ზურაბ ჟვანია - ჩვენი თაობის პრივილეგია

დაახლოებით ოცდაათი ადამიანიდან თქვენ თუ გეყოლებათ სამი ადამიანი, რომელიც სულ რაღაცით არის უკმაყოფილო, თქვენგან თავს გრძნობს საშინლად დისკომფორტულად და რაღაცის გამო შეურაცხყოფილია, ის სამი ადამიანი მუდმივად იქნება იმის მოლოდინში, რომ რაღაცა მომენტი ჩაიგდოს ხელში, როცა თქვენ ან ჩაგეძინებათ, ან სხვა რამით იქნებით დაკავებული, რომ რევანში განახორციელოს და თავისი ღირსება აღიდგინოს. სწორედ ეს არის უმცირესობების საკითხი. თუ თქვენ გსურთ, რომ საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობთ, იყოს დაცული, იყოს სტაბილური და არ შეიცავდეს მუდმივი დესტაბილიზაციის საფრთხეს, თქვენ აუცილებლად უნდა ეცადოთ, რომ რელიგიური უმცირესობა ან ეთნიკური უმცირესობა გრძნობდეს, რომ მისი ინტერესები, მისი ღირსება, მისი უფლებები სათანადოდ არის პატივმიგებული და მას აუცილებლად უნდა უპოვოთ იმის შესაძლებლობა, რომ კომფორტულად გრძნობდეს თავს იმ საზოგადოებაში, სადაც არის მისგან განსხვავებული უმრავლესობა.

ნებისმიერი დემოკრატია წარმატებულია იმ შემთხვევაში, როცა ძალისმიერი ელემენტი, რომელიც ყველა სახელმწიფოს სჭირდება, - იქნება ეს პოლიცია, ჯარი თუ სპეცსამსახურები, - შეზღუდული იქნება სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების მიერ.

დემოკრატია - ესეც ძალიან ხშირად სწორად არ ესმით ჩვენს საზოგადოებაში - ეს არ არის უბრალოდ რაიმე საქონელი, ვთქვათ, საღეჭი რეზინი, რომლის იმპორტირებასაც მოახდენ საიდანღაც, დადებ მაგიდაზე და ის თავის დანიშნულებას შეასრულებს. ის აუცილებლად უნდა იყოს ეროვნული სწორედ ამ თვალსაზრისით, რომ ეყრდნობოდეს ეროვნულ ტრადიციას და ორგანულად ჯდებოდეს ამ ეროვნული პოლიტიკური ტრადიციის კონტექსტში.

ამიტომ ვთქვი მე, როდესაც ჩამოვაყალიბე ის ფორმულა - მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი, - რომ ამაში აისახებოდა ჩემი რწმენა, რომ ეს არის ის ფორმულა, რომელიც ყველაზე სრულფასოვნად ასახავს მთელ ჩვენს პოლიტიკურ გამოცდილებას. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ არის საზოგადოებები, რომლებსაც სულ სხვა სოციალური კულტურა აქვთ, სულ სხვა ისტორიული გამოცდილება, და ზოგიერთ შემთხვევაში ეს არ გაეგება ბევრ დასავლელ ანალიტიკოსს.

არის საზოგადოებები, სადაც დემოკრატიული პრინციპების განხორციელება ყოველთვის დაკავშირებული იქნება არა შინაგან ტრადიციასთან, არამედ ეს იქნება რაღაც გარედან იმპორტირებული სიკეტე, მაგრამ ქართული საზოგადოება ვერასოდეს ვერ იქნება სტაბილური, ვერ იქნება მდგრადი და ქართველები მთლიანობაში ვერ იგრძნობენ თავს რეალიზებულად, ბედნიერად სხვა პირობებში, გარდა დამოუკიდებელი სახელმწიფოსი, და თანაც, ისეთი სახელმწიფოსი, რომელიც სწორად ქმნის დემოკრატიას.

მე ძალიან მიყვარს კენედის სიტყვები, რომელიც ამბობდა, რომ „დემოკრატია არასდროს არ არის მონაპოვარი, არასდროს არ მიიღწევა, ის საჭიროებს მუდმივ ძალისხმევას“. არ შეიძლება თქვა, მე მივაღწიე დემოკრატიას და შემიძლია წამოვწვე მხარ-თეძოზე და ვინებივრო. დემოკრატია არის მუდმივი ძალისხმევა და, როგორც კი საზოგადოება ამ ძალისხმევის განხორციელებას წყვეტს, ეს სისტემა იშლება. ის დაფუძნებულია მასში ჩვენი, თითოეული მოქალაქის, ყოველდღიურ მონაწილეობაზე.

ჩვენ ნამდვილად არ ვართ ცალ-ცალკე, თუმცა არის ბევრი საკითხი, ტაქტიკური საკითხი, თუ გნებავთ, რაშიც მე მას (მიხეილ სააკაშვილს) არ ვეთანხმები. მე საერთოდ ძალიან ფრთხილად ვუყურებ სიტუაციის რევოლუციონიზირების პერსპექტივებს, იმიტომ რომ ჩემი შინაგანი რწმენაა ის, რომ ნებისმიერი რევოლუცია საბოლოოდ ძალიან ცუდ შედეგებს იწვევს. ეს ყოველთვის ლექის ამოსვლაა ზედაპირზე, დანგრევაა ყველაფრისა, რაც კი არსებობს დღეისათვის და ა.შ. სხვათა შორის, მე არ მინდა ახლა ვთქვა, რომ მიშა არის რევოლუციონერი, თუმცა მას ხშირად აქვს ასეთი იმპულსები. მაგრამ მე და მას გვაქვს საქართველოს მომავლის აბსოლუტურად ერთნაირი ხედვა, და უსაფუძვლოა ჭორები ჩვენ შორის კონკურენციაზე და ა.შ.

ძალიან სახიფათო ილუზია - როდესაც ჩვენ ვთამაშობდით ნაციონალური თემით. ხომ გახსვოთ, რუსებმა გაუშვეს პროპაგანდა - მოსკოვმა პირველ წლებში, ზვიადის დროს - რომ ქართველებმა წამოსწიეს ლოზუნგი, „Грузия для грузин”- სინამდვილეში ეს ვიღაც ერთმა მესამეხარისხოვანმა იდიოტმა თქვა და არ მოხდა ამის კატეგორიული დაგმობა, ამისგან გამიჯვნა. პირიქით, ეს ბევრს ესიამოვნა. აი, ეს დაგვიჯდა ძალიან ძვირად, იმიტომ, რომ ამან მართლა შეიტანა ჩვენს პოზიციაში ბზარი, რომელიც მერე და მერე ხელოვნურად ფართოვდებოდა, ფართოვდებოდა და ფართოვდებოდა. და მაშინდელ ჩვენს ლიდერებსა და მესვეურებს აბსოლუტურად არ ესმოდათ, როგორი დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო უმცირესობებთან.
- ეს ფაშისტური მიდგომა იყო?
- არ იყო ფაშისტური, იყო იდიოტური მიდგომა. ფაშისტური მიდგომა არის უფრო თანმიმდევრული, და ის, რაც ამ მიმართებით აქ ხდებოდა, იყო აბსოლუტურად არათანმიმდევრული, იმპულსური იდიოტიზმი.

საქართველოში მიმდინარე პროცესებში უმცირესობების ჩართვა უმცირესობებისათვის კი არ კეთდება, - პოლიტიკაში არ არსებობს ფილანტროპია და ქველმოქმედება, - ეს კეთდება უმრავლესობისათვის, რათა არ არსებობდეს შენელებული ბომბები, ნაღმები, რომლებიც ადრე თუ გვიან აუცილებლად აფეთქდება, როდესაც ადამიანების რაიმე ჯგუფი მუდმივად თავს გრძნობს დისკრიმინირებულად და არაწარმოდგენილად, და თვლის, რომ არა აქვს თვითრეალიზების შანსი.

დღევანდელი დემოკრატია - ეს არის გამოცდილება, რომელიც ეფუძნება ბერძნულ, რომაულ და იუდაურ-ქრისტიანულ ტრადიციებს.

მონტესკიე ამბობდა, რომ მთავარი ის კი არ არის, კანონი როგორ არის დაწერილი; მთავარი ის არის, რა სული არის იქ ჩადებულიო. ეს, სხვათა შორის, დღემდე ძალიან აქტუალური დებულებაა.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვიყოთ პრაგმატულები, ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ დავინახოთ, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი ეროვნული ინტერესი.

ჩვენ უარს ვამბობთ კონკრეტული პრობელემების გადაწყვეტაზე, იმიტომ, რომ რაღაც ირაციონალური თემებით, აბსურდული ცნებებით ვოპერირებთ. ჩვენ კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად, თვითონ ვიგონებთ რაღაც მსოფლიოს, სადაც არიან რაღაც ზღაპრული ურჩხულები, მფრინავი დრაკონები, და ამას უნდა დავუპირისპირდეთ ხმლებით. და ეს - იმის ნაცვლად, რომ კონკრეტულად ვაშენოთ ჩვენი სახელმწიფო და კონკრეტული პრობლემები ვაგვაროთ ამ გამოგონილ სამყაროში.

სამცხე-ჯავახეთს ცალკე ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, მისთვის ავტონომიის მიცემა არ შეიძლება. საერთოდ, არავისთვის არაფრის მიცემა არ შეიძლება, რადგანაც ეს არის უმთავრესი კანონი, რომ ნებისმიერ ტერიტორიას, არა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულს, როდესაც აძლევ ერთხელ რამე უფლებას, იმისი უკან წამოღება შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელია, და ამისი დაბრუნება შემდეგ ხდება მხოლოდ სისხლიანი დაპირისპირების შედეგად.

იმისთვის, რომ იმას ჩასწვდე და გაიგო, ქართული პოლიტიკა როგორ უნდა იყოს წარმატებული, როგორ უნდა უზრუნველყო ქართული სახელმწიფოს მდგრადობა და მისი წარმატებული განვითარება, აუცილებლად უნდა გქონდეს გონებაში წარმოდგენილი, თუ რა საზოგადოებასთან, რამდენად მრავალფეროვან, და ხშირად ამ მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, აუარებელი წინაარმდეგობებით აღსავსე საზოგადოებასთან გაქვს საქმე.


როდესაც ზუგიდიდან მიდიხარ მესტიაში, დაახლოებით შუა გზაზე არის სოფელი ხაიში, სადაც ცხოვრობენ ძირითადად ჭკადუების გვარის წარმომადგენლები. ესენი თავს მიიჩნევენ სვანებად, სვანები კი თვლიან, რომ ესენი მთლად სვანები არ არიან, და ეს ძალიან საინტერესო ფენომენია. მე როდესაც ვიბრძოდი ხუდონჰესის წინააღმდეგ, ძალიან კარგად მახსოვს მაშინ მრავალი ქართველი ეთნოგრაფის მოსაზრება, რომ სოფელ ხაიშს თვითონ ამ მიგრაციული პროცესების სტრუქტურაში ჰქონდა სრულიად განსაკუთრებული ადგილი და როლი, ვინაიდან, თუ დაიტბორებოდა ეს სოფელი - მათი არგუმენტაცია ასეთი იყო, - ეს პრაქტიკულად ბევრად აგრძელებდა დისტანციას მესტიასა და მესტიის მახლობლად განლაგებულ დასახლებებსა და დაბლობს შორის, და პრაქტიკულად ეს არღვევდა ამ მოსახლეობის კულტურის, გამოცდილების მუდმივი გაცვლის სისტემას, რომელიც ყალიბდებოდა საუკუნეების განმავლობაში.

მე მინდა, რომ თქვენ წარმოიდგინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს გააზრებისათვის, რომ თქვენ მყარად გესმოდეთ, რომ საქართველო - ეს არ არის თბილისი, ეს არ არის ის „ტუსოვკები“ და შეკრებები, რომლებიც არის ჩვენს დედაქალაქში, ეს არ არის ქუთაისი, ეს არ არის ზუგდიდი, ეს არ არის თელავი... საქართველო არის ეს ყველაფერი, ერთად აღებული. და თუ შენ გინდა წარმართო პოლიტიკა საქართველოში, შენ უნდა გქონდეს ზუსტად წარმოდგენილი, თუ რა პრობლემები აქვს ჯავახეთის სოფელს, და როგორია მისი ორიენტირები, რა პრობლემები აქვს, დავუშვათ, თუშეთის მოსახლეობას, რა არის თუშეთი, ეს არის ის, რომ ზამთარში იქ, არ ვიცი, დღესდღეობით შეიძლება ოცი-ოცდაათი ოჯახი რჩებოდეს. მთათუშეთს ვგულისხმობ, დანარჩენი ოჯახები ჩამოდიან ალვანში და ბარში. თუშებისათვის განმსაზღვრელია როგორი ურთიერთობები ექნება საქართველოს ჩეჩნეთთნ ან დაღესტანთანაც, მაშინ როდესაც აჭარლების, ხულოს რაიონის მცხოვრებთათვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი ურთიერთობები ექნება საქართველოს, დავუშვათ, ართვინის ვილაიეთთან თურქეთში, და რამდენად გახსნილი იქნება აქ მისთვის კეთილმეზობლური გარემოს გამო ეკონომიკური შესაძლებლობები და სხვა.

ახლა რომ ჰკითხონ, გინდა თუ არა შენ, რომ საქართველოში იყოს დაახლოებით 30% არაქართული მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი იტყვის, რომ არ გვინდა, მაგრამ მეორეა ის რეალობა, რომელიც არსებობს დღეს და ჩვენ გვმართებს იმის გაგება, რომ, ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს წინაშე არსებული ამოცანები დღეს უნდა გადავწყვიტოთ სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით. როდესაც ეროვნული მოძრაობა იწყებოდა, რეაქცია ამ მრავალფეროვნებაზე ისეთი იყო, რომ ეს სახიფათოა, და როგორმე უნდა განვერიდოთ მას. როგორ უნდა განერიდო, თუ არის ბევრი აზერბაიჯანელი? უნდა ეცადო, რომ შეამცირო მათი რიცხვი? თუ გახსოვთ, ოთხმოციანი წლების ბოლოს იმ მძაფრი დაპირისპირებები ბოლნისში, დმანისში, მარნეულში. საკმაოდ ფეთქებადი ვითარება იყო ოთხმოცდაცხრა, ოთხმოცდაათ, ოთხმოცდათერთმეტ წლებში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მრავალფეროვნება არის რეალობა, რომელსაც ვერ გაექცევი. გამოსავალია ის, რომ, კი არ უნდა გვეშინოდეს და ეს ჩვენი სისუსტის წყარო კი არ უნდა იყოს, არამედ გავხადოთ ეს ჩვენი ძლიერების წყაროდ და გვახსოვდეს, რომ ამის რეცეპტები საქართველოს გამომუშავებული ჰქონდა ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის დროს.

არსებობს თუ არა გამოსავალი ასეთი მრავალფეროვანი ქვეყნისათვის, სადაც უნდა ჩაუღრმავდე თითოეულ კუთხე-კუნჭულს, ამდენად ერთმანეთისგან განსხვავებული ტრადიციების მქონე ჯგუფს. ჯავახელი სომხები იყურებიან ერევნისაკენ, მაშინ, როდესაც მათგან რამდენიმე ათეულ კილომეტრზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც იყურებიან თურქეთისაკენ, რომელიც საშინლადაა დაპირისპირებული ისტორიულად სომხებთან. დღემდე მათ არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ გააჩნიათ. ვიღაცისათვის საინტერესოა, რა ხდება მაჰაჩყალაში, ვიღაცისათვის მნიშვნელოვანია, რა ხდება ნალჩიკში. შეიძლება თუ არა იპოვო მშვიდი განვითარების ფორმულა ასეთ გარმოცვაში? ეს არის ქართული პოლიტიკის ყველაზე მთავარი კითხვა. ესაა კითხვა, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს ყველანაირ დენის ტარიფებს ან მინიმალური ხელფასის საკითხებს. ეს არის არსებითად ქართული სახელმწიფოს ყოფნა - არყოფნის პრობლემა: შეიძლება თუ არა მთლიანობის შენარჩუნება იმ სახით, როგორიც ის დღეს არის.

როდესაც ვცდილობთ წარმოვიდგინოთ საქართველოს სისუსტეები და ძლიერი მხარეები, ეს აუცილებლად უნდა ხდებოდეს საერთო - კავკასიურ კონტექსტში.

საქართველო, საქართველოს პრობლემები და საქართველოს შესაძლებლობები, შანსები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, სხვა ფაქტორსა და სხვა განზომილებებთან ერთად, სწორედ ამ საერთო - კავკასიურ განზომილებაში უნდა წარმოვიდგინოთ.

ყველა პერიოდის ქართული ელიტა, რომელიც აყალიბებდა იმ ხაზს, რომელსაც უნდა გაჰყოლოდა მთელი საზოგადოება, ყოველთვის იყო მიმართული და ორიენტირებული იმაზე, რაც ხდებოდა ევროპაში. აი, ამ თვალსაზრისით, უბრალოდ, აი, ასეთი ყველაზე ხელშესახები ძეგლი და საბუთი ამისა არის ჩვენი პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც, ეს შეიძლება ინტერვიუში არ ვთქვა, - მაგრამ, ჩემი თვალსაზრისით, გარკვეულად ზედმეად პრეტენზიული და ამ მხრივ ცოტა მაიმუნურიც კი იყო - იმიტომ, რომ მასში ბევრად უფრო მეტი მცდელობა იყო იმის დემონსტრირებისა, რომ ჩვენი სოციალ-დემოკრატები ბევრად უფრო მაგარი სოციალ-დემოკრატები არიან, ვიდრე კაუცკი ან სხვა ევროპული სოციალ-დემოკრატიის ლიდერები, და მასში ბევრი ისეთი დებულება იყო ჩადებული, რომელთა განხორციელებას ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ბრიტანეთი, ან შვედეთი, ან შვეიცარია, დასჭირდა მრავალი წლის სოციალური მოძრაობები, დავუშვათ, იმავე საყოველთაო საარჩევნო უფლების გარანტიების, საარჩევნო პროცესში ქალების მონაწილეობის თვალსაზრისით და სხვა და სხვა. როდესაც პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლები ამ კონსტიტუციას აყალიბებდნენ, იმთავითვე ითვალისწინებდნენ, და ჰქონდათ იმის ამბიცია, რომ ეს უნდა ყოფილიყო ევროპის მასშტაბით აუცილებლად, ასე ვთქვათ, განსაკუთრებულ ადგილზე მდგომი და ყველაზე წინ წაწეული სამართლებრივი დოკუმენტი.

სწორედ სამოქალაქო ინტეგრაციაა ის პროცესი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ შენ დაიბადე ალიევად, ან არუთინიანად, ან პაპანდრეუდ აქ, საქართველოში, და შენ უნდა გქონდეს იმის განცდა, რომ ამ ქვეყანაში შენ შეგიძლია მიაღწიო ყველაფერს, რასაც მიაღწევდი შესაბამისად სომხეთში ან აზერბაიჯანში, ან საბერძნეთში და ასე შემდეგ. აი, ეს თუ არ გექნება, რა თქმა უნდა, შენი დამოკიდებულება, შენი ლოიალობა ამ ქვეყნის მიმართ არასოდეს არ იქნება ისეთი, როგორიც არის, დავუშვათ, იმავე ეთნიკური ქართველის ლოიალობა.

სანამ ქართველები არ გაისიგრძეგანებენ იმას, რომ ჩვენ აღმოვჩნდით იმდენად სუსტები, რომ აფხაზეთის შენარჩუნების ინტერესმაც კი ვერ დაძლია ეს ინტრიგები, დაპირისპირება და ფრაგმენტაცია, რაც ჩვენი პოლიტიკური ელიტისათვის არის დამახასიათებელი, ჩვენ თუ ეს ვერ გავაცნობიერეთ, ეს ყოველთვის გამეორდება და გამეორდება მომავალშიც.

საერთოდ, უცნაურია პოლიტიკოსის ბუნება. ერთია პოლიტიკოსი, რომელსაც ესაუბრები, აი, ასე მაგიდასთან ან მეგობრულ კამპანიაში, და მეორეა პოლიტიკოსი, როცა ის მუშაობს, და ის პოლიტიკოსი მუშაობს მაშინ, როცა ის საჯაროდ არის, როცა ის საჯაროდ აყალიბებს თავის მოსაზრებას, თავის სიტყვას.

ტრაგედია არასოდეს არ მოდის და არ ხდება ერთბაშად. ის თანდათან, თანდათან ყალიბდება, და ყალიბდება სწორედ სრულიად ამაზრზენი მოვლენის შეწყნარებით.

მახსოვს სწორედ მაშინ ამბობდა მერაბ მამარდაშვილი, ოთხმოცდაათ წელს იყო მისი ინტერვიუ გაზეთ „თბილისში“, სადაც ის ამბობს, რომ თავისუფლება ჩვენ გვჭირდება თუნდაც იმისთვის, რომ რეალურად დავინახოთ, რა შესაძლებლობები გვაქვს და რას წარმოვადგენთ, როგორც ერი. და ეს მართლაც ასეა. ოღონდ თავისუფლების შემდეგ ჩვენ რეალურად გვქონდა ჯერ ეიფორია, არიქა, ყველაფერს დავანგრევთო, და ჩვენი ხელმძღვანელები ბუშს უქნევდნენ თითს, რომ შენ ვინა ხარ საერთოდ, და ა.შ. და ა.შ. შემდეგ გვქონდა უკუეიფორია. მე არ დამავიწყდება, დადიოდნენ ძალიან სერიოზული პოლიტიკოსები, აი აფხაზეთში ომი როცა იყო, სამეგრელოშიც - სამოქალაქო ომი, და იძახდნენ, რომ, რუსი თუ არ მოვიდა, აქ ის თუ არ ჩადგა, და რუსი პოლიციელები თუ არ იქნებიან, არაფერი არ გვეშველება და არაფრის თავი არა გვაქვსო. არც ერთი უკიდურესობაა სწორი და არც მეორე. რეალობაში ქართველები ვართ ერთ-ერთი ისეთივე ხალხი, როგორიც სხვა ხალხები ჩვენი ნიჭით, ჩვენი შესაძლებლობებით, ჩვენი შეცდომებით და ჩვენზე არის დამოკიდებული, რომ გავაანალიზოთ და გავაკეთოთ დასკვნები თუნდაც ჩვენი საკუთარი შეცდომებიდან გამომდინარე, და გავიცნობიეროთ, რომ ჩვენზე ბევრად უკან მყოფი ერები წარმატებულნი ყოფილან თავიანთი სახელმწიფოს შექმნაში.

ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით. 1991 წელი იყო, თუ არ ვცდები. მე და დათო ბერძენიშვილი ვიყავით ევროპარლამენტში და შემდეგ პარიზში. მაშინ ჯერ ძალიან იშვიათი იყო საქართველოდან ჩასული ჯგუფები და იქაურმა ემიგრაცია, ჟორდანიას დროინდელმა, მოგვიწყო რაღაც შეხვედრა და სადილი გაგვიმართა ქართულ რესტორანში, იყო ასეთი - „ოქროს საწმისი“. და იქ ძალიან ხნიერი, ასე ოთხმოცი-ოთხმოცდახუთი წლის მოხუცები იყვნენ. მათ შორის იყო ნოე ჟორდანიას სიძე - ფაღავა, არაჩვეულებრივი პიროვნება, და ბევრი ასეთი პიროვნება იყო. პირველი ათი წუთი ნორმალურად წავიდა და თხუთმეტი წუთის შემდეგ, აბსოლუტურად გადაუჭარბებლად ვამბობ, აი, იმ ოთხმოცდახუთი წლის მოხუცებულმა, მოფამფალებულმა ქართველებმა მომენტალურად გაიხსენეს, ვინ იყვნენ მათში სოციალ-ფედერალები და ვინ  - სოციალ-დემოკრატები, ვინ იყო ანარქისების მიმართ სიმპათიით განწყობილი, და ისე იჩხუბეს, რომ ჩვენ აღარავინ გვაქცევდა ყურადღებას, და ერთმანეთს ბრალდებებს უყენებდნენ, აქილიკებდნენ. აი, ეს იყო პატარა სურათი საერთოდ იმისა, თუ რა არის ჩვენი საზოგადოება.

საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ, სამწუხაროდ, კანონმდებლობის განხორციელება ძალზე დაბალ დონეზეა, და ჩვენ რეალურად ერთი სამყარო გვაქვს, ერთი საქართველო, რომელიც შექმნილი გვაქვს ქაღალდზე, ხოლო მეორეა ის საქართველო, რომელშიც ჩვენ ერთად ვცხოვრობთ.

რა ვიცი, ალბათ, მართლა შექსპირი სჭირდება იმას, რომ აღიწეროს ის, რაც იქ ხდებოდა. როდესაც იგივე შევარდნაძე იდგა განიარაღებულ სოხუმში ოცდახუთ-ოცდაექვს სექტემბერს და დეპეშას დეპეშაზე გზავნიდა თავის პირად უცხოელ მეგობრებთან, ისინი საპასუხოდ დაახლოებით ასე ეუბნებოდნენ, ვაიმე, რა სამწუხაროა, ახლა თქვენ რომ გბომბავენო, და არც ერთმა რეალური ნაბიჯი არ გადადგა. ეს იყო ის მომენტი, როცა ამისათვის მაშინ არც საერთაშორისო საზოგადოება იყო მზა, მზად არ იყვნენ ზესახელმწიფოები, და პირველ ყოვლისა, შეერთებული შტატები, და ჩვენც გავაკეთეთ ყველაფერი საიმისოდ, რომ მსოფლიო ჩვენკენ ზურგით შემოტრიალებულიყო.

პუბლიკაცია მომზადდა და გამოქვეყნდა „ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარებს სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ურბანული ინსტიტუტი.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram