თეოდორ დოსტოევსკი - დიდი ინკვიზიტორი

ნაწყვეტი თეოდორ დოსტოევსკის რომანიდან - „ძმები კარამაზოვები“

წინასიტყვა აქაც საჭიროა, - უფრო სწორად, ლიტერატურული წინასიტყვა, ჰმ! - ჩაიცინა ივანმა, - თუმცა მე რა მთხზველი ვარ! მისმინე!

ეს ამბავი მეთექვსმეტე საუკუნეში ხდება. მაშინ კი, ეს სკოლიდანაც გახსოვს ალბათ, მიღებული იყო პოეტურ ქმნილებებში ზეციურ ძალთა მიწაზე ჩამოყვანა. დანტეზე აღარაფერს ვამბობ. საფრანგეთში სასამართლოს კლერკები და ბერ-მონაზვნები მართავდნენ ხოლმე წარმოდგენებს, რომლებშიც მთავარი მოქმედი პირნი იყვნენ მადონა, ანგელოზები, წმინდანები, ქრისტე და თავად მამა ღმერთი. იმ დროს ყველაფერი ეს ცოტა გულუბრყვილოდ კეთდებოდა.

ვიქტორ ჰიუგოს რომანში „Notre Dame de Paris“ ერთი ასეთი ეპიზოდია: ლუდოვიკო მეთერთმეტეს მეფობის დროს პარიზის რატუშის დარბაზში საფრანგეთის დოფინის დაბადებასთან დაკავშირებით, ხალხისთვის მუქთი, ჭკუის სასწავლი წარმოდგენა გაიმართა. პიესის სახელწოდება იყო: „Le bon jugement de la tres seinte et gracieuse Vierge Marie“. ამ პიესაში თვით ღვთისმშობელი გამოდის სცენაზე და თავის „bon jugement“-ს წარმოთქვამს. ჩვენთანაც, პეტრემდელ მოსკოვში, დროდადრო იდგმებოდა ხოლმე დაახლოებით მსგავსი ნაწარმოებები, განსაკუთრებით, ძველი აღთქმის სიუჟეტების მიხედვით. დრამატული ნაწარმოებების გარდა, მაშინ მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა ნაირ-ნაირი მოარული ამბავი და „ლექსი“, რომელთა გმირებიც, საჭიროებისამებრ, იყვნენ ანგელოზები, წმინდანები და ყოველი ზეციური ძალა.

ჯერ კიდევ თათრების ბატონობის ხანაში ჩვენს მონასტრებში თარგმნიდნენ, იწერდნენ და თხზავდნენ კიდეც ასეთი შინაარსის პოემებს. მაგალითად, არსებობს ერთი სამონასტრო პოემა (ცხადია, ბერძნულიდანაა თარგმნილი) „ღვთისმშობლის სვლა ტანჯვის გზებზე“, რომელიც ისეა დასურათხატებული, სითამამით დანტეს არ ჩამოუვარდება. ღვთისმშობელი ეწვევა ჯოჯოხეთს, სადაც მას „ტანჯვის გზებზე“ წინ მთავარანგელოზი მიქაელი მიუძღვის. იქ ღვთისმშობელი საკუთარი თვალით იხილავს ცოდვილებს და მათ ტანჯვა-წამებას. სხვათა შორის, ძალზე საინტერესოა პოემის ის ადგილი, სადაც ცეცხლმოდებულ ტბაში ცოდვილთა წამებაა აღწერილი: ვინც ტბაში ჩადის და უკან ვეღარ ამოდის, „მას ივიწყებს ღმერთი“ - როგორი ძლიერი და განსაკუთრებული სიღრმის გამოთქმაა, არა? და აი, განცვიფრებული და აცრემლებული დედაღვთისა უზენაესის ტახტის წინაშე დაემხობა და ევედრება უფალს, რომ შეუნდოს ყველას, ვინც კი ჯოჯოხეთში იხილა, განურჩევლად ყველას შეუნდოს. ერთობ საინტერესოა ღმერთთან მისი საუბარი. ღვთისმშობელი ევედრება მას, არ სცილდება და როცა მეუფე ცისა მიუთითებს მისი შვილის დალურსმულ ხელ-ფეხზე და ჰკითხავს: როგორ ვაპატიო ამის მწამებლებსო, მაშინ დედაღვთისა ყველა წმინდანს, წამებულს, ანგელოზსა და მთავარანგელოზს უბრძანებს, დაემხონ მასთან ერთად და განურჩევლად ყველას შენდობა ითხოვონ. დასასრულ, დიდი მუდარის შემდეგ, ღვთისმშობელი ღმერთს დაიყოლიებს, რომ ყოველწლიურად, წითელი პარასკევიდან სამებამდე შეაჩეროს წამება. ამის გამგონე ჯოჯოხეთის მკვიდრი ცოდვილნი მადლს შესწირავენ უფალს და შეჰღაღადებენ: „მართალ ხარ შენ, უფალო, სწორია სამართალი შენი.“

იმ დროს რომ დაწერილიყო, ჩემი პოემაც ამგვარივე იქნებოდა. ჩემს პოემაში სცენაზე გამოდის თავად ის. თუმცა არაფერს ამბობს, მხოლოდ გამოცხადდება და უჩუმრად გაუჩინარდება. თხუთმეტი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც აღგვითქვა, რომ დაუბრუნდებოდა თავის სამეუფეოს. თხუთმეტი საუკუნის წინათ მისმა წინასწარმეტყველმა დაწერა: „აჰა, მოვალ მალე.“ „ხოლო დღე და ჟამი ის არავინ იცის, არცა ძემან მისმან, მხოლოდ ზეციერმა მამამან ჩემმან“. ასე მოგვახსენა თავადაც მაშინ, როდესაც ჩვენთან იმყოფებოდა. კაცობრიობა კვლავ დიდი რწმენით, მოუთმენლად ელის მას. ოო, უფრო დიდი რწმენით, რამეთუ თხუთმეტი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც შეგვიწყდა საიმედო დაპირება ზეციდან: გწამდეს იგი, რასაც გეტყვის გული, აღარაა საწინდარი ციდან. დიახაც, მხოლოდ გულის ნაკარნახევი უნდა გვწამდეს!

იმ დროს მართლაც ბევრი სასწაული მოხდა. ისეთი წმინდანებიც არსებობდნენ, რომლებიც სასწაულებრივ განკურნებას ახდენდნენ. ზოგიერთი ღირსი მამის ცხოვრების აღწერილობიდან ისიც ვიცით, რომ მათ ღვთისმშობელი ევლინებოდათ. მაგრამ ეშმას არ სძინავს და კაცობრიობას ამ სასწაულების სიმართლეში ეჭვი შეეპარა. ამ დროს ჩრდილოეთში, გერმანიაში, ახალი ერესი გაჩნდა. უზარმაზარი ვარსკვლავი, „ვითარცა ლამპარი“ (ე.ი. ეკლესია), „დაეცა წყაროებს და იქმნენ ისინი მწარენი“. ეს ერესი მკრეხელურად უარყოფდა სასწაულს. მაგრამ დარჩენილ ერთგულ მორწმუნეებს უფრო გულმხურვალედ სწამდათ. კაცობრიობა კვლავ ძველებურად ღვრის ცრემლებს მისთვის, ისევ ისე უყვარს და ელის, იმედი აქვს მისი, სწყურია, ეწამოს და მოკვდეს მისთვის. აი, უკვე რამდენი საუკუნეა, გულანთებული კაცობრიობა ლოცულობს და უხმობს მას: „რამეთუ უფალო გამოგვიჩნდი ჩვენ“ რამდენი საუკუნეა, ევედრება, მოიღოს თავისი უსაზღვრო მოწყალება და ინებოს მათთან გარდამოსვლა. აქამდე ის შთამოდიოდა და ეცხადებოდა ხოლმე ზოგიერთ ღირს მამას, წამებულს და წმინდა განდეგილს, როგორც ეს მათ „ცხორებაშია“ აღწერილი. ჩვენმა პოეტმა ტიუტჩევმა, რომელსაც ღრმად სწამდა თავისი სიტყვების ჭეშმარიტება, გვამცნო:

ჯვრის მძიმე ტვირთით დამწუხრებულმა ზეცის მეუფემ - მონის ხატებით, მშობელო მიწავ, კიდით-კიდემდე შემოგიარა ლოცვა-კურთხევით. ეს აუცილებლად ასე იქნებოდა, ნამდვილად. ჰოდა, მან ინება, მცირე ხნით მაინც, მოვლენოდა განაწამებ, გატანჯულ და ცოდვილ, მაგრამ მისდამი ბალღური სიყვარულით გამსჭვალულ მრევლს.

ჩემს პოემაში მოქმედება ესპანეთში, სევილიაში, ინკვიზიციის ყველაზე საშინელ დროს ხდება, როდესაც ამ ქვეყანაში ყოვედღიურად ღმერთის სადიდებელი ცეცხლი გიზგიზებდა და მშვენიერი აუტოდაფეს კოცონებზე ცოცხლად წვავდნენ ბოროტ ერეტიკოსებს. ცხადია, ეს ის გარდამოსვლა არ იყო, რომელიც აღგვითქვა - ჟამის დასასრულს გამოგეცხადებით ყოველივე ზეციურის სადიდებლადო; როცა მისი შთამოსვლა იქნებოდა უეცარი, „ვითარცა ელვა მოკაშკაშე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე“. არა, მან ინება, თუნდაც წამით მოენახულებინა თავისი სამწყსო იქ, სადაც ერეტიკოსების კოცონებს ტკაცატკუცი გაჰქონდა. ის თავისი უსაზღვრო გულმოწყალების გამო კიდევ ერთხელ გაივლის ადამიანებს შორის იმ კაცის სახით, რომლითაც თხუთმეტი საუკუნის წინათ სამი წელი დადიოდა. იგი გამოჩნდება სამხრეთის ქალაქის „ცხელ ქუჩებში“, იქ, სადაც მეფის, კარისკაცების, რაინდების, კარდინალების, უმშვენიერეს სეფექალთა და სევილიის მრავალრიცხოვანი მოსახლეობის თვალწინ „მშვენიერი აუტოდაფე“ დასრულდა, სადაც კარდინალის, დიდი ინკვიზიტორის ბრძანებით, თითქმის ასამდე ერეტიკოსი ცეცხლზე დაწვეს ad majorem gloriam Dei. იგი უხმაუროდ, შეუმჩნევლად გამოჩნდა, მაგრამ მოხდა საოცრება - ყველამ იცნო. ეს ეპიზოდი ჩემი პოემის საუკეთესო ადგილი იქნებოდა. ხალხი დაუძლეველი ძალით მიილტვის მისკენ, შემოეხვევა, თავს იყრის მის გარშემო და მიჰყვება. იგი ჩუმი, უსაზღვრო თანალმობის ღიმილით გაივლის მათ შორის. მის გულში სიყვარულის მზე ანთია. მისი თვალებიდან გადმოღვრილი სინათლის, განათლებისა და ცხოველმყოფელობის სხივები ადამიანთა გულებს ეფინება და მათ საპასუხო სიყვარულით აღავსებს. იგი მათკენ გაიწვდის ხელებს და დალოცავს. მისი შეხება, მხოლოდ ტანსაცმლის შეხებაც კი განმკურნებელ ძალას აფრქვევს. უცებ ბავშვობაში დაბრმავებული მოხუცი წამოიძახებს: „უფალო, განმკურნე მე, რათა გიხილო შენ!“ მოხუცს თვალთაგან ბინდი გადაეწმინდება და იხილავს მას. ხალხი ტირის, მუხლებზე ემხობა და კოცნის მიწას, რომელზედაც უფალი გაივლის. ბავშვები გზადაგზა ყვავილებს უფენენ, მღერიან და შეჰღაღადებენ: „ოსანა!“, „ის არის, ის, თავად იგია, - იმეორებს ყველა, - ნამდვილად ის არის და სხვა არავინ“.

იგი სევილიის ტაძრის კარიბჭესთან ჩერდება სწორედ მაშინ, როცა ტაძარში ტირილით შეაქვთ კუბო, რომელშიც ცნობილი მოქალაქის შვიდი წლის გოგონა ყვავილებში ჩაფლული ასვენია. „იგი გააცოცხლებს შენს გოგონას“, - ბრბოდან ვიღაც ამხნევებს მოტირალ დედას. პროცესიის შესახვედრად გამოსული პატერი წარბებშეჭმუხნული და გაოგნებული დგას. ამ დროს გაისმის მიცვალებულის დედის მოთქმა. ქალი დაემხობა უფლის ფერხთა წინ და შესძახებს: „უკეთუ, ეს შენ ხარ, გააცოცხლე ჩემი გოგონა!“ პროცესია შედგება და კუბოს მის ფეხებთან დაასვენებენ. იგი გულმოწყალებით გადახედავს მიცვალებულს და მისი ბაგეები კიდევ ერთხელ წარმოსთქვამენ: „ტალიფა კუმი“ - „აღსდექ, ქალწულო!“ გოგონა კუბოში წამოჯდება და მომღიმარი, გაოცებული, ფართოდ გახელილი თვალებით ირგვლივ მიმოიხედავს. ხელებში თეთრი ვარდების თაიგული უჭირავს, რომელთან ერთადაც კუბოში ესვენა. ხალხი შეცბუნდება, აყვირდება და აქვითინდება.


სწორედ ამ დროს, მოულოდნელად მოედანზე გამოივლის თვით კარდინალი, დიდი ინკვიზიტორი. ეს არის მაღალი და წელში გამართული, გამხდარი პირისახის და ჩაცვივნული, ჯერ კიდევ მოელვარე თვალების მქონე ოთხმოცდაათი წლის მოხუცი. ოო, ახლა არ არის გამოწყობილი თავის საუცხოო კარდინალურ სამოსში, რომლითაც გუშინ, როდესაც რომაული რწმენის მტრებს წვავდნენ, ხალხის წინაშე თავს იწონებდა, - არა, ამჟამად უხეში საბერო სამოსი აცვია. 

ცოტა მოშორებით პირქუში თანაშემწეები, „წმინდა ბადრაგი“ და არაბები მოჰყვებიან. იგი ბრბოს წინ ჩერდება და შორიდან ადევნებს თვალს. მოხუცმა ყველაფერი ნახა - ნახა, როგორ დადგეს კუბო მის ფერხთა წინ და როგორ აღდგა მკვდრეთით გოგონა. სახემოღუშული და კოპებშეკრული, დაბოღმილი უცქერს ყოველივეს. მერმე თითს გაიშვერს და გუშაგებს მის შეპყრობას უბრძანებს. ისეთია მისი ძალა, ხალხი ისეა გაწვრთნილი და მორჩილი, რომ გუშაგებს იმ წამსვე გაუხსნიან მისკენ მიმავალ გზას. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდება. გუშაგები შეიპყრობენ მას და მიჰყავთ. მთელი ხალხი კი მიწამდე დახრის თავს დიდი ინკვიზიტორის წინაშე. მოხუცი დალოცავს მათ და მიდის. გუშაგებს ტყვე ძველი სამსჯავროს შენობის ვიწრო, თაღოვან, ბნელ ციხეში შეჰყავთ და იქ ამწყვდევენ. გაივლის დღე. დგება მრუმე, ცხელი და „დახუთული“ ღამე. ჰაერში „ლიმონისა და დაფნის სუნი ტრიალებს“. უცებ ღრმა წყვდიადში საპყრობილის რკინის კარი იღება და თვით მოხუცებული დიდი ინკვიზიტორი სანათით ხელში ნელი ნაბიჯით შედის საკანში. მოხუცი მარტოა და კარი მის უკან მაშინვე იხურება. შესვლისას ერთხანს ჩერდება და დიდხანს, ასე ერთ-ორ წუთს სახეში შესცქერის მას. მერმე ჩუმად უახლოვდება, სანათს მაგიდაზე დგამს და ეკითხება: - ეს შენა ხარ? შენ? - და რადგან პასუხს ვერ იღებს, აგრძელებს: - არ მიპასუხო, გაჩუმდი! თუმცა რა შეგიძლია მითხრა? კარგად ვიცი, რასაც მეტყვი. შენ უფლებაც არ გაქვს რაიმე დაუმატო იმას, რაც ადრე გქონდა ნათქვამი. რატომ მოხვედი, რატომ გვიშლი ხელს? შენ იმიტომ მოხველ, რომ ხელი შეგვიშალო. ეს თავად უწყი. მაგრამ იცი თუ არა, რა მოხდება ხვალ? არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე: ეს შენა ხარ, თუ მხოლოდ მსგავსი ხარ მისი, ხვალ გაგასამართლებ და კოცონზე დაგწვავ, როგორც ყველაზე ბოროტ მწვალებელს. ხალხი კი, რომელიც დღეს ფეხებს გიკოცნიდა, ჩემს ერთ დაძახებაზე გამოიქცევა და შენს კოცონს შეშას შეუკეთებს. იცი თუ არა ეს? თუმცა შესაძლოა, იცოდე კიდეც, - ამ სიტყვებს ფიქრებში ღრმად წასული დასძენს, ისე რომ თვალს არ მოაშორებს ტუსაღს...

- ივან, რაღაც ვერ გავიგე, რა არის ეს? - გაიღიმა აქამდე ჩუმად მყოფმა ალიოშამ, - შენი უსაზღვრო ფანტაზია, თუ მოხუცის შეცდომა, რაღაც gui pro gui.

- თუნდაც ეგრე იყოს, - გაიცინა ივანმა, - თუკი თანამედროვე რეალიზმით ისე ხარ განებივრებული, რომ ვერანაირ ფანტაზიას ვერ იტან. გსურს გუი პრო გუი, ასეც იყოს. მართალია, - კვლავ გაიცინა ივანმა, - დიდი ინკვიზიტორი ოთხმოცდაათი წლისაა და არ არის გამორიცხული, რომ საკუთარ იდეას უკვე დიდი ხნის წინ შეეშალა ჭკუიდან. ისიც შესაძლებელია, რომ ტყვეს თავისი გარეგნობით გაეოცებინა. ბოლოს და ბოლოს, იქნებ უბრალო ბოდვა იყო, გუშინდელი აუტოდაფეთი - ასი ერეტიკოსის დაწვით აღგზნებული ოთხმოცდაათი წლის მოხუცის სიკვდილის წინა ხილვა. მაგრამ ჩვენთვის განა სულ ერთი არ არის, რაღა გუი პრო გუი და რაღა უსაზღვრო ფანტაზია? საქმე ის არის, რომ მოხუცს რაღაცის თქმა უნდოდა, ოთხმოცდაათი წლის განმავლობაში მხოლოდ ახლა მიეცა საშუალება, გამოეთქვა ის, რაზედაც მთელი სიცოცხლე დუმდა.

- ტყვეც დუმს? უცქერს და კრინტსაც არ ძრავს?

- დიახ, ნებისმიერ შემთხვევაში ასე უნდა ყოფილიყო, - კვლავ გაეცინა ივანს, - თვით მოხუცი შენიშვნას აძლევს, რომ ტყვეს უფლება არა აქვს, ადრე ნათქვამს რაიმე დაუმატოს. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის რომის კათოლიკობის ძირითადი ნიშანი: „შენ ყველა უფლება გადაეცი პაპს, ამიერიდან თუნდაც სულ ნუ მოხვალ, დრომდე მაინც ხელს ნუ შეგვიშლი“. იეზუიტები ამას არათუ ხმამაღლა ამბობენ, არამედ წერენ კიდეც. თავად წამიკითხავს მათ საღვთისმეტყველო თხზულებებში. „გაქვს კი უფლება, თუნდაც ერთი საიდუმლო გვამცნო იმ სამყაროს შესახებ, საიდანაც შენ მოხველ? - ეკითხება მოხუცი და თავადვე პასუხობს, - არა, არ გაქვს! რადგან არ გაქვს უფლება, რაიმე დაუმატო იმას, რაც ადრე იყო თქმული, არ გაქვს უფლება, წაართვა ადამიანებს ის თავისუფლება, რომელსაც მაშინ აქ, მიწაზე, ასე იცავდი. ის, რასაც ახლა გვაუწყებ, ავნებს ადამიანთა თავისუფალ რწმენას, რადგან მოგვევლინება როგორც სასწაული. ადამიანის რწმენის თავისუფლება კი ჯერ კიდევ ათას ხუთასი წლის წინათ იყო შენთვის ყველაზე ძვირფასი. განა შენ არ ეუბნებოდი მათ: „თავისუფალი მინდა გაგხადოთო“?! ახლა ხომ ნახე ეს „თავისუფალი“ ადამიანები, - უცებ მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით დაუმატა მოხუცმა, - დიახ, ეს საქმე ძვირი დაგვიჯდა, - გააგრძელა მან და მკაცრად გადახედა, - მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ის შენი სახელით დავასრულეთ. თხუთმეტი საუკუნე გვაწამებდა ეს თავისუფლება, მაგრამ ახლა ყველაფერი დასრულდა და დასრულდა საფუძვლიანად. არ გჯერა, საფუძვლიანად რომ დასრულდა? როგორ მშვიდად მიყურებ, არაფერი გაშფოთებს? იცოდე, რომ დღეს, სწორედ ამჟამად, ვიდრე ოდესმე, ეს ხალხი დარწმუნდა, რომ თავისუფალია, თუმცა თავად მოგვართვა საკუთარი თავისუფლება და მორჩილად ჩაგვაბარა. ჩვენ ასე მოვიქეცით, შენ კი, რა გინდოდა - ასეთი თავისუფლება?“

- მაინც ვერ გავიგე, - გააწყვეტინა ალიოშამ, - ის რა - დასცინის მას, აბუჩად იგდებს?

- არც უმაგისობაა. ის საკუთარ და თავისიანების დამსახურებად თვლის, რომ ბოლოს და ბოლოს, თავისუფლების დამარცხება შეძლეს. ეს კი იმიტომ გააკეთეს, რომ ადამიანები ბედნიერები გაეხადათ. „რადგან მხოლოდ ახლა (ის, ცხადია, ინკვიზიციას გულისხმობს) გახდა შესაძლებელი ადამიანების ბედნიერებაზე ფიქრი. ადამიანი მეამბოხედ არის შექმნილი, ხოლო მეამბოხე სულს განა შეუძლია ბედნიერი იყოს? შენ გაფრთხილებდნენ, - ეუბნება მოხუცი მას, - არ გაკლდა გაფრთხილებები და მითითებები, მაგრამ არ შეისმინე. შენ უარყავი ერთადერთი გზა, რომლითაც შეგეძლო ბედნიერება მიგენიჭებინა ადამიანებისათვის. მაგრამ, საბედნიეროდ, წასვლისას საქმე ჩვენ გადმოგვაბარე. შენ დაგვპირდი, შენი სიტყვით დაგვიმტკიცე, მოგვეცი კავშირისა და განცალკევების უფლება და ახლა ფიქრადაც ნუ გაივლებ, წაგვართვა იგი. მაშ, რატომ მოხველ, რად გვიშლი ხელს?“

- რას ნიშნავს: არ გაკლდა გაფრთხილებები და მითითებები? - შეეკითხა ალიოშა.

- აი, მთავარიც ის არის, რომ მოხუცს რაღაცის თქმა უნდა. „საშინელი და გონიერი სული, თვითგანადგურებისა და არყოფნის სული, - აგრძელებს მოხუცი, - დიადი სული გესაუბრებოდა უდაბნოში. წიგნებიდან ვიცით, თურმე ის შენს „ცდუნებას“ ცდილობდა. ეს ასეა? განა შეიძლებოდა იმაზე უფრო ჭეშმარიტი რამის თქმა, რაც მან თავისი იმ სამი კითხვით გაუწყა, რომელიც შენ უარყავი და რომლებსაც წიგნებში ცდუნებებს უწოდებენ? თუმცა თუ ოდესმე დიდი სასწაული მომხდარა მიწაზე, იმ დღეს მოხდა, იმ სამი ცდუნების დღეს. სწორედ ის სამი კითხვა იყო სასწაული. მაგალითისათვის და შესამოწმებლად, თუკი შესაძლებელი იქნება, დავუშვათ, რომ იმ საშინელი სულის სამი კითხვა წიგნებში უკვალოდ გაქრა და საჭირო გახდა მათი აღდგენა, კვლავ მოგონება და შეთხზვა, რომ ხელახლა შეიტანონ წიგნებში და ამისათვის კი მთელი მსოფლიოს ბრძენნი - გამგებლები, მღვდელმთავრები, მეცნიერები და პოეტები - უნდა შეკრიბონ და დაუსვან ამოცანა: მოიფიქრეთ და ჩამოაყალიბეთ სამი ისეთი კითხვა, რომელიც არა მარტო უნდა შეესაბამებოდეს მოვლენის ზომას, არამედ გამოხატავდეს კიდეც მასზე უფრო მეტს, კაცობრიობისა და მსოფლიოს მთელ მომავალ ისტორიას, სამი სიტყვით, სამი ადამიანური ფრაზით, - როგორ ფიქრობ, შეძლებდა კი დედამიწის გაერთიანებული სიბრძნე, მოეგონებინა ისეთი ძალისა და სიღრმის სამი კითხვის მსგავსი რამ, რომელიც მაშინ სინამდვილეში შემოგთავაზა ძლევამოსილმა და გონიერმა სულმა? მარტოოდენ ამ სამი კითხვით, მხოლოდ მათი სასწაულებრივი წარმოშობით შეიძლება მიხვდე, რომ საქმე გაქვს არა ადამიანის წარმავალ გონებასთან, არამედ მარადიულ და აბსოლუტურ გონთან. რამეთუ ამ სამ კითხვაშია ნაწინასწარმეტყველები და ერთ მთლიანობადაა გაერთიანებული კაცობრიობის მთელი შემდგომი ისტორია, გამოვლენილია სამი ხასიათი, რომელშიც თავმოყრილია ადამიანის ბუნების ყველა გადაუწყვეტელი ისტორიული წინააღმდეგობა. იმ დროისათვის ეს ასე არ ჩანდა, რადგან მომავალი უხილავი იყო. ახლა კი, როცა თხუთმეტი საუკუნე გავიდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სამ კითხვაში ყველაფერი ისე გამოცნობილი და ნაწინასწარმეტყველები იყო, ყოველივე ისე გამართლდა, რომ რაიმეს მოკლება ან დამატება აღარ შეიძლება. თავად გადაწყვიტე, ვინ იყო მართალი: შენ თუ ის, რომელმაც კითხვები დაგისვა? გაიხსენე პირველი კითხვა; თუმცა ზუსტად შეიძლება ვერ გადმოგცე, მაგრამ მისი შინაარსი ასეთია:

„შენ გინდა მოხვიდე სოფლად ცარიელი ხელებით, რაღაც თავისუფლების აღთქმით, რომელიც მათ უმეცრებისა და თანდაყოლილი მოუწესრიგებლობის გამო არ შეუძლიათ გაიაზრონ, რისიც ძალიან ეშინიათ, რადგან არასოდეს არაფერი ყოფილა ადამიანისათვის და ადამიანთა საზოგადოებისათვის ისე აუტანელი, როგორიც თავისუფლებაა! ხედავ ქვებს ამ შიშველ და ხორშაკ კლდოვან უდაბნოში? გადააქციე ისინი პურად და კმაყოფილი კაცობრიობა მორჩილად, ფარასავით უკან გამოგედევნება, თუმცა მუდამ შიშით იქნება შეპყრობილი, რომ შეგიძლია ერთხელაც მათზე ხელი აიღო და შეუწყვიტო პური შენი“. მაგრამ შენ უარყავი ეს წინადადება, რადგან არ გსურდა, ადამიანებს თავისუფლება დაეკარგათ. შენ ასე განსაჯე: ის რა თავისუფლებაა, თუკი მორჩილება პურით იქნება ნაყიდი? შეეკამათე მას და აღნიშნე, რომ ადამიანი მარტო პურით არ ცხოვრობს. მაგრამ იცი, რომ სწორედ ამ მიწიერი პურის გამო აგიჯანყდება, შეგებრძოლება და დაგამარცხებს მიწიერი სული და მას ყველა გაჰყვება ღრიალით: „ვინც მსგავსია ამა მხეცისა, მან მოგვიტანა ციური ცეცხლი!“ იცი თუ არა შენ, გაივლის კიდევ მრავალი საუკუნე და კაცობრიობა, ბრძენთა და მეცნიერთა წყალობით, გამოაცხადებს, რომ დანაშაული არ არსებობს, ამიტომაც არ არსებობს ცოდვა; არიან მხოლოდ მშივრები, „დააპურე ისინი და მერმე მოსთხოვე სათნოებანი!“ აი, ამას დააწერენ იმ დროშებს, რომლებიც შენ წინააღმდეგ აღიმართება და დაინგრევა ტაძარი შენი. შენი ტაძრის ადგილას აიგება ახალი შენობა, კვლავ აღიმართება ახალი საშინელი ბაბილონის გოდოლი, რომლის მშენებლობაც, როგორც მისი წინამორბედისა, არ დასრულდება. შენ შეგეძლო, აგეცილებინა მათთვის ახალი გოდოლის მშენებლობა და ამით ათასი წლით შეამცირებდი ადამიანთა ტანჯვა-წამებას, რადგან ისინი - ათასი წლის განმავლობაში ამ გოდოლით გაწამებულები - ხომ ჩვენთან მოვლენ! ხელახლა მოგვძებნიან მიწისქვეშეთში, კატაკომბებში (რადგანაც ჩვენ კვლავ განდევნილები და წამებულნი ვიქნებით) გადამალულებს. გვიპოვიან და შემოგვღაღადებენ: „დაგვაპურეთ, რამეთუ მათ, ვინც დაგვპირდა ციურ ცეცხლს, არ მოგვცა“. მაშინ კი, მაშინ ჩვენ დავამთავრებთ მათ გოდოლს, რადგან დაასრულებს ის, ვინც გამოკვებავს, გამოვკვებავთ კი მხოლოდ ჩვენ, შენი სახელით და ვიცრუებთ, რომ ეს შენი გულისთვისაა. დიახაც, ვერასოდეს, ვერასოდეს შეძლებენ ისინი უჩვენოდ თავის გამოკვებას. სანამ ისინი თავისუფლები იქნებიან, ვერც ერთი მეცნიერება ვერ მისცემს მათ პურს. და ყველაფერი დამთავრდება იმით, რომ ჩვენს ფერხთით მოიტანენ თავიანთ თავისუფლებას და გვეტყვიან: „სჯობს დაგვიმონოთ, ოღონდ დაგვაპურეთ!“ ბოლოს თავად მიხვდებიან, რომ ყველასათვის ერთად თავისუფლება და საკმარისი პური დაუშვებელია, რადგან ვერასოდეს, ვერასოდეს შეძლებენ ისინი ერთმანეთში მათ თანაბარ განაწილებას. ასევე, დარწმუნდებიან, რომ ვერასოდეს მოახერხებენ, თავისუფლები გახდნენ, ვინაიდან უსუსური, ბიწიერი, არარაობანი და მეამბოხე არსებები არიან. შენ მათ ზეციურ პურს დაჰპირდი, მაგრამ კვლავ გიმეორებ, შეედრება კი იგი მიწიერ პურს, უსუსური, მარად ბიწიერი და მუდამ უზნეო ადამიანის მოდგმის თვალში?! უკეთუ ზეციური პურისთვის ათასობით, ათიათასობით ადამიანი გამოგყვება, რა ეშველება იმ მილიონობით არსებას, რომელთაც ვერ შეძლეს, უარი ეთქვათ მიწიერ პურზე ზეციური პურის გამო?! ნუთუ შენთვის მარტოოდენ ის ათიათასობით დიდებული და ძლიერი პიროვნებაა ძვირფასი, ხოლო დანარჩენი ათიათასობით მილიონი, ზღვის ქვიშასავით ურიცხვი, სუსტი, მაგრამ შენზე შეყვარებული არსება მხოლოდ ძლიერთა და დიდებულთა მასალად მიგაჩნია? არა, ჩვენთვის სუსტებიც ძვირფასნი არიან. ისინი, მართალია, ზნედაცემულ მეამბოხეებად იქცნენ, მაგრამ ბოლოს მაინც დაგვემორჩილებიან. დასასრულ, თავისუფლება მათთვის ისეთი მტანჯველი გახდება, რომ ჩვენით გაოცებულები, ღმერთებად ჩაგვთვლიან, რადგან სათავეში ჩავუდექით და დავთანხმდით, ისინი თავისუფლებისაგან გვეხსნა და მათზე გვებატონა! ჩვენ ვეტყვით, რომ შენი მორჩილები ვართ და შენი სახელით ვბატონობთ. კვლავ ვიცრუებთ, რადგან შენ ჩვენთან აღარ მოგიშვებთ. სწორედ ეს სიცრუე იქნება ჩვენი ტანჯვის მიზეზი, ვინაიდან იძულებული ვიქნებით, ვიცრუოთ. აი, ამას ნიშნავს ის პირველი კითხვა, შენ რომ უდაბნოში დაგისვეს; აი, რა უარყავი შენ თავისუფლებისთვის, რომელიც ყველაზე მაღლა დააყენე. სხვათა შორის, ამ კითხვაში ძევს ამა სოფლის დიდი საიდუმლო. შენ რომ „პური“ მიგეღო, შეგეძლო, პასუხი გაგეცა, როგორც პიროვნების, ასევე კაცობრიობის საუკუნეობრივ საერთო ადამიანურ სადარდელზე - „ვის ეთაყვანოს?“ არ არსებობს თავისუფლად დარჩენილი ადამიანისათვის იმაზე უსასრულო და მტანჯველი საზრუნავი, ვიდრე სურვილი - სასწრაფოდ მოძებნოს ისეთი ვინმე, ვისაც შეიძლება თაყვანი სცეს. ადამიანი ისეთ სათაყვანებელს ეძებს, რომელიც უდავო და იმდენად ეჭვშეუვალია, რომ ყველა თანახმაა, მის წინაშე იყრიდეს მუხლს. ამ საბრალო არსებათა საზრუნავი მარტო ის კი არ არის, რომ მოძებნონ ისეთი, რომელსაც ეთაყვანებიან თვითონ ან სხვები, არამედ, მონახონ ისეთი, რომელსაც ყველა ერთად ირწმუნებს, აუცილებლად ყველა ერთად! სწორედ ეს საერთო თაყვანისცემის მოთხოვნილება არის დასაბამიდან როგორც თითოეული ადამიანის პიროვნული, ისე კაცობრიობის უმთავრესი ტანჯვა. სწორედ ამ საერთო თაყვანისცემის მოთხოვნილების გამო ანადგურებდნენ ისინი ერთმანეთს. ისინი ქმნიდნენ ღმერთებს და ერთმანეთს აიძულებდნენ:

„ზურგი აქციეთ თქვენს ღმერთებს და თაყვანი ეცით ჩვენსას, თორემ სიკვდილი თქვენცა და თქვენს ღმერთებსაცო!“ ასე გაგრძელდება სამყაროს დასასრულამდე, მაშინაც კი, როცა მსოფლიოში ღმერთები გაქრებიან და ყველა კერპთაყვანისმცემელი გახდება. შენ ეს იცოდი, არ შეიძლება, ადამიანის ბუნების ეს ძირითადი საიდუმლო არ გცოდნოდა. მაგრამ შენ უარყავი ერთადერთი აბსოლუტური იდეა - იდეა მიწიერი პურისა, რომელიც შემოგთავაზეს და რომლის საშუალებითაც უეჭველად შეგეძლო, იძულებული გაგეხადა ყველა, შენთვის თაყვანი ეცათ. და იგი უარყავი თავისუფლებისა და ზეციური პურის გულისთვის. ახლა ვნახოთ, რა ჩაიდინე შემდგომში, ისევ და ისევ თავისუფლებისათვის! გეუბნები, არ არსებობს ადამიანისათვის იმაზე მტანჯველი საზრუნავი, ვიდრე მოთხოვნილება იმისა, რომ სასწრაფოდ მონახოს ვინმე, ვისაც ძღვნად გადასცემდა იმ თავისუფლებას, რომელთან ერთადაც ეს უბედური არსება იბადება. ადამიანთა თავისუფლებას კი მხოლოდ ის მოიპოვებს, ვინც მათ სინდისს დაამშვიდებს. პურთან ერთად გთავაზობდნენ უდავო სახელმძღვანელო იდეასაც: თუ ადამიანს პურს მისცემ, თაყვანს გცემს, რადგან არაფერია პურზე ნამდვილი, მაგრამ თუკი ვინმე, შენ გარეშე, დაიმონებს მათ სინდისს, მაშინ იგი მიატოვებს შენს პურს და გაჰყვება მას, ვინც მის სინდისს მოხიბლავს. ამ მხრივ მართალი იყავი. რამეთუ ადამიანთა ყოფის საიდუმლო განა მარტო ის არის, რომ იარსებოს, არამედ ის თუ რისთვის იცხოვროს. თუ ადამიანს არა აქვს მყარი წარმოდგენა, რატომ ცხოვრობს, ის უმალ სიცოცხლეს მოისწრაფებს, ვიდრე იცხოვრებს ამქვეყნად, სადაც ირგვლივ თავსაყრელადაა პური. ეს ასეა, მაგრამ რა გამოვიდა: იმის მაგივრად, ადამიანთა თავისუფლება ხელში ჩაგეგდო, მათ უფრო მეტი თავისუფლება მიანიჭე. ნუთუ დაგავიწყდა, რომ ადამიანისათვის კეთილისა და ბოროტის შემეცნების თავისუფალ არჩევანზე ძვირფასია სიმშვიდე და თვით სიკვდილიც კი? არაფერი ისე მაცდუნებელი არაა მისთვის, როგორც სინდისის თავისუფლება, რაც ამავე დროს მისი მტანჯველიც არის. შენ კი ადამიანის სინდისის დამამშვიდებელი მყარი საფუძვლის მაგივრად, გამოიყენე ყველაფერი უჩვეულო, სავარაუდო და განუსაზღვრელი, ყველაფერი ის, რაც ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება, თითქოს სულაც არ გიყვარდა ის. და ეს გააკეთე შენ, ვინც ამქვეყნად იმიტომ მოხვედი, ადამიანისათვის თავი რომ გაგეწირა! იმის მაგივრად, რომ ადამიანთა თავისუფლებას დაპატრონებოდი, შენ გაუმრავლე ის და ამით უკუნითი უკუნისამდე ტანჯვის ტვირთი აჰკიდე ადამიანის სულიერ სამყაროს. შენ გსურდა ადამიანის თავისუფალი სიყვარული, რომ იგი, შენით მოხიბლული და დატყვევებული, თავისუფლად გამოგყოლოდა. ძველთაძველი ურყევი კანონის მაგივრად, ახლა ადამიანმა თავისუფლად უნდა გადაწყვიტოს, რაა კეთილი და რა ბოროტი, სახელმძღვანელოდ კი მხოლოდ და მხოლოდ, შენი ხატება უნდა ჰქონდეს. მაგრამ ნუთუ არ გიფიქრია, რომ ერთხელაც ადამიანი უარგყოფს და საკამათოს გახდის შენს ხატებასა და შენს სიმართლეს, თუკი ისეთი მძიმე ტვირთი დააწვება, როგორიც თავისუფალი არჩევანია? დასასრულ, ისინი წამოგძახებენ, რომ სიმართლე შენში არ არის, ვინაიდან შეუძლებელი იყო მათი დატოვება შიშსა და ტანჯვაში იმაზე მეტად, როგორადაც ეს შენ გააკეთე, როცა ამდენი საზრუნავი და გადაუწყვეტელი საკითხი დაუტოვე. ასე და ამგვარად, შენი სამეფოს დანგრევას შენვე ჩაუყარე საძირკველი და აქ ბრალი სხვას არავის მიუძღვის. მაგრამ შენ ამას გთავაზობდნენ? დედამიწაზე არსებობს სამი ძალა, მხოლოდ და მხოლოდ სამი ძალა, რომელსაც ძალუძს სამუდამოდ დაამარცხოს მათი სინდისი. ეს ძალებია - სასწაული, საიდუმლო და ავტორიტეტი. შენ ერთიც, მეორეც და მესამეც უარყავი და თვით აჩვენე მათ ამის მაგალითი. როცა საშინელმა და ბრძენმა სულმა ტაძრის გუმბათზე დაგაყენა და გითხრა: „თუ ძე ხარ ღვთისა, გადავარდი აქედან, რადგანაც დაწერილია: თავის ანგელოსებს უბრძანებს შენ გამო და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი“. მაშინ გაიგებ, ხარ თუ არა ძე ღვთისა და რამდენად გწამს მამაშენის.“ შენ მოისმინე და უკუაგდე მისი წინადადება, არ დაემორჩილე და არ გადმოხტი. რასაკვირველია, ამაყად და დიდებულად მოიქეცი, როგორც ღმერთს შეჰფერის, მაგრამ ადამიანები, ეს სუსტი და მეამბოხე არსებები, ღმერთები ხომ არ არიან? შენ მაშინ მიხვდი, ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი საკმარისი იყო, რომ უფალი გამოგეცადა, დაგეკარგა მისი რწმენა და დანარცხებულიყავი იმ მიწაზე, რომლის გადასარჩენადაც მოხვედი და გაიხარებდა შენი მაცდუნებელი სული. მაგრამ კვლავ გიმეორებ, განა ბევრია შენნაირი? ნუთუ, ერთი წუთით მაინც შეგეძლო დაგეშვა, რომ ადამიანებს შესწევთ ძალა წინ აღუდგნენ მსგავს ცდუნებას? ნუთუ ისეა შექმნილი ადამიანის ბუნება, რომ ცხოვრების ასეთ საშინელ მომენტში შეძლოს უკუაგდოს სასწაული, იმ წუთებში, როცა ყველაზე საშინლად მტანჯველი და საჭირბოროტო კითხვები წამოიჭრება ხოლმე, შეძლოს, გულისთქმის თავისუფალ არჩევანს დაჰყვეს? შენ იცოდი, რომ შენს ღვაწლს წიგნები შემოინახავდა, რომ იგი გააღწევს დროთა სიღრმესა და დედამიწის შორეულ სამანებს. იმედოვნებდი, რომ შენი მიმდევარი ადამიანი ღმერთთან დარჩებოდა და აღარ დასჭირდებოდა სასწაული. მაგრამ ის კი არ იცოდი, რაწამსაც ადამიანი სასწაულს უარყოფს, მაშინვე უარყოფს ღმერთსაც, ვინაიდან ადამიანი იმდენად არ ეძებს ღმერთს, რამდენადაც სასწაულს. ადამიანი სასწაულის გარეშე ვერ გაძლებს; თუნდაც მეამბოხე, ერეტიკოსი და უღმერთო იყოს, მაინც შექმნის ახალ სასწაულს, უკვე საკუთარს და თაყვანს სცემს ექიმბაშთა სასწაულმოქმედებას თუ დიაცურ ჯადოქრობას. შენ ჯვრიდან არ ჩამოხვედი, როცა გიყვიროდნენ, გამცირებდნენ და გაღიზიანებდნენ: „ჩამოდი ჯვრიდან და გირწმუნებთ შენ“. არ ჩამოხვედი, რადგან, ისევ და ისევ, არ გსურდა სასწაულით დაგემონებინა ადამიანი. გწყუროდა თავისუფალი და არა სასწაულმოქმედებით გამოწვეული რწმენა. გწყუროდა თავისუფალი სიყვარული და არა ძლევამოსილის წინაშე შიშისზარდაცემული დატყვევებულის მონური აღტაცება. მაგრამ ცდებოდი, დიდი წარმოდგენა გქონდა ადამიანებზე, რადგან ისინი მეამბოხეებად კი შექმნილან, მაგრამ მაინც მონები არიან. კარგად განჭვრიტე და განსაჯე - უკვე თხუთმეტი საუკუნე გავიდა, მიდი და შეხედე მათ: ვინ აიყვანე შენს სიმაღლემდე? გეფიცები, ადამიანი უსუსურია და იმაზე მდაბიოდ არის შექმნილი, ვიდრე შენ ფიქრობ! შეძლებს, შეძლებს კი ადამის შვილი, შეასრულოს ის, რაც შენ შეძელი? შენ ისეთი უსაზღვრო პატივისცემით განიმსჭვალე ადამიანის მიმართ, თითქოს აღარც თანაუგრძნობდი მას, რადგან ძალიან ბევრს მოითხოვდი მისგან. და ეს გააკეთე შენ, ვისაც საკუთარ თავზე მეტად გიყვარდა ადამიანი! მის მიმართ უფრო ნაკლები პატივისცემით რომ ყოფილიყავი განმსჭვალული, მისგანაც ნაკლებს მოითხოვდი, ეს კი უფრო ახლოს იქნებოდა სიყვარულთან და უფრო მსუბუქი იქნებოდა კაცთა ტვირთი. ადამიანი სუსტი და არამზადაა. მერმე რა მოხდა, თუკი ახლა იგი ყველგან ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის და ამაყობს, რომ გვიჯანყდება? ეს ბავშვისა და მოწაფის ყოყლოჩინობაა. ისინი იმ პატარა ბავშვებს ჰგვანან, მასწავლებელს რომ აურიეს და კლასიდან გაყარეს. მაგრამ მალე დამთავრდება ბალღური აღტკინება და ყველაფერი ძვირად დაუჯდებათ. ისინი დაამხობენ ტაძრებს და სისხლით მორწყავენ მიწას. ბოლოს და ბოლოს, ეს ბრიყვი ბავშვები მიხვდებიან, რომ მეამბოხეები კი არიან, მაგრამ იმდენად უმწეო მეამბოხეები, რომ საკუთარ ამბოხსაც ვერ უძლებენ. აცრემლებულები აღიარებენ - არსთაგამრიგემ, უეჭველად, დასაცინად შექმნა ისინი. სასოწარკვეთილები იტყვიან ამას და მათი ნათქვამი მკრეხელობა იქნება, რის გამოც ისინი უფრო უბედურები გახდებიან, ვინაიდან ადამიანის ბუნება ვერ იტანს მკრეხელობას და, ბოლოს და ბოლოს, თვით იძიებს შურს ამისათვის. მოუსვენრობა, დაბნეულობა და უბედურება - აი, ეს არის ახლანდელი ადამიანის ხვედრი მას შემდეგ, რაც შენ ადამიანის თავისუფლებისათვის ამდენი მოითმინე! შენი დიდი წინასწარმეტყველი თავის ხილვებს იგავებით გვამცნობს: თურმე მან იხილა პირველი აღდგომის ყველა მონაწილე - თითოეული თაობიდან თორმეტ-თორმეტი ათასი. მაგრამ თუკი ამდენნი იყვნენ, ალბათ ადამიანები კი არა, ღმერთები იქნებოდნენ. მათ მოითმინეს შენი ჯვარი. მშივრებმა და შიშვლებმა ათი წელი გაძლეს უდაბნოში, სადაც მარხულობდნენ, მხოლოდ ძირხვენებით იკვებებოდნენ. შენ, რასაკვირველია, ამაყად მიგვითითებ თავისუფლებისა და თავისუფალი სიყვარულის ამ შვილებზე, რომლებმაც ნებაყოფილობით დიდებული მსხვერპლი გაიღეს შენთვის, მაგრამ გაიხსენე, ისინი რამდენიმე ათასნი იყვნენ და თანაც ღმერთები. დანარჩენები? რა დააშავეს დანარჩენმა, სუსტმა და უმწეო ადამიანებმა, რომლებმაც ვერ აიტანეს ის, რაც უძლიერესებმა? რა დააშავა სუსტმა სულმა, თუკი მან ვერ შეძლო მიეღო ამდენი საშინელი ნაბოძები? ნუთუ მარტო რჩეულებთან, მხოლოდ რჩეულთათვის მოხვედი? თუ ასეა, მაშინ ეს საიდუმლო ყოფილა, რომელსაც ჩვენ ვერ გავიგებთ. და თუკი საიდუმლოა, მაშინ ჩვენც გვქონდა უფლება, მათთვის გვექადაგა და გვესწავლებინა, რომ მთავარი მათი გულების თავისუფალი არჩევანი და სიყვარული კი არ არის, არამედ საიდუმლო, რომელსაც ისინი ბრმად უნდა ემორჩილებოდნენ. ჩვენ შევასწორეთ შენი ღვაწლი და იგი სასწაულზე, საიდუმლოსა და ავტორიტეტზე დავაფუძნეთ. და გაიხარეს ადამიანებმა, რამეთუ ისინი კვლავ ფარასავით გარეკეს და ბოლოს და ბოლოს მათი გულები გაათავისუფლეს იმ საშინელი ნაბოძებისაგან, რომელმაც ამდენი ტანჯვა მოუტანა. თქვი, სწორად მოვიქეცით, როცა ასე ვასწავლიდით? ნუთუ ჩვენ არ გვიყვარდა კაცობრიობა, როცა ასე მორჩილად შევიგნეთ მისი უსუსურობა, სიყვარულით შევუმსუბუქეთ ტვირთი და საშუალება მივეცით მის უნებისყოფო ბუნებას, ჩაიდინოს ცოდვა, ცხადია, ჩვენი ნებართვით? მაშ, რატომ მოხვედი, რატომ გვიშლი ხელს? რატომ მიყურებ უწყინარი თვალებით? ასე რად მაკვირდები, ხმას რატომ არ იღებ? გაბრაზდი, მე არ მინდა შენი სიყვარული, რადგან თავად არ მიყვარხარ. შენ რა უნდა დაგიმალო? განა არ ვიცი, ვის ველაპარაკები? რაც უნდა გითხრა, შენთვის ყველაფერი ცნობილია, ამას შენს თვალებში ვკითხულობ. შევძლებ კი დაგიმალო ჩვენი საიდუმლო? ან იქნებ იგი სწორედ ჩემგან გინდა მოისმინო?! მაშ მისმინე: ჩვენ შენთან კი არა, ჩვენ მასთან ვართ. აი, ჩვენი საიდუმლო! უკვე დიდი ხანია, არა ვართ შენთან, უკვე რვა საუკუნეა, მასთან ვართ. ზუსტად რვა საუკუნეა, მისგან მივიღეთ ის, რაც შენ აღშფოთებულმა უარყავი, ის უკანაკნელი საჩუქარი, რომელიც მან შემოგთავაზა, როცა დაგანახა ამა სოფლის სამეფოები. ჩვენ მივიღეთ მისგან რომი და კეისრის მახვილი და თავი დედამიწის ერთპიროვნულ მეფეებად გამოვაცხადეთ, თუმცა აქამომდე ვერ მოვასწარით ჩვენი საქმის ბოლომდე მიყვანა. მაგრამ ვინაა დამნაშავე? ეს საქმე ჯერ საწყის სტადიაშია, მაგრამ უკვე დაიწყო. მის დამთავრებამდე კიდევ დიდხანს მოგვიწევს ცდა, კიდევ დიდხანს არ დამთავრდება დედამიწაზე ტანჯვა-წამება, მაგრამ ჩვენ ჩვენსას მივაღწევთ და კეისრები გავხდებით. მაშინ კი ვიფიქრებთ ადამიანთა საყოველთაო ბედნიერებაზე. სხვათა შორის, შენ ჯერ კიდევ მაშინ შეგეძლო, წელთ შემოგერტყა კეისრის მახვილი. რატომ უარყავი ეს უკანასკნელი საჩუქარი? რომ მიგეღო ძლევამოსილი სულის მესამე რჩევა, ყველაფერს მოიპოვებდი, რასაც კი ადამიანი დედამიწაზე ეძებს, ესე იგი, ვის ეთაყვანოს, ვის ჩააბაროს სინდისი და, დასასრულ, როგორ გაერთიანდეს ყველა ერთად უდავო, საერთო და თანხმობის ჭიანჭველეთში, რადგან მსოფლიო ერთიანობის მოთხოვნილება არის ადამიანების მესამე და უკანასკნელი ტანჯვა. კაცობრიობა ყოველთვის მიისწრაფოდა მსოფლიო ერთიანობისაკენ. ამქვეყნად ბევრი დიდი ისტორიის მქონე ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ ისინი განვითარების რაც უფრო მაღალ საფეხურზე ადიოდნენ, მით უფრო უბედურები ხდებოდნენ, რადგან სხვებზე მეტად გრძნობდნენ მსოფლიო ერთიანობის მოთხოვნილებას. დიდმა დამპყრობლებმა - თემურმა და ჩინგის-ხანმა - ქარიშხალივით გადაუარეს დედამიწას მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მთელი მსოფლიო დაეპყროთ, მაგრამ მათაც, თუნდაც შეუგნებლად, მაგრამ მაინც, კაცობრიობის მსოფლიო და საყოველთაო ერთიანობის უდიდესი მოთხოვნილება გამოხატეს. მათაც მთელი მსოფლიოს დაპყრობისა და კეისრის მოსასხამის მიღების შემდეგ მსოფლიო სამეფოს შექმნა და საყოველთაო მშვიდობის დამყარება სურდათ. რამეთუ ვინ უნდა ბატონობდეს ადამიანებზე, თუ არა ის, ვისაც ხელთა აქვს მათი პური და ვინც დაუფლებია მათ სინდისს. ჩვენ ავიღეთ კეისრის მახვილი და ამით, რასაკვირველია, უარგყავით შენ და გავყევით მას. ოჰ, კიდევ გავა საუკუნეები და დიდხანს იპარპაშებს თავისუფალი გონება, მისი მეცნიერებები და ანთროპოფაგია, რადგან როცა ადამიანები უჩვენოდ დაიწყებენ ბაბილონის გოდოლის აგებას, ანთროპოფაგიით დაამთავრებენ - ერთმანეთს დაჭამენ. მაშინ კი ჩვენთან მოცოცდება მხეცი, ფეხებს აგვილოკავს და თვალთაგან წამომსკდარი სისხლიანი ცრემლებით დაგვინამავს. ჩვენ შემოვასხდებით ამ მხეცს და ავაგებთ შენობას, რომელსაც ეწერება: „საიდუმლო!“ მხოლოდ მაშინ, მაშინ დადგება ადამიანებისათვის სიმშვიდისა და ბედნიერების სამეფო. შენ ამაყობ შენი რჩეულებით, შენ ხომ მარტო რჩეულები გყავს, ჩვენ კი დავამშვიდებთ ყველას. რამდენი იყო იმ შენს რჩეულთა შორის, შენს ძლიერთა შორის ისეთი, რომელსაც შეეძლო უფრო გამორჩეულად გადაქცევა, მაგრამ დაიღალა შენს მოლოდინში და წარმართა და კვლავაც წარმართავს თავის სულიერ ძალას და გულის სიმხურვალეს სხვა სარბიელზე. ეს ყველაფერი კი იმით დამთავრდება, რომ ისინი შენი სახელით აღმართავენ თავისუფლების თავიანთ დროშას. მაგრამ შენ ხომ თავად აღმართე ეს დროშა. ჩვენთან ყველა ბედნიერი იქნება, აღარ გაანადგურებენ ერთმანეთს, როგორც ეს შენი თავისუფლების დროს საყოველთაოდ ხდებოდა. ჩვენ მათ დავარწმუნებთ, რომ ისინი მხოლოდ მაშინ იქნებიან თავისუფლები, როდესაც დაგვემორჩილებიან და ჩვენ გამო უარს იტყვიან საკუთარ თავისუფლებაზე. როგორ ფიქრობ, მართლები ვიქნებით? თავად დარწმუნდებიან ჩვენს სიმართლეში, რადგან გაიხსენებენ, როგორ დაბნეულობამდე და საშინელ მონობამდე მიჰყავდა ისინი შენს თავისუფლებას. თავისუფლება, თავისუფალი გონება და მეცნიერება უსიერ ტყეში შეიყვანს მათ და ისეთი სასწაულებისა და გადაუწყვეტელ საიდუმლოთა წინაშე დააყენებს, რომ ზოგი მათგანი, დაუმორჩილებელი და მძვინვარე, სიცოცხლეს მოისწრაფებს, სხვები, დაუმორჩილებელნი, მაგრამ უმწეონი, ერთმანეთს დახოცავენ, ხოლო დარჩენილი უსუსური და უბედური მასა მოღოღდება ჩვენს ფეხებთან და შემოგვღაღადებს: „დიახ, თქვენ მართლები იყავით, მხოლოდ თქვენ ფლობთ მის საიდუმლოს, აჰა, უკან გიბრუნდებით და დაგვიფარეთ საკუთარი თავისაგან.“ როგორც კი მიიღებენ ჩვენგან პურს, ნათლად დაინახავენ, ამ პურს, მათივე ხელით მოპოვებულს, ვართმევთ, რათა უკანვე დავუბრუნოთ. ყოველგვარი სასწაულის გარეშე დაინახავენ, რომ არ გადავაქცევთ ქვას პურად, მაგრამ, ჭეშმარიტად, პურზე მეტად ის გაახარებთ, რომ მას ჩვენი ხელიდან მიიღებენ! რამეთუ ძლიერ კარგად ემახსოვრებათ, ადრე მათ მიერ უჩვენოდ მოპოვებული პური ხელში ქვად როგორ ექცეოდათ ხოლმე. მას შემდეგ კი, რაც ჩვენთან დაბრუნდნენ, ეს ქვა მათ ხელში კვლავ პურად იქცა. მშვენივრად, მშვენივრად შეაფასებენ, რას ნიშნავს ერთხელ და სამუდამოდ მორჩილება! სანამ ისინი ამას ვერ გაიგებენ, უბედურები იქნებიან. ვინ იყო ის, ყველაზე მეტად ხელს რომ უშლიდა ამის გაგებას? თქვი, ვინ დაანაწევრა სამწყსო და გარეკა გაურკვეველი მიმართულებით? მაგრამ ფარა კვლავ შეიკრიბება და კვლავ დაგვემორჩილება, ამჟამად უკვე სამუდამოდ. მაშინ ჩვენ მივცემთ მათ მშვიდ და წყნარ ბედნიერებას, უსუსური არსებების ბედნიერებას, როგორებადაც არიან შექმნილნი. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ მათ დავარწმუნებთ, არ იამაყონ - ეს შენ აამაღლე ისინი და ასწავლე სიამაყე. დავუმტკიცებთ, რომ ისინი უმწეო და საცოდავი ბავშვები არიან, ხოლო ბავშვური ბედნიერება კი ყველაზე ტკბილი რამაა. ისინი გაუბედავები გახდებიან, დამფრთხალნი შემოგვაცქერდებიან და მოგვეხუტებიან ისე, როგორც კრუხს წიწილები. ჩვენით გაოცებულნი და შეძრწუნებულნი იამაყებენ, ასეთი ძლიერები და ჭკვიანები რომ ვართ, რაკი შევძელით ათასმილიონიანი ფარის დამორჩილება. ჩვენი რისხვის შიშით, გაუბედავი გახდება მათი გონება, ბავშვებივით და დედაკაცებივით აუცრემლდებათ თვალები, მაგრამ ჩვენი ხელის ერთი დაქნევით ასევე უცებ შეეცვლებათ ხასიათი, გამხიარულდებიან, გაიცინებენ, გაიხარებენ და ბალღებივით ამღერდებიან. დიახ, ჩვენ ვაიძულებთ მათ, იმუშაონ, მაგრამ შრომისაგან თავისუფალ საათებში მოვუწყობთ ხოლმე მხიარულ საბავშვო თამაშებს, სიმღერებითა და ცეკვებით. ჰო, ჩვენ ცოდვის ჩადენის ნებასაც დავრთავთ, რადგან სუსტი და უსუსური არსებები არიან, ამისათვის კი ისინი, როგორც ბავშვები, ისე შეგვიყვარებენ. ვეტყვით, რომ ნებისმიერ ცოდვას შევუნდობთ, თუ ჩვენი ნებართვით იქნება ჩადენილი, ნებას კი იმიტომ ვრთავთ, რომ გვიყვარს ისინი, ხოლო ამ ცოდვებისათვის სასჯელს ჩვენს თავზე ვიღებთ. ისინი კი გაგვაღმერთებენ, როგორც კეთილისმყოფლებს, რომლებმაც ღმერთის წინაშე მათი ცოდვები საკუთარ თავზე აიღეს. არაფერი ექნებათ ჩვენგან დაფარული. ჩვენ კი, იმის მიხედვით, ვინ როგორი დამჯერი იქნება, ნებას დავრთავთ ან ავუკრძალავთ ცოლებთან და საყვარლებთან ცხოვრებას, აგრეთვე, იყოლიონ თუ არ შვილები. ისინი გახარებულნი დაგვემორჩილებიან. ყველაფერს გაგვიმხელენ, ყველაფერს - თავიანთი სინდისის ყველაზე მტანჯველ საიდუმლოსაც კი. ჩვენ ყველა საკითხს მოვუგვარებთ. ისინი სიხარულით დაჰყვებიან ჩვენს ნებას, ვინაიდან ეს მოაშორებს მათ თავისუფალი და პიროვნული გადაწყვეტილების მიღების დიდ საზრუნავსა და საშინელ ტანჯვას. ყველა ბედნიერი იქნება, ყველა - მილიონობით სულდგმული, გარდა ასიათასობით მათი მმართველისა, რადგან მხოლოდ ჩვენ, საიდუმლოს შემნახველები ვიქნებით უბედურები. იქნება ათასმილიონობით ბედნიერი ყრმა და ასიათასი წამებული, რომლებმაც თავიანთ თავზე აიღეს სიკეთისა და ბოროტების შეცნობის წყევლა. უჩუმრად დაიხოცებიან ისინი, უჩუმრად გაქრებიან შენი გულისთვის და საიქიო ცხოვრებაში მხოლოდ სიკვდილს მოიპოვებენ. ჩვენ შევუნახავთ საიდუმლოს და მათივე ბედნიერებისათვის მოვხიბლავთ ზეციური და სამარადჟამო ჯილდოთი. რამეთუ თუკი იმქვეყნად რაიმე არსებობს, ცხადია, არა მათნაირებისათვის. ამბობენ და წინასწარმეტყველებენ, რომ შენ მოხვალ და კვლავ გაიმარჯვებ, მოხვალ შენი ამაყი და ძლიერი რჩეულებით, მაგრამ ჩვენ გეტყვით, მათ მხოლოდ საკუთარი თავი გადაირჩინეს, ჩვენ კი ყველა გადავარჩინეთ. ამბობენ, რომ შერცხვენილი იქნება მხეცზე ამხედრებლი მეძავი, რომელსაც ხელთ უპყრია საიდუმლო, რომ კვლავ აჯანყდებიან უსუსურები, შემოაგლეჯენ მას სამეუფეო მოსასხამს და გააშიშვლებენ მის „საძაგელ“ სხეულსო. მაშინ ავდგები და განახებ ათასმილიონობით ბედნიერ ყრმას, რომლებმაც არ იციან, რა არის ცოდვა. ჩვენ კი, ვინც მათი ბედნიერებისათვის საკუთარ თავზე ვიტვირთეთ ცოდვები, წარვდგებით შენ წინაშე და გეტყვით:

„თუ შეგიძლია, გაბედე და განგვსაჯე“.

იცოდე, მე არ მეშინია შენი. ისიც იცოდე, მეც ვიყავი უდაბნოში, მეც ვმარხულობდი, ვიკვებებოდი ძირხვენებით და ვლოცავდი იმ თავისუფლებას, რომლითაც შენ დალოცე ხალხი, მეც დამაშვრალი ვაპირებდი შენს რჩეულთა რიცხვში მოხვედრას, მორჭმულთა და ძლიერთა რიცხვში, რომ „შემევსო რიცხვი“, მაგრამ გამოვფხიზლდი და აღარ მოვისურვე უგუნურობის სამსახური. გამოვბრუნდი და მივეკუთვნე იმ ხალხს, რომელმაც შეასწორა შენი ღვაწლი. განვერიდე ამაყებს და დავუბრუნდი ბედს დამორჩილებულებს, ამ უკანასკნელთა ბედნიერებისათვის. რასაც გეუბნები, აღსრულდება და აიგება სამეფო ჩვენი. შენ ხვალ იხილავ, ჩემს ერთ დაძახებაზე როგორ გამოიქცევა ის მორჩილი ფარა, რათა შეუკეთოს ფიჩხი იმ კოცონს, რომელზედაც შენ დაგწვავ, რამეთუ შენ მოხვედი ჩვენთვის ხელის შესაშლელად. თუკი ვინმემ დაიმსახურა კოცონზე დაწვა, ეს შენ ხარ! ხვალ დაგწვავ, Dixi!

ივანი გაჩუმდა. იგი აღგზნებული და ეშხში შესული ლაპარაკობდა, როცა მოათავა, გაიღიმა. აღელვებული ალიოშა ჩუმად უსმენდა ძმას, თუმცა ბევრჯერ სურდა შეეწყვეტინებინა, მაგრამ თავს იკავებდა. უცებ სულმოუთქმელად ალაპარაკდა:

- კი მაგრამ... ეს ხომ უაზრობაა! - წამოიძახა სახეაჭარხლებულმა ალიოშამ, - შენი პოემა იესოს ქებაა და არა გინება... რაც ძალიან გსურდა. ნუთუ ასე უნდა გავიგოთ თავისუფლება? ვინ დაგიჯერებს ამას? ნუთუ ამას გულისხმობს მართლმადიდებლობა... ეს რომია, მაგრამ არც რომია, ეს სიცრუეა - ისინი ყველაზე ცუდი კათოლიკეები არიან, ინკვიზიტორები და იეზუიტები!.. საერთოდ წარმოუდგენელია ისეთი ფანტასტიკური სახე, როგორიც შენი ინკვიზიტორია. ეს რა ცოდვებზე ლაპარაკობდი, ვინ აიღო ისინი საკუთარ თავზე? ვინ არიან შენი საიდუმლოს მატარებლები, რომლებმაც ადამიანთა ბედნიერებისათვის საკუთარ თავზე მიიღეს წყევლა? ვინ ნახა ისინი? ჩვენ ვიცნობთ იეზუიტებს, მათზე ბევრ ცუდს ამბობენ, მაგრამ, დავიჯერო, იმნაირები არიან, როგორებადაც შენ დახატე? სრულიადაც არა... მთლად ეგრე არ არის... ეს არის რომის, მომავალი მსოფლიო მიწიერი სამეფოს არმია, რომელსაც იმპერატორად რომის მღვდელმთავარი ეყოლება... ეს არის მათი იდეალი, ყოველგვარი საიდუმლოსა და ამაღლებული სევდის გარეშე... უბრალოდ, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი, ამქვეყნიური ბინძური კეთილდღეობის მოპოვებისა და სხვათა დამონების ჟინი, რაღაც ბატონყმობის მსგავსი, მემამულეები რომ გახდნენ... აი, ასეა იმათთან. შესაძლოა, მათ ღმერთიც არ სწამთ. შენი წამებული ინკვიზიტორი მხოლოდ ფანტაზიაა...

- მოიცა, მოიცა, - სიცილით უთხრა ივანმა, - რამ გაგაცოფა?! შენ ამბობ ფანტაზიააო, კი ბატონო! ცხადია, ფანტაზიაა, თუმცა შენ მართალი გგონია, რომ უკანასკნელი საუკუნეების ყველა კათოლიკური მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ ბინძური კეთილდღეობისათვის ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილია?! ამას მამა პაისი ხომ არ გასწავლის?

- არა, არა, პირიქით, მამა პაისი ერთხელ რაღაცას შენსავით ლაპარაკობდა, თუმცა, რასაკვირველია, იმას არა, რასაც შენ ამბობდი, მთლად მასე არა, - უცებ გაახსენდა ალიოშას. - ძვირფასი ცნობაა, მიუხედავად შენი „მთლად მასე არასი“. მე სწორედ იმას გეკითხები - რატომ გაერთიანდნენ იეზუიტები და ინკვიზიტორები მხოლოდ და მხოლოდ საზიზღარი მატერიალური კეთილდღეობისათვის? რატომ არ შეიძლება მოინახოს მათ შორის ერთი წამებული მაინც, მსოფლიო სევდა რომ აწუხებდეს და კაცობრიობა უყვარდეს?

ყური დამიგდე: დავუშვათ, მატერიალური და ბინძური კეთილდღეობის ყველა იმ მსურველს შორის მოინახა მხოლოდ ერთადერთი, როგორიც ჩემი მოხუცი ინკვიზიტორია, რომელიც თავად ჭამდა უდაბნოში ძირხვენებს და იგვემებოდა, რათა დაემარცხებინა თავისი ხორცი, თავისუფალი და სრულყოფილი რომ გამხდარიყო. მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში უყვარდა კაცობრიობა, მაგრამ უცებ თვალი აეხილა და დაინახა, რომ ნებისყოფის სრულყოფილების მიღწევით მცირეა ზნეობრივი ნეტარება, თუ ამავე დროს დარწმუნებული ხარ, რომ დანარჩენი მილიონობით ქმნილება ღმერთისა მხოლოდ და მხოლოდ დასაცინად არის შექმნილი და ისინი ვერასოდეს შეძლებენ, თავი გაართვან საკუთარ თავისუფლებას, რომ საცოდავი მეამბოხეებიდან არასოდეს გამოვლენ გოდოლის დამსრულებელი გოლიათები, რომ დიდი იდეალისტი თავის ჰარმონიაზე ამისთანა ბატებისათვის არ ოცნებობდა. ამ ყველაფერს რომ მიხვდა, გამობრუნდა და მიემხრო... ჭკვიან ადამიანებს. ნუთუ არ შეიძლება, ასე მომხდარიყო?

- ვის მიემხრო, რომელ ჭკვიან ადამიანებს? - წამოიყვირა თითქმის აღტყინებულმა ალიოშამ, - მათ არანაირი ჭკუა არა აქვთ, არავითარი საიდუმლო არ გააჩნიათ. შენს ინკვიზიტორს ღმერთი არა სწამს, ეს არის მისი საიდუმლო!

- თუნდაც ეგრე იყოს! როგორც იქნა მიხვდი. მართლაც ასეა, სწორედ ეს არის მთელი საიდუმლო, მაგრამ განა ეს ტანჯვა არ არის ისეთი კაცისათვის, რომელიც მთელი ცხოვრება უდაბნოში მოღვაწეობდა და ვერ განიკურნა კაცობრიობის სიყვარულისგან? ის სიცოცხლის მიწურულს ნათლად რწმუნდება, რომ მხოლოდ დიდი და საშინელი სულის რჩევებით შეიძლება ამ უსუსური მეამბოხეების, „დასაცინად შექმნილი მანკიერი სასინჯი არსებების“ რამდენადმე გვარიანად მოწყობა. როგორც კი ამაში დარწმუნდება, გადაწყვეტს, საშინელი და გონიერი სულის მითითებას გაჰყვეს, ამისათვის კი უნდა იცრუოს და მოატყუოს ხალხი, შეგნებულად უნდა წაიყვანოს ადამიანები სიკვდილისა და განადგურებისაკენ, მთელი გზა უნდა ფლიდობდეს, რომ ადამიანებმა ვერ შეამჩნიონ, საით მიჰყავთ ისინი, რომ ეს ბრმები გზაში მაინც თვლიდნენ თავს ბედნიერებად. თუ შენიშნე, ეს სიცრუე იმ იდეალისთვისაა, რომელიც ასე მძაფრად სწამდა მოხუცს მთელი სიცოცხლე! განა ეს უბედურება არაა?! თუნდაც ერთი ასეთი რომ აღმოჩენილიყო „ბინძური კეთილდღეობისათვის ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილთა“ არმიის სათავეში, თუნდაც ერთი, განა ეს ტრაგედია არ იქნებოდა?! გარდა მაგისა, ერთი ამნაირის სათავეში ყოფნა საკმარისია, რომ მოინახოს ნამდვილი სახელმძღვანელო იდეა, უმაღლესი იდეა მთელი რომის საქმიანობისა. პირდაპირ გეტყვი, მე ღრმად მწამს, რომ ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც არასოდეს დამცირებულა ამ მოძრაობის სათავეში მყოფთაგან. ვინ იცის, იქნებ იყო შემთხვევები, როცა რომის მღვდელმთავრებს შორის იყვნენ ასეთი განსაკუთრებული ადამიანები. ვინ იცის, ეს დაწყევლილი ბებერი, რომელსაც ასე ჯიუტად და ასე თავისებურად უყვარს კაცობრიობა, დღესაც არსებობს უამრავი მისნაირი ბებრის რაღაც ნაკრების სახით და შემთხვევით კი არა, არამედ არსებობს, როგორც თანხმობა, როგორც საიდუმლო კავშირი, რომელიც დიდი ხანია შექმნილია იმ საიდუმლოს დასაფარავად, რაც ამ უბედურმა და უსუსურმა ადამიანებმა არ უნდა გაიგონ, რათა უფრო ბედნიერები იყვნენ. ეს აუცილებლად ასეა და ასეც უნდა იყოს. მე მგონია, მასონებს თავიანთ საფუძვლად რაღაც ამგვარი საიდუმლო აქვთ და ალბათ ამიტომაც ვერ იტანენ მათ კათოლიკეები, მათში ხედავენ კონკურენტებს, ერთიანი იდეის დანაწევრებას; მაშინ როგორღა იქნება ერთიანი ფარა და ერთი მწყემსი...

თუმცაღა, რადგან ჩემს მოსაზრებებს დამცველად დავუდექი, მე ვგავარ მთხზველს, რომელმაც ვერ გაუძლო შენს კრიტიკას. მოვრჩეთ ამაზე საუბარს.

- ალბათ შენც მასონი ხარ! - უცებ წამოსცდა ალიოშას, - შენ ღმერთი არ გწამს, - დაუმატა განსაკუთრებულად დამწუხრებულმა. ამ დროს მოეჩვენა, რომ ივანი დაცინვით უყურებდა. - როგორ მთავრდება შენი პოემა? - თავაუწევლად ჰკითხა მან, - თუ უკვე დამთავრდა?

- ასე მინდა დავამთავრო: ინკვიზიტორი ერთხანს გაჩუმდება, ელის, რას ეტყვის ტყვე. მას აწუხებს დუმილი ტუსაღისა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად, დაკვირებით შესცქეროდა თვალებში და უსმენდა. ეტყობოდა, არ სურდა რაიმე წინააღმდეგობის გაწევა. მოხუცს კი უნდოდა, მას რამე ეთქვა, თუნდაც მწარე და საშინელი. ტუსაღი მოულოდნელად წამოდგა, მდუმარედ მიუახლოვდა მოხუცს და ჩუმად ეამბორა მის ოთხმოცდაათი წლის გაცრეცილ ბაგეებს. ესაა მისი პასუხი. მოხუცი შეკრთა. მისი ტუჩების კიდეებში რაღაც შეინძრა. კარისაკენ გაემართა, გააღო და ტყვეს უთხრა:

„წადი და ნუღარ მოხვალ, საერთოდ აღარ მოხვიდე... არასოდეს, არასოდეს!“ და „ქალაქის ჩაბნელებულ ქუჩებში“ გაუშვა იგი. ტყვე მიდის.

- მოხუცი?

- ამბორი წვავს მის გულს, მაგრამ იგი თავისი იდეების ერთგული რჩება.

- შენც მასთან ერთად ხარ, შენც?! - შეჰყვირა დამწუხრებულმა ალიოშამ.

ივანს გაეცინა. - ალიოშა, ეს ხომ სისულელეა, ეს ხომ იმ ერთი უნიჭო სტუდენტის უნიჭო პოემაა, რომელსაც თავის ცხოვრებაში ერთი ლექსიც არ დაუწერია. რატომ იღებ ასე სერიოზულად? იქნებ ფიქრობ, პირდაპირ იეზუიტებთან წავალ, რომ იმ ადამიანთა რიგებში ჩავდგე, ვისაც მისი ღვაწლის შესწორება სურს? ღმერთო ჩემო, რა ჩემი საქმეა! მე ხომ გითხარი: ერთი ოცდაათ წლამდე მიმაღწევინა, მერე კი მიწაზე დავანარცხებ ფიალას! - გაზაფხულის ლორთქო ყვავილები, ძვირფასი საფლავები, საყვარელი ქალი!

როგორღა იცხოვრებ, რანაირად გეყვარება ისინი?! - დამწუხრებული გაიძახოდა ალიოშა, - განა ეს შესაძლებელია, როცა თავსა და გულში ასეთი ჯოჯოხეთი გიტრიალებს? არა, სწორედ იმიტომ მიდიხარ, მიდიხარ, რომ მათ მიეკედლო... თუ არა და თავს მოიკლავ, ვერ გაუძლებ!

- არის ისეთი ძალა, რომელიც ყველაფერს უძლებს! - ახლა უკვე გულგრილი ჩაცინებით უპასუხა ივანმა.

- რომელი ძალა? - კარამაზოვული, კარამაზოვული უსინდისობის ძალა.

- ეს რაა, ჩაიხრჩო გარყვნილებაში, გახრწნა სული, ამას გულისხმობ, ხომ?

- დიახ, მაგასაც... მხოლოდ ოცდაათ წლამდე. იქნებ შევძლო თავი დავაღწიო, მერე კი...

- როგორ დააღწევ? როგორ? შენი აზრებით ეს შეუძლებელია!

- ისევ და ისევ კარამაზოვულად.

- ეგ როგორ, „ყველაფერი ნებადართულია“, არა? ყველაფერი ნებადართულია, ასე ხომ, ასე?

ივანი შეიჭმუხნა და უცებ უცნაურად გაფითრდა.

- აა, შენც გულში ჩაგყვა გუშინდელი ჩემი ნათქვამი, რომელმაც მიუსოვი გაანაწყენა... და რომელიც ისე გულუბრყვილოდ გაიმეორა დმიტრიმ? - ჩაიცინა ივანმა.

- დიახ, „ყველაფერი ნებადართულია“. რაც ითქვა, ითქვა, არ უარვყოფ. არც მიტიას რედაქციაა ურიგო.

ალიოშა მდუმარედ შესცქეროდა.

- მე, ჩემო ძმაო, მივემგზავრები. ვფიქრობდი, მთელ ქვეყანაზე მხოლოდ შენ მყავდი, - მოულოდნელი გრძნობით წამოსცდა ივანს, - ახლა ვხედავ, შენს გულშიაც არა მაქვს ბინა, ჩემო ძვირფასო განდეგილო. ფორმულას „ყველაფერი ნებადართულია“ მე არ გადავუდგები, რა ვუყოთ მერე, თუ ამის გულისათვის შენ გადმიდგები, ასეა არა?

ალიოშა ადგა, მივიდა მასთან და ჩუმად ეამბორა მის ბაგეებს.

- ლიტერატურული ქურდობაა! - უცებ რაღაცნაირად აღგზნებულად შეჰყვირა ივანმა, - შენ ეს ჩემი პოემიდან მოიპარე! თუმცა გმადლობ! ადექი, ალიოშა, ჩვენი წასვლის დროა.

ისინი გამოვიდნენ და სამიკიტნოს კარებთან გაჩერდნენ.

- აი, რა, ალიოშა, - სერიოზულად თქვა ივანმა, - თუ გაზაფხულის ლორთქო ფოთლებისათვის მოვიცალე, ისინი აუცილებლად მეყვარება მხოლოდ და მხოლოდ შენი მოგონებით. მე ისიც მეყოფა, შენ აქ, სადღაც რომ დაგიგულებ და ამიტომ სიცოცხლე არ მომბეზრდება. ეს შენთვის საკმარისია? თუ გინდა ეს სიყვარულის ახსნად ჩათვალე. ახლა კი შენ მარჯვნივ, მე მარცხნივ და კმარა, გესმის, გვეყოფა. ამით ის მინდა ვთქვა, მე თუ ხვალ არ გავემგზავრე (მგონი ნამდვილად მივემგზავრები) და კვლავ შევხვდით ერთმანეთს, იცოდე, ამ თემაზე კრინტს აღარ დაძრავ. დაბეჯითებით გთხოვ. განსაკუთრებით გთხოვ, დმიტრიზეც არაფერი მითხრა, საერთოდ ნუ ჩამომიგდებ სიტყვას ნურასოდეს, - დაუმატა უცებ გაღიზიანებულმა, - ყველაფერი ამოწურულია, ყველაფერი ითქვა, ასე არ არის? მე, ჩემდა თავად, ასეთ პირობას გაძლევ: როცა ოცდაათი წლისა მოვინდომებ „ფიალის მიწაზე დანარცხებას“, მაშინ სადაც არ უნდა იყო, მოვალ შენთან, რომ კიდევ ერთხელ გაგესაუბრო... თუნდაც ამერიკიდან ჩამოვალ, შენ ეს იცოდე. განზრახ ჩამოვალ. საინტეროსო იქნება იმ დროისათვის შენი ნახვა, ნეტა მაშინ როგორი იქნები? ხედავ, როგორი საზეიმო პირობა დაგიდე. ისე კი, შესაძლებელია, ჩვენ შვიდი-ათი წელი ვეღარ ვნახოთ ერთმანეთი. ახლა კი წადი შენს Pater Seraphicus-თან. იგი ხომ კვდება. უშენოდ მოკვდება და გამიბრაზდები, ვინაიდან მე დაგაკავე. ნახვამდის, მაკოცე კიდევ, აი ეგრე, ახლა კი წადი...

ივანი უცებ გაბრუნდა და უკანმოუხედავად გაუყვა თავის გზას. ეს განშორება რაღაცით დმიტრისა და ალიოშას გუშინდელ განშორებას ჰგავდა, თუმცა გუშინ ეს სულ სხვანაირად მოხდა. ამ უცნაურმა დამთხვევამ ალიოშას დამწუხრებულ და მგლოვიარე გონებაში ისარივით გაიარა. ერთხანს შეყოვნდა, თვალი გააყოლა ძმას. რატომღაც ახლა შეამჩნია, ივანი რაღაცნაირად ქანაობ-ქანაობით რომ დადის და უკანიდან მარჯვენა მხარი მარცხენაზე დაბალი მოუჩანს.

უცებ ალიოშაც მობრუნდა და თითქმის გაიქცა მონასტრისაკენ. უკვე კარგა შებინდებული იყო და თითქოს შიშმა აიტანა; რაღაც იზრდებოდა მასში, რაღაც ახალი, რაზედაც მას პასუხი არ გააჩნდა. როდესაც მონასტრის ტყეში შევიდა, გუშინდელივით ქარი ამოვარდა და საუკუნოვანი ფიჭვები საშინლად ახმაურდნენ მის გარშემო. თითქმის მირბოდა, „Pater Seraphicus“ - ეს სახელი საიდან მოიტანა, - ნეტა საიდან? - გაუელვა თავში ალიოშას, - ივან, საბრალო ივან, ნეტა აწი როდისღა გნახავ... აი, მონასტერიც, ღმერთო! დიახ, დიახ, ეს ისაა, ესაა „Pater Seraphicus“, ის გადამარჩენს... მისგან და უკუნითი უკუნისამდე!“

ალიოშა, თავის ცხოვრების მანძილზე როცა ამ ამბავს იხსენებდა ხოლმე, საგონებელში იყო ჩავარდნილი, როგორ მოუვიდა, რომ ივანთან დაშორების შემდეგ სულ გადაავიწყდა დმიტრი, რომლის მოძებნაც დილიდან ჰქონდა გადაწყვეტილი და მის უნახავად მონასტერში დაბრუნებას არ აპირებდა.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram