ დაძაბული იყო; მერე თავგადასავალს თავგადასავალი მოსდევდა, შემეძლო თავისუფლება შემეგრძნო და ბედნიერი ვყოფილიყავი. ფარულად ვწერდი, თითქოს რაღაც დაუშვებელსა და სამარცხვინოს ჩავდიოდი და, ლიტერატურა ჩემთვის უკვე თამაში აღარ იყო. ახლა ის საშუალებას მაძლევდა მძიმე სიტუაციებს გავმკლავებოდი, პროტესტი გამომეთქვა, წინააღმდეგობა გამეწია. აქედან მოყოლებული, დღემდე, ყოველთვის, როცა თავს დამცირებულად, დათრგუნულად ვგრძნობდი და უიმედობით ვიყავი შეპყრობილი, მთელ ჩემს არსებას წერას ვუძღვნიდი. წერა ჩემთვის სინათლე იყო, გვირაბის გასასვლელზე რომ მიმანიშნებდა და იმ მაშველ რგოლს გადმომიგდებდა, ნაპირზე გამოსვლაში რომ მეხმარებოდა.

დიდი შრომა გავწიე, ოფლიც საკმაოდ დავღვარე და, როგორც ყველა მწერალი, ახლაც ვგრძნობ ხოლმე უკმარისობის მუქარას, ფანტაზიის ერთგვარ გაღარიბებას. ცხოვრებაში არაფერი არ მანიჭებს ისეთ სიამოვნებას, როგორც თვეებისა და წლების განმავლობაში ისტორიების შეთხზვა და ქაღალდზე გადატანა. წარმოდგენები, მოგონებას რომ შემოუნახავს, ისევ და ისევ ბრუნდებიან, ღელვით და შემართებით იდგამენ ოცნებაში ფესვებს, რათა შემდგომ, რომელიმე ბურუსით მოცული პროექტისა თუ გადაწყვეტილების განხორციელებისას, ისტორიებად გადაიქცნენ. "წერა ცხოვრების შეცნობის ერთ-ერთი საშუალებაა", – თქვა ფლობერმა. დიახ, სწორედ ასეა. ამ დროს მანამდე ებრძვი წარმოდგენებითა და სიყვარულით ანთებულ ცეცხლოვან სიტყვებს, ვიდრე ბოლომდე არ დაიმორჩილებ. წერა სამყაროს შეცნობაა და, როგორც მონადირე მისდევს კვალდაკვალ თავის მსხვერპლს, მწერალიც ისევე ცდილობს დაედევნოს საკუთარ ფანტაზიებს და ჩააცხროს მათი დაუოკებელი რბოლა. მერე, გრძნობ თხზულების განვითარებასთან ერთად წარმოდგენები ნელ-ნელა როგორ შთანთქავენ დანარჩენ ისტორიებს. მართალაც რომ თავბრუდამხვევია იმის შეგრძნება, როგორ იწყებს შენზე ბატონობას ნაწარმოების ქარგა, როდესაც წერის ამა თუ იმ ფორმას ირჩევ და ცხოვრებას საკუთარ წარმოსახვას მოარგებ. ხატავ პერსონაჟებს, რომლებიც გადაადგილდებიან, მოქმედებენ, ფიქრობენ, განიცდიან, პატივისცემასა და ყურადღებას მოითხოვენ. მათ თვითნებურად უკვე ვეღარ მართავ, ვერც უფლებებს ვეღარ წაართმევ თუ, რასაკვირველია, სასიკვდილოდ არ გაიმეტებ. ეს განცდა ყოველთვის ხელახლა მაჯადოებს და ისეთი საამო და თავბრუდამხვევია, თითქოს დღეების, კვირებისა და თვეების განმავლობაში მუდმივად შეიგრძნობდე საყვარელი ქალის ალერსს.

როდესაც წარმოსახვასა და ფანტაზიაზე ვლაპარაკობდი, ძირითადად ლიტერატურულ ნაწარმოებს ვგულისხმობდი, ხოლო თეატრსა და მის ამაღელვებელ ფორმებზე კი თითქმის არაფერი მითქვამს, რაც აშკარად უსამართლობაა. თეატრისადმი სიყვარული იმ წუთიდან ვიგრძენი, როდესაც ჩემს ახალგაზრდობაში, ლიმის "ტეატრო სეგურაში", არტურ მილერის სპექტაკლი "კომივოიაჟერის სიკვდილი" ვნახე. წარმოდგენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და მიბიძგა ინკებზე დრამა დამეწერა. ორმოცდაათიანი წლების ლიმაში, თეატრალური ჟანრის არსებობის შემთხვევაში, დრამატურგობას მივყოფდი ხელს, მაგრამ იმ დროისთვის უპერსპექტივო ჟანრი იყო და მეც რომანების წერა უფრო მართებულად მივიჩნიე, თუმცა თეატრისადმი სიყვარული არასოდეს გამნელებია; იგი პროზაული თხზულებების ჩრდილქვეშ თვლემდა, ისე რომ ყოველთვის შევიგრძნობდი მის ცდუნებას და მისდამი ნოსტალგიას, როცა რომელიმე ამაღელვებელ პიესას ვუყურებდი.

მახსოვს, სამოცდაათიანი წლების ბოლოს გონებაში ბებიაჩემის დის, ასი წლის მამაეს ამბავი ამომიტივტივდა. ამ ქალმა, თავის დროზე, რეალობასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და მოგონებებისა და ოცნებების სამყაროს შეაფარა თავი. ამ ადამიანის ცხოვრება ჩემთვის პიესის შთაგონებად იქცა და მივხვდი, ეს სიუჟეტი სპექტაკლისთვის უჩვეულო და, თან საინტერესო თემა იქნებოდა, რომელიც სცენარში გაცოცხლდებოდა და საოცარ ემოციებს გამოიწვევდა. პიესის წერა ახალბედასთვის ჩვეული ხელის კანკალით და დიდი მოწიწებით დავიწყე; მოგვიანებით კი, როდესაც სცენაზე მთავარი გმირის როლში ნორმა ალეანდრო ვნახე, უჩვეულო კმაყოფილება ვიგრძენი. ამ დროიდან მოყოლებული, პიესის წერას შიგადაშიგ ისევ მივუბრუნდებოდი ხოლმე, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, სამოცდაათი წლის ასაკში სცენაზე თუ ავიდოდი (უფრო სწორად ავფორთხდებოდი) და მაყურებლის წინაშე როლს შევასრულებდი. ამ გაბედული გადაწყვეტილების წყალობით, პირველად შევიგრძენი საკუთარი სხეულის მნიშვნელობა და გავაცნობიერე ამ საოცრების არსი. ვინც მთელი ცხოვრება პერსონაჟებს იგონებდა, ხორცს ასხამდა მათ და საკუთარი შრომის ნაყოფს საზოგადოების წინაშე წარმოაჩენდა, მისთვის ეს მართლაც რომ საოცრება იყო. ვერასოდეს შევძლებ, საკადრისი მადლიერება მივუზღო ჩემს მეგობრებს, რეჟისორ ხოან ოლეს და მსახიობ აიტანა სანჩეს ხიხონს, რომლებმაც შთამაგონეს მათთან ერთად მემუშავა როლზე და, ეს უჩვეულო გამოცდა, რომელსაც თან შიშიც ახლდა, ღირსეულად ჩამებარებინა.

ლიტერატურაში ცხოვრება მოჩვენებითი გულწრფელობით წარმოგვიდგება, მაგრამ, ამასთან ერთად, მის უკეთ შეცნობაში გვეხმარება და გზას იმ ლაბირინთში გვიკვლევს, სადაც ვიბადებით, სიცოცხლეს ვაგრძელებთ და ვკვდებით. ლიტერატურა გარკვეულწილად დაგვიამებს უიღბლობისა და დანაკლისის შეგრძნებას, რაც რეალობას არ სჩვევია. სწორედ ლიტერატურის წყალობით ნაწილობრივ ვხდით ფარდას იმას, რაც ცხოვრებაში უფრო მეტად გვაეჭვებს, ვიდრე იმას, რაც დარწმუნებით ვიცით. ამ დროს ქედს ვიხრით ისეთი თემების წინაშე, როგორიცაა: ტრანსცენდენტურობა, ინდივიდუალური ან კოლექტიური ბედისწერა, ადამიანის სული, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ამბები, ამქვეყნიური და იმქვეყნიური სამყაროს რაციონალური შეცნობა.

ყოველთვის აღტაცებაში მოვდიოდი, როდესაც წარმოვიდგენდი იმ იდუმალ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი წინაპრები აღმოჩნდნენ. ამ არსებებმა, ცხოველებისაგან ჯერ ოდნავ რომ განსხვავდებოდნენ, ახლად ამოდგმული ენით დაიწყეს ერთმანეთთან ურთიერთობა და გამოქვაბულებში, ჭიაკოკონების გარშემო, ბნელ და საშიშ ღამეებში, წვიმის, ჭექა-ქუხილის, მტაცებელი ცხოველების ხმების თანხლებით ამბების თხზვა დაიწყეს. ის დრო კაცობრიობის მომავალი ბედ-იღბლის განმსაზღვრელი იყო, რადგან ამ პრიმიტიული არსებების ფანტაზიიდან, ცივილიზაციამ დაიწყო არსებობა და საკმაოდ გრძელი გზა განვლო, ვიდრე ნელ-ნელა ადამიანებად, შემდგომ კი უკვე დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოვყალიბდებოდით, საკუთარ ტომსა თუ თემს გამოვეყოფოდით, ხელოვნებას, კანონმდებლობას, თავისუფლებას ვეზიარებოდით, თან ბუნებას, საკუთარ სხეულს, სივრცეს დავაკვირდებოდით, დაბოლოს, ვარსკვლავებისკენ გაფრენას მოვინდომებდით. ის პირველქმნილი თხზულებები, მითები, ფაბულები და ლეგენდები, სამყაროს შეუცნობელი იდუმალებით და ხიფათებით შეშინებულ მსმენელს თავდაპირველად ახალი მუსიკასავით ჩაესმა ყურში. ეს იმ არსებებისათვის მხოლოდ ჭამაზე, თავშესაფარზე, ნადირობასა და მრუშობაზე რომ ფიქრობდნენ, რაღაცის მაუწყებელი ნიშანი უნდა ყოფილიყო. როცა ადამიანებმა კოლექტიურად დაიწყეს ოცნება და ერთმანეთს საკუთარი ფანტაზიები სიტყვიერად გაუზიარეს, მაშინ შეწყვიტეს თვითგადარჩენაზე ფიქრი და მათზე, როგორც ცხოვრების უმთავრეს მიზანზე, უარი თქვეს. ამრიგად, მათ ცხოვრებაში ოცნებები, ფანტაზიები, და რევულუციური მისწრაფებები გაჩნდა, რის წყალობითაც ადამიანმა დაიწყო ბრძოლა, რათა დაემსხვრია ბორკილები, გაეუმჯობესებინა ან შეეცვალა თავისი ცხოვრება და დაეკმაყოფილებინა საკუთარი სურვილები და ამბიციები. ეს კი წარმოსახულ სამყაროში არსებობას უკავშირდებოდა და ადამიანის ირგვლივ გამეფებულ იდუმალებას უარყოფდა.

ეს პროცესი კიდევ უფრო ნაყოფიერი მას შემდეგ გახდა, რაც ადამიანებმა წერა ისწავლეს. მოსმენის გარდა, ახლა მათ კითხვაც დაიწყეს, ახლა უკვე შეეძლოთ ლიტერატურის გავლენა მუდმივად განეცადათ. ამიტომ ახალ თაობებს დაუსრულებლად უნდა ვუმეოროთ და დავარწმუნოთ, რომ მხატვრული წარმოსახვა თამაშსა და გართობაზე, და, თვით ინტელექტუალურ წრთვნაზე მეტს ნიშნავს, რადგან იგი ამძაფრებს აღქმას და აღვიძებს კრიტიკულ სულს. ეს აუცილებელია, რათა ცივილიზაციამ არსებობა განაგრძოს და ჩვენში საუკეთესო თვისებები შემოინახოს. ადამიანი ველურ არსებობას აღარ უნდა დაუბრუნდეს და ცხოვრება მხოლოდ იმ პრაგმატულ აზროვნებამდე არ უნდა დაიყვანოს, სპეციალისტებს საგნების ძირეულად კვლევის დროს რომ სჩვევიათ, რადგან ამ დროს ისინი ვერ აღიქვამენ დანარჩენ მოვლენებს, ამ საგნებს თან რომ ახლავს ან მათ გაგრძელებას შეადგენს. ეს საჭიროა, რათა ჩვენივე ხელით შექმნილი მანქანების მონებად არ ვიქცეთ, რომლებიც ჩვენვე უნდა გვემსახურონ. ლიტერატურის გარეშე სამყარო სურვილებისა და იდეალებისაგან დაცლილი იქნებოდა. რობოტების ხანა კი იმას უნდა ემსახუროს, რათა ადამიანი უფრო ჰუმანური გახადოს. საკუთარი გარსიდან გამოსვლის და სხვა ადამიანის სხეულში გადასახლების უნარი ჩვენივე ოცნების თიხისგანაა გამოძერწილი და ამ უნარს გამოქვაბულიდან ცათამბჯენებამდე, კომბლიდან მასობრივ გამანადგურებელ იარაღამდე, ერთფეროვანი ტომობრივი ყოფიდან გლობალიზაციამდე მივყავართ. მხატვრული ნაწარმოებებიდან მიღებულმა გამოცდილებამ ნაყოფი გამოიღო და არ დაუშვა, რათა ადამიანი ლეთარგიულ ძილს მისცემოდა და სრულ მორჩილებას შეჰგუებოდა. არაფერს არ გამოუწვევია ისეთი მშფოთვარება და არ აუფორიაქებია ჩვენი წარმოსახვა და სურვილები ისე, როგორც იმ გამოგონილი ამბებით ცხოვრებას, რომელსაც ლიტერატურა გვთავაზობს. ამ ამბებსა და წარმოდგენებს ხშირად საკუთარსაც ვუმატებთ და ისეთ თავგადასავლებს ვიგონებთ, ცხოვრებაში ვერასოდეს რომ ვერ გადაგვხდებოდა. ნაწარმოებში ამოკითხული გამოგონილი ამბები, ფანტაზიის საშუალებით სიმართლედ გარდაიქმნება. მხატვრული წარმოსახვის დაუოკებელი სურვილი გვტანჯავს და მუდმივად ეჭვის თვალით ვუყურებთ ამ არადამაჯერებელ რეალურ სურათებს.

მართლაც ნამდვილი ჯადოქრობაა, როცა მხატვრული წარმოსახვა რაღაც არარსებულის მესაკუთრედ გადაგაქცევს, იმ არსებად აღგაქმევინებს საკუთარ თავს, არასოდეს რომ არ ყოფილხარ, იმ საოცარ სამყაროში ჩაგასახლებს, სადაც, წარმართული ღმერთების მსგავსად, მოკვდავნიც ვართ და უკვდავნიც; ამ წარმოსახვას ჩვენს სულებში ნონკონფორმიზმისა და ამბოხის სურვილი შემოაქვს. ამის წყალობით კი შემცირდება ადამიანებს შორის ძალადობა, თუმცა შემცირება მთლიანად გაქრობას არ ნიშნავს. აქედან გამომდინარე, არც ჩვენი ნება და არჩევანი შეწყვეტს არსებობას და შევძლებთ, გავაგრძელოთ ოცნება, ვიკითხოთ და ვწეროთ. ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რათა საკუთარი მდგომარეობა შევიმსუბუქოთ, დავამარცხოთ დრო და მისი თანმხლები სევდა, მერე კი შეუძლებელი შესაძლებლად ვაქციოთ.

ესპანურიდან თარგმნა - მაკა გოგოლაშვილმა

გამომცემლობა "ინტელექტი", ლექციები წაკითხული ნობელის პრემიის მიღებისას ლიტერატურის დარგში (2001-2010)

Vangogen • ვანგოგენი

Instagram