ნელსონ მანდელა - ნაწყვეტი წიგნიდან საუბრები საკუთარ თავთან

...საკანი იდეალური ადგილია იმისათვის, რომ საკუთარი თავის შეცნობა ისწავლო, საკუთარ გონებასა და გრძნობებს რეალისტურად უყურო და, რაც მთავარია, რეგულარულად აკონტროლო ისინი.

როდესაც ამა თუ იმ პიროვნების პროგრესს განვიხილავთ, ჩვენ მხოლოდ გარეგან ფაქტორებზე ვამახვილებთ ყურადღებას,ისეთებზე, როგორებიცაა სოციალური მდგომარეობა, გავლენა და პოპულარობა, სიმდიდრე და განათლების დონე.

წმინდა მატერიალური თვალსაზრისით, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა,ძალიან მნიშვნელოვანია და სავსებით გასაგებია, როდესაც ვხედავთ, რომ ესა თუ ის პიროვნება სწორედ ამ მიმართულებით ცდილობს წარმატების მიღწევას. მიუხედავად ამისა, პიროვნებად ჩამოყალიბებაში, შესაძლოა, შინაგანი ფაქტორები უფრო იყოს გადამწყვეტი.

პატიოსნება, გულწრფელობა, სისადავე,თავმდაბლობა, გულუხვობა, სულგრძელობა - თვისებები, რომლებიც ნებისმიერისთვისაა ადვილად მისაღწევი - პიროვნების სულიერი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს.

ამ მიმართულებით განვითარება, სერიოზული თვითანალიზის, საკუთარი თავის, საკუთარი შეცდომებისა და სისუსტეების გაცნობიერების გარეშე,სრულიად შეუძლებელია. სხვა თუ არაფერი, საკანი იმის საშუალებას მაინც გაძლევს, რომ საკუთარ ქცევას დააკვირდე, დაამარცხო უარყოფითი თვისებები და განავითარო ყველაფერი ის, რაც დადებითია შენში.

ყოველდღიური მედიტაცია, ვთქვათ 15 წუთის განმავლობაში, დაძინების წინ, შესაძლოა, ამ მიმართულებით ძალიან ნაყოფიერი იყოს.

თავდაპირველად, ალბათ საკმაოდ ძნელი იქნება საკუთარი ნეგატიური თვისებებისთვის თვალის გასწორება, მაგრამ მეათე მცდელობა კარგ შედეგს მოიტანს. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ წმინდანი არის ცოდვილი,რომელიც მუდამ უკეთესობისკენ ილტვის.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram