ნიკა ჯანჯღავა - ამბოხებითი მოძრაობისა და პარტიზანული ომის საფუძვლები

აშშ-ის არმიის შეხედულებები და პრინციპები 

„გაანადგურებ ერთს - დააფრთხობ ათასებს“ - სუნ ძი 

ამბოხებულთა დასამარცხებლად საჭიროა იმის გაგება, თუ რისთვის იბრძვიან, რა არის მათი იდეალები და მამოძრავებელი ძალები. ამბოხებითი მოძრაობა და პარტიზანული ომი არაკონვენციური ომის განუყოფელი ფორმებია. 

აშშ-ის არმიის სამხედრო წესდებებში ტერმინი არაკონვენციური ომი განისაზღვრება როგორც სამხედრო ოპერაციათა ფართო სპექტრი, რომელიც ტარდება მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ან მის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე. არაკონვენციური ომი მოიცავს ამბოხებით მოძრაობას, პარტიზანულ ომს, ძირგამომთხრელ მოქმედებას, საბოტაჟს, დივერსიას, გარკვეული ობიექტების ხელში ჩაგდებას ან მათ განადგურებას. ეს მოქმედებანი თავისი არსით საიდუმლო და ფარულია, ტარდება იატაკქვეშა მეთოდებით და მიმდინარეობს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მთავარი მამოძრავებელი ძალა ადგილობრივი მოსახლეობაა, მაგრამ მას გარკევეული ძალები უცხო ქვეყნებიდან ეხმარებიან მოძრაობის ორგანიზაციის, მომზადების, შეიარაღების და დაფინანსების საკითხებში.

ამბოხებითი მოძრაობა არის არსებული წყობის ან ხელისუფლების დასამხობად განხორციელებული ბრძოლა სამხედრო ძალისა და ძირგამომთხრელი მოქმედებების საშუალებით, პარტიზანული ომი კი - ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტებული არალეგალური სამხედრო შენაერთების - რაზმების მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციები მტრულ ან მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე.

ამბოხებით მოძრაობას, ჩვეულებრივ, იმ ქვეყნებში აქვს ადგილი, სადაც ხელისუფლებას არა აქვს საშუალება ან სურვილი დააკმაყოფილოს თავისი მოქალაქეების მინიმალური კანონიერი მოთხოვნილებანი ცხოვრების დონის ასამაღლებლად, რასაც შემდგომში მოჰყვება საერთო-სახალხო უკმაყოფილება და ხელისუფლების სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა. ამასთან, დიქტატორული მმართველობის ანდა კორუმპირებული სისტემის გამო, მოსახლეობას არა აქვს საშუალება დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალოს არსებული რეჟიმი. ამბოხებით მოძრაობას შეიძლება ეროვნული (სეპარატისტული) ელფერიც ჰქონდეს, როდესაც ეროვნული, კულტურული ან რელიგიური ერთობის საფუძვლებიდან გამომდინარე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფები ცდილობენ შექმნან თავისი საკუთარი სახელმწიფო.

არსებობს სხვადასხვა მიზეზით ინსპირირებული ამბოხებითი მოძრაობის შემდეგი ტიპები: ანარქიული - მისი მიზანია ხელისუფლების ყველა ინსტიტუტის განადგურება, რადგან ისინი არ გამოხატავენ მოსახლეობის უმრავლესობის ნებას და, ამდენად, არალეგიტიმურია;
გათანაბრებითი – ეს მოძრაობა იბრძვის ისეთი სისტემის დასამყარებლად, სადაც ეროვნული სიმდიდრეების გაყოფისა და გამოყენების თანასწორუფლებიან-პროპორციული მეთოდი და ცენტრალიზებული მართვა იქნება;

ტრადიციული - მას საფუძვლად უდევს ახალი პოლიტიკური წყობის განადგურებისა და ძველის აღდგენის მოთხოვნა. მას ახასიათებს სამღვდელოების, არისტოკრატიისა ან სამხედროების მიერ პოლიტიკურად და კულტურულად მოსახლეობის ყველაზე ჩამორჩენილი ნაწილის გამოყენება;

თავისუფალ-დემოკრატიული - აცხადებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და თავისუფლების უზენაესობას. მაგრამ, ჩვეულებრივ, ამ მოძრაობის მიზანი ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა, შემდეგ კი ყველა ლოზუნგი დავიწყებას ეძლევა; სეპარატული - გულისხმობს ერთი სახელმწიფოს წარმონაქმნიდან გამოსვლას და საკუთარის შექმნას;

რეფორმატორული – მიზნად ისახავს არსებული რეჟიმის შეცვლას პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პირობების რეფორმირების საშუალებით; კონსერვატიული – ცდილობს ძველი ეკონომიკურ-პოლიტიკური სისტემის უცვლელად დატოვებას, ნებისმიერი ცვლილებების მიუღებლობასა და მათთან ბრძოლას.

საზოგადოებრივი განვითარების პრაქტიკაში ხშირად ხდება, რომ მოსახლეობა ათწლეულების განმავლობაში ტირანიისა და დიქტატურის ბატონობის ქვეშ იმყოფება, მაგრამ უეცრად ერთი თაობა, საზოგადოების ერთი ნაწილი, ზოგჯერ კი ცალკეული პიროვნებები იწყებენ მოძრაობას სტატუს კვოს შესაცვლელად. განვიხილოთ რამდენიმე პირობა, რომლებიც ხელს უწყობენ ამბოხებითი მოძრაობის დაწყებას:

ინდივიდის მდგომარეობა საზოგადოებაში - საზოგადოების ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ცალკე აღებული პიროვნების სტატუსი ყოველთვის არ არის დაკავშირებული ამბოხებით მოღვაწეობაში მის მონაწილეობასთან. არ არის აუცილებელი, რომ მძიმე ცხოვრებით სასოწარკვეთილებამდე მისული პიროვნება შევიდეს მეამბოხეთა რიგებში, რადგან ხშირად მისი გონება თავის გადარჩენის საშუალებათა ძიებითაა უფრო დაკავებული, ვიდრე შეიარაღებული ბრძოლის იდეებით. მაგრამ თუკი ადამიანს ეკონომიკურად არ უჭირს, იგი ყოველნაირად ცდილობს საფრთხე არ შეუქმნას თავის კეთილდღეობას. შესაძლოა, ორივე ამ ინდივიდმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამბოხებით მოძრაობაში, თუმცა განსხვავებული მოტივებით: ერთნი ცდილობენ თავისი ეკონომიკური პოზიციების გაუმჯობესებას ახალი რეჟიმის პირობებში, მეორენი - დიდებისა და პოპულარობის მოხვეჭას, ზოგიერთი კი ფიქრობს შური იძიოს ცხოვრებაში თავისი წარუმატებლობის გამო. ყველაფერი ეს იმის მაუწყებელია, რომ იატაკქვეშა, ამბოხებითი ორგანიზაციის რიგებში შესვლა ძალიან პირადულია, ამდენად, ინდივიდუალურ დონეზე ძნელია იმის გაგება, ვინ შეძლებს ამ გაბედული ნაბიჯის გადადგმას და ვინ ვერა.

პირადი მრწამსი - როგორც ამბოხებით მოძრაობაში მონაწილე პირთა შესწავლის პრაქტიკამ გვიჩვენა, ამბოხებულთა რიგებში შესვლის მიზეზი ყოველთვის არ არის იდეოლოგიური და პოლიტიკური მისწრაფება, პროპაგანდის როლი კი ყოველთვის ვერ აღწევს სასურველ შედეგს. დაშინების, მუდმივი თვალთვალის, იდეოლოგიური დამუშავების პრაქტიკა, პოზიტიურ მოტივებთან (მაგალითად, თანამოაზრეებისადმი ერთგულება, მინიმალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, მათი ოჯახების უსაფრთხოების გარანტია) ერთად, საკმაოდ ართულებს ამბოხებითი მოძრაობის რიგებიდან გამოსვლას;

სოციალური ინსტიტუტები - სირთულეები პოლიტიკაში, ეკონომიკაში, გართულებული რელიგიური ფონი ამბოხებითი მოძრაობის ჩასახვის პირობებს ქმნის. უყურადღებობა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, მათი კორუმპირულობა და არაკომპეტენტურობა მართლწესრიგის დაცვის საკითხში მოსახლეობის გულგატეხილობის საფუძველს წარმოშობს და, აქედან გამომდინარე, ამბოხებით მოძრაობას უდებს სათავეს და მისი შემდგომი განვითარების სოციალურ საფუძველს ქმნის.

ეროვნული ფაქტორი - მრავალეროვნულ სახელმწიფოში რესურსების და ფინანსების განაწილებაში ეროვნულ ელიტათა ურთიერთდამოკიდებულება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამბოხებითი მოძრაობის განვითარებაზე. ეროვნული ურთიერთობანი, რომლის დროსაც ერთი მხარე ბრალს სდებს მეორეს ეროვნულ ჩაგვრაში, ყველა შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერი უმნიშვნელო ეროვნებათშორისი კონფლიქტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან ომში. ჩვეულებრივ, ამბოხებითი მოძრაობა წარმოიშობა იმ შემთხვევაში, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება არ მიდის დათმობებზე მოსახლეობის ამა თუ იმ გავლენიანი ჯგუფის წინაშე, რის შედეგადაც, გამოუვალი მდგომარეობის გამო, ეს ჯგუფები ერთიანდებიან და იწყებენ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას არსებული მდგომარეობის შესაცვლელად. ამბოხებითი მოძრაობა სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ძალთა კოალიციაა, რომელთაც საერთო მიზანი აერთიანებს - არსებული მდგომარეობის შეცვლა შეიარაღებული ბრძოლის მეშვეობით. იმის მიხედვით, თუ როგორ გამონახავს ეს კოალიცია საერთო ენას მის შემადგენლობაში მყოფ ძალებთან, როგორ განსაზღვრავს ამბოხებითი მოძრაობის სტრატეგიის ამოცანებსა და მოთხოვნებს, მისი გამარჯვების შანსი იზრდება. ამბოხებითი მოძრაობა რომ წარმატებული იყოს, მას სჭირდება ერთიანი ხელმძღვანელობა, დოქტრინა, ორგანიზაცია და მომავლის ერთნაირი ხედვა თავისი პოლიტიკური მიზნის - ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ. ყველა ეს საკითხი იმ დროს, როცა ამბოხებითი მოძრაობა იწყებს მოღვაწეობას, ჩანასახოვან მდგომარეობაშია. მოძრაობის განვითარებისა და ზრდის პროცესში, მომენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჭიროა ამ საკითხების ხელახლა გადახედვა და დაზუსტება.

ამბოხებითი მოძრაობის მოღვაწეობის განვითარებისთვის აუცილებელია გარკვეული პირობები - მოსახლეობასთან საერთო ენის გამონახვა, სახელმწიფო კონტროლის არასაკმარისი დონე მოცემულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა, ამბოხებითი მოძრაობის ძალთა ერთობა, საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის სურვილი (ნება), ერთიანი ხელმძღვანელობა, დისციპლინა, სადაზვერვო ქსელი, პროპაგანდა, გარემო პირობები, გარეშე ძალების დახმარება.

მოსახლეობასთან საერთო ენის გამონახვა - საკუთარი იდეების დანერგვისა და პროპაგანდისათვის აუცილებელია ფართო მასებთან საერთო ენის გამონახვა. საჭიროა იმ პრობლემების წამოწევა და იმ ლოზუნგების წამოყენება, რომლებიც ყველაზე მეტად გასაგები იქნება მოსახლეობის ფართო ფენებისთვის. ამბოხებითი მოძრაობის წარმომადგენლებმა იმის იმედი უნდა ჩაუსახონ ხალხს, რომ არსებული ვითარება შეიცვლება მხოლოდ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ. არასაკმარისი სახელმწიფო კონტროლი - ქვეყნის გარკვეულ რაიონზე ან ტერიტორიაზე რაც უფრო დაბალია ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან კონტროლი, მით უფრო ადვილია მეამბოხეებისათვის წარმატების მოპოვება. ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა - აუცილებელია მოსახლეობის პასიური ან აქტიური მხარდაჭერის მოპოვება მათი იდეოლოგიური დამუშავებით და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული რეალური ქმედებებით.



ხალხის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია ამბოხებითი მოძრაობის წარმატება. ამბოხებითი მოძრაობის ძალთა ერთობა - გამარჯვების მისაღწევად ყველა ძალა უნდა გაერთიანდეს, მეორე პლანზე უნდა გადაინაცვლოს ყველა იდეოლოგიურმა უთანხმოებამ და პირადმა ამბიციებმა. წინააღმდეგობის გაწევის სურვილი (ნება) - გათვალისწინებულ უნდა იქნეს საზოგადოების შიდა ძალები და მისი ნება, გამარჯვების მისაღწევად აიტანოს ამბოხებით ბრძოლასთან დაკავშირებული ყველა გაჭირვება. ერთიანი ხელმძღვანელობა - მოსახლეობასთან ხელმძღვანელობის ეფექტური მუშაობის უნარზე ბევრად არის დამოკიდებული ამბოხებითი მოძრაობის წარმატება. ხელმძღვანელობა შეიძლება იყოს კოლექტიური ან ინდივიდუალური. სადაზვერვო ქსელი - ამბოხებითი მოძრაობის ორგანიზების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ამბოხებითი მოძრაობის მხარდამჭერთა რიგებიდან ჩამოყალიბებული სადაზვერვო ქსელი. სადაზვერვო მუშაობას უწყვეტი ხასიათი უნდა ჰქონდეს. იგი შეიძლება იყოს პასიური - მთავრობის მოღვაწეობის თვალთვალი, და აქტიური - სახელმწიფო აპარატში საკუთარი წევრების შეგზავნა; გარემო პირობები – ტერიტორიული მდებარეობა, დემოგრაფიული ფაქტორი, ურბანიზაციის დონე, საზოგადოების სოციალური განვითარება, პოლიტიკური კულტურა, ეკონომიკური დონე - ყველაფერი ეს განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს ამბოხებითი მოძრაობის განვითარებაზე. პროპაგანდა - ეფექტური პროპაგანდისტური სისტემის შექმნა ხელს უწყობს ამბოხებითი მოძრაობის მიზნების მხარდამჭერთა რიცხვის ზრდას და მათში წინააღმდეგობის გაწევის სურვილის გაღვივებას. პროპაგანდაში აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული რელიგიური გრძნობები ან იდეოლოგიური საშუალებები. გარედან დახმარება - მესამე სახელმწიფოთა მხრიდან შესაძლებელია მეამბოხეთა მხარდაჭერის შემდეგი სახეობები: მორალური, პოლიტიკური, მატერიალური და თავშესაფრის უფლების მიცემა. ამბოხებითი მოძრაობის წარმატებით განვითარების პროცესში, ხალხის მხარდაჭერასთან ერთად, ძირითად როლს ასრულებს გარეშე ძალების ან უცხო ქვეყნების მიერ დახმარების გაწევა. მეამბოხეთა ხელმძღვანელობის მხრიდან საჭიროა დაპირება, რომ გამარჯვების შემთხვევაში გაუმჯობესდება მოსახლეობის კეთილდღეობა და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას იმ რაიონებში, სადაც მხარს უჭერენ ამბოხებულებს: გატარდეს მიწის რეფორმა; შეიქმნას საკუთარი ადმინისტრაცია, რომელიც მთავრობის სტრუქტურების პარალელურად იმუშავებს, მაგრამ ნაკლებ კორუმპირებული და კრიმინალური იქნება; აღდგეს მართლწესრიგის ორგანოები; შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები; დამტკიცდეს დაბალი გადასახადები. ამბოხებითი მოძრაობის სტრატეგიის ოთხი ტიპი არსებობს: ძირგამომთხრელი, იატაკქვეშა, მასობრივი და ტრადიციული. ძირგამომთხრელი ხასიათის ამბოხებითი მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობენ სახელმწიფოს სახელისუფლებო და პოლიტიკურ სტრუქტურებში შეღწევას მათზე კონტროლის განხორციელების მიზნით. მოძრაობის ხელმძღვანელები იყენებენ ტერორისტულ აქტებს, რათა ზეწოლა განახორციელონ მოსახლეობაზე და სახელმწიფო პირებზე, ამით კი სახელმწიფო აპარატისა და მთლიანად რეჟიმის დისკრედიტირება მოახდინონ. უკანონო ძალადობის აქტებით ამბოხებითი მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობენ, მართლწესრიგის ორგანოების არაკომპეტენტურობა გამოააშკარავონ, პროვოცირება მოუწყონ სახელმწიფოს არაადეკვატური რეპრესიული ქმედებების ჩასატარებლად და ამით გამოიწვიონ მოსახლეობის უკმაყოფილება. ძირგამომთხრელი ხასიათის ამბოხებითი მოძრაობა, ჩვეულებრივ, ისეთ გარემოში ვითარდება, სადაც ბრძოლის როგორც ლეგალური, ისე არალეგალური ფორმების გამოყენებაა შესაძლებელი. ძირგამომთხრელი ხასიათის ამბოხებითი მოძრაობა ორი ფრთისგან შედგება: პოლიტიკურისაგან - ლეგალური პოლიტიკური პარტიის სახით და შეიარაღებული ფრთისაგან, რომელიც კანონსაწინააღმდეგო ტერორისტულ მოღვაწეობას ეწევა. ამგვარი ორგანიზაციების მოქმედების მაგალითებია გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტური პარტია ( 20-30-იან წლებში ) და შინ ფეინის პარტია (ჩრდილო ირლანდიაში). იატაკქვეშა ხასიათის ამბოხებითი მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობენ სახელისუფლო ინსტიტუტებში შეღწევას, მაგრამ არა მათი გაკონტროლების, არამედ შიგნიდან მათი შერყევის და განადგურების მიზნით. ძალადობის აქტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, როცა სახელმწიფო აპარატი ისეა დასუსტებული მათი მოღვაწეობით, რომ წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ შესწევს. მეამბოხეთა ხელმძღვანელობამ შეიძლება მიმართოს სხვა ტაქტიკას - მასობრივ, სტიქიურ სახალხო გამოსვლებს მისცენ მთავრობის დამხობის შესაძლებლობა, რომელიც მთლიანად პარალიზებულია შეგზავნილი იატაკქვეშა უჯრედების საქმიანობით. ამის შემდეგ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ცდილობენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას და სახალხო მასების შემოკრებას თავის ირგვლივ. ამგვარი მოღვაწეობის მაგალითია ნიკარაგუაში სანდინისტების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდება 70-იანი წლების მიწურულს. კუბაში კი ხელისუფლება სულ სხვა გზით ჩაიგდეს ხელში. ლეგიტიმური სახელისუფლო აპარატის კორუმპირულობისა და სრული ქმედუუნარობის პირობებში, მცირერიცხოვანმა, მაგრამ კარგად შეიარაღებულმა და ორგანიზებულმა სამხედრო დაჯგუფებამ ხელისუფლება მთლიანად ჩაიგდო ხელში. მეამბოხეთაგან დამარცხებული სამთავრობო არმია დაიშალა, პარტიზანთა გამარჯვებით აღტაცებული მოსახლეობა კი მთლიანად მათ მიემხრო. სამხედრო მარცხმა არსებული რეჟიმი საბოლოოდ გაანადგურა. შემდეგი ტიპის ამბოხებითი მოძრაობა მასობრივ ხასიათს მოსახლეობის ფართო ფენების პოლიტიკური და სამხედრო მობილიზაციით აღწევს. იგი არ იყენებს სახელმწიფო ხელისუფლების ძველ ინსტიტუტებს, არამედ მათ ლიკვიდაციას და ახლის შექმნას იწყებს. მობილიზაციის გზით ყალიბდება მსხვილი სამხედრო ფორმირებანი, რომლებიც ღიად ებრძვიან სამთავრობო ჯარებს. "განთავისუფლებულ ტერიტორიებზე" პოლიტიკური და სოციალური მართვის ახალი ინსტიტუტები იქმნება. ამ მოძრაობის მაღალი ორგანიზებულობა განპირობებულია პოლიტიკურ სისტემაში ერთი პარტიის ხელმძღვანელობით. დაწყებით ეტაპზე ხელმძღვანელები იყენებენ პარტიზანული ომის ტაქტიკას და, სარგებლობენ რა ცენტრალური ხელისუფლების სისუსტით, თანდათანობით აფართოებენ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიას და ქმნიან მსხვილ სამხედრო შენაერთებს. ამ ამბოხებითი მოძრაობის ხელმძღვანელები ძირითადად ეყრდნობიან სასოფლო-სამეურნეო რაიონებსა და გლეხობას. თავიანთ მომხრეთა რიცხვის ზრდასთან ერთად ისინი აძლიერებენ ე.წ. "ქალაქების ალყას" ანუ იმ ცენტრების ბლოკადას, სადაც, ჩვეულებრივ, თავმოყრილია ძლიერი სამთავრობო ძალები, შემდეგ კი ფართომასშტაბიან შეტევაზე გადადიან. მაგრამ მოძრაობის საერთო წარმატება ცხოვრებაში სოციალურ-ეკონომიკური რეფორმებისა და გარდაქმნების გატარებაზე, აგრეთვე კონტროლირებადი ტერიტორიის ადმინისტრირებაზეა დამოკიდებული (ჩინეთი, ვიეტნამი). ტრადიციული მოძრაობა, ჩვეულებრივ, ეროვნული, რელიგიური და სოციალური უკმაყოფილების ნიადაგზე წარმოიქმნება. ამბოხებულები პირველ ეტაპზე არ აყენებენ მთავრობის დამხობისა და რეჟიმის შეცვლის საკითხებს, მათი მოთხოვნა უფრო სეპარატისტული ტიპისაა. ჩვეულებრივ, მოსახლეობაში ამგვარი მოძრაობა აღმოცენდება სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან განხორციელებული რეპრესიებით გამოწვეული პროტესტის ნიადაგზე. ამ მოძრაობის ხელმძღვანელებს სურთ, თავიდან მოიშორონ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი და თვითონ გადაჭრან წამოჭრილი პრობლემები. მთავრობას შეუძლია სწრაფად ჩაახშოს ამგვარი გამოსვლები, თუკი მისი განვითარების დაწყებით ეტაპზე გარკვეულ დათმობებზე წავა. რაც უფრო გვიან გადაიჭრება ტრადიციული მოძრაობის წარმომადგენელთა მიერ წამოყენებული პრობლემები, მით უფრო ძნელი იქნება მათი მოგვარება. ტრადიციული მოძრაობის მაგალითია თამილების მოძრაობა შრი-ლანკაში და "მოჯახედების"- საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთის ოკუპაციის დროს. ამბოხებითი მოძრაობის უმთავრესი მიზანი არსებული წყობის შეცვლა, ან მთავრობის გადაყენებაა. იგი იმ შემთხვევაში მიაღწევს დასახულ მიზანს, თუკი ექნება მოსახლეობის მხარდაჭერა ან აქტიური დახმარება მესამე (უცხო) ქვეყნებიდან. უფრო ხშირად ამბოხებითი მოძრაობა გადადის პარტიზანულ ომში, რომელიც მისი განვითარების შუალედურ ფაზას წარმოადგენს, მას მოსდევს საერთო-სახალხო აჯანყება.

ბრძოლის წარმოების პარტიზანული მეთოდების საშუალებით შესაძლებელია მოსახლეობის რწმენის შერყევა ცენტრალური ხელისუფლების ქმედითუნარიანობაში, უზრუნველყოს მინიმალური უსაფრთხოება. პირველ ეტაპზე ტერორის ობიექტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან - მამასახლისები, წვრილი სახელმწიფო მოხელეები, პოლიციელები, ანუ ის პირები, რომლებიც ადგილობრივი მკვიდრნი არიან და ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ მოსახლეობასთან და მათი დაცვა მინიმალურია. ხელისუფლების ნებისმიერი რეპრესიული მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს ამბოხებულთა ცალკეული უჯრედების ლიკვიდაციას, აუცილებლად გამოიწვევს მოსახლეობის ფართო მასების უკმაყოფილებას. ეს ფაქტი ამბოხებითი მოძრაობის ლიდერებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი ავტორიტეტის განსამტკიცებლად და მოხალისეთა შემოსაკრებად. ცალკეული ტერორისტული აქტიდან ფართომასშტაბიან პარტიზანულ ბრძოლაზე გადასვლა ამბოხებითი მოძრაობის გაფართოების ერთ-ერთი ძირითადი მომენტია. დაწყებით ეტაპზე პარტიზანული რაზმები ირჩევენ ნაკლებად დაცულ ან დაუცველ მიზნებს, რომელთა განადგურებას უფრო მორალური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სამხედრო. უმნიშვნელო, მაგრამ შემაწუხებელი დარტყმების სტრატეგია მეამბოხეთა ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევს, ცენტრალური ხელისუფლება მუდმივი ზეწოლის ქვეშ ჰყავდეს და იმავდროულად განიმტკიცოს საკუთარი ავტორიტეტი მოსახლეობაში. პარტიზანული რაზმების გაძლიერების შემდეგ, დარტყმის უფრო მსხვილ ობიექტებს ირჩევენ, როგორებიცაა პოლიციის განყოფილებები, სამთავრობო ჯარების შორეული გარნიზონები, სოციალური და პოლიტიკური ინფრასტრუქტურის ობიექტები და სხვა. პარტიზანული მოძრაობა უკვე უნდა გადავიდეს ე.წ. თავისუფალი ზონების შექმნაზე, სადაც ჩამოყალიბდება ახალი პოლიტიკური და სამხედრო ადმინისტრაცია და დაიწყება ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარება. ამბოხებითი ბრძოლა არ არის ძალადობის უბრალო აქტი, იგი პოლიტიკური ტერორის მართვადი პროცესია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ძალადობის იდეოლოგიური დასაბუთება და გაბედული ხელმძღვანელობა მის განსახორციელებლად. არსებობს ამბოხებითი მოძრაობის ხელმძღვანელობის ორი სახეობა: კოლექტიური და პიროვნული. ხელმძღვანელობის კოლექტიური სტილი, ჩვეულებრივ, რამდენიმე პარტიის ან სოციალური ჯგუფის კოალიციის საფუძველზე ჩამოყალიბებული ამბოხებითი მოძრაობის დროს გვხვდება, პიროვნული კი მაშინ, როდესაც დომინირებს ერთი პარტია ან ერთი ჯგუფი. ამ შემთხვევაში ლიდერი-ბელადი ქარიზმატული პიროვნებაა, რომელსაც მოსახლეობასთან მუშაობის უნარი შესწევს და იატაკქვეშა მუშაობის ხანგრძლივი სტაჟი გააჩნია. როდესაც გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი იღებს, მოძრაობა ბევრად უფრო მობილურია, მაგრამ ლიდერის ლიკვიდაციის შემთხვევაში, ამბოხებითი მოძრაობა, როგორც წესი, იშლება.

ამბოხებითი მოძრაობა ძირითადად სამი ტიპის ამოცანას ისახავს მიზნად: ტაქტიკურს ანუ მომენტის მოთხოვნას; ოპერატიულს - გარკვეულ რაიონში სამთავრობო კონტროლის ლიკვიდაციას და საკუთარის დაწესებას; სტრატეგიულს - ორგანიზაციის მოღვაწეობას გამარჯვებისა და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. სწორედ ამ ამოცანებით განისაზღვრება ამბოხებითი მოძრაობის ძირითადი ეტაპები: საინკუბაციო ეტაპი, პარტიზანულ ომზე გადასვლის ეტაპი და დამაგვირგვინებელი ანუ მობილური ომის ეტაპი. საინკუბაციო პერიოდი მაშინ იწყება, როდესაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი გადაწყვეტს დაიწყოს შეიარაღებული ბრძოლა არსებულ რეჟიმთან და შექმნას იატაკქვეშა ორგანიზაცია. ამ ეტაპზე იყენებენ ბრძოლის სხვადასხვა (მაგრამ ჯერჯერობით არაძალისმიერ) მეთოდებს - გაფიცვებს, ბოიკოტს, დემონსტრაციებს. მიმდინარეობს ძალთა მომზადება და ზრდა, იწყება მოსახლეობის იდეოლოგიური დამუშავება, ყალიბდება საიმედო და გამოცდილი მებრძოლებისაგან შემდგარი რაზმები. სახელმწიფო აპარატში შეღწევას იწყებენ ამბოხებით მოძრაობასთან დაკავშირებული პირები, იქმნება სადაზვერვო ქსელი, აგრეთვე მყარდება კონტაქტები საზღვარგარეთის ქვეყნებთან მატერიალური და ფინანსური დახმარების მიღების მიზნით. ამბოხებითი მოძრაობა ქმნის თავის პოლიტიკურ პარტიას ან მოლაპარაკებას აწარმოებს უკვე არსებულ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის თაობაზე. ამ ეტაპზე შესაძლებელია პოლიტიკური ტერორის და დივერსიების მხოლოდ ერთეული ფაქტები. ტერორის გაძლიერებასთან, აგრეთვე მეამბოხეთა და სამთავრობო ძალთა შორის შეიარაღებული შეტაკებების დაწყებასთან ერთად შეიძლება ვილაპარაკოთ ამბოხებითი მოძრაობის მეორე ეტაპზე – პარტიზანულ ომზე – გადასვლაზე. ადგილობრივ მოსახლეობაზე მზარდი გავლენის გამოყენებით, მოძრაობის ლიდერები ცდილობენ შეიარაღებული ბრძოლის გზით ხელში ჩაიგდონ ინიციატივა და მიაღწიონ საბოლოო გამარჯვებას. თავად პარტიზანული ომი ორი ნაწილისაგან შედგება: 1. გაფართოების პერიოდი - რაც ნიშნავს რესურსების დაგროვებას, მოხალისეთა შემოკრებას და ბაზირების ზონის შექმნას; 2. მილიტარიზაციის პერიოდი - დიდი პარტიზანული რაზმები სულ უფრო აქტიურად იყენებენ შეტევით ტაქტიკას, აფართოებენ თავისი მოქმედების ზონას და თავს ესხმიან დიდ და მნიშვნელოვან სამთავრობო ობიექტებს. აგრარულ რაიონებში დაბანაკებული პარტიზანული რაზმები ქმნიან "განთავისუფლებულ’’ ტერიტორიებს, სადაც თავის სამოქალაქო ადმინისტრაციასა და მართვის ორგანოებს აყალიბებენ. ერთდროულად ცდილობენ მოწყვიტონ დიდი ქალაქები, რომლებშიც სამთავრობო ძალებია თავმოყრილი, სასოფლო-სამეურნეო რაიონებს და შეუქმნან სიძნელეები სურსათით მომარაგებაში. დიდ ქალაქებში ბაზირებული პარტიზანული ფორმირებები ცდილობენ თავისი მოქმედებებით – ძირითადად ტერორითა და საბოტაჟით - მთლიანად მოშალონ ადმინისტრაციის მოღვაწეობა იმ უბნებში, სადაც ეროვნული უმცირესობანი ან ქალაქის ღარიბ-ღატაკნი ცხოვრობენ. პარტიზანული ომის ეტაპიდან მობილურ ომზე გადასვლა გულისხმობს იატაკქვეშა, საიდუმლო ომის ტაქტიკაზე უარის თქმას და ღია მოქმედებების დაწყებას, როგორიც არის რეგულარული არმიის, სახელმწიფო აპარატისა და მთავრობის შექმნა. ამბოხებულთა არმია ღიად ეწინააღმდეგება სამთავრობო ჯარებს, დაკავებულ რაიონებში იწყება მოსახლეობისა და ყველა რესურსის მობილიზაცია. მობილური ომი სამოქალაქო ომის ატრიბუტებს იძენს. მობილური ომის წარმატების შემთხვევაში ამბოხებითი მოძრაობა თავის მიზანს აღწევს - ხოლო მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა. დამარცხების შემთხვევაში კი გადადის თავისი განვითარების მეორე, შეიძლება პირველ ეტაპზეც. პარტიზანული ომის წარმოების დროს საჭიროა ზოგიერთი მისი თავისებურების გათვალისწინება. პარტიზანული ომის დაწყებით ეტაპზე არ შეიძლება ფართომასშტაბიანი ოპერაციების ჩატარება. სუსტად შეიარაღებული რაზმებით შეუძლებელია გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელება. ამ ეტაპზე მათ ამოცანას შეადგენს შემაწუხებელი, მაგრამ უწყვეტი დარტყმების მიყენება მოწინააღმდეგის ძალებზე ან მის ინფრასტრუქტურაზე. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ სამთავრობო ჯარების რეგულარული ქვედანაყოფები შეიარაღებული და ორგანიზებული არიან ბევრად უკეთ, ვიდრე მეამბოხეთა რაზმები, მაგრამ, მორალური თვალსაზრისით, პარტიზანები უფრო ძლიერნი არიან, რამეთუ აერთიანებენ ადამიანთა ისეთ ჯგუფებს, რომელთათვისაც აქტუალურია ლოზუნგი: "გამარჯვება ან სიკვდილი!". სამთავრობო ჯარებს ერთი დარტყმით ამბოხებითი რაზმების განადგურების საშუალება არ უნდა მიეცეთ, ამიტომ ეს უკანასკნელები ყოველთვის მაქსიმალურად დიდ ტერიტორიაზე უნდა განაწილდნენ. მათ არ უნდა დაივიწყონ პარტიზანული მოძრაობის ძირითადი პირობები: პარტიზანული რაზმები კი არ იკავებენ ადგილმდებარეობას, არამედ დომინირებენ მასზე. მოწინააღმდეგე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი წასვლის შემდეგ ამ ადგილს მაშინვე პარტიზანები დაიკავებენ. ნებისმიერი პარტიზანული რაზმის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ იგი შედგება ადგილობრივ მკვიდრთაგან და, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ ადვილად შეერიონ მათ. პარტიზანული ომის პირობებში იბრძვიან არა შენაერთებით, არამედ ნებაყოფლობითი პრინციპით გაერთიანებული ცალკეული ინდივიდებით, რომელთაც მხოლოდ ერთიანი ბრძოლის იდეა და მიზანი ამოძრავებთ და არა რაიმე ფორმალური კანონი ან სამხედრო დისციპლინა.

მეამბოხეები უნდა იყვნენ ყველგან და ამავე დროს არსად. ამის მიღწევას კი მხოლოდ მობილურობით შეძლებენ. ისინი არ უნდა მოქმედებდნენ თავიანთი ბაზებიდან მოშორებით და ძირითადად მსუბუქი სასროლი იარაღით უნდა იყვნენ შეიარაღებული. რაზმები უნდა გაერთიანდნენ მოძრაობის ხელმძღვანელთა მიერ შერჩეულ მნიშვნელოვან მიზნებზე თავდასხმისათვის. ოპერაციის დამთავრებისთანავე უნდა დაიყონ პატარ-პატარა ჯგუფებად და შეერიონ ადგილობრივ მოსახლეობას. პარტიზანული რაზმების ხელმძღვანელობა უფრო დეცენტრალიზებული უნდა იყოს და ამავე დროს ძალიან მოქნილი. ეს, პირველ ყოვლისა, გამოწვეულია ცენტრალიზებული დაგეგმვისა და პარტიზანული რაზმების ერთიან ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული სიძნელეებით. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს რაზმებს შორის კავშირის დამყარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის სისტემას. პარტიზანული რაზმების მოქმედებები უნდა იყოს განცალკევებული სივრცესა და დროში, მაგრამ საერთო გეგმის მიხედვით წინასწარ შეთანხმებული და კოორდინირებული. პარტიზანულმა რაზმებმა მაქსიმალურად უნდა აარიდონ თავი გადამწყვეტ ბრძოლებში ჩართვას სამთავრობო ჯარებთან. მათ მოქმედებას "დარტყმებისა და უკანდახევის" ტაქტიკა უნდა დაედოს საფუძვლად. პარტიზანული ბრძოლის ამოცანაა მოწინააღმდეგეზე განუწყვეტელი და დამქანცველი დარტყმების მიყენება მაქსიმალურად დიდ ტერიტორიაზე. პარტიზანულმა რაზმებმა თავდასხმის მიზნებად მოწინააღმდეგის ზურგის ბაზები, კავშირგაბმულობის კვანძები, სატრანსპორტო კოლონები, სარკინიგზო და საგზაო ხიდები, ცალკეული ბლოკ-პოსტები და სამთავრობო ჯარების გარნიზონები უნდა აირჩიონ. ძირითადად, ოპერაციების ჩატარების დრო ღამეა, საბრძოლო ოპერაციები კი შეტევით ხასიათს უნდა ატარებდეს. პარტიზანულმა რაზმებმა განსაზღვრულ ადგილზე რიცხობრივ უპირატესობას უნდა მიაღწიონ. ეს კი შესაძლებელია რაზმების სწრაფი გადაადგილებითა და კონცენტრაციით ხელმძღვანელობის მიერ მითითებულ რაიონში. მაო ძე დუნი ასე ახასიათებდა ამბოხებით ბრძოლას: "ჩვენი სტრატეგიაა ერთი ათის წინააღმდეგ, ჩვენი ტაქტიკა - ათი ერთის წინააღმდეგ!" მეამბოხეებმა უნდა აიძულონ სამთავრობო ჯარები გაშალონ თავიანთი ძალები, მუდამ თავდაცვით მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ამით ჩამოართვან მათ ინიციატივა, მოახდინონ თავიანთი ძალების კონცენტრაცია და გადავიდნენ ფართო შეტევაზე. რეგულარული არმიისგან განსხვავებით, რომელსაც კრიზისის შემთხვევაში ადვილად შეუძლია რეზერვის მობილიზება და თავისი რიცხოვნობის გაზრდა, მეამბოხეებს არ აქვთ ამის რეალური საშუალება. ამბოხებითი მოძრაობის ძირითად ძალას, რომელიც მოკლებულია "ცივილიზაციის ყოველ სიკეთეს" და რომელიც აწარმოებს ბრძოლას ძლიერ მოწინააღმდეგესთან უძნელეს პირობებში, სულით მტკიცე, ბრძოლებში გამოწვრთნილი და საქმისათვის თავდადებული მებრძოლები შეადგენენ. ჩვეულებრივ, მათი რაოდენობა ძალზე შეზღუდულია. წინასწარი შემოწმების და მომზადების გარეშე მეამბოხეთა რიცხვის გაზრდა მათ რიგებში სპეცსამსახურების წარმომადგენელთა შეღწევისა და სიმტკიცის შერყევის საშიშროებას ქმნის, რასაც მოჰყვება საბრძოლო სულისკვეთების დაკარგვა. ნაწილობრივ მობილიზაციას მხოლოდ მობილური ომის ეტაპზე შეიძლება მიმართონ, როდესაც აუცილებელია პარტიზანული რაზმების შეცვლა რეგულარული არმიის ქვედანაყოფებით.

პარტიზანული ომის ერთ-ერთი თავისებურებაა რეზერვის არყოლა. თუკი რეგულარული არმიისათვის რეზერვი აუცილებელია საერთო წარმატების მისაღწევად და საომარი მოქმედებების წარმართვის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია, პარტიზანული ომის დროს მეამბოხეთა მინიმალური რესურსი არ იძლევა იმგვარი რეზერვის შექმნის საშუალებას, რომელიც გავლენას იქონიებს ბრძოლის შედეგზე. ამასთან რეზერვის არყოლა ხელს უწყობს ყველა არსებულ ძალის ამოქმედებას მტრისათვის მაქსიმალური ზარალის მიყენების მიზნით. პარტიზანული ომის საფუძვლებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის ბაზების შექმნა უმნიშვნელოვანესი საკითხია. პარტიზანული ზურგის ბაზები, პირველ რიგში, იმ რაიონებში ყალიბდება, სადაც მოსახლეობა განსაკუთრებულად უჭერს მხარს ამბოხებით მოძრაობას და ყოველგვარ დახმარებას უწევს მას. პარტიზანული მოძრაობის ზურგის უზრუნველყოფა ორ კატეგორიად იყოფა: პირველი - მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა პირველადი მოთხოვნილებების საშუალებებით, მეორე – მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება.

მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა შეიძლება იყოს როგორც აქტიური, ისე პასიური. აქტიური მხარდაჭერა მოიცავს არა მარტო პარტიზანული რაზმების მომარაგებას სურსათით, არამედ თავშესაფრის მიცემას, სამედიცინო დახმარების გაწევას, ადგილობრივ მცხოვრებთაგან სადაზვერვო-საინფორმაციო ქსელის შექმნას, რომელიც მეამბოხეთა საჭიროებისათვის იმუშავებს. ამბოხებულთა რიგები აქტიურად მხარდამჭერი მოსახლეობიდან ივსება. პასიური მხარდაჭერა გულისხმობს არა მეამბოხეთა მხარდაჭერას, არამედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას.

წარუმატებელმა სამხედრო ოპერაციებმა, მართვის საკითხებში არაკომპეტენტურობამ, აგრეთვე სამთავრობო ჯარების საპასუხო დამსჯელი ოპერაციებისაგან დაუცველობამ შესაძლოა, მოსახლეობის ნაწილი ჩამოაშოროს ამბოხებით მოძრაობასა და მის მიზნებს. ამბოხებითი მოძრაობის ხელმძღვანელთა ძირითადი საზრუნავი მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებაა. ცუდად შეიარაღებული და აღჭურვილი პარტიზანული რაზმები ბრძოლის პირველ ეტაპზე შეიძლება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით შემოიფარგლონ. მაგრამ პარტიზანული მოძრაობის, აგრეთვე მისი შეიარაღებული რაზმების მასშტაბებისა და რიცხოვნობის ზრდასთან ერთად დღის წესრიგში დგება ზურგის ბაზებისა და საველე ბანაკების შექმნის საკითხი. ამ პრობლემის გადაჭრაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება გარედან დახმარებას, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია ტვირთის მიმღები პუნქტების, ნავსადგურების და საველე აეროდრომების შექმნა, აგრეთვე გადაზიდვების სრული საიდუმლოების უზრუნველყოფა.

უზრუნველყოფის ბაზები და საველე ბანაკები მაქსიმალურად გაშორიშორებული, შენიღბული (განსაკუთრებით ჰაერიდან თვალთვალისაგან) და მობილურები უნდა იყოს, რათა სამთავრობო ძალებს გაუჭირდეს მათი ადგილმდებარეობის დადგენა. მათში უნდა წარმოებდეს შეიარაღებისა და ტექნიკის წვრილი შეკეთება-რემონტი, მოეწყოს საველე ჰოსპიტალები, შტაბები და პარტიზანული რაზმების ახალი წევრების მოსამზადებელი ცენტრები. სამთავრობო ჯარების თავდასხმის შემთხვევაში პარტიზანების ამოცანა ბანაკის დაცვა კი არ არის, არამედ ქონების სწრაფი ევაკუაცია და ბანაკის გადატანა ახალ ადგილზე. როგორც წესი, საველე ბანაკები იშლება ძნელად მისადგომ ტერიტორიაზე, გზიდან მოშორებით, საიდანაც ყველა მისასვლელი ადვილად კონტროლდება, რათა შორიდანვე შეამჩნიონ მოწინააღმდეგის მიახლოება. მუდმივი ფინანსური დახმარების გარეშე ამბოხებითი მოძრაობა დასაღუპად არის განწირული. დახმარება ძირითადად გარედან, მესამე ქვეყნებიდან და დიასპორიდან შემოდის. მაგრამ ეს მეთოდი ყოველთვის არ არის საიმედო. ჯერ ერთი, ამბოხებითი მოძრაობის ხელმძღვანელობა დამოკიდებული აღმოჩნდება სპონსორ მხარეზე, მეორეც, ძნელია ფულის მიღების პროცესის საიდუმლოების უზრუნველყოფა. ამბოხებით მოძრაობის ლიდერები ხშირად იყენებენ შიდა რეზერვებს, ფინანსური შემოსავლების მისაღებად დრო და დრო კრიმინალურ საშუალებებსაც მიმართავენ – ბანკების გაძარცვას, ადამიანების მოტაცებას გამოსასყიდის მიღების მიზნით, მოსახლეობის გარკვეული ფენისათვის "რევოლუციური" გადასახადების დადგენას. შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამბოხებულთა კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული წიაღისეული (ნავთობი, ალმასი, ხის ძვირფასი ჯიშები). მეამბოხეთა რაზმების შემოსავლის ერთ-ერთი ძირითად წყაროდ ხშირად ნარკოტიკების წარმოება და გასაღება იქცევა.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამერიკის წინააღმდეგ მტრულად განწყობილ ქვეყნებში მოქმედ გარკვეულ ამბოხებით მოძრაობებს. ეფექტური მხარდაჭერა გამოიხატება აშშ-ისა და ამბოხებითი მოძრაობის ინტერესთა ურთიერთკავშირით. პირდაპირი მხარდაჭერა შეიძლება განხორციელდეს როგორც აშშ-ის ღია სამხედრო კონფრონტაციის დროს იმ ქვეყნების მთავრობასთან, სადაც არსებობს ამბოხებითი მოძრაობა, ისე მშვიდობიანობის პერიოდში. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შეუძლია მეამბოხეებს აღმოუჩინოს მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა, ფინანსური დახმარება და მისცეს თავშესაფრის უფლება, უზრუნველყოს სადაზვერვო ინფორმაციით, აგრეთვე "სპეციალურ ოპერაციათა ძალების" ქვედანაყოფების მეშვეობით დაეხმაროს პარტიზანული რაზმების ორგანიზაციაში, მომზადებაში, აღჭურვასა და შეიარაღებაში, ფსიქოლოგიური და სპეციალური ოპერაციების ჩატარებაში. შესაძლოა ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებაც ე.წ. "განთავისუფლებული რაიონების" განვითარების მიზნით.

სამხედრო თვალსაზრისით, არაკონვენციური ომის ერთ-ერთი ფორმის - პარტიზანული მოქმედებების საწარმოებლად, აშშ-ის მთავრობის ბრძანებით, ელიტარული "სპეციალური ძალების" მეომრები იწყებენ ამბოხებითი მოძრაობის ორგანიზებას. ეს პროცესი შვიდ ეტაპად იყოფა. ფსიქოლოგიური მომზადება - პირველი ეტაპი, რომელიც ორგანიზებულია აშშ-ის არმიის "სპეციალური ძალების" ჯარისკაცებიდან შერჩეული სამხედრო მრჩეველების ჩამოსვლამდე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის ფსიქოლოგიური დამუშავება მმართველი რეჟიმის საფუძვლების შესარყევად, აგრეთვე ამბოხებითი მოძრაობის წარმომადგენელთა მორალური მომზადება აშშ-ის მხარდაჭერით ერთობლივი ბრძოლის დასაწყებად. საწყისი კონტაქტი – "სპეციალური ძალების" მეომრების პატარა მოწინავე ჯგუფი აღწევს ამბოხებულთა მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე მოძრაობის ხელმძღვანელებთან კავშირის მოსაგვარებლად და ძირითადი ჯგუფის მიღებისათვის პირობების მოსამზადებლად.

ჩამოსვლა - "სპეციალური ძალების" მთელი ჯგუფი ჩადის დანიშნულების ადგილზე. ჩასულთა რაოდენობა დამოკიდებულია იმ პარტიზანთა საერთო რიცხვზე, რომლებსაც ისინი შემდგომში მოამზადებენ. აშშ-ის არმიის "სპეციალური ძალების" დოქტრინის შესაბამისად, თორმეტი კაცისგან შემდგარ "მწვანე ბერეტების" ერთ ტაქტიკურ ჯგუფს შეუძლია მოამზადოს 500-მდე პარტიზანი. ორგანიზაცია – მოძრაობის ლიდერებთან ან საველე მეთაურებთან პირველი კონტაქტების შემდეგ იწყება მომზადების ხანგრძლივი ეტაპი. თავდაპირველად, გაძლიერებული მომზადებისათვის, პარტიზანთა შემადგენლობიდან ირჩევენ მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელიც შემდგომში ინსტრუქტორების ან ტექნიკური პერსონალის როლს შეასრულებს. გაძლიერება – ამის შემდეგ იწყება საბრძოლო ფორმირებებში გაერთიანებული პარტიზანების მასობრივი მომზადება. აშშ-ის არმიის "სპეციალური ძალების" ჯგუფი იღებს დამატებით მომარაგებასა და შეიარაღებას, რომელიც განკუთვნილია ახალი პარტიზანული რაზმების მოსამზადებლად. საბრძოლო ოპერაციები – მომზადების დროს ან მის შემდეგ პარტიზანული მოძრაობის რაზმები იწყებენ საბრძოლო ოპერაციების ჩატარებას. ამ ეტაპზე პარტიზანული რაზმები ხელში იგდებენ ინიციატივას და ამარცხებენ სამთავრობო ჯარებს.

დემობილიზაცია – ამბოხებითი მოძრაობის გამარჯვების და ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ იწყება ყველაზე რთული პროცესი – შეიარაღებულ მომხრეთა, პარტიზანული რაზმების წარმომადგენელთა განიარაღება და დემობილიზაცია. დემობილიზაციასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს დარეგულირების მთელ პროცესზე – არ არის გამორიცხული, რომ გუშინდელმა მებრძოლებმა სახელმწიფო თანამდებობებისა და საკუთრების განაწილების დროს მოითხოვონ თავიანთი წილი და ამ ნიადაგზე დაიწყოს შეიარაღებული ქიშპი სხვადასხვა პარტიების წარმომადგენელთა შორის, ძალზე გაიზრდება დანაშაულობათა რიცხვი, დაიწყება ქაოსი და ანარქია. ამ ექსცესების თავიდან აცილების მიზნით, პარტიზანული რაზმების ნაწილისაგან უნდა შეიქმნას ახალი არმია და მართლწესრიგის ორგანოები, მაგრამ დიდი ნაწილი უნდა დაუბრუნდეს მშვიდობიან საქმიანობას, წინასწარ უნდა იქნეს მოფიქრებული პარტიზანული რაზმების მშვიდობიანი განიარაღების პროცესი, აგრეთვე სამუშაო ადგილებისა და არსებობის ალტერნატიული საშუალებების გამოძებნის საკითხები. არაკონვენციურმა ომმა და მისთვის დამახასიათებელი ბრძოლის ფორმებმა განსაკუთრებული აქტუალობა 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ შეიძინეს. ტერაქტის შემსრულებელი ტერორისტული ორგანიზაცია მოქმედებდა ავღანეთის ტერიტორიიდან და მის მესვეურებს ეგონათ, რომ ისინი ისეთი ძლევამოსილი სახელმწიფოს, როგორიცაა აშშ, ჩვეულებრივი, კონვენციური ძალებისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელ ზონაში იმყოფებოდნენ. შემთხვევითი არ არის, რომ პირველი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ავღანეთის მიწაზე გადასხეს, აშშ-ის არმიის "სპეციალური ძალების" მეომრები აღმოჩნდნენ. ისინი ჩასვლისთანავე შეუდგნენ "ჩრდილოეთის ალიანსის" დაქსაქსული ძალების გამალებულ მომზადებას "თალიბებზე" გადამწყვეტი შეტევის მიზნით.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram