ფიდელ კასტრო - მოგონება

ბოგოტაში 1948 წლის 9 აპრილს, ხორხე გაიტანის ბურუსით მოცული მკვლელობის დღეს, მე და გაბო ერთად ვიმყოფებოდით. ერთი ასაკისა და ერთი და იმავე მოვლენების თვითმხილველნი, ერთ პროფესიას - სამართალმცოდნეობას ვეუფლებოდით, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვჯეროდა. ერთმანეთის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდით, ვერავინ გვცნობდა, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი თავის შეცნობაც კი გვიჭირდა.

თითქმის ნახევარი საუკუნის შემდგომ, მე და გაბო ბირანში გამგზავრების წინადღეს ვსაუბრობდით. ბირანი კუბის აღმოსავლეთ ნაწილია, სადაც 1926 წლის 13 აგვისტოს მე დავიბადე.

ჩვენი შეხვედრა ძალიან პირადული, ფამილარული ხასიათის ელფერს ატარებდა, სადაც ადგილი გულახდილ მოგონებებსა და ჭორებს დაეთმო, საუბარს კი გაბოს მეგობრები და ზოგიერთი რევოლუციის ლიდერიც დაესწრო.

ჩვენი საუბარი იმ ღამით მეხსიერებაში ჩაბეჭდილ მოგონებათა ერთგვარი გახსენებაც იყო: გაიტანი მოკლეს! – გაისმა ბოგოტაში 9 აპრილს, სწორედ იქ სადაც ჩვენ, ახალგაზრდა კუბელები, სტუდენტთა ლათინოამერიკული კონგრესის ორგანიზებას ვგეგმავდით. სანამ გონს მოვეგებოდით, ხალხი მკვლელს უკვე ქუჩა-ქუჩა მიათრევდა, მასიურად წვავდნენ ოფისებს, კინოთეატრებს, ნაქირავებ სახლებსა და მაღაზიებს, მიაქროლებდნენ კარადებსა და პიანინოებს, ამსხვრევდნენ სარკეებს. ოდნავ მოშორებით, გამჭვარტლული კედლებიდან თუ ყვავილებით მორთული აივნებიდან გადმომდგარი და ქუჩის თავში გამოფენილი ხალხის ერთი ნაწილი, ხმამაღლა გამოხატავდა საკუთარ გულისწყრომასა და ტკივილს. ერთი მამაკაცი შვებას საბეჭდ მანქანაზე კაკუნით ჰპოვებდა, მე კი მისი უჩვეულო და უზარმაზარი ძალების დაზოგვის მიზნით, საბეჭდი მანქანა ჰაერში მოვისროლე და ნამსხვრევებად ვაქციე. ფიდელ კასტროს საუბარს გაბო გულმოდგინედ ისმენდა და შესაძლოა ჭეშმარიტ რეალობას ეთანხმებოდა კიდეც, იმ რეალობას, რომელიც მოგონილ ისტორიებს აშკარად აჭარბებდა, ამიტომაც ლათინოამერიკელი და კარიბის ზღვის აუზის მწერლები შეთხზული ამბების უკმარისობას განიცდიდნენ, პრობლემას კი ამ რეალობის დამაჯერებლად წარმოჩინება წარმოადგენდა. საქმე ის გახლავთ, მხოლოდ საუბრის დასასრულს შევიტყვე, რომ გაბოც იქ იყო.

შესაძლოა, ასე დაემთხვა, იქნებ ჩვენ ერთად ქუჩებიც კი შემოვიარეთ, ერთდროულად შევიგრძენით შიში, განცვიფრება, რამაც ბიძგი მომცა, უეცრად ნაპირებიდან გადმოსული მდინარის მსგავსად აღელვებულ მასას, ჩემი სახით კიდევ ერთი ადამიანი დამატებოდა. გაბოს ჩვეული, ულმობელი ცნობისმოყვარეობით ვკითხე: "და შენ რაღას აკეთებდი "ბოგოტასოს" ხანაში? ის კი მშვიდი, წარმოსახული სამყაროს "სანგარში" ჩასაფრებული, მკვირცხლად და შეუდარებლად, მომღიმარი სახით, მეტაფორული ბუნების მატარებელი, მახვილგონივრულად მპასუხობს: "ფიდელ, საბეჭდ მანქანას რომ უკაკუნებდა, ის კაცი მე ვიყავი!"

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გაბოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, თუმცა "გარსიამარკესისეული პოეტური გეოგრაფიის დაბურულ ტერიტორიაზე" წამიერად პირველად აღმოვჩნდი. აღსანიშნავია ისიც, თუ როგორი პასუხისმგებლობით დამარწმუნა, რომ რეინკარნაციის შედეგად მწერალი გავხდები, მეტიც, გაბრიელ გარსია მარკესიც კი ვიქნები მისი შეუპოვარი და დაჟინებული ოსტატობის, მთელი თავისი თვალისმომჭრელი და გაზვიადებული ამბების წყალობით, რომელიც ფილოსოფიურ ქვას ეფუძნება. ერთხელ დრო იხელთა, მარწმუნებდა 18 ნაყინი მიირთვიო, მე კი ჩვეულებისამებრ, მთელი ძალით გავაპროტესტე. შემდეგ გამახსენდა ფრაგმენტი მისი რომანიდან "სიყვარულისა და სხვა დემონების შესახებ", სადაც დასეირნობს 11 თვის ცხენზე ამხედრებული მამაკაცი და ავტორს ნიშნისმოგებით მივუგე: "მისმინე გაბო, ამ ცხენს 2–3 თვე მაინც მიუმატე, თორემ 11 თვის ჯერ კიდევ კვიცია!" რომანში ქვაზე ჩამომჯდარი მამაკაცი მოსთქვამს, რომ მის ცხენს ოქტომბრის თვეში ასი წელი უსრულდება, რის გამოც მას დაღმართზე გული გაუსკდება. გაბომ, როგორც მოსალოდნელი იყო, საოცარი გარემოების წყალობით ცხოველს ასაკი შეუცვალა დაუჯერებელი და უდაო ჭეშმარიტების მეოხებით.

მისი შემოქმედება უტყუარი დასტურია მგრძნობიარე, ლათინოამერიკული წარმომავლობის, სიმართლისადმი ერთგულების და პროგრესული აზროვნებისა.

ახლა კი გაბო ავტობიოგრაფიული რომანით ჩნდება, ესაა მოგონებებზე აგებული რომანი, ნოსტალგიით გაჯერებული ნაწარმოები, რომელიც ღამის ოთხ საათზე გაელვებისა და მეხის გავარდნის ტოლფასია, მაგიური სამყაროს ნაწილია, სადაც გაბოს დედას – ლუისა სანტიაგა მარკეს იგუარანს, ენატრება არაკატაკა – ჩვეული გამუდმებულ კოკისპირულ წვიმებს, ალქიმიასა და ტელეგრაფისტებს, ამაღელვებელ სიყვარულსა და შეგრძნებებს. მარტოობის ასი წელიწადის ფურცლებიდან გაცოცხლებული სოფელი მაკონდო, იგივე არაკატაკა, მთელი თავისი გრძნეულებითა და დაფარული მტვრით. გაბო მისთვის დამახასიათებელი დიდსულოვნებით, ჩვენი ძველი და გულითადი მეგობრობის დასტურად, ჯერ კიდევ დაუსრულებელი რომანის ფრაგმენტებს და წიგნების შავ ჩანაწერებს მიგზავნიდა. ამჯერად კი ის მთელი თავისი გულწრფელობით, მოკრძალებითა და ვნებით ჩვენს წინაშე საკუთარი ანგარიშით წარსდგა, რამაც დაადასტურა, რომ იგი გახლავთ ბავშვური კეთილშობილებისა და კოსმიური ნიჭის მატარებელი, მომავლის კაცი, რომელსაც ვემადლიერებით იმისათვის, რომ იცხოვრა, რათა მოჰყვეს.

კომენტარი გამოქვეყნდა 2002 წლის 5 ნოემბერს, ონლაინ გაზეთში "Nuestra America"

ხორხე გაიტანი (1898–1948) – კოლუმბიის პოლიტიკური მოღვაწე, ლიბერალური პარტიის ლიდერი. 1947 წელს ლიბერალური პარტიის მიერ წარდგენილ იქნა საპრეზიდენტო პოსტზე. 1948 წლის 9 აპრილს ხორხე გაიტანი საიდუმლო ვითარებაში მოკლეს, რაც ბოგოტაში შეიარაღებული ამბოხის საფუძვლად და სისხლიანი სამოქალაქო ომის პრელუდიად იქცა.

"ბოგოტასო" – 1948 წლის 9 აპრილს კოლუმბიის პოლიტიკური მოღვაწის ხორხე გაიტანის მკვლელობის შედეგად ბოგოტა მასიურმა არეულობამ, პროტესტისა და რეპრესიების ტალღამ მოიცვა. ეს პერიოდი ისტორიაში კი «ბოგოტასოს სახელითაა ცნობილი.

წყარო - bu.org.ge

Vangogen • ვანგოგენი

Instagram