ერნესტო ჩე გევარა - მოტოციკლისტის დღიური

1952 წელს ლექციებითა და გამოცდებით გაბეზრებული სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ერნესტო გევარა, მეგობარ ალბერტო გრანადოსთან ერთად ტოვებს ბუენოს აირესს და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობას იწყებს.

„მოტოციკლისტის დღიური“ სწორედ ამ მოგზაურობას აღწერს. ამ ჩანაწერების ავტორი 23 წლისაა. მისთვის ჯერ არ შეურქმევიათ მეტსახელი „ჩე“, ჯერ კიდევ წინაა კუბის რევოლუცია და ფათერაკებით სავსე, ლეგენდარული ცხოვრება, რომლის გამოც ჩე გევარას მეოცე საუკუნის დონ კიხოტს უწოდებენ. ეს წიგნი მეოცნებე, სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობის ჟინით შეპყრობილი ახალგაზრდა მოგზაურის დღიურია.


ზღვა ყოველთვის იძლევა საუკეთესო რჩევებს - მისი მრავალმნიშვნელოვანი ხმაური შეიძლება ათასგვარად განმარტო.

ეჭვი შემეპარა, აქვს თუ არა ნაფოტს, თქვას, გავიმარჯვეო, როდესაც ტალღა მას ნაპირზე გამორიყავს.

ყოველი რიგიანი მოგზაურობის პირველი მცნების თანახმად, მოგზაურობას აქვს ორი პუნქტი: დაწყება და დამთავრება. თუ გსურს, რომ მეორე თეორიული პუნქტი დაემთხვას რეალურ საბოლოო პუნქტებს, ნუ იფიქრებ ამის მისაღწევად საჭირო საშუალებებზე - რადგან მოგზაურობა არის ვირტუალური სივრცე, რომელიც მთავრდება იქ, სადაც ის მთავრდება და არსებობს „დამთავრების“ იმდენივე საშუალება, რამდენიც - განსხვავებული შესაძლებლობა.

ზედაპირული მზერა ამჩნევს მხოლოდ ლანდშაფტის მომაბეზრებელ ერთფეროვნებას და საშუალებას არ იძლევა, ჩავწვდეთ ამ ადგილის „განწყობას“.

დროა, მთავრობებმა ნაკლები დრო დაუთმონ საკუთარი ღირსებების დემონსტრირებას და მეტი, გაცილებით მეტი ფული მოახმარონ საზოგადოებრივად სასარგებლო ამოცანების გადაწყვეტას.


ზოგიერთი არსების კეთილდღეობა ნამდვილად დამოკიდებულია იმაზე, დავიცავთ თუ არა მათ.

ადამიანებმა არ უნდა დაივიწყონ გაკვეთილი - საბადოებთან არსებული სასაფლაოები, თუნდაც იქ დაკრძალული იყოს მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებიც იმსხვერპლა მაღაროების ნგრევამ, კაჟმიწამ და მთის ჯოჯოხეთურმა კლიმატმა.

ოქროს არა აქვს მოკრძალებული ხიბლი ვერცხლისა, რომელიც დაძველებისას უფრო მშვენიერი ხდება, ამიტომ ტაძარი წააგავს ასაკოვან, ფერუმარილით სახეგათხუპნულ ქალს.

მთარგმნელი - თამარ ლომიძე
გამომცემლობა „დიოგენე“, 2013 წელი

Vangogen • ვანგოგენი

Instagram