ზურაბ ჟვანიას სიტყვა ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას სიტყვა ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის 1999 წლის 27 იანვრის სხდომაზე ქალაქ სტრასბურგში.

ბატონო პრეზიდენტო,
პატივცემულო კოლეგებო,

ამ მომენტში უაღრესად აღელვებული და ემოციებით აღსავსე ვარ. პატივი მაქვს, მოგმართოთ ჩემი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ დღეს. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე მინდა ვთქვა, რომ ყოველი ქართველი, საქართველოს ყოველი მოქალაქე ამ დარბაზიდან, ევროპის სასახლიდან ამბებს მოელის.

მინდა გულწრფელად მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებას ეხმარებოდა. მათი ღვაწლი ფასდაუდებელია. ჩვენ ძალზე მადლობლები ვართ საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის ქალბატონი ლენი ფიშერისა, რომელმაც საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის დაწყებისა და განვითარებისათვის უდიდესი ძალისხმევა გაიღო. მინდა გულითადად მივესალმო ლორდ რასელ ჯონსტონის ამ ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას.

ბატონო პრეზიდენტო, მადლობელი ვართ თქვენი თანადგომისთვის, მადლობელი ვართ მოხსენებისთვის, ბატონების - ტერი დევისისა და ანდრას კელემენისა. ისინი საქართველოში პირველი ჩამოსვლის დღიდანვე, პრინციპული და მკაცრი შემფასებლები იყვნენ, გაიღეს უდიდესი ენერგია და ძალისხმევა, რათა დეტალურად შეესწავლათ საქართველოში მიმდინარე პროცესები და ვითარების ყველა წვრილმანი დეტალი. ახლა უკვე გვყავს ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრები, რომელთაც ზუსტი წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში და მის გარშემო.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თქვენგანს, ვინც ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებას ხმა მისცა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიტიკური ჯგუფისა და სახელმწიფო დელეგაციის წარმომადგენლებს. ყველა თქვენგანი გულწრფელად ეცადა ჩვენი პრობლემები და ჩვენი სინამდვილე შეესწავლა და გაეგო, ჩვენი იმედები გაეზიარებინა. მინდა მადლობა მოვახსენო მათაც, ვინც ახალი ათასწლეულის ზღურბლზე, მსოფლიოს ამ ნაწილს რუსეთის მე-19 საუკუნის იმპერიული პოლიტიკური გეოგრაფიის კანონებით იხილავს. მადლობელი ვარ, რომ მათ ხელი არ შეუშალეს ასამბლეის კენჭისყრას, ისინიც მიესალმნენ საქართველოს ევროპის საბჭოში შესვლას.

ასამლეის მოხსენება, რომ საქართველო მისი დამოუკიდებლობის პირველი წლიდან ისეთ ქაოსსა და განუკითხაობაში აღმოჩნდა, რომ ვინმე ძნელად თუ ირწმუნებდა ჩვენი სახელმწიფოს მომავალს - გამოვცადეთ სამოქალაქო ომის სიმწარე, ეკონომიკის ნგრევისა და ურთულესი სოციალური კრიზისის მოწმენი გავხდით. დღეს საქართველო სულ სხვა ქვეყანაა. 1995 წლის აგვისტოში ფართო პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად კონსტიტუცია მივიღეთ, სწორედ ამიტომ კონსტიტუცია ერის გამთლიანებისა და ეროვნული თანხმობის ათვლის წერტილად იქცა. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა, რომელიც ახალი კონსტიტუციის ბაზაზე გაიმართა, გზა გაუხსნა რადიკალურ რეფორმებს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში; ბოლო სამი წლის განმავლობაში ხუტასზე მეტი პრინციპული საკანონმდებლო აქტი მივიღეთ. წამოვიწყეთ კარდინალური იურიდიული რეფორმა. გავმართეთ ადგილობრივი არჩევნები. დღეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას პლურალისტური პოლიფონია წარმართავს. ძლიერი და დინამიკური სამოქალაქო სექტორი გავლენიან და დამოუკიდებელ მასმედიაზე დაყრდნობით ვითარდება, ასევე ძლიერი და გავლენიანია არასამთავრობო ორგანიზაციები.

ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ის არის, რომ საქართველო მსოფლიოს ჩვენს რეგიონში ახალი რეგიონული არქიტექტურის ჩამოყალიბებაში საკვანძო როლს ასრულებს. რეგიონის მომავლის ჩვენეული ხედვა ეფუძნება ჩვენს იმ რწმენას, რომ კასპიისა და შავი ზღვის რეგიონის უსაზღვრო ბუნებრივი რესურსები დაუსრულებელი კონფრონტაციის მაგივრად, რომლისგანაც ვერავინ ვერაფერს მოვიგებთ, საშუალებას გვაძლევს და, უფრო მეტიც, რეგიონის ყველა ქვეყანას სთავაზობს, ერთად მოვიგოთ თანამშრომლობით.

„ახალი აბრეშუმის გზის“ კონცეფციას ახალ რეგიონულ წესრიგამდე მივყავართ, რომელიც მსოფლიოს ამ ნაწილში სტაბილურობასა და კეთილდღეობას ნიშნავს. ეს ჩვენი წვლილი იქნება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში. არც ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს იზოლირებული ამ შესანიშნავი პერსპექტივისგან.

ვსარგებლობ შემთხვევით და პატივცემულ კოლეგებს მივმართავ, დაჩქარდეს ჩვენი უახლოესი მეზობლებისა და ძმების - სომხეთისა და აზერბაიჯანის ევროპის საბჭოში გაწევრიანება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას და მთელს რეგიონში თბილი და უფრო ძლიერი თანამშრომლობის სულისკვეთებას დაამკვიდრებს.

ჩვენ, როგორც ახალი დემოკრატიის ქვეყანას, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. მე ვიზიარებ მომხსენებლისა და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის წევრების, დამატებების ავტორთა შენიშვნებს. ჩვენ ვცდილობთ ყველა ეს პრობლემა საშინაო პოლიტიკის კონტექსტში მოვაგვაროთ. ჩვენთვის მისაღებია თქვენი პირობები და ვადები, რადგან თავისთავად ეს პირობები და ვადები ჩვენი სამუშაო პროგრამის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელთაც საპარლამენტო ასამბლეა მას აკისრებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დიდი წვლილი შეიტანა ახალი ევროპული წესრიგის ფორმიარებაში, იმ წესრიგისა, რომელშიც საშუალებას გვაძლევს გამყოფი ხაზისა და კედლის გარეშე ვისაუბროთ დიდ ევროპაზე. ყველასათვის თვალსაჩინოა მისი პირადი რწმენა და ძალისხმევა, საქართველო გამხდარიყო ამ ახალი არქიტექტურის, ახალი წესრიგის ნაწილი.

ევროპულ თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანება მხოლოდ მისი პრეზიდენტის ან პოლიტიკური ისტებლიშმენტის პრიორიტეტი არ არის. ეს ფუძემდებლური პრიორიტეტია, რომელიც ქართველი ხალხის სურვილს, ცნობიერებას და მისწრაფებას ასახავს. ჩვენ გვჯერა საქართველოს მომავლისა, რომელიც თავის ბუნებრივ ადგილსამყოფელს უბრუნდება, რომელიც ბრუნდება თავის სახლში - თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახში.

ევროპის საბჭოში გაერთიანება არის ჩვენი პოლიტიკური არჩევნისა და იმის განცხადება, რომ ის ფასეულობები, რომელთაც ქართული საზოგადოება ეფუძნება - პლურალიზმი, საზოგადოების მრავალფეროვნების პატივისცემა, ტრადიციული შემწყნარებლობა, პიროვნების ღირსება და ყოველი ცალკეული ადამიანის უფლებების უზენაესობა - ქართველთათვის ჭეშმარიტი ღირებულებებია.

ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობა და ეროვნული თვითმყოფადობა, ვოცნებობდით იმ დროზე, როდესაც ჩვენს სახლს დავუბრუნდებოდით.

მე ვფიქრობ, თქვენ შეძლებთ გაიგოთ ჩემი და ჩემი მეგობრების, საქართველოს დელეგაციის წევრების ემოციები, რადგანაც ჩვენ უაღრესაც ბედნიერები და ამაყები ვართ იმით, რომ ჩვენს თაობას წილად ხვდა პრივილეგია ამ დარბაზში განაცხადოს: მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram