მიხეილ ჯავახიშვილი - ესეები და წერილები

მოჰკლეს პოეტი
უღვთო იყო შენი სიკვდილი!

კალამი მითრის… ენა მებმის… აზრი მერევა.

ტყვიით განგმირეს მღცოვანი გული მღცოვანის პოეტისა და გვამი მისი დააგდეს მტვრიან შარაგზაზე.

განგმირეს ის გული, რომელიც ნახევარ საუკუნის განმავლობაში ჩვენთვის იღწვოდა ღვთაებრივ ცეცხლის ალზე, ჩვენთვის თრთოდა და ჩვენთვის ფეთქავდა.

მოჰკლეს პოეტი, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში თავის კისრით ატარებდა ქართულ ლიტერატურას, რომელმაც შეჰქმნა ქართული ენა, ქართული პრესა, ქართული მწერლობა.

მოჰკლეს და შარაგზაზე დააგდეს ის ილია რომელიც 40 წლის განმავლობაში ბატონობდა ჩვენს საზოგადოებრივ აზროვნებას, საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ეროვნულ იდეას.

მოჰკლეს და ტყეს შეაფარეს და საუკუნოდ შერცხვენილი თავი, თითქო იმ ტყეს შეეძლოს მათი პირისახიდან ჩირქის ჩამორეცხა, თითქო მას შეეძლოს მათი დამალვა და თითქო იქ კი არ დაუხვდებათ სამარცხვინო ბოძი, რომელხედაც ცეცხლის ასოებით ეწერება: “ამ ნაძირლებმა მოჰკლეს პოეტი!”

ვის ან რად უნდოდა ბრძოლაში დაფლეთილი გული პოეტისა, რად უნდოდა მისი დაღლილ-დაქანცული სული და ჯანგამოლეული სხეული? ბრძოლის ველიდან გასულ მეომარს, დატანჯულსა და დაქანცულ პოეტს უფლება ჰქონდა მშვიდად დაელია თავისი სიცოცხლე, დაესვენებინა დაიარავებული სხეული და სიბერეში მაინც აენაზღაურებინა ის დანაკლისი სულიერ მშვიდობიანობისა რომელიც ახალგაზრდობაში მსხვერპლად მიუტანა საზოგადოებრივ მოღვაწეობისა და ქართულ ლიტერატურის საკურთხეველს.

მაგრამ ავ სულს შეჰშურდა მისი მშვიდობა და ისედაც მოწამლული სული აწამა და ჯვარს აცვა. ვინ იყვნენ ის უმეცარი და უგუნურნი ბარბაროსები? ვინ აღმართა მახვილი პოეტის წინააღმდეგ! ვინ მოუშხამა უკანასკნელი წუთები მოშხამული სიცოცხლისა?

არავინ არაფერი არ იცის: დაუხვდნენ შარაგზაზე, გაუგმირეს გული, აქვე დააგდეს მისი გვამი და ტყეს შეაფარეს თავი. ცხადია მხოლოდ ის რომ პოეტის მკვლელები დაიბადნენ ბნელი რეაქციის უფსკრულში. საზოგადოებრივი აღფრთოვანება შეიცვალა საზოგადოებრივ დაღლილობაზე, ზნეობრივი ნორმები - თავგასულ ავაზაკობაზე, უფლება - ძალაზე, ხოლო გუშინდელი ბრძოლის ველი, რომელიც გაჟღენთილია თავგანწირულ წმინდათა სისხლით, დღეს ხელში ჩაუვარდათ, ტყის ნადირებსა და ავაზაკებს. ღამის წყვდიადში ტყეებიდან და სოროებიდან გამოილალნენ ტურები და მგელკაცები და დაერივნენ ყველას, ვინც ახლო-მახლო მოჰხვდათ. იმსხვერპლეს რამდენიმე მოღვაწე და ეხლა არც მხცოვანი პოეტი დაინდეს. მისმა ცხოვანმა მკერდმა, ლიტერატურულ ისრებსა და შურდულებს ნაჩვევმა მკერდმა, ცხელი ტყვიაც მიიღო და სამუდამოდ გააცივა დღემდის ძალუმად მფეთქავი და ღვთაებრივი აღგზნებული გული.

მოკვდა პოეტი! მოკვდა სხეული, მაგრამ არ მომკვდარა მისი სხეული და დიდება და რაც მოკვდება იმდრომდის, სანამ სძგერს გული ქართველისა, სანამ არსებობს თვითონ ქართველი, სანამ არსებობს მისი ენა, ილიასაგან გაფაქიზებული და ქართული კალამი და წიგნი ილიასაგანვე განმტკიცებული და გასუფთავებული. მცხოვანო პოეტო!

“უღვთო იყო შენი სიკვდილი!”

1907 წელი

შვიდი თავისუფლება

იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს თვით ხალხი განაგებს, თავის არჩეულ სანდო კაცების შემწეობით, ყოველს მცხოვრებს აქვს უფლებები, რომელთა წართმევა ან შელახვა არავის შეუძლიან. ამ უფლებებით ყველა სარგებლობს, რა ტომისა, რა ჩამომავლობისა, ან რა რჯულისაც არ უნდა იყოს, სარგებლობს მდიდარიც და ღარიბ-ღატაკიც. ამ უფლებათა თავისუფალ სარგებლობას უწოდებენ თავისუფლებას. ამისთანა თავისუფლება შვიდია. აქ ჩამოვთვლით მათ და თან განვმარტავთ, თუ რაში მდგომარეობს თვითოეული მათგანი:

I პიროვნების ხელშეუხებლობა

ე.ი. არავის, არც მთავრობის კაცს, არც სხვას არ შეუძლია ტყუილუბრალოდ ვინმე შეურაცხყოს ან ავნოს რამე. არავის შეუძლიან დააპატიმროს ადამიანი, თუ ხელთ სასამართლოს დადგენილება არა აქვს. მოსამართლეს კი თავად ხალხი ირჩევს და ხელი არა აქვს სასამართლოს მოქმედებაში. მაგალითად, ინგლისში ამისთანა წესია: ვთქვათ, ვისმეზედ ეჭვი მიიტანეს, რომ მან ბოროტმოქმედება რამე ჩაიდინა ან დანაშაულობა რამე მიუძღვის და დააპატიმრეს. დაპატიმრებული 24 საათის (ხოლო იმ ადგილებში, საცა მსაჯული არ არის და იგი დაშორებულია), 3 დღის განმავლობაში უნდა წარუდგინონ მსაჯულს. მსაჯული გამოუცხადებს, თუ რა ბრალსა სდებენ და დაუყოვნებლივ გამოიძიებენ საქმეს. თუ აღმოჩნდა, რომ დაპატიმრებული დამნაშავეა, მაშინ მსაჯული წერილობით ბრძანებას გასცემს, რომ დამნაშავეს დაპატიმრება გაუგრძელონ, და სასამართლოში აძლევს. მსაჯულმა თავის ბრძანებაში უნდა აღნიშნოს დაპატიმრების მიზეზიც.

ხოლო თუ მსაჯულმა სცნო, რომ კაცი უსაფუძვლოდაა დაპატიმრებული, და გაათავისუფლა, პატიმარს უფლება აქვს სისხლის სამართალში მისცეს ის, ვინც მის დაპატიმრების ბრძანება გასცა, გინდ ეს დიდი მოხელეც იყოს, და აგრეთვე ისინიც, რომელთაც ეს ბრძანება აასრულეს. ნაპატიმარს შეუძლიან, აგრეთვე, მოსთხოვოს მათ იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მას უსაფუძვლო დაპატიმრებამ მიაყენა. ხალხის მოხელე ან ის პოლიციელი, რომელმაც დააპატიმრა, თავს ვერ გაიმართლებს მით რომ, მე “უფროსმა მიბრძანაო”. უმცროსი მოხელე მოვალე არ არის, აასრულოს უფროსის ბრძანება, რომელიც უსაფუძვლოდ ან უკანონოდ მიაჩნია, და თუ ამისთანა ბრძანება აასრულა, იგი პასუხს აგებს სასამართლოს წინაშე.

არცთუ ვინმეს ბინაში შესვლა, იქაურობის გაჩხრეკა და გადაქოთება შეუძლიან პოლიციას, ხელთ სასამართლოს წერილობითი ბრძანება არა აქვს, და ისიც მხოლოდ მზის ჩასვლამდის შეუძლიან. არავის შეუძლია წერილების გახსნა ფოსტაში, თუნდ უმაღლესი მოხელისაგან ჰქონდეს ნაბრძანები. ეს შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ აქვთ სასამართლოს წერილობითი ბრძანება. ამის დამრღვევი პასუხისმგებელია სასამართლოს წინაშე.

ყველას, იქნება ეს ქართველი, სომეხი, თათარი, რუსი, ფრანგი ან სხვა რაიმე ტომის ან რჯულის კაცი, თავისუფლად შეუძლია, საცა უნდა იქ წავიდეს ან დასახლდეს, რა ხელობასაც უნდა იმას მოჰკიდოს ხელი, ან სხვადასხვა ქონება შეიძინოს. ქაღალდები კი, რომელშიც კაცის გვარი, სახელი, წლოვანება და სხვაა აღნიშნული (ეგრეთ წოდებული პასპორტები), და ურომლისოდაც ჩვენში კაცი ფეხს ვერ გაადგამს, განათლებულ ქვეყნებში უცხო ხილია. ამერიკაში ყველას იარაღის ტარების უფლებაც კი აქვს.

იმ ქვეყნებში, საცა პიროვნების ნამდვილი ხელშეუხებლობაა, შეუძლებელია, რაც ჩვენში ეხლა ხდება: იქ ვერ იფარფაშებს უბრალო ჩაფარი, ყაზახი, პოლიციელი ან აფიცერი, რომელთაგან თვითეული ჩვენში ნამდვილი მეფეა და მთელ ხალხს თავის ქეიფზე ათამაშებს. გუბერნატორი იქ ვერ გამოსცემს საგანგებო წესებს, რომლის ძალითაც უბრალო დანაშაულობისათვის კაცს სიცოცხლეს უსპობენ. შეუძლებელია იქ ტყუილ-უბრალოდ საომარ დროის წესების გამოცხადება, ხალხის დახოცვა და ქუჩაში ხალხის უდიერი ჩხრეკა, ცემა-ტყეპა და ყველა ის, რაც ჩვენებურს კაცს კარგა აქვს გაცნობილი.

II სინდისის და რწმენის თავისუფლება

ე.ი. ყველას თავისუფლად შეუძლიან თავის რწმენა, აზრი იქონიოს, თავის რჯულს მისდიოს. შეუძლია სწამდეს ღმერთი, უარჰყოს იგი, ერთი სიტყვით თავის აზრის, რწმენისა და რჯულის საქმეში არავის არ უნდა დაეკითხოს, არავის შეუძლია ძალით მოახვიოს ესა თუ ის აზრი, რწმენა და რჯული. მით უმეტეს არავის შეუძლია ამა თუ იმ აზრის, ან რჯულის გულისათვის შეაწუხოს, ან სდევნოს ვინმე. ყველა ეს სინდისის საქმეა და მისი შეზღუდვა, შევიწროება არავის შეუძლია.

III და IV თავისუფლება სიტყვისა და წერა-კითხვისა

ე. ი. ყველას თავისუფლად შეუძლია თავისი აზრი, რწმენა გამოსთქვას, დაწეროს ან დაბეჭდოს. ამისათვის ყველას თავისუფლად შეუძლია სტამბა იქონიოს და ჰბეჭდოს ყოველგვარი წიგნები, წიგნაკები, ჟურნალ-გაზეთები, ფურცლები და სხვა. და ყველა ამისათვის სრულიადაც არ არის საჭირო მთავრობის რაიმე ნებართვა. ამ წიგნაკებში, ჟურნალ-გაზეთებში, ფურცლებში ყველას თავისუფლად შეუძლია ანგარიში გაუწიოს ან გაჰკიცხოს მთავრობისა და მოხელეთა მოქმედება, ძალიან წარჩინებულნიც რომ იყვნენ ეს მოხელენი. დაბეჭდილ წიგნაკების, ჟურნალ-გაზეთების და ფურცლების გავრცელება და ვაჭრობა ყველას თავისუფლად შეუძლია.

აგრეთვე ყველას შეუძლია თავისუფლად ლაპარაკი კრებებზე, ყრილობებზედ. ყველას თავისუფლად შეუძლია გაჰკიცხოს და ანგარიში გაუწიოს მთავრობისა და მოხელეთა მოქმედებას და არავის შეუძლია ეს დაუშალოს.

ხოლო თუ ვინმემ ბოროტად გამოიყენა ეს თავისუფლება და ლაპარაკში ცილი დასწამა ვისმე, ჭორი გაავრცელა ან ტყუილი ცნობა მიაწოდა ხალხს, მაშინვე დამნაშავე პასუხს აგებს სასამართლოს წინაშე.

სიტყვის და წერის თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს და იმიტომ არის საჭირო, რომ მოხელეთა ძალმომრეობა შეიზღუდოს, თუ მსაჯული უკანონობას ჩაიდენს, მოხელე ქრთამს აიღებს ან დასჩაგრავს ვისმე, ვინ გამოესარჩლება უძლურს? თავისუფალი სიტყვა. რაკი თავისუფალი სიტყვის შემწეობით უკანონობას გაიგებენ, ხალხი ეცდება თავიდან აიშოროს და დასაჯოს ამისთანა უკანონობის ჩამდენი.

V თავისუფლება კრებისა

ე.ი. ყოველ ადამიანს სრული უფლება აქვს, საცა უნდა და რამდენიც უნდა შეიკრიბნენ, რათა თავიანთ საქმეებზე  და სხვა და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე მოილაპარაკონ. ამისთვის სრულიადაც საჭირო არ არის მთავრობის რაიმე ნებართვა ან განცხადება. ხალხს შეუძლია მრავლად შეიკრიბოს და ქუჩა-ქუჩა იაროს სიმღერით, დროშებით და სხვა. არც თუ ამის დაშლა შეუძლია ვისმე, ამ კრებებზე თავისუფლად შეიძლება ლაპარაკი სხვა და სხვა საგნებზე, მთავრობის, მოხელეთა მოქმედებაზე და სხვა...

კრების თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისათვის, რადგან ხალხს თვითმოქმედებას აჩვევს...

VI კავშირგაბმულობის თავისუფლება

ე.ი. თუ რაიმე მიზნის მისაღწევად რამდენიმე კაცს შეერთება, შეკავშირება სურს, არავის შეუძლია ამის დაშლა. კავშირების შედგენა ერთობ ესაჭიროებათ მუშებს და გლეხებს. და საზოგადოდ მათ, ვინც სხვა და სხვა მეპატრონეთაგან არის დაჩაგრული და შევიწროებული. მეპატრონენი და მემამულენი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი სისხლი გამოსწოვონ მუშებს და გლეხებს. ამიტომ მეპატრონეს ან მემამულეს სრულიად არ აწუხებს მუშისა და გლეხის გაჭირვება. ღარიბმა და მშრომელმა ხალხმა კარგად იცის, რომ მეპატრონენი და მემამულენი მათ გაჭირვებას არ უშველიან: მუშა და გლეხი შეიძლება წელებზე ფეხს იდგამდეს, სნეულდებოდეს, სიბნელით იყოს მოცული, შიშველ-ტიტველი და მშიერი დაიარებოდეს, ყველა ეს არ აწუხებს მეპატრონეთ და მემამულეთ. მუშებმა შეიგნეს, რომ თავიანთ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თვითონვე უნდა იზრუნონ. და აი ამისთვის ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან, შეთანხმებულ მოქმედების პირობას სდებენ და კავშირს აარსებენ. ყოველი მუშა ცალცალკე მეპატრონესთან ბრძოლაში სუსტია. იგი ვერაფერს გააწყობს მასთან. მეპატრონე ადგილიდან დაითხოვს და მის მაგიერ მისვე ამხანაგს მიიღებს. ხოლო თუ მუშები პირობას დასდებენ, რომ ერთი პირი იქონიონ, ერთად იმოქმედონ, მაშინ ისინი უკვე ძალას წარმოადგენენ, იმისთანა ძალას, რომელსაც მეპატრონემ ძალაუნებურად ანგარიში უნდა გაუწიოს. მაშინ იგი ისე უდიერად ვეღარ მოეპყრობა მუშებს, რადგან იცის, რომ ერთს რომ აწყენინოს, ან ტყუილუბრალოდ დასაჯოს, მას ამხანაგები გამოესარჩლებიან. ძალაუნებურად უთმობს მუშებს და თანდათან მუშები აუმჯობესებენ თავიანთ მდგომარეობას.

გლეხებსაც სჭირიათ შეკავშირება: მემამულეებთან საბრძოლველად და მეურნეობის გასაძღოლად. მემამულეებთან საბრძოლველად გლეხები კავშირს აარსებენ და საიჯარო ქირის შემცირებას მოითხოვენ. თუ მემამულემ არ დაუთმო, მაშინ ისინი მოსამსახურეთ ჩამოართმევენ, მუშებს არ მისცემენ მიწებს დასამუშავებლად და სხვა. შეკავშირებულ გლეხებს შეუძლიათ მთლად ჩამოართვან მიწები მემამულეებს. როდესაც შეერთებულის ძალით ებრძვიან მემამულეებს, გლეხები ყოველთვის თავისას გაიყვანენ, იმიტომ, რომ ერთი პირი აქვთ, თორემ წინად ერთი რომ უარს ეტყოდა უზომო იჯარის ფასის გადახდაზე, მისსივე მეზობელი იღებდა მიწას.

გაუმჯობესებულ იარაღის, კარგი თესლის შესაძენად და ნაწარმოებ საქონლის, პურის, კვერცხების, ერბოს და სხვა გასაყიდად გლეხებს კავშირები ესაჭიროებათ. გაუმჯობესებული იარაღის და საუკეთესო თესლის შესაძენად საჭიროა დიდი ფული. ერთი გლეხი ვერ შესძლებს ყველა ამის შეძენას. საერთო ძალ-ღონით კი, საერთო ფულით, გლეხები შესძლებენ როგორც გაუმჯობესებულ იარაღის, ისე საუკეთესო თესლის შეძენას. საქონლის გასაყიდად გლეხმა საჭიროა იცოდეს, საით წაიღოს საქონელი, რამდენი დაამზადოს, - ამასაც იგი მარტოკა ვერ მოახერხებს. ამასაც ხარჯი უნდა! საზოგადო ძალ-ღონით კი მათ შეუძლიანთ გაიჩინონ საზოგადო საწყობი, საზოგადო დუქანი, იქონიონ მიწერ-მოწერა ვაჭრებთან და მყვლეფელ ჩარჩებსაც თავს დაახწევენ. ამრიგად, კავშირებს გლეხებთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

VII გაფიცვის თავისუფლება

ე.ი. ქარხანა-ფაბრიკის, სოფლის მუშებს საზოგადო სავაჭრო, საზოგადოებრივ და საქალაქო დაწესებულებაში მოსამსახურეებს, თუ მათი გაჭირვება აუტანელი გახდა, შეუძლიანთ გაფიცვა გამოაცხადონ, ე. ი. მუშაობაზე ხელი აიღონ და ამისათვის პასუხს არ აგებენ.

თუ გაფიცვის თავისუფლება არ არის, კავშირების თავისუფლება მაშინ ფუჭი სიტყვა იქნება, და ხალხს არ მოუტანს იმ სარგებლობას, რომლის მოტანაც შეეძლო. ერთმა მუშამ მუშაობა აღკვეთოს, მეპატრონე მაშინვე დაითხოვს, მაგრამ თუ მრავალი მუშა, მთელი კავშირი სწყვეტს მუშაობას, მაშინ მეპატრონე იძულებულია დაუთმოს, რადგან თვითეული მოცდენილი დღე მას დიდ ზარალს აყენებს. ხოლო მუშების დათხოვნა არ შეუძლიან, რადგან დათხოვნილ ამხანაგების ადგილის დაჭერას არავინ იკისრებს. ამრიგად, რათა კავშირის მოქმედებას რამე ნაყოფი ჰქონდეს, საჭიროა კავშირების თავისუფლებასთანავე გაფიცვის თავისუფლებაც არსებობდეს; ხოლო თუ გაფიცვის თავისუფლება არ იქნება, მაშინ ყოველ გაფიცვაში მთავრობა ჩაერევა თავის ჯარით და პოლიციელებით და მუშებს გაფიცვას შეაწყვეტინებს, რადგან მუშები გაცილებით სუსტნი არიან, ვიდრე მეპატრონეთა და ჯარის კავშირი.

ამრიგად, ყოველ მშრომელს გაფიცვის თავისუფლება ისევე ესაჭიროება, როგორც დანარჩენი თავისუფლება.

ამრიგად, პიროვნების ხელშეუხებლობა, თავისუფლება სინდისისა და რწმენისა, სიტყვა-წერისა, კრებისა, თავისუფლება კავშირებისა და გაფიცვისა, აი, ის შვიდი უმთავრესი თავისუფლება, რომელიც უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად სქესისა, სარწმუნოებისა, რჯულისა და ეროვნებისა.

28 ივნისი, 1906 წელი

მთავრობა

წინა წერილში მე ვთქვი, რომ მშრომელ გლეხობას ბევრი დამჩაგვრელი ჰყავს მეთქი. გლეხებს სჩაგრავს და იბრიყვებს პოლიცია, მთავრობა, მემამულე და ძალიან ხშირად ისეთი გლეხებიც, რომლებსაც ჯიბე გაუსქელებიათ და თავის სუსტ მოძმეს სულს უხუთავენ.

დავიწყოთ თავიდან.

რა არის და რისთვის არის მოგონილი პოლიცია? ვინ დაუყენა ხალხს ბოქაული, ჩაფარი, გუბერნატორი და მამასახლისი? რას აკეთებ, ან ვის ემსახურებიან ეს მუქთახორა ავაზაკები? პოლიცია იმისთვის არის მოგონილი, რომ მდიდრებს მშრომელ ხალხის გაყვლეფაში ხელი გაუმართოს და, თუ გაჭირდება, იარაღით მიეშველოს. ბოქაულები, ჩაფრები, გზირები, მამასახლისებისა და ამისთანა წურბელები ხალხს მოახვია მთავრობამ, მინისტრებმა, მეფემ, რომელნიც ყურმოჭრილი მონები არიან მდიდარ მემამულეებისა და ვაჭრებისა. ყველანი ემსახურებიან სიმდიდრეს, ყველას უნდა გამდიდრება, მაგრამ პატიოსან შრომით შეუძლებელია გამდიდრება, ამიტომ გველაძუებმა და გაქნილებმა ასეთი ხერხი მოიგონეს: ხალხი უგუნურია, ბოროტია, უჭკუოა და არ იცის რა არის მისთვის სასარგებლო და რა არაო. ამიტომ ხალხს პატრონობა და ყურისგდება უნდაო. პატრონად ხალხს დაუყენეს მეფე, თვითონ კი ამ მეფეს გარს შემოეხვივნენ და ხალხის ოფლითა და სისხლით დაიწყეს ცხოვრება, პარპაში და ფუფუნება.

ვინ არის მეფე?

ჩვენი მეფე არის ყველაზე მდიდარი კაცი მთელ ქვეყანაზე. მარტო იმას და იმის ოციოდე ნათესავს მთელ რუსეთში აქვს სამოცი მილიონი დესეტინა მიწა, ე.ი, ათჯერ მეტი მთელ საქართველოზე. წელიწადში შემოდის რამოდენიმე ათეული მილიონი მანეთი, აქვს აუარებელი სასახლე, ბაღები, ვენახები და სხვა. მაგრამ მეფე ამას არ კმარობს და წელიწადში ხაზინიდან 14 მილიონ მანეთს იღებს. ზოგი იტყვის, მეფე მდრიდრულად უნდა ცხოვრობდესო. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ორ-სამ მილიონით არ შეიძლება? ძალიან კარგად შეიძლება, მაგრამ საქმე ამაში არ არის, საქმე ის არის, საიდან იშოვა მეფემ ამოდენა სიმდიდრე? საიდან და ხალხის ზურგიდან, ხალხის ოფლიდან, ხალხის ნამუშევრიდან, აბა სად არის სამართალი: რაც ქართლისა, კახეთისა, იმერეთისა, გურიისა და სამეგრელოს გლეხობას მიწა აქვს!

მაგრამ ამოდენა მიწა განა მარტო მეფეს აქვს? სულაც არა! მეფესთანა მდიდარი არავინ არის, მაგრამ იმისთანა კი რამდენიმე ასი ათასია, რომელთაც აუარებელი მამული და სიმდიდრე აქვთ. მშრომელი ხალხი ამ უსამართლობას ხედავს, მაგრამ ჯერჯერობით ეს უსამართლობა ვერ მოუსპია.

რატომ, რა ამბავია?

ის ამბავია, რომ ვინც ასეთ უსამართლობას არ დაემორჩილება, ვინც თვითონ თვალს აახელს და სხვებსაც ასწავლის რამეს, ვინც მოინდომებს ასეთ უსამართლობის მოსპობას, მას მაშინვე თავზე მოახვევენ ჩაფლებს, ბოქაულებს, მთელ პოლიციას, სასამართლოს და ან ციხეში ჩასვამენ, ან ციმბირში გადაასახლებენ, ან სახრჩობელაზე აგზავნიან. მერე რათა შვრება ამას მთავრობა? იმიტომ რომ ის თავის თავსა მუქთახორა მდიდრებს იცავს და უყარაულებს. მერე რა შუაშია აქ მეფეო, იკითხავს ვინმე. როგორ არ არის შუაში! მეფე ბელადია, მეთაურია, წინამძღვარია მთავრობისა და ყველაფერი, რასაც მთავრობა სჩადის, მეფის თანხლებით ხდება. განა მეფემ არ იცის, რომ მთავრობა ხალხის ფულს ფლანგავს? განა მეფემ არ იცის, რომ მთავრობა ხალხს უზომოდ სტანჯავს, იკლებს, აწიოკებს და აოხრებს, განა მეფემ არ იცის, რომ წრეულს მთელი საქართველო გადასწევს და მიწასთან გაასწორებს? როგორ არ იცის! ძალიან კარგად იცის, მშვენიერად იცის! მერე რას ამბობს, რას შვრება? აჯილდოვებს, აქებს და თავზე ხელს უსვამს ამ მთავრობას. მაშასადამე, მეფე მათი მომხრე ყოფილა. ან რატომ არ იქნება მათი მომხრე, როცა ისინი მეფესა და იმისთანა მდიდრებს ემსახურებიან! ერთგულ მონას და მოსამსახურეს ქება და საჩუქარი უნდა, თორემ ტყუილუბრალოდ არავინ არ მოინდომებს სამსახურსა და მუშაობას. მეფის პირველი მოსამსახურები არიან მინისტრები და სენატორები. მინისტრებს მოსდევს გუბერნატორები, გუბერნატორებს - მაზრის უფროსები, მაზრის უფროსებს - ბოქაულები, ბოქაულებს - მამასახლისები, მამასახლისებს - გზირები, ხოლო გზირებზე ქვევით სდგას ას ორმოცი მილიონი ხალხი, რომელიც მუშაობს და ოფლსა ღვრის ერთი მუჭა მთავრობისთვის და მდიდრებისთვის.

მაგრამ მთავრობა მარტო მინისტრებისგან და გზირებისაგან არ შესდგება. მთავრობის მარჯვენა ხელს შეადგენს სასამართლო და სამღვდელოება. სასამართლო იმიტომ არის გაჩენილი, რომ მართალი და მტყუანი გაარჩიოს, ძლიერს სუსტი არ დააჩაგვრინოს და ყველგან და ყველაფერში სიმართლე დაიცვას. მაგრამ ვის იცავს ეხლანდელი სასამართლო, მართალსა თუ მტყუანს? ძლიერსა თუ სუსტს? მდიდარს თუ ღარიბს? ყველამ კარგად ვიცით, ვისაც ემსახურება და ვისაც იცავს ეხლანდელი სასამართლო. ათასი მართალი იყოს ღარიბი და ათასი მტყუანი იყოს მდიდარი, სულ ერთია, სასამართლო მაინც მდიდარს გაამართლებს და ღარიბს გაამტყუნებს. საცა უფალია, საცა ძალაა, სამართალიც იმის მიმხრეა. სად შეუძლიან ღარიბ-ღატაკს სასამართლოში მთელი წლობით სიარული, ვექილების დაჭერა და აუარებელ ფულის დახარჯვა? მდიდარი კი ფულით ყველაფერს გააკეთებს. მისცემს ფულს ვექილებს და ისინი მოუვლიან იმის საქმეს. ეს ყველას გამოგვიცდია და ყველამ კარგად ვიცით რომ სამართალი ფულით ისყიდება, ფული კი მარტო მდიდრებს აქვთ, მოსამართლე კი მდიდრების მსახურია და აბა როგორ გაბედავს თავის ბატონის გამტყუნებას და გაჯავრებას? მაგრამ სასამართლო არაფერია სამღვდელოებასთან შედარებით. ჩვენი მღვდლები, ეპისკოპოსები და ყველანი, ვინც ანაფორას ატარებენ, მთავრობის ყურმოჭრილი მონები არიან. ამათზე ორპირი, ორგული, გამყიდველი, ცრუ და მატყუარა ხალხი ჯერ ქვეყანაზე არ გაჩენილა, ბევრი რამე მაქვს სალაპარაკო მღვდლებზე, მაგრამ ეს შემდეგისთვის გადავდოთ.

1906 წელი

გლეხის წერილები

იმ წინაზე დაგპირდით, შემდეგ წერილში მღვდლებზე და ბერებზე მოგელაპარაკებით მეთქი.

მღვდელს რომ ჰკითხო, ის ქრისტეს მოციქულია ამ ქვეყნად, ის ამბობს, ეკლესია და სარწმუნოება ხალხს სულიერ საზრდოს აძლევს და ამ ქვეყნად სიყვარულსა და ერთობას ქადაგებსო.

ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ეხლანდელი ეკლესია და სამღვდელოება მთავრობის მოსამსახურეა და ყველაფერში ისე იქცევა, როგორც მთავრობა უბრძანებს. მთავრობა სარგებლობს ხალხის გაუნათლებლობით, რწმებით და ცდილობს, რომ ხალხმა მხოლოდ საიქიოზე იფიქროს და იზრუნოს, სააქაოზე კი შენს მაგივრად მე ვიფიქრებო. ასე ამბობს მთავრობა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით მისი ზრუნვა. მთავრობა ტყუილუბრალოდ ფლანგავს ხალხის ფულს ძვირფას ეკლესიების აშენებაზე. რუსეთში ბევრია ისეთი ეკლესია, რომელიც რამდენიმე მილიონი დაჯდა. ტფილისში, გოლოვინის პროსპექტზე რომ სობოროა აშენებული, ის ნახევარი მილიონი ღირს. მაგრამ ვკითხოთ ერთი ამ ეკლესიების ამშენებლებს, რათ უნდათ მარმარილოს კედლები, ძვირფასი თვლებით მოჭედილი ხატები, ოქროს ბარძიმ- ფეხშუმები და სახარება?

განა ქრისტე ასეთ ძვირფას შენობაში ლოცულობდა?

რათ უნდათ მღვდლებს ათას და ათი ათას მანეთიანი სამოსელი?

განა ქრისტეს ისე უბრალოდ არ ეცვა, როგორც ყველას?

მღვდლებს რომ კითხო, ძვირფასი მორთულობა და ძვირფასი ეკლესია მლოცველს სასოებას უმატებსო.

ჩემი აზრით ეს ფართი-ფურთი, ბრჭყვიალა ზიზილ-პიპილოები და ძვირფასი მორთულობა ხალხის თვალის მოსატაცებლად არის მოგონილი.

აი ამაზე ხარჯავენ წვითა და დაგვით შეგროვილ ხალხის ფულს.

არქიელები და დიდრონი მღვდლები წელიწადში რამდენიმე ათას მანეთს იღებენ, მშვენიერ სასახლეებში ცხოვრობენ და ძვირფას ეტლებით დადიან.

ერთი ჰკითხეთ, ამ სულიერ მამებს, ვისა ჰბაძავენ ისინი? ქრისტესაო, გეტყვიან, მაგრამ როდის ცხოვრობდა ქრისტე ხალიჩებით მორთულ სამ სართულიან სახლებში, როდის ჰყავდა იესოს ათი ხელზე მოსამსახურე, როდის დადიოდა ქრისტე მშვენიერი კარეტებით?

ზოგი არქიელია, ბანკებში ათასობით უწყვია, მაგრამ აბა ერთი მიდი იმასთან და შველა სთხოვე? ის მაშინვე საიქიოს გაგისტუმრებთ და მომავალ ცხოვრებით განუგეშებთ.

საიდან მიიღო ეკლესიამ ამდენი ფული? ხალხიდან და მლოცავებიდან, მაგრამ იკითხეთ, რატომ არ ეხმარებიან გაჭირვების დროს იმ ხალხს, რომელმაც იმოდენა შეძლება მისცა მღვდლებსა და ბერებს?

დღეს ყველაფერი იყიდება: პური, ღვინო, საცმელი, საჭმელი, თივა, ქერი, მარილი, ლოცვა, კურთხევა, პანაშვიდი, პარაკლისი და წირვა.

თუ მღვდელს ერთი მანეთი არ მიეცი, პანაშვიდს არ გადაიხდის, თუ თუმანი ან ხუთი მანეთი არ მიეცი, ჯვარს არ დაგწერს, შვილს არ მოგინათლავს, ჭირნახულს არ გიკურთხებს და შენთვის არ ილოცავს.

თუ ბევრი ფული გაქვს, მდიდარი ხარ და ყოველდღე მღვდელს თითო თუმანი აძლიე, დილიდან საღამომდის შენს სულისთვის ილოცავს და ღმერთს თავს მოაბეზრებს. თუ მდიდარი ხარ და მღვდელმა და არქიელმა ყოველდღე შენთვის სწირეს, ღმერთი მათ ლოცვას შეისმენს, ცოდვებს გაპატიებს და საიქიოს სამოთხეში ადგილს დაგიმზადებს.

როგორც ხედავთ, ცხონება და ცოდვების მიტევებაც ფულით იყიდება.

მაგრამ თუ ღარიბი ხარ და მღვდელს ყოველდღე ღმერთს არ შეაბრალებინე შენი ტანჯული და წამებული სული,მაშინ უეჭველად ჯოჯოხეთში შეხვალ.

ასეა ამ ქვეყნად: მდიდრებს ეხლავე ჰპირდებიან ცხონებას, ღარიბებს კი-სულის წაწყმედას.

როგორც ხედავთ, სამღვდელოება მდიდრების მოსამსახურე ყოფილა, რადგან იგი მარტო მდიდრებისათვის და ძლიერებისათვის ლოცულობს.

მაგრამ წეღან ისიც გითხარით, რომ სამღვდელოება მთავრობის მოსამსახურე არის მეთქი.

მთავრობამ აუკრძალა სამღვდელოებას პანაშვიდის გადახდა და ლოცვა იმ კაცისათვის, რომელიც მას არ მოსწონდა. ის აღარ ეკითხება ქრისტესა და მის მოციქულებს მღვდლებს, ღირსია თუ არა ეს ადამიანი ცხონებისაო. ის ბრძანებას იძლევა, აკრძალულიაო. სამღვდელოებაც ემორჩილება მთავრობის ბრძანებას.

მღვდლები მოვალენი არიან არავის აღსარება არ გასცენ, მაგრამ მათ მთავრობისაგან ნაბრძანები აქვთ, გასცენ ის კაცი, რომელიც აღსარებაზე იტყვის, რომ მე მთავრობის წინააღმდეგი ვარო. მღვდლებიც ასრულებენ ამ ბრძანებას, ხოლო ის მღვდელი, რომელიც უფრო ხშირად აბეზღებს აღსარების მთქმელს, ჯილდოს იღებს მთავრობისაგან. მას უფრო კარგ მრევლს აძლევენ და თავზე ხელს უსვამენ.

მღვდელი მთავრობის ყურმოჭრილი მონა უნდა იყოს, მაგრამ თუ გაბედა და გამოაცხადა, რომ მთავრობა უსამართლოდ იქცევა, რომ ეკლესია მთავრობას არ უნდა ემორჩილებოდეს, მას მაშინვე ან გაჰკრიჭავენ, ან სადმე გაგზავნიან “ცოდვების მოსანანიებლად”, ან დაიჭერენ და ციხეში ამოალპობენ.

საქართველოში რამდენიმე მღვდელი დაიჭირეს წრეულს და გაგზავნეს ციმბირში და ვინ იცის კიდევ რამდენს გაგზავნიან!

იცოდეთ,რომ თუ მთავრობამ რომელიმე მღვდელი დაიჭირა, ან დასაჯა, იმ მღვდელს სინდისი კიდევ უნდა ჰქონდეს შერჩენილი. ტყუილ-უბრალოდ მთავრობა მღვდელს არ დაიჭერს, არ გაუწყრება და ანაფორას არ გახდის.

ეხლა მოკლედ გეტყვით, როგორ უნდა მოექცეს ხალხი სამღვდელოებას და ეკლესიას.

ჩვენ ვთხოულობთ ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო და მთავრობა სრულიად არ უნდა ჩაერივნენ ეკლესიისა და სარწმუნოების საქმეში. სამაგიეროდ არც ეკლესია და არც სამღვდელოება უნდა ჩაერიოს სახელმწიფოს საქმეში. სამღვდელოება და ეკლესია უნ და შეინახონ იმათ, ვისაც სწამთ ღმერთი და ეკლესია. ვთქვათ, ერთ სოფელში ას კაცს სწამს ღმერთი, ათ კაცს კი არა სწამს. ასმა კაცმა უნდა აირჩიონ მღვდელი და ისე მოაწყონ ეკლესიის საქმე, როგორც მათ უნდათ, ათ ურწმუნო კაცს კი ძალა არ უნდა დაატანონ რწმენაში.

ყველამ ის ღმერთი უნდა ილოცოს, რომელიც მას სწამს, ყველამ ისე უნდა ილოცოს, როგორც მისი სურვილი იქნება.

მაშ ასე: ჩვენ ვთხოულობთ რწმენის სრულ თავისუფლებას.

ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსაგან და ვუკრძალავთ მთავრობასაც და სამღვდელოებასაც ერთმანეთის საქმეში ჩარევას.

მთავრობა განაგებს სამღვდელოებას, ეკლესიას, სარწმუნოებას, მთავრობა აშენებს ეკლესიებს და მონასტრებს.

მთავრობა ყველას ღმერთის რწმენას, ლოცვას და ეკლესიაში სიარულს უბრძანებს, მაგრამ ამავე მთავრობას არც ღმერთი სწამს, არც ეკლესია, არც სამღვდელოება, არც ლოცვა და არც სულის ცხონება.

1906 წელი

როგორ ვმუშაობ

ამ თემაზე-მწერლის მუშაობაზე-ზოგი მწერალი მთელ ტომს დასწერდა.

იგი ძალიან ფართეა და რთული. მას ორი მხარე აქვს: ტექნიკური და ფსიქოლოგიური. წეირს მარტოოდენ ტექნოლოგია არც იმდენად საინტერესოა, ხოლო შემოქმედების ფსიქოლოგია ძალიან ძნელიც არის და მოსაწყენიც. იგი იმიტომ არის ძნელი, რომ შემოქმედების ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება - ისიც ექსპერიმენტალური! - არც კი არსებობს, ხოლო რაც არსებობს - მეტისმეტად ცვალებადია, დაუდეგარი და ჭრელი. შემაძრწუნებელია ის დრო, როცა ვინმე ვივი-სექტორი პოეტს ან კომპოზიტორს კეფაზე ახალნაირ აპარატს მიადებს და მისი აზრებისა და ლანდების სურათს გადაიღებს. თუმცა-გულმშვიდად იყავიტ, ხელოვანნო, ასეთი დრო არასოდეს არ დადგება, იმიტომ, რომ ის აპარატი მონადირესავით დააფრთხობს ნადირს - აზრს.

ხიბლს, სახეს, ვინაიდან შემოქმედება და სიყვარული მეტიჩარა მეთვალყურეს თანაბრად გაურბიან.

მაგრამ რადგან შემოქმედებაც და მისი ფსიქოლოგიაც მაინც არსებობს, იმიტომ ზოგი ვინმესთვის სასარგებლო იქნება ცალი თვალით მაინც ჩაიხედოსი იმ იდუმალ კოლოფში, სადაც რომანი, პოემა, ოპერა, სურათი ან ქანდაკება მზადდება.

ბედნიერია, ვინც თავისი გზა ჭაბუკობის დროსვე იპოვა. მამაჩემი სოფლის მეურნე იყო და მეც ამ ხელობისთვის მამზადებდა. აგრონომიამ რვა წელიწადი წამართვა. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, სკოლის დირექტორმა დამიბარა და მითხრა: ,,თქვენ აგრონომად არ გამოდგებით, ამიტომ გირჩევთ სხვა ხელობა აირჩიოთ, მაგალითად, ტელეგრაფისტობა. ღოგორ მოგწონთ? ,,მშვენიერი საქმეა” მეც დავეთანხმე და აგრონომობას თავი დავანებე, მაგრამ არც ,,მშვენიერი საქმე” მიკისრია. მე სხვა რამე მაწვალებდა. მინდოდა მხატვარი გამოვსულიყავი, ნამდვილად კი წერას და ლიტერატურის შესწავლას შევუდექი და იმ დღიდან ჩემს მწვალებელს აზრებსა და სურათებს ქაღალდზე ვღვრიდი.

მართალია, მხატვრულ შემოქმედებას მალე დავანებე თავი და თითქმის ოც წელიწადს ვდუმდი, მაგრამ ამას გვერდს ავუხვევ, ავტობიოგრაფია სხვა დროისთვის იყოს.

იმ დროს მწერლობაში ,,საწყალი კაცი” იკალათებდა და მეც მიმიზიდა. ერთხელ ბაზარში მათხოვარა დავინახე - ჯუჯა, უბადრუკი, მუნჯი, მასხარა. დიდხანს ვსდიე და ვუთვალთვალე. მერმე საღამოს შვიდ საათზე ჩავუჯექი და მეორე დღეს თორმეტ საათზეღა ავდექი. ასე დაიბადა ,,ჩანჩურა”. ეს მოთხრობა ორჯერ გადავწერე და ,,ცნობის ფურცლის” რედაქციას მივუტანე, რომელმაც ერთი კვირის შემდეგ მწერალთა ოჯახში შემიყვანა.

ერთ საწყალს რამდენიმე საწყალი მოჰყვა (,,უპატრონო”, ,,თავდავი0წყება”, ,,მეჩექმე გაბო’’, ,,კურკას ქორწილი’’) და ეს მოტოვი - დაჩაგრული და უბედური - ოცი წლის დუმილის შემდეგაც მრავალჯერ გავიმეორე, შეუძლებელია არ განმეორებულიყო, ვინაიდან მწერლისთვის სიბრალული და თანაგრძნობა იგივეა, რასაც თითები წარმოადგენს ოსტატ მეჩონგურესთვის.

იმ დროს - ჩემი მწერლობის პირველ ხანში - ერთი მოტივიც გამოჩნდა: ”ეშმაკის ქვა” გუსტავ ლებონის “ბრბოს ფსიქოლოგიამ” დამაწერინა, ხოლო “ხალხის სამართალში” აწერილი სურათი ჩემივე თვალით ვნახე ცხინვალში.

რა მასალა უფრო მშველის - ავტობიოგრაფია,დაკვირვება,წიგნი თუ ჩანაწერები?ყველა ერთად ცალ-ცალკე კი არცერთი.ყველაზე უფრო სახიფათო მწიგნობრული მასალაა. თავისუფალი შემოქმედების მაგიერ ბრმა მიმბაძველობა გამოვა. დაკვირვება ერთ დროს კულტად მქონდა გადაქცეული და ძალიან დამეხმარა. პროზაიკოსისთვის იგი ფრტებს უდრის, უამისოდ ვერ გაფრინდება. შესაძლებელია, მან ხალასი ფსიქოლოგიური რამე დასწეროს,მაგრამ ის ვერ შეჰქმის ცოცხალ ტიპს, ვერ დაგვიხატავს პეიზაჟს, ვერ დაგვანახებს სულიერ-უსულო საგნების ურთიერთობას, ე.ი. ბუნებას, სიცოცხლეს, ცხოვრებას. მისი დანიშნულება კი სწორედაც ეს არის და სხვა არაფერი.

მან უნდა გვაჩვენოს და დაგვანახოს ხოლო მსჯელობა, აღწერა და საუბარი სხვებს უნდა დაუთმოს, ვისაც დაკვირვების მარაგი არა აქვს, ის ვერც ვერაფერს გვაჩვენებს.

დაკვირვება და ავტობიოგრაფია განუყრელად არის ერთმანეთში ჩახლართული. განცდილი და საკუთარი თვალით ნანახი ისევე არა ჰგავს მოგონილს, როგორც სულიერი უსულოს. ადამიანის ორი მესამედი სითხეა, ხოლო ერთი მესამედი ცხიმია, ცილა, კირი, შაქარი და რკინა, მაგრამ ეს ელემენტები რომ შეაერთოთ, ადამიანი მაინც არ გამოვა. ჰომუნკულმა და პერპეტუმ-მობილემ ასიათასობით გააგიჟა მეცნიერიც და არამეცნიერიც, ხოლო ნაძალადევად მოგონილმა მასალამ ამდენივე “მწერალი” დაასამარა და ზოგი უდავოდ დიდი მწერალიც დაამარცხა. ჩოცხალ ადამიანს სითხეც აქვს, რკინაც, კირიც დაკიდევ ის “რაღაცა”, რაც “ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად”. ყველას შეუძლია რაღაცა ამბავი მოიგონოს, მაგრამ თუ მას ეს “რაღაცა” - განცდილი და ნანახი - არ ახლავს, უსულო ფაბულა და ხერხები იმ თილისმურ ქმნილებად ვერ გადაიქცავა, რომელიც თვითონაც ჰფეთქავს, ჯადოსნობს და ჩვენც გვათრთოლებს და გვაჯადოებს, მაგრამ ნუ გგონიათ თითქოს ეს ყოფილიყოს უმთავრესი და საკმარისი.

უკლებლივ ყველას გადაჰხდენია რაღაც ამბავი, რაღაც განუცდია და რაღაც უნახავს, მაგრამ ყველა მწერლად არ ივარგებს. მწერალს და საერთოდ შემოქმედს ბევრი ისეთი რამე სჭირდება, რაც უკვე იცის მეცნიერებამ, და ერთი ისეთი რამეც, რაიც ჯერჯერობით უძლეველია და მიუგნებელი.

ერთი მხრივ მე ბედნიერი მწერალი ვარ: ძალიან ბევრი მივლია, მინახია, განმიცდია და გამიგონია, ამიტომ ავტობიოგრაფიული დუღაბი საკმაოდ მომეპოვება.

ცოდნაც არა კმარა. მარტო მწიგნობრული განათლება მცოდნეს გამოიყვანს, მაგრამ განათლებულ მწერალს ვერ შეგვიმზადებს. მარტო ცოდნა, ნამეტანი კი დიდი ცოდნა მწერალს ზოგჯერ ხიფათსაც უმზადებს. თენი სწერს: “პოეტისთვის ძალიან სახიფათოა თავის ხელობის ზედმიწევნით ცოდნა, რადგან ის პოეზიაში რადგან ის პოეზიაში ხელოვანი კი არა, ხელოსანი იქნება”. იგივე აზრი ტენზე უფრო ადრე გოეთემ გამოსთქვა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მარტო წიგნი და კარჩაკეტილობა პატიმრობას უდრის-მეთქი.

მწერალმა, ნამეტან კი პროზაიკოსმა, ბევრი უნდა იმოგზაუროს, რათა ყველაფერი ნახოს, განიცადოს, გაიგოს, მოისმინოს და შეისრუტოს, თორემ ვისაც ბევრი არა მიუღია რა, ის ბევრს ვერც მოგვცემს.

პროტოტიპი ძლიერ ეხმარება მწერალს. თუ მას თვალწინ ცოცხალი ნაცნობი უდგია, მისი ტიპიც ცოცხალი გამოვა. მაგრამ პორტრეტის დახატვა არა კმარა. მწერალი მას თავისებურად გარდაქმნის, ზოგ რამეს მიუმატებს, ზოგსაც დააკლებს და ისეთ ვინმეს გამოიყვანს, რომელიც კიდეცა ჰგავს დედანს და არცა ჰგავს.; ასე იქმნება სინტეტური ტიპი. ,,ჩანჩურა” ცოცხალი ვნახე-მეთქი.

ვნახე მეჩექმე გაბოც, კურკაც, ლამბალოც, ყაშიც, აბდულაც. კვაჭი მრავალჯერ შემხვედრია, ჩემთვისაც გაუკრავს მას კლანჭი.

ის ნარევი ტიპია.

ჯაყო სულ სხვანაირად წარმოიშვა. 30 წლის წინათ ჯავის ხეობაში უცნაური ვინმე შემხვდა -ბრგე, ბანჯგვლიანი, ცბიერი, ხარბი, ამავე დროს მარდი და მოხერხებული. მისი სახელი აღარ მახსოვს. 10 წლის შემდეგ ინჟინერმა ფიდო ყაზბეგმა ქართულ კლუბში ასეთი ანეკდოტი გვიამბო: ნაყმევმა თავის კნეინას ძღვენი მიართვა.

- გამარჯვება, ჯაყო!
- კნეინას გახლავარ.
- რასა იქმ, როგორა ხარ?
- ძალიან კარგად ბრძანდები, შენი წირი მე.
- ცოლ-შვილი როგორა გყავს?
- სულ კარგათა ხართ, გენაცვალე.
- რამდენი შვილი გყავს, ჯაყო?
- თორმეტი გყავს, გენაცვალე მაგ თვალებშია.
- როგორ მოახერხე მაგდენი, ჯაყო?
- მაშა, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! - მიუგო ნაყმევმა.

უკანასკნელ სამ სიტყვაში ამაზე უფრო მწვავე პილპილი ეყარა. ანეკდოტი ჩემს ხსოვნაში ხუთიოდე წუთზე მეტს ვერა სძლებს, მაგრამ ამ უწმაწურ ანეკდოტს ჯაველი ოსი ჩაეხლართა და ამ სახემ ჩემი ხსოვნის ერთ-ერთ კუნჭულში დაიბუდა. კიდევ გავიდა ათიოდე წელიწადი და იგი მოულოდნელად გაცოცხლდა, გაშიშვლდა და თვალწინ წამოეჭრა. აი ზოგჯერ რა უცნაურად იბადება ტიპი.

არსენას ტიპის ასახვის დროს ჩემი ბიძაშვილი ბაგრატ ბურნაძე მედგა თვალწინ.

ღვთისავარი პაპაჩემი ანდრო ბურნაძეა. ლაცაიძე თავადი მელიქი შვილის მზარეული სანდროა. მოგონილი ტიპი მშრალი გამოდის, პროტოტიპად გადმოღებულს კი მეტი სიცოცხლე ეტყობა.

მეკითხებით, პირველ იმპულსს რა გაძლევთ, - გაგონილი ამბავი, დაკვეთა, სახე თუ სხვა რამეო? გიპასუხებთ; ერთიც, მეორეც, მესამეც. ,,თავდავიწყება” (ეკა) სვ. ყიფიანმა მიამბო, ,,ტყის კაცი” - პაოლო იაშვილმა, ,,ორი განაჩენი” - შოთა დადიანმა, ,,მართალი აბდულაჰ” -სანდრო შანშიაშვილმა, ,,თეთრი კურდღელი’ - პროფ. ასათიანმა, სხვებისგანაც ბევრი რამ მოვისმინე და აქა-იქ რომანებსა და მოთხრობებში გავფანტე. ყველას და ყველაფერს ვერ მოვიგონებ.

წესად დავიდე და დღემდე ვასრულებ: თითქმის ყოველდღე რაღაც უნდა ჩავიწერო - სიტყვა, სახე, თქმა, ამბავი, წვრილმანი და მსხვილმანიც. ზოგი ყურმოკრულია, ზოგი თვალმოკრული და ზოგიც მოგონილი. ეს მასალა - გაგონილი და მოგონილი - შემოქმედების ლაბორატორიაში იხარშება, მუშავდება და ბოლოს ისეთი რამე გამოდის, რასაც ზოგჯერ თვითონ ავტორიც ძლივს იცნობს ხოლმე.

ქართული ენა

დღევანდელი ჩვენი მწერლობის კარგ დამკვირვებელს შემჩნეული ექნება ის სიტყვათა სიცოტავე, რომელიც საშინელ დაღს ასვამს ყოველი მწერლის შემოქმედებას. ხოლო, რაც უარესია, ეს პატარა საუნჯეც დაუდევრად იხმარება, რის მიზეზადაც ცოდნის ნაკლებობა მიგვაჩნია.

ქართველმა მწერალმა არ იცის ქართული ენა. იგი იოლად მიდის იმ “ცოდნით”, რომელიც გამოაყოლა თავისმა პროვინციამ და მისი სტილიც ამ პროვინციით განისაზღვრება. არავინ არ დაგიდევთ, შეიძლება თუ არა იმ “გრამატიკის” ხმარება, რომელიც თავში აქვს ჩაჭედილი ამა თუ იმ კუთხის წარმომადგენელს, და ამის გამო გაირყვნა ენა, გაირყვნა ისე, რომ სულ ადვილად შეიძლება ნაწერის მიხედვით გამოარკვიოთ ავტორის დაბადების ადგილი.

და ჩვენდა სამწუხაროდ ეს ახასიათებს ჩვენ თანამედროვე მწერალთა დიდ უმრავლესობას. ყველა თავისი ჟარგონით სწერს. და ამ ველურ ღრიანცელში იკარგება ის ენა, “რომლითაც თამარ ბრძანებას სცემდა”. საერთო სალიტერატურო ენა მუზეუმში დარჩა და ცოცხალ მოქალაქის ძოწით დადის მხატვრულ თვისებებს მოკლებული სიტყვა, რომელიც ყოვლად მიუღებელია სრულიად საქართველოსთვის.

აბა გადაავლეთ თვალი ძველ მწერლობას და ნახავთ, რომ იყო ერთი სამწერლო ენა. რაღაც ორმოცი წლის შემდეგ კი ისე გავერანდა ჩვენი მწერლობის მოედანი, რომ ყველა თავისი “სტილით” მოდის და პოეზიის მაღალ ფირმის ქვეშ ასაღებს ყოვლად დაბალ ლექსიკონს.

ჩვენ წინააღმდეგნი კი არა ვართ ამა თუ იმ პროვინციიდან მოტანილ სიტყვისა, პირიქით, ბევრი კარგი რამ მოიძებნება ჩვენს განაპირა ადგილებში, მაგრამ ეს შენაკადები უნდა ჰხვდებოდეს მთავარ მდინარესთან, რომელსაც სამწერლო ენა ჰქვიან, და რომელიც მეტროპოლიაში არის განმტკიცებული. იქნებ ვინმემ თავი იმართლოს ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის მაგალითებით? - ეს თავის მართლება არ გამოადგებათ, რადგან ვაჟაც და ყაზბეგიც მთის ენით ლაპარაკობდნენ. მთას ელაპარაკებიან და მთის გარეშეც არსად მიდიან. მათიას, ელგუჯას თუ გოგოლაურს რომ ლიტერატურული ელაპარაკნათ, ეს დაუშვებელიც იქნებოდა და სიყალბეც, ისევე, როგორც ნაძალადევი იქნებოდა დ. კლდიაშვილის გმირების სალიტერატურო ენა.

პროვინციალ კილოს ხმარება თემის საკითხია, და თუ ეს უკანასკნელი საერთო არის, ენაც ასეთი უნდა ჰქონდეს. და კურიოზია, მაშ რა არის, როდესაც ჩვენი ინტელიგენტი მწერლები რადიუმზე და ეინშტეინზე სწერენ იმავ “სტილით”, რა სტილითაც იწერებოდნენ “პროვინციული სცენები”. განა ასეთივე კურიოზი არ იქნებოდა, რომ ბლოელ აფშინას და შიოლა ღუდუშაურის დიალექტით გვეწერნა “ესთეტიკური ტრაქტატები” ან პოემები “ასტრალურ” ან “ურბანულ” ქვეყანათა შესახებ? დიახ, იქნებოდა კურიოზი, ამას ადვილადაც შევამჩნევდით, მაგრამ, რომ უკვე განმტკიცებულია კურიოზი, მეორე მხრივ, ამას ვერ ვამჩნევთ და განვაგრძნობთ ჩვენი ლიტერატურის მონაგვიანებას. ეს მტკივნეული ადგილი ყველამ უნდა დაინახოს, რომ შეჰზარდეს საკუთარი ნაწერი და ენის განწმენდისათვის მომართოს თავისი ძალა და უნარი.

ჩვენ ბევრს ვყვიროდით მაღალ და მაგარ საკითხების შესახებ. რადგან ერთი ანდაზისა არ იყვეს “არც კალა მიგვდის და არც ნიშადური”.

პირიქით, ვიძენთ კიდეც, რადგან ვაოცებთ და ვაფიქრებთ მიამიტ ხალხს, მაგრამ გვგონია, რომ ყვირილსაც დაეკარგა მჭრელობა. ჩვენი კულტურა კი მთლიანად უკვე გადადგა საქმიანობის სტადიაში. აქ კი უდიდესი ამოცანაა ენის დაწმენდა. და ამ საქმის პირველი მეთაური ქართველი მწერალი უნდა იყვეს. ხოლო ამ უკანასკნელს რომ შეეძლოს სხვათა მხილება, ჯერ თვით უნდა განიკურნოს.

ეს მეტად ადვილი საქმეა, მხოლოდ ერთი პირობაა საჭირო: აკადემიური მუშაობა რამდენიმე ხნის განმავლობაში, რაც, ალბათ, მიუღებლად მოეჩვენებათ “ჩოხიან დადაისტებს”, მაგრამ მისაღები უნდა იყვეს იმათთვის, ვისაც სწამს მწერლობა, როგორც ღვაწლი და უდიდესი პასუხისმგებლობა ერის წინაშე.

20 მაისი, 1924 წელი

ისევ ქართული ენის შესახებ

ჭირი დაუმალავი სჯობიაო. ეს ჭირიც ჩვენი ძველი ნაცნობია, თითქმის ნაჩვევი და გაშინაურებული.

ქართული ენის ამღვრევისა დადამახინჯების შესახებ მოგახსენებთ. ეს საგანი გაცვეთილი და თავმოსაბეზრებელია, მაგრამ ჩვენი დანარჩენი ჭირ-ვარამნი და სატკივარნიც დაძველდნენ.

ყველას ბავშვობიდანვე გვახსოვს ამ საგანზე ჩივილი და ზრუნვა, მაგრამ ჩვენი დასნეულებული ქართული ენა ფეხზე წამოდგომისა და დაწმენდის მაგიერ უარესად დაავადდა და ატალახდა. ისიც გვახსოვს, რომ ერთ დროს გადაგვარებულებს თითებზე ჩამოთვლიდით ხოლმე.

ეხლა კი ანგარიში აგვერია და სათვალავი დაგვეკარგა. გვახსოვს ,,დროების“, ,,ივერიის”, ,,მოამბეს” და ,,ცნობის ფურცელის” ქართული, ეხლა კი - ,,ქართული სიტყვის” ერთი წერილის ავტორისა არ იყოს - ნაწერზე ადვილად გამოიცნობთ დამწერის დაბადების კუთხეს. ამ მხრივ ჩვენში უსაზღვრო თავისუფლება დამყარდა. აღარაფერს ერიდებიან და ჟუნრალ-გაზეთებში თამამად სწერენ: ,,ლაფატკა” ,,ფლაგი”, სიროსტი”, ,,ტუმანი” და სხვ. არ ვაჭარბებ, ეს სიტყვები მე თვითონ წამიკითხია და იმავე დროს გამხსენებია, რომ თითო ასეთ სიტყვას ჩვენ შეგვიძლიან ორი და სამი ქართული დავახვედროთ.

უკან აღარავინ იხედება. ცოტაოდენი ცოდნა ენის კანონებისა სავალდებულოდ აღარავის მიაჩნია.

წიგნის ფურცელი სუსტი ანარეკლია იმ უბადრუკ სურათისა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით დღევანდელ ოჯახში, ქუჩაში და დაწესებულებებში. ამ დღეებში სასამართლოში გახლდით. ერთ დარბაზში ნამდვილი სეტყვა მოდიოდა ასეთის სიტყვებისა: “ჟენოტდელი”, “ჩისტკა”, “სოკრაშჩენიე”, “უბორკა”, “ბირჟა ტრუდა”, “სატრუდნიკი”, “მესტკომი”, “სოვრაბოტნიკი”, “ზემოტდელი”, “სანტრუდი” და ათასი ამისთანა ნარევი, გაუგებარი და გონჯი.

ასე ლაპარაკობდნენ ქართველები. ასეთივე ამბები ხდება დაწესებულებებში, სადაც ისევ ქართველები ოფლში იწურებიან ქართულის წერით. გეგონებათ, წინანდელ გიმნაზიელებს ლათინურს ან ბერძნულს აწერინებენო.

ან კი რა საკვირველია! დაიარეთ რომელიმე დაწესებულება და დაელაპარაკეთ თანამშრომლებს ქართულად. იშვიათად მიიღებთ პასუხს ქართულადვე. დაუგდეთ ყური ამ ხალხის ენას: ნამდვილი ვოლაპიუკი, ჟარგონი, უშნოდ ნარევი და ნამყნობი, უმგვანო. ამ ჯურის ხალხმა ხეირიანად არც ქართული იცის, არც რუსული, თვითონვე რომ შეიგნონ თავიანთი უენობა და მოისმინონ თავიანთი რუსულ-ქართული ან სულ დამუნჯდებოდნენ, ან თავიდანვე დაიწყებდნენ ენის შესწავლას. უცებ რომ ჩვენმა წინაპრებმა წამოიწიონ და ყური უგდონ დღევანდელ ქართულს, ნებაყოფლობით უკანვე ჩასცვივდებიან საფლავებში.

აი, ასეთი ჰიბრიდები არიან, რომ ქართულ ენას და კულტურას უმზადებენ ლათინურ და ირლანდიურ ენების ბედს, ე.ი. ნელ-ნელა მარხავენ ჩვენი ხალხის ცოცხალ ენას - მეტად მდიდარს, მოქნილს, ფერადსა და ხმოვანს.

რას გვიშველის მარტო საქმის წარმოება ქართულად?! კათოლიკური ეკლესია დღესაც ლათინურ ენაზე აწარმოებს წირვას და მიწერ-მოწერას, მაგრამ ეს ენა მაინც მკვდარია. ნუთუ შეიძლება მოკვდეს ენა შოთასი, ილიასი, აკაკის და ვაჟასი? დაუჟერებელია! მაგრამ გონება და რეალობა მაინც თავისას გაიძახიან და მრისხანე მუქარას გვითვლიან.

თევზი თავიდან აყროლდებაო. სწორედ ჩვენს ინტელეგენციაზეა ნათქვამი. იგი ჩემულობს ხალხის მეთაურობას და ხელმძღვანელობას. მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც, გახრწნა და გადაგვარებაშიც მასვე ეკუთვნის პირველობა და სხვებზე ადრე იმან უნდა დაიწყოს ზრუნვა საკუთარი თავის განკურნებაზე.

ზოგნი ამ სნეულებას უიმედოთ შესცქერიან, მე კი მაგონდება ერთი მაგალითი: 1905- 1906 წლებში, სულ ორიოდე წელიწადში ყველა სომხები თავიანთ დედაენაზე ალაპარაკდნენ (ბარაქალა იმათ!).

როგორ მოხდა ეს ამბავი? სულ უბრალოდ: მოინდომეს და შეასრულეს, ხალხის ნებაყოფლობამ, უკვდავების ალღომ და სიცოცხლის წყურვილმა ასი წლის ნაშენი ზღუდენი გადალახა და თავისი ენით ამეტყველდა.

არც ჩვენა გვაქვს სხვა გზა, გარდა ასეთივე ნებისყოფის, დაჟინების, შეგნებისა და სიცოცხლის წყურვილისა.

ყველამ თვითონვე უნდა იზრუნოს თავის თავსა და ოჯახზე.

25 მაისი, 1924წ.

ქართული წიგნი და ქართველი მწერალი

საერთოდ მწერლობა ერის სულიერ კულტურის ერთ-ერთ დედაბოძად ითვლება. ასე იყო ყველგან და ყოველთვის. ასეა ჩვენშიც დღესაც.

ერთის გაკვრით რომ გადავავლოთ თვალი ჩვენს შორეულსა და მახლობელს წარსულს, ადვილად დავინახავთ, რომ კულტურის ეს დარგიც მფარველობით შენდებოდა. სასულიერო მწერლობას ეკლესია აცხოვრებდა, საეროს - ხაზინა, ჯარადა ძლიერნი ამა ქვეყნისა.

შემთხვევითი მოვლენა არა არის ის გარემოება, რომ წარსულ საუკუნეში თითქმის ყველა ჩვენი გოლიათი მწერლები თავადაზნაურნი იყვნენ.

თუ მათ შორის გაერივნენ ღარიბი მწერლები, შუა გზაზე გასტყდნენ, ადრე დაილივნენ და მოსაცემის ნახევარიც ვერ მისცეს ქართულ კულტურას.

ყველას თვალწინ გვიდგა ტრაგიკული ბედი უეჭველ გენიოსების ვაჟა ფშაველასი და ნიკო ბარათაშვილისა. ქართულმა რეალობამ ორივენი მიყრუებულ ბუნაგებში ჩაჰკლა და იმდენი ვერ მოახერხა, რომ მათთვის მიეცა თავისუფალი დრო და საცხოვრებელი ბინა ტფილისში. ვინ დასთვლის, “ვინ იცის რაოდენი საუნჯენი დავკარგეთ ჩვენა” ამ გაუტეხელს, ულმობელ და უძლევნელ რეალობის გამო?

ერთი მუჭა ხალხი ვართ, ისიც ევროპელებთან შედარებით მეტად ღარიბ-ღატაკნი. და ჩვენი ლიტერატურის ღარიბობას ვინ მიაწერს ქართველ ხალხის შემოქმედების უნარის სისუსტეს, ან ამოწურავს? რამდენიმე სახელი რომ მოვიგონოთ, ესეც საკმარისი იქნებოდა. ამას თუნდ მარტო შარდენის სიტყვები დავუმატოთ: “ქართველებს რომ შესაფერისი პირობები ჰქონდეთ, მრავალს დიდ ხელოვანსა და მეცნიერს მისცემდნენ კაცობრიობასო”. საქმეც მხოლოდ “შესაფერ პირობებში” ყოფილა. მაგრამ პირობებიც ორნაირია: დასაძლევი და უძლეველი.

უძლეველ პირობებს - ჩვენს მცირერიცხოვანობას და სიღარიბეს დავანებოთ. ეს მომავალ ისტორიის საქმეა, დავუბრუნდეთ დასაძლევს, სადღეისო საქმეს.

ერთს წერილში უკვე ვსთქვით და ეხლაც ვიმეორებთ, რომ წიგნის ბეჭდვის გადაქცევა საწარმოო საქმედ და ერთგვარი სახელმწიფოებრივი დახმარება ორი უმთავრესი საფუძველია მწიგნობრობის განვითარებისა.

პირველისთვის საჭიროა იაფი წიგნი და დიდი ტირაჟი, ე.ი. ბევრი მყიდველი, ე.ი. წიგნის გავრცელება. ქართული წიგნი რომ პროვინციელ მყიდველს ვერ სწვდება, ამაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ამ საგანს ერთი წერილი ჩვენც მივუძღვენით. ქართული წიგნის მცირე გავრცელების ერთ-ერთი მიზეზეი წიგნის სიძვირეც გახლავთ.

უკანასკნელ დროს ცხოვრების გაიაფებას ხელისუფლებამ უდიდესი ყურადღება მიაქცია. პირველ საჭიროების მრავალი საქონელი თვალსაჩინოდ გაიაფდა. დღევანდელი ხელისუფალნი მუდმივ ხაზგასმით იმეორებდნენ, რომ წიგნიც პირველ საჭიროების საგანიო, მაშასადამე, დროა ამაზედაც ვიზრუნოთ და ხალხს იაფი წიგნი მივაწოდოთ. წიგნის თვითღირებულებამ წინანდელთა შედარებით ერთი-ორად მაინც მოიმატა. ამას მოჰყვა ბაზრის შეკუმშვა, მყიდველის შემცირება, თუმცა ამავე დროს ქართველმა მკითხველმა მრავალჯერ იმატა.

წიგნის გაიაფების და გავრცელების შესახებ სხვებზე ადრე და ყველაზე მეტად სახელმწიფო გამომცემლობამ უნდა იზრუნოს. ეს არის მისი სადღეისო, უმთავრესი საქმე, და თუ მან იგი სძლია, მისი არსებობაც ერთი ორად იქნება გამართლებული.

მაგრამ ეს გახლავთ საქმის ერთი ნახევარი. მეორე ნახევარს შეადგენს განსაკუთრებული მზრუნველობა და მფარველობა, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაუწიოს საერთოდ ხელოვნებას, და კერძოდ - მწერლობას.

ყველა წარმატებული ქვეყნები ამ საქმეზე უამრავს ენერგიასა და სახსრებს ჰხარჯავენ, ლიტერატურულს მფარველობის დანარჩენს ფორმებს თავი დავანებოთ და გავიხსენოთ მხოლოდ ერთი ფორმა: პრემიები. მარტო საფრანგეთი წლიურად ასიოდე პრემიას აძლევს სიტყვაკაზმულ მწერლობას. სახელმწიფოს გარდა ყოველწლიურ კონკურსს ნიშნავენ საზოგადო დაწესებულებანი, ქალაქები, ჟურნალ-გაზეთები, გამომცემელნი და მეცენატები. შეჯიბრება დიდი ხელწამკრავია შემოქმედებისა.

ამ საგანზედაც ჩვენში მრავალი დაუწერიათ და უფრო მეტი უთქვამთ, მაგრამ სამწუხაროდ - “სიტყვა სხვაა, საქმე სხვაა, შუა უდევს დიდი მზღვარი”.

ერთი ასეთი “სიტყვაც” გვაგონდება - ქართული აკრადემია. ვინ იცის რამდენი თაობა ატარებს აზრად ამ საგოგმანებელ საქმეს. დროც მოვიდა და საქმეც დამწიფდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ მას ვერ მოვერიოთ.

საჭიროა მხოლოდ შესაფერი მხნეობა და გამრჯელობა განათლების მზრინველის მხრივ, რომელიც ჩვენი კულტურის მესაჭედ არის დაყენებული.

1924 წელი

წერილი ქალიშვილსადმი

შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგულიწევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.

შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია,ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.

ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენისიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის.

შენ მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.

 მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.

განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.

გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.

სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.

თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე.

ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი - შრომა, მეორე - შრომა და მესამე - შრომა.

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე.

შენი მოსიყვარულე მამა, მიხეილ ჯავახიშვილი

უბის წინაკიდან 1924 -1935 წწ.

1924
დამარცხებული და განადგურებული საქართველო დაემსგავსა ქეციანს, დაღრეჯილს, დაშინებულ და კბილებალესილ მგელს; ქართველებს გულში ჩირქი დაუგუბდათ და სულში ხანძარი მოედოთ; ორი მეგობარი: ბოლ. და მენ. 1920წ. შეხვდნენ ერთ ოჯახში. მენ-მა ის არ დააპატიმრა. მეგობარმა და ნათესაობამ დასძლიეს სახელმწიფო. 1924 წ. ბოლშევიკმა შეიტყუა მენშევიკი და დააპატიმრა.

სახელმწიფო მანქანას ყალიბი არა აქვს. იგი ხალხს ამსხვრევს და ნაგლეჯებს აქეთ- იქით ჰყრის. საქართველო გაიტენა ქვრივებით, ობლებით, ცრემლით და ვაებით.

1925
1925 დეკ. ყრილობაზე მარიამ ორახელაშვილმა განაცხადა: სხვა ენები მოვსპოთ და რუსულის სწავლა გავაძლიეროთ, რათა ჩვენებს შეეძლოთ რუსეთში სამსახურიო. მეფის მოხელეებს ამაზე მეტი არაფერი უთქვამთ.

პირდაუბანელი, დაუვარცხნელი, დაკონკილი, აგრეხილი, კუზიანი ტფილისი(ქუჩები), აწეწილი.

1926
ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის შესარიგებლად საჭიროა ერთ-ერთი: ან ქართველი ხალხი უნდა გარუსდეს, ან ხელისუფალი გაქართველდეს. ჯერჯერობით არც ერთია შესაძლებელი, არც - მეორე. მაშასადამე, ხრამი ისევ ხრამად რჩება.

მიწა ჩემი სველია სისხლისა და ცრემლისგან; გული ჩემი სავსეა დარდისა და სევდისგან.

1927
დღევანდელ ქართველ მწერალს რწმენა აკლია, და კრიზისის სათავეც სწორედ აქ არის. რასაც ამბობს, არა სჯერა და რაცა სჯერა, ვერა სწერს. როცა სატირალი აქვს, იცინის და სადაც ეცინება, სტირის. ამიტომ არის მისი პათოსი ყალბი და მჩატე. მოჰგლიჯეთ პირიდან ბოქლომი და ნახეთ: ისე ატირდება, რომ მისი ცოდვით ქვაც კი დადნება და ისეთ ლოცვას იტყვის, რომ ღვთისმშობელსაც კი გააცოცხლებს.

“იყო და არა იყო რა, ლენინზე უკეთესი ვიღა იქნებოდა!’’ - ასე იწყება დღეს ზღაპარი.

1929/30
25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითიდღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ეხლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ.’’

 ქართული ნაციონალიზმი ანუ პატრიოტიზმი მხოლოდ სიძულვილია უცხოელებისადმი, რომელთაც დაიპყრეს შენი სახლი, ჩვენი ცოლ-შვილი და ჩვენი ნაშრომი. რუსული ნაციონალიზმი კი აღვირაწყვეტილი სიხარბეა მხეცისა, რომელმაც ათი მეზობლიდან ცხრა შეჭამა და მეათესაც მოითხოვს.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram